აჭარის მთავრობა ბათუმში, ჯაყელის ქუჩის #44-ში, ბათუმის მერიას მიწის ნაკვეთს სთხოვს. საჯარო რეესტრის მიხედვით ამ ნაკვეთის ერთ ჰექტრამდე ფართობის 1/3 წილი ეკუთვნის მუნიციპალიტეტს, დანარჩენი კი აჭარის მთავრობის საკუთრებაშია.
აჭარის მთავრობა მერიას სწერს, რომ ნაკვეთის გასხვისება პოზიტიური პირობით სურს, თუმცა რა არის ეს „პოზიტიური პირობაა“, არ აკონკრეტებს.
ბათუმის მერიას ნაკვეთის გადასაცემად საკრებულოს თანხმობა სჭირდება. როგორც ჩანს, საკრებულო თანახმაა, რადგან საკითხი მომავალ სხდომაზე განსახილველად დღის წესრიგში შეიტანეს.
საკრებულოს დადგენილების პროექტში ეს ჩანაწერი დავის საგანი იყო წინა ხელისუფლების დროსაც, როცა მთავრობა მიწის ნაკვეთებს მერიას „პოზიტიური განკარგვის პირობით“ სთხოვდა, საკრებულოს სხდომებზე კი არასდროს გაჟღერებულა, რა იყო ეს პოზიტიური პირობა.
ამ მიწის ნაკვეთის აჭარის მთავრობისთვის გადაცემის მოთხოვნაზე ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ოფიციალურად მისწერა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, იდენტური შინაარსის მოთხოვნაზე წერილი არჩილ ჩიქოვანმა ქონების ეროვნული სააგენტოსგანაც მიიღო.
დოკუმენტების მიხედვით, 9981 კვ.მეტრი ბათუმის „ნარკოლოგიური ცენტრის“ მიმდებარედ მერიისა და აჭარის მთავრობის ერთობლივ საკუთრებად 2024 წლის მაისში დაარეგისტრირეს იმ პირობით, რომ მერია შემდგომში ამ ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა „პოზიტიური პირობით გასასხვისებლად“.
ამ ნაკვეთის მიმდებარედ ბიზნესმენი ემინ უჩარი 7 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. შესაბამისი დოკუმენტებით ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურს კომპანიამ უკვე მიმართა. დამტკიცებულია როგორც პროექტის კონცეფცია, ასვე განაშენიანების დეტალური გეგმა. ამავე დოკუმენტების მიხედვით, პროექტის ავტორი ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ყოფილი უფროსი, მირიან მეტრეველია.
დოკუმენტების მიხედვით, ემინ უჩარის კომპანია შპს MAQRO კახაბრის ქუჩაზე #48-ში რვა ჰექტარზე მეტ ტერიტორიას [87 386 კვ.მეტრი] ფლობს. ტერიტორია სამ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. მერიის რუკაზე მოცემული ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაშია, სადაც დადგენილი კ2 კოეფიციენტია 1.8.
კომპანია მერიას სწერს, რომ გეგმავს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც ჯამში შვიდ შენობას გააერთიანებს.
ემინ უჩარი საქართველოში მსხვილ ბიზნესს და ქონებას ფლობს, მათ შორის შპს „მაქრო ქონსთრაქშენს“, შპს „მაქრო ფუდსა“ და „მაქრო ტურიზმს“.
მან ბიზნესსაქმიანობა აზერბაიჯანში, ნახიჩევანის რეგიონში დაიწყო. ცნობილია მის კავშირებზე ამ რეგიონის მმართველთან, ვასიფ თალიბოვთან.
დაინტერესებულია თუ არა ემინ უჩარი მისი კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთის შეძენით, ეს ჯერ-ჯერობით არ ვიცით. კითხვაზე, რა არის ის პოზიტიური პირობა, რომლითაც მთავრობა მიწის ნაკვეთის გასხვისებას გეგმავს, არც ბათუმის მერიაში გვიპასუხეს და არც საკრებულოში.