ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მაქსიმალური ვადა 20 წელი – ბათუმის მერია გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წესს ცვლის

27.06.2024 •
მაქსიმალური ვადა 20 წელი – ბათუმის მერია გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წესს ცვლის

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე ბათუმის მერია გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვის გაცემის წესს ცვლის.

მერიის ცნობით, ეს წესი 2010 წელს არის დამტკიცებული და საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილების შესაბამისად განახლებას საჭიროებს. საკრებულოში გადაგზავნილი განკარგულების პროექტის მიხედვით მერია მოქმედ წესს საერთოდ აუქმებს და ახალს ამტკიცებს.

ახალი წესის მიხედვით, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ელექტრონული აუქციონის წესით, შესაბამისი სააუქციონო პირობებით დადგენილი ვალდებულებების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე. ნებართვის მაძიებელი აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად გადაიხდის ნებართვის გაცემის ფასს, აუქციონის შედეგების მიხედვით.

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების მაქსიმალური ვადა მისი ამოქმედებიდან 20 წელი იქნება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიას გარე რეკლამის განთავსების ნებართვის 10-წლიანი ვადით გასხვისება სურდა. ამ ნებართვის შესაძლო 10 წლის ვადით გასხვისებაზე მერიამ ბათუმის 2024 წლის თებერვალში საკრებულოსაც აცნობა, თუმცა, ახალი წესის შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ვადას გაზრდიან და ეს შემთხვევით არ ხდება. უფრო გრძელვადიანი ნებართვის მოპოვება დიდი ალბათობით და ლოგიკურადაც, სურს მას, ვინც ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონს ელოდება.

მერიის მიერ საკრებულოში გაგზავნილ განმარტებით ბარათში ეწერა ისიც, რომ 10-წლიანი ხელშეკრულების საწყისი საფასური 8 მილიონი ლარი იქნებოდა, ახალი წესის მიხედვით კი აუქციონზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე დადგენილი ოდენობით, ბათუმის საკრებულოს მიერ მერიის წარდგინებით. ნებართვის გაცემის საწყისი ფასის დადგენის მიზნით დაკვეთას აუდიტორული საექსპერტო კომპანიისათვის უზრუნველყოფს ნებართვის გამცემი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

აუქციონის პირობებს, მათ შორის, ლოტების რაოდენობას, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის ვადასა და წესს და აუქციონის ბიჯის ოდენობას განსაზღვრავს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ნებართვის გამცემის წარდგინებით.

ვის განკარგვაში გადავა ბათუმის გარე სარეკლამო სივრცე და რა ვადით, სულაც არ არის რიგითი ტექნიკური საკითხი, რომლის შეთანხმებასაც საკრებულოსთან კანონი ითვალისწინებს. როგორ გადანაწილდება ქალაქის ცენტრალურ ადგილებზე დიდი ზომის სარეკლამო ბილბორდები და ვინ მოახერხებს მათზე საკუთარი კანდიდატების ფოტოების განთავსებას, ერთნაირად აღელვებს როგორც „ოცნების“, ისე – ოპოზიციას.

ოპოზიციას ამ საკითხის პოლიტიკური ნაწილი უფრო აშფოთებს – განსაკუთრებით არჩევნების წინ კარგად ჩანს, რომ გრძელვადიან კონტრაქტს დიდი შემოსავლის მიღების პერსპექტივით უანგაროდ არავინ იღებს, ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანიის მფლობელებს შორის ორმხრივია.

გარე რეკლამის განთავსების ახალი წესი საკრებულომ, ხვალ 28 ივნისს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: