ორგანიზაცია ურბანული განვითარების ინსტიტუტი ეხმაურება ბახმაროში კომპანია „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტს და აცხადებს, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
„მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, შეზღუდავს დეველოპერის ინტერესს და მეორე მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბახმაროს მდგრადი განვითარებისთვის.
წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას.
კომპლექსი სრულად არის ამოვარდნილი გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან. ქალაქგეგმარებითი კუთხით კრიტიკულად მცდარია გადაწყვეტები და არ ითვალისწინებს მთელ რიგ გამოწვევებს რომელიც ამ მოცულობას მოჰყვება.
კომპლექსი წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთან“ – აცხადებს ორგანიზაცია.
„ურბანული განვითარების ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ მშენებლობა დიდ საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს განვითარებას და დასძენს, რომ ყველა ინვესტიცია ეკონომიკისთვის სასარგებლო არა, თუ მას არ მოჰყვება გააზრებული გადაწყვეტილებები. ამის მაგალითად ორგანიზაციას გუდაური და ბაკურიანი მოჰყავს.
„მიზანშეწონილად მიგვაჩნია: ხელისუფლებამ გაითვალისწინოს სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოების პოზიცია. პროცესები დაბრუნდეს ქალაქგეგმარებითი პროექტირების სტადიაზე. გამოცხადდეს ღია კონკურსი აღნიშნული ტერიტორიის განვითარებისა და განაშენიანების გეგმის მოსამზადებლად“ – აცხადებს „ურბანული განვითარების ინსტიტუტი“.
ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის, რომლებიც 2019 წელს სახელმწიფომ კომპანია „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა 2023 წლის ბოლოს დაამტკიცა.
განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მიხედვით, „ორბს“ შესაძლებლობა ექნება ბახმაროში მაქსიმუმ 16 და 19 მეტრი სიმაღლის შენობები ააშენოს.
დოკუმენტის მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ ნაკვეთზე დაგეგმილია 181 ნომერზე გათვლილი სასტუმროს აშენება.
მშენებლობის ხანგრძლივობა გათვლილია დაახლოებით 2 წელზე და დასრულება დაგეგმილია 2025 წლის დეკემბრამდე.