„ფაქტია, ხმელეთზე რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს“, – კატეგორიული პოზიცია აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომელიც რუსეთ – უკრაინის ომს ისევ აქტიურად აკვირდება და მიიჩნევს, რომ რუსეთი სუსტდება.
პოლკოვნიკის დაკვირვებით, რუსეთი სარაკეტო დარტყმებით ცდილობს უკრაინის გამოფიტვას. პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ ამ ომის შედეგი გამოფიტვაზეა დამოკიდებული: რომელი უფრო სწრაფად?
„ომი არაა დახუჭობანას თამაში, რომ რუსეთი გაჩერდეს. რუსეთმა შესაძლოა კი თქვას, რომ აი, გავჩერდიო, მაგრამ უკრაინელები არ გაჩერდებიან. ეს ომი გაგრძელდება, ვიდრე ის შედეგი არ იქნება, რაც უკრაინელებს უნდათ. შესაძლოა, სრული დეოკუპაცია ვერ მოახდინონ, მაგრამ ჩანს, რომ პრიორიტეტია უკრაინელებისთვის სამხრეთის მიმართულება და ყირიმი,“ – გვიყვება პოლკოვნიკი.
„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო ლაშა, რუსებმა ავდეევკა ისევ ვერ აიღეს, ვერ გადიან დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზეც, რაზეც უკვე რამდენიმე თვეა აკეთებს აქცენტს რუსული პროპაგანდა, რომ თითქოს მხოლოდ ეს სურდა რუსეთს. თქვენთვის რა ჩანს ფრონტის ხაზიდან ამ ეტაპზე?
ფრონტის ხაზზე ბევრი სიახლე არ არის. აღმოსავლეთ ნაწილში რუსები ცდილობენ რაღაც შუასაუკუნეობრივი მეთოდით უპირატესობა მოიპოვონ. ეს შეწყვილებულია მძიმე არტილერიასა და სარაკეტო დარტყმებთან და ამის მიუხედავად, მათ ჯერჯერობით რუსებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა ვერ მოიპოვეს. ისინი ორიენტირებული არიან მხოლოდ წარმოსახვითი წარმატების ჩვენებაზე, თუმცა ამასაც ვერ ახერხებენ. ბრძოლები ძირითადად მიმდინარეობს სვიატოვო-კრემინას-კუპიანსკის ხაზზე, მეორე მიმართულებაა ავდეევკა. ბახმუტის მიმართულებით ბევრი არაფერი არ ხდება, მაგრამ არის ინტენსიური ბრძოლები.
უკრაინა უკვე გადავიდა თავდაცვითი ხაზის გაძლიერებაზე აღმოსავლეთში, სამხრეთში კი, უპირატესობა, ასე თუ ისე, უკრაინის მხარესაა. უკრაინელები ცდილობენ მეტი გააკეთონ, თუმცა ეს ომი უკვე გადასულია გრძელვადიან ფაზაში – ძირითადად მოწინააღმდეგის მოქანცვაზე, დაღლასა და გამოფიტვაზეა ორიენტირებული. სამხრეთში უკრაინამ შეძლო დნიპროს მარცხენა სანაპიროზე მცირე ზომის პლაცდარმის შექმნა.
2024 წელს ძირითადად უნდა ველოდეთ სარაკეტო დარტყმების მომატებას რუსეთის მხრიდან. სარაკეტო დარტყმები მოიმატებს უკრაინის მხრიდანაც. ალბათ გაიზრდება ინციდენტები რუსეთის ტერიტორიაზეც.
- რატომ შეიძლება აწყობდეთ მხარეებს სარაკეტო დარტყმების გააქტიურება?
რუსეთს აღარ აქვს იმის რესურსი, რომ ცოცხალი ძალით რაიმე წარმატებას მიაღწიოს, სარაკეტო დარტყმებით კი, უზრუნველყოფს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გათიშვას. აღწევს იმას, რომ პანიკა არსებობს მსოფლიოში უკრაინის დახმარებაზე, გაურკვეველ სიტუაციაშია დასავლეთი. ფაქტობრივად ჯერ კიდევ ბევრი რამეა საჭირო სიტყვიერი მხარდაჭერის გარდა.
ამიტომაც, რუსეთი ცდილობს ბევრი სარაკეტო დარტყმით დაღალოს და გამოფიტოს უკრაინის საჰაერო თავდაცვა, რომ შემდეგ გაუადვილდეს გარკვეულ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა. ხმელეთზე რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს, ფაქტია.
- მიდის გამოფიტვისკენ რუსეთი? გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი რამდენიმე წელში, შესაძლოა, ნატოს ქვეყნებსაც დაესხას თავს. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კრემლიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა ბოლო დროს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ.
მე ამას სერიოზულად ვერ განვიხილავ. ტექნოლოგიურად ძალიან ჩამორჩენილია რუსეთი და მას ნამდვილად არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ნატოს. მესმის, რომ ეს არის დასავლეთში ერთი ნაწილის რიტორიკა და, რა თქმა უნდა, გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი ძალიან სახიფათო გახდება, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთი უფრო და უფრო გამოიფიტება. ის აქეთკენ მიდის.
რუსეთი რეალურად ძალიან დასუსტებულია. იმისთვის, რომ მან ამოსუნთქვა შეძლოს, ომი უნდა შეწყვიტოს. ახლა რა რესურსიც აქვს რუსეთს, ეს იქნება ცოცხალი ძალა, ტექნიკა, შეიარაღება, ატომური იარაღის გარდა, ფაქტობრივად, ყველაფერი მიზიდული აქვს უკრაინაში. ერთადერთი – ჩრდილოეთის ფლოტს შავ ზღვაში ვერ გამოიყენებს, ან წყნარი ოკეანის ფლოტს აქ ვერ შემოიყვანს, ამის დრო აღარ არის. დანარჩენი ყველაფერი რუსეთს მიზიდული აქვს უკრაინაში, რომ რაიმე სახის წარმატებას მიაღწიოს.
ომის შეწყვეტისთვის კი ორი პირობა არსებობს: ან გარკვეული შედეგი ბრძოლის ველზე, ან მოლაპარაკება. ბრძოლის ველზე მოლაპარაკების პერსპექტივა, ჯერჯერობით არ ჩანს. რუსეთმა ამ ომის დაწყებით ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკების ყველა რესურსი. რუსეთი მხოლოდ იმას იძახის, ტერიტორიები დამითმეთო და ამაზე უკრაინა არ წავა.
მეორე ვარიანტია მოცემულობა, როცა ბრძოლის ველზე არცერთს აღარ შეუძლია აღარაფერი და კონფლიქტი გაიყინება, როგორც გაიყინა ყარაბაღში 90-იან წლებში. იქ კონკრეტული მოლაპარაკება არ ყოფილა. არსებობდა ცეცხლის შეწყვეტის საერთო გაგება.
მე ამ მოცემულობის შექმნას უკრაინაში ნაკლებად ველი, რადგან უკრაინელებს ძალიან კარგად ესმით, რომ ნებისმიერი ამოსუნთქვის საშუალების მიცემა რუსეთისთვის მათ შემდგომში დაუჯდებათ გაცილებით ძვირი. ჩემი აზრით, უკრაინა შეეცდება განაგრძოს მაღალი ინტენსივობის კონფლიქტი, ეს იქნება თავდაცვითი, თუ შეტევითი, რათა რუსეთს არ მისცეს ამოსუნთქვის საშუალება.
„ავღანეთი 1“ „ავღანეთი 2“ და სხვა ისტორიული გაკვეთილები ამას აჩვენებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ომებში დიდი ქვეყნები დამარცხდნენ ძირითადად იმიტომ, რომ მზად არ იყვნენ ხანგრძლივი კონფლიქტისთვის. რუსეთი საერთოდ არ არის მზად ხანგრძლივი კონფლიქტისთვის.
რუსეთმა მთელი ქვეყნის ეკონომიკა გადააწყო საომარ სიტუაციაზე. ამას დასავლეთი ვერ აკეთებს, მაგრამ ასე, საომარ სიტუაციაზე გადაწყობილი ეკონომიკა და მობილიზება რუსეთს არ ყოფნის და შედეგი ვერ მოაქვს. კონსპირაციის თეორიებია, რომ რუსეთს დამალული იარაღი აქვს, რაც ჯერ არ გამოუყენებია, გეტყვით, რომ არ აქვს, მან ყველაფერი გამოიყენა უკვე. რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს.
- უშვებთ ვერსიას, რომ თუ რუსეთი მხოლოდ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას შეძლებს, ამას წარმოაჩენს წარმატებად და შემდეგ გაძლიერებას ეცდება?
ომი არაა დახუჭობანას თამაში, რომ გაჩერდეს. რუსეთმა შესაძლოა კი თქვას, რომ აი, გავჩერდიო, მაგრამ უკრაინელები არ გაჩერდებიან.
რა თქმა უნდა, დასავლეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რაღაც საკითხები დასავლეთსაც არ შეუძლია, მაგალითად, ვერ ეტყვის უკრაინას, რომ რაღაც ტერიტორია დაუთმოს რუსეთს. მნიშვნელოვანია ცალსახად, როგორი იქნება უკრაინის პოზიცია, ქვეყანა, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, არა მგონია, მსგავს პირობებს დათანხმდეს. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, გააგრძელოს ომი.
ომის დაწყების პირველივე დღიდან ვიძახი, რომ უკრაინელებმა ბრძოლა განაგრძონ. ომის პირველივე დღეებში უკრაინელებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა აჩვენეს. ომი ძალიან გაიწელა და ძნელია ყოველთვის მძიმე ომთან შეგუება, მაგრამ ბევრი რამეა კიდევ გასაკეთებელი. ვფიქრობ, ეს ომი გაგრძელდება, ვიდრე ის შედეგი არ იქნება, რაც უკრაინელებს უნდათ. შესაძლოა, სრული დეოკუპაცია ვერ მოახდინონ, მაგრამ ჩანს, რომ პრიორიტეტია უკრაინელებისთვის სამხრეთის მიმართულება და ყირიმი. ამის დეოკუპაცია თუ მოახერხეს, ეს უკრაინის სერიოზული წარმატება იქნება.
- ბელგოროდში ჩამოგდებულ სამხედრო თვითმფრინავზე მინდა გკითხოთ. მოსკოვში ამბობენ, რომ დაღუპულთა შორის 65 უკრაინელი ტყვე იყო და ხომალდი უკრაინელებმა ჩამოაგდეს. ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა „დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას”. ასევე ითქვა, რომ აფრენამდე თვითმფრინავიდან მაღალი რანგის რუსი სამხედროები ჩამოსვეს. რა მოხდა და ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ ბორტზე?
რაც არ უნდა იყოს მომხდარი, ეს ომია: სულაც არ არის გამორიცხული, უკრაინელებს ჩამოეგდოთ თვითმფრინავი. თუ უკრაინელებმა არ იცოდნენ, ვინ იყო ბორტზე, ის სრულიად ნორმალური სამიზნეა. გამორიცხულია, უკრაინელებს სცოდნოდათ, რომ ვინმე უკრაინელი ტყვეა იქ და ამ შემთხვევაში ჩამოაგდეს თვითმფრინავი.
ჩვენ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი დაბომბვის დროს დაიბომბა ბანაკი, სადაც უკრაინელი ტყვეები იყვნენ. მაშინ ამის პროვოცირება რუსებმა სპეციალურად მოაწყვეს, ტყვეები რომ დაეხოცათ. ახლაც შეიძლება რუსებს მსგავსი გეგმა ჰქონოდათ, მათ შორის, სპეციალურად ჩაესვათ თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეები. შესაძლოა, რუსების სხვა სცენართან გვაქვს საქმე, მათ არ სურთ გაამხილონ, ვინ დაიღუპა ამ თვითმფრინავში.
- რა გამოჩნდა 23 იანვრის რამშტაინიდან: როდის გადასცემენ F 16-ებს უკრაინას და 2024 წელს რამდენად ჩნდება კონტრშეტევის პირობა? მაგალითად, გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას აპირებს და 7 მლრდ ევროზე მეტის დახარჯვას.
ვფიქრობ, წელს კრიტიკული წელია იმიტომ, რომ არჩევნებია.
სხვადასხვა მოსაზრება არსებობს უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით. რეალურად ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ უკრაინა პრინციპში გადარჩა, საჭირო იარაღი მივცეთ-არ მივცეთ, ამ საკითხზე უფრო დახურული დისკუსიაა. ღიად, რა თქმა უნდა, ყველა მხარს უჭერს უკრაინას. მიმაჩნია, რომ წელს ამ კუთხით გარდამტეხი წელი იქნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატები. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უკრაინის სასარგებლოდ გადაწყდება.
- რა გაძლევთ ამ იმედს?
წარმოვიდგინოთ, თუ არ მისცემენ შესაბამის შეიარაღებას უკრაინას, რა მოხდება? დასავლეთის დახმარების ძირითადი აქცენტი მაინც არის საჰაერო თავდაცვა, „პატრიოტის“ რაკეტები და ასე შემდეგ. თუ ამ რაკეტებს უკრაინას ვერ გადასცემენ, უკრაინა ვერ შეძლებს ცის დაცვას. რუსეთი დიდი ალბათობით დაიწყებს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას.
„კინჟალის“ რაკეტა უკვე რამდენჯერ ჩამოაგდეს უკრაინელებმა, ამისთვის მადლობა აშშ-ის და დასავლეთს, რადგან ამ ტექნოლოგიური უპირატესობის გარეშე, იოლად შესაძლებელია, ეს „კინჟალი“ მოხვდეს საცხოვრებელ კორპუსს მთელი თავისი ტაქტიკურ-ოპერატიული მოქმედებით და თუკი ეს რაკეტა მოხვდება ღამით მძინარე კორპუსს, აქ მცხოვრები ყველა ადამიანი დაიღუპება. ეს იქნება კატასტროფული გამოძახილი და სამარცხვინო ლაქას დატოვებს დასავლეთზე, პირველ რიგში, იმ ქვეყნებზე, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს უკრაინის დახმარებაზე.
ასეთი დახმარების გარეშე უკრაინის ახლა დატოვება არის ღალატზე უარესი. ამას ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური შედეგები. ამიტომაც, არა მგონია, რომ საქმე ასეთ კრიტიკულ მომენტამდე მივიდეს, რომ განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის საშუალებები არ გადასცენ. შეტევით საშუალებებზე სხვადასხვა ვარიანტია.
ვფიქრობ, F16 – ს გადაცემას უკრაინისთვის ნიდერლანდები დაიწყებს. დავინახეთ, რომ როცა ერთი ქვეყანა ეხმარება უკრაინას, შემდეგ სხვებიც აკეთებენ ამას. რეალობა ისაა, რომ ყველაზე ნელი მაინც ამ მხარდაჭერაში არის აშშ, რომლის მხარდაჭერაც ყველაზე მნიშვნელოვანი დაის ნელა მოქმედებს.
- ყველაზე მეტად რა ფაქტორზეა დამოკიდებული, რომ უკრაინამ საჭირო აღჭურვილობა დასავლეთისგან დროულად მიიღოს?
შშ-ში რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის მიმდინარეობს საარჩევნო, პოლიტიკური დავა. რესპუბლიკელებს აქვთ მოთხოვნა, რომ დავეხმაროთ უკრაინას, მაგრამ ჩვენი საზღვარიც გავამყაროთ, დემოკრატები კი ამას არ თანხმდებიან – უნდათ, უკრაინას ცალკე დაეხმარონ და საზღვარზე ცალკე ისაუბრონ. ეს არის პოლიტიკური მანიპულაციები, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ აშშ-სა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში საკუთარი პუბლიკაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ში არის ორპარტიული შეთანხმების შედეგი. ვფიქრობ. ორპარტიული შეთანხმება უკრაინის საკითხებზე შედგება. რესპუბლიკელების პრაიმერი დასასრულს უახლოვდება, აშკარა გახდება, რომ მათი კანდიდატი იქნება ტრამპი, ხოლო დემოკრატების – ბაიდენი.
შემდეგ ორივემ უნდა ჩამოაყალიბოს პლატფორმა, როგორ მოქმედებს საზღვრის დასაცავად და როგორ მოქმედებენ უკრაინის მხარდასაჭერად. ეს ალბათ მალე გამოჩნდება, რადგან კონტურები უკვე გამოკვეთილია და ყველამ თავისი მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს უკრაინის საკითხზე.
- რამდენად რეალურია, რომ უკრაინამ 2024 წელს მოახერხოს კონტრშეტევა?
მე არ ვეთანხმები ტერმინს „კონტრშეტევა“, ეს არის მაღალი ინტენსივობის ზოლის შენარჩუნება: ზოგან იქნება შეტევა, ზოგან – თავდაცვა. უკრაინაში ძალიან დიდი ფრონტის ხაზია.
წელს ალბათ უფრო სტატუს-კვო იქნება შენარჩუნებული და ძირითადად ვიხილავთ ბრუტალურ დაბომბვებს ორივე მიმართულებით.
არ ველოდები გარდამტეხ მომენტებს, მაგრამ რუსეთი ისეთი ქვეყანაა, არ ვიცით, შიგნით რა ხდება. შესაძლოა, უცებ რაღაც დრამატულად შეიცვალოს. ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, მაგალითად, რომ პრიგოჟინი ერთ მშვენიერ დღეს ძალებს დაძრავდა მოსკოვისკენ, მაგრამ ეს მოხდა.
- უკრაინაში რა ხდება? როგორ აისახება ზელენსკის და ზალუჟნის სავარაუდო დაპირისპირება ამ ომზე. დასავლური მედიის ვერსიით, მათ კონტრშეტევის არაეფექტურობის გამო ჰქონდათ კონფლიქტი. რა შეიძლება ამ დაპირისპირებამ გამოიწვიოს?
უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა და აზრთა სხვადასხვაობა იქნება. მე პირადად ვისურვებდი, რომ ერთ ხაზზე იყვნენ. არა მგონია, გენერალი ზალუჟნი ღია დაპირისპირებაში გადავიდეს და ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესში. მისი ამოცანაა ახლა ის, რომ მობილიზაცია ჩაატაროს ეფექტურად და რეზერვები შექმნას, ეს არის ახლა მნიშვნელოვანი და არა პოლიტიკური დაპირისპირება.
ზოგადად ჩანს, რომ ძალიან დიდი უკმაყოფილება არსებობს ზელენსკის მთავრობის მიმართ, განსაკუთრებით კორუფციის ნაწილში, ასე რომ, უკრაინელებსაც ბევრი საშინაო დავალება აქვთ შესასრულებელი. ის, რომ პირველ ეტაპზე გადარჩნენ და ორი წელია, ასე მედგრად იბრძვიან, უდიდესი წარმატებაა, მაგრამ გამარჯვებას გაცილებით მეტი სჭირდება, ვიდრე დღეს.
- რუსი პროპაგანდისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთმა უკრაინას ის ძვირადღირებული სამხედრო აღჭურვილობის ნაწილი გაუნადგურა, რაც დასავლეთმა გადასცა. რამდენად შეიძლება ეს იყოს სიმართლე?
რაღაც ნაწილს გაანადგურებდა ალბათ, ეს ომია, მაგრამ ვხედავთ, რომ მნიშვნელოვან ნაწილს ისევ აქტიურად იყენებს უკრაინა.
უკრაინელები ყოველდღიურად აგდებენ რუსულ სამხედრო რაკეტებს და ათეულობით უპილოტო საფრენ აპარატს, ანადგურებენ ათეულობით ტანკს და ჯავშანტექნიკას. თუ გაუნადგურეს დასავლეთის ტექნიკა უკრაინელებს, მაშინ რატომ ეხოცებათ ყოველდღიურად ამდენი ხალხი?
- თქვენი დაკვირვებით, რეალურად რამდენად სჭირდება უკრაინას 500 კმ-ზე მოქმედ Taurus-ის სისტემის ფრთოსანი რაკეტები? უკრაინა ამბობს, რომ ეს სჭირდება ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში, გერმანია კი შიშობს კონფლიქტის ესკალაციას, თუ უკრაინელები ამ რაკეტებით სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე დაარტყამენ.
მე გეტყვით, რომ უკრაინელები რუსეთის ტერიტორიებზე სამიზნეებს აუცილებლად დაარტყამენ, მაგრამ ეს მოხდება უკრაინაში წარმოებული რაკეტებით და არა გერმანული Taurus-ის სისტემის ფრთოსანი რაკეტებით. უკრაინელებს სჭირდება ბევრი რაკეტა, რომ შეძლონ იერიშის მიტანა, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რუსეთის ტერიტორიებზე.
წელს ვიხილავთ ბევრ დაბომბილ რუსულ ქალაქს. ეს გარდაუვალია.
ნებისმიერი შეიარაღება, რომელსაც უკრაინა მიიღებს, იგი ტექნოლოგიურად უპირატესია რუსულ ტექნიკასთან. რუსები ძირითადად საჰაერო პლატფორმებს იყენებენ რაკეტების გასაშვებად, ახლა თუ შეუძლიათ, შედარებით ახლოს მივიდნენ, F 16-ების პირობებში ეს შეუძლებელი იქნება – რუსეთის თავდასხმის მანძილი გაიზრდება.
- ომი ახლო აღმოსავლეთში რა გავლენას მოახდენს ამ ომზე?
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი არის ის, რაც რუსეთს აწყობს. რუსეთმა თავის დროზე გაიმყარა სირიაში პოზიციები და ობამას ადმინისტრაციამ დათმო ეს პოზიციები. ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი პრობლემა არის ისრაელი. ისრაელის უსაფრთხოება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოება.
დღეს რასაც ვხედავთ – ირანის მიერ ჩრდილოეთ ერაყში დაბომბვა, პაკისტანი თითქოს იქიდან აქეთ დაბომბა, ეს არის ირანიდან მართული ძალები, რომლებიც ცდილობენ რაღაც ძალით მიიზიდონ აშშ-ის და დასავლეთის რესურსები აღმოსავლეთში. ეს არის რუსეთის და ირანის შეთანხმებული მოქმედება.
არ ვიცი, სად წავა ესკალაცია: ირანმა თამასა გაზარდა, ებრძვის დასავლეთს და რაღაც უნდა მოიმოქმედოს თავისი შიდა პუბლიკისთვის. ქურთები მოქმედებენ იემენში, ეს ყველაფერი რუსეთს ხელს აძლევს, დასავლეთის რესურსი ახლო აღმოსავლეთმა მიიზიდოს. ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე დასავლეთი იძულებული იქნება პასუხი გასცეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, აქეთ მიდის საქმე.
- რა იქნება მთავარი ფაქტორები, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის წარმატებას?
მე რესპუბლიკელი კონგრესმენების დასკვნას დავეყრდნობი, სადაც ისინი წერენ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ძირითადი სამი ფაქტორია: უნდა გაგრძელდეს უკრაინის შეიარაღებით მხარდაჭერა, უნდა განხორციელდეს კიდევ უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ, არ შეიძლება რუსეთის დამარცხება ისე, რომ თვითონ არ იტკინოს არაფერი დასავლეთმა. მესამეა ის, რომ რუსეთის ევროპის ქვეყნებში გაყინული თანხა გამოიყენონ უკრაინის მხარდასაჭერად.
არსებობს 3 უკრაინული ფაქტორიც: გააგრძელოს მაღალი ინტენსივობის ბრძოლა. მეორეა ის, რომ უკრაინას დაეწყო პირადი შემადგენლობის ნაკლებობა, უნდა გამონახონ შესაძლებლობა და შექმნან სარეზერვო სისტემა, რომ შეძლონ მხარი დაუჭირონ გრძელვადიან ომს.
მესამეა დასავლეთთან ერთად სამხედრო მრეწველობის აღორძინება. როგორც უპილოტო საფრენ აპარატებში გადადგეს ბევრი ნაბიჯი წინ უკრაინელებმა, სარაკეტო შეიარაღებაც უნდა გააუმჯობესონ, რომ უკრაინაში წარმოებული რაკეტებით შეძლონ რუსული ქალაქების დაბომბვა.