„კაცი, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის მეოთხედ წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მოსამართლემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხომ ძალიან ნათელია და მკაფიო, რომ 1000 ლარი გირაო წაახალისებს მოძალადეს?“ – კითხულობს ელისო რუხაძე, ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ იურისტი და ექსპერტი.
ის ქალებზე ძალადობის საქმეებზე მუშაობს.
რატომ მიდიან მოძალადეები იგივე წრეზე და როგორ პასუხობს მათ სასამართლო? – ამ საკითხზე ვესაუბრეთ ადვოკატებს, რომლებიც ოჯახურ დანაშაულებზე მუშაობენ. საქმეები ნათლად აჩვენებს როგორი გულგრილია ხშირად მოსამართლე, როცა საქმე ქალზე ძალადობას ეხება და დიდი რისკია, ქალზე ისევ იძალადონ, მოკლან.
ნათელი ხდება ბოლოდროინდელი ტენდენციაც: ქალი, რომელიც თავდაპირველად 112-ში რეკავს და შველას ითხოვს, სასამართლო განხილვის ეტაპზე დუმილს არჩევს. მოსამართლეები კი, ერთმანეთის მიყოლებით წერენ, რა ვქნათ, ქალი გაჩუმდაო.
„მკვეთრად გაზრდილია ოჯახში ძალადობის შესახებ პოლიციაში მიმართვიანობა, შემდეგ ეტაპზე კი, ქალი ჩუმდება,“ – იურისტი ელისო რუხაძე თავის დაკვირვებას გვიზიარებს: რადგან საგამოძიებო ორგანო ხშირად ამ ტიპის დანაშაულზე ბევრ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებს და ძირითადი მტკიცებულება ქალის ჩვენებაა, ადვოკატებმა სტრატეგია შეიმუშავეს – სხვადასხვა გზით ქალი უნდა გაჩუმდეს.
მტკიცებულების ძალა აქვს დაზარალებული ქალის მხოლოდ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას.
„მარტივია ძალადობის მსხვერპლი ქალზე ზემოქმედება, რომელსაც ხშირად მხარს ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები არ უჭერენ. მას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, მემკვიდრეობა არ ერგო… ეს ჩამონათვალი დიდია, რაც მარტივად ხსნის, რატომ ჩუმდებიან ქალები.
მე ათობით ასეთი საქმე მაქვს, სადაც ქალებს აქვთ განცდა, რომ აი, შვილების მამას ხომ არ დააკავებენ? ისინი ხშირად იძულებული არიან ქუჩაში დარჩნენ და ნულიდან დაიწყონ ყველაფერი, ან მოძალადეს შეურიგდნენ. ამ ვითარებაში მსხვერპლ ქალებს სახელმწიფო ვერ იცავს, ვერ აძლიერებს. არსებობს კრიზისული ცენტრები, თავშესაფრები, მაგრამ ეს არაა გაძლიერება.
- დღეს ფსიქიატრიულში ვახლდი მსხვერპლს, რომელიც უკვე მეოთხედ გახდა ყოფილი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი. მკაცრი საუბარი მქონდა საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელ პირთან, რომ მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ვერ შეაკავებდა მისგან მომდინარე საფრთხეებს და თუ ფემიციდის შემთხვევა დაფიქსირდება, პირადად მას დავაკისრე პასუხისმგებლობა. ამ საქმეზე მუქარის ნაწილი გამოიყო, გადაეცა სასამართლოს და 1000 ლარი გირაო შეუფარდა მოსამართლემ ბრალდებულს, ოჯახში ძალადობის ნაწილში კი, გამოძიება გრძელდება,“ – გვითხრა ელისო რუხაძემ.
როგორ უნდა იქცეოდეს მსგავს შემთხვევებზე მოსამართლე, როცა, მაგალითად, ის აღკვეთ ღონისძიებას უფარდებს კაცს და მას უკვე მეოთხედ ედავებიან ქალზე ძალადობას, ან მუქარას?
„ეს აჩვენებს მოსამართლეების შინაგანი რწმენის და მგრძნობელობის პრობლემას. მოსამართლემ, პირველ რიგში, რაზეც უნდა იფიქროს, ეს მსხვერპლის უსაფრთხოებაა, მან რისკები უნდა დაინახოს და გათვალოს. 3 საქმე მაქვს, როცა მიმდინარე შემაკავებელი ორდერის და გირაოს ქვეშ მოხდა ფემიციდი.
ჩვენ გვჭირდება გაბედული მოსამართლეები,“ – მიიჩნევს უფლებადამცველი და ორ ისტორიას ადარებს ერთმანეთს იმის საილუსტრაციოდ, როგორი შეიძლება იყოს მოსამართლის მიდგომა ქალზე ძალადობის საქმეებში, როცა ქალი ჩუმდება.
უზენაესი სასამართლოს განჩინებები აჩვენებს, რომ გამამართლებელი განაჩენები ხშირად რეციდივის შემთხვევებზეც გამოდის, ანუ როცა კაცი ოჯახში ძალადობისთვის ერთხელ გასამართლდა, შემდეგ კი, პროკურატურის ვერსიით, ის ხელახლა ძალადობს, მათ შორის, პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის დროს.
„ცხადია, მოსამართლეს თუ მტკიცებულებები არ ექნება და დაზარალებული არ აძლევს ჩვენებას, ძალიან უჭირს გამამტყუნებელი განაჩენის მიღება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ქალის გაჩუმების მიუხედავად, არსებობს საქმეში სხვა მტკიცებულებები, მაგალითად, ფსიქიკური ტანჯვის დამდგენი დოკუმენტი, სამხრე კამერების ჩანაწერები, კონტექსტში ერთიანად იქმნება სურათი, რომ ძალადობასთან გვაქვს საქმე.
ჩვენ გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ქალი მოძალადეს გამოკეტილი ჰყავდა და მან მოახერხა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან დაკავშირება, გამოვიძახეთ პატრული, მოწმედ დაიკითხა ორგანიზაციის ხელმძღვანელიც და მან მოსამართლეს მსხვერპლთან სატელეფონო მიმოწერა აჩვენა.
ამ საქმეზეც მსხვერპლმა დუმილი არჩია, თუმცა როცა მოსამართლემ მსხვერპლს ჰკითხა, სურდა თუ არა ჩვენების მიცემა, ქალს ისტერიული ტირილი აუტყდა.
მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო, ის ძირითადად იმ სატელეფონო მიმოწერას დაეყრდნო, რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელს ჰქონდა. მიმოწერა, მართალია, მსხვერპლს არ დაუდასტურებია, მაგრამ საქმეში არსებობდა სხვა მტკიცებულებებიც, მაგალითად, პოლიციელების ჩვენებები, არასრულწლოვანი შვილის ჩვენება…
ბათუმიდანაც გვახსოვს ასეთი შემთხვევა, როცა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მსხვერპლმა არ მისცა ჩვენება, მაგრამ გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო სხვა მტკიცებულებებს,“ – ამბობს ელისო რუხაძე.
ადვოკატი, რომელიც ყველაზე ხშირად ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობს, მიიჩნევს, რომ გამოსავალი არაა სასჯელის გამკაცრება. თუმცა მნიშვნელოვანია, მოსამართლემ განსაზღვროს, მაგალითად, პირობითი მსჯავრის პირობებში, ან როცა მსჯავრდებულს მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას უფარდებენ, რამდენად დაცული რჩება მსხვერპლი?
„სახელმწიფო არ აკეთებს არანაირ ანალიზს, როგორ წარმართოს მოძალადე პირების ბედი. კანონის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოძალადის ქცევის კორექცია, შესაბამისი კურსები უნდა არსებობდეს, მაგრამ ამ ვალდებულებას სახელმწიფო დღემდე არ ასრულებს.
მოძალადე კაცები მეორედ, ან მესამედ მისცეს პასუხისგებაში და ბევრჯერ მომისმენია, როცა მოსამართლეს ეკითხებიან: რისთვის გვსჯით? ანუ ძალადობისთვის დასჯილი კაცი ისე გამოდის ციხიდან, არც აქვს გააზრებული, რისთვის დასაჯეს,“ – გვითხრა ელისო რუხაძემ, ორგანიზაციის „უფლებები საქართველო“ იურისტი.
- „ციხიდან გამოვიდა და მეორე დღიდან ისევ მსხვერპლს ურეკავს“ – ადვოკატი სალომე სალდაძე
„მოძალადემ იანვარში დატოვა საპატიმრო დაწესებულება და მეორე დღეს განაახლა არასასურველი კომუნიკაცია ყოფილ მეუღლესთან,“ – გვიყვება „საფარის“ იურისტი სალომე სალდაძე. ის იმერეთის და სამეგრელოს რეგიონში მუშაობს ქალთა ძალადობის საქმეებზე.
ამ ადვოკატის დაკვირვებითაც, ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა დაზარალებული ქალების დუმილი, რაც მათზე წნეხის გაძლიერებას აჩვენებს.
„ეს უკვე განქორწინებული წყვილია. ურეკავს და ეკითხება, სად არის და რას აკეთებს. ეუბნება, რომ მასთან შეხვედრა სურს, არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებულ ამბებსაც კითხულობს და ამის უფლება, ცხადია, აქვს. მაგრამ ითხოვს შერიგებას. ეს კაცი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის დროს მსხვერპლის შესახებ მიღებულ ინფორმაციას ამოწმებს მას შემდეგ, რაც გამოვიდა, მაგალითად, გავიგე, რომ ამ ადამიანს წერდი, ასეა?
გუშინ მოვითხოვეთ შემაკავებელი ორდერის გამოცემა და ველოდები,“ – გვიყვება სალომე სალდაძე. ადვოკატი კიდევ ერთ ისტორიაზე გვიყვება: პატიმრობაში მყოფი კაცი ციხიდანაც ძალადობს ყოფილ ცოლზე.
„ეს კაცი სისტემატურად ძალადობდა ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ყოფილ მეუღლესა და შვილებზე. მას საპატიმრო სასჯელი დაეკისრა და იხდის სასჯელს, თუმცა პატიმრობის ყოფნის დროს, ინტენსიურად ახდენს ფსიქოლოგიურ ძალადობას ყოფილ მეუღლესა და შვილებზე. მას აქვს გამოყოფილი წუთები სატელეფონო საუბრისთვის. ამ წუთებს იყენებს ძირითადად ყოფილ ცოლთან კომუნიკაციისთვის.
ჩვენ მოთხოვნით ჯამში 4 შემაკავებელი ორდერი გამოიცა ამ კაცის მიმართ. ორდერით მოვითხოვეთ სატელეფონო კომუნიკაციის აკრძალვა.
ბათუმში გვქონდა ასევე შემთხვევა, როცა საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ქალს დაუკავშირდა და უთხრა, როცა გამოვალ, მოგკლავო. ჩვენ ეს სატელეფონო ჩანაწერი ამოვიღეთ, პროკურატურამ საკმარისად მიიჩნია, ბრალი წარედგინათ დამატებით მუქარისთვის. საბოლოოდ, მსჯავრდებულს დაემატა მუქარის მუხლი,“ – გვიყვება ადვოკატი სალომე სალდაძე.
სალომე სალდაძე
ადვოკატის დაკვირვებით, ყველაზე დიდი პრობლემა პრევენციაა, რაზეც სახელმწიფო არ მუშაობს:
„სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი პრევენციის მექანიზმი არ გვაქვს, მაგალითად, გირაოში მყოფმა პირმა არ ჩაიდინოს რაიმე ახალი დანაშაული. ჩვენ მხოლოდ მომხდარ ფაქტზე რეაგირების მექანიზმი გვაქვს. რისკები უნდა შეფასდეს სხვადასხვა სპეციალისტთან ერთად, როცა დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხე არსებობს.
მნიშვნელოვანია მოძალადის სარეაბილიტაციო პროგრამები. რაც გვაქვს პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულებისთვის, ძალიან ზედაპირულია. მოძალადეებიც ამას უყურებენ, როგორც მოვალეობის მოხდას.
ცალკეულ შემთხვევებში გვაქვს დადებითი ტენდენციაც: თუ აქამდე ქალთა ძალადობის საქმეებზე მუდმივად ვითხოვდი ქალ გამომძიებელს, ახლა ინტიმური ფოტოების გავრცელების საქმე მაქვს, კაცმა გამომძიებელმა მგრძნობელობაც გამოიჩინა და პროფესიონალიზმიც,“ – შენიშნა „საფარის“ იურისტმა, სალომე სალდაძემ „ბათუმელებთან“.
ამ თემაზე:
„არასრულწლოვან ცოლს თავი არტყმევინა ჭიშკარზე“ – როცა გასამართლებული კაცი ხელახლა ძალადობს ოჯახში
____
მთავარი ფოტო: ელისო რუხაძე