მთავარი,სიახლეები

„რუსული ჩექმა დაავიწყდათ?“ – ემიგრანტი იტალიიდან ფლორენციაში საარჩევნო უბანს ითხოვს

26.06.2024 •
„რუსული ჩექმა დაავიწყდათ?“ – ემიგრანტი იტალიიდან ფლორენციაში საარჩევნო უბანს ითხოვს

„სად წავიდეს ამდენი ემიგრანტი, თუ ჩაიკეტება ევროპის კარი? სად იმუშაოს? მე ამ კითხვას ვუსვამ საქართველოს მთავრობას“ – სათქმელი აქვს იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, მანანა ბოლქვაძეს. მას „ბათუმელები“ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვაზე ესაუბრა.

მანანა ბოლქვაძე მეექვსე წელია ემიგრაციაშია, ის ფლორენციაში მუშაობს. უვიზო მიმოსვლაზე შეკითხვის პასუხად ქართველ ემიგრანტს იტალიაში მყოფ ემიგრანტებთან ბოლოდროინდელი დიალოგი ახსენდება:

„ძალიან ბევრი ემიგრანტია გულშემოყრილი. ერთი ქალი ამბობდა, რა გვეშველება, სახლში რომ წავიდე და უკან ვეღარ დავბრუნდე, ჩემს შვილს და ოჯახს ვინ აჭმევსო. თუ ასე მოხდა და უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, ეს მთავრობის ბრალი იქნება. მთავრობა მხოლოდ იმას უყურებს, რომ თვითონ იყოს კარგად და კიდევ ერთი და ორი ადამიანი.

აქ მცხოვრები ემიგრანტები ჰყვებოდნენ იმასაც, რამდენად რთული იყო წლების წინ ევროპაში მუშაობის დაწყება: 4 ათასი ევრო გვაქვს გადახდილი, აქ რომ ჩამოვსულიყავითო,“ – გვიყვება მანანა.

მანანა ბოლქვაძე ქობულეთიდანაა. წლების წინ ის ბათუმის მერიის თანამშრომელი იყო და ვეტერანთა დეპარტამენტში მუშაობდა. უმუშევრად დარჩენილმა ყოფილმა საჯარო მოხელემ მაშინ სამუშაოდ წასვლა ევროპაში არჩია.

ქართველი ემიგრანტი განსაკუთრებული ემოციით უყურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროპისკენ მიმავალ გზას უკეტავს და აახლოებს რუსეთთან:

„რუსეთში წავა ამდენი ემიგრანტი? რუსეთი მისცემს მათ იმდენს, რამდენსაც ევროპაში ვშოულობთ? რუსეთს აინტერესებს მხოლოდ საქართველოს მიწა-წყალი.

ბატონ-ყმობა იქნება – რუსეთი რასაც გიბრძანებს, ის უნდა გააკეთო. რუსული ჩექმა დაავიწყდათ?

კარგის მეტი რა გააკეთა ევროპამ საქართველოსთვის? კარი გაუღო და მიიღო ამდენი ემიგრანტი, შეიფარა, დაუდგა გვერდით.

ბებია, რომელსაც ვუვლიდი, ის მიყვებოდა: თავიდან ჩვენს ოჯახსაც არაფერი გვქონდა, მუდმივად მკერავად ვმუშაობდი, მეუღლე გემზე მუშაობდა, დავზოგეთ თანხა და ისე მოვაწყვეთ ყველაფერი, შვილი პროფესორი ჰყავდათ, მაგრამ მათ მთავრობა ეხმარებოდა, კი არ ღლეტდა,“ – გვითხრა მანანამ.

მან გვითხრა ისიც, რომ ფლორენციაშიც უნდა ჰქონდეთ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„4 წლის წინ რომ იყო არჩევნები, მივიღე მონაწილეობა – რომში ჩავედით. გვაქვს სურვილი, უბანი გაიხსნას ფლორენციაში, რადგან ბევრი ქართველი ვერ წავა არჩევნებზე ასე შორს სამუშაოს გამო, მოხუცს ვერავის დაუტოვებს…

ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში. მარტო ჩემით არ წყდება. მე შემიძლია დღეს ევროპაში ვიყო,“ – ამბობს მანანა ბოლქვაძე და პაუზის შემდეგ ემიგრაციაში ყოფნის პირველ დღეებს იხსენებს.

„როცა კარები მივხურე საქართველოში და ჩემი დედის საფლავი დავტოვე, ყველაზე რთული ეს იყო ჩემთვის… რთულია შენი მიწა-წყლის დატოვება. რაც არ უნდა უჭირდეს საქართველოს, ის ჩემი საქართველოა მაინც.

ძალიან თბილად მიმიღო ევროპამ. თავიდან იყო ენის ბარიერი, ენა არ ვიცოდი – ხელის და ფეხის მოძრაობებით ვახვედრებდი ყველაფერს. იტალიელმა ბებომ პირველივე შეხვედრაზე მითხრა, შენ ჩემი შვილიშვილი ხარო. მკითხა მანამდე, საიდან ხარო. მაშინ გავიფიქრე, ენასაც ვისწავლი და ყველაფერს შევძლებ, როგორი კარგი ადამიანები ყოფილან-მეთქი. 4 წელი მასთან ვიმუშავე, ვიდრე გარდაიცვლებოდა. ძალიან კარგი შვილი ჰყავდა, ახლაც ვმეგობრობ მასთან.

ვიდრე თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები დაიწყებოდა, დის შვილიშვილთან ერთად მივდიოდი ქუჩაში, მოხუცი შეგვხდა – ქუჩაში იჯდა და მწვანილებს ჰყიდდა, გაჭირვებამ დამსვა აქო. რატომ უნდა იყოს საქართველო ასე? მე ასაკოვან ადამიანებზე ვამბობ, თორემ ახალგაზრდებმა ყველამ უნდა ვიმუშაოთ.

ჩემთვის ევროპა, პირველ რიგში, თავისუფლებაა – როგორც მინდა, ისე ვცხოვრობ. ევროპაში შენით დაინტერესებული არავინ არ არის .აქ ყველა თავის საქმეს აკეთებს,“ – საუბრის ბოლოს ევროპულ ცხოვრებაზე დაკვირვებაც გაგვიზიარა მანანა ბოლქვაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: