ობი, სტაფილოკოკი, სოკოები – ქობულეთის საშაურმეში აღებული ანალიზების შედეგები ცნობილია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქობულეთის საშაურმეში აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია – საშაურმეში – „გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ გამოყენებული ნედლეული არ შეესაბამება ჰიგიენურ მოთხოვნებს.

საშაურმის კონტროლი სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განახორციელა.

„ღორის ხორცის შაურმა და მისი ინგრედიენტები დაბინძურებული იყო აერობული მიკროორგანიზმებით; აღმოჩნდა ასევე კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი, ხოლო სალათის ფოთოლში გამოვლინდა ობისა და საფუარის სოკოები“ – იუწყება სურსათის უვნებლობის სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორმა შეაჩერა საწარმოო პროცესი. მეწარმეს დაევალა რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება და სამზარეულოს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, მათ შორის ლაბორატორიული კვლევა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განახორციელებენ.

 

 

პროექტისთვის „ცესკოს საარჩევნო სკოლა“ ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს

8 ივლისიდან საგანმანათლებლო პროექტი „ცესკოს საარჩევნო სკოლები“ იწყება. პროექტის დაწყებამდე კი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგი (ToT). სწავლება, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც ადმინისტრაციისთვის არის კარგი შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის გადაამზადოს პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასწავლო პროექტი წელს პირველად განსხვავებული კონცეფციით ჩატარდება. საარჩევნო ტექნოლოგიების ინტერვენციამ ადმინისტრაცია მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის ერთ-ერთი იყო კვალიფიციური საკადრო რესურსი. სწორედ ამიტომ, პროექტის უმთავრეს მიზანს საარჩევნო საკითხებთან და განსაკუთრებით, ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ, პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადება წარმოადგენს. საარჩევნო სკოლის წარმატებით განხორციელებისთვის კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გადამზადების ციკლი იმ პოტენციური ტრენერებისთვის, რომლებიც შემდგომ ჩაერთვებიან ამ პროექტში და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაამზადებენ მონაწილეებს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ტრენერთა ტრენინგის გახსნისას.

ტრენერთა ტრენინგი 24 ივნისს დაიწყო და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. უშუალოდ საგანმანათლებლო პროექტი კი 8 ივლისს დაიწყება და მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

კვარიათში იპოვეს ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი

კვარიათში, ზღვაში მეორე დღეა ორი ადამიანს ეძებენ. ერთ-ერთი დაკარგული, დღეს, 28 ივნისს იპოვეს მაშველებმა.

კაცი დაღუპულია.

ზღვაში დაკარგულ ქალს მაშველები ჯერ ისევ ეძებენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდები საქართველოს მოქალაქეები არიან.

ზღვაში ორი ადამიანის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება სამაშველო სამსახურში გუშინ, 27 ივნისს, დღის საათებში შევიდა.

გადაიხადე კვირას თიბისით და დაიბრუნე 10% მომენტალურად

თიბისი აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და მათი ცხოვრების გამარტივებას. ამ მიზანს ემსახურება ახალი კამპანია, რომელიც მასშტაბურია და ყველას შეეხება, ვისაც თიბისის საბარათე ნაკრები აქვს.

კამპანიაში ჩასართავად საჭიროა, რომ ყოველ კვირა დღეს გადაიხადოთ თიბისის საბარათე ნაკრების ბარათით მინიმუმ 10 ლარი ქსელურ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში და  მომენტალურად დაიბრუნებთ გადახდილი თანხის 10%-ს, თითოეულ სექტორში მაქსიმუმ 20 ლარის ოდენობით.

აქციაში მონაწილეობს თითქმის ყველა ქსელური სუპერმარკეტი და აფთიაქი:

  • სუპერმარკეტები: ნიკორა, ლიბრე, კარფური, მაგნიტი, გვირილა, დეილი
  • სააფთიაქო ქსელები: პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი

თანხის დასაბრუნებლად, გადახდა საბარათე ნაკრების ბარათით თიბისის ტერმინალზე უნდა შეასრულოთ და ყოველ კვირას ჯამში 40 ლარის დაბრუნება შეგიძლიათ.

შეთავაზებაში მონაწილეობს ჩამოთვლილი პარტნიორების ქსელების ყველა ფილიალი, მთელი საქართველოს მასშტაბით.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ თიბისის საბარათე ნაკრები, გამოიწერეთ მობაილბანკიდან და ბარათებს, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მისამართზე მიიღებთ.

თიბისი კი მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისთვისა და მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული, საუკეთესო შეთავაზებების შესაქმნელად, აქციაში უახლოეს მომავალში სხვა მსხვილი სექტორების დამატებასაც გეგმავს.

ხანძარი „ოცნების ქალაქში“ – დაიწვა 4 შენობა

დღეს, 28 ივნისს „ოცნების ქალაქში“ ქოხები დაიწვა.

წინასწარი ინფორმაციით, სრულიად დამწვარია ოთხი შენობა, სამი კი ნახევრად დაზიანდა.

ხანძრის შედეგად დაიწვა ერთი ავტომობილიც.

ხანძრის შედეგად „ოცნების ქალაქში“ 4 ქოხი დაიწვა

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე იმყოფება პოლიცია.

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა 5 ადამიანი.

კვარიათში მაშველები ზღვაში ორ ახალგაზრდას ეძებენ

კვარიათში, ზღვაში, მეორე დღეა მაშველები ეძებენ ორ ახალგაზრდას.

შეტყობინება სამაშველო სამსახურში გუშინ, 27 ივნისს, დღის საათებში შევიდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდები საქართველოს მოქალაქეები არიან.

დააკავეს კაცი, რომელმაც უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა 13 წლის გოგოს ინტიმური კადრები

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 წლის ბავშვის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

დაკავებულია 28 წლის კაცი.

გამოძიების ვერსიის თანახმად 2024 წლის 13 მარტს, 13 წლის დაზარალებულმა ბრალდებული სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე“ ზე გაიცნო.

„ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან „ფეისბუქ-მესენჯერის“ ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებული მუქარით არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა.

ვიდეოზარით კომუნიკაციისას არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული ე.წ. „სქრინების“ გადაღებას ახდენდა. მან ბრალდებულს ინტიმური შინაარსის ფოტოების წაშლა მოსთხოვა.

აპრილის თვეში დაზარალებულმა კომუნიკაცია შეწყვიტა ბრალდებულთან და სოციალურ ქსელში დაბლოკა, ასევე არ პასუხობდა მის ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

აღნიშნულიდან მალევე, სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე“ გავრცელდა არასრულწლოვანის ფოტოები, სადაც ის შიშველ მდგომარეობაში ჩანდა. გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტოები გადაუგზავნეს მის მეგობარსაც. ასევე, 13 წლის დაზარალებულს სოციალურ ქსელში უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც მისი ინტიმური ფოტოების დედასთან გადაგზავნით ემუქრებოდნენ“ – წერს საგამოძიებო.

დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მის მობილურ ტელეფონში და ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი და ფოტოები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით განადგურდება.

საგამოძიებოს ცნობით, ბრალდებულის მობილურ ტელეფონში, ასევე, აღმოჩენილი იქნა სხვა არასრულწლოვანი გოგოების ინტიმური შინაარსის ფოტოებიც.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დასახელდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

დღეს, 28 ივნისს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრები გამოვლინდნენ.

ათეულში მოხვდნენ შემდეგი პედაგოგები:

  • ნუკრი კარკაძე – ბაღდათის პირველი საჯარო და როკითის სკოლის მუსიკის მასწავლებელი
  • გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, გამოყენებითი ხელოვნების, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ნანა მარღანია – სოფელ ვარციხის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
  • ინგა მოსიაშვილი – საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების და მუსიკის მასწავლებელი
  • ნათია ნარსავიძე – დმანისის მე-3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
  • ნათია ნაფეტვარიძე – თბილისის 161-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • დიმიტრი პოპოვი – გურჯაანის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი
  • ნათია უჩავა – თბილისის 126-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
  • სოფიო ქუხილავა – მესტიის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი
  • ნინო შუხოშვილი – საპატრიარქოს ყვარლის გიმნაზიის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულის ვინაობა 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გახდება ცნობილი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი საქართველოში 2017 წელს დაარსდა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს ჯილდოს სახით 15 ათასი ლარი გადაეცემა, საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს კი ლიბერთი დააჯილდოვებს.

ეროვნული ჯილდოს კატეგორიაზე წარდგენილი მასწავლებელი უნდა გამოირჩეოდეს თავისი პროფესიული საქმიანობით, სწავლების ინოვაციური მეთოდით და ჰქონდეს ხელშესახები წარმატებები სწავლა-სწავლების პროცესში.

ცესკოს წარმომადგენლებმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საერთაშორისო ექსპერტთან ერთად იმსჯელეს

საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაში სახელწოდებით – „არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების დროს დეზინფორმაცია და მისი მართვა“ მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე კარგი პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარენ აჰუეს ეჩევერია, საერთაშორისო ექსპერტის რანგში, იყო მიწვეული. კარენ აჰუეს ეჩევერიამ მონაწილეებს საკუთარი ექსპერტული ცოდნა და რეკომენდაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გააცნო, როგორიც არის დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების ეფექტური მექანიზმები.

როგორც მან შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, სწორედ ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან  კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ამ შეხვედრის განმავლობაში მე დავინახე როგორ უმკლავდება საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა გამოწვევებს და რა მიღწევები აქვთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, საქმე  რომელსაც ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდი აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან სწორი მიმართულებით მიდიან მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით.

ჩილეს და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს მსგავსი გამოწვევები და ამ შეხვედრაზე სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავების ჩვენ გამოცდილებაზე და მიღწევებზე ვისაუბრე. განვიხილეთ რამდენად შესაძლებელია ჩვენი წარმატებული პრაქტიკის საქართველოში ადაპტირება.“ –  განაცხადა შეხვედრის შემდეგ კარენ აჰუეს ეჩევერიამ.

თავის მხრივ დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევებსა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ვრცლად ისაუბრეს სტრატეგიული კომუნიკაციების საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენლებმაც.

სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ კარენ აჰუეს ეჩევერია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. „სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩვენ თანამშრომლებს გაუზიარა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რომლებსაც ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაცია ერთის მხრივ დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მეორეს მხრივ კი ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით იყენებს.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა რომლის შედეგებიც განვიხილე მასთან შეხვედრისას. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე და იმ ეფექტური მექანიზმების დანერგვაზე, რომლის მეშვეობით ამომრჩევლები მიიღებენ ზუსტ და ვერიფიცირებულ ინფორმაციას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ცესკოს წარმომადგენლებთან შეხვედრები 22-25 ივნისს გამართა.

მირანდა კაპანაძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა ჭიდაობაში

ქართველმა მოჭიდავემ, მირანდა კაპანაძემ სერბეთში, ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და გახდა ევროპის კონტინენტის პირველი ქართველი ჩემპიონი ქალი.

ინფორმაციას ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს.

„მირანდამ ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

აქამდე, საქართველოს ქალთა ეროვნულ და არც ერთ ასაკობრივ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი არ ჰყოლია!

მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალის გზაზე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა, საჩემპიონო ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოის (6:3) სძლია“ – წერს ფედერაცია.

 

ანგისის დასახლებას წყლის მიწოდება შეეზღუდა – „ბათუმის წყალი“

კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 28 ივნისს, წყალმომარაგება შეეზღუდათ ანგისის დასახლებასა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს.

წყლის მიწოდება აღნიშნულ მისამართებზე 18:00 საათზე აღდგება.

კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია.

რა ეშველება ამ ჯგუფს, თუ დონორები გავლენ ქვეყნიდან? – თათის დედის ბრძოლა შვილისთვის 

„მე ვარ ორი შვილის დედა, თუმცა საუბარი ყოველთვის მიწევს თათის შესახებ. თათი არის დიაგნოზით, მას მიკროცეფალია აქვს“ – გვიყვება რუსუდან შერვაშიძე, ბათუმელი ქალი, შშმ შვილის დედა. თათი ახლა 20 წლისაა, ამ პერიოდის განმავლობაში რუსოს, როგორც დედას, არაერთი პრობლემის გადალახვა მოუხდა, ხშირად – მარტოს.

„თათი რომ დაიბადა და აღმოვჩნდი ამ გამოწვევის წინაშე, მიმოვიხედე და ჩემ ირგვლივ არავინ იყო, ვიყავი მარტო. შვილები ფაქტობრივად მარტომ გავზარდე. მთელი ისტორიები გვქონდა, არ გაგვივლია მარტივი ცხოვრება.

მშობლობა ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს შშმ ბავშვის მშობლობა, ძალიან დიდი გამოწვევაა. ყოველდღიური ბრძოლა გიწევს, მის ნაცვლად ლაპარაკი გიწევს, მის ნაცვლად ნაბიჯის გადადგმა გიწევს, მოსმენა გიწევს. როდესაც სახელმწიფო ნორმალურად მუშაობს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ასეთ დროს მშობელი ამ საკითხს გამოწვევად არ აღიქვამს და სიხარულით ხვდება შვილის დაბადებას, ჩვენთან არის შემთხვევები, როცა [შშმ] სტატუსით ან დიაგნოზით გიჩნდება შვილი, შეიძლება არც მოგილოცონ.

თათის ინტელექტუალური შეზღუდვა აქვს, ძალიან დადებითი ადამიანია და პატარაობიდანვე ძალიან კარგი განწყობა შემოჰქონდა ჩვენს ოჯახში, თუმცა სტიგმა, სტერეოტიპები ყოველთვის მოგვდევდა და მოგვდევს დღემდე. მაგრამ დღეს ისეთი ფონი არ არის, რაც იყო 20 წლის წინ, მაშინ ბევრად უფრო მეტი სირთულე და სიმძიმე გვედგა ამ მხრივ“ – ამბობს რუსო.

მიკროცეფალია თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომელიც ხასიათდება თავის პატარა ზომით და ტვინის განვითარების დარღვევით. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მიკროცეფალიის მკურნალობა, ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეული ჩარევას, რაც მეტყველებით, ოკუპაციური და სხვა დამხმარე თერაპიებით შეიძლება დაეხმაროს ბავშვის განვითარებას და გააუმჯობესოს მისი ცხოვრების ხარისხი. რუსო ჰყვება, რომ 20 წლის წინ, როცა თათი დაიბადა, ასეთი სერვისები არ არსებობდა ან თუ არსებობდა, ამის შესახებ დედას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.

„ჩვენამდე, მშობლებამდე, არანაირი ინფორმაცია არ მოდიოდა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა განვითარების შეფერხებაა, ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ჩართო რეაბილიტაციაში. ამ დროს ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ბავშვი სწორად განვითარდეს. ეს ხდებოდა ოჯახის წევრების და ძირითადად ჩემი ძალისხმევით. ბოლოს, როცა ბავშვის დამტოვებელი აღარ მყავდა, ვეღარ ვმუშაობდი, იმიტომ, რომ 24 საათის განმავლობაში მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი.

ეს კიდევ ცალკე პრობელმაა, როდესაც შშმ ბავშვის მშობელი ვერ ახერხებს მუშაობას იმის გამო, რომ არ არსებობს შესაბამისი სერვისი, რომ ამ დროს ბავშვთან უნდა იყოს, მაგალითად, პერსონალური ასისტენტი, რის ხარჯზეც მშობელს დრო გამოუთავისუფლდება სამსახურისთვის და ან ამოსუნთქვის საშუალება ექნება“ – გვიყვება რუსო. 

იგი ამბობს, რომ შშმ ადამიანებისა და მათი მშობლებისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი დამოუკიდებელი ცხოვრებაა.

„რა თქმა უნდა, სრულიად მარტო ვერავინ ცხოვრობს, ყველა ვართ ერთმანეთზე რაღაც წილად დამოკიდებული, თუმცა შშმ პირებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის არ ვეყოლებით [გვერდით], მათ დამოუკიდებლად უნდა შეძლონ ცხოვრების გაგრძელება, რისთვისაც საჭიროა დასაქმება, რომ თავისი წილი შემოსავალი ჰქონდეს ადამიანს და შეეძლოს არსებობა“ – ამბობს რუსო. 

საქართველოს მთავრობას კანონით აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ხელს შეუწყობს საქართველოში შშმ პირების დამოუკიდებელ ცხოვრებას და და მათ სრულ მონაწილეობას, სხვებთან თანაბრად საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

თუმცა რუსო ამბობს, რომ იმ შშმ პირების მომავალზე, რომელთაც დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო პირობები და შესაძლებლობები არ გააჩნიათ, სახელმწიფოს სათანადო ძალისხმევას არ სწევს – “სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისები მწირია და რაც არსებობს, ისიც გაუმართავია”. რუსოს ამის ერთ-ერთ მაგალითად პერსონალური ასისტენტის სერვისთან დაკავშირებული შეზღუდვები მოჰყავს:

„თათი უკვე მეორე წელია სარგებლობს პერსონალური ასისტენტის სერვისით, თუმცა საათების მინიმალური რაოდენობით – 60 საათით თვეში, რაც თითქმის არაფერია… ეს სერვისიც ჯერ -ჯერობით ეხმარება მხოლოდ 18 წლის ასაკის ზევით შშმ პირებს.

ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, უნდა იწყებოდეს მცირეწლოვანი ასაკიდან, ნებისმიერი კონტინგენტისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული. როგორც ვიცი, საკმაოდ ცოტა ბენეფიციარია ჩართული. მე თვითონ ვარ ამ სფეროში დასაქმებული, ვმუშაობ როგორც პერსონალური ასისტენტი, იმიტომ, რომ დრო გამომითავისუფლდა იმ დროში, როდესაც თათისთან ერთად არის მისი პერსონალური ასისტენტი. აი, ამ პერიოდში შემიძლია ვიმუშაო“ – ამბობს რუსო.

შშმ ადამიანებისთვის აუცილებელი სერვისების მწვავე დეფიციტის რაც შეიძლება მალე აღმოსაფხვრელად, რუსო გამოსავალს საქართველოს ევროინტეგრაციაში ხედავს:

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს მდგომარეობა, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ – ვდგავართ გზაგასაყარზე, ქართველი ხალხის სასიკეთოდ გადაწყდება საბოლოოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნელ-ნელა ყველა ის დონორი, რომელიც ძალიან ბევრ ჯანდაცვის სერვისს აფინანსებს საქართველოში და არა მარტო შშმ ადამიანებისთვის, ნელ-ნელა გავა ქვეყნიდან და არ ვიცი რა გზას დაადგება, რა ეშველება აი, ამ ჯგუფს, რომლისთვისაც ეს პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ხშირად მიფიქრია იმაზე, ღირს თუ არა ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში… ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ხარისხი, თუ რამდენად ფასდება შენი შრომა, რომ ღირსეული ცხოვრება გქონდეს… ძალიან არ მინდა ვიცხოვრო ჩემი მეგობრებისგან, ახლო ნათესავებისგან შორს, თუმცა მიფიქრია, რომ სადაც უკეთესი პირობები ექნებათ ჩემს შვილებს საცხოვრებლად, იქ წავსულიყავით, სადაც კარგად ვიცით, თუ რამდენად გამართულია ჯანდაცვა, როგორი სწორი მიდგომები აქვთ ადამიანების მიმართ…

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე მგონია, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია“ – ამბობს რუსო.

რუსო თავადაც არის არასამთავრობო ორგანიზაციის – აჭარის შშმ ბავშვთა მშობლების კავშირის დამფუძნებელი. მან, შშმ ბავშვების სხვა მშობლებთან ერთად ჯერ კლუბი ჩამოაყალიბა, შემდეგ კი – შშმ ბავშვების მშობლების კავშირი.

„ხელვაჩაურის რაიონში შშმ ბავშვების მშობლების შეხვედრაზე დამიძახეს, რომელსაც ატარებდა დაუნის სინდრომის ასოციაციის ხელმძღვანელი ლია და ორგანიზაცია „ხელი-ხელს-ს“ დამფუძნებელი მაია, ორივე გახლავთ შშმ ბავშვების დედები, უძლიერესი ქალები, რომლებიც იმ დღეს გავიცანი. მაშინ დაიბადა იდეა, რომ ბათუმშიც საჭიროა მშობლები ვხვდებოდეთ ერთმანეთს, ვუზიარებდეთ ერთმანეთს ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენ გამოცდილებას.

მათი დიდი მხარდაჭერით მაშინ ჩვენ შევქმენით კლუბი, ასევე ჩამოყალიბდა ორგანიზაცია, რომლის ბაზაზე განხორციელდა კიდეც რამდენიმე პროექტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ წლებში ჩვენი [მშობლების] დაახლოებისთვის, გაცნობისთვის, გაძლიერებისთვის“ – იხსენებს რუსო.

 

რა ეშველება ამ ჯგუფს, თუ დონორები გავლენ ქვეყნიდან? - თათის დედის ბრძოლა შვილისთვის

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივნისის 21 საათიდან 29 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 30 ივნისს და პირველ ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 540 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
  • ტანკი – 8 066 ერთეული [+24]
  • ჯავშანტექნიკა – 15 480 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 14 423 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 109 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 871 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 360 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 509 ერთეული [+50]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 329 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 514 ერთეული [+46]
  • სპეცტექნიკა – 2 431 ერთეული [+11]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 615 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 777 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 446 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 357 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 020 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 049 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბახმაროში „ორბს“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ვადა გაუგრძელეს – მთავრობის განკარგულება

„ორბი ჯგუფი ბახმაროს“, რომელსაც 2024 წლის მაისამდე ბახმაროში სასტუმრო უნდა აემოქმედებინა, საქართველოს მთავრობამ ეს ვალდებულება 2028 წლის ივნისამდე გადაუვადა.

„ორბი ჯგუფი ბახმაროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ მთავრობის შესაბამის განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2024 წლის 17 ივნისს მოაწერა.

მთავრობის ახალი განკარგულებით ცვლილება შევიდა 2019 წლის განკარგულებაში, რომლითაც „ორბს“ სახელმწიფომ ბახმაროში ჯამში 4 ჰექტარზე მეტი მიწა 1 ლარად მიჰყიდა.

ვრცლად ამ თემაზე: ბახმაროში „ორბს“ საქართველოს მთავრობამ 9 ნაკვეთი 1 ლარად გადასცა

2019 წლის ხელშეკრულებით, „ორბს“ ბახმაროში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2029 წლის მაისამდე ეკრძალებოდა. ახალი ცვლილებით კი, 1 ლარად ნაყიდ მიწაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა კომპანიას 2034 წლის მაისამდე ეკრძალება.

ახალ განკარგულებაში „ორბის“ მთავარი ვალდებულება ასეა განსაზღვრული:

„პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არაუგვიანეს 19/06/2028 წლისა, უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის [რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო(ებ)ს, კომერციული დანიშნულების ფართ(ებ)ს; კვების ობიექტ(ებ)ს; სპორტულ მოედანს/მოედნებს, ქონების ან მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას] შექმნის მიზნით, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/ სარემონტო სამუშაოების [რაც ასევე შეიძლება, მოიცავდეს უძრავი ქონების ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს] განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმრო(ები)სა და კვების ობიექტ(ებ)ის ფუნქციონირების დაწყება.

ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს“.

მთავრობის განკარგულებით, ცვლილებები შევიდა ასევე „ორბთან“ გაფორმებულ სხვა [2020 წლის] ხელშეკრულებაშიც და კომპანიას ამ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადად 2027 წლის 31 დეკემბერი განუსაზღვრეს.

„ორბს“ ასევე დაევალა ახალი საბანკო გარანტიების წარმოდგენაც.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ახალი [შეცვლილი] ხელშეკრულების დადებამდე კი, მთავრობა „ორბისგან“ 284 ათას 936 ლარის გადახდას ითხოვს.

ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის, რომლებიც 2019 წელს სახელმწიფომ კომპანია „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცებული აქვს.

ვრცლად ამ თემაზე: ბახმაროში, 4 ჰექტარზე „ორბი“ მშენებლობას იწყებს – განაშენიანების გეგმა დამტკიცებულია

ბახმაროში კომპანია „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტს ორგანიზაცია ურბანული განვითარების ინსტიტუტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

ამასთან, „წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას… კომპლექსი წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთან“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ამ თემაზე:

ორბის მშენებლობა საფრთხეს უქმნის ბახმაროს – ურბანული განვითარების ინსტიტუტი

მოქალაქეებმა კი „ბახმაროს გადასარჩენად“ ეკონომიკის სამინისტროს პეტიციით მიმართეს.

 

მაქსიმალური ვადა 20 წელი – ბათუმის მერია გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წესს ცვლის

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე ბათუმის მერია გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვის გაცემის წესს ცვლის.

მერიის ცნობით, ეს წესი 2010 წელს არის დამტკიცებული და საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილების შესაბამისად განახლებას საჭიროებს. საკრებულოში გადაგზავნილი განკარგულების პროექტის მიხედვით მერია მოქმედ წესს საერთოდ აუქმებს და ახალს ამტკიცებს.

ახალი წესის მიხედვით, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ელექტრონული აუქციონის წესით, შესაბამისი სააუქციონო პირობებით დადგენილი ვალდებულებების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე. ნებართვის მაძიებელი აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად გადაიხდის ნებართვის გაცემის ფასს, აუქციონის შედეგების მიხედვით.

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების მაქსიმალური ვადა მისი ამოქმედებიდან 20 წელი იქნება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიას გარე რეკლამის განთავსების ნებართვის 10-წლიანი ვადით გასხვისება სურდა. ამ ნებართვის შესაძლო 10 წლის ვადით გასხვისებაზე მერიამ ბათუმის 2024 წლის თებერვალში საკრებულოსაც აცნობა, თუმცა, ახალი წესის შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ვადას გაზრდიან და ეს შემთხვევით არ ხდება. უფრო გრძელვადიანი ნებართვის მოპოვება დიდი ალბათობით და ლოგიკურადაც, სურს მას, ვინც ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონს ელოდება.

მერიის მიერ საკრებულოში გაგზავნილ განმარტებით ბარათში ეწერა ისიც, რომ 10-წლიანი ხელშეკრულების საწყისი საფასური 8 მილიონი ლარი იქნებოდა, ახალი წესის მიხედვით კი აუქციონზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე დადგენილი ოდენობით, ბათუმის საკრებულოს მიერ მერიის წარდგინებით. ნებართვის გაცემის საწყისი ფასის დადგენის მიზნით დაკვეთას აუდიტორული საექსპერტო კომპანიისათვის უზრუნველყოფს ნებართვის გამცემი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

აუქციონის პირობებს, მათ შორის, ლოტების რაოდენობას, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის ვადასა და წესს და აუქციონის ბიჯის ოდენობას განსაზღვრავს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ნებართვის გამცემის წარდგინებით.

ვის განკარგვაში გადავა ბათუმის გარე სარეკლამო სივრცე და რა ვადით, სულაც არ არის რიგითი ტექნიკური საკითხი, რომლის შეთანხმებასაც საკრებულოსთან კანონი ითვალისწინებს. როგორ გადანაწილდება ქალაქის ცენტრალურ ადგილებზე დიდი ზომის სარეკლამო ბილბორდები და ვინ მოახერხებს მათზე საკუთარი კანდიდატების ფოტოების განთავსებას, ერთნაირად აღელვებს როგორც „ოცნების“, ისე – ოპოზიციას.

ოპოზიციას ამ საკითხის პოლიტიკური ნაწილი უფრო აშფოთებს – განსაკუთრებით არჩევნების წინ კარგად ჩანს, რომ გრძელვადიან კონტრაქტს დიდი შემოსავლის მიღების პერსპექტივით უანგაროდ არავინ იღებს, ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანიის მფლობელებს შორის ორმხრივია.

გარე რეკლამის განთავსების ახალი წესი საკრებულომ, ხვალ 28 ივნისს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

მთავრობა ბათუმის მერიას მიწის ნაკვეთს „პოზიტიური პირობით“ სთხოვს, თუმცა პირობას არ ასახელებს

აჭარის მთავრობა ბათუმში, ჯაყელის ქუჩის #44-ში, ბათუმის მერიას მიწის ნაკვეთს სთხოვს. საჯარო რეესტრის მიხედვით ამ ნაკვეთის ერთ ჰექტრამდე ფართობის 1/3 წილი ეკუთვნის მუნიციპალიტეტს, დანარჩენი კი აჭარის მთავრობის საკუთრებაშია.

აჭარის მთავრობა მერიას სწერს, რომ ნაკვეთის გასხვისება პოზიტიური პირობით სურს, თუმცა რა არის ეს „პოზიტიური პირობაა“, არ აკონკრეტებს.

ბათუმის მერიას ნაკვეთის გადასაცემად საკრებულოს თანხმობა სჭირდება. როგორც ჩანს, საკრებულო თანახმაა, რადგან საკითხი მომავალ სხდომაზე განსახილველად დღის წესრიგში შეიტანეს.

საკრებულოს დადგენილების პროექტში ეს ჩანაწერი დავის საგანი იყო წინა ხელისუფლების დროსაც, როცა მთავრობა მიწის ნაკვეთებს მერიას „პოზიტიური განკარგვის პირობით“ სთხოვდა, საკრებულოს სხდომებზე კი არასდროს გაჟღერებულა, რა იყო ეს პოზიტიური პირობა.

ამ მიწის ნაკვეთის აჭარის მთავრობისთვის გადაცემის მოთხოვნაზე ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ოფიციალურად მისწერა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, იდენტური შინაარსის მოთხოვნაზე წერილი არჩილ ჩიქოვანმა ქონების ეროვნული სააგენტოსგანაც მიიღო.

დოკუმენტების მიხედვით, 9981 კვ.მეტრი ბათუმის „ნარკოლოგიური ცენტრის“ მიმდებარედ მერიისა და აჭარის მთავრობის ერთობლივ საკუთრებად 2024 წლის მაისში დაარეგისტრირეს იმ პირობით, რომ მერია შემდგომში ამ ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა „პოზიტიური პირობით გასასხვისებლად“.

ამ ნაკვეთის მიმდებარედ ბიზნესმენი ემინ უჩარი 7 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. შესაბამისი დოკუმენტებით ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურს კომპანიამ უკვე მიმართა. დამტკიცებულია როგორც პროექტის კონცეფცია, ასვე განაშენიანების დეტალური გეგმა. ამავე დოკუმენტების მიხედვით, პროექტის ავტორი ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ყოფილი უფროსი, მირიან მეტრეველია.

დოკუმენტების მიხედვით, ემინ უჩარის კომპანია შპს MAQRO კახაბრის ქუჩაზე #48-ში რვა ჰექტარზე მეტ ტერიტორიას [87 386 კვ.მეტრი] ფლობს. ტერიტორია სამ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. მერიის რუკაზე მოცემული ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაშია, სადაც დადგენილი კ2 კოეფიციენტია 1.8.

კომპანია მერიას სწერს, რომ გეგმავს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც ჯამში შვიდ შენობას გააერთიანებს.

კონცეფცია
კონცეფცია – რენდერი

ემინ უჩარი საქართველოში მსხვილ ბიზნესს და ქონებას ფლობს, მათ შორის შპს „მაქრო ქონსთრაქშენს“, შპს „მაქრო ფუდსა“ და „მაქრო ტურიზმს“.

მან ბიზნესსაქმიანობა აზერბაიჯანში, ნახიჩევანის რეგიონში დაიწყო. ცნობილია მის კავშირებზე ამ რეგიონის მმართველთან, ვასიფ თალიბოვთან.

დაინტერესებულია თუ არა ემინ უჩარი მისი კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთის შეძენით, ეს ჯერ-ჯერობით არ ვიცით. კითხვაზე, რა არის ის პოზიტიური პირობა, რომლითაც მთავრობა მიწის ნაკვეთის გასხვისებას გეგმავს, არც ბათუმის მერიაში გვიპასუხეს და არც საკრებულოში.

ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იჭიდავებს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ცნობით, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიადას ჩამოშორებული ბელარუსი სპორტსმენის – მასკევიჩის ადგილს ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი დაიკავებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამი სპორტსმენით გამოვა. ლაშა გობაძის გარდა, ოლიმპიადაზე იჭიდავებენ რამაზ ზოიძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ).

ლაშა გობაძე ხულოდანაა. იგი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

პარიზის ოლიმპიური თამაშები წელს, 26 ივლისს გაიხსნება.

ქობულეთში სანაპიროს აღდგენა სეზონზე შეჩერდება – სამუშაოებში 1,9 მილიონი იხარჯება

ქობულეთის პლაჟის გასწვრივ გრძელდება შტორმის შედეგად დანგრეული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოები, რაშიც 2 მილიონამდე ლარი იხარჯება.

როგორც ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, სამუშაოები სეზონზე შეჩერდება და სექტემბრიდან განახლდება:

„სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია და ძირითადი სამუშაოები [დაზიანებული ინფრასტრუქტურის, სკამების, დამცავი კედლის, პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების მოწყობა] 5 ივლისამდე დასრულდება. საბანაო სეზონი ოფიციალურად ქობულეთში 13 ივლისს გაიხსნება. სანაპირო ზოლში დარჩენილი სამუშაოები კი [დაზიანებული ბოძებისა და მცენერეების აღდგენა] სექტემბრიდან განახლდება.“

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქობულეთის ზღვისპირა ზოლში / 27.06.2024

სანაპირო ზოლის აღდგენაზე ქობულეთის მერიას ტენდერი 1 928 800 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ხელშეკრულება მერიამ 2024 წლის 11 აპრილს ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიასთან, „ჯორჯიან სტოუნთან“ 1 908 797 ლარზე გააფორმა.

პირობის მიხედვით სამუშაოების დასასრულებლად ვადა კომპანიას ხელშეკრულების დადებიდან 120 დღე, ანუ 2024 წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდე აქვს.

შესყიდვების პორტალის მიხედვით კომპანიისთვის, 2024 წლის 27 ივნისის მდგომარეობით, უკვე გადარიცხულია სახელშეკრულებო თანხის 40%, ანუ 767 ათას 680 ლარი [აქედან 300 ათასი ლარი ავანსად].

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 5 ივლისს შეწყდება და სექტემბრიდან განახლდება / 27.06.2024

ზღვისგან დანგრეული სანაპიროს აღდგენა იმ პროექტის მიხედვით მიმდინარეობს, რომელშიც ქობულეთის მერიამ 29 ათას 520 ლარი გადაუხადა კომპანია „არტ იდეას“.

„არტ იდეასთან“ საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებაზე მერიამ ხელშეკრულება პირდაპირი წესით, ტენდერის გარეშე გააფორმა 2023 წლის 26 დეკემბერს, პროექტი კი მერიამ 2024 წლის 4 მარტს ჩაიბარა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 5 ივლისს შეწყდება და სექტემბრიდან განახლდება / 27.06.2024

როგორ გამოიყურებოდა ქობულეთის სანაპირო 2023 წლის 27 ნოემბრის შტორმის შემდეგ, ნახეთ ამ ბმულზე:

როგორ გამოიყურება ქობულეთის სანაპირო შტორმის შემდეგ | ფოტო

„ფრთხილად უნდა ვიყოთ“ – ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაზე

ესპანეთის მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა. მისი კომენტარი ესპანურ მედიაში ვრცელდება.

„ჩვენ მათ მაქსიმალურ პატივს ვცემთ. ეს არის გუნდი, რომელიც შესანიშნავად ატარებს ტურნირს და რომელმაც დაამარცხა პორტუგალია… ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი იხვეწებიან, უმჯობესდებიან და პროგრესირებენ. ჩვენ მოგვიწევს ჩვენი საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ, რომ გვქონდეს გასვლის შანსი.

…ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გარკვეულწილად შეცვალეს სისტემა, მაგრამ არა იდეა, რაც მათ აქვთ მოთამაშეებით, რომლებიც ძალიან სწრაფად გადადიან თავდაცვიდან თავდასხმაზე და პირიქით. ჩვენ ძალიან ფრთხილად ყოფნა მოგვიწევს. მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება და კვალიფიკაციაში თავდაჯერება, ასევე, მოტივაცია, რომელიც პორტუგალიის დამარცხების შემდეგ გაუჩნდათ, მათ უფრო საშიშს ხდის“ – განაცხადა დე ლა ფუენტემ.

საქართველომ 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე დაამარცხა პორტუგალიის ნაკრები და მერვედფინალში გადავიდა.

შემდეგ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ტურნირის ფავორიტი, ესპანეთის ნაკრები იქნება.

მატჩი 30 ივნისს, კვირას, 23 საათზე გაიმართება.

_____________________

ფოტო: CNN

უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ამირან ზოიძე დაიღუპა

უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ამირან ზოიძე დაიღუპა.

უკრაინაში ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, ის ავდიივკას ბრძოლებში დაიღუპა.

ამირან ზოიძე რამდენიმე თვეა, რაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

დაღუპული ქართველი მებრძოლი ბათუმში ცხოვრობდა.

უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 2022 წლიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

2:0 – საქართველოს ისტორიული გამარჯვება პორტუგალიასთან

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრაში, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 2:0.

პირველი გოლი პორტუგალიის კარში მატჩის დაწყებისთანავე გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ, მეორე გოლის ავტორი კი გიორგი მიქაუტაძე გახდა.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, გელზერკინხენში, „ფელტინს არენაზე“ შედგა.  

ამ ისტორიული გამარჯვებით საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

მომდევნო მატჩი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 ივნისს აქვს ესპანეთთან.

მოგების შემთხვევაში საქართველო მეოთხედფინალში გადავა, სადაც გერმანიასა და დანიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 539 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260]
  • ტანკი – 8 042 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 15 459 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 14 363 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 108 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 868 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 459 ერთეული [+24]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 324 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 468 ერთეული [+61]
  • სპეცტექნიკა – 2 420 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 704 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 439 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 356 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 963 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 008 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

„რუსული ჩექმა დაავიწყდათ?“ – ემიგრანტი იტალიიდან ფლორენციაში საარჩევნო უბანს ითხოვს

„სად წავიდეს ამდენი ემიგრანტი, თუ ჩაიკეტება ევროპის კარი? სად იმუშაოს? მე ამ კითხვას ვუსვამ საქართველოს მთავრობას“ – სათქმელი აქვს იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, მანანა ბოლქვაძეს. მას „ბათუმელები“ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვაზე ესაუბრა.

მანანა ბოლქვაძე მეექვსე წელია ემიგრაციაშია, ის ფლორენციაში მუშაობს. უვიზო მიმოსვლაზე შეკითხვის პასუხად ქართველ ემიგრანტს იტალიაში მყოფ ემიგრანტებთან ბოლოდროინდელი დიალოგი ახსენდება:

„ძალიან ბევრი ემიგრანტია გულშემოყრილი. ერთი ქალი ამბობდა, რა გვეშველება, სახლში რომ წავიდე და უკან ვეღარ დავბრუნდე, ჩემს შვილს და ოჯახს ვინ აჭმევსო. თუ ასე მოხდა და უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, ეს მთავრობის ბრალი იქნება. მთავრობა მხოლოდ იმას უყურებს, რომ თვითონ იყოს კარგად და კიდევ ერთი და ორი ადამიანი.

აქ მცხოვრები ემიგრანტები ჰყვებოდნენ იმასაც, რამდენად რთული იყო წლების წინ ევროპაში მუშაობის დაწყება: 4 ათასი ევრო გვაქვს გადახდილი, აქ რომ ჩამოვსულიყავითო,“ – გვიყვება მანანა.

„რუსული ჩექმა დაავიწყდათ?“ - ემიგრანტი იტალიიდან ფლორენციაში საარჩევნო უბანს ითხოვს

მანანა ბოლქვაძე ქობულეთიდანაა. წლების წინ ის ბათუმის მერიის თანამშრომელი იყო და ვეტერანთა დეპარტამენტში მუშაობდა. უმუშევრად დარჩენილმა ყოფილმა საჯარო მოხელემ მაშინ სამუშაოდ წასვლა ევროპაში არჩია.

ქართველი ემიგრანტი განსაკუთრებული ემოციით უყურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროპისკენ მიმავალ გზას უკეტავს და აახლოებს რუსეთთან:

„რუსეთში წავა ამდენი ემიგრანტი? რუსეთი მისცემს მათ იმდენს, რამდენსაც ევროპაში ვშოულობთ? რუსეთს აინტერესებს მხოლოდ საქართველოს მიწა-წყალი.

ბატონ-ყმობა იქნება – რუსეთი რასაც გიბრძანებს, ის უნდა გააკეთო. რუსული ჩექმა დაავიწყდათ?

კარგის მეტი რა გააკეთა ევროპამ საქართველოსთვის? კარი გაუღო და მიიღო ამდენი ემიგრანტი, შეიფარა, დაუდგა გვერდით.

ბებია, რომელსაც ვუვლიდი, ის მიყვებოდა: თავიდან ჩვენს ოჯახსაც არაფერი გვქონდა, მუდმივად მკერავად ვმუშაობდი, მეუღლე გემზე მუშაობდა, დავზოგეთ თანხა და ისე მოვაწყვეთ ყველაფერი, შვილი პროფესორი ჰყავდათ, მაგრამ მათ მთავრობა ეხმარებოდა, კი არ ღლეტდა,“ – გვითხრა მანანამ.

მან გვითხრა ისიც, რომ ფლორენციაშიც უნდა ჰქონდეთ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„4 წლის წინ რომ იყო არჩევნები, მივიღე მონაწილეობა – რომში ჩავედით. გვაქვს სურვილი, უბანი გაიხსნას ფლორენციაში, რადგან ბევრი ქართველი ვერ წავა არჩევნებზე ასე შორს სამუშაოს გამო, მოხუცს ვერავის დაუტოვებს…

ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში. მარტო ჩემით არ წყდება. მე შემიძლია დღეს ევროპაში ვიყო,“ – ამბობს მანანა ბოლქვაძე და პაუზის შემდეგ ემიგრაციაში ყოფნის პირველ დღეებს იხსენებს.

„როცა კარები მივხურე საქართველოში და ჩემი დედის საფლავი დავტოვე, ყველაზე რთული ეს იყო ჩემთვის… რთულია შენი მიწა-წყლის დატოვება. რაც არ უნდა უჭირდეს საქართველოს, ის ჩემი საქართველოა მაინც.

ძალიან თბილად მიმიღო ევროპამ. თავიდან იყო ენის ბარიერი, ენა არ ვიცოდი – ხელის და ფეხის მოძრაობებით ვახვედრებდი ყველაფერს. იტალიელმა ბებომ პირველივე შეხვედრაზე მითხრა, შენ ჩემი შვილიშვილი ხარო. მკითხა მანამდე, საიდან ხარო. მაშინ გავიფიქრე, ენასაც ვისწავლი და ყველაფერს შევძლებ, როგორი კარგი ადამიანები ყოფილან-მეთქი. 4 წელი მასთან ვიმუშავე, ვიდრე გარდაიცვლებოდა. ძალიან კარგი შვილი ჰყავდა, ახლაც ვმეგობრობ მასთან.

ვიდრე თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები დაიწყებოდა, დის შვილიშვილთან ერთად მივდიოდი ქუჩაში, მოხუცი შეგვხდა – ქუჩაში იჯდა და მწვანილებს ჰყიდდა, გაჭირვებამ დამსვა აქო. რატომ უნდა იყოს საქართველო ასე? მე ასაკოვან ადამიანებზე ვამბობ, თორემ ახალგაზრდებმა ყველამ უნდა ვიმუშაოთ.

ჩემთვის ევროპა, პირველ რიგში, თავისუფლებაა – როგორც მინდა, ისე ვცხოვრობ. ევროპაში შენით დაინტერესებული არავინ არ არის .აქ ყველა თავის საქმეს აკეთებს,“ – საუბრის ბოლოს ევროპულ ცხოვრებაზე დაკვირვებაც გაგვიზიარა მანანა ბოლქვაძემ.

„გადასახლებისას დედა ფეხმძიმედ იყო, ბავშვი დაეღუპა“ – ორგზის რეპრესირებული ოჯახის ისტორია

„როცა ჩემი მშობლები გადაასახლეს, დედაჩემი ფეხმძიმედ იყო. ყაზახეთში რომ ჩავიდა, იქ იმშობიარა. მაგრამ ბავშვმა დიდხანს ვერ იცოცხლა, რაღაც ავადმყოფობა შეხვდა და  გარდაიცვალა. საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ,“ – ასე იწყებს საკუთარი ოჯახის რეპრესირების ამბის მოყოლას ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.

„ორგზის რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარო“, – იქვე ამატებს.

აბუსერიძეების ოჯახმა სტალინური რეპრესიები ორჯერ გამოიარა. პირველად 1937 წელს, მეორედ კი 1951 წელს.

„ბაბუაჩემი, ზაბით აბუსერიძე გასაბჭოებამდე თურქეთში, სამსუნში გადადიოდა სავაჭროდ. გასაბჭოების მერე საზღვრები რომ ჩაიკეტა, ბაბუა დარჩა თურქეთში. ბებიაჩემი აიშე ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა – დარჩა მარტო ბავშვებთან. ერთი პერიოდი წერილებს წერდნენ თურმე ერთმანეთს. ბებია მიყვებოდა: მივწერე, ცოლი შეირთე და შვილი გააჩინე, მომვლელი მაინც გეყოლება-მეთქი. მართლაც შეირთო ბაბუამ მეორე ცოლი და ასე გააგრძელა ცხოვრება თურქეთში.

საქართველოში დარჩენილი მისი ოჯახი კი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ჯერ ბიძაჩემი, სულეიმან აბუსერიძე დაუჭერიათ. ვიღაცებმა უჩივლეს – „სულეიმანი მოღალატე კაცია, თურქეთში გადასვლა უნდა ალბათ მამამისთანო“. ბიძაჩემი დაიჭირეს ამის მერე და გააქრეს. დაიკარგა, აღარაფერი გვსმენია მის შესახებ,“ – გვიყვება მისი წინაპრების ისტორიას ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.

17 სოფელი დაგვხვდა სადგურზე, სადეთის ძმისშვილი ჩამოდისო - საბჭოთა პერიოდში გახლეჩილი ოჯახის ისტორია

ჟუჟუნა აბუსერიძის თქმით, ბიძის დაპატიმრების და გაქრობის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ აბუსერიძეების ოჯახის სრული რეპრესირება განიზრახა.

„ბებიაჩემი აიშე და მამაჩემი, მამუდ აბუსერიძე, შუახევიდან, სოფელ უჩამბადან იყვნენ. მამის მონათხრობიდან ვიცი, რომ 1937 წელს დაატოვებინეს მშობლიური სოფელი და გადაასახლეს ციმბირში.

მთელი ოჯახი გააციმბირეს. მამა მიყვებოდა, რომ ციმბირში საშინელ პირობებში მოუწიათ ცხოვრება. მამაჩემს აიძულებდნენ მუშაობას, საკმაოდ საშიშ სამუშაოზე. მდინარეში ჩაყრილი მორების გასწორება ევალებოდა თურმე. რამდენიმე წელში გაათავისუფლეს. მამა ამბობდა, ციმბირიდან დაავადებულები დავბრუნდით, მაგრამ ყოჩაღები ვიყავით მაინც და ერთმანეთს ვუპატრონეთო. ცხოვრება გააგრძელეს უჩამბაში.

მამას შრომა არ ეზარებოდა. მუხლჩაუხრელი შრომით მიაღწია იმას, რომ ძლიერი ოჯახი შექმნა დედაჩემთან ერთად.

მაგრამ მოვიდა 1951 წელი და მეორედ მოუწია გადასახლება. ამჯერად გადაასახლეს დედაჩემი, მამაჩემი, ბებია და ჩემი ერთი წლის ძმა. დედა, როგორც გითხარით, ფეხმძიმედ იყო, როდესაც ყაზახეთისკენ გაუყენეს რთულ და სახიფათო გზას. მიზეზი? ბევრი ქონება გაქვსო. 50 ძირი სკა ჰყოლია მამას, ასევე საქონელი. ძალიან მშრომელი იყო და ეს არ აპატიეს,“ – გვიყვება ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.

აბუსერიძეების ოჯახი

რეპრესირებულის შვილი იხსენებს, რომ 1951 წელს მამუდ აბუსერიძეს სამუდამო განსახლების ცნობა მიუვიდა. თუმცა 1953 წელს, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, აბუსერიძეების ოჯახის მიმართ გამოტანილი განაჩენი შეიცვალა და მათ სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს.

„დაბრუნდა მამაჩემი ოჯახით საქართველოში. მაგრამ უჩამბაში ცხოვრება აღარ მოინდომა. არ მინდა იმ სოფელში დაბრუნებაო. სოფელ ქვედა აჭყვაში დასახლდნენ. ჩვენი სოფელი ახლოს იყო საძოვრებთან. მამაჩემი, როგორც გითხარით, ძალიან მშრომელი კაცი იყო. ვეტერინარის განათლება ჰქონდა. მოაშენა საქონელი ისევ, ააშენა სახლი და დაიწყო ბებიასთან ერთად ცხოვრება აჭყვაში. ჩემი ძმის გარდა, რომელმაც მცირე ასაკში გამოიარა გადასახლების სიმძიმე, დანარჩენი შვილები აქ გავჩნდით,“ – იხსენებს ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.

რეპრესირებულის შვილის თქმით, მამამისი, მამუდ აბუსერიძე სულ ცდილობდა გაეგო მიზეზი, თუ რატომ გადაასახლეს და ორჯერ გამოატარეს უმძიმესი გზა.

„წერილებს წერდა, არ ჩერდებოდა. უდანაშაულო ვარ და რის გამოო – სვამდა ამ კითხვას. შეიტანა განცხადება სასამართლოში – „სახელი მაინც აღმიდგინეთ, აღიარეთ, უდანაშაულო რომ ვიყავიო“.

მახსოვს 1961 წელს მიიღო რეაბილიტაციის ფურცელი. ამ ცნობაში ეწერა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი არ დასტურდებოდა და რეაბილიტირებული იყო. ძალიან გაუხარდა მამას. როგორც რეპრესირებულმა კომპენსაციაც მიიღო, მაგრამ იმ თანხიდან ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს თვითონ.

მამა ობოლ ძმისშვილს ზრდიდა. ჩვენთან ერთად იზრდებოდა ჩვენი ბიძაშვილი. კომპენსაციის ფული მთლიანად მას მოახმარა მამამ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რეაბილიტაციის ცნობის მიღება, რადგან ამით დადასტურდა, რომ არც მამაჩემს და არც ბიძაჩემ სულეიმანს დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი,“ – ამბობს ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.

საქართველოს 7 -კაცა რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს ჰამბურგში ითამაშებს

საქართველოს 7-კაცა გერმანიაში, ჰამბურგში, რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს ითამაშებს 28-30 ივნისს.

პირველი, მაკარსკას (ხორვატია) ეტაპის მეოთხე ადგილზე დასრულების შემდეგ, საქართველოს 14 ქულა აქვს და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

ჩელენჯერზე ევროპიდან სამი გუნდი გადის და ამ მომენტისთვის პირველი ადგილზე გერმანიაა 16 ქულით, საქართველო მეორე პოზიციაზეა 14 ქულით, მას 2 ქულით პორტუგალია, ხოლო 4-ით იტალია ჩამორჩება. მე-8 ადგილზეა ბელგია 6 ქულით, მე-10-ზე – ლიეტუვა 3 ქულა, ხორვატია და უკრაინა კი ბოლო ორ ადგილს იკავებენ.

ჰამბურგში, ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს მეტოქეები ესპანეთი, ლიეტუვა და მასპინძელი გერმანია იქნებიან.

28 ივნისს ორი თამაშია – საქართველოს დროით 13:58 საათზე – ესპანეთთან, ხოლო 18:58 საათზე – ლიეტუვასთან. ჯგუფური ეტაპი 29 ივნისს გერმანიასთან მატჩით დასრულდება.

გერმანიასთან თამაშის შემდეგ „ფლეი ოფის“ ეტაპი დაიწყება და  მეორე, დასკვნითი ეტაპი 30 ივნისს ნახევარფინალებითა და ფინალებით სრულდება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 7 -კაცა რაგბის ნაკრების ყველაზე დიდი მიღწევა 2008 წლით თარიღდება. მაშინ ჩვენმა ნაკრებმა ჰანოვერში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, უზრუნველყოფილი იქნება კენჭისყრის იმიტაცია, კერძოდ საარჩევნო მოხელეების მეთვალყურეობით, დაინტერესებული პირები თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს (საცდელი წრის გაფერადება, ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება), მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას როგორც უშუალოდ საარჩევნო აპარატების გამოყენების, ისე საქართველოში საპილოტე რეჟიმში ჩატარებული ელექტრონული არჩევნების შესახებ.

პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდება. მონაწილეობის მსურველებმა, 2024 წლის 26 ივნისიდან ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://calendly.com/d/ck3d-mpp-4v6  და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო. დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში, კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით კონტაქტ – ჰაბის ნომერზე 2 51 00 51.

შეხვედრები ჩატარდება 6 – 28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას 11 საათიდან 18:00 საათამდე.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროცესში და გაეცნონ  საარჩევნო  ტექნოლოგიებს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის ვისაც უკვე არაერთხელ მიღებული აქვს მონაწილეობა ცესკოს სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება და მოახლოებული არჩევნებისთვის ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც, ასევე, ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წელიწად ნახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის 3 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 400 000-მდე ამომრჩეველი.

საარჩევნო ადმინისტრაცია ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებს და პროექტებს არჩევნების დასრულებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპად რეგულარულად განახორციელებს.

დღეს ბათუმში ავტობუსები ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ ფეხბურთის გამო – მერია

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმში, საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშის ყურება ბათუმის სტადიონთან და ანბანის კოშკთან იქნება შესაძლებელი.

მატჩის შემდეგ, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსები შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: #1, #1ა, #2, #3, #4, #7, #8, #9, #10, #11, #12, #13, #16 27 ივნისის 02:00 საათამდე იმოძრავებს.

საქართველო-პორტუგალიის შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე იწყება.

აჭარის სოფლებში წყლის სისტემისთვის აღებული სესხი ვერ აითვისეს – 98 000 ევრო ზედმეტადაა გადახდილი 

სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, 2023 წლის ბოლოს აჭარის ბიუჯეტის მიერ აღებული სესხებიდან ათვისებული იყო 80,1 მილიონი ლარი, რაც ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ 37.3 პროცენტია. სესხის აუთვისებლობის გამო დარიცხულმა პროცენტმა კი ჯამში 98 ათასი ევრო შეადგინა.

„საკრედიტო რესურსი ვერ იქნა ათვისებული აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამისათვის გამოყოფილი სესხის ფარგლებში. საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველწლიურად სესხის აუთვისებელ ნაწილზე ხორციელდება ვალდებულების გადასახადის გადახდა, აუთვისებელი თანხის 0.5%-ის ოდენობით“ – წერს აუდიტი.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიერ აღებული სესხების მოცულობა 215 018 700 ლარს შეადგენდა [1 EUR = 2.8 ლარი – ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი 31/12/2023], საიდანაც ათვისებულია 80 122 600 ლარი.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხები / წყარო: აუდიტი

საანგარიშო პერიოდისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამისათვის გამოყოფილი 40 მლნ ევროს მოცულობის სესხიდან ათვისებულია 11 მლნ ევრო.

„მოწოდებული ინფორმაციით, სესხის აუთვისებლობის მიზეზია შესყიდვის განსახორციელებლად გამოცხადებული ტენდერის ორჯერ წარუმატებლად დასრულება“ – წერს აუდიტი.

მიუხედავად ამისა, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, უზრუნველყოფილ იქნეს პროექტის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების იდენტიფიცირება, ხარვეზებზე დროული რეაგირება და მოზიდული ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება“.

აჭარის სოფლებსა და დაბებში წყლის და წყალარინების თანამედროვე სისტემის მოწყობის პროექტს „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა – მის აქციებს ფლობენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი, ბათუმის ჩათვლით.

პროექტის ფარგლებში სამუშაოების ჩატარებაზე „ალიანსს“ საერთაშორისო ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც გამარჯვებულად საბოლოოდ შპს „გზა“ გამოავლინეს. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 62 მილიონი ევროა.

ვრცლად ნახეთ ბმულზე:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

 

ბათუმში და ქალაქის შემოგარენში აბონენტების ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა

კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო დღეს, 26 ივნისს, წყალმომარაგება შეეზღუდათ აბონენტებს:

  • ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში
  • ბენზეში
  • ბარცხანაში
  • წინსვლაში
  • ორთაბათუმში
  • ჩაისუბანში
  • მაიაკოვსკის, გ. წერეთლის, თაბუკაშვილის, სახოკიას, სვიშევსკისა და ნიჟარაძის ქუჩებზე

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდება აბონენტებს დღეს, 22:00 საათამდე შეუწყდათ.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 538 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
  • ტანკი – 8 039 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 15 450 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 14 321 ერთეული [+40]
  • MLRS – 1 108 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 863 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 435 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 324 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 407 ერთეული [+45]
  • სპეცტექნიკა – 2 409 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 642 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 433 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 353 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 913 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 975 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკში ორი „ისკანდერი“ გაისროლა – 4 ადამიანი დაიღუპა, ათობით – დაიჭრა

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

აჭარაში, გურიაში და სხვა რეგიონებში მოსალოდნელია ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

„26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა.

საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს – საფრთხის დონე მაღალი“ – იუწყება სააგენტო.

მთავრობა რთულ სიტუაციაში გვაგდებს ემიგრანტებს – ხულოდან ემიგრაციაში წასული მასწავლებელი

„საქართველოს მთავრობა საკმაოდ რთულ სიტუაციაში გვაგდებს ათასობით ემიგრანტს საზღვარგარეთ“, – ამბობს 47 წლის დარო ბოლქვაძე, მასწავლებელი, გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი ქალი ხულოს სოფელ დეკანაშვილებიდან.

„როგორც მე ვხედავ, საქართველოს მთავრობა დარჩენილ ქართველებზე კი არა, წამოსულ ქართველებზეც არ ფიქრობს. რასაც ამბობს ჩვენი მთავრობა, რომ ევროპა გვიქმნის საფრთხეს დავკარგოთ ენა, მამული და სარწმუნოება, მე ამის ძალიან მრცხვენია“ – ამბობს ემიგრანტი. 

დარო შიშობს, რომ რუსული კანონი, რომელიც ქართველი ხალხის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ბევრ პრობლემას შეუქმნის ქვეყნიდან წასულ ემიგრანტებს.

„როდესაც საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები მიდიოდა, აქ ყველა დედა შეშფოთებული იყო. ვიცი, რომ რამდენიმე უკვე წამოსვლასაც გეგმავდა, რადგან მათი შვილები წინა ხაზზე იდგნენ. სამწუხაროდ, ეს კანონი მაინც მიიღეს, რასაც დრამა მოჰყვა აქ.

პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად შეგვექმნება პრობლემა თანხების გადარიცხვა-გადმორიცხვაში, ამაზე უკვე ლაპარაკობენ და რამდენადაც არ უნდა დავმშვიდდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვიცით, რომ საზღვარზე განსაზღვრული ლიმიტის გამო [ფულის] გამოტანის საშუალებაც არ გვაქვს.

მე თუ ვიმუშავებ და ჩემს შვილს, ჩემს სტუდენტს, ჩემს ავადმყოფს, ჩემს მოხუც დედას ვერ შევეწევი, რატომ ვმუშაობ აქ, რა მინდა?!

თუ ევროპაში არ წამოვიდა ხალხი სწავლისთვის, განვითარებისთვის ან სამუშაოდ, საქართველო რას მომცემს მე?! ვერაფერს. ძალიან გაუჭირდება. დავანებოთ ეკონომიკურ კრიზისებს თავი, ახალგაზრდებს არ ექნებათ ისეთი განვითარება და განათლება, როგორიც სჭირდებათ. საქართველოში უმაგრესი თაობა მოდის დღეს, მათ ევროპული განათლება სჭირდებათ.

მე არ ვიცნობ თბილისის ელიტას და მთავრობას. ვიცნობ ჩვენ, აჭარის მთავრობას. თუ ასე ძალიან მოსწონთ რუსული კანონი, შეუძლიათ წავიდნენ რუსეთში.

როცა ევროპული მანქანის საჭეს ატრიალებ და ევროპული ბრენდის საათი გიკეთია [რუსულ კანონზე] ხელმოწერის, ხელის აწევის დროს, რასაც ძალიან კარგად ვხედავთ ევროპიდან ქართველები, როგორ არ ვთქვა – „არა რუსულ კანონს!“ თუ შენ [ევროპა] მოგწონს, მე რატომ მაიძულებ, რომ ვიცხოვრო რუსეთში?“ – ამბობს დარო.

დარო ბოლქვაძე 2 წელია და 6 თვეა რაც ემიგრაციაში იმყოფება. ქალის თქმით, ძალიან რთულია ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტო, მით უფრო მაშინ, როცა არც მონდომებას და არც ბრძოლას არ აკლებ, რომ შენს სამშობლოში მოახერხო შესაფერი სამსახურის პოვნა, მეტ-ნაკლებად ღირსეული ანაზღაურებით.

„ძალიან ბევრი ფიქრი სჭირდება ჩემოდნის ჩალაგებას, გადაწყვეტილებას კი ზუსტად 4 წუთში იღებ.

მე კიდევ ძალიან დიდხანს ვიბრძოლე ჩემს სამშობლოში. ბევრი ვეცადე, მივიღე განათლება, გავიარე უამრავი ტრენინგ-კურსი, აქტიურად ვიყავი სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართული და ბოლომდე მეიმედებოდა, რომ მიუხედავად ჩვენი მინიმალური ხელფასებისა, ოდესმე მაინც გამოჩნდებოდა შესაფერისი სამუშაო ჩემთვის, თუმცა საბოლოოდ ჩემი ეს აქტიური ცხოვრება მხოლოდ უამრავი სერტიფიკატითა და დიპლომით შემოიფარგლა.

საფუძველი ჩემს წამოსვლას 2 წლის უკან, იანვარში დაედო, როდესაც მივიღე შემოთავაზება, რომ მე, როგორც მარტოხელა დედას, მექნებოდა სოციალური დახმარება და რაიონის მთავრობა ქირით გამიყვანდა საცხოვრებლად. ეს იყო ჩემთვის ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი შემოთავაზება, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელსაც შემიძლია შრომა და მაქვს იმდენი განათლება მიღებული, რომ შემეძლო დავსაქმებულიყავი. ჩემს უკან დავინახე ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებოდათ სოციალური დახმარება და სჭირდებოდათ ქირით გაყვანა.

წლების განმავლობაში ხულოს მუნიციპალიტეტს ვთხოვდი, რომ შეეწყოთ ხელი, როგორც მარტოხელა დედისთვის, რომ მეცხოვრა ცალკე. ვცხოვრობდი ძმის ოჯახში, სადაც არავის არ მოვბეზრებივარ, მაგრამ მათ ჰყავთ ოთხი შვილი. ძალიან ბუნებრივი იყო, როდესაც შენდებოდა ხულოს სოციალური სახლები, გავაკეთე განაცხადი, იმედი მქონდა, რომ როგორც მარტოხელა დედა, დავაკმაყოფილებდი რაღაც დონის კრიტერიუმს, მაგრამ მითხრეს, რომ მე არ ვიყავი მარტოხელა დედა, რადგან ვიყავი ქორწინებაში და ქორწინებაში მყავდა შვილი გაჩენილი.

კი ბატონო, ქორწინებაში მეყოლა შვილი, მაგრამ იქ აღარ ეწერა, რომ რვა თვის ორსული, რომელმაც მივატოვე ოჯახი, თუ მიმატოვეს, მარტო ვზრდიდი ამდენ ხანს შვილს და მინდოდა მცირედი მხარდაჭერა, თუნდაც ნაწილობრივი“, – გვეუბნება ქალი, რომელიც მეუღლეს წლების წინ გაეყარა ოფიციალურადაც.

„ერთი თვის განმავლობაში ჩალაგდა ძალიან ხასხასა, წითელი ჩემოდანი, რომელიც გაუფერულდა დამძიმებული ფიქრებით და აღმოვჩნდი სასაზღვრო ზოლში.

როცა მივდიოდი და ვუყურებდი ადამიანებს, მებრალებოდა ყველა მიმავალი, რადგან არ იცოდნენ სად მიდიოდნენ, რა ელოდათ და მებრალებოდა ყველა მომავალი, რომლებმაც არ იცოდნენ სიმწრით ნაშოვნი ფული სად დაებანდებინათ: ბავშვის განათლებაში, საყოფაცხოვრებო დონის მოწყობაში თუ სხვა საჭიროებაში.

ძალიან რთულია, როდესაც გადმოდიხარ ავტობუსიდან და არ იცი სად მიდიხარ. პირველი დღეები ყველა ემიგრანტისთვის კატასტროფულია“- ამბობს დარო.

ის პირველად თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ჩავიდა, სადაც ნახევარი წელი მუშაობდა.

„პირველი, რამაც გული დამწყვიტა, ის იყო, რომ ჩემი ოჯახის მასპინძელი პედაგოგი ქალი იყო, რომელსაც თავისი ხელფასი ჰყოფნიდა ორი შვილის აღზრდაში, განათლებაში, სახლში დამხმარის ყოლაში.

მე გამიმართლა. მევალებოდა ორი მოზრდილი ბავშვის მოვლა: დილით გაღვიძება, სკოლაში გაცილება, სადილის გამზადება, დალაგება, დასუფთავება, დახვედრა და ა.შ., მაგრამ ყველას ასე არ უმართლებს. მე, სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებით, მქონდა ჩემი ოთახი, ჩართული ტელეფონი, არ ვიზღუდებოდი ლაპარაკის დროს და არ მეკრძალებოდა არაფერი.

როდესაც დასვენების დღეს გავდიოდი და ვისმენდი სხვა ემიგრანტების წუხილს და დარდს, ვეღარც კი ვამბობდი ჩემს შედარებით კარგ პირობებს. მერიდებოდა“, – იხსენებს დარო ჩვენთან საუბრისას.

შემდეგი ქვეყანა ქალისთვის შვეიცარია იყო, სადაც წელიწადი და სამი თვე იმუშავა – „შვეიცარია აეროპორტების ქვეყანაა. როდესაც იქ ვიყავი მეგონა, რომ ყველა გადაფრენილი თვითმფრინავი საქართველოში მიფრინავდა. წამოსვლის სურვილი ყველას გვაქვს, ოღონდ მერწმუნეთ, რომ არავინ არ ადის ჯერჯერობით იმ რეისზე, რომელიც საქართველოში გადმოგვაფრენს. ისევ ჩვენი სოციალური პირობების გამო.

როცა ახალგაზრდა ქალს, ჯან-ღონით სავსეს მეუბნები – „გამოგიყვან ქირით და გადაგიხდი“, მე იმ საქართველოში არ დავბრუნდები. მე შემიძლია შრომა, მიწაზეც კი.

მე ინკლუზიური განათლების ძალიან ბევრი პროგრამა გავიარე და იმ ბავშვებს ვერ მივეცი ჩემი ცოდნა, ვისაც ეს სჭირდებათ. მე შემიძლია ვიმუშაო დამლაგებლად, მრეცხავად საქართველოშიც. მე შემიძლია საქართველოში თუ იქნება ჩაის კულტურაც, ვიმუშავო ჩაიშიც და არა ის, რომ მთავრობა სახლში დამჯდარს 300 ლარს სახლში მომცემს და ვიქნები მისი ამომრჩეველი.

ვიქნები ევროპაში და ვიქნები დამლაგებელი, რადგან ჩვენ ვხედავთ იმ ბავშვებს, იმ მოხუცებს და იმ ადამიანებს, მართლაც სჭირდებათ ეს სოციალური დახმარება. დაუნიშნონ მათ. მე არ მინდა, მე შრომა შემიძლია“, – მტკიცედ გვეუბნება ემიგრანტი ქალი.

დარო ამ დროის განმავლობაში საქართველოში ორი წლის წინ, მხოლოდ ერთხელ, ორი დღით, პასპორტის განახლებისთვის ჩამოვიდა.

დარო ამბობს, რომ მისი შვილი მის გადაწყვეტილებას სიხარულით არ შეხვედრია:

„მის თვალებში ვხედავდი, რომ საკუთარ თავს უფრო მეტს სთხოვდა, ვიდრე მე. არ ემეტებოდა დედა ემიგრაციისთვის. რამდენჯერმე მითხრა კიდეც, მოდი, ჩაი დავლიოთ და ვიყოთ ერთადო, მაგრამ მე მინდა, რომ მისი მომავლისთვის რაიმე შევქმნა.

საქართველოში შვილები დარდობენ ჩვენს ემიგრაციაზე და ჩვენ აქ ვდარდობთ მიტოვებულ შვილებზე. ამ შემთხვევაში, მე ცოტა წინ ვარ, რადგან ჩემი შვილი დიდია, საკუთარი თავის მოვლა შეუძლია. ძალიან მებრალება აქ, ჩემს ოთახში მცხოვრები ქალი, მისი ცრემლები, რადგან მას ძალიან პატარა შვილი ჰყავს დატოვებული.

ძალიან ბევრ ატირებულ ახალგაზრდა დედას ნახავთ აქ, რომელთაც გული სტკივათ, მათი შვილები სკოლაში მარტო რომ მიდიან. გაბრიელი გუშინ დედას ურეკავდა, მამა არ არის სახლში, მეშინია და ცოტა ხანი არ დაიძინოო“ – ცრემლს ვერ იკავებს დარო.

დარო ბოლქვაძე ახლა გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში ცხოვრობს და რესტორანში დამხმარედ მუშაობს.

„საბედნიეროდ, ჩემი ოჯახის წევრები დიდად არ მაწუხებენ, რომ დავეხმარო. ჩემ საფულეში გროვდება იმისათვის, რომ საქართველოში დაბრუნებულს ჩემი ჭერი მქონდეს. ხელს მიწყობს ჩემი ვაჟიშვილი, რომელიც მუშაობს და არასოდეს არ არის დედის საფულეზე დამოკიდებული. თავი გააქვს საქართველოში. ძალიან ბევრი ნაცნობი, მეგობარი თუ ახლობელია საქართველოდან, რომლებიც ითხოვენ დახმარებას. გვინდა ყველას დავეხმაროთ, მაგრამ, სამწუხაროდ ვერ ვწვდებით.

არ დამნანებია ფული საქველმოქმედო აქციებში ჩასარიცხად, როცა ვხედავ ამდენ მშიერ ქართველ ბავშვს სოციალურ ქსელში“, – გვითხრა საუბრის დასასრულს დარომ.

_______________

ფოტოზე: დარო ბოლქვაძე/facebook

ნახეთ ვიდეო:

YouTube video player

აჭარის მთავრობამ 40 მილიონი ლარი ვერ დახარჯა ბიუჯეტიდან

„გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რაც ართულებს და რიგ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას“, „მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა“, „ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 40 მილიონი ლარი, საიდანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წილი 21,7 მილიონი ლარია“ – წერს აუდიტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის წლიურ ანგარიშზე.

სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, აჭარის 2023 წლის ბიუჯეტიდან გადასახდელების მთლიანი მოცულობის 79.4% [422,8 მილიონი ლარი] „ხარჯებმა“ შეადგინა, რაც წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მაჩვენებლის 95.6%-ია და 35.1%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე.

„ხარჯების საკასო შესრულება 19 582 000 ლარით ჩამორჩება დაზუსტებული ბიუჯეტის გეგმურ მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ და „საქონელი და მომსახურების“ მუხლებთან, სადაც ჯამში აუთვისებელი დარჩა 14 მილიონი ლარი. მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან აუთვისებელი დარჩა 7,4 მილიონი ლარი.

აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები კი შესრულების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა“ – წერს აუდიტი. 2023 წელს დაგეგმილი თუ დასასრულებელი ზოგიერთი პროექტის ფარგლებში კი, სამუშაოები საერთოდ არ შესრულებულა.

აუდიტი ასახელებს რამდენიმე პროექტს და მათი შეუსრულებლობის მიზეზს. მაგალითად:

  • ქობულეთის სოფელ ქვედა კვირიკეში საბავშვო ბაღის მშენებლობა – ღონისძიება იყო 2021-2022 წლების გარდამავალი პროექტი, რომელიც სახელშეკრულებო ვადებში დაუსრულებლობის გამო გადმოვიდა 2023 წელს. მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2023 წელს ხელშეკრულება შეწყდა. ახალი ხელშეკრულება გაფორმდა 2024 წლის 12 იანვარს;
  • ქობულეთში, სანაპირო ზოლის, ზღვისპირა პარკის მოწყობა – ტენდერის გამოცხადებამდე საჭირო გახდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, რამაც გამოიწვია ღონისძიების თანხობრივი კორექტირებაც. ტენდერი ჯერ არ არის გამოცხადებული. გათვალისწინებულია 2024 წლის ბიუჯეტით;
  • ქობულეთში, ფიჭვნარის საკანალიზაციო მაგისტრალური ხაზის მოწყობა – ტენდერის გამოცხადებამდე საჭირო გახდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, რამაც გამოიწვია ღონისძიების თანხობრივი კორექტირებაც. ტენდერი ჯერ არ არის გამოცხადებული. გათვალისწინებულია 2024წლის ბიუჯეტით;
  • ქობულეთში პოპოვის ქუჩა N12-ში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა – ტენდერი არ შედგა;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ ერთი ერთეული ექსკავატორ-დამტვირთველის შეძენა – ტენდერი არ შედგა.

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, აუდიტი აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, ბოლო წლებში გაუმჯობესდა პროგრამების/ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორების შესახებ დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი, იგი ჯერ კიდევ საჭიროებს შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებას“.

ანალიზის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რაც ართულებს, რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელს ხდის ანგარიშგების ეტაპზე პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას.

კერძოდ:

  • პროგრამული ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი 61 პროგრამიდან 20 პროგრამა არ არის ჩაშლილი ქვეპროგრამებად;
  • ზოგიერთ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მისაღწევი კონკრეტული მიზანი ან მიზნობრივი მაჩვენებელი არ აკმაყოფილებს პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რაც ანგარიშგების ეტაპზე ართულებს აღნიშნული პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას;
  • პროგრამების/ქვეპროგრამების ნაწილისთვის სრულად არ ხდება მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშგება ან შედეგების შეფასება წინასწარ განსაზღვრულ ინდიკატორებთან მიმართებით;
  • პროგრამული ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი ინდიკატორების 100%-ის შემთხვევაში არ ხდება ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა;
  • ზოგიერთი პროგრამის/ქვეპროგრამის შემთხვევაში მიღწეული შედეგების წარმოდგენა ხდება დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ მაჩვენებლებთან შეუსაბამოდ, განსხვავებული სახით/ფორმატით, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის დაგეგმილი და მიღწეული შედეგების ერთმანეთთან შედარებას.

„პროგრამული ბიუჯეტირების შემდგომი განვითარებისთვის, მიზანშეწონილია, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით.

რეფორმის გაცხადებული მიზნობრივი ნიშნულების არსებობა გაზრდის ამ პროცესში ჩართული საჯარო უწყებების ანგარიშვალდებულების ხარისხს და ხელს შეუწყობს რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგს“ – წერს აუდიტი.

აუდიტის შეფასებით კვლავ პრობლემურია ის რომ აჭარის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების ათვისება სრულად ვერ ხდება. 2023 წელს აუთვისებელმა თანხამ ჯამურად შეადგინა 40 372 700 ლარი, საიდანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წილი 21,7 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ძირითადად გამოწვეულია შემდეგით:

კონტრაქტორი კომპანიების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამო, 2023 წელს „გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 10,7 მილიონი ლარი, შედეგად, მუნიციპალიტეტებში სრულად არ განხორციელებულა ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

„სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის“ პროგრამაში კი აუთვისებელი დარჩა 941 800 ლარი [ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელმა კომპანიამ ვერ შეძლო სამშენებლო სამუშაოების დასრულება].

„ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 782 100 ლარი.

აუდიტი ასევე წერს, რომ წინა წლების მსგავსად, თვეების მიხედვით შემოსულობების მაჩვენებლები ძირითადად აღემატება გადასახდელების მაჩვენებლებს, რაც განაპირობებს ბიუჯეტში ნაშთის დაგროვებას. აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით 2023 წლის განმავლობაში ბიუჯეტის ნაშთის მოცულობა 45,7 მილიონი ლარიდან 55,9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ხაზინის მონაცემებით კი, პროცენტების სახით 2023 წელს რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 11,9 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7,4 მილიონი ლარით მეტია.

„პროცენტების“ სახით მიღებული შემოსავლების ზრდა განპირობებულია ბიუჯეტის ნაშთის და პარალელურად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტების მოცულობის ზრდასთან… კომერციული ბანკის დეპოზიტზე განთავსებული თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, უზრუნველყოფილ იქნეს თავისუფალი ფულადი სახსრების მიმართვა ახალი პროდუქტების/სერვისების შექმნის ან/და გაუმჯობესების მიმართულებით.“ – აცხადებს აუდიტი.

„მოხსენება აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს, 25 ივნისს გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

საჯარო მოხელეთა ხელფასებში 69 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან

 

 

 

 

მკვლელობა გურიაში – რატომ დააკავა პროკურატურამ მთავარი მოწმე

„პროკურორმა თადარიგი დაიჭირა, რომ სხვა მოწმეებსაც იგივე არ ექნათ. ეს არის მანიპულაცია, რადგან კანონი შეიცავს დიდ ხარვეზს ამ კუთხით. თუ პრაქტიკა აქეთ წავა, მაშინ მოსამართლის და ნაფიცი მსაჯულების როლი აღარ იარსებებს საერთოდ,“ – მიიჩნევს სისხლის სამართლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

ადვოკატს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული კაცი სრულად გაამართლეს, ამ საქმის „ოქროს მოწმე“ კი, პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავა.

საუბარია გურიაში 2023 წლის 28 სექტემბერს მომხდარ ამბავზე. პროკურატურის ვერსიით, 23 წლის ავთანდილ სიხარულიძე დანით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი გარდაცვლილის თანასოფლელს, შოთა სიხარულიძეს წაუყენა. ყოფილი ბრალდებულის ადვოკატების მტკიცებით, შოთა სიხარულიძე უდანაშაულოა, რადგან იგი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და ისიც დაჭრეს. პროკურატურის მტკიცებით კი, საქმე აუცილებელ მოგერიებასთან არ გვაქვს და ბრალდებულისთვის ავთანდილ სიხარულიძეს დანა არ დაურტყამს.

„ოქროს მოწმე“ კიდევ ერთი თანასოფლელია – ამ შემთხვევის ერთადერთი თვითმხილველი.

„…მან უთხრა მსაჯულებს პროცესზე, რომ შემთხვევის ადგილიდან, სადაც ისინი ერთად იყვნენ, ბრალდებული პირველი წავიდა იქიდან, განერიდა იქაურობასო. თუ მას მკვლელობის განზრახვა ჰქონდა, რატომ განერიდა? დაზარალებულმა დაუძახა [ბრალდებულს] დამელოდეო და უკან გამოედევნა, შემდეგ გავიგონე ხმა და მივედი, დავინახე, ერთმანეთს უქნევდნენ დანებს, ბრალდებული თავს იცავდაო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესებს იცავდა.

ადვოკატის მტკიცებით, სასამართლო განხილვამდე საგამოძიებო ორგანოში მოწმე იძულების ქვეშ გამოჰკითხეს და დააშინეს, ამიტომაც იგივე მოწმემ სხვა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და პრაქტიკულად ის ვერსია დაადასტურა, რაც პროკურატურას აქვს.

ადვოკატები ადასტურებენ კანონის მოთხოვნას, რომ მოწმემ სიმართლე უნდა ილაპარაკოს, მათ შორის, როცა მას გამომძიებელი საგამოძიებო ორგანოში გამოჰკითხავს, მაგრამ კანონით, ჩვენების ძალა მხოლოდ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას აქვს.

„ჩვენების სიმართლე დგინდება სასამართლოში. თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა და დადგინდებოდა ის, რომ მოწმემ სიცრუე ილაპარაკა, მაშინ შეიძლება წარედგინათ ბრალი. მოწმემ მისცა ჩვენება სასამართლო პროცესზე და მაშინვე დააკავეს. როგორ დაადგინა პროკურატურამ, რომ ეს სიცრუე იყო, როცა გამამართლებელი განაჩენი დადგა?“ – კითხულობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

„მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდეს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, გირაო 7 ათასი ლარია,“ – გვითხრა ადვოკატმა ლიკა გოგაძემ. იგი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულ „ოქროს მოწმეს“ იცავდა. ადვოკატი სხვა დეტალების შესახებ ჯერ ვერ გვიყვება, რადგან ბრალდებულს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ დაიცავს მას შემდეგ ეტაპზე.

მკვლელობის საქმის „ოქროს მოწმეს“ გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა შეუფარდა. ბრალდებულს საპატიმრო დაწესებულება ჯერ არ დაუტოვებია.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით მოწმის ჩვენება ამგვარადაა განმარტებული:

„მოწმის ჩვენება – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“ – ამ სამართლებრივ ნორმაზე მიუთითებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ჩვენებად სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციას მიიჩნევს.

არჩილ ჩოფიკაშვილს ვკითხეთ: რას ნიშნავს, როცა საქმეზე გამამართლებელი ვერდიქტი არსებობს, ე.წ. ოქროს მოწმეს კი, ვის ჩვენებასაც მეტწილად მსაჯულები დაეყრდნენ, პროკურატურა აკავებს?

„განაჩენი უნდა დაეყრდნოს იმ ინფორმაციას, რაც სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული, თუმცა ჩვენმა საპროცესო კოდექსმა იმდენჯერ განიცადა ცვლილებები, იმდენი რეფორმა და ქარტეხილი გადაიტანა, რომ არსებობს ბევრი წინააღმდეგობა. ბევრი ისეთი იურიდიული საკითხია, რომელიც ორმაგი, ან სამმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა,“ – ამბობს სისხლის სამართლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი, – „იმ ქვეყნებში, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია, არანაირი ღირებულება არ აქვს გამომძიებელთან შედგენილ გამოკითხვის ოქმს. საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, გამოძიების ეტაპზე შედგენილი გამოკითხვის ოქმი იყო ჩვეულებრივი მტკიცებულება, იგი არაფრით განსხვავდებოდა სასამართლო სხდომაზე ნათქვამი ინფორმაციისგან. ამას ჰქონდა მატერიალურ სისხლის სამართალში შესაბამისი უზრუნველყოფა.

გამომძიებელი და პროკურორი ყოველთვის ცდილობენ, რომ ოქმში ასახონ ის ინფორმაცია, რაც ბრალდების მხარისთვის სასიკეთოა, მათ შორის, მოწმის იძულების გზითაც. ეუბნებიან მოწმეს, მაგალითად, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაგიჭერთ, აშინებენ. დამერწმუნეთ, ადამიანების 95% ვერ უძლებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, თუ საჭიროა, ფიზიკურსაც, რასაც იყენებს პოლიცია.

დასაჯო იმის გამო ადამიანი, რომ გამოკითხვის ოქმში სხვა რამ თქვა და სასამართლო ეტაპზე – სხვა, ეს პირდაპირ ხელს უშლის მართლმსაჯულებას. ჩვენება უნდა იყოს მხოლოდ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია: გამოძიებაში გამოკითხვას ატარებს მხოლოდ ბრალდების მხარეს. მოწმის დაკითხვა შეუძლებელია სრულყოფილი იყოს, თუ მეორე მხარეს არ აქვს შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.

ამგვარი პრაქტიკის შემთხვევაში, ნებისმიერ საქმეზე დაიჭერს პროკურატურა მოწმეს ცრუ ჩვენების ბრალდებით, თუ ის ზუსტად იმავეს არ გაიმეორებს სასამართლოში, რაც გამოკითხვის ოქმში დაფიქსირდა,“ – განმარტავს არჩილ ჩოფიკაშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რამდენად იზრდება გამოძიების ეტაპზე მოწმეზე ზემოქმედების რისკი, როცა მას მთელი დღე საგამოძიებო ორგანოში აყოვნებენ, ბოლოს კი, ამბობს, ჯანდაბას, რაც არის, იმას მოვაწერ ხელსო.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში ის, რომ მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს? – ესეც ვკითხეთ იურისტს.

„მოსამართლე რომ ყოფილიყო, გაცილებით ნაკლები შანსი იარსებებდა იმის, რომ პროცესზე რა ინფორმაციაც გაჟღერდა, იმის მიხედვით მიეღო განაჩენი. მე მქონია რამდენიმე შემთხვევა, როცა მოსამართლეს უთქვამს, მაინც გამოკითხვის ოქმს ვუჯერებო.

პროფესიონალი მოსამართლე გაცილებით საშიშია, ვიდრე ნაფიცი მსაჯულები. პლუსი ისაა, რომ მათზეც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ, მაგრამ ისინი არსობრივად არიან დამოუკიდებლები, იმათ გულით თუ არ დაიჯერეს რაღაც, ისე არ გადაწყვეტენ საკითხს, ღამე აღარ დაეძინება, ჩვეულებრივი ადამიანი რატომ აიტკივებს თავს, თუ ვერ დააჯერა მას პროკურორმა ობიექტურად, რომ მისი ვერსია სიმართლეა,“ – უთხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა „ბათუმელებს“.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მკვლელობაში ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულები მოითხოვა და მისი საქმე მსაჯულებმა განიხილეს. ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად არიდებს საქმე ნაფიც მსაჯულებს, რომ გამამართლებელი განაჩენი რისკი შეამციროს.

მაგალითად, მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი სულხანიშვილსაც რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები აურჩევია, მაგრამ მსაჯულების შერჩევის ეტაპზე პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და ბრალდებულს მკვლელობის ნაცვლად, ამჯერად მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინეს ბრალი, ამ მუხლით საქმეს კი მსაჯულები ვეღარ განიხილავენ.

ნაფიც მსაჯულებს ითხოვდა ზურაბ საღინაძეც, რომელიც „ბათუმში 16 წლის ლუკას ზღვაში დაღუპვის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დამნაშავედ ცნო. ზურაბ საღინაძეც მკვლელობის მცდელობის მუხლით გასამართლდა. მან სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა სარჩელი საკონსტიტუციოში ჯერ არ განუხილავთ. საკონსტიტუციო სარჩელში ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვანის გარდაცვალების მიუხედავად, პროკურატურამ მას ბრალი მაინც დაუსრულებელი დანაშაულისთვის წარუდგინა, რომ ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულებისთვის ვერ მიემართა.

ქობულეთში პოლიციელი დანით დაჭრეს – ის ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე იყო გამოძახებული

ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დანით დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 25 ივნისს მოხდა.

„ბათუმელებს“ ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქემ უთხრა, რომ პოლიციელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს დანით, როცა განქორწინებული კაცი ყოფილ ცოლთან მივიდა და პოლიციას გამოუძახეს.

პოლიციელი მძიმედ დაჭრილი არ არის, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში შემთხვევას ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ თავმდასმხელი უკვე დაკავებულია.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353​1 მუხლის შესაბამისად, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

Exit mobile version