„გამოჩნდა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური მრწამსის, შეიძლება გახდეს მსხვერპლი,“ – პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი გამოსახლების, ასევე გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ამბავში, პირველ რიგში, ამას გამოყოფს: როცა სისტემა უსამართლოა, იგი იმსხვერპლებს არამხოლოდ იმას, ვინც ამ სისტემას პოლიტიკურად უპირისპირდება, არამედ – ნებისმიერ ჩვენგანს.
ზაალ ანდრონიკაშვილის დაკვირვებით, ამ მოცემულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოლიდარობა, რადგან „ეს სისტემა არ არის აწყობილი იმაზე, რომ ამგვარი პროტესტების დემონიზაცია მოახდინოს. მთელი მისი ლოგიკა არის მოწყობილი იმაზე, რომ მას პოლიტიკური წინააღმდეგობის დემონიზაცია შეუძლია“.
როცა შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე, რამ უნდა შეუწყოს ხელი სოლიდარობის ორგანიზებას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა:
- გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავასთვის პატიმრობის შეფარდებით მკაფიოდ გამოჩნდა შერჩევითი სამართალი, რადგან მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაურიც კი, სასამართლოს გირაოთი ჰყავს გათავისუფლებული. რა ჩანს თქვენთვის საზოგადოების რეაქციიდან, რა შემთხვევაში ვახერხებთ სოლიდარობას?
ამ შემთხვევის გამო ბევრმა ადამიანმა გამოხატა პროტესტი, განსაკუთრებით ორი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოთქვეს პროტესტი, მწერლებმა, პროფესორებმა, თუმცა ეს მაინც ზედაპირზე რჩება.
სერიოზული პრობლემა არის ის, რომ ქართული სასამართლო არ არის სასამართლო და მართულია კლანის მიერ. მისი ინტერესია არა მართლმსაჯულების განხორციელება, არამედ ემსახურება გარკვეული ჯგუფების, მთავრობის და ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ინტერესებს.
შემთხვევა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, სიმპტომატურია: იგი შესაძლოა პირდაპირ არ ეხებოდეს ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ინტერესებს, მაგრამ ფაქტია, რომ მევახშეები ასტრონომიული პროცენტებით ასესხებენ ფულს და ნაცრისფერ ზონაში მუშაობენ. მოქმედ კანონმდებლობაზე თავის არიდებით, მათი ინტერესია უძრავი ქონების იაფად ხელში ჩაგდება და შემდეგ ძვირად გაყიდვა. მევახშეები ახერხებენ, რომ არამხოლოდ სასამართლო, მთელი პოლიციური სახელმწიფო, თავისი უზარმაზარი პოტენციალით მათ მხარეს იდგეს. ეს კონკრეტული შემთხვევა გვიჩვენებს, რა ძირგამომპალია დღევანდელი ქართული სახელმწიფო, რა მახინჯ ინტერესებს ემსახურება იგი იმის მაგივრად, რომ ემსახურებოდეს მოქალაქეთა ინტერესებს.
ის, რომ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა არ გაათავისუფლეს გირაოთი, ესეც აჩვენებს იმას, რომ სასამართლო კლანი მათ აღიქვამს ამ ოლიგარქიული რეჟიმის მოწინააღმდეგეებად. ადამიანს მკვლელობაც რომ ჰქონდეს ჩადენილი, ან ნებისმიერი სხვა საშიში დანაშაული, თუ ის სისტემისთვის არ არის საშიში, ან მთავრობასთან რაიმე ფორმითაა დაკავშირებული, მასიურ მკვლელსაც კი, ათავისუფლებენ, სასამართლო მის მიმართ იქნება მაქსიმალურად ლმობიერი.
ამ ყველაფერზე ნორმალური რეაქცია, ცხადია, არის სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უნდა გათავისუფლებულიყვნენ სასამართლო პროცესებამდეც, მათი დაკავების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მით უმეტეს, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას თავდებში უდგებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და ძალიან ბევრი ადამიანი.
საზოგადოებას ჰქონდა რეაქცია, მაგრამ ის არ იყო მასიური. როგორც წესი, სოციალური მიზეზები და უსამართლობა საქართველოში არასოდეს ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში პროტესტის მიზეზი. შესაბამისად, ეს პროტესტი ჩვენ უნდა ვისწავლოთ. იმისთვის, რომ ვისწავლოთ, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ბევრი, თანაც ხმამაღლა.
საქართველოში მასიური გამოსვლები ყოველთვის ხდება პოლიტიკური მოტივით. შესაძლოა, ადამიანს არ ესმის, ან ვერ ხედავს იმას, თუ რა უსამართლობაზეა აწყობილი ეს სისტემა იქამდე, ვიდრე ეს სისტემა უშუალოდ მას არ შეეხება. მაშინ, როცა შეეხება პირადად მას, უკვე გვიანი იქნება პირადად მისთვის. სხვებიც პირადად მას არ დაუდგებიან გვერდით იმიტომ, რომ იგივე მექანიზმი მოქმედებს.
ჩვენ, ვინც ასე თუ ისე, რაღაცას ვამბობთ საჯაროდ, მათ შორის, ჟურნალისტები, ვალდებული ვართ, უსამართლობის მექანიზმები ვაჩვენოთ სხვებს და ავუხსნათ, რომ სამართლიანობის დაცვა ამ ქვეყანაში არ არის კერძო სპეციალიზაციის საქმე. ეს არ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე. ეს არის ის, რაც ეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.
- რა საფრთხეს უქმნის ეს ადამიანებს, რომლებსაც უშუალოდ არ ეხებათ, მაგალითად, გამოსახლების პრობლემა და არც სასამართლოში აქვთ საქმე?
გამოსახლება ამ ფორმით, რაც ჩვენ ვნახეთ, შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ახლა ბანკის სესხი აქვს.
სხვადასხვა ადამიანს უსამართლობა შეიძლება შეეხოს სხვადასხვანაირად, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს უსამართლობის მსხვერპლი – ეს არის უსამართლო სისტემის სპეციფიკა.
მაგალითად, შეიძლება დაეჯახოს რომელიღაც მაღალჩინოსნის მანქანა, მაგრამ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვეს – მაღალჩინოსანს დაიცავს სისტემა. შეიძლება, ვიღაცის შვილი სცემოს უშიშროების თანამშრომელმა და ამასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყვეს, ან მოჰყვეს და გირაოთი გაათავისუფლონ. თუ გადავხედავთ უსამართლობის ცალკეულ შემთხვევებს, მარტივია იმის წარმოდგენა, რა შეიძლება შეემთხვეს ადამიანს უსამართლოს სისტემაში მისი პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად.
ვერ ვიტყვით ხატიაშვილების ოჯახზე, რომელიც გამოასახლეს, რომ იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი. ამ არაპოლიტიკურ პროცესშიც ეს ოჯახი აღმოჩნდა მსხვერპლი არა იმიტომ, რომ დაპირისპირების ხაზი გადის პოლიტიკურ ნიშნებზე: ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ მდგომარეობას, როცა უსამართლობის მანქანაში აღარ ჩანს ლოგიკა, რაც მანამდე ბევრ ადამიანს ეგონა, რომ მუშაობდა: პოლიტიკურად ლოიალურები არ ისჯებოდნენ.
გამოჩნდა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური მრწამსის და იდეოლოგიისა, შეიძლება გახდეს მსხვერპლი.
აღარ არის უკვე, რომ უმცირესობა ხდება ძალადობის მსხვერპლი, ან პოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაციაა მსხვერპლი. ეს არის რიგითი, ქართული ოჯახი, რომლის პოლიტიკური და სხვა შეხედულებების შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით.
როდესაც ადამიანების უმრავლესობა გაიგებს, რომ ეს აღარ არის არც „ნაცების“ და არც „ქოცების“ საქმე, საერთოდ აღარ არის პოლიტიკაზე ლაპარაკი, ეს არის ის, რაც ადამიანებს შეიძლება შეეხოთ ყოველდღიურად, ალბათ ამ მომენტიდან დაიწყება სოლიდარობის მასობრივი გამოვლენა. ამ შემთხვევაში გაიგებს ხალხი, რომ იცავს არა ვიღაც აბსტრაქტულის ინტერესებს, არამედ სხვისი დაცვით იცავს საკუთარ ინტერესს.
- ყველაზე მეტად რა ფაქტორი უშლის ხელს სოლიდარობის ორგანიზებას?
ეს არის გაცნობიერების პრობლემა.
ძნელი სათქმელია, რა ფორმით მოხდება ამის გაცნობიერება. ნორმალური, ჩვეულებრივი გზაა ამაზე ლაპარაკი, რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან და რაც შეიძლება ფართო საშუალებებით. არ უნდა ველოდოთ, რომ მასობრივი სოლიდარობის ტალღა აზვირთდება იქ, სადაც არ არის ეს მიზეზ-შედეგობრიობა შეგნებული.
- თუმცა ვხედავთ, რომ როცა პროტესტი შეუვალია, მაგალითად, როცა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, ამას ჰქონდა გავლენა პროცესზე.
ყველა პროტესტი, რომელიც ყოფილა საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, იყო პოლიტიკური და არა სოციალური. რუსული კანონი იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხი. პოლიტიკურ საკითხზე მობილიზაციის პრაქტიკა უკვე 30 წელია არსებობს. პოლიტიკური პარტიები ამიტომაც ცდილობენ ყველა საკითხის გადაყვანას ამ ჭრილში.
- ხასაიას და ჩიქობავას პატიმრობაში დატოვება მართლმსაჯულების პრობლემაა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და კლანი კი არის პოლიტიკური საკითხი. არა?
ასე ეკონომიკური საკითხიც პოლიტიკურია და არ არის ერთი ოჯახის გასაჭირი. ის, რომ მართლმსაჯულების სისტემა კლანურია, ეს არ არის აბსტრაქტული საკითხი, ესეც პოლიტიკური საკითხია, მაგრამ რასაც ჩვენ ვეძახით პოლიტიკურს, არის მხოლოდ პარტიული საკითხი, ან საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში დანახული. ჩვენ ჯერ კიდევ ეკონომიკურ პოლიტიკას ვერ აღვიქვამთ, როგორც პოლიტიკურ საკითხს.
საქართველოში სოციალური პროტესტი რაც გვქონია, იყო ძალიან მარგინალიზებული, საერთოდ სათვალავში არ ითვლებოდა. ეს არ იყო პროტესტები, რომელიც ახდენდა გავლენას ქვეყნის პოლიტიკაზე, ან შეეძლო, კონკრეტული ცვლილებები გამოეწვია, მთავრობის ცვლილება, მაგალითად, ან კონკრეტულ საკითხში პოლიტიკის ცვლილება, კონკრეტული კანონის მიღება და ასე შემდეგ.
- რატომ შეიძლება ეს იყოს გამიჯნული: რაც სურს საზოგადოებას და აწუხებს, იმავეს არ ახმოვანებდნენ პოლიტიკური აქტორები?
პოლიტიკოსები ადვილი გზით მიდიან, ისინი მიდიან იმ გზით, რომლითაც იციან, რომ პროტესტის ორგანიზება ხერხდება. იციან, რომ აქამდე რაღაც კონკრეტულ თემაზე თუ გამოდიოდნენ ადამიანები საპროტესტო აქციაზე, ახლაც გამოვლენ.
მეორე საკითხია ის, რაზეც ვსაუბრობთ უკვე წლებია, რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტი სრულიად მოწყვეტილია თავის ამომრჩეველს. შესაბამისად, არ არის არანაირი კორელაცია პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩეველს შორის. პარტიების დიდი უმრავლესობა არ გამოხატავს ამომრჩევლის ინტერესს. მათი დღის წესრიგი არ შედგება ამომრჩევლის დღის წესრიგის გაზიარებისგან. ეს უკუღმა პირამიდა არსებობს საქართველოში უკვე 30 წელია, იმ დღიდან, რაც საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა.
- ჩანს ამის ნიშანი, რომ შეიძლება ეს პირამიდა გადმოტრიალდეს? რა შემთხვევაში გადმოტრიალდება?
ჯერ ამის ნიშანი არ ჩანს, მაგრამ თუ ისტორიას შეიძლება რაღაც ლოგიკა და თანმიმდევრობა ჰქონდეს, გადმოტრიალდება, რადგან პარტიული პოლიტიკის იმ სისტემამ, რომელიც 30 წელია გვაქვს, ნელ-ნელა მოჭამა დრო. ამიტომაც, ნდობა პოლიტიკური პარტიების მიმართ მცირდება.
ისევ მივდივართ ცნობიერებამდე, რომ ადამიანებმა მოახერხონ საკუთარი ინტერესების გააზრება, მისი არტიკულირება და დაცვა. ეს თუ არ მოხდა, კიდევ დიდხანს ვიცხოვრებთ ისე, როგორც ვცხოვრობდით. თუ ეს მოხდა, მაშინ პოლიტიკურ პარტიებსაც მოუწევთ ახალ რეჟიმზე გადასვლა. ეს იქნება სახელმწიფო, რომელიც დამყარებული იქნება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე. ჩვენ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, რომელიც იმართება ზემოდან, თავისი არსით პოლიციურია და უსამართლო.
ასეთი უსამართლო სისტემა, ერთ მშვენიერ დღეს, აუცილებლად მოვა და შეეხება რომელიმე ჩვენგანს. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, უნდა დავხარჯოთ 5 წუთი იქნება, თუ 10 წუთი, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა ადამიანების მიმართ და ვაჩვენოთ მთავრობას, რომ არ გაუვა ასეთი მიდგომა. ის იძულებული იქნება, შეცვალოს თავისი პოლიტიკა. ამ ვითარებაში მარტივია ვუთხრათ ადამიანებს ისიც, რომ ხალხი, რომელიც პარლამენტში წარმოგადგენთ, მუშაობენ სწორედ ამ მევახშეების სასარგებლოდ.
რაც უფრო მეტი ხალხი დგას ერთად, მოძრაობა მით უფრო ძლიერია. ეს სისტემა არ არის აწყობილი იმაზე, რომ ამგვარი პროტესტების დემონიზაცია მოახდინოს. მთელი მისი ლოგიკა არის მოწყობილი იმაზე, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობის დემონიზაცია შეუძლია, მაგრამ, მაგალითად, ხატიაშვილების ოჯახის დემონიზება მოახდინოს, ან ჩიქობავას და ხასაიას, ამაზე ის ჯერჯერობით არ არის აწყობილი.