„გამოსახლება ამ ფორმით შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ადამიანს“ – ინტერვიუ

„გამოჩნდა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური მრწამსის, შეიძლება გახდეს მსხვერპლი,“ – პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი გამოსახლების, ასევე გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ამბავში, პირველ რიგში, ამას გამოყოფს: როცა სისტემა უსამართლოა, იგი იმსხვერპლებს არამხოლოდ იმას, ვინც ამ სისტემას პოლიტიკურად უპირისპირდება, არამედ – ნებისმიერ ჩვენგანს.

ზაალ ანდრონიკაშვილის დაკვირვებით, ამ მოცემულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოლიდარობა, რადგან „ეს სისტემა არ არის აწყობილი იმაზე, რომ ამგვარი პროტესტების დემონიზაცია მოახდინოს. მთელი მისი ლოგიკა არის მოწყობილი იმაზე, რომ მას პოლიტიკური წინააღმდეგობის დემონიზაცია შეუძლია“.

როცა შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე, რამ უნდა შეუწყოს ხელი სოლიდარობის ორგანიზებას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა:

  • გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავასთვის პატიმრობის შეფარდებით მკაფიოდ გამოჩნდა შერჩევითი სამართალი, რადგან მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაურიც კი, სასამართლოს გირაოთი ჰყავს გათავისუფლებული. რა ჩანს თქვენთვის საზოგადოების რეაქციიდან, რა შემთხვევაში ვახერხებთ სოლიდარობას? 

ამ შემთხვევის გამო ბევრმა ადამიანმა გამოხატა პროტესტი, განსაკუთრებით ორი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოთქვეს პროტესტი, მწერლებმა, პროფესორებმა, თუმცა ეს მაინც ზედაპირზე რჩება.

სერიოზული პრობლემა არის ის, რომ ქართული სასამართლო არ არის სასამართლო და მართულია კლანის მიერ. მისი ინტერესია არა მართლმსაჯულების განხორციელება, არამედ ემსახურება გარკვეული ჯგუფების, მთავრობის და ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ინტერესებს.

შემთხვევა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, სიმპტომატურია: იგი შესაძლოა პირდაპირ არ ეხებოდეს ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ინტერესებს, მაგრამ ფაქტია, რომ მევახშეები ასტრონომიული პროცენტებით ასესხებენ ფულს და ნაცრისფერ ზონაში მუშაობენ. მოქმედ კანონმდებლობაზე თავის არიდებით, მათი ინტერესია უძრავი ქონების იაფად ხელში ჩაგდება და შემდეგ ძვირად გაყიდვა. მევახშეები ახერხებენ, რომ არამხოლოდ სასამართლო, მთელი პოლიციური სახელმწიფო, თავისი უზარმაზარი პოტენციალით მათ მხარეს იდგეს. ეს კონკრეტული შემთხვევა გვიჩვენებს, რა ძირგამომპალია დღევანდელი ქართული სახელმწიფო, რა მახინჯ ინტერესებს ემსახურება იგი იმის მაგივრად, რომ ემსახურებოდეს მოქალაქეთა ინტერესებს.

ის, რომ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა არ გაათავისუფლეს გირაოთი, ესეც აჩვენებს იმას, რომ სასამართლო კლანი მათ აღიქვამს ამ ოლიგარქიული რეჟიმის მოწინააღმდეგეებად. ადამიანს მკვლელობაც რომ ჰქონდეს ჩადენილი, ან ნებისმიერი სხვა საშიში დანაშაული, თუ ის სისტემისთვის არ არის საშიში, ან მთავრობასთან რაიმე ფორმითაა დაკავშირებული, მასიურ მკვლელსაც კი, ათავისუფლებენ, სასამართლო მის მიმართ იქნება მაქსიმალურად ლმობიერი.

ამ ყველაფერზე ნორმალური რეაქცია, ცხადია, არის სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უნდა გათავისუფლებულიყვნენ სასამართლო პროცესებამდეც, მათი დაკავების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მით უმეტეს, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას თავდებში უდგებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და ძალიან ბევრი ადამიანი.

საზოგადოებას ჰქონდა რეაქცია, მაგრამ ის არ იყო მასიური. როგორც წესი, სოციალური მიზეზები და უსამართლობა საქართველოში არასოდეს ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში პროტესტის მიზეზი. შესაბამისად, ეს პროტესტი ჩვენ უნდა ვისწავლოთ. იმისთვის, რომ ვისწავლოთ, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ბევრი, თანაც ხმამაღლა.

საქართველოში მასიური გამოსვლები ყოველთვის ხდება პოლიტიკური მოტივით. შესაძლოა, ადამიანს არ ესმის, ან ვერ ხედავს იმას, თუ რა უსამართლობაზეა აწყობილი ეს სისტემა იქამდე, ვიდრე ეს სისტემა უშუალოდ მას არ შეეხება. მაშინ, როცა შეეხება პირადად მას, უკვე გვიანი იქნება პირადად მისთვის. სხვებიც პირადად მას არ დაუდგებიან გვერდით იმიტომ, რომ იგივე მექანიზმი მოქმედებს.

ჩვენ, ვინც ასე თუ ისე, რაღაცას ვამბობთ საჯაროდ, მათ შორის, ჟურნალისტები, ვალდებული ვართ, უსამართლობის მექანიზმები ვაჩვენოთ სხვებს და ავუხსნათ, რომ სამართლიანობის დაცვა ამ ქვეყანაში არ არის კერძო სპეციალიზაციის საქმე. ეს არ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე. ეს არის ის, რაც ეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.

  • რა საფრთხეს უქმნის ეს ადამიანებს, რომლებსაც უშუალოდ არ ეხებათ, მაგალითად, გამოსახლების პრობლემა და არც სასამართლოში აქვთ საქმე? 

გამოსახლება ამ ფორმით, რაც ჩვენ ვნახეთ, შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ახლა ბანკის სესხი აქვს.

სხვადასხვა ადამიანს უსამართლობა შეიძლება შეეხოს სხვადასხვანაირად, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს უსამართლობის მსხვერპლი – ეს არის უსამართლო სისტემის სპეციფიკა.

მაგალითად, შეიძლება დაეჯახოს რომელიღაც მაღალჩინოსნის მანქანა, მაგრამ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვეს – მაღალჩინოსანს დაიცავს სისტემა. შეიძლება, ვიღაცის შვილი სცემოს უშიშროების თანამშრომელმა და ამასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყვეს, ან მოჰყვეს და გირაოთი გაათავისუფლონ. თუ გადავხედავთ უსამართლობის ცალკეულ შემთხვევებს, მარტივია იმის წარმოდგენა, რა შეიძლება შეემთხვეს ადამიანს უსამართლოს სისტემაში მისი პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად.

ვერ ვიტყვით ხატიაშვილების ოჯახზე, რომელიც გამოასახლეს, რომ იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი. ამ არაპოლიტიკურ პროცესშიც ეს ოჯახი აღმოჩნდა მსხვერპლი არა იმიტომ, რომ დაპირისპირების ხაზი გადის პოლიტიკურ ნიშნებზე: ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ მდგომარეობას, როცა უსამართლობის მანქანაში აღარ ჩანს ლოგიკა, რაც მანამდე ბევრ ადამიანს ეგონა, რომ მუშაობდა: პოლიტიკურად ლოიალურები არ ისჯებოდნენ.

გამოჩნდა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური მრწამსის და იდეოლოგიისა, შეიძლება გახდეს მსხვერპლი.

აღარ არის უკვე, რომ უმცირესობა ხდება ძალადობის მსხვერპლი, ან პოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაციაა მსხვერპლი. ეს არის რიგითი, ქართული ოჯახი, რომლის პოლიტიკური და სხვა შეხედულებების შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით.

როდესაც ადამიანების უმრავლესობა გაიგებს, რომ ეს აღარ არის არც „ნაცების“ და არც „ქოცების“ საქმე, საერთოდ აღარ არის პოლიტიკაზე ლაპარაკი, ეს არის ის, რაც ადამიანებს შეიძლება შეეხოთ ყოველდღიურად, ალბათ ამ მომენტიდან დაიწყება სოლიდარობის მასობრივი გამოვლენა. ამ შემთხვევაში გაიგებს ხალხი, რომ იცავს არა ვიღაც აბსტრაქტულის ინტერესებს, არამედ სხვისი დაცვით იცავს საკუთარ ინტერესს.

  • ყველაზე მეტად რა ფაქტორი უშლის ხელს სოლიდარობის ორგანიზებას? 

ეს არის გაცნობიერების პრობლემა.

ძნელი სათქმელია, რა ფორმით მოხდება ამის გაცნობიერება. ნორმალური, ჩვეულებრივი გზაა ამაზე ლაპარაკი, რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან და რაც შეიძლება ფართო საშუალებებით. არ უნდა ველოდოთ, რომ მასობრივი სოლიდარობის ტალღა აზვირთდება იქ, სადაც არ არის ეს მიზეზ-შედეგობრიობა შეგნებული.

  • თუმცა ვხედავთ, რომ როცა პროტესტი შეუვალია, მაგალითად, როცა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, ამას ჰქონდა გავლენა პროცესზე. 

ყველა პროტესტი, რომელიც ყოფილა საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, იყო პოლიტიკური და არა სოციალური. რუსული კანონი იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხი. პოლიტიკურ საკითხზე მობილიზაციის პრაქტიკა უკვე 30 წელია არსებობს. პოლიტიკური პარტიები ამიტომაც ცდილობენ ყველა საკითხის გადაყვანას ამ ჭრილში.

  • ხასაიას და ჩიქობავას პატიმრობაში დატოვება მართლმსაჯულების პრობლემაა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და კლანი კი არის პოლიტიკური საკითხი. არა? 

ასე ეკონომიკური საკითხიც პოლიტიკურია და არ არის ერთი ოჯახის გასაჭირი. ის, რომ მართლმსაჯულების სისტემა კლანურია, ეს არ არის აბსტრაქტული საკითხი, ესეც პოლიტიკური საკითხია, მაგრამ რასაც ჩვენ ვეძახით პოლიტიკურს, არის მხოლოდ პარტიული საკითხი, ან საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში დანახული. ჩვენ ჯერ კიდევ ეკონომიკურ პოლიტიკას ვერ აღვიქვამთ, როგორც პოლიტიკურ საკითხს.

საქართველოში სოციალური პროტესტი რაც გვქონია, იყო ძალიან მარგინალიზებული, საერთოდ სათვალავში არ ითვლებოდა. ეს არ იყო პროტესტები, რომელიც ახდენდა გავლენას ქვეყნის პოლიტიკაზე, ან შეეძლო, კონკრეტული ცვლილებები გამოეწვია, მთავრობის ცვლილება, მაგალითად, ან კონკრეტულ საკითხში პოლიტიკის ცვლილება, კონკრეტული კანონის მიღება და ასე შემდეგ.

  • რატომ შეიძლება ეს იყოს გამიჯნული: რაც სურს საზოგადოებას და აწუხებს, იმავეს არ ახმოვანებდნენ პოლიტიკური აქტორები?  

პოლიტიკოსები ადვილი გზით მიდიან, ისინი მიდიან იმ გზით, რომლითაც იციან, რომ პროტესტის ორგანიზება ხერხდება. იციან, რომ აქამდე რაღაც კონკრეტულ თემაზე თუ გამოდიოდნენ ადამიანები საპროტესტო აქციაზე, ახლაც გამოვლენ.

მეორე საკითხია ის, რაზეც ვსაუბრობთ უკვე წლებია, რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტი სრულიად მოწყვეტილია თავის ამომრჩეველს. შესაბამისად, არ არის არანაირი კორელაცია პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩეველს შორის. პარტიების დიდი უმრავლესობა არ გამოხატავს ამომრჩევლის ინტერესს. მათი დღის წესრიგი არ შედგება ამომრჩევლის დღის წესრიგის გაზიარებისგან. ეს უკუღმა პირამიდა არსებობს საქართველოში უკვე 30 წელია, იმ დღიდან, რაც საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა.

  • ჩანს ამის ნიშანი, რომ შეიძლება ეს პირამიდა გადმოტრიალდეს? რა შემთხვევაში გადმოტრიალდება? 

ჯერ ამის ნიშანი არ ჩანს, მაგრამ თუ ისტორიას შეიძლება რაღაც ლოგიკა და თანმიმდევრობა ჰქონდეს, გადმოტრიალდება, რადგან პარტიული პოლიტიკის იმ სისტემამ, რომელიც 30 წელია გვაქვს, ნელ-ნელა მოჭამა დრო. ამიტომაც, ნდობა პოლიტიკური პარტიების მიმართ მცირდება.

ისევ მივდივართ ცნობიერებამდე, რომ ადამიანებმა მოახერხონ საკუთარი ინტერესების გააზრება, მისი არტიკულირება და დაცვა. ეს თუ არ მოხდა, კიდევ დიდხანს ვიცხოვრებთ ისე, როგორც ვცხოვრობდით. თუ ეს მოხდა, მაშინ პოლიტიკურ პარტიებსაც მოუწევთ ახალ რეჟიმზე გადასვლა. ეს იქნება სახელმწიფო, რომელიც დამყარებული იქნება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე. ჩვენ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, რომელიც იმართება ზემოდან, თავისი არსით პოლიციურია და უსამართლო.

ასეთი უსამართლო სისტემა, ერთ მშვენიერ დღეს, აუცილებლად მოვა და შეეხება რომელიმე ჩვენგანს. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, უნდა დავხარჯოთ 5 წუთი იქნება, თუ 10 წუთი, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა ადამიანების მიმართ და ვაჩვენოთ მთავრობას, რომ არ გაუვა ასეთი მიდგომა. ის იძულებული იქნება, შეცვალოს თავისი პოლიტიკა. ამ ვითარებაში მარტივია ვუთხრათ ადამიანებს ისიც, რომ ხალხი, რომელიც პარლამენტში წარმოგადგენთ, მუშაობენ სწორედ ამ მევახშეების სასარგებლოდ.

რაც უფრო მეტი ხალხი დგას ერთად, მოძრაობა მით უფრო ძლიერია. ეს სისტემა არ არის აწყობილი იმაზე, რომ ამგვარი პროტესტების დემონიზაცია მოახდინოს. მთელი მისი ლოგიკა არის მოწყობილი იმაზე, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობის დემონიზაცია შეუძლია, მაგრამ, მაგალითად, ხატიაშვილების ოჯახის დემონიზება მოახდინოს, ან ჩიქობავას და ხასაიას, ამაზე ის ჯერჯერობით არ არის აწყობილი.

ქალების ნამუშევრების გამოფენა ბათუმში და ახალი ცენტრის პრეზენტაცია

„ჩანთებს ვაკეთებ ბისერებისგან. დიდი ხანი არ არის, რაც ამას ვაკეთებ. ვიცი, თუ მეტს მოვინდომებ, მეტსაც გავაკეთებ, მაგრამ მე და ჩემნაირ ადამიანებს ხელშეწყობა გვჭირდება, რომ ჩვენი ნამუშევრები ბევრმა ნახოს და პროდუქციის რეალიზება შევძლოთ“ – ამბობს ელენე ფუტკარაძე.

ეს ელენეს ნამუშევრებია:

ელენეს და აჭარის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვა ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 26 იანვარს მოეწყო ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე კაფე „სოციუმში“.

გამოფენა-გაყიდვა პრეზენტაციის თანხლებით გაიმართა. პრეზენტაციაზე „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ და, ასევე, „მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების ცენტრმა“ დამსწრე საზოგადოებას პროექტები წარუდგინეს.

პრეზენტაციის მხარდამჭერი „ტერა ბანკი“ იყო. 

პრეზენტაციისას ისაუბრეს „შშმ პირებისა და ქალების გაძლიერების პროექტის“ შესახებ, რომელსაც მხარს უჭერს ფონდი „პური მსოფლიოსთვის“.

შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა ახალდაფუძნებული ორგანიზაციის, „მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ მიზნები.

ელენე ფუტკარაძემ, ლელა წულუკიძემ, ია დევაძემ და ინგა ბალაძემ საკუთარი ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, თავად წარუდგინეს შეხვედრის მონაწილეებს.

ნამუშევრების შეძენა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ორი კვირის განმავლობაში კაფე „სოციუმში“.

„შშმ პირებისა და ქალების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში შეიქმნა „მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“, რომლის ხელმძღვანელიც ციალა ქათამიძეა. ცენტრი საბოლოოდ ბენეფიციარებმა უნდა მართონ, პირველ ეტაპზე კი ამ პროცესის დაძვრაში მათ პროექტის კოორდინატორები ეხმარებიან:

„ცენტრის მიზანია დაეხმაროს შშმ პირებსა და ქალებს პროდუქციის რეალიზებაში, შექმნაში, თუნდაც შეასწავლოს მათ ახალი ხელსაქმე, გაუწიოს პოპულარიზაცია მათ საქმიანობას.

ვგეგმავთ, ვმასალებიც შევიძინოთ ბენეფიციარებისთვის. ასევე, საჭიროა ბაზრის შესწავლა და ტრენინგ-სემინარები ცოდნის გასაღრმავებლად. შეიქმნება ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც შშმ პირებისა და ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები ონლაინ გაიყიდება“ – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ციალა ქათამიძე.

„მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, მერაბ ცინდელიანი ამბობს, რომ ცენტრის ბაზაში უკვე 160 ადამიანია დარეგისტრირებული:

„როცა აჭარაში დავდიოდით სხვა პროექტების ფარგლებში, ვხედავდით, რომ უამრავი ქალი, შშმ პირი შინ ამზადებდა საინტერესო ნივთებს, მაგრამ მხოლოდ ჰობად რჩებოდა ეს საქმიანობა მათთვის. დავინახეთ, რომ აუცილებელი იყო მიგვეცა ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობა ჰობი ექციათ შემოსავლის წყაროდ.

პროექტში ჩართულ ხალხს ჩვენს პარტნიორებად მოვიაზრებთ, რომელთა ნამუშევრებიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ჩვენი ჩართულობა კი საჭიროა იმისთვის, რომ ეს უნიკალური ნამუშევრები ფართო საზოგადოებამ ნახოს“ – ამბობს მერაბ ცინდელიანი.

„შშმ პირებისა და ქალების გაძლიერების ცენტრი“ მიზნად ისახავს შშმ პირებისა და ქალების არამხოლოდ ეკონომიკურ გაძლიერებას, არამედ ამ გზით მათ სოციალურ, კულტურულ ინტეგრაციასაც.

2023 წლის მარტში ბათუმში დიდი გამოფენა იგეგმება, სადაც პროექტში ჩართული ყველა მონაწილის ნამუშევარს პირველად წარუდგენენ ქალაქის სტუმრებსა და მცხოვრებლებს.

შეიძლება ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება? – დეპარტამენტი კვლევას იწყებს

რამდენად აუცილებელია და შესაძლებელი ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად გადაკეთება, ეს უნდა გამოიკვლიოს კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 5 249 997 ლარზე გააფორმა.

ამ თანხაში შედის პროექტირებაც, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის კვლევის საფუძველზე დეპარტამენტი საჭიროდ ჩათვლის გზის მოდერნიზებას – ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთებას.

ხორვატული კომპანიის ფილიალთან ხელშეკრულება დეპარტამენტმა 2024 წლის იანვარში გააფორმა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ საქართველოში 2016 წელსაა რეგისტრირებული და ამ კომპანიის დირექტორი ორმაგი [სომხეთის და რუსეთის] მოქალაქე რობერტ პეტროსიანია.

ტექნიკური დავალების მიხედვით, „საქართველოს მთავრობა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით საჭიროებს საკონსულტაციო მომსახურებას შემდეგი ღონისძიებების განსახორციელებლად:

  • ღონისძიება 1: ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა; პროექტის განხორციელებადობის დადგენა.
  • ღონისძიება 2: ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რაც საშუალებას მისცემს დამკვეთს მშენებლობისათვის შეისყიდოს სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება.“

შენიშვნაში კი აღნიშნულია, რომ „დავალება განხორციელდება ორი განსხვავებულ, მაგრამ თანმიმდევრულ ფაზაში, რომელიც მოიცავს პირველ და მეორე ღონისძიებებს. ტექნიკური და ფინანსური წინადადებები მკაფიოდ უნდა ასახავდეს აღნიშნულ ეტაპებს/ფაზებს სამუშაოების მოცულობების აღწერილობის, მეთოდოლოგიის, პერსონალით დაკომპლექტებისა და ხარჯების ნაწილში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მე-2 ღონისძიების გაგრძელებაზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებისა და მიგნებების საფუძველზე.“

„ღონისძიება 1-ის მიგნებებში გამოკვეთილი რეკომენდაციების შედეგების საფუძველზე, გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გააგრძელოს აღნიშნული დავალება. დეპარტამენტს ასევე აქვს უფლება შეაჩეროს ხელშეკრულება.“

ფასების ცხრილი [ლარში] / ხელშეკრულებიდან
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისთვის და შემდეგ დეტალური პროექტის მომზადებისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვადა 18 თვე [2025 წლის აგვისტომდე] აქვს.

ტენდერი დეპარტამენტმა 2023 წლის აპრილში გამოაცხადა 10,5 მილიონი ლარით.

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე გამოცხადებული ტენდერის გამო კი დეპარტამენტს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში რამდენჯერმე უჩივლეს.

დავების საბჭომ არ დააკმაყოფილა მომჩივანი კომპანიის ბოლო საჩივარი, რის შემდეგაც გზების დეპარტამენტს მიეცა შესაძლებლობა სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიასთან ხელშეკრულება გაეფორმებინა.

სატენდერო პროცედურებისა და დავების საბჭოში შეტანილი საჩივრების დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – დეპარტამენტს ახალი ტენდერის გამოც უჩივიან

როდის აღდგება ხულოს სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა

„გზა ყველა მიმართულებით ეტაპობრივად გაიწმინდება, მიმდინარეობს სამუშაოები,“ – მოგვწერეს აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან, სადაც დღეს, 28 იანვარს აჭარის მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტით გადადგილების შესახებ ვიკითხეთ.

აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემა აჭარის სოფლებში არ არსებობს.

ხულოს სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ადამიანების ინფორმაციით კი, შიდასასოფლო გზები არ გაწმენდილა და მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები გადაადგილდებიან. პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც ზოგიერთ შემთხვევაში მიკროავტობუსია და გაუწმინდავ, თოვლიან გზაზე ვერ მოძრაობს.

tovi
ხულო, სოფელი ბეღლეთი / 28.01.2024

რასაც მოქალაქეები გვწერენ, დაგვიდასტურეს ხულოს მერიაშიც: „მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია“, – მოგვწერეს ხულოს მერიის პრესცენტრიდან.

აქ უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა: ხულოს რამდენ სოფელში არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა და როდის მოგვარდება?


სინოპტიკოსებით პროგნოზით 29 იანვარს აჭარის მთიან რაიონებში მცირე თოვა, 30 იანვრიდან კი, ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ამავე თემაზე:

როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავი – მთავრობამ კრიტერიუმები დაადგინა

 

„მათ დაპატიმრებას პოლიტიკური ნიშნით დევნად მივიჩნევთ“- მწერლების განცხადება

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას სოლიდარობას მწერლები და მთარგმნელები უცხადებენ.

„23 იანვარს პოლიციამ დააკავა თსუ-ს ლექტორი, ისტორიკოსი აკაკი ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი პოეტი და მთარგმნელი გიორგი ხასაია. სასამართლომ ისინი პატიმრობაში დატოვა კეკელიძის N1-იდან, უმძიმესი, ბრუტალური, ძალადობრივი ფორმებით ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ პროტესტის გამო.

მევახშეები, არაკეთილსინდისიერი გამსესხებლები, უპატიოსნოდ იყენებენ საქართველოს მოქალაქეთა მძიმე სოციალურ მდგომარეობას. მათი მიზანი არ არის ვალის დაბრუნება, არამედ გაჭირვებული მოქალაქეების ბინების მუქთად ხელში ჩაგდებაა. ხშირად, მევახშეები უარს ამბობენ ვალის დაბრუნებაზე ან რესტრუქტურიზაციაზე და უსამართლო კანონმდებლობას იყენებენ ადამიანების ერთადერთი საცხოვრისიდან გამოსასახლებლად. გამოსახლებული ოჯახები, მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვები უსახლკაროდ რჩებიან.

სახელმწიფო მევახშეებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფოს ძალადობრივ პოტენციალს სრულად იყენებს.

ჩვენ გამოვდივართ მევახშეების და მევახშეობის წინააღმდეგ, ვგმობთ უსამართლო კანონს და მოქალაქეთა უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების არაჰუმანურ პრაქტიკას.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას და ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მთავრობასთან დაახლოებულ მოძალადეებს გირაოთი და თავდებით ათავისუფლებენ, აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას პატიმრობაში დატოვებას უსამართლო სისტემასთან მებრძოლი ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნად მივიჩნევთ,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

წერილს ხელს აწერენ:

რატი ამაღლობელი
გვანცა ჯობავა
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
მაია დანელია
ბექა ქურხული
გიორგი შონია
ბელა ჩეკურიშვილი
ნინო ბექიშვილი
თამთა მელაშვილი
რატი მუჯირი
გიორგი არაბული
პაატა შამუგია
მანანა მათიაშვილი
ნინო ფირცხალავა
ნუკა ღამბაშიძე
ზაალ ანდრონიკაშვილი.

მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ნაწილმა განცხადება 27 იანვარსაც გაავრცელა.

———————
მოძრაობა „ხმის“ წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ლექტორი კაკო ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია, 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავტობანთან დასვენების და გაჩერების ადგილების მოსაწყობად 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული

ავტობანის მიმდებარედ დასვენების და გაჩერების ადგილებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი.

„E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მიმდებარედ საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილის – დასვენების და გაჩერების ადგილებისა და მათი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოებზე“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა.

ელექტრონული ტენდერი პრეისკურანტითაა გამოცხადებული და სამუშაოების შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება 5 მილიონი ლარია.

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ეტაპობრივად სრულდება და საგზაო მოძრაობა იხსნება E-60 ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთებზე, მათ შორის 2023 წელს გაიხსნა ხევი-უბისას (F2) და უბისა-შორაპნის (F3) მონაკვეთებზე, ჯამურად 27 კმ, ხოლო გრიგოლეთი-ქობულეთის 6 კმ-იანი მონაკვეთი. 2024 წელს კი, ეტაპობრივად დაგეგმილია სხვადასხვა მონაკვეთების დასრულება.“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განაცხადში.

დეპარტამენტის ინფორმაციით „E-60 და E-70 ავტომაგისტრალების მიმდებარედ გათვალისწინებულია გასაჩერებელი/დასასვენებელი ადგილების მოწყობა, რაც მნიშვნელოვანია მგზავრთა გადაადგილებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია, გასაჩერებელი/დასასვენებელი ადგილები აღიჭურვოს სათანადო ინფრასტრუქტურით.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 25 თებერვალს დაიწყება და პირველ მარტს დასრულდება.

ავტობანის მიმდებარედ გაჩერების ადგილები შესაბამისი ინფრასტრუქტურით კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში უნდა მოეწყოს. სამუშაოები შესაბამისი ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების მიხედვით უნდა შესრულდეს.

„შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა. შემსყიდველის წერილობითი დავალებით, შესაძლებელია განისაზღვროს განსხვავებული ვადები, სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.

ამავე პირობებით:

  • „დეპარტამენტი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაში ხელშეკრულების ღირებულების სრულად დაკვეთის შესახებ;
  • ცალკეულ შემთხვევებში, მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი ან/და პროექტი და მოცულობათა უწყისი გადაეცემა წერილობით;
  • დეპარტამენტი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს პროექტში ან/და მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
  • სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარება მოხდება, თუ მიმწოდებელი წარმოადგენს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ პროექტი შესრულებულია საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად და ვარგისია ექსპლუატაციისათვის.“

 

 

მთავარი ფოტო: ჩქაროსნული ავტომაგისტრალი რიკოთზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 იანვრის 21 საათიდან 29 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით მცირე წვიმა, მთაში – მცირე თოვა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით აჭარის სანაპირო და მთიან რაიონებში 30-31 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 382 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740]
  • ტანკი – 6 280 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 11 671 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 9 097 ერთეული [+12]
  • MLRS – 972 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 660 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 041 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 845 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 103 ერთეული [+31]
  • სპეცტექნიკა – 1 436 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 568 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 311 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 456 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 814 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 211 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 887 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 990 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ფაქტია, ხმელეთზე რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს“, – კატეგორიული პოზიცია აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომელიც რუსეთ – უკრაინის ომს ისევ აქტიურად აკვირდება და მიიჩნევს, რომ რუსეთი სუსტდება. ვრცლად:

„რუსეთმა შესაძლოა თქვას, აი, გავჩერდიო, მაგრამ უკრაინელები არ გაჩერდებიან“ – ინტერვიუ

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ბათუმში, ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკას საქმეზე“ ბრალდებული საკონსტიტუციოს მიმართავს

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ზურაბ საღინაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ბრალდებულს სურს მისი საქმე მოსამართლის ნაცვლად ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევა: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაუმთავრებელ დანაშაულს მსაჯულები ვერ განიხილავენ.

საუბარია ბათუმში 2023 წლის 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლება არ მისცეს.

ამ საქმეზე პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი მოქალაქე ზურაბ საღინაძეს წარუდგინა. დანაშაულის შეუტყობინებლობას პროკურატურა ამავე საქმეზე კიდევ ორ პირს ედავება, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ეს პირები კატერზე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულთან ერთად იყვნენ.

საკონსტიტუციო სარჩელში ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვანის გარდაცვალების მიუხედავად, პროკურატურამ მას ბრალი მაინც დაუსრულებელი დანაშაულისთვის წარუდგინა იმიტომ, რომ ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულები ვერ აირჩიოს.

სარჩელში ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ პროკურატურა ამ გზით აქტიურად ცდილობს, საქმეები ნაფიცი მსაჯულების ხელში არ მოხვდეს.

„ხშირია შემთხვევა, როდესაც ბრალდების მხარე, პირს წარუდგენს ბრალს დაუსრულებელი დანაშაულისთვის, რითაც ხელოვნურად მანიპულირებს და ბრალდებულს არ აძლევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომას. ასევე, სსკ 117-ე ან სხვა –  ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში – ბრალდებას წარადგენს 19-108 ან 19-109 მუხლით,“ – აღნიშნულია სარჩელში.

ბრალდებული მიიჩნევს, რომ სადავო სამართლებრივი ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მათ შორის, ამ ჩანაწერს: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობის უფლებას.

„ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის რა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სასამართლო სისტემის ნაწილი, ის თავისთავად ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ქვეშ.

ვინაიდან, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის მიზანია ადამიანის უფლებების ადეკვატური და სრულყოფილი დაცვა, მართლმსაჯულების განმახორციელებელი მთელი კონსტიტუციური სისტემის ფუნქცია უნდა პასუხობდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის მოთხოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ უფლებების სრულყოფილი დაცვისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ წარმოადგენს უალტერნატივო, უპირობოდ აუცილებელ მექანიზმს, როგორც უკვე აღინიშნა, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვის უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას, კანონმდებელი შებოჭილია კონსტიტუციური წესრიგით და ფუნდამენტური უფლებებით, მათ შორის, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დაცვის ვალდებულებით. ვინაიდან კანონმდებლობა პირთა ერთ კატეგორიას აძლევს არჩევანის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ, ვის უფრო ენდობიან და, შედეგად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეძლონ გავლენა მოახდინონ იმაზე, რომ მათ საქმეზე შედგეს სამართლიანი მართლმსაჯულება, ასეთ შესაძლებლობაზე დაუსაბუთებლად, ყოველგვარი საჭიროების, აუცილებლობისა და გამართლების გარეშე უარის თქმა არსებითად იგივე კატეგორიას მიკუთვნებული სხვა პირებისთვის, შეუძლებელია არ იწვევდეს მათი უფლების დარღვევას“ – ვკითხულობთ სარჩელში.

ბრალდებული მოსამართლეებს ახსენებს ასევე, რომ მნიშვნელოვანია ნდობა სასამართლოს მიმართ.

„საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი მართლმსაჯულება მოითხოვს არა მხოლოდ ყველა საჭირო, საკმარისი და ადეკვატური პროცედურითა თუ გარანტიით სასამართლოს აღჭურვას, არამედ, იმავდროულად, გულისხმობს მის ასეთად აღქმადობას საზოგადოების და დავის მონაწილეთა მხრიდან.

სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას, ცხადია, პირველ რიგში, განაპირობებს და უზრუნველყოფს სასამართლოს [მოსამართლეთა] ინსტიტუციური და პერსონალური დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ამასთან, გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის დამაჯერებელი ხარისხი. ამ თვალსაზრისით, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო ინსტიტუტისადმი მხარეთა და, ზოგადად, საზოგადოების ნდობას, რომელიც ზემოაღნიშნულის გარდა სხვა ფაქტორებზე დამოკიდებულებითაც იქმნება. ერთ-ერთ ასეთ ფაქტორს უდავოდ წარმოადგენს პირის შესაძლებლობა, თავად აირჩიოს ინსტიტუტი, რომლის მიერ საქმის სწორად გადაწყვეტა მისთვის პროგნოზირებადი და უფრო დამაჯერებელია, შედეგად კი გავლენა მოახდინოს საკუთარი საქმის გადაწყვეტის ბედზე,“ – აღნიშნულია სარჩელში.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო ბრალდებულის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტი იძულებული გახდება, სადავო სამართლებრივი ნორმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეცვალოს.

ამ თემაზე:

„ბანანზე“ 16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმის განხილვა დაიწყო – ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს 

 

როდის ჩაურიცხავენ დასაქმებულ სოცდაუცველებს ხელფასს – დასაქმების სააგენტოს პასუხი

„რაც დავსაქმდით, ხელფასს მუდმივად 15-ში ვიღებდით, მაქსიმუმ 20-მდე გვერიცხებოდა, იანვრის ხელფასი ჯერ არ მოუციათ,“ – სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დასაქმებულმა სოცდაუცველებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ იანვრის ხელფასი დაუგვიანეს, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ცხელ ხაზზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.

საზოგადოებრივ სამუშაოების პროგრამის ფარგლებში დასაქმებული სოციალურად დაუცველი ადამიანების ხელფასი თვეში 300 ლარია.

„საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრაში ჩართულ მოქალაქეებს, 2024 წლის მიმდინარე თვის სახელფასო ანაზღაურება 30 იანვარს ჩაერიცხებათ,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დასაქმების სააგენტომ დღეს, 27 იანვარს გაავრცელა.

რატომ დაუგვიანეს სოციალურად დაუცველებს ხელფასი? – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „ტექნიკური ხარვეზი ჰქონდათ“.

———————–

სოციალურდ დაუცველ ადამიანებს საქართველოში 2022 წლიდან ასაქმებენ. დასაქმებულების ნაწილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ისინი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოვებული არიან, ან მმართველი პარტიის კოორდინატორები იყვნენ წინა არჩევნებზე. საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სულ 33 ათასი სოცდაუცველია დასაქმებული.

დასაქმების ეს პროგრამა 2024 წლის არჩევნების შემდეგ, 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, „დასაქმების სახელმწიფო სააგენტო აქტიურად მუშაობს სოციალურად დაუცველებთან და სხვა დასაქმების მაძიებლებთან იმისთვის, რომ მათთვის მოხდეს ღია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების შეთავაზება“.

ფოტო: დასაქმებული სოციალურად დაუცველები, ქედა, სოფელი ზვარე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან,

ამ თემაზე:

„ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 ათასი სოცდაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ 

თოვის გამო რომელ გზაზე შეიზღუდა გადაადგილება

თოვის გამო საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური [ფოსტა]–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი [მოწამეთა]-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 39-კმ 62 [ნაქერალას უღელტეხილი] მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ97 [აწყური-ვალე] მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ 36.5 მონაკვეთსა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის [მძღოლის ადგილის გარდა] მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,“ – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თოვის გამო გადაადგილების პრობლემა აჭარის სოფლებში არ არის.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 381 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770]
  • ტანკი – 6 271 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 11 652 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 9 085 ერთეული [+3]
  • MLRS – 972 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 660 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7037 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 845 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 072 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 1 433 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 568 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 283 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 456 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 805 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 210 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 881 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 940 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ფაქტია, ხმელეთზე რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს“, – კატეგორიული პოზიცია აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომელიც რუსეთ – უკრაინის ომს ისევ აქტიურად აკვირდება და მიიჩნევს, რომ რუსეთი სუსტდება. ვრცლად:

„რუსეთმა შესაძლოა თქვას, აი, გავჩერდიო, მაგრამ უკრაინელები არ გაჩერდებიან“ – ინტერვიუ

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„14 წლის ვიყავი როცა ემიგრაციაში წავედი“ – რა გარემო დახვდა ზურა ქათამაძეს ესპანურ სკოლაში

თუკი წლების წინ, საქართველოდან ემიგრაციაში ძირითადად მშობლები, განსაკუთრებიც კი დედები მიდიოდნენ, ბოლო წლების ტენდენციის მიხედვით, ქვეყნიდან მიდიან ათ წლამდე და უფროსი ასაკის ბავშვებიც. ემიგრაცია ოჯახით, ახალ გამოწვევებს ქმნის ქვეყნის განვითარებაში, რადგან საქართველოს მომავალი თაობაც ტოვებს.

როგორია ბავშვების ცხოვრება ემიგრაციაში, როგორ ადაპტირდებიან განსხვავებულ კულტურებში და როგორი განათლების სისტემა ხვდებათ ევროპაში?

ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ზურა ქათამაძეს, რომელსაც 14 წლის ასაკში მოუწია მშობლიური ქალაქის დატოვება.

ახლა ის ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობს და უკვე კატალონიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს.

„როცა ქვეყნის დატოვება გიწევს, ცხადია ყველაზე მეტად გიჭირს მეგობრების დატოვება და ჩემთვისაც ასე იყო. ყველაზე მეტად კი, რის გამოც განიცდის დისკომფორტს, განათლების განსხვავებული სისტემაა.

მით უმეტეს, როცა იმ ენაზე უნდა ისწავლო, რომელიც არ იცი. ამ დროს სტრესს იწვევს ის, რომ ჰაისქულში გადადიხარ, სადაც ნიშნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. შენ კი ახლა სწავლობ ენას და სწავლების სისტემაც უცხოა შენთვის.

ესპანეთში სირთულე იყო ისიც, რომ ესპანურის გარდა, კატალანურიც უნდა მესწავლა და ორმაგად დავისტრესე, – ვაიმე, ორი ენის შესწავლა მიწევს, მეთქი“-გვეუბნება ზურა.

მისი თქმით, ევროპული განათლების სისტემა არ არის აგებული „წაიკითხე-მოყევის“ მოდელზე. „არც კი იციან რას ნიშნავს გაკვეთილის მოყოლა“- გვეუბნება ზურა.

„მე გამიმართლა იმაში, რომ მათემატიკა დიდად არ გამიჭირდა, რადგან ქართულ სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და ძალიან არ განსხვავდებოდა პროგრამულად ესპანურისგან, მაგრამ სხვა საგნებში ძალიან რთული იყო.

მაგალითად ბიოლოგია სულ სხვანაირად ისწავლება. მასწავლებელი ჯერ გასწავლის ერთ თემას, მაგალითად იმუნურ სისტემას, ამ თემას ამუშავებ მთელი თვე და შემდეგ წერ გამოცდას.

ფიზიკა-ქიმია ერთ საგნად ისწავლება. მახსოვს ბათუმში გადავშლიდი წიგნს და ვიზეპირებდი მაგალითად მაქსველის კანონებს, აქ საერთოდ არ ისწავლებოდა ეს. აქაურ სისტემაში თემები ჯაჭვურად ებმის ერთმანეთს. თუ ერთ წელს გამოტოვე რაღაც  თემა, ვერ ისწავლე, მეორე წელს უფრო გაგიჭირდება, რადგან მომვდევნო წლის მასალა, წინა წლის მასალაზეა დაფუძნებული.

და აი ასეთ სისტემაში როცა ხვდები, თანაც სკოლის ბოლო საფეხურზე, როცა ნიშნებიც გჭირდება და ამ დროს ენა არ იცი, ეს ძალიან დიდი სტრესია. პირველ ეტაპზე შოკი იყო ეს ჩემთვის“-ამბობს ზურა.

ზურა ქათამაძე მასწავლებლებთან ერთად სკოლაში

ევროპული განათლება უპირატესობას ანიჭებს წაკითხულის გააზრებას და კრიტიკულ აზროვნებას, რასაც ზურას თქმით, ქართულ სკოლაში ნაკლები ყურადღება ექცევა.

„ყველაზე მეტი აქცენტი მოდის ამაზე, – იფიქრე, გაიაზრე, დაწერე. ასე აშენებენ აქ ცოდნას. ჰაისქულში ანუ ე.წ დამამთავრებელ საფეხურზე სწავლას ბევრი ვერ აგრძელებს და მხოლოდ ის ნაწილი რჩება, ვისაც მაღალი შედეგები აქვს სწავლაში.

ამ საფეხურზე კი იმას სწავლობს, რაც ნამდვილად მოგწონს და გაინტერესებს. ნიშნების გამო არ სწავლობ მხოლოდ. ალბათ საქართველოშიც გაამართლებდა ეს მოდელი, რომ ყოფილიყო“-გვეუბნება ზურა.

ახალი და უცხო გარემოს მიუხედავად, ზურამ ძალიან ბევრი იშრომა. ისე იშრომა, რომ სკოლაც დაასრულა ესპანეთში და ახლა უნივერსიტეტში მექანიკურ ინჟინერიას სწავლობს.

უფრო მეტიც, ზურას ისე კარგად აუთვისებია კატალონიური ენა, რომ სკოლიდან უკავშირდებიან და მოსწავლეების მომზადებასაც სთავაზობენ მათემატიკასა და ქიმიაში.

„საქართველოში სულ ხანდაზმული მასწავლებლები მყავდა, აქ კი ძალიან ბევრი ახალგაზრდა მასწავლებელია. კაცი მასწავლებლებიც ბევრი მუშაობს სკოლაში.

თვალშისაცემია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობაც. უფრო უშუალოა, ვიდრე საქართველოში. აქ შეგიძლია მასწავლებელს სახელით მიმართო, ეს ნორმალურია და თავიდან მიკვირდა ძალიან“-გვეუბნება ზურა.

როგორც ზურა გვიყვება, მაინც და მაინც არც მეგობრების გაჩენა გასჭირვებია, რადგან ესპანელები საკმოდ გახსნილები არიან განსხვავებული კულტურების მიმართ.

„ქართულ რესტორანშიც მყავდა კლასელები და ისე მოეწონათ, 4-5 ჯერ იყვნენ იმის შემდეგ. ერთი კლასელი, თბილისშიც ყოფილა ნამყოფი და იქ გადაღებული ფოტოებიც მაჩვენა“-გვეუბნება ზურა.

რა იყო ის, რამაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ესპანეთში? – ვკითხეთ ზურას. ეს ხმაურიანი და მოძრავი ქალაქი – მადრიდია.

„ბარსელონა სულ გადატვირთულია, სულ მოძრაობაშია ყველა სეზონზე. უამრავი ტურისტის გამო, ბევრი უცხო გესმის ქუჩაში. თავიდან გამიჭირდა შეჩვევა, რადგან ბათუმში ვარ გაზრდილი და იცით, როგორი მშვიდი ქალაქია. ბარსელონას ფონზე, ბათუმი მკვდარი ქალაქია.

უცნაური იყო ის, რომ სხვა ესპანეთი დამხვდა აქ. არა ისეთი, როგორსაც წიგნებიდან გვასწავლიან ან ფილმებიდან გვახსოვს „კორიდათი“. ეს უფრო კატალონიური კულტურისთვის არის დამახასიათებელი, ბარსელონას კი თავისი კულტურა აქვს.

ძალიან უყვართ საღამოობით კაფეებში ჩამოსხდომა და საუბრები. უყვართ ხმამაღალი სიცილი და ლაპარაკიც, მაგრამ ზოგადად მშვიდი ხალხია.

ქართველები ღვინის სიყვარულში ვგავართ. სუფრები და პურ-მარილი კი, სოფლებში უფრო უყვართ, იქ მინახავს, ასეთი რამეები“-გვეუბნება ზურა.

თქვენს მომავალს საქართველოში ხედავთ? – ვკითხეთ ზურას.

არ ვიცი დავბრუნდებ თუ არა საქართველოში, რადგან ჯერ მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობ და უფრო გრძელი გეგმები ჯერ არ მაქვსო, – გვიპასუხა.

თუმცა ისაუბრა იმ შიშებზე, რაზეც ბევრი საუბრობს საქართველოში, – ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებაზე.

ზურა დედასთან და ძმასთან ერთად ესპანეთში.

„მე უფროს ასაკში წამოვედი ქვეყნიდან, ენაც ვიცი და ქართული იდენტობაც უფრო გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ჩემი ძმა, 6-7 წლისაა და შესაძლოა მისთვის უფრო სხვანაირად იყოს მომავალში.

თუმცა ჩემს ოჯახში ყველა ქართულად ვსაუბრობთ, ქართულ კერძებს ვამზადებთ, ქართულ ეკლესიაში დავდივართ, ქართულ არხებსაც ვუყურებთ და მშობლიურ გარემოსთან ასე ვინარჩუნებთ კავშირს.

მაგრამ ბევრი ისეთიც მინახავს, ვინც არ ასწავლის შვილს ქართულს, არ აინტერესებს დაავიწყდებათ ბავშვებს ენა თუ არა. არ მომწონს, მაგრამ ასეც ხდება. თუ მშობელი არ ასწავლის შვილს სამშობლოს სიყვარულს, ბავშვსაც გაუჭირდება ფესვებთან დაბრუნება.

აქ ძალიან ბევრი ბავშვია და უმრავლესობა 10 წლამდეა. არიან აქ დაბადებულებიც.

ისეთი ბავშვებიც ვიცი, ვინც ზაფხულს საქართველოში ატარებს, მაგრამ, ბევრი აქ რჩევა, როცა აქაურ მეგობრებს იჩენენ და ეჩვევიან გარემოს.

რა თქმა უნდა, მაინც შემაწუხებელია ემიგრაცია, მით უმეტეს მაშინ, როცა ახალი თაობა გადის ქვეყნიდან და აღარ ბრუნდება. მეც მწყდება გული, რადგან იცლება საქართველო.

მეც მენტარება ხოლმე. როცა სადღაც ქუჩაში ქართულად ლაპარაკი ჩამესმის მახსენდება და რაღაცნაირად, ნოსტალგიურია ეს ყველაფერი“-ამბობს ზურა.

„რუსეთმა შესაძლოა თქვას, აი, გავჩერდიო, მაგრამ უკრაინელები არ გაჩერდებიან“ – ინტერვიუ

„ფაქტია, ხმელეთზე რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს“, – კატეგორიული პოზიცია აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომელიც რუსეთ – უკრაინის ომს ისევ აქტიურად აკვირდება და მიიჩნევს, რომ რუსეთი სუსტდება.

პოლკოვნიკის დაკვირვებით, რუსეთი სარაკეტო დარტყმებით ცდილობს უკრაინის გამოფიტვას. პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ ამ ომის შედეგი გამოფიტვაზეა დამოკიდებული: რომელი უფრო სწრაფად?

„ომი არაა დახუჭობანას თამაში, რომ რუსეთი გაჩერდეს. რუსეთმა შესაძლოა კი თქვას, რომ აი, გავჩერდიო, მაგრამ უკრაინელები არ გაჩერდებიან. ეს ომი გაგრძელდება, ვიდრე ის შედეგი არ იქნება, რაც უკრაინელებს უნდათ. შესაძლოა, სრული დეოკუპაცია ვერ მოახდინონ, მაგრამ ჩანს, რომ პრიორიტეტია უკრაინელებისთვის სამხრეთის მიმართულება და ყირიმი,“ – გვიყვება პოლკოვნიკი.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ლაშა, რუსებმა ავდეევკა ისევ ვერ აიღეს, ვერ გადიან დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზეც, რაზეც უკვე რამდენიმე თვეა აკეთებს აქცენტს რუსული პროპაგანდა, რომ თითქოს მხოლოდ ეს სურდა რუსეთს. თქვენთვის რა ჩანს ფრონტის ხაზიდან ამ ეტაპზე?

ფრონტის ხაზზე ბევრი სიახლე არ არის. აღმოსავლეთ ნაწილში რუსები ცდილობენ რაღაც შუასაუკუნეობრივი მეთოდით უპირატესობა მოიპოვონ. ეს შეწყვილებულია მძიმე არტილერიასა და სარაკეტო დარტყმებთან და ამის მიუხედავად, მათ ჯერჯერობით რუსებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა ვერ მოიპოვეს. ისინი ორიენტირებული არიან მხოლოდ წარმოსახვითი წარმატების ჩვენებაზე, თუმცა ამასაც ვერ ახერხებენ. ბრძოლები ძირითადად მიმდინარეობს სვიატოვო-კრემინას-კუპიანსკის ხაზზე, მეორე მიმართულებაა ავდეევკა. ბახმუტის მიმართულებით ბევრი არაფერი არ ხდება, მაგრამ არის ინტენსიური ბრძოლები.

უკრაინა უკვე გადავიდა თავდაცვითი ხაზის გაძლიერებაზე აღმოსავლეთში, სამხრეთში კი, უპირატესობა, ასე თუ ისე, უკრაინის მხარესაა. უკრაინელები ცდილობენ მეტი გააკეთონ, თუმცა ეს ომი უკვე გადასულია გრძელვადიან ფაზაში – ძირითადად მოწინააღმდეგის მოქანცვაზე, დაღლასა და გამოფიტვაზეა ორიენტირებული. სამხრეთში უკრაინამ შეძლო დნიპროს მარცხენა სანაპიროზე მცირე ზომის პლაცდარმის შექმნა.

2024 წელს ძირითადად უნდა ველოდეთ სარაკეტო დარტყმების მომატებას რუსეთის მხრიდან. სარაკეტო დარტყმები მოიმატებს უკრაინის მხრიდანაც. ალბათ გაიზრდება ინციდენტები რუსეთის ტერიტორიაზეც.

  • რატომ შეიძლება აწყობდეთ მხარეებს სარაკეტო დარტყმების გააქტიურება? 

რუსეთს აღარ აქვს იმის რესურსი, რომ ცოცხალი ძალით რაიმე წარმატებას მიაღწიოს, სარაკეტო დარტყმებით კი, უზრუნველყოფს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გათიშვას. აღწევს იმას, რომ პანიკა არსებობს მსოფლიოში უკრაინის დახმარებაზე, გაურკვეველ სიტუაციაშია დასავლეთი. ფაქტობრივად ჯერ კიდევ ბევრი რამეა საჭირო სიტყვიერი მხარდაჭერის გარდა.

ამიტომაც, რუსეთი ცდილობს ბევრი სარაკეტო დარტყმით დაღალოს და გამოფიტოს უკრაინის საჰაერო თავდაცვა, რომ შემდეგ გაუადვილდეს გარკვეულ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა. ხმელეთზე რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს, ფაქტია.

  • მიდის გამოფიტვისკენ რუსეთი? გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი რამდენიმე წელში, შესაძლოა, ნატოს ქვეყნებსაც დაესხას თავს. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კრემლიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა ბოლო დროს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ. 

მე ამას სერიოზულად ვერ განვიხილავ. ტექნოლოგიურად ძალიან ჩამორჩენილია რუსეთი და მას ნამდვილად არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ნატოს. მესმის, რომ ეს არის დასავლეთში ერთი ნაწილის რიტორიკა და, რა თქმა უნდა, გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი ძალიან სახიფათო გახდება, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთი უფრო და უფრო გამოიფიტება. ის აქეთკენ მიდის.

რუსეთი რეალურად ძალიან დასუსტებულია. იმისთვის, რომ მან ამოსუნთქვა შეძლოს, ომი უნდა შეწყვიტოს. ახლა რა რესურსიც აქვს რუსეთს, ეს იქნება ცოცხალი ძალა, ტექნიკა, შეიარაღება, ატომური იარაღის გარდა, ფაქტობრივად, ყველაფერი მიზიდული აქვს უკრაინაში. ერთადერთი – ჩრდილოეთის ფლოტს შავ ზღვაში ვერ გამოიყენებს, ან წყნარი ოკეანის ფლოტს აქ ვერ შემოიყვანს, ამის დრო აღარ არის. დანარჩენი ყველაფერი რუსეთს მიზიდული აქვს უკრაინაში, რომ რაიმე სახის წარმატებას მიაღწიოს.

ომის შეწყვეტისთვის კი ორი პირობა არსებობს: ან გარკვეული შედეგი ბრძოლის ველზე, ან მოლაპარაკება. ბრძოლის ველზე მოლაპარაკების პერსპექტივა, ჯერჯერობით არ ჩანს. რუსეთმა ამ ომის დაწყებით ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკების ყველა რესურსი. რუსეთი მხოლოდ იმას იძახის, ტერიტორიები დამითმეთო და ამაზე უკრაინა არ წავა.

მეორე ვარიანტია მოცემულობა, როცა ბრძოლის ველზე არცერთს აღარ შეუძლია აღარაფერი და კონფლიქტი გაიყინება, როგორც გაიყინა ყარაბაღში 90-იან წლებში. იქ კონკრეტული მოლაპარაკება არ ყოფილა. არსებობდა ცეცხლის შეწყვეტის საერთო გაგება.

მე ამ მოცემულობის შექმნას უკრაინაში ნაკლებად ველი, რადგან უკრაინელებს ძალიან კარგად ესმით, რომ ნებისმიერი ამოსუნთქვის საშუალების მიცემა რუსეთისთვის მათ შემდგომში დაუჯდებათ გაცილებით ძვირი. ჩემი აზრით, უკრაინა შეეცდება განაგრძოს მაღალი ინტენსივობის კონფლიქტი, ეს იქნება თავდაცვითი, თუ შეტევითი, რათა რუსეთს არ მისცეს ამოსუნთქვის საშუალება.

„ავღანეთი 1“ „ავღანეთი 2“ და სხვა ისტორიული გაკვეთილები ამას აჩვენებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ომებში დიდი ქვეყნები დამარცხდნენ ძირითადად იმიტომ, რომ მზად არ იყვნენ ხანგრძლივი კონფლიქტისთვის. რუსეთი საერთოდ არ არის მზად ხანგრძლივი კონფლიქტისთვის.

რუსეთმა მთელი ქვეყნის ეკონომიკა გადააწყო საომარ სიტუაციაზე. ამას დასავლეთი ვერ აკეთებს, მაგრამ ასე, საომარ სიტუაციაზე გადაწყობილი ეკონომიკა და მობილიზება რუსეთს არ ყოფნის და შედეგი ვერ მოაქვს. კონსპირაციის თეორიებია, რომ რუსეთს დამალული იარაღი აქვს, რაც ჯერ არ გამოუყენებია, გეტყვით, რომ არ აქვს, მან ყველაფერი გამოიყენა უკვე. რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს.

  • უშვებთ ვერსიას, რომ თუ რუსეთი მხოლოდ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას შეძლებს, ამას წარმოაჩენს წარმატებად და შემდეგ გაძლიერებას ეცდება? 

ომი არაა დახუჭობანას თამაში, რომ გაჩერდეს. რუსეთმა შესაძლოა კი თქვას, რომ აი, გავჩერდიო, მაგრამ უკრაინელები არ გაჩერდებიან.

რა თქმა უნდა, დასავლეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რაღაც საკითხები დასავლეთსაც არ შეუძლია, მაგალითად, ვერ ეტყვის უკრაინას, რომ რაღაც ტერიტორია დაუთმოს რუსეთს. მნიშვნელოვანია ცალსახად, როგორი იქნება უკრაინის პოზიცია, ქვეყანა, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, არა მგონია, მსგავს პირობებს დათანხმდეს. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, გააგრძელოს ომი.

ომის დაწყების პირველივე დღიდან ვიძახი, რომ უკრაინელებმა ბრძოლა განაგრძონ. ომის პირველივე დღეებში უკრაინელებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა აჩვენეს. ომი ძალიან გაიწელა და ძნელია ყოველთვის მძიმე ომთან შეგუება, მაგრამ ბევრი რამეა კიდევ გასაკეთებელი. ვფიქრობ, ეს ომი გაგრძელდება, ვიდრე ის შედეგი არ იქნება, რაც უკრაინელებს უნდათ. შესაძლოა, სრული დეოკუპაცია ვერ მოახდინონ, მაგრამ ჩანს, რომ პრიორიტეტია უკრაინელებისთვის სამხრეთის მიმართულება და ყირიმი. ამის დეოკუპაცია თუ მოახერხეს, ეს უკრაინის სერიოზული წარმატება იქნება.

  • ბელგოროდში ჩამოგდებულ სამხედრო თვითმფრინავზე მინდა გკითხოთ. მოსკოვში ამბობენ, რომ დაღუპულთა შორის 65 უკრაინელი ტყვე იყო და ხომალდი უკრაინელებმა ჩამოაგდეს. ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა „დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას”. ასევე ითქვა, რომ აფრენამდე თვითმფრინავიდან მაღალი რანგის რუსი სამხედროები ჩამოსვეს. რა მოხდა და ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ ბორტზე?

რაც არ უნდა იყოს მომხდარი, ეს ომია: სულაც არ არის გამორიცხული, უკრაინელებს ჩამოეგდოთ თვითმფრინავი. თუ უკრაინელებმა არ იცოდნენ, ვინ იყო ბორტზე, ის სრულიად ნორმალური სამიზნეა. გამორიცხულია, უკრაინელებს სცოდნოდათ, რომ ვინმე უკრაინელი ტყვეა იქ და ამ შემთხვევაში ჩამოაგდეს თვითმფრინავი.

ჩვენ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი დაბომბვის დროს დაიბომბა ბანაკი, სადაც უკრაინელი ტყვეები იყვნენ. მაშინ ამის პროვოცირება რუსებმა სპეციალურად მოაწყვეს, ტყვეები რომ დაეხოცათ. ახლაც შეიძლება რუსებს მსგავსი გეგმა ჰქონოდათ, მათ შორის, სპეციალურად ჩაესვათ თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეები. შესაძლოა, რუსების სხვა სცენართან გვაქვს საქმე, მათ არ სურთ გაამხილონ, ვინ დაიღუპა ამ თვითმფრინავში.

  • რა გამოჩნდა 23 იანვრის რამშტაინიდან: როდის გადასცემენ F 16-ებს უკრაინას და 2024 წელს რამდენად ჩნდება კონტრშეტევის პირობა? მაგალითად, გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას აპირებს და 7 მლრდ ევროზე მეტის დახარჯვას.

ვფიქრობ, წელს კრიტიკული წელია იმიტომ, რომ არჩევნებია.

სხვადასხვა მოსაზრება არსებობს უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით. რეალურად ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ უკრაინა პრინციპში გადარჩა, საჭირო იარაღი მივცეთ-არ მივცეთ, ამ საკითხზე უფრო დახურული დისკუსიაა. ღიად, რა თქმა უნდა, ყველა მხარს უჭერს უკრაინას. მიმაჩნია, რომ წელს ამ კუთხით გარდამტეხი წელი იქნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატები. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უკრაინის სასარგებლოდ გადაწყდება.

  • რა გაძლევთ ამ იმედს? 

წარმოვიდგინოთ, თუ არ მისცემენ შესაბამის შეიარაღებას უკრაინას, რა მოხდება? დასავლეთის დახმარების ძირითადი აქცენტი მაინც არის საჰაერო თავდაცვა, „პატრიოტის“ რაკეტები და ასე შემდეგ. თუ ამ რაკეტებს უკრაინას ვერ გადასცემენ, უკრაინა ვერ შეძლებს ცის დაცვას. რუსეთი დიდი ალბათობით დაიწყებს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას.

„კინჟალის“ რაკეტა უკვე რამდენჯერ ჩამოაგდეს უკრაინელებმა, ამისთვის მადლობა აშშ-ის და დასავლეთს, რადგან ამ ტექნოლოგიური უპირატესობის გარეშე, იოლად შესაძლებელია, ეს „კინჟალი“ მოხვდეს საცხოვრებელ კორპუსს მთელი თავისი ტაქტიკურ-ოპერატიული მოქმედებით და თუკი ეს რაკეტა მოხვდება ღამით მძინარე კორპუსს, აქ მცხოვრები ყველა ადამიანი დაიღუპება. ეს იქნება კატასტროფული გამოძახილი და სამარცხვინო ლაქას დატოვებს დასავლეთზე, პირველ რიგში, იმ ქვეყნებზე, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს უკრაინის დახმარებაზე.

ასეთი დახმარების გარეშე უკრაინის ახლა დატოვება არის ღალატზე უარესი. ამას ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური შედეგები. ამიტომაც, არა მგონია, რომ საქმე ასეთ კრიტიკულ მომენტამდე მივიდეს, რომ განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის საშუალებები არ გადასცენ. შეტევით საშუალებებზე სხვადასხვა ვარიანტია.

ვფიქრობ, F16 – ს გადაცემას უკრაინისთვის ნიდერლანდები დაიწყებს. დავინახეთ, რომ როცა ერთი ქვეყანა ეხმარება უკრაინას, შემდეგ სხვებიც აკეთებენ ამას. რეალობა ისაა, რომ ყველაზე ნელი მაინც ამ მხარდაჭერაში არის აშშ, რომლის მხარდაჭერაც ყველაზე მნიშვნელოვანი დაის ნელა მოქმედებს.

  • ყველაზე მეტად რა ფაქტორზეა  დამოკიდებული, რომ უკრაინამ  საჭირო აღჭურვილობა დასავლეთისგან დროულად მიიღოს

შშ-ში რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის მიმდინარეობს საარჩევნო, პოლიტიკური დავა. რესპუბლიკელებს აქვთ მოთხოვნა, რომ დავეხმაროთ უკრაინას, მაგრამ ჩვენი საზღვარიც გავამყაროთ, დემოკრატები კი ამას არ თანხმდებიან – უნდათ, უკრაინას ცალკე დაეხმარონ და საზღვარზე ცალკე ისაუბრონ. ეს არის პოლიტიკური მანიპულაციები, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ აშშ-სა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში საკუთარი პუბლიკაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ში არის ორპარტიული შეთანხმების შედეგი. ვფიქრობ. ორპარტიული შეთანხმება უკრაინის საკითხებზე შედგება. რესპუბლიკელების პრაიმერი დასასრულს უახლოვდება, აშკარა გახდება, რომ მათი კანდიდატი იქნება ტრამპი, ხოლო დემოკრატების – ბაიდენი.

შემდეგ ორივემ უნდა ჩამოაყალიბოს პლატფორმა, როგორ მოქმედებს საზღვრის დასაცავად და როგორ მოქმედებენ უკრაინის მხარდასაჭერად. ეს ალბათ მალე გამოჩნდება, რადგან კონტურები უკვე გამოკვეთილია და ყველამ თავისი მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს უკრაინის საკითხზე.

  • რამდენად რეალურია, რომ უკრაინამ 2024 წელს მოახერხოს კონტრშეტევა? 

მე არ ვეთანხმები ტერმინს „კონტრშეტევა“, ეს არის მაღალი ინტენსივობის ზოლის შენარჩუნება: ზოგან იქნება შეტევა, ზოგან – თავდაცვა. უკრაინაში ძალიან დიდი ფრონტის ხაზია.

წელს ალბათ უფრო სტატუს-კვო იქნება შენარჩუნებული და ძირითადად ვიხილავთ ბრუტალურ დაბომბვებს ორივე მიმართულებით.

არ ველოდები გარდამტეხ მომენტებს, მაგრამ რუსეთი ისეთი ქვეყანაა, არ ვიცით, შიგნით რა ხდება. შესაძლოა, უცებ რაღაც დრამატულად შეიცვალოს. ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, მაგალითად, რომ პრიგოჟინი ერთ მშვენიერ დღეს ძალებს დაძრავდა მოსკოვისკენ, მაგრამ ეს მოხდა.

  • უკრაინაში რა ხდება? როგორ აისახება ზელენსკის და ზალუჟნის სავარაუდო დაპირისპირება ამ ომზე. დასავლური მედიის ვერსიით, მათ კონტრშეტევის არაეფექტურობის გამო ჰქონდათ კონფლიქტი. რა შეიძლება ამ დაპირისპირებამ გამოიწვიოს?

უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა და აზრთა სხვადასხვაობა იქნება. მე პირადად ვისურვებდი, რომ ერთ ხაზზე იყვნენ. არა მგონია, გენერალი ზალუჟნი ღია დაპირისპირებაში გადავიდეს და ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესში. მისი ამოცანაა ახლა ის, რომ მობილიზაცია ჩაატაროს ეფექტურად და რეზერვები შექმნას, ეს არის ახლა მნიშვნელოვანი და არა პოლიტიკური დაპირისპირება.

ზოგადად ჩანს, რომ ძალიან დიდი უკმაყოფილება არსებობს ზელენსკის მთავრობის მიმართ, განსაკუთრებით კორუფციის ნაწილში, ასე რომ, უკრაინელებსაც ბევრი საშინაო დავალება აქვთ შესასრულებელი. ის, რომ პირველ ეტაპზე გადარჩნენ და ორი წელია, ასე მედგრად იბრძვიან, უდიდესი წარმატებაა, მაგრამ გამარჯვებას გაცილებით მეტი სჭირდება, ვიდრე დღეს.

  • რუსი პროპაგანდისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთმა უკრაინას ის ძვირადღირებული სამხედრო აღჭურვილობის ნაწილი გაუნადგურა, რაც დასავლეთმა გადასცა. რამდენად შეიძლება ეს იყოს სიმართლე?

რაღაც ნაწილს გაანადგურებდა ალბათ, ეს ომია, მაგრამ ვხედავთ, რომ მნიშვნელოვან ნაწილს ისევ აქტიურად იყენებს უკრაინა.

უკრაინელები ყოველდღიურად აგდებენ რუსულ სამხედრო რაკეტებს და ათეულობით უპილოტო საფრენ აპარატს, ანადგურებენ ათეულობით ტანკს და ჯავშანტექნიკას. თუ გაუნადგურეს დასავლეთის ტექნიკა უკრაინელებს, მაშინ რატომ ეხოცებათ ყოველდღიურად ამდენი ხალხი?

  • თქვენი დაკვირვებით, რეალურად რამდენად სჭირდება უკრაინას 500 კმ-ზე მოქმედ Taurus-ის სისტემის ფრთოსანი რაკეტები? უკრაინა ამბობს, რომ ეს სჭირდება ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში, გერმანია კი შიშობს კონფლიქტის ესკალაციას, თუ უკრაინელები ამ რაკეტებით სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე დაარტყამენ.

მე გეტყვით, რომ უკრაინელები რუსეთის ტერიტორიებზე სამიზნეებს აუცილებლად დაარტყამენ, მაგრამ ეს მოხდება უკრაინაში წარმოებული რაკეტებით და არა გერმანული Taurus-ის სისტემის ფრთოსანი რაკეტებით. უკრაინელებს სჭირდება ბევრი რაკეტა, რომ შეძლონ იერიშის მიტანა, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რუსეთის ტერიტორიებზე.

წელს ვიხილავთ ბევრ დაბომბილ რუსულ ქალაქს. ეს გარდაუვალია.

ნებისმიერი შეიარაღება, რომელსაც უკრაინა მიიღებს, იგი ტექნოლოგიურად უპირატესია რუსულ ტექნიკასთან. რუსები ძირითადად საჰაერო პლატფორმებს იყენებენ რაკეტების გასაშვებად, ახლა თუ შეუძლიათ, შედარებით ახლოს მივიდნენ, F 16-ების პირობებში ეს შეუძლებელი იქნება – რუსეთის თავდასხმის მანძილი გაიზრდება.

  • ომი ახლო აღმოსავლეთში რა გავლენას მოახდენს ამ ომზე? 

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი არის ის, რაც რუსეთს აწყობს. რუსეთმა თავის დროზე გაიმყარა სირიაში პოზიციები და ობამას ადმინისტრაციამ დათმო ეს პოზიციები. ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი პრობლემა არის ისრაელი. ისრაელის უსაფრთხოება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოება.

დღეს რასაც ვხედავთ – ირანის მიერ ჩრდილოეთ ერაყში დაბომბვა, პაკისტანი თითქოს იქიდან აქეთ დაბომბა, ეს არის ირანიდან მართული ძალები, რომლებიც ცდილობენ რაღაც ძალით მიიზიდონ აშშ-ის და დასავლეთის რესურსები აღმოსავლეთში. ეს არის რუსეთის და ირანის შეთანხმებული მოქმედება.

არ ვიცი, სად წავა ესკალაცია: ირანმა თამასა გაზარდა, ებრძვის დასავლეთს და რაღაც უნდა მოიმოქმედოს თავისი შიდა პუბლიკისთვის. ქურთები მოქმედებენ იემენში, ეს ყველაფერი რუსეთს ხელს აძლევს, დასავლეთის რესურსი ახლო აღმოსავლეთმა მიიზიდოს. ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე დასავლეთი იძულებული იქნება პასუხი გასცეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, აქეთ მიდის საქმე.

  • რა იქნება მთავარი ფაქტორები, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის წარმატებას?

მე რესპუბლიკელი კონგრესმენების დასკვნას დავეყრდნობი, სადაც ისინი წერენ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ძირითადი სამი ფაქტორია: უნდა გაგრძელდეს უკრაინის შეიარაღებით მხარდაჭერა, უნდა განხორციელდეს კიდევ უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ, არ შეიძლება რუსეთის დამარცხება ისე, რომ თვითონ არ იტკინოს არაფერი დასავლეთმა. მესამეა ის, რომ რუსეთის ევროპის ქვეყნებში გაყინული თანხა გამოიყენონ უკრაინის მხარდასაჭერად.

არსებობს 3 უკრაინული ფაქტორიც: გააგრძელოს მაღალი ინტენსივობის ბრძოლა. მეორეა ის, რომ უკრაინას დაეწყო პირადი შემადგენლობის ნაკლებობა, უნდა გამონახონ შესაძლებლობა და შექმნან სარეზერვო სისტემა, რომ შეძლონ მხარი დაუჭირონ გრძელვადიან ომს.

მესამეა დასავლეთთან ერთად სამხედრო მრეწველობის აღორძინება. როგორც უპილოტო საფრენ აპარატებში გადადგეს ბევრი ნაბიჯი წინ უკრაინელებმა, სარაკეტო შეიარაღებაც უნდა გააუმჯობესონ, რომ უკრაინაში წარმოებული რაკეტებით შეძლონ რუსული ქალაქების დაბომბვა.

ექიმებმა ჩემს ინსულინზე მითხრეს, რომ საფრანგეთში წლებია ამოიღეს ხმარებიდან – მიგრანტი პაციენტი

ფრანგული ორგანიზაცია Habitat-Cité-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა საქართველოში არაეფექტურია და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

ამასვე ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის შეფასებაც, რომელშიც წერია, რომ „მიუხედავად 2013 წელს განხორციელებული რეფორმებისა, სახელმწიფო ცოტას ხარჯავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დასაფინანსებლად, სამედიცინო მომსახურება კი ხარვეზებით ხასიათდება“.

საფრანგეთი ევროპის ის ქვეყანაა, სადაც ძირითადად მძიმე დაავადებების მქონე ქართველი პაციენტები ჩადიან სამკურნალოდ. ბათუმელი ნინო კვირიკაძეც ერთ-ერთი მათგანია.

ამბობს, რომ ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ბოლოს შაქარი აღარც ეზომებოდა. საქართველოში მკურნალმა ექიმმა ურჩია, რომ უცხოეთში წასულიყო. ნინო დაავადებას ვეღარ აკონტროლებდა.

დიაბეტმა დაუზიანა და ცალი თირკმლის ამოკვეთა გახდა საჭირო, ოპერაცია დასჭირდა რამდენჯერმე ცალ თვალზეც, ბოლოს ინფარქტი დაემართა.

ნინოს გაურკვეველი წარმოშობის დიაბეტი აქვს და მკურნალობის არაეფექტურობამ აიძულა ემიგრაციის გზა აერჩია. შვილთან და ქმართან ერთად წავიდა საფრანგეთში, სამედიცინო დაზღვევა მალევე მიიღო:

„სამედიცინო დაზღვევას აქ აძლევენ ყველას, მე ერთი თვეც არ დამჭირდა ლოდინი, მალევე მომცეს. ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე მეტად ფასობს, ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა და ამას ხელშესახებად გრძნობ. თუკი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს, სიცოცხლე გახანგრძლივეს.

დეკემბერში ემიგრანტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავდა საფრანგეთის სენატი, მაგრამ ფრანგმა ექიმებმა საოცრება მოახდინეს, უზარმაზარი წერილი მისწერეს სენატს. წერდნენ, რომ მათთვის სულ ერთი იყო რას შეცვლიდა და შეზღუდავდა უცხოელი პაციენტებისთვის სენატი, ჩვენ მაინც ყველას ისევ ისე ვუმკურნალებთ, უსასყიდლოდ და არ დაგემორჩილებითო“, – გვიყვება პაციენტი საქართველოდან.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ სენატის შეთავაზებას, შეეზღუდათ მიგრანტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომა, მხარი არ დაუჭირა. არალეგალებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა საფრანგეთში შეინარჩუნეს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სენატს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ელიზაბეტ ბორნი დაჰპირდა, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმა 2024 წელს აუცილებლად დაიწყება, რაც ქართველი მიგრანტების სამომავლო მდგომარეობას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ნინო 2018 წელს წავიდა საფრანგეთში, ხუთ წელზე მეტია ნანსში ცხოვრობს. ამბობს, რომ დიაგნოზის დასმის პრაქტიკა ძალიან სპეციფიკურია საფრანგეთში:

„დიდხანს გაკვირდებიან და გსწავლობენ, გიკვლევენ. მხოლოდ დიაბეტი არ იყო ჩემი სირთულე, ოთხი ქრონიკული დაავადება მაქვს ერთად. გულის და თრომბის ოპერაციები გამიკეთეს, 2 წლის წინ აღმომიჩინეს, რომ ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, რის გამოც მუდმივად დაღლილი ვიყავი, სულ მეძინებოდა, მავიწყდებოდა ყველაფერი და ამას დიაბეტს ვაბრალებდი.

ამ დიაგნოზის დასადგენად სპეციალური კვლევა ჩატარდა. დამინიშნეს სასუნთქი აპარატი, რითაც ყოველ ღამე მძინავს. ამ აპარატის გარეშე ჩემთვის ძილი არ შეიძლება, მაცილებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს“.

ნინო ამბობს, რომ სამედიცინო დაზღვევაში მედდის მომსახურებაც შედის ბინაზე. მედდა დღეში ორჯერ აკითხავს სახლში და აკონტროლებს ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ნინო გათვითცნობიერებულია და შეუძლია თავადაც მიიღოს მედიკამენტები და დაავადება შინ ყოფნისას მართოს, მაინც მედდა წარმართავს პროცესს ყოველთვის.

ნინო 12 დასახელების მედიკამენტს იღებს, რაშიც თვეში 800 ევრო იხარჯება. წამლების ფასს დაზღვევა სრულად ფარავს.

„მაღალხარისხოვანი, თანამედროვე აპარატურა და პროფესიონალები, რომლებიც ამ მექანიზმებს მართავენ იდეალურად, პაციენტის მიმართ ექიმის დამოკიდებულება და საოცარი დაზღვევა – ესაა ის, რასაც 5 წელი ვხედავ. ძალიან შთამბეჭდავია დიაგნოზის კვლევისას, მკურნალობისას კომპლექსური მკურნალობის აქაური პრაქტიკა, რის ნაკლებობასაც სულ ვგრძნობდი საქართველოში. მყავდა ჩემს ქვეყანაშიც კარგი ექიმები, მაგრამ ერთი კარგი ექიმი ვერაფერს გახდება, როცა გუნდი არაა ჩართული რთული შემთხვევების კვლევასა და მკურნალობაში“, – ამბობს ნინო.

იხსენებს, რომ საფრანგეთში მკურნალობის დაწყებამდე ექიმებმა გამოჰკითხეს, თუ რა მედიკამენტებს იღებდა საქართველოში. ნინომ ინსულინი – აპიდა და ლანტუსი აჩვენა ექიმებს. ინსულინი მოუხსნეს. უთხრეს, რომ ეს პრეპარატი არაეფექტურია და საფრანგეთში წლების წინ ამოიღეს ხმარებიდან. ნინო ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ინსულინდამოკიდებულ პაციენტს რომელიც სულ ინსულინით მკურნალობდა, ერთ დღესაც მოუხსნიდნენ ამ საშუალებას. სანაცვლოდ სხვა მედიკამენტები დაუნიშნეს:

„პაციენტების მიმართ ექიმების დამოკიდებულებაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ყველაფრის საქმის კურსში ხარ, გაწვდიან შენს დაავადებასა და მკურნალობის პროცესთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რასაც ფლობენ, თითქოს ამ დარგის უდიპლომო სპეციალისტი ხდები. ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია.

დიდი ფუფუნებაა ისიც, რომ დაზღვევაში ყოველდღიურად მედდის ბინაზე მომსახურება შედის, ორჯერ მაკითხავს სახლში. ვერ გეტყვით რა შემთხვევაში დავბრუნდებოდით საქართველოში, ამ ეტაპზე ეს არც კი განიხილება.  რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად შენს ქვეყანაში გრძნობ თავს, მაგრამ ასე ჩემს ქვეყანაში არავინ მიმკურნალებს.

საქართველოში კარგი სამსახური მქონდა, კარგი ხელფასი, მაგრამ როცა ქვეყანაში კანონი არ არის უზენაესი და ადამიანის სიცოცხლე არ არის ფასეულობა, ყველაფერი რთულდება. მთავარი კანონის უზენაესობა და სამართლიანობის აღდგენაა, როცა ელიტური კორუფცია აღარ იბატონებს, როცა სამართლიანობა აღდგება, მხოლოდ ამის შემდეგ აღარ იგრძნობენ თავს ადამიანები გაუბედურებულებად“, – გვეუბნება ნინო კვირიკაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ფულადი დახმარება ნინოს და მის ოჯახს არ აქვს, ის და მისი მეუღლე მუშაობენ და თავად უმკლავდებიან ხარჯებს. ორივე კონტრაქტითაა დასაქმებული – ქვეყანაში მუშაობის უფლება აქვთ.

ნინომ და მისმა მეუღლემ ენა ისწავლა. ნინო მკურნალობის პარალელურად ენის სასერტიფიკატო გამოცდაც ჩააბარა ერთ-ერთი ფრანგული გამოცემის რედაქტორის ასისტენტად მუშაობს, ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში ეხმარება.

ნინოს მეუღლე სამშენებლო კომპანიაშია დასაქმებული, შვილი კი ცოტა ხნის წინ ნანსის ჟანა დარკის სახელობის ცნობილ ლიცეუმში ჩაირიცხა მაღალი ქულებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სამედიცინო ხარჯი განსაკუთრებულ ტვირთად აწვება საქართველოს მოსახლეობის 40%-ს, ყველაზე ღარიბებს. მოსახლეობის გაღატაკების მიზეზი საქართველოში, 2013 წლის შემდეგ, სწორედ სამედიცინო ხარჯებია, კერძოდ: 2018 წელს მაგალითად, ჯანდაცვის ხარჯების 48% შედგებოდა მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხისგან, რაც ევროპულ მაჩვენებელზე, 30%-ზე გაცილებით მეტია.

104 წლის ფატი გაზაფხულს ელის – „სოფელში უნდა წავიდე დათბება თუ არა“

დღეს 104 წლის ფატი პაქსაძეზე გიამბობთ, რომელიც ხულოს სოფელი პაქსაძეებიდან ჩამოვიდა ბათუმში, ახლა დროს ძირითადად ქსოვაში ატარებს და ასე ცდილობს ებრძოლოს მოწყენილობას, რომელიც, მისივე თქმით, სიბერეს ახლავს თან.

ფატის მოქსოვილ წინდებს, ჟაკეტებს თუ მაგიდის გადასაფარებლებს კონკრეტული ადრესატი არ ჰყავთ: „ვქსოვ მათთვის, ვისაც ჩასაცმელი არ აქვს. შალი ჯანმრთელობისთვისაც კარგია“, – გვეუბნება ფატი.

როგორც ქალი გვიყვება, სოფელ პაქსაძეებიდან რამდენიმე თვის წინ წამოვიდა. დიდთოვლობის გამო ბევრჯერ ვერ მოუხერხებია საავადმყოფოში წასვლა და მისი ასაკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ამისგან დაიზღვიოს თავი. გარდა ამისა, სოფელი პაქსაძეებში მეწყრული პროცესებიც გააქტიურებულა და ესეც მისი ბათუმში წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზია. ძალიან მენატრება სოფელიო – ამბობს ფატი.

„ხულოს სოფელ პაქსაძეებში ვცხოვრობდი. 4-5 თვეა, რაც წამოსული ვარ, სიცივე დაიწყო და მეწყერი განმეორდა, აღარ იცხოვრება.

მე თუ არ მოვკვდი, სოფელში უნდა წავიდე დათბება თუ არა. ჰაერი იქაა“, – გვეუბნება ფატი.

ქალს 6 შვილი, 12 შვილიშვილი, 26 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

„დიდი წვალება მაქვს გაწეული. ჩვენს სოფელში მხოლოდ მე ვარ ამ ასაკის, 104 წლის.

400 ლარი მაქვს პენსია. მომვლელს მივცე, საჭმელს მივცე? არაფერი არ რჩება“, – გვითხრა ფატიმ.

ფატის ხშირად სტუმრობენ ნათესავები, თუმცა ძირითადად მარტოა და ქვედა სართულზე მცხოვრები მეზობელი უვლის.

მისი თქმით, პერიოდულად სჭირდება ექიმის დახმარება და მედიკამენტები.

წარსულის მძიმე დღეები კარგად ახსოვს:

„წიფლის ქერქი მაქვს ჩამოფხეკილი და ნაჭამი. არ მოკვდები თურმე, არა. წიფელა იჭმევა? ხე იჭმევა?

სტალინისა და ლენინის დრო იყო. არ იყო საჭმელი. სწავლა არ იყო, მე ქართულად არც წერა ვიცი და არც კითხვა. იცით, როგორი რთულია ეს? ვერ გაიგებ სად რა წერია, ხომ არ გატყუებენ, ხომ არ გაგინებენ…

ისე გავიზარდე, ბოდიში თქვენთან, როგორც საქონელი. საერთოდ არაფერი არ გვქონია. შემხედავ, ცოცხალი ადამიანი ვარ და წერა-კითხვა არ ვიცი.

16 წლის გამათხოვეს. დედოფლობა სად იყო და რამე სად იყო, სიზმარი… ცხოვრება არ იყო ის.

წვალებით გავზარდეთ 6 შვილი. კარგი შვილები მყავს, მაგრამ დაიპანტნენ. ეროზიაში რომ მოვხვდით, მაგის გამო წავიდნენ. ზოგი ასპინძაში, ზოგი იქეთ-აქეთ. მე და ჩემი ქმარი დავრჩით მარტო სოფელში.

სანამ შეგვეძლო, ერთად ვცხოვრობდით პაქსაძეებში. მერე ქმარიც მომიკვდა და დავრჩი მარტო და ამ ასაკამდე მოვაღწიე. ახლაც კარგად ვარ, ცოტა ყურს დამაკლდა. ჩემმა მშობლებმა 60-80 წელი იცოცხლეს. 3 და მყავდა და 3 ძმა, ყველა მოკვდა, დავრჩი მე“ – გვიყვება ფატი პაქსაძე.

ქალის თქმით, როცა სოფელში ცხოვრობდა, კარტოფილს რგავდა, საქონელს უვლიდა და ზაფხულობით იალაღზეც დადიოდა და რძის პროდუქტებს ამზადებდა, რაც თავადაც განსაკუთრებით უყვარს და პერიოდულად ამარაგებს შვილიშვილი.

„ნადუღი და სხვა პროდუქტი ყველას უყვარს. ეგ ვის სძულს? მაგას რად უნდა თქმა?

„ბოჭკებით“ იაღი და ყველი ბათუმში ჩამომქონდა. ერთ „ბოჭკა“ იაღს ჩამოვიტანდი და 60 ლარი იყო, არ ჰქონდა ფასი. ახლა ცეცხლი ეკიდება.

კაიმაღს დავწვავდი, ყველს ჩავყრიდი და ნაღბი ბორას გავაკეთებდი. ნაღბი ბორას თბილი მჭადი და სქელი მაწონი უხდება. ამას რომ შეჭამ, ექიმი რად გინდა და ნემსი რად გინდა? ესაა ნემსიც და ექიმიც. ამით შევინახე ჯანმრთელობა, თქვენ რა გგონიათ აბა?!

კაი ძროხა შეინახე, რძეს თავი მოხადე, თბილი მჭადი ჭამე. ეგეც შენი ნემსი და წამალი. გრიპიც მოკვდება და ავადმყოფობაც“, – ამბობს ფატი და დასძენს, რომ ქალაქში ცხოვრებას სოფელში ცხოვრება ურჩევნია.

„ქალაქში ტომრით ფული არ გაგიჩერდება და სოფელში ვერ დახარჯავ. კარტოფილში, ყველში, კარაქში არ ხარჯავ ფულს და არაფერი.

რა არის შენი ბათუმი? თოვლი არ არის, თავს აფარებ და ეგაა. მეხუთე სართულზე რამდენი ფული უნდა გქონდეს, რომ შენ მომვლელმა საჭმელი ამოგიტანოს, გაჭამოს, ჩაიტანოს, ამოგიტანოს“.

ფატი ახერხებს ოთახიდან ოთახში გადაადგილდეს, მაგრამ ეზოში ვერ ჩადის და ვეღარც სეირნობას ახერხებს მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ ფეხი მოიტეხა.


ფოტოზე: ფატი პაქსაძის ნაქსოვი მაგიდის გადასაფარებელი

რა იწვევს ვენების ამობურცვას – ექიმის რჩევები

რა შეიძლება გახდეს სხეულზე, კანქვეშ ვენის ამობურცვის მიზეზი? – „ბათუმელებთან“ ამ თემაზე “ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ანგიოლოგი თემური მოსიავა საუბრობს და განმარტავს, ასეთ დროს როდისაა აუცილებელი მივმართოთ ექიმს. 

  • ბატონო თემურ, რა შეიძლება გახდეს ხელებსა და ტერფებზე ვენების მოულოდნელად და შესამჩნევად ამობურცვის მიზეზი?

ვენების დროებითი ამობურცვა ბევრი გარე თუ შიდა ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული ყოველდღიურობაში.

პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს ისეთი საყოფაცხოვრებო ფაქტორი, როგორიც ფიზიკური მუშაობაა. ფიზიკური გადატვირთვის დროს, ვინაიდან სისხლის მიმოქცევა გაძლიერებულია, კანქვეშა ვენები შეიძლება უფრო დიდი მოცულობის გახდეს/გაფართოვდეს და გამოიბეროს. შესაბამისად, მოსვენებულ მდგომარეობაში, ვენების ეს ამობერილობა ქრება.

ასევე ბუნებრივია და არ არის საგანგაშო, როცა ვენების გვეტყობა სიმძიმეების აწევისას და გაჭინთვისასაც.

Cleveland Clinic: ეს იმიტომ ხდება, რომ ვარჯიში ზრდის თქვენს სისხლის ნაკადს და აშენებს კუნთებს. რაც უფრო დიდი ხდება თქვენი კუნთები, თქვენი ზედაპირული ვენები უფრო შესამჩნევი ხდება კანქვეშ.

ფიზიკური ზეწოლის, მოჭერის შედეგადაც ხდება ეს, მაგალითად ვენური სისხლის აღებისას, ლახტს რომ გადაუჭერენ, ხომ იბერება ვენა. შესაბამისად, სხვაგვარი ზეწოლის დროსაც შეიძლება მოხდეს, თუკი რაიმე ცუდ პოზაში ვწევართ ან ვსხედვართ.

იგივე პრინციპით შეიძლება მაღალი წნევის დროსაც უფრო შესამჩნევი გახდეს ვენები, ამ დროსაც ძლიერდება სისხლის მიმოქცევა. თუმცა როცა მაღალი წნევაა, ადამიანი სხვა სიმპტომებსაც გრძნობს, მაგალითად თავის ტკივილს, სიმძიმეს ან სხვა; თუ ძალიან მაღალი წნევაა, გულის ტკივილიც შეიძლება განვითარდეს.

დავაზუსტებ, აქ საუბარია ხელის მტევნებსა და ფეხის ტერფებზე – სადაც კიდურების ბოლო წერტილებია, იმიტომ რომ ფიზიკური დატვირთვის, დაჭიმულობის, სიმძიმის აწევის, ან ცუდ პოზაში ყოფნის დროს, აქ უფრო გამოიხატება შეგუბება.

ასევე, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს კვებასთან დაკავშირებულ ფაქტორს. მაგალითად, ჭარბად მარილიანი საკვების მიღებას. ჭარბი მარილის მიღების შედეგია ორგანიზმში სითხის შეგუბება [მარილის ნატრიუმმა შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეკავება ორგანიზმში, შედეგად, სისხლის მოცულობა იზრდება და არტერიული წნევა მატულობს, ერთიც და მეორეც ზეწოლას ახდენს თქვენს ვენებზე].

სიმპტომურად, ქვედა კიდურებზე უფრო მისაქცევია ყურადღება, იმიტომ, რომ შესაძლოა მიგვანიშნებდეს ვენური უკმარისობის, ანუ ვარიკოზული დაავადების საწყისზე. მაგრამ ასეთი ვენა ძირითადად რჩება და აღარ გადადის, რადგან თვითონ ვენა უკვე შეცვლილია დაავადებიდან გამომდინარე და ამის შედეგად გამოიბერა.

აქვე მინდა დავაზუსტო, ფიზიკური დატვირთვის, ან ფიზიკური მოჭერა/ზეწოლის შედეგად გამობურცული ვენები მოსვენებულ მდგომარეობაში გადადის, მაგრამ თუ ისევ დაბრუნდა ან/და დარჩა ეს მდგომარეობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რომ გამოირიცხოს ვენური უკმარისობა.

Cleveland Clinic: ატარეთ (განსაკუთრებით წელის გარშემო) თავისუფალი ტანსაცმელი. ეს გვეხმარება იმით, რომ არ ზღუდავს თქვენი ვენებიდან სისხლის დაბრუნებას გულში.

  • რა რეკომენდაციები შეიძლება გაითვალისწინონ ასეთ დროს ადამიანებმა?

თუ სიმპტომურია და ამას უნდა დააკვირდეს პაციენტი, ანუ გამოწვეულია ფიზიკური დატვირთვით, მოჭერით და ა.შ., არაფერი განსაკუთრებული არ არის საჭირო. 

ზოგადად, აბაზანის მიღების შემდე გრილი წყალი რომ გადაივლოთ კიდურებზე, კარგი პროფილაქტიკაა იმისთვის, რომ ვენების ამობერვა ავირიდოთ თავიდან. აქ საუბარი არ გვაქვს ვარიკოზულ დაავადებაზე, ვარიკოზის დროს ეს ყოველთვის რეკომენდებულია; მაგრამ ასე სიმპტომურად, იშვიათად რომ ჩნდება, ელასტიკურობის შესანარჩუნებლად აბაზანის გრილი წყლით დამთავრება კარგი საშუალებაა.

კიდურების ელევაციაც [აწევა] კარგი საშუალებაა ამ დროს და ზოგადადაც, ეს ეხმარება ვენას ადვილად დაცლაში.

Cleveland Clinic: ფეხების აწევა დღეში რამდენჯერმე დაგეხმარებათ ამობურცული ვენების ჩაცხრობასა და დისკომფორტის დაამშვიდოთ ნებისმიერი დისკომფორტისგან გათავისუფლებაში. შეეცადეთ დასხდეთ ისეთ სკამზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ ფეხები აწიოთ წელს ზემოთ.

მაგრამ იმ ადამიანებთან, რომელთაც დიდ ხანს ჯდომის შემდეგ ხშირად ებერებათ ვენები და უმძიმდებათ ფეხი, ეს უკვე პათოლოგიაზე, ვენურ უკმარისობაზე მიანიშნებს. ეს ნიშნავს, რომ ვენა ვერ ტუმბავს უკან, გულისკენ სისხლს. ეს შეიძლება განსაკუთრებით ეხებოდეს მას, ვისაც მჯდომარე, ან პირიქით, მდგომარე სამსახური აქვს. რისკ-ფაქტორი მატულობს, თუ სითბოში, მაგალითად სამზარეულოში უწევს ხანგრძლივად ფეხზე დგომა დასაქმებულს; მათთან ასეთი სიმპტომები განსაკუთრებულად საყურადღებოა.

თიბისი ბანკსა და FMO-ს შორის 80 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

25 იანვარს, თიბისიმ და ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც FMO და სინდიკატში შემავალი საფინანსო ორგანიზაციები თიბისის 80 მილიონი ევროს ოდენობის სუბორდინირებულ, სინდიცირებულ სესხს გამოუყოფენ. მიღებული სესხი გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და გაზრდის ბანკის გრძელვადიან მდგრადობას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და FMO -ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერმა რუჰი კოსგუნმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰოლანდიის ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი და დანიისა და ფინეთის საელჩოების წარმომადგენლები.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და FMO-ს შორის მორიგი სინდიცირებული ტრანზაქცია გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მივიღებთ ფინანსურ რესურს 6 წამყვანი ევროპული საფინანსო ინსტიტუტისგან. მიღებული დაფინანსება გააძლიერებს თიბისი ბანკის კაპიტალის პოზიციას და ხელს შეუწყობს მის მდგრად ზრდას, განსაკუთრებული ფოკუსით ინკლუზიურ დაფინანსებაზე. FMO იყო თიბისის პირველი პარტნიორი ინსტიტუტი, რომელთანაც სინდიცირებულ სუბორდინირებულ სესხზე, 10 წლის წინ სადებიუტო გარიგება შედგა და ამ ტრანზაქციის წარმატებით დასრულება ჩვენს ინსტიტუტებს შორის კარგად ჩამოყალიბებული, ძლიერი პარტნიორობის მორიგი დასტურია. მსურს მადლობა გადავუხადო FMO-ს, რომელმაც აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა და სინდიკატის ყველა წევრ ფინანსურ ინსტიტუტს მათი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ახალ საფინანსო ინსტიტუტებთან, IFU, FinnFund და ILX-თან, თანამშრომლობის საწყისია. მოუთმენლად ველით კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებას მომავალში,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ამ შეთანხმების თანახმად, თიბისის ფინანსურ რესურს გამოუყოფს 6 ევროპული ორგანიზაცია. ესენი არიან ფინური ფონდი ინდუსტრიული თანამშრომლობისთვის (Finnfund), დანიის საინვესტიციო ფონდი განვითარებადი ქვეყნებისთვის (IFU) და განვითარებადი ბაზრების დაკრედიტებაზე ორიენტირებული ILX Fund-ი (ILX). ამას გარდა, სინდიკატის წევრები არიან თიბისი ბანკის დიდი ხნის პარტნიორები BlueOrchard Microfinance Fund-ი (BOMF), Green for Growth Fund-ი (GGF), და FMO, რომელიც ასევე ტრანზაქციის სინდიცირების აგენტია. აღნიშნული ტრანზაქცია, მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის უმსხვილესი სინდიკატია, რომელიც უზრუნველყოფილია FMO-ს მიერ ახალი Basel 3 ჩარჩოს ფარგლებში.

„თიბისი ბანკსა და FMO-ს ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორია აქვთ. თიბისი ჯგუფს აქვს შესანიშნავი რეპუტაცია მკაცრი პოლიტიკითა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ამიტომაც ძალიან ვამაყობთ ამ ახალი ინვესტიციით, რომელიც გამოყენებული იქნება თიბისი ბანკის კაპიტალის გაძლიერებისთვის და  მწვანე პორტფელის გაზრდას შეუწყობს ხელს. ასევე, მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული გარიგება თიბისისთვის ახალ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის დასაწყისია. მადლობას ვუხდით თიბისის გუნდს და ჩვენს საინვესტიციო პარტნიორებს ამ ეფექტიანი თანამშრომლობისთვის,“ – რუჰი კოსგუნი FMO -ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერი.

 

ხულოში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ხულოში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დიალიზის სერვისი ამოქმედდა;  დიალიზის სერვისი ასევე  ამოქმედდა ახალქალაქში, ყვარელსა და მარტვილში.

აქამდე ბენეფიციარები ამ მუნიციპალიტეტებიდან პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრებით დაშორებულ სხვადასხვა ქალაქში მიდიოდნენ, რაც ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

ამ დროისთვის საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისი კვლავაც არ არის ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში იგეგმება ამ სერვისის ამუშავება ჭიათურაში, სენაკში, საგარეჯოში, ტყიბულში, წალენჯიხაში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროში.

სამედიცინო დაწესებულებები დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება.

ხულოს კლინიკის ხელმძღვანელი, რუსლან აბულაძე ამბობს, რომ ამჟამად მათთან ბათუმიდან და ქობულეთიდან მოწვეული სპეციალისტები ატარებენ პროცედურებს. „ახლა დავიწყეთ, თანამშრომლების გადამზადებაც მიმდინარეობს და ორი-სამი თვის შემდეგ აქაც შევძლებთ დამოუკიდებლად, მოწვეული სპეციალისტების გარეშე ჩავატაროთ პროცედურა“, – ამბობს ის.

„ამჟამად ხულოში ორი პაციენტია პროგრამულად, მთლიანობაში კი რაიონში სულ 19 ადამიანია, ვინც იკეთებს დიალიზს, მაგრამ ბევრი საცხოვრებლად გადასულია ბათუმში, ზოგი ალბათ დაბრუნდება. როგორ იქნება, ვნახოთ; გამგეობიდანაც იფარებოდა მათი გზის ხარჯი. 19-დან ორი ადგილზე გვყავს. შუახევიდანაც არის ერთი პაციენტი დაინტერესებული“, – ამბობს რუსლან აბულაძე.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 იანვრის 21 საათიდან 27 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში – თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი
    ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით აჭარის სანაპირო რაიონებში 28-29 იანვარს მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი, მთაში კი – თოვა.

________________

ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

ბაღში ბავშვის ცემის ეფექტურად არგამოძიების გამო სახელმწიფოს 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა.

საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.

„გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა“ – წერს PHR-ი დღეს, 26 იანვარს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის  გიორგიმ აღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა – სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზრდელმა გიორგის ხელი სახისა და ყურის არეში დაარტყა.

ბავშვს სახეზე დაზიანებების კვალი დაეტყო. გიორგის გამოსაყვანად მისულმა დედამ ბავშვის სახეზე დაზიანებები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა, რაზეც გიორგიმ უპასუხა, რომ მას მასწავლებელმა სცემა.

მშობელმა პოლიციას მიმართა. გამოძიება მაშინვე დაიწყო. ბავშვმა პოლიციას უამბო რაც მოხდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ გიორგის სახეზე დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი საგნის გამოყენებით. ლალიმ გამოძიებას უთხრა რომ დილით ბაღში მისულ ბავშვს დაზიანებები არ ჰქონია და ისიც, რომ გიორგის არც ალერგია ჰქონია აქამდე.

რამდენიმე თვის განმავლობაში 3.5 წლის გიორგი ელოდებოდა პოლიციისგან პასუხს, თუმცა უშედეგოდ. მშობელმა ბავშვის ინტერესების დასაცავად ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2018 წლის აპრილში მომართა.

საქმეში ჩართვის დღიდან ორგანიზაციის ადვოკატებმა არაერთხელ მოითხოვეს გიორგის მიმართ ჩადენილი ძალადობის სათანადოდ გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება, თუმცა უშედეგოდ.

2018 წლის 8 ივნისს ადვოკატებმა გიორგის დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს აღმზრდელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

პროკურორმა ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ვერ დგინდებოდა, რომ ბავშვს დაზიანებები ძალადობის შედეგად ჰქონდა მიღებული. პროკურორის უარი გიორგის ადვოკატებმა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ.

პროკურატურამ გიორგის დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა.

აღმზრდელი, რომელზეც გიორგი მიუთითებდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაში არ მიუთითეს გიორგის მიმართ ძალადობის შესახებ. ამიტომ სასამართლომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ის კვლავ ბაღში აღადგინა იმავე პოზიციაზე.

გიორგის ადვოკატებმა მტკიცებულებები შეაგროვეს და 2018 წლის ნოემბერში გიორგის უფლებების დასაცავად გაეროს ბავშვის უფლებათა  კომიტეტს მიმართეს.

2022 წლის 7 ივნისს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია გიორგის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.

კომიტეტმა განმარტა, რომ გიორგის საჯარო ბაღში მისვლისას სახეზე რაიმე დაზიანება არ ჰქონდა. ვერ იქნა წარდგენილი რაიმე დამაჯერებელი განმარტება ბავშვის ყურებსა და სახეზე არსებული დაზიანებების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ საჯარო ბაღის მასწავლებლის მიერ ბავშვის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა.

კომიტეტმა მხედველობაში მიიღო, რომ ბავშვმა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა საჯარო ბაღის აღმზრდელის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მოპყრობა, რაც განმტკიცებული იყო სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვის ბებიის მონათხრობით, რომ მას ხშირად უნახავს იგივე აღმზრდელი როგორ სჯიდა მის შვილიშვილსაც. ასევე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. აღმზრდელის მითითება, რომ ბავშვის სახეზე დაზიანება ალერგიის შედეგი იყო, არ დასტურდებოდა სხვა მტკიცებულებით.

კომიტეტმა გაითვალისწინა, განმცხადებლის (გიორგის) მოწყვლადობა, რომ ბავშვი იყო  3,5 წლის, მასწავლებლის ავტორიტეტი და გავლენა, ასევე ბავშვზე კონტროლის შესაძლებლობა, საჯარო ბაღის როლი რაც გულისხმობს საჯარო ფუნქციის განხორციელებას – იზრუნოს და განათლება მიაწოდოს ბავშვებს.

კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ არ აიღო პასუხისმგებლობა იმის შესახებ, რომ ბავშვმა დაზიანებები საჯარო ბაღში ყოფნის პერიოდში მიიღო, ამიტომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოექცა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლის ფარგლებში.

კომიტეტმა, დაადგინა, რომ სახელმწიფომ აგრეთვე დაარღვია გამოძიების სტანდარტი.

კომიტეტის განმარტების თანახმად სახელმწიფომ არ გამოიჩინა სათანადო გულმოდგინება და ვერ უზრუნველყო ბავშვის მიმართ სხეულებრივი დასჯის საქმეზე ეფექტური გამოძიების წარმოება, რითაც დაარღვია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლი.

კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა უზრუნველყოს ეფექტური კომპენსაციის გაცემა ბავშვზე.

სახელმწიფომ ასევე უნდა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი რომ უზრუნველყოს მსგავსი დარღვევების პრევენცია, განსაკუთრებით სხეულებრივი დასჯის შემთხვევათა სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

„აღსანიშნავია, რომ ეს არის გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის პირველი გადაწყვეტილება ბავშვის სხეულებრივ დასჯასთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ, სადაც კომიტეტმა სახელმწიფოს ბავშვის უფლებების დარღვევა დაუდგინა“ – წერს PHR.

გაყალბებული „არიელისა“ და „დომესტოსის“ გაყიდვის ფაქტზე 1 პირი პასუხისგებაში მისცეს

დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების ბრენდული სასაქონლო ნიშნით გაყიდვის ფატზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ახდენდა დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების რეალიზაციას Ariel-ის, Perwoll-ის, Fairy-ის, Alo-ს, Domestos-ის და Persil-ის სასაქონლო ნიშნების მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით“.

რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა თბილისსა და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებში.

საგამოძიებოს ცნობით, ამოღებულია 78 023 ლარის ღირებულების, საერთო ჯამში 16 982 ლიტრი და 5 457 კგ სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული პროდუქცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

საჯარო სკოლების 64%-ს არანაირი ლაბორატორია არ გააჩნია – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებული საჯარო სკოლების უმრავლესობას სჭირდება მშენებლობა, რეაბილიტაცია ან რემონტი.

1561 სკოლიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლების 59 პროცენტს სჭირდება სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ან ახლის აშენება. მხოლოდ 28 პროცენტია ახლად აშენებული, გარემონტებული და რეაბილიტირებული.

9 პროცენტში დაგეგმილია რემონტი, რეაბილიტაცია ან მშენებლობა. ხოლო 4 პროცენტში მიმდინარეობს რეაბილიტაცია, რემონტი ან მშენებლობა.

რეაბილიტირებული სკოლების 51 პროცენტი მოდის თბილისზე. ძალიან დაბალი – 11-12%, სამეგრელო-ზემო სვანეთზე, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმზე.

საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები

ფოტო კვლევიდან.

ამავე კვლევის მიხედვით, საჯარო სკოლების მხოლოდ 31 პროცენტს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, 64%-ს კი არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.

ფოტო კვლევიდან

დარჩენილ ნაწილს აქვს ან ვირტუალური, ან მოძველებული ლაბორატორია, რომელსაც ვერ იყენებენ. ამ სკოლების ხვედრითი წილი მოდის სწორედ რეგიონებზე. რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის სკოლებზე.

დიდი ქალაქების – ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი – სკოლების შემთხვევაში სკოლების 50%-ს აქვს ლაბორატორია.

კვლევის მიხედვით, გამოირჩევა ბათუმი, სადაც 27 სკოლიდან 26 სკოლას აქვს ლაბორატორია.

რუსთავში კი 26 სკოლიდან მხოლოდ 8 სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.

კომპიუტერები და პრინტერი

ფოტო კვლევიდან

კვლევის მიხედვით, სკოლებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 87%-ს აქვს სკოლაში კომპიუტერები და პრინტერები.

„სკოლების 90%-ი აღნიშნავს, რომ აქვთ ინტერნეტი, თუმცა პირად კომუნიკაციებში აღნიშნავენ, რომ არსებული ინტერნეტი დაბალი ხარისხისაა და რთულად გამოიყენება სასწავლო პროცესში. ფაქტობრივად, ფორმალურად არის სკოლების ნაწილში“, – წერია კვლევაში.

ტექნიკის ხელმისაწვდომის პრობლემა იკვეთება ლანჩხუთის, ჩხოროწყუს, დმანისის, სიღნაღის, ჭიათურის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლაში.

კვლევაში გამოყენებული მონაცემები შეგროვებულია საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თუმცა, როგორც კვლევის ავტორი ორგანიზაცია აღნიშნავს, ინფორმაცია არ მიაწოდეს გორის, მარნეულის, ზესტაფონის, ბოლნისის, სამტრედიის, კასპის, ქარელის, ახალციხის, ახმეტის, ყვარლის, წალენჯიხის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებმა. ასევე, თბილისის მერიამ და მის ტერიტორიაზე განლაგებულმა ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის რესურსცენტრებმა.

საქართველოში ამჟამად 2086 საჯარო სკოლაა, აღნიშნული მონაცემები კი 1561 სკოლიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

კვლევა გამოქვეყნდა 2024 წლის იანვარში.

ბათუმში წყლის ფასი მოსახლეობასაც გაუძვირდა – ახალი ტარიფი

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, „2024 წლის 1-ლი იანვრიდან შეიცვალა წყლისა და წყალარინების ტარიფები, რომელიც ძირითადად ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო [კომერციულ] ობიექტებზე“, თუმცა, ამავე კომპანიის მონაცემებით, გამოდის, რომ წყლის ტარიფი იანვრიდან ბათუმში გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსაც გაეზარდათ.

ბათუმში მოსახლეობა აქამდე თუ 1 კუბურ მეტრ მოხმარებულ წყალში 0,50 ლარს იხდიდა, 2024 წლის იანვრიდან უკვე 0,51 ლარს გადაიხდის.

„ბათუმის წყლის“ მონაცემებით:

  • საყოფაცხოვრებო გამრიცხველიანებული მომხმარებელი 2024 წლის იანვრიდან წყალსა და წყალარინებაზე მთლიანობაში გადაიხდის 0.51802 ლარს 1 კუბურ მეტრ მოხმარებულ წყალზე. ამ დრომდე კი ეს გადასახადი ცოტათი ნაკლები იყო – 0.50976 ლარი 1 კუბურ მეტრ მოხმარებულ წყალზე.
  • არასაყოფაცხოვრებო [კომერციული] ობიექტი 2024 წლის იანვრიდან წყალსა და წყალარინებაზე მთლიანობაში გადაიხდის 5.86932 ლარს 1 კუბურ მეტრ მოხმარებულ წყალზე. ამ დრომდე კი ეს გადასახადი სულ ცოტა 10 თეთრით ნაკლები იყო – 5.76548 ლარი 1 კუბურ მეტრ მოხმარებულ წყალზე.
  • რაც შეეხება იმ მოსახლეობას [საყოფაცხოვრებო მომხმარებელს], ვინც წყლის გადასახადს სულადობით იხდის, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მათთვის გადასახადი არ გაძვირებულა და ტარიფი დარჩა იგივე – თვეში 2.6255 ლარი 1 სულზე.

„ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ წყლისა და წყალარინების ტარიფები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] დადგენილებით შეიცვალა.

სემეკმა 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით შპს „ბათუმის წყლის“ მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფები [ზედა ზღვარი] დაადგინა. ახალი დადგენილება 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და ის ძალაში 2027 წლის 1-ელ იანვრამდე დარჩება.

ამ დადგენილებით ბათუმში:

  • გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის [მოსახლეობისთვის] წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი დადგინდა – 0.439 ლარი 1 კუბურ მეტრ მოხმარებულ წყალზე
  • არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის [კომერციული ობიექტებისთვის] კი წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 4.974 ლარი 1 კუბურ მეტრ მოხმარებულ წყალზე.

ეს არის ტარიფის ზედა ზღვარი, რომელსაც მოსახლეობის/კომერციული ობიექტების მიერ, გადახდის დროს, დამატებითი ღირებულების გადასახადიც [დღგ] ემატება.

სემეკის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფი კომპანიისთვის ნიშნავს, რომ მას შეუძლია დაადგინოს ნებისმიერი ტარიფი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ზღვრულ ტარიფზე მეტი, ანუ შესაძლებელია გადასახადი იყოს ზედა ზღვარზე ნაკლებიც.

„ბათუმის წყალმა“ კი, ამ შემთხვევაში ტარიფი ზუსტად იმ ზედა ზღვრით განსაზღვრა, რომელიც სემეკმა დაადგინა.

რუსეთმა ომში სულ 380 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 380 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990]
  • ტანკი – 6 265 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 11 637 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 9 082 ერთეული [+15]
  • MLRS – 972 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 660 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7033 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 845 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 064 ერთეული [+20]
  • სპეცტექნიკა – 1 425 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 568 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 255 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 452 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 800 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 210 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 871 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 891 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს „ილ-76“-ის ჩამოვარდნაზე

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ფინალისტები ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“

თიბისის პროექტ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე ჰყავს ფინალისტები, რომლებიც ჟიურიმ 400-ზე მეტ კანდიდატს შორის შეარჩია. ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“ გამარჯვებისთვის სამი კომპანია იბრძვის, ესენი არიან „ციმ.ციმ“,  „ენთები“ და „აუკი“ . 

„ენთები“ საბუღალტრო-ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება. ენთები2015 წელს დაარსდა და მომხმარებელს შესთავაზა ბაზრისთვის უცხო, განსხვავებული და გამარტივებული სერვისი. 

როდესაც ენთები ბაზარზე გამოჩნდა, არსებული საბუღალტრო კომპანიები აქცენტს აკეთებდნენ მსხვილ ბიზნესზე. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი სერვისი. საბუღალტრო კომპანიებიმიერ შეთავაზებული ფასი, პრაქტიკულად, მცირე და საშუალო ბიზნესს წვდომას უზღუდავდა. ეს იმ დროს, როცა დიდი ბიზნესების რაოდენობა საქართველოში რამდენიმე ასეულს არ აღემატება, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესების რაოდენობა 50 ათასს აჭარბებ

ენთებმა კი სწორედ ამ სეგმენტზე მორგებული სერვისი შექმნა, თანაც მარტივი მიდგომით: ტექნოლოგიების დახმარებით, ბუღალტერიისა და თანმდევი ტრანზაქციების ავტომატიზაციის გზით და მანუალური ინტერვენციის მინიმუმამდე დაყვანით.  კომპანიამ, ერთი მხრივ, შეამცირა ხარჯებ და მცირე და საშუალო ბიზნესს მისაღებ ფასად შესთავაზ მომსახურება და მეორე მხრივ, მოახდინა ბუღალტრული მომსახურების უდიდესი ნაწილის გაციფრულება. 

ფიზიკური საბუთები პრაქტიკულად სრულად ჩავანაცვლეთ ელექტრონული ინფორმაციის მიმოცვლით. მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ბუღალტერიის ავტომატიზაცია და დისტანციური ინფორმაციის მიმოცვლა ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში ეს სრულიად რეალური და სწორედ ამ მიდგომით ვმუშაობთ ჩვენ“, – ამბობს ანი შენგელია, „ენთების“ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 

გარდა იმისა, რომ 500-ზე მეტ კომპანიას თავიდან ააცილეს ქაღალდებთან ურთიერთობა, „ენთების“ გუნდი დიდ დროს და რესურსს უთმობს კლიენტების კმაყოფილებას. მომხმარებელთა კომფორტისთვის, „ენთებმა“ WhatsApp-ის ჩატი შექმნეს, სადაც კლიენტები პასუხი სწრაფად იღებენ და პრობლემის გადაჭრაც ეფექტურად ხდება. 

„ჩვენ ვუსმენთ და ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების მოსაზრებებს, რისი გაუმჯობესება სურთ, რა მომსახურება მოსწონთ და რა არა. ამ მიზნით რეგულარულად ვიღებთ მათგან უკუკავშირს. მაგალითად, ყველა ახალ კლიენტს ყოველი თვის ბოლოს აუცილებლად გამოკითხვას ვუტარებთ, გენერალური გამოკითხვას კი 6 თვეში ერთხელ ვატარებთ. „ენთები“ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურად ვიზრდებით, ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად მომსახურების ხარისხი რჩება და არა რაოდენობა“.  

„ენთებისთვის“ თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტობა ნიშნავს აღიარებას და იმის დასტურს, რომ საქმეს კარგად აკეთებენ და სწორი გზით ვითარდებიან. 

ციმ.ციმ“-ი საბავშვო და საოჯახო ტექსტილის გალერეაა, სადაც გამორჩეული ხარისხით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ამზადებენ ეკო პროდუქციას. ციმ.ციმის“ საწარმოში საბავშვო, საოჯახო, კომერციულ და გარე გამოყენების ტექსტილის ნაწარმ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილებით და ქარხნული სტილით იკერება

„ციმ.ციმში“ ფერადი და გამორჩეულად ლამაზი ქსოვილისგან პროდუქციას უნარჩენო წარმოების პრინციპით ამზადებენ, ხოლო შესაფუთად მხოლოდ ქაღალდის ბაზისზე დამზადებულ ტარას იყენებენ. 

თუმცა „ციმ.ციმის“ სოციალური პასუხისმგებლობა აქ არ მთავრდება, საწარმოში  უფასოდ ასწავლიან ჭრა-კერვას და წარმოების თანმდევ პროცესებს იმ ქალებს, რომელთაც პროფესია არ გააჩნიათ.  

ციმ.ციმი არ არის მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული საწარმო, კომპანიისთვის მთავარი ფასეულობა ადამიანური ღირებულებები და ურთიერთობები, კმაყოფილი თანამშრომლები და ბედნიერი მომხმარებლები არიან. სამი წელია რაც ბაზარზე შემოვედით და არც ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი არ გვყოლია. მაქსიმალური სიზუსტით ვასრულებთ ყველა შეკვეთას და ყველანაირად ვერგებით მომხმარებელს. თუ რაიმე მიზეზით შეფერხება შეექმნა შეკვეთის მიწოდებას, ვცდილობთ, რომ ეს დისკომფორტი მომხმარებელს სხვანაირად დავუკომპენსიროთ. ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად ვუდგებით. იგივე მიდგომა გვაქვს თანამშრომლების მიმართაც – შევუქმნათ მათ მაქსიმალური კომფორტი და ოჯახური გარემო. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატების საფუძველს ბედნიერი თანამშრომელი და მომხმარებელი ქმნიან“, –   ამბობს ანა აბაშიძე, „ციმ.ციმის“ დამფუძნებელი. 

ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობამ კომპანიის ცნობადობა აამაღლა და მათ საქმიანობას სოლიდური იერი მისცა.  პროექტში გამარჯვების შემთხვევაში „ციმ.ციმის“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ სასურველ პრიზს აიღებს და კომპანიის ახალ ვებგვერდს დაამზადებს. 

მესამე კომპანია, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ბიზნეს მოდელიც ამაზე დაფუძნებით აქვს შერჩეული, სივრცითი მოწყობის სერვის კომპანია „აუკია“

„აუკი“ ადამიანებს სთავაზობს სრულ სპექტრს, დიზაინ კონცეფციიდან დაწყებული გასაღები ჩაბარებამდე. კომპანია უკვე 5 წელია ერთ-ერთ ყველაზე უსიამოვნო პროცესს იმგვარად გარდაქმნის, რომ მომხმარებელმა, მათ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საუკეთესო სახლში იცხოვრონ და თან ეს პერიოდი პოზიტიურ გამოცდილებად დაამახსოვრდეთ. 

მომხმარებლები წინასწარ განწყობილი არიან, რომ თავი იგრძნონ მოტყუებულად, უყურადღებოდ და საბოლოო პროდუქტით უკმაყოფილოც დარჩნენ. აუკმა ამ პარადიგმის გადასატეხად ინდუსტრიაში სრული გამჭვირვალობის შემოტანა  დაისახა მიზნად და იმ სივრცეში, სადაც ადამიანები ურთულეს კომუნიკაციის გამოცდილებას ელოდებიან, ინტეგრირება გაუკეთა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული პროექტების მენეჯმენტ ინსტრუმენტებს. ამ ინსტრუმენტების გამოყენებით კი მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ ცოცხალ რეჟიმში მიიღოს განახლებადი ინფორმაცია მიმდინარე პროგრესის შესახებ, ცვლილების საჭიროების შემთხვევაში კი ციფრულად ვთავაზობთ ალტერნატიულ ვერსიებს“, – ამბობს ანანო კახიანი, „აუკის“ თანადამფუძნებელი. 

კომპანია აპლიკაცია Trello -ს დახმარებით მუშაობს, რომელიც მსოფლიოში 50 მილიონზე მეტ რეგისტრირებულ მომხმარებელს ეხმარება პროექტების მენეჯმენტსა და სამუშაოს უკეთ ორგანიზებაში. 

Trello -ში „აუკის“ მომხმარებლებს შეუძლიათ თვალი ადევნონ მათ კუთვნილ სახლსა თუ ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, ნახონ შესრულებული სამუშაოს პროგრესი და ე.წ. რენდერები, თუ როგორი იქნება საბოლოო ჯამში მათი სივრცე. ამ ყველაფრის ნახვა მათ დისტანციურად, ონლაინ შეუძლიათ, ხოლო თუ ციფრულ სივრცეში არჩევანის გაკეთება გართულდება, ასეთ შემთხვევაში, „აუკის“ თანამშრომლებს მომხმარებელთან მასალა თუ პროდუქტის ვარიაციები ადგილზე მიაქვ.

3 საქმე მაქვს, როცა შემაკავებელი ორდერის და გირაოს დროს მოკლეს ქალი – ადვოკატი

„კაცი, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის მეოთხედ წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მოსამართლემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხომ ძალიან ნათელია და მკაფიო, რომ 1000 ლარი გირაო წაახალისებს მოძალადეს?“ – კითხულობს ელისო რუხაძე, ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ იურისტი და ექსპერტი.

ის ქალებზე ძალადობის საქმეებზე მუშაობს.

რატომ მიდიან მოძალადეები იგივე წრეზე და როგორ პასუხობს მათ სასამართლო? – ამ საკითხზე ვესაუბრეთ ადვოკატებს, რომლებიც ოჯახურ დანაშაულებზე მუშაობენ. საქმეები ნათლად აჩვენებს როგორი გულგრილია ხშირად მოსამართლე, როცა საქმე ქალზე ძალადობას ეხება და დიდი რისკია, ქალზე ისევ იძალადონ, მოკლან.

ნათელი ხდება ბოლოდროინდელი ტენდენციაც: ქალი, რომელიც თავდაპირველად 112-ში რეკავს და შველას ითხოვს, სასამართლო განხილვის ეტაპზე დუმილს არჩევს. მოსამართლეები კი, ერთმანეთის მიყოლებით წერენ, რა ვქნათ, ქალი გაჩუმდაო.

„მკვეთრად გაზრდილია ოჯახში ძალადობის შესახებ პოლიციაში მიმართვიანობა, შემდეგ ეტაპზე კი, ქალი ჩუმდება,“ – იურისტი ელისო რუხაძე თავის დაკვირვებას გვიზიარებს: რადგან საგამოძიებო ორგანო ხშირად ამ ტიპის დანაშაულზე ბევრ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებს და ძირითადი მტკიცებულება ქალის ჩვენებაა, ადვოკატებმა სტრატეგია შეიმუშავეს – სხვადასხვა გზით ქალი უნდა გაჩუმდეს.

მტკიცებულების ძალა აქვს დაზარალებული ქალის მხოლოდ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას.

„მარტივია ძალადობის მსხვერპლი ქალზე ზემოქმედება, რომელსაც ხშირად მხარს ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები არ უჭერენ. მას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, მემკვიდრეობა არ ერგო… ეს ჩამონათვალი დიდია, რაც მარტივად ხსნის, რატომ ჩუმდებიან ქალები.

მე ათობით ასეთი საქმე მაქვს, სადაც ქალებს აქვთ განცდა, რომ აი, შვილების მამას ხომ არ დააკავებენ? ისინი ხშირად იძულებული არიან ქუჩაში დარჩნენ და ნულიდან დაიწყონ ყველაფერი, ან მოძალადეს შეურიგდნენ. ამ ვითარებაში მსხვერპლ ქალებს სახელმწიფო ვერ იცავს, ვერ აძლიერებს. არსებობს კრიზისული ცენტრები, თავშესაფრები, მაგრამ ეს არაა გაძლიერება.

  • დღეს ფსიქიატრიულში ვახლდი მსხვერპლს, რომელიც უკვე მეოთხედ გახდა ყოფილი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი. მკაცრი საუბარი მქონდა საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელ პირთან, რომ მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ვერ შეაკავებდა მისგან მომდინარე საფრთხეებს და თუ ფემიციდის შემთხვევა დაფიქსირდება, პირადად მას დავაკისრე პასუხისმგებლობა. ამ საქმეზე მუქარის ნაწილი გამოიყო, გადაეცა სასამართლოს და 1000 ლარი გირაო შეუფარდა მოსამართლემ ბრალდებულს, ოჯახში ძალადობის ნაწილში კი, გამოძიება გრძელდება,“ – გვითხრა ელისო რუხაძემ.

როგორ უნდა იქცეოდეს მსგავს შემთხვევებზე მოსამართლე, როცა, მაგალითად, ის აღკვეთ ღონისძიებას უფარდებს კაცს და მას უკვე მეოთხედ ედავებიან ქალზე ძალადობას, ან მუქარას?

„ეს აჩვენებს მოსამართლეების შინაგანი რწმენის და მგრძნობელობის პრობლემას. მოსამართლემ, პირველ რიგში, რაზეც უნდა იფიქროს, ეს მსხვერპლის უსაფრთხოებაა, მან რისკები უნდა დაინახოს და გათვალოს. 3 საქმე მაქვს, როცა მიმდინარე შემაკავებელი ორდერის და გირაოს ქვეშ მოხდა ფემიციდი.

ჩვენ გვჭირდება გაბედული მოსამართლეები,“ – მიიჩნევს უფლებადამცველი და ორ ისტორიას ადარებს ერთმანეთს იმის საილუსტრაციოდ, როგორი შეიძლება იყოს მოსამართლის მიდგომა ქალზე ძალადობის საქმეებში, როცა ქალი ჩუმდება.

უზენაესი სასამართლოს განჩინებები აჩვენებს, რომ გამამართლებელი განაჩენები ხშირად რეციდივის შემთხვევებზეც გამოდის, ანუ როცა კაცი ოჯახში ძალადობისთვის ერთხელ გასამართლდა, შემდეგ კი, პროკურატურის ვერსიით, ის ხელახლა ძალადობს, მათ შორის, პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის დროს.

„ცხადია, მოსამართლეს თუ მტკიცებულებები არ ექნება და დაზარალებული არ აძლევს ჩვენებას, ძალიან უჭირს გამამტყუნებელი განაჩენის მიღება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ქალის გაჩუმების მიუხედავად, არსებობს საქმეში სხვა მტკიცებულებები, მაგალითად, ფსიქიკური ტანჯვის დამდგენი დოკუმენტი, სამხრე კამერების ჩანაწერები, კონტექსტში ერთიანად იქმნება სურათი, რომ ძალადობასთან გვაქვს საქმე.

ჩვენ გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ქალი მოძალადეს გამოკეტილი ჰყავდა და მან მოახერხა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან დაკავშირება, გამოვიძახეთ პატრული, მოწმედ დაიკითხა ორგანიზაციის ხელმძღვანელიც და მან მოსამართლეს მსხვერპლთან სატელეფონო მიმოწერა აჩვენა.

ამ საქმეზეც მსხვერპლმა დუმილი არჩია, თუმცა როცა მოსამართლემ მსხვერპლს ჰკითხა, სურდა თუ არა ჩვენების მიცემა, ქალს ისტერიული ტირილი აუტყდა.

მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო, ის ძირითადად იმ სატელეფონო მიმოწერას დაეყრდნო, რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელს ჰქონდა. მიმოწერა, მართალია, მსხვერპლს არ დაუდასტურებია, მაგრამ საქმეში არსებობდა სხვა მტკიცებულებებიც, მაგალითად, პოლიციელების ჩვენებები, არასრულწლოვანი შვილის ჩვენება…

ბათუმიდანაც გვახსოვს ასეთი შემთხვევა, როცა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მსხვერპლმა არ მისცა ჩვენება, მაგრამ გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო სხვა მტკიცებულებებს,“ – ამბობს ელისო რუხაძე.

ადვოკატი, რომელიც ყველაზე ხშირად ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობს, მიიჩნევს, რომ გამოსავალი არაა სასჯელის გამკაცრება. თუმცა მნიშვნელოვანია, მოსამართლემ განსაზღვროს, მაგალითად, პირობითი მსჯავრის პირობებში, ან როცა მსჯავრდებულს მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას უფარდებენ, რამდენად დაცული რჩება მსხვერპლი?

„სახელმწიფო არ აკეთებს არანაირ ანალიზს, როგორ წარმართოს მოძალადე პირების ბედი. კანონის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოძალადის ქცევის კორექცია, შესაბამისი კურსები უნდა არსებობდეს, მაგრამ ამ ვალდებულებას სახელმწიფო დღემდე არ ასრულებს.

მოძალადე კაცები მეორედ, ან მესამედ მისცეს პასუხისგებაში და ბევრჯერ მომისმენია, როცა მოსამართლეს ეკითხებიან: რისთვის გვსჯით? ანუ ძალადობისთვის დასჯილი კაცი ისე გამოდის ციხიდან, არც აქვს გააზრებული, რისთვის დასაჯეს,“ – გვითხრა ელისო რუხაძემ, ორგანიზაციის „უფლებები საქართველო“ იურისტი.

  • „ციხიდან გამოვიდა და მეორე დღიდან ისევ მსხვერპლს ურეკავს“ – ადვოკატი სალომე სალდაძე   

„მოძალადემ იანვარში დატოვა საპატიმრო დაწესებულება და მეორე დღეს განაახლა არასასურველი კომუნიკაცია ყოფილ მეუღლესთან,“ – გვიყვება „საფარის“ იურისტი სალომე სალდაძე. ის იმერეთის და სამეგრელოს რეგიონში მუშაობს ქალთა ძალადობის საქმეებზე.

ამ ადვოკატის დაკვირვებითაც, ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა დაზარალებული ქალების დუმილი, რაც მათზე წნეხის გაძლიერებას აჩვენებს.

„ეს უკვე განქორწინებული წყვილია. ურეკავს და ეკითხება, სად არის და რას აკეთებს. ეუბნება, რომ მასთან შეხვედრა სურს, არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებულ ამბებსაც კითხულობს და ამის უფლება, ცხადია, აქვს. მაგრამ ითხოვს შერიგებას. ეს კაცი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის დროს მსხვერპლის შესახებ მიღებულ ინფორმაციას ამოწმებს მას შემდეგ, რაც გამოვიდა, მაგალითად, გავიგე, რომ ამ ადამიანს წერდი, ასეა?

გუშინ მოვითხოვეთ შემაკავებელი ორდერის გამოცემა და ველოდები,“ – გვიყვება სალომე სალდაძე. ადვოკატი კიდევ ერთ ისტორიაზე გვიყვება: პატიმრობაში მყოფი კაცი ციხიდანაც ძალადობს ყოფილ ცოლზე.

„ეს კაცი სისტემატურად ძალადობდა ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ყოფილ მეუღლესა და შვილებზე. მას საპატიმრო სასჯელი დაეკისრა და იხდის სასჯელს, თუმცა პატიმრობის ყოფნის დროს, ინტენსიურად ახდენს ფსიქოლოგიურ ძალადობას ყოფილ მეუღლესა და შვილებზე. მას აქვს გამოყოფილი წუთები სატელეფონო საუბრისთვის. ამ წუთებს იყენებს ძირითადად ყოფილ ცოლთან კომუნიკაციისთვის.

ჩვენ მოთხოვნით ჯამში 4 შემაკავებელი ორდერი გამოიცა ამ კაცის მიმართ. ორდერით მოვითხოვეთ სატელეფონო კომუნიკაციის აკრძალვა.

ბათუმში გვქონდა ასევე შემთხვევა, როცა საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ქალს დაუკავშირდა და უთხრა, როცა გამოვალ, მოგკლავო. ჩვენ ეს სატელეფონო ჩანაწერი ამოვიღეთ, პროკურატურამ საკმარისად მიიჩნია, ბრალი წარედგინათ დამატებით მუქარისთვის. საბოლოოდ, მსჯავრდებულს დაემატა მუქარის მუხლი,“ – გვიყვება ადვოკატი სალომე სალდაძე.


სალომე სალდაძე

ადვოკატის დაკვირვებით, ყველაზე დიდი პრობლემა პრევენციაა, რაზეც სახელმწიფო არ მუშაობს:

„სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი პრევენციის მექანიზმი არ გვაქვს, მაგალითად, გირაოში მყოფმა პირმა არ ჩაიდინოს რაიმე ახალი დანაშაული. ჩვენ მხოლოდ მომხდარ ფაქტზე რეაგირების მექანიზმი გვაქვს. რისკები უნდა შეფასდეს სხვადასხვა სპეციალისტთან ერთად, როცა დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხე არსებობს.

მნიშვნელოვანია მოძალადის სარეაბილიტაციო პროგრამები. რაც გვაქვს პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულებისთვის, ძალიან ზედაპირულია. მოძალადეებიც ამას უყურებენ, როგორც მოვალეობის მოხდას.

ცალკეულ შემთხვევებში გვაქვს დადებითი ტენდენციაც: თუ აქამდე ქალთა ძალადობის საქმეებზე მუდმივად ვითხოვდი ქალ გამომძიებელს, ახლა ინტიმური ფოტოების გავრცელების საქმე მაქვს, კაცმა გამომძიებელმა მგრძნობელობაც გამოიჩინა და პროფესიონალიზმიც,“ – შენიშნა „საფარის“ იურისტმა, სალომე სალდაძემ „ბათუმელებთან“.

ამ თემაზე:

„არასრულწლოვან ცოლს თავი არტყმევინა ჭიშკარზე“ – როცა გასამართლებული კაცი ხელახლა ძალადობს ოჯახში 

____

მთავარი ფოტო: ელისო რუხაძე

ხელისუფლებას არაფერს ვთხოვ – 2 შვილის დედა, რომელსაც არც სახლი აქვს და არც სამუშაო

27 წლის ვიკა ბათუმში, სახელდახელოდ აშენებულ სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

ვიკას სახლი, თუკი ამას შეიძლება სახლი ეწოდოს, 11 წლის წინ სახელდახელოდ აუშენებიათ. „სახლი“ ერთი დაბალჭერიანი ოთხისგან და მცირე ზომის შესასვლელისგან შედგება, რომელიც სამზარეულოს ფუნქციასაც ითავსებს.

ახალ წელზე არაფერი მქონია, მხოლოდ სალათა გავაკეთე ბავშვებისთვისო – გვითხრა ახალგაზრდა ქალმა. ამის მიუხედავად, ამბობს, რომ მთავრობას არც არაფერს სთხოვს, მხოლოდ ის მინდა ბავშვები მყავდეს კარგადო.

<img “” src=”https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/01/cago-1.jpg” alt=”” />
სველი წერტილი ეზოში, ბეტონით ნაშენი საპირფარეშო მოპირკეთების გარეშე, აბაზანა არ აქვთ.

ძირითადი საცხოვრებელი ოთახი პატარა და დაბალჭერიანია. ჭერი ძველი, უკვე კარგად შეყვითლებული „პლასტმასის ფურცლებით“ შეუფუთიათ. სახლის წინ სამშენებლო მოედანია. ვიკას სახლის ზღურბლიდან სამშენებლო ღობემდე სამი ნაბიჯია.


ვიკას საძინებელი/მისაღები ოთახი

დაბალჭერიანი ოთახის ოთხივე მხარეს საწოლებია განთავსებული. აქ სძინავს ოჯახის ოთხივე წევრს. ერთადერთი გასართობი საშუალება მათთვის ტელევიზორია.

ძალიან ცივა, თუმცა სახლში გათბობა არ აქვთ, შესასვლელ პატარა ოთახში შეშის ღუმელი დაუდგამთ. ვიკას თქმით, თუ გაუმართლათ და შეშა მოაგროვეს, დაანთებენ, თუ არა საწოლში ეცდებიან გათბობას.

საჭმელი სასადილოდან მოაქვთ, აქვთ თხევადი გაზის ბალონი, რომელსაც პერიოდულად ავსებენ „თუ საშუალება ექნებათ“.

ვიკა ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. ახალგაზრდა ქალის თქმით, მეზობლებთან კარგი ურთიერთობა აქვს, მათ მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობს, თუმცა როგორც გვიყვება, მეზობლებს თავადაც უჭირთ.

„ძალიან კარგები არიან, მათგან არასოდეს მიგრძნია რაიმე ცუდი ან სხვაგვარი დამოკიდებულება.“

ვიკა გვიყვება, რომ თავად სკოლაში არასოდეს უსწავლია, თუმცა მისი შვილები ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობენ.

ვიკას ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების სახელმწიფო დახმარების პროგრამაშია და ფინანსურ დახმარებას იღებს – ეს თანხა 500-მდე ლარია. გარდა ამისა, სარგებლობს უფასო სასადილოს პროგრამით, საჭმელი მოაქვს, თუმცა ეს არაფერში ჰყოფნით და ძალიან უჭირთ.

განსაკუთრებით უჭირთ ზამთარში, როცა ცივა:

„შეშის შეძენის საშუალება არ გვაქვს.“


ვიკა: ახალ წელზე არაფერი მქონია, მხოლოდ სალათა გავაკეთე ბავშვებისთვის, მე არაფერი მინდა, არც მთავრობას ვთხოვ არაფერს, მხოლოდ ის მინდა ბავშვები მყავდეს კარგად.

ვიკას ოჯახის გასაჭირს ბოლო დროს ახალი პრობლემა დაემატა. უმცროს შვილს, ნიკას, ქუჩაზე გადასვლის დროს მანქანა დაეჯახა:

„ბავშვმა ტრავმა მიიღო, ფეხის ძვალი ორ ადგილზე არის გატეხილი. ექიმებმა ამიხსნეს, რომ რკინის ჩასმა მოუწიათ“. ვიკა გვიყვება, რომ ძალიან ნერვიულობს და ახლა მისი ერთადერთი ოცნებაა, ბავშვი გამოჯანმრთელდეს, ფეხზე დგომა და სიარული შეძლოს.

სამი თვეა, რაც ბავშვი სკოლაში ვერ დადის, მთელი დღეების გატარება მას ნესტიან სახლში უწევს გათბობის გარეშე.

ვიკა ამბობს, რომ მძღოლი დაეხმარა ოჯახს ერთჯერადად და ხარჯების დასაფარად 3000 ლარი მისცა:

„ბავშვს სისხლის გადასხმაც დასჭირდა და ამაშიც თვითონ დაგვეხმარა. სამჯერ იყო საავადმყოფოში მოსული, როცა წამოვედით, შეგვპირდა სახლშიც მოვალო, მაგრამ აღარ მოსულა. 2 კვირა საავადმყოფოში იწვა ბავშვი, თანხის ნაწილი იქ დავხარჯე, ნაწილით საწოლი, ლეიბი და „ადიალი“ ვუყიდე, რომ სახლში დამეწვინა, არ მქონდა ეს ყველაფერი. თანხა დაგვეხარჯა. მკურნალობა დასრულებული არ არის. ექიმმა გვითხრა, კიდევ თვე-ნახევარი უნდა დავიცადოთ, რომ რკინები მოვხსნათო“.

ვიკას კიდევ ერთი ოცნება ბავშვებისთვის ბინის შეძენაა. მის სახლთან ინვესტორი ბინას, დიდ კორპუსს, აშენებს. ვიკას საცხოვრებელი ადგილი რომ დასჭირდეს, იმედი არ აქვს, რომ თავად რაიმე დახმარებას მიიღებს, რადგან „სახლი“, სადაც ის ცხოვრობს, სახელმწიფო ტერიტორიაზეა.


სამშენებლო ღობე ვიკას სახლის შესასვლელთან

ვიკა ნიკოლაენკო და მისი მეუღლეც ბოშათა თემის წევრები არიან. ორივე მათგანი ბათუმში დაიბადა და გაიზარდა.

___

ვიკას და მისი შვილების დახმარების მსურველებს

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომერზე

GE64BG0000000537590245

10 მილიარდერი ქალი „ფორბსის“ სიიდან

ცნობილი გამოცემა „ფორბსის“ თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 400-ზე მეტი მილიარდერი ქალია. არც ერთი მათგანი არ შედის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების პირველ ათეულში, თუმცა პირველ ოცეულში 3 მილიარდერი ქალია.

„ფორბსის“ მილიარდერი ქალების 2023 წლის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი და მისი ოჯახი – საფრანგეთის მოქალაქე, პირველი ქალი მსოფლიოში, რომლის ქონება 100 მილიარდ დოლარს აღწევს, ცნობილი პარფიუმერული კომპანიის, L’Oreal-ის დამფუძნებლის მემკვიდრე. ფლობს L’Oreal-ის 34,7 პროცენტს, 2018 წელს, მას შემდეგ, რაც მოვიდა ფრანგული L’Oreal-ის სათავეში, მისი ქონება 42 მილიარდიდან 94.7 მლრდ-მდე გაიზარდა.
  2. ჯულია კოხი და მისი ოჯახი – აშშ-ის მოქალაქე, Koch Industries-ის 42%-იანი წილის მფლობელი შვილებთან ერთად. „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, ფლობს 59 მლრდ დოლარს. Koch Industries აშშ-ში სიდიდით მეორე კორპორაცია. მისი შვილობილი კომპანიები მონაწილეობენ ნავთობის, ქიმიკატების, ენერგიის, ბოჭკოების, მინერალების და ა.შ. ინვესტიციების წარმოებაში, გადამუშავებასა და დისტრიბუციაში.
  3. ელის უოლტონი – აშშ-ის მოქალაქე. Walmart-ის ქსელის თანამფლობელი. მისი ქონება 56.7 მლრდ დოლარს შეადგენს. იგი Walmart-ის ქსელის დამფუძნებლის ერთადერთი ქალიშვილია, ძმებისგან განსხვავებით არ არის ჩართული კომპანიის საქმიანობაში, დაკავებულია ხელოვნებით, გახსნა ამერიკული ხელოვნების მუზეუმი მშობლიურ ქალაქ ბენტონვილში, არკანზასის შტატში.
  4. ჟაკლინ მარსი – აშშ-ის მოქალაქე, საკონდიტრო კომპანია „მარსის“ მესამედის მფლობელი, „მარსის“ დამაარსებლის შვილიშვილი. მისი ქონება ბოლო მონაცემებით 38.3 მლრდ დოლარს შეადგენს.
  5. მირიამ ადელსონი და მისი ოჯახი– აშშ-ის მოქალაქე, კაზინო და კომპანია Las Vegas Sands-ის ყოფილი თავმჯდომარის, შელდონ ადელსონის ქვრივი. მისი ქონება 33.1 მლრდ დოლარს შეადგენს. ის და მისი ოჯახი ფლობენ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აზარტული თამაშების იმპერიის ნახევარზე მეტს.
  6. რაფაელა აპონტე-დიამანტი – შვეიცარიის მოქალაქე. ის და მისი მეუღლე ჯანლუიჯი ფლობენ 50%-50-პროცენტიან წილებს MSC-ში, მსოფლიოში უდიდეს საზღვაო გადაზიდვების ხაზში. რაფაელა აპონტე-დიამანტის ქონება ამჟამად 30.8 მლრდ დოლარს შეადგენს. „ფორბსის“ ცნობით, რაფაელამ ქმარი, ჯანლუიჯი, გაიცნო იტალიის კუნძულ კაპრიზე მოგზაურობისას 1960-იან წლებში, როდესაც ჯანლუიჯი გემის კაპიტანი იყო. ისინი ერთად შევიდნენ საზღვაო ინდუსტრიაში 1970 წელს, როდესაც იყიდეს გემი სესხით – 200,000 აშშ დოლარით.
  7. სიუზან კლატენი – გერმანიის მოქალაქე. ფლობს ავტომწარმოებელი BMW-ს დაახლოებით 19%-ს. მისი ქონება ბოლო ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მლრდ დოლარით გაიზარდა და ამჟამად 23 მლრდ-ს შეადგენს. მისი ძმა, სტეფან კვანდტი, ფლობს BMW-ს თითქმის 24 პროცენტს.
  8. ჯინა რაინჰარტი – ავსტრალიის ყველაზე მდიდარი მოქალაქე, რომლის ქონებაც 27 მლრდ დოლარს შეადგენს. არის სამთო მაგნატი და ავსტრალიის სიდიდით მეორე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მწარმოებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჯინა რაინჰარტი არის რკინის მადნის მკვლევრის შვილი, მან გარდაცვლილი მამის ფინანსურ პრობლემებში მყოფი კომპანია აღადგინა და 1992 წელს გახდა მისი აღმასრულებელი თავმჯდომარე.
  9. მაკკენზი სკოტი – აშშ-ის მოქალაქე. ქველმოქმედი, Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი. „ფორბსის“ 2023 წლის მონაცემებით, მისი ქონება 24.4 მლრდ დოლარს შეადგენდა, თუმცა ამავე გამოცემის ბოლო მონაცემების თანახმად, 2024 წლის 25 იანვარს მაკკენზი სკოტის ქონება უკვე 42 მილიარდს შეადგენს.
  10. ირის ფონტბონა და მისი ოჯახი – ჩილეს მოქალაქე. ანდრონიკო ლუქსიჩის ქვრივი, რომლის ქმარმაც სიმდიდრე მოიპოვა სამთო საქმიანობასა და სასმელებში. ფონტბონა და მისი შვილები აკონტროლებენ Antofagasta Plc-ს, რომელიც ფლობს სპილენძის მაღაროებს ჩილეში და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

____________________

ფოტოზე: ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი, ჯულია კოხი და ელის უოლტონი

„ღმერთით დასრულდება“ – ბათუმის ციხის წამების საქმის განხილვა 10 წლის თავზეც გადაიდო

„ღმერთით დასრულდება“, –  საქმის დასრულებაში ეჭვი ეპარება ყოფილ პატიმარს, ვახტანგ სიორიძეს. ის უკვე მე-10 წელი ელის განაჩენს „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეზე“.

ვახტანგ სიორიძემ წლების წინ ჩვენება მისცა სასამართლოს, თუმცა მან ისევ უნდა მისცეს ჩვენება სასამართლოს. უცნობია, როდის, რადგან ყოფილი პატიმარი პროკურორის ზარს ელის. საქმის განხილვის დასრულების სანაცვლოდ, განხილვა სასამართლოში ხელახლა დაიწყო.

ამ საქმის განხილვა გაჭიანურებულია იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ზუსტად ციხეებში არსებული სისასტიკის გამოძიების დაპირებით მოვიდა.

დღეს, 25 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის“ განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო, ამჯერად ადვოკატის, იოსებ ჯალაღონიას გამოუცხადებლობის მიზეზით.

„მან 24 იანვარს მოგვმართა განცხადებით, რომ ზუგდიდში ნაფიცი მსაჯულების სასამართლო სხდომაში მონაწილეობს და ითხოვა გადადება,“ – თქვა მოსამართლე კოტე ჭილაიამ სასამართლო დარბაზში, სადაც დღევანდელ პროცესზე მხოლოდ პროკურორი პაატა ცეცხლაძე და ზაზა ჯიქიას ადვოკატი – პაატა ბოლქვაძე გამოცხადდნენ.

საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო, ამჯერად მარტამდე.

ბრალდებულები ბათუმის ციხის ყოფილი ხელმძღვანელი პირები: გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია არიან. ისინი გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები. პროკურატურა ბრალდებულებს პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ედავება.

ამ საქმის განმხილველი მოსამართლე დავით მამისეიშვილი სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა, საქმის განხილვა ხელახლა 2023 წელს დაიწყო.

დასვა თუ არა პროკურატურამ მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რადგან საქმეზე სათადარიგო მოსამართლე დანიშნული არ იყო და საქმის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში ვერ დასრულდა? – ვკითხეთ პროკურორ პაატა ცეცხლაძეს მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სხდომის დარბაზი დატოვა.

„სხვა პროკურორი იყო მაშინ და არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია,“ – გვიპასუხა პაატა ცეცხლაძემ. მან გვითხრა, რომ ყველა მოწმე თანახმაა, ხელახლა მისცეს ჩვენება სასამართლოს.

პროკურორმა დაგვიდასტურა, რომ რამდენიმე მოწმე, ვინც ციხის ყოფილი უფროსების წინააღმდეგ ჩვენება მისცა, უკვე გარდაიცვალა.


„ციხის ყოფილი უფროსების“ საქმეზე მოსამართლეს უკვე ცარიელი დარბაზი ხვდება – პროცესები იშვიათად ტარდება.

„მე ერთ ყოფილ პატიმარს ვიცნობდი, ვინც გარდაიცვალა, ისიც ჩემსავით ოზურგეთში ცხოვრობდა – ვაჟა უსუფოვი 60 წლისაც არ იყო. მანაც მისცა ჩვენება სასამართლოს, ჩვენ ერთად ვიყავით ციხეში, რაღა მახსოვს რომელი წელი იყო, სხვა პროკურორი და მოსამართლე იყო მაშინ. ელოდა განაჩენის დადგომას და ციხის უფროსების დასჯას, მაგრამ სადაა,“ – გვითხრა ვახტანგ სიორიძემ. მან გვითხრა, რომ ყველა პროცესზე დასწრების სურვილი აქვს ისევ, მაგრამ წინა სხდომაზე პროკურორმა გააფრთხილა.

„აღარ მახსოვს, რომელიმე თვე იყო, მაგრამ წინა წელს რომ იყო, მივედი პროცესზე და პროკურორმა გამომიშვა, მოწმედ ხარ დასაკითხი და უნდა დაგვტოვოო.

არ ვიცი, რატომ ვერ დასრულდა ამ დრომდე. მითხრეს, მოსამართლე შეიცვალა და ამიტომო. მინდა ყოფილმა პატიმრებმა ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება…

მე ოზურგეთში დასუფთავებაზე ვმუშაობ, ნაგვის შემგროვებელ, დიდ მანქანაზე უკანა მხარეს ვდგავარ მთელი დღე.

დაზიანებები მქონდა ციხეში ზურგზე, მუცელზე, ფეხებზე, ზაზა ჯიქიამ მცემა ხელით, „დუბინკაც“ ჰქონდა… 3 ლიტრი წყალი ამომიღეს ფილტვებიდან. მე 2011 წლის 26 მაისს დამაკავეს ბათუმის ცნობილი აქციების დროს,“ – გვითხრა ვახტანგ სიორიძემ.

ამ საქმეზე:

ბათუმის ციხის წამების საქმე, რომელიც 9 წლის წინ დაიწყეს და ჯერ კიდევ არ დაასრულეს 

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პასუხი მძღოლებს – „ნებართვის გაცემა უხარვეზოდ მიმდინარეობს“

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მძღოლების ბრალდებებს პასუხობს. საქმე ეხება მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვებს, რომლის მიღებასაც მძღოლები და გადამზიდავები ვერ ახერხებენ.

ნებართვების გაცემა  17 იანვარს დაიწყო. მძღოლები, რომლებიც „ბათუმელებს“ ესაუბრნენ, ამბობენ, რომ ასობით ზარის განხორციელების მიუხედავად, ვერ მოახერხეს სააგენტოსთან დაკავშირება და ნებართვის მისაღებად საჭირო წინასწარი რეგისტრაციის გავლა.

„ბათუმელებმა“ სტატია ამ თემაზე 24 იანვარს მოამზადა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მძღოლებმა ფეისბუქზე, კომენტარებში დაპოსტეს მათ მიერ სააგენტოში განხორციელებული ზარების ამსახველი სქრინები.

სტატიის მომზადებისას კითხვებით მივმართეთ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს.

სააგენტომ პასუხები დღეს, 25 იანვარს მოგვაწოდა. გთავაზობთ კითხვებს, რომლითაც გამოცემამ სააგენტოს მიმართა და პასუხებს, რომელიც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ წერილობით მოგვაწოდა.

„ბათუმელებმა“ სააგენტოს ჰკითხა, თუ რატომ არ პასუხობენ მძღოლებს სააგენტოს მიერ ნებართვების მისაღებად გამოქვეყნებულ ნომერზე [032 236 55 01], რა სახის ხარვეზია სააგენტოში, რის გამოც ფერხდება ნებართვის მისაღებად რეგისტრაცია და ხომ არ აქვთ ინფორმაცია სააგენტოში არსებული შესაძლო კორუფციის ფაქტებზე (მძღოლები და გადამზიდავები ამბობენ, რომ ნებართვებს შავ ბაზარზე ყიდულობენ).

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პასუხს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:

„საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მე-3 ქვეყანაში მე-3 ქვეყნიდან ნებართვების მისაღებად, წინასწარი რეგისტრაციის პროცესი 17 იანვარს დაიწყო და გაგრძელდა შესაბამისი ნებართვების რაოდენობის ამოწურვამდე. სანებართვო დოკუმენტები სრულად დარეზერვდა კომპანიების თუ ინდივიდუალური მეწარმეების მიერ. ამ პერიოდის განმავლობაში, სააგენტოს საინფორმაციო ცენტრმა დაარეგისტრირა 600-მდე კომპანია და 300-მდე ინდივიდუალური მეწარმე.

ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემის პროცესი სრულიად უხარვეზოდ მიმდინარეობს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნებართვების რაოდენობა სააგენტოს მესამე ქვეყნებიდან მიეწოდება შეზღუდული რაოდენობით, ხოლო მოთხოვნა გაცილებით დიდია.

რაც შეეხება კითხვას მძღოლების მიერ მესამე პირისგან ნებართვების ყიდვასთან დაკავშირებით, განმარტავთ, რომ სააგენტოში,  ოფიციალურად, ასეთ ფაქტთან დაკავშირებით არცერთი საჩივარი არ შემოსულა.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ფუნქციონირებს მონიტორინგის დეპარტამენტი, რომლის უშუალო მოვალეობაა მსგავსი ფაქტების აღმოფხვრა. შესაბამისად, თუ არსებობს დადასტურებული ფაქტი და ამის შესახებ ოფიციალურად გახდება ცნობილი სააგენტოსთვის, მონიტორინგის დეპარტამენტი ჩაატარებს მოკვლევას და მოახდენს რეაგირებას შესაბამისი რეგლამენტის საფუძველზე.

რაც შეეხება ე.წ. მესამე პირების მიერ წინასწარი რეგისტრაციის გავლას ათობით მანქანისთვის, გაცნობებთ, რომ როგორც წინასწარ დაანონსებულ ინფორმაციაში იყო მითითებული (სააგენტოს ფეისბუქისა და  ვებგვერდებზე), ერთ კომპანიაზე დარეზერვდა 2 ნებართვა, ხოლო ინდმეწარმეზე 1 ნებართვა.

ნებართვის აღება გადამზიდველებს შეეძლებათ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მომსახურების ოფისებში, თუ მათ გავლილი აქვთ წინასწარი რეგისტრაცია, ხოლო თანხას იხდიან სასურველი ნებართვის ღირებულების შესაბამისად.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნებართვების წინასწარი რეგისტრაციის პროცესი სააგენტომ დაიწყო მომხმარებლების სურვილის შესაბამისად, რომლის მიზანია მომხმარებლის სააგენტოში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა, რათა მანამდე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, აღარ მოხდეს სააგენტოს ოფისებთან რიგების ფორმირება.

სამწუხაროდ, გასული წლების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მანამდე არსებული პრაქტიკა უპირველესად, თავად ნებართვის მაძიებლებს უქმნიდა დისკომფორტს, რადგან მათ უწევდათ ცოცხალ რიგში ლოდინი და ხშირად ძალიან დიდი დროის დაკარგვა უშედეგოდ.

აქვე გაცნობებთ, რომ სააგენტოს საინფორმაციო ცენტრში სისტემური ხარვეზი არ დაფიქსირებულა, ხაზების გადატვირთვა გამოიწვია ძალიან მაღალმა მომართვიანობამ“.

ამავე თემაზე:

შავ ბაზარზე 300-1000 დოლარის გადახდა გვიწევს – მძღოლები სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 379 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950]
  • ტანკი – 6 257 ერთეული [+30]
  • ჯავშანტექნიკა – 11 621 ერთეული [+42]
  • საარტილერიო სისტემა – 9 067 ერთეული [+59]
  • MLRS – 972 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 660 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7033 ერთეული [+35]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 844 ერთეული [+22]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 044 ერთეული [+39]
  • სპეცტექნიკა – 1 420 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 568 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 231 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 452 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 794 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 209 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 861 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 878 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ბათუმში მეეზოვე ქალი დაიღუპა ავტომანქანის შეჯახების შედეგად

დღეს, 25 იანვარს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მეეზოვეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავტომანქანა დაეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებული 43 წლის ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სოფელ გელაძეებსა და პაქსაძეებში გზა გაიპო – მეწყერი ხულოში

ხულოს რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა. მეწყერმა დააზიანა სოფელ გელაძეებისა და პაქსაძეების დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. სოფელ პაქსაძეებში საფრთხე შეექმნა 7 ოჯახს.

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ხულოს საკრებულოში, ირაკლი ბოლქვაძე იმყოფებოდა სოფელ გელაძეებში, რომელიც ამბობს, რომ მეწყერი გელაძეების გარდა მის მომიჯნავე სოფელ კორტოხშიც არის განვითარებული.


მიწის ჩამოშლილი მასა გელაძეებში.

„სავალალო მდგომარეობაა ამ სოფლებში. მოსახლეობა შეშფოთებულია, რადგან მიწის დიდი მასა წამოვიდა პაქსაძეების მხარეს. მოსახლეობა დაზიანებულ გზაზე გადაადგილდება ისევ, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვთ“, – ამბობს ბოლქვაძე.

„ბათუმელები“ ამ სოფლებში მერის წარმომადგენელს, გურამ კახაძესაც ესაუბრა. მისი თქმით, 7 ოჯახი სოფელ პაქსაძეებიდან უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, სოფელ გელაძეებში კი ამ ეტაპზე მოსახლეობის გაყვანის საჭიროება არ დგას.


მეწყერი ხულოში

ვესაუბრეთ ხულოს მერიასაც. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტად დაზიანებულია სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზა.

„თავის დროზე გეოლოგებმა მოგვცეს დასკვნა, რომ თავი შეიკავეთ გზის გახსნისგანო, რადგან აქტიური იყო მეწყერი. ამის შემდეგ რა შეიძლება გაკეთდეს, ეს ალბათ საგზაო დეპარტამენტმა უნდა გადაწყვიტოს“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

ამ დროისთვის მოსახლეობა მხოლოდ ფეხით გადაადგილდება გზაზე.

____________

მთავარი ფოტო: ხულო/სოფელ გელაძეებისა და პაქსაძეების დამაკავშირებელი გზა.

რუსეთმა დრონებით შეუტია ოდესას – არიან დაჭრილები

24 იანვარს, ღამით, რუსეთმა უკრაინაში ოდესას შეუტია დრონებით. ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებულია საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა, დაიჭრა 2 ადამიანი.

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაზე თავდასხმის ორი ტალღა იყო, საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებებს შორის იყო 15-წუთიანი პაუზა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 10 კამიკაძე დრონი.

დრონის ჩამოგდების შემდეგ ქალაქში, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.

ბოლო დღეებში ეს მეორე შეტევაა ოდესაზე. რუსეთი 17 იანვარსაც დაესხა თავს ოდესას დრონებით, რის შედეგადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ბათუმში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებულ კაცს, ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძეს ეძებენ.

როგორც გაუჩინარებულის მეუღლემ „ბათუმელებს“ უთხრა, ის ქმართან დაკონტაქტებას 23 იანვრის ნაშუადღევის შემდეგ ვეღარ ახერხებს.

„23 იანვრის შემდეგ გაუჩინარებულია. ბოლოს 14:00 საათზე ჰქონდა ჩვენთან კონტაქტი და შემდეგ, 16:00 საათზე ჩვენს ნათესავთან. ამის შემდეგ კი მისი ტელეფონი გამორთულია“, – ამბობს ქალი.

მისი თქმით, ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძე ბათუმში სამუშაოდ იმყოფებოდა.

„ზუსტად არ ვიცი, ვისთან მუშაობდა, თუ არ ვცდები რაღაც თურქული კომპანია იყო. როცა საერთო საცხოვრებელში დაბრუნდნენ, ჩემი მეუღლის ნივთები იქ აღარ იყო“, – ამბობს ქალი.

გაუჩინარებული კაცის ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს.

ქალის თქმით, გაუჩინარებულ ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძეს პოლიციაც ეძებს.

კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძე ბოლოს ბათუმიდან გადის ქუთაისის მიმართულებით… ის ფეხით მოძრაობს…
 განახლება: შსს-ს ინფორმაციით, გაუჩინარულებული კაცი უკვე გამოვიდა კონტაქტზე და ოჯახსაც დაუკავშირდა. 
Exit mobile version