ცესკოს ხელმძღვანელი პირები „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ამ ჭრილში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო. მხარეს დეტალურად განემარტა 2020 წლის ზაფხულში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მისი აღსრულების საკითხები, მათ შორის საუბარი შეეხო ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.  ცალსახად გაესვა ხაზი, რომ ცესკო არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღასრულებს კანონს და არა ქმნის მას.  ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

3 ივლისს, ცესკოში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, გრიგოლ ჯოჯუა, გოჩა თევდორაძე  და გიორგი ქარდავა ესწრებოდნენ.

ბათუმის მერია შენობის გამაგრებას გეგმავს

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმის მასშტაბით არსებული შენობების გამაგრება-აღდგენის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა ლუკა ასათიანის ქუჩაზე ბათუმის მერიის მთავარი შენობის რეაბილიტაცია-გამაგრებასაც ითვალისწინებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ 994 385 ლარია. წინადადებების მიღება 17 ივლისს იწყება და 19 ივლისს უნდა დასრულდეს.

ტენდერის პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია დავალების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ სამ ობიექტზე მუშაობა. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში.

ლუკა ასათიანის #25-ში მდებარე მერიის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

სპეციალისტების შეფასებით, „კლასიცისტურ სტილში შესრულებული ეს ნაგებობა განსაკუთრებით ღირებულია როგორც თავისი მხატვრული სახით – მონუმენტური, იმპოზანტური იერით, [რაც თავისი გარეგნობით, შესახედაობით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს] ასევე თავისი გამორჩეული ზომებითა და მასშტაბით. იგი მნიშვნელოვან, საკვანძო როლს თამაშობს არა მხოლოდ ამ ქუჩების, არამედ მთლიანად უბნის მხატვრული სახის და განაშენიანების ხასიათის ჩამოყალიბებაში“.

ძეგლზე სამუშაოების ნებართვას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გასცემს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ძეგლის რესტავრაცია- გამაგრების პროექტი ჯერ მზად არ არის, შესაბამისად, სააგენტოს ნებართვა ვერ ექნება გაცემული.

სამმართველოს ინფორმაციით პროექტის მომზადება დაევალება ტენდერში გამარჯვებულს და მასვე ექნება ყველა შესაბამის ორგანოსთან შეთანხმების ვალდებულებაც.

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 34 პატიმარი აბარებს

წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია – ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში.

“ციფრული უნივერსიტეტი” ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) ევროპის მასშტაბით 3 საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი“ – იუწყება პენიტენციური სამსახური.

________________

ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური

 

უეფა იძიებს თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის ულტრანაციონალისტურ ჟესტს გოლის გატანის შემდეგ

„ბიბისის“ ცნობით, უეფამ გამოძიება დაიწყო თურქეთის ეროვნული ნაკრების მცველის, მერიჰ დემირალის საქციელზე, რომელმაც ავსტრიასთან მერვედფინალური მატჩის დროს ულტრანაციონალისტური ჟესტი გამოიყენა.

კერძოდ, ფეხბურთელმა მეორე გოლი აღნიშნა ე.წ. „მგლის მისალმებით“, ჟესტით, რომელიც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან – „რუხი მგლები“. ეს დაჯგუფება დაკავშირებულია თურქეთის მმართველ კოალიციურ „ნაციონალური მოძრაობის პარტიასთან“.

დემირალმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მისალმება, რომელიც ავსტრიასა და საფრანგეთში აკრძალულია, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი გოლის გატანის შემთხვევაში:

„ძალიან ვამაყობ, რომ თურქი ვარ, გოლის შემდეგ ეს ძლიერად ვიგრძენი, მინდოდა ეს გამეკეთებინა და მიხარია, რომ ეს გავაკეთე“.

დემირალმა ზეიმის ამსახველი ფოტო თავის X [ყოფილი ტვიტერი] ანგარიშზე გამოაქვეყნა წარწერით: „რა ბედნიერია ის, ვინც ამბობს – თურქი ვარ!”

„ბიბისი“ წერს, რომ დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, დემირალი შეიძლება დაჯარიმდეს ან დისკვალიფიცირდეს ჩემპიონატიდან.

თურქეთის ნაკრების მცველმა, მერიჰ დემირალმა ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ დაპირისპირებაში 2 ბურთი გაიტანა. თურქეთის ნაკრებმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-1 და მეოთხედფინალში გადავიდა, სადაც ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის შესახებ“

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლობით მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციოსასწავლო კურსი ჩატარდა.

შეხვედრას თბილისში მოქმედი მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის გახსნისას საინფორმაციოსასწავლო კურსის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი შეფასებით, სასწავლო კურსში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობისთვის არის საჭირო.

საინფორმაციო კურსის მნიშვნელობას, ასევე, ხაზი გაუსვა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ.

მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები საარჩევნო საკითხების შესახებ მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები.

ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის ნათია ზაალიშვილის განცხადებით, საინფორმაციოსასწავლო კურსისა და სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა 170-მდე ბენეფიციარს (მხარდაჭერის მიმღები პირები) გააცნონ ხმის მიცემის პროცესში ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებული სიახლეები და საარჩევნო სერვისები.

თავის მხრივ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ.

საინფორმაციოსასწავლო კურსის ფარგლებში 8 არასამთავრობო ორგანიზაციის, 14-მდე წარმომადგენელმა დეტალური ინფორმაცია მიიღო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გათვალისწინებული ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, ამასთან პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

კურსის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერის მიმღებ პირებს თავად გაუზიარებენ. სასწავლო მოდული ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შეიქმნა მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის მარტივად წასაკითხ ფორმატში შემუშავებული არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევის მიხედვით. გზამკვლევი წელს პირველად შეიქმნა და სწორედ მისი გამოყენებით მოხდება მხარდაჭერის მიმღებ პირთა ინფორმირება არჩევნების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის საკითხებზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველო ფიჯის წინააღმდეგ – ბათუმში ბორჯღალოსნები „მფრინავ ფიჯელებს“ შეერკინებიან

მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების პირველი თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება. ბორჯღალოსნები რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გუნდს, „მფრინავ ფიჯელებს“ შეერკინებიან.

მატჩისთვის რაგბის კავშირი გულშემატკივრებისთვის ბევრ გასართობ ღონისძიებას გეგმავს.

5 ივლისს, 17:00 საათიდან გაიხსნება ფან ზონა, სადაც გულშემატკივრებს დახვდებათ მუსიკა, Food Court-ი და „ფან შოპი“. თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეებიც შეუერთდებიან აღნიშნულ სივრცეს.

მატჩზე 6 წლამდე ბავშვებს უბილეთოდ შეეძლებათ დასწრება.

საქართველოსა და ფიჯის ეროვნული ნაკრებები ყველა ტურნირზე ერთმანეთს სულ 6 -ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან ერთი მოიგო საქართველომ, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ხოლო, ოთხი თამაშში ფიჯელებმა გაიმარჯვეს. ერთადერთი გამარჯვება 2016 წელს ვიზეიმეთ, როცა საქართველომ მეტოქე ანგარიშით – 14:3 დაამარცხა.

საქართველო ივლისის ტესტებში სულ სამ თამაშს გამართავს. ეროვნული ნაკრების რაგბისტები დანარჩენ 2 შეხვედრას ტიერ1-ის გუნდებთან: იაპონიასა და ავსტრალიასთან სტუმრად, 13 და 20 ივლისს გამართავენ.

ბათუმის სტადიონზე რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრა პირველად 2022 წლის ზაფხულში, იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და მოიგო ანგარიშით 28:19. ეს იყო საქართველოს რაგბის ნაკრების პირველი და ისტორიული გამარჯვება ტიერ1-ის გუნდთან.

ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

აბიტურიენტები დღეს გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პირველ გამოცდაზე 9 ათასამდე აბიტურიენტი უნდა მისულიყო.

ამავე წყაროს ცნობით, გამოცდაზე დაგვიანების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები აღჭურვილია კონდიცირების სისტემით.

მეორე სესია 14:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული გამოცდები 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

___

ფოტო: აბიტურიენტები ბათუმის პირველ საჯარო სკოლასთან

ბათუმში 32 გრადუსამდე დაცხება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ივლისის 21 საათიდან 4 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 5-6 ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.


შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 546 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
  • ტანკი – 8 123 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 15 583 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 14 712 ერთეული [+57]
  • MLRS – 1 115 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 876 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 360 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 668 ერთეული [+27]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 336 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 850 ერთეული [+63]
  • სპეცტექნიკა – 2 464 ერთეული [+12]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 625 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 160 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 537 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 490 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 363 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 272 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 289 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკული გამოფენა გაიმართება

4-5 ივლისს, თბილისში, ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში, Greda-ს და Invest In Network-ის თანაორგანიზებითა და თიბისის სპონსორობით,  საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი (Georgia Energy Exhibition and Forum – GEEF 2024) გაიმართება, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი.

გამოფენის მიზანია, ერთი მხრივ  ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავებას, მეორეს მხრივ კი იქცეს საუკეთესო პლათფორმად ახალი პროდუქტების, თუ პროექტების ცნობადობის გასაზრდელად.

საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში შეკრებს სექტორის ყველა წარმომადგენელს საქართველოდან და პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფორუმზე ხუთ ძირითადი თემის გარშემო გაიმართება დისკუსია:

  1. 360 გრადუსიანი პერსპექტივა: საქართველო მწვანე ენერგიაზე გადასვლის გზაზე;
  2. განახლებადი ენერგიის ფინანსირების შესაძლებლობები;
  3. მზის ფოტოვოლტაიკური სისტემებისა და შენახვის საწყისი ნაბიჯები;
  4. ქარის ენერგიის წარმატების მასშტაბირება;
  5. ჰიდროენერგიის პოტენციალის მაქსიმიზაცია.

ფორუმს ეყოლება როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სპიკერები, სახელმწიფო სექტორიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და კერძო კომპანიებიდან (GEDF, ESCO, EBRD, GRPH, Masdar და სხვა).

გამოფენის მონაწილეები იქნებიან, როგორც მსხვილი, ისე შედარებით ახალი და მცირე ზომის კომპანიები. პრიორიტეტულად გამოკვეთილია მზის ენერგიის მიმართულება, თუმცა საინტერესო კომპანიები იქნებიან წარმოდგენილები ჰიდროს და ქარის  მიმართულებითაც, მაგალითად – კომპანიები: Shine Energy, Rey Energy, Intellcom-group, Copter Tech, Enovus Frosio Next , Ecoville Georgia, Geo Energy, CINK Hydro-Energy, Shtigen, Parvus Consulting , Step Energy, VDC და სხვა.

ღონისძიების შესახებ მეტი დეტალის გასაგებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.energyexpo.ge

ახალი მოდელით ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გამეზარდა – პედაგოგი

ნინო მელიქიშვილი დაბა კაზრეთში ინგლისურ და ფრანგულ ენებს ასწავლის. ახალი სახელფასო მოდელით მას ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გაეზარდა. ორი წლის შემდეგ კი ასე „გაზრდილ ხელფასსაც“ ვეღარ აიღებს, რადგან ახალი მოდელი ამ დანამატის გაუქმებას ითვალისწინებს.

პედაგოგი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ დარიგებული „საჩუქრების“ გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ის „ბათუმელებთან“ ახალი სახელფასო პოლიტიკის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს.

  • ქალბატონი ნინო, აგვიხსენით თქვენი პირადი მაგალითით, რატომ აზიანებს სასკოლო სისტემას და განათლების ხარისხს ახალი სახელფასო პოლიტიკა?

სულ სამი წელია, რაც მასწავლებელი ვარ, წინა წელს გავიარე 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა და შესაბამისად, მივიღე უფროსი მასწავლებლის სტატუსი. როცა მასწავლებლობაზე ვიფიქრე, რა თქმა უნდა, არ მიფიქრია იმაზე, რომ მთელი ცხოვრება 800 ლარი მექნებოდა ხელფასი და ვაპირებდი, რომ გავმხდარიყავი ჯერ წამყვანი და შემდეგ მენტორი მასწავლებელი. შესაბამისად, ჩემი ხელფასიც გაიზრდებოდა.

როცა ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლაში მიდის, ცხადია, ფიქრობს კარიერულ წინსვლაზე, რომ რაღაცას მიაღწიოს თავის მოსწავლეებთან ერთად. მით უმეტეს სოფლის და რეგიონის სკოლებში, სადაც ისედაც კადრების დეფიციტია.

ახლახან დეკრეტულ შვებულებაში გავედი და ფიზიკურად ვერ იპოვეს ფრანგულის მასწავლებელი, რომელიც შემცვლიდა. როგორ უნდა მოვიდეს ახალი კადრი სკოლაში ახალი სახელფასო პოლიტიკით? ან რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს სკოლაში მუშაობა?!

უპირველესი პრობლემა, რაც ამ ახალმა სისტემამ გამოკვეთა, არის ის, რომ განათლების სამინისტრო აიძულებს მასწავლებელს აიღოს რაც შეიძლება მეტი საათი, მაშინ როდესაც კვლევებითაც დასტურდება და პრაქტიკამაც გვაჩვენა, რომ მარტო საგაკვეთილო პროცესი არ ჰყოფნის ხარისხიან განათლებას.

ამიტომ ვცდილობთ პედაგოგები გავაძლიეროთ არაფორმალური განათლება.

მაგალითად, წინა წელს, თვეში მქონდა მხოლოდ ცხრა საათი ინგლისური და ფრანგული ერთად, მაგრამ ამის პარალელურად ვხელმძღვანელობდი 3 კლუბს, ჩართული ვართ eTwinning – ის პროექტებში და ვაკეთებთ კომპლექსურ დავალებებს, დაგეგმილი მქონდა, რომ მომავალს წელს მთლიანად გადამეყვანა ამ პროგრამაზე ბავშვები.

სკოლაში მხოლოდ მე-5 კლასიდან აქვთ ენის არჩევის უფლება მოსწავლეებს. ბევრს უნდოდა ფრანგულის სწავლა, ამიტომ მათ შევთავაზე, თუ მოხვალთ დილის რვა საათზე სკოლაში, გაკვეთილების დაწყებამდე ჩაგიტარებთ ფრანგულის გაკვეთილებს-მეთქი. ცხადია, სრულიად უფასოდ შევთავაზე მათ სწავლა. სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ არ მოვიდოდნენ, მაგრამ 17 ბავშვი მოგროვდა. კინაღამ ვიტირე, ამდენი ბავშვი რომ დავინახე მოსული.

სანამ სრულიად სხვა რელსებზე გადამიყვანდა განათლების სამინისტრო, ამ ზაფხულს მოველაპარაკე ჩემს ათამდე კოლეგას და სწორედ მათთან ერთად ვაპირებდი ერთობლივი პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას. ახლა კი ეს მოტივაცია აღარ აქვთ მასწავლებლებს.

  • აი, ამ ფორმულით, რაც ახლა გამოცხადდა, რამდენი ლარით გაიზარდა თქვენი ხელფასი?

არ გაზრდილა ჩემი ხელფასი, რადგან ცოტა საათები მაქვს. უბრალოდ, სახელმწიფო მაძლევს ე.წ. 200-ლარიან დახმარებას, რაზეც მეცინება და იმ მასწავლებლებსაც ეცინებათ, ვისაც ეს „დახმარება“ შეგვეხო.

  • „დახმარება“ რას ნიშნავს, იქნებ ესეც ავხსნათ.

800 ლარი მქონდა ხელფასი და რადგან არ მაქვს სრული საათი, 500 ლარით ვერ გამეზრდებოდა. ასეთ კატეგორიას დაგვემატა 200 ლარი და ამ 200-ლარიანი დანამატით ავიღებ სადღაც 950 ლარს, რადგან ის 200 ლარიც იბეგრება.

იანვარში 10 პროცენტი რომ გვემატებოდა, ესეც შეწყდება და იმის ნაცვლად 156 ლარი გამოვიდა, რომელსაც ჰქვია, რომ „მაჩუქეს“.

  • რა კატეგორიის მასწავლებლებს გამოუვიდათ 500 ლარით ხელფასის მატება?

ჩემს სკოლაში ასეთი მასწავლებელი არის ცოტა. იმიტომ, რომ ჩვენ სოფლის სკოლა ვართ, არ არის იმდენი საათი ფიზიკურად, რომ ყველა მასწავლებელმა 25 საათი ატაროს, ანუ სრულად დაიტვირთოს. სრული დატვირთვის შემთხვევაში გამოდის მხოლოდ 500 ლარი.

ასეთი არის ძალიან ცოტა და ისინი, ვინც დეფიციტურ საგნებს ასწავლიან. მაგალითად: ფიზიკა, გეოგრაფია და ასე შემდეგ. ფიზიკის და გეოგრაფიის მასწავლებელი ერთი გვყავს სკოლაში. მაგრამ, თუ ვთქვათ, ადრე ეს მასწავლებლები წახალისებული იყვნენ და ამბობდნენ – „დავიმატოთ ახალი კადრი და გავუნაწილოთ საათები სხვებს“, ახლა ეს აღარ მოხდება, იმიტომ რომ ფიზიკის და გეოგრაფიის მასწავლებლებსაც არ მოუნდებათ საათების განაწილება.

  • აქამდე სულ იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ მოეზიდათ ახალგაზრდა კადრები სკოლაში. მიეცათ მათთვის მოტივაცია, თუნდაც მაღალი ხელფასის სახით, ეს ახალი სახელფასო ფორმულა, გამოდის, რომ მთლიანად კეტავს ახალი კადრებისთვის სკოლის კარებს?

დიახ, ასეა. ახალგაზრდა კადრები ხშირად საყვედურობენ სისტემას, რომ ვერ შედიან საჯარო სკოლებში. მაგალითად, 60-კრედიტიანი პროგრამა ჩემთან ერთად ძალიან კარგმა 19-მა სტუდენტმა დაამთავრა  და მათგან მხოლოდ მე ვმუშაობ საჯარო სკოლაში.

უკარგესი, ძალიან გონიერი, 21-ე საუკუნის საჭიროებების მქონე მასწავლებლები, ტექნოლოგიაზე, ტექნიკაზე მორგებული ხალხი ვერ შედის საჯარო სკოლებში და ვეღარც შევა, იმიტომ, რომ თუ მე ადრე არ მინდოდა დამატებითი საათები და ვამბობდი, რომ „მოვიყვანოთ ვინმე ახალი“, ახლა იგივე აღარ მოხდება.

ფაქტობრივად ამ სისტემამ ჩაკეტა ახალი კადრებისთვის სკოლა. ვფიქრობ, ძალიან შემცირდება სკოლაში დასაქმების რიცხვი.

  • მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე იმიტომ ზრუნავდნენ, რომ აემაღლებინათ სტატუსი და ამის შესაბამისად აეღოთ მაღალი ხელფასი. თუ ახლა ხელფასის ოდენობას საათების რაოდენობა გადაწყვეტს, ექნება კი დაინტერესება პედაგოგს, რომ კარიერულ ზრდაზე იფიქროს?

ამ კატეგორიის ხალხს ფინანსური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აღარ უღირს განვითარდეს პროფესიულად. თუმცა არც ის ვიცით ჯერ, უნდა დატოვოს თუ არა კარიერული წინსვლის საკითხი სამინისტრომ მასწავლებლების კეთილ ნებაზე.

თუ ადრე მასწავლებელს ჰქონდა არა მარტო მოტივაცია, დროც ჰქონდა, რომ განვითარებულიყო, ახლა დრო აღარ გვექნება, იმიტომ, რომ 25 საათის ჩატარება ნიშნავს, რომ კვირაში 50 საათი უნდა იმუშაო.

წესით, ყველა გაკვეთილი უნდა დაიგეგმოს ხომ? ამ წლის ყველა შემაჯამებელი უნდა დაიგეგმოს, შემაჯამებლებს შორის დიაგნოსტიკური ტესტები უნდა დაიგეგმოს, სასწავლო გეგმები უნდა გავაკეთოთ, კომპლექსურები უნდა დავგეგმოთ, წლიური კურიკულუმები თავისი აქტივობებით და რამდენად რეალურია ეს 25 საათის ქონის შემთხვევაში, არ ვიცი.

მე როცა სკოლაში ვსწავლობდი, არ მქონდა შეგრძნება, რომ ვინმე ამ ყველაფერს გეგმავდა, შესაბამისად, ეჭვი მაქვს, რომ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება ახლაც სკოლა.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა ასე განათლების სამინისტრო, რა მიზანი ჰქონდა?

მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ მოახლოებულ არჩევნებს.

მასწავლებლების გადამზადების რეფორმა იყო ძალიან მტკივნეული და ორივე ხელისუფლებამ ბევრი მასწავლებელი მოიმდურა. ახლა კი უცებ, ამ 15-წლიან რეფორმაზე ხაზის გადასმა, სერიოზული პრობლემაა.

კი, ნამდვილად იყო ხარვეზები, მაგრამ ამის გამოსწორების ნაცვლად ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. ამ რეფორმაზე მილიონით ლარია დახარჯული და ესეც წყალში გადაყარეს. ამდენი ფული ჩავყარეთ, ამდენი ადამიანი მოვიმდურეთ და საბოლოდ სისტემა დავაყენეთ ახალი პრობლემების წინაშე.

ამ 25 საათის ჩატარებაც არ მიმაჩნია ჯანმრთელად, რადგან მასწავლებელს მარტო გაკვეთილების ჩატარება არ ევალება, მით უმეტეს, როცა ვხედავთ, რომ სკოლის ინფრასტრუქტურა არ გვიწყობს ხელს. იძულებული ვარ რაღაც ახალი მოვიგონო, რომ დავაინტერესო ბავშვი. ლიდერის თვისება სად უნდა გამოავლინოს ბავშვმა? აი, ამისთვის მოვიფიქრე, მაგალითად, „კაზრეთი.პრეს“, სადაც რედაქტორებიც თვითონ არიან ბავშვები, ჟურნალისტებიც, წამყვანებიც და აქ ავლენენ ამ უნარებს.

მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში, იმარჯვებენ პროექტებში. მაგალითად „კაზრეთპრეს“-ის თანამშრომელი მოსწავლეები ახლა ბოლნისში მიიწვიეს ჯერ ტრენინგზე და ბოლნისის რადიოში აიყვანეს სტაჟიორებად, სადაც დეკემბრამდე იმუშავებენ მოხალისეებად. სად გააკეთებდნენ ამ ყველაფერს, სად შეიძენდნენ ამ უნარებს, გაკვეთილზე ამას როგორ გავაკეთებინებდი?

ხან სად გვეპატიჟებიან, ხან სად, ეს ბავშვები ხომ უნდა წავიყვანო პრაქტიკის გაზიარებაზე, საკონფერენციო თემა ხომ უნდა დავწერო, ხომ უნდა დავეხმარო ბავშვებს, ეს როდისღა უნდა ვაკეთოთ?

სამინისტრომ ჩათვალა, რომ საარჩევნოდ ამით იყიდდა მასწავლებლების ხმებს, მაგრამ ის ვერ გათვალა, რომ მასწავლებლებს არ აქვთ იმდენი საათი, რომ ასე 500 ლარით ემატოთ ხელფასი.

ამ ახალ სახელფასო პოლიტიკამდე ჩვენ აღტყინებულები ვგეგმავდით მომავალი წლისთვის ძალიან ბევრ პროექტს, ახლა კი ბევრი მეუბნება, რომ ხალისი აღარ აქვთ.

  • კარიერული წინსვლის სისტემა გაუქმდა?

საგნობრივ გამოცდებს ჩააბარებენ პედაგოგები, მაგრამ კარიერული წინსვლის გამოცდები, როგორც ითქვა, გაუქმდა. ახალ სქემას გამოვაცხადებთო, ასე ითქვა. მე რომ მომინდეს სტატუსის ამაღლება, ჯერჯერობით ვერანაირად ვერ ავიმაღლებ. ყველაფერი არის კითხვის ნიშნის ქვეშ.

მბობენ, შევიმუშავებთ პროფესიული წინსვლის სქემასო და ვნახოთ, აბა. ესეც, იმედია, პოპულისტური არ იქნება. „ყველას წინასწარ გენდობითო“ ასე დაწერეს და …

  • როგორ გაიგეთ ეს ფრაზა, რას ნიშნავს „წინასწარ გენდობით“, რა იგულისხმა სამინისტრომ ამაში?

მე ასე მესმის – „ახლა ხმა მომეცით და მერე, ვნახოთ“.

ჩემს მოსწავლეებს ვეუბნები ხოლმე, თუ რამის თქმა გინდათ, თქვით. ამირანები ნუ ხართ და გულში ნუ მღერით. მათ გულში რა არის, არ ვიცი.

  • თუ ეს სისტემა დარჩება, რა ელოდება სკოლას, განათლების ხარისხს?

ბევრი ფაქტორია, რომელიც ერთმანეთთან კავშირშია, მათ შორის ინფრასტრუქტურის პრობლემა და ახლა ეს პრობლემაც დაამატა სკოლებს განათლების სამინისტრომ.

მე, როგორც მასწავლებელი, როგორც მშობელი, ვვარაუდობ, რომ ამ ყველაფერმა შესაძლოა გააუარესოს განათლების ხარისხი, რადგან რასაც აკეთებს გაკვეთილი, მაგაზე ორჯერ მეტს აკეთებს არაფორმალური აქტივობა, რისთვისაც დრო აღარ დაგვრჩება.

ეს აქტივობები ყოველთვის არაანაზღაურებადი იყო, მაგრამ ვაკეთებდით, იმიტომ, რომ თავი, ენერგია მქონდა ამისთვის, ახლა კი თუ საათებით დატვირთვა დაიწყება, 20-25 გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მასწავლებლის ამის თავი ნაკლებად ექნება.

დაწყებითების მასწავლებლებს სულ 13 საათი გვაქვს, მეტი ფიზიკურად არ არსებობს, ამიტომ სამინისტრომ ე.წ 200 ლარიან დახმარება მოგვცა და შემდეგ ესეც მოიხსნება.

პირადად მე ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს ამ ე.წ. „დახმარების“ გამო, რადგან ჩემთვის ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება არის უდიდესი სირცხვილი, ჩემი რეპუტაციისთვის უდიდესი დარტყმა, რადგან ეს არ არის ჩემი ჯამაგირი, ეს არის წინასაარჩევნო „დახმარება“.

  • როგორი უნდა იყოს ამ ყველაფერზე მასწავლებლების პასუხი, როგორ ფიქრობთ?

არიან კარგი, აქტიური პედაგოგები, რომლებმაც დააორგანიზეს პეტიცია და მეც მოვაწერე ხელი, რადგან არ მოგვწონს ახალი სახელფასო პოლიტიკა. ვსაუბრობ ღიად ამ პრობლემაზე, რადგან ადამიანები, მოქალაქეები იმსახურებენ იმის ცოდნას, თუ რატომ გვიხდის ამ 200-ლარიან ჯამაგირს სახელმწიფო.

მასწავლებელს ხელფასი აუცილებლად უნდა მომატებოდა, მაგრამ არა ასეთი ფორმით.

_________________

ფოტო: ნინო მელიქიშვილი/facebook

16 წლის გივიკო მეზღვაურობაზე ოცნებობს, მაგრამ სწავლის ფული არ აქვს – ვიდეო

„სამნი დავრჩით, მე დედა და პატარა და. მამა არ მყავს. ახლა ბათუმთან ახლოს, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობთ. დედა მუშაობს, მაგრამ სრულიად არ შეუძლია ოჯახის გატანა. წინა ზაფხულს და ზამთარშიც, სკოლის პერიოდში ვმუშაობდი, მაქსიმალურს ვაკეთებდი, ოჯახში რაიმე უნდა შემეტანა, რომ საჭმელი გვქონოდა. ხშირად მიწევდა სკოლის გაცდენა და რისკზეც დავდექი, რამდენიმე საგანში ლამის საშემოდგომო გამომყვა, ბოლოს მოვუკელი სამუშაოზე სიარულს, არ მინდოდა კლასში ჩარჩენა“, – ასე იწყებს 16 წლის გივიკო არჯევნიშვილი თავისი ამბობს მოყოლას.

ამბავი კი უფრო იმაზეა, რომ გივიკოს სწავლა უნდა, რისი შესაძლებლობაც სიდუხჭირის გამო არ ეძლევა. უნდა ისწავლოს, მეზღვაური გახდეს, უნდა დას სახლი უყიდოს, რომ მომავალში არასდროს გაიაროს ის, რაც დედამ გადაიტანა. 

გივიკოს მამა ჰყავს, თუმცა მისი მშობლები დაშორდნენ – გივიკო და მისი ოჯახი 12 წელი კახეთში, სოფელ ძირბუხში ცხოვრობდნენ. შემდეგ დედა მეუღლეს დაშორდა და ყვარლის რაინში, სოფელ მთისძირში გადავიდნენ. არც იქ გაუმართლათ, ფსიქოლოგიური ძალადობის, წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. გადაწყვეტილება გივიკომ მიიღო, მან დედის ძმას დაურეკა და უთხრა, რომ რაღაც უნდა შეეცვალათ, წინააღმდეგ შემთხვევაში „შეიძლებოდა ცუდი მომხდარიყო.“

ბიძამ ისინი საკუთარ სახლში წაიყვანა – მწვანე კონცხზე. გივიკო გვიყვება, რომ ბიძის ოჯახში „ბევრნი არიან“, ამიტომაც მასთან დიდხანს ვერ დარჩნენ: „არ გვინდოდა მათთვის დისკომფორტი შეგვექმნაო“. 

YouTube video player

ახლა გივიკო სამი წლის დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს სოფელ ფერიაში. დედამ სამუშაო დაიწყო.

„აპარტამენტებს და სადარბაზოებს ვალაგებ“ – საუბარში ერთვება ანჟელა გაბაიძე, გივიკოს დედა. პატარა გოგო კერძო ბაღში მიიყვანეს, სადაც 300 ლარს იხდიან: „აჭარაში ჩაწერილები არ  ვართ, საჯარო ბაღში ბავშვი არ მიიღეს“.

ნაქირავებ სახლში ყოველთვიურად 300 ლარს იხდიან. ცოტა ხნის წინ გაიგეს, რომ მეპატრონემ ეს სახლი გაყიდა და აგვისტოში ადგილის შეცვლა მოუწევთ. ახლა ის აქვთ დარდად, სად და როგორ იპოვიან ღამის გასათევს ისევ 300 ლარად.

„ისეთი ბედი მაქვს… ამ ძველ სახლში რომ შემოვედი, დავასუფთავე, მოვაწესრიგე და დავსახლდით, ვამბობდი ამასაც მალე გაყიდიან, აქედანაც გამიშვებენ-მეთქი. ასეც მოხდა, სახლი გაყიდეს. აგვისტოში სრულად დაუფარავს მყიდველი საფასურს და გაგვიშვებენ“, – გვყვება ანჟელა გაბზარული ხმით. 

გივიკო 12 წლის იყო, როცა ფულის გამოსამუშავებლად შრომა დაიწყო, კახეთში. ეკონომიკურმა სიდუხჭირემ მოზარდი აიძულა ოჯახს დახმარებოდა, უფრო მეტად კი დედას. როგორც დედა გვიყვება, გივიკოს მისი დაცვა უნდოდა: „რომ მე არ დავსჯილიყავი…“

გივიკოს სამუშაო რთველზე, მოსავლის აღებაში სხვების დახმარება იყო.

„ბათუმში რომ დავიწყე პირველი სამუშაო 15 წლის ვიყავი, კახეთში ალბათ, სადღაც 12-13 წლის. მაშინ ისეთ სამუშაოებს ვასრულებდი, რითაც ფული გამოვიდოდა, ალუჩის კრეფა, საზამთროს კრეფა, რთველზე ვმუშაობდი სოფლის საქმეებზე“.

ბათუმში გივიკო ძირითადად კაფე-ბარებში და საქორწინო დარბაზებში მუშაობს:

„წინა სეზონზე ვმუშაობდი ბარში, იქ ძალიან კარგი ხალხი იყო. არ მაგრძნობინებდნენ, რომ ვინმე უფროსია, მაქსიმალურს აკეთებდნენ და ახლაც ძალიან კარგად ვარ მათთან, მივიდოდი მოვაწესრიგებდი რაღაცებს. სეზონი, რომ გავიდა და სამუშაო აღარ იყო, გადავწყვიტე სხვა სამუშაო მეპოვა, რადგან ფული გვესაჭიროებოდა. ერთ-ერთი რესტორანში დავიწყე მუშაობა, მთელი ზამთარი ვიმუშავე. მართალია, რესტორანიც ხელს მიწყობდა, შაბათ-კვირას ვიყავი ჩაწერილი, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც თათბირზე მისვლა იყო საჭირო, ქორწილში, რომ მივსულიყავი სამუშაოდ. ისეთი მომენტებიც იყო, რომ მე თვითონ დავდიოდი სკოლის დღეებში – ფული იყო საჭირო ოჯახისთვის.“

გივიკოს სეზონურად სხვადასხვა სირთულის სამუშაოს შესრულება უწევს:

„სეზონურ სამუშაოზე 60 ლარი გამომდიოდა იმ განსხვავებით, რომ ცოტა ნაკლები იყო სამუშაო საათები. რესტორანში 60 გამომდიოდა, ქორწილებში შეიძლება 70 ან 80 გამოსულიყო, იქ ცოტა მეტ ხანს მიწევდა მუშაობა, რესტორნის სამუშაო თავისთავად მძიმეა, დაძაბულიც ხარ, დასტრესილიც, საჭმელი არ უნდა გაცივდეს. როდესაც 400 ადამიანი მოდის მაქსიმალურად უნდა იჩქარო, თან 2 სართული უფრო რთულია, ამიტომ გონებრივადაც იძაბები და ფიზიკურადაც, საჭმელი დროულად უნდა აუტანო, რომ არ გაცივდეს, კლიენტმა უკმაყოფილება არ გამოთქვას“.

გივიკო მეზღვაურობაზე ოცნებობს. უნდა, რომ ისწავლოს, ამბობს, რომ ინგლისური იცის და ამას შეძლებს. ერთ-ერთ საზღვაო სასწავლებელში პირობები უკვე მოიკითხა… თუმცა უსახსრობის გამო იძულებულია გაჩერდეს:

„საზღვაო სასწავლებელში მომთხოვეს საბუთები, შესაბამისი ტანსაცმელი, მაგრამ ფინანსურად ამდენს ვერ გავწვდები. მინდოდა, რასაც ვმუშაობდი ეს ფული გადამედო, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა, ოჯახს სჭირდებოდა – იხარჯებოდა საკვებზე ან წამლებზე.“

გივიკომ მეზღვაურობა არ მხოლოდ კარგი შემოსავლის მიღების სურვილით, არამედ ზღვის სიყვარულით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზით გადაწყვიტა, ის გეგმავს 3 წლის დას სახლს უყიდის, რომ დედის ცხოვრება არასოდეს გაიაროს:

„ბათუმშია დედის მხარე. როცა ჩამოვდიოდით, ყოველთვის ზღვაზე მივდიოდით, პატარაობიდან მიყვარდა. ზღვის სიყვარულით გადავწყვიტე, რომ ნავიგაციაზე ჩავაბარო, მინდა კაპიტანი ვიყო, ასე მეტი შეხება მექნება გემთან და ზღვასთან.

მინდა მომავალში მქონდეს სამსახური კარგი შემოსავლით, რომ შევინახო ჩემი ოჯახი და შევუწყო ხელი ჩემს დას. მინდა, რომ მას საკუთარი სახლი ჰქონდეს; არ მინდა, დედაჩემისნაირი ცხოვრება გამოიაროს. რომ გაიზრდება და დაქორწინდება, თუ პრობლემები შეექმნა, საშუალება ჰქონდეს, რომ სადმე გაჩერდეს და სახლი უწოდოს მას.“

გივიკოს ოჯახი არც სოციალურ დახმარებას იღებს და არც სხვა რაიმე სახელმწიფო შემწეობას. დედის ხელფასი და გივიკოს მიერ გამომუშავებული თანხა აუცილებელ საჭიროებებს ჰყოფნის, გივიკოს ამიტომაც არ რჩება სწავლის ფული:

„სხვა გზა არ არის. დედაჩემს 800 ლარი აქვს ხელფასი, 300 ლარს ქირაში ვიხდით, 300 ლარს საბავშვო ბაღში. არ გვაქვს ცხელი წყალი, გაზის ბალონს ვყიდულობთ. მიწევს შორიდან ამოვიტანო ბალონი, რადგან ახლოს არ არის. ხან ძვირი გამოდის, 40 – 45 ლარის გადახდა გვიწევს. დედაჩემს თვეებია უკვე კბილი აწუხებს, ღამე ვერ იძინებს, რადგან ტკივილები აქვს, დღეს დილითაც რომ გაიღვიძა, მთლიანი ყბა სტკიოდა. ჩემი და ზამთარში მარტივად ცივდება, ზაფხულში კი ძალიან ალერგიულია და შესაბამისად მის  წამლებზე იხარჯება ბევრი. იყო მომენტები, რომ ქორწილში გათენებამდეც ვიმუშავე, ამის გამო ძილის რეჟიმი დამერღვა – დამამშვიდებლებზე და ძილის წამლებზე მეხარჯებოდა ფული.“

გივიკოს დასასვენებლად და გასართობად დრო არასდროს აქვს. ამბობს, რომ გაკვეთილებს შორის შესვენება არის მისი დასვენება-გართობის დრო. 

„ვფიქრობ, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სკოლაში შედის ბავშვი და მეთორმეტე კლასამდე სწავლობს, ეს არამხოლოდ ცოდნას მატებს მას, არამედ გონებრივადაც ავითარებს, უფრო ინტელექტუალურს, პასუხისმგებლიანს, აქტიურს და კრეატიულს ხდის“ – ფერიის საჯაროს სკოლა მეხუთე სკოლაა გივიკოსთვის.

მას ძალიან მოსწონდა მთისძირის  სკოლა და მასწავლებლებიც, მაგრამ ამ სოფელში ვერ იცხოვრეს, როგორც გივიკო ამბობს – „ვითარება დაიძაბა“. აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ კი, ხულოს სოფელ ხიხაძირში ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად და სწავლაც ამ სოფელში გააგრძელა. თუმცა მცირე ხნით – პატარა გოგო სულ ძმას ეძებდაო. მერე იყო დაბრუნება ბიძის სახლში და ხელვაჩაურის 25-ე სკოლა, რომელიც სახლიდან ძალიან შორს იყო.

ახლა გივიკო კმაყოფილია, სკოლა სახლთან ახლოს აქვს. თუმცა თუ სახლს დაატოვებინებენ, მას კიდევ ერთი სკოლის გამოცვლა მოუწევს. საზღვაო სასწავლებელში თუ ვერ მოეწყო, შესაძლოა სკოლის შეცვლა კიდევ რამდენიმეჯერ მოუწიოს.

გივიკო კარგად სწავლობდა და სკოლაში ყოველთვის მომზადებული მიდიოდა, განსაკუთრებით სოფელ მთისძირის სკოლაში, სადაც მასწავლებლებიც მოსწონდა:

„როცა არ ვმუშაობდი, უფრო დიდი დრო მქონდა მთისძირის საჯარო სკოლაში, იქ დღე არ გასულა, რომ მომზადების გარეშე მივსულიყავი და გაკვეთილი არ მცოდნოდა, ან დავალება არ მქონდა დაწერილი. ძალიან კარგად ვსწავლობდი“.

გივიკოს დედა გასაჭირზე საუბრის გამო გარკვეულ უხერხულობას გრძნობს. ანჟელა გვიყვება, რომ პირველ ქმართან დაშორების შემდეგ ყოფილი ქმრის ნათესავები ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ: ვემადლიერები მათ, თუმცა ოჯახი მხოლოდ დახმარებით ვერ შეძლებს ცხოვრებასო:

„არ ვარ ის ადამიანი, რომ ვთქვა მთავრობამ მომცეს, მაჭამოს-მეთქი. ძალიან ვდარდობ, სახურავი უნდა მოეხსნა სახლისთვის ახალ მეპატრონეს და არ მოხსნა ჩვენს გამო. აგვისტომდე მოძებნეთ ახალი ბინაო, რა ქირა მოვძებნო 800 ლარით. 300 ლარად რომ ვარ აქ ეს ჩემთვის ღვთის წყალობაა.“

___

მკითხველის თხოვნით ვაქვეყნებთ გივიკოს დედის ანგარიშის ნომერს:

საქართველოს ბანკი:

„გონიოს ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით“ – რა მოუვიდა დაპირებას, რაზეც დღეს მთავრობა დუმს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარებაზე მორიგი გეგმა დააანონსა, თუმცა არჩევნების შემდეგ ამ ადგილის „განვითარება“ არავის გახსენებია.

ბათუმი-სარფის გზას, ზღვასა და მდინარე ჭოროხს შორის მოქცეული ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, რომელიც დღეს გამოუყენებელია, 276 ჰექტარია და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

„ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი თორნიკე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალურ ეკონომიკური ზონა თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა“, – განაცხადა 2021 წლის 17 აგვისტოს ქვეყნის მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი დღეს პრემიერი აღარაა, თუმცა ადგილზეა „აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი თორნიკე“, რომლის მთავრობისგანაც ვცადეთ გაგვეგო, რა ეტაპზეა „მუშაობა გონიოს ყოფილ პოლიგონთან“ დაკავშირებით.

ინფორმაციის მოწოდებას „ბათუმელებს“ ორი კვირის წინ როგორც აჭარის მთავრობის, ისე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურშიც დაგვპირდნენ. თუმცა, არც მთავრობისგან და არც სამინისტროსგან ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია /მარცხნივ: ბათუმი-სარფის გზა / 21.06.2024

წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებებიდან დღემდე, ერთადერთი, რაც ყოფილ პოლიგონთან დაკავშირებით გაკეთდა მხოლოდ ისაა, რომ ამ ტერიტორიაზე დაჭაობებული ადგილების განსაზღვრის მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2022 წელს ტენდერი გამოაცხადა.

„საინვესტიციო ტერიტორიაა და დასაზუსტებელია, რა მოცულობისაა დაჭაობებული ადგილები. ეს საჭიროა, რათა დადგინდეს მიწის საბაზრო ღირებულება“, – უთხრეს მაშინ „ბათუმელებს“ სამინისტროში. ტერიტორიის გეოფიზიკური კვლევის მასალები სამინისტრომ იმავე წლის დეკემბერში ჩაიბარა.

ამ ტერიტორიას „განახლებული გეგმებით“ ალბათ მთავრობა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინაც გაიხსენებს.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია / 21.06.2024

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ხელისუფლებამ პოტენციური ინვესტორების მიყვანა წლების წინ დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, ჯერ კიდევ 2017 წელს მომზადდა აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. თუმცა ეს კვლევა მთავრობას არაფერში გამოუყენებია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი 2019 წელს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ  ეს იყო „ერთი კერძო კომპანიის მოსაზრება და არა სახელმწიფო მიდგომა“. შესაბამისად, ე.წ. „გონიოს პოლიგონის“ და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე თავად მუშაობდნენ.

თუმცა, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარების გეგმა-კონცეფცია არც 2021 წელს არსებობდა, როცა წინასაარჩევნოდ, მაშინდელმა პრემიერმა დააანონსა, რომ „გონიოში აშენდება ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით.“:

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია / 21.06.2024

ყოფილი პოლიგონის ტერიტორიიდან 6 ჰექტარი აჭარის სამინისტროს, სარგებლობის უფლებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის აქვს გადაცემული.

შსს-ს მომსახურების სააგენტო აქ ახალი ოფისის და საგამოცდო მოედნის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც 24 მილიონ 977 ათას 500 ლარით 2024 წელს ტენდერიც ჰქონდა გამოცხადებული. პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 1005 დღეში [დაახლოებით 3 წელში] უნდა დასრულებულიყო.

თუმცა „მომსახურების სააგენტოს შენობების მშენებლობისა და საგამოცდო მოედნების მოწყობისთვის დეტალური პროექტის მომზადებასა და მშენებლობაზე“ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ხელახალი ტენდერი კი სააგენტოს ჯერ არ გამოუცხადებია.

ფოტო არქივიდან: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

ამავე თემაზე:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

 

 

 

ბსუ-მ ახალი რექტორი უნდა აირჩიოს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გამოცხადდა.

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 2024 წლის 19 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება. მანამდე კი, 8 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით, რექტორობის კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ.

რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება და სამოქმედო გეგმის წარმოდგენა.

19 ივლისს ბსუ-ს აკადემიური საბჭო 4 წლის ვადით აირჩევს რექტორს.

წელს არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ბსუ-ს მოქმედი რექტორი, მერაბ ხალვაში. კანონმდებლობის თანახმად, რექტორი შეიძლება იქნეს არჩეული ორი ვადით, მერაბ ხალვაში კი ორჯერ აირჩიეს ამ პოსტზე, 2016 და 2020 წლებში.

„დაკარგული სამკაული“- სახალისო თამაში თავსატეხების მოყვარულთათვის ბათუმში

დღეს თამაშის მეორე დღეა, მაგრამ არ არის გვიან!

ბათუმში თუ ხართ და გიყვართ თავსატეხები გელოდებით 19:00 -ზე.

თავდაპირველად, გადმოწერეთ აპლიკაცია itamashe.ge და დარეგისტრირდი.

დარეგისტრირებისას სათამაშო სახელს მიაწერეთ $$$ და თქვენ ითამაშებთ უფასოდ.

შემდეგ ითამაშე და მოიგე საგზური ორ ადამიანზე რაგბის ეროვნული ნაკრების თამაშზე იტალიაში 17 ნოემბერს, Iphone, Apple Watch, რაგბის ნაკრების ეკიპირება და სხვა ბევრი პრიზი სპონსორებისგან.

თამაში იმართება რაგბის კვირეულის ფარგლებში პირველი ივლისიდან 5 ივლისამდე პერიოდში, რომელიც „აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოსა – ფიჯის ნაკრებებს შორის თამაშით დასრულდება.

იხილეთ თამაშის შესახებ დეტალური ინფორმაცია და წესები:

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება – რეგისტრირებულია 47000-ზე მეტი აბიტურიენტი

ხვალ, 3 ივნისს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული პირები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.

5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 – ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 545 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280]
  • ტანკი – 8 107 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 15 566 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 14 655 ერთეული [+56]
  • MLRS – 1 114 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 874 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 360 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 641 ერთეული [+21]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 335 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 787 ერთეული [+74]
  • სპეცტექნიკა – 2 452 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 625 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 27 121 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 535 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 478 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 362 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 215 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 238 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კორპუსი შუა ბათუმში მრიცხველების გარეშე – რას ამბობს „ოცნებასთან“ დაახლოებული მშენებელი

„აქ ცხოვრება აღარ შეიძლება – როდის გაითიშება შუქი და რამდენი ხნით, არავინ იცის. დღესაც არ გვქონდა შუქი, ახლა მოვიდა… არ შეასრულა პირობა ბიზნესმენმა მერაბ ფარტენაძემ, კომპანიამ, რომელმაც ეს კორპუსი ააშენა,“ – ამბობს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრები მაგული სურმანიძე.

კორპუსი, სადაც ის 2018 წლიდან ცხოვრობს, გამრიცხველიანებული არ არის.

მერაბ ფარტენაძე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია.

მცხოვრებთა ბრალდებას იმაზე, რომ მშენებელმა კომპანიამ პირობა არ შეასრულა, ადასტურებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ – კომპანია „ბალავარს“ შესაბამისი პროექტით ენერგოკომპანიისთვის არ მიუმართავს. ეს ბინა არც ბათუმის მერიას ჩაუბარებია.

„მე ძველი მაცხოვრებელი ვარ, ამ კორპუსის აშენებამდე ამ ადგილას ვცხოვრობდი და იმდენნაირად დავზარალდი, აღარ მაქვს მაგის აღწერის თავი. მხოლოდ შუქი გვქონდეს, იმას ვდავობთ ამდენი წელია და არ იქნა, ვერ მივაღწიეთ ამას. მშენებელი თავის ვალდებულებას არ ასრულებს, ენერგო-პრო კი გვეუბნება, რომ კომპანიამ უნდა შეასრულოს ვალდებულება,“ – გვიყვება მაგული სურმანიძე. – „სადარბაზოც პრობლემაა, ლიფტი და სახურავი…

არ ვიცი, რატომ არ სურს კომპანიას ჩვენთან აღებული ვალდებულების შესრულება. თავის დროზე, ვინც დაიწყო მშენებლობა, მან არ შეასრულა პირობა და გადაიბარა მერაბ ფარტენაძემ იმ პირობით, რომ შეღავათები ექნებოდა მერიიდან. მშენებლობა ამ ბიზნესმენმა კი დაასრულა 2018 წელს, მაგრამ პრობლემაა სადარბაზო, ლიფტის კარი ვარდება, სახურავიც დაუსრულებელია“.

მაგული სურმანიძემ „ბათუმელებს“ ასევე უთხრა, რომ კომპანია „ბალავარი“ უკვე გაკოტრებულია. აღარ ვიცით, ვის მივმართოთო.

ამ კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრები, მაია ფაღავა გვიყვება, რომ ისიც უშუალოდ ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძეს შეუთანხმდა, როცა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 2017 წელს ბინას ყიდულობდა. ის კომპანია „ბალავართან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას გვაჩვენებს, სადაც მითითებულია, რომ კორპუსში, სადაც მან ბინა იყიდა, კომპანია უზრუნველყოფდა „ელექტროგაყვანილობის ცენტრალურ დგარებს“.

„წლების განმავლობაში ვსარგებლობთ კომერციული ფართობების დენით, კომერციულ ფასს ვიხდით, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ ხშირად უშუქოდ ვრჩებით – ადრე დაბალი სიმძლავრის გამო ითიშებოდა – მბჟუტავი შუქი გვქონდა, ახლა კი, დავალიანების გამო ითიშება. ჭირს იმის გარკვევა, ვინ არ იხდის ამ კომერციული ელექტროენერგიის საფასურს, მხოლოდ თვითნებურად დამონტაჟებული მრიცხველები გვაქვს. კომერციული ფართობების მფლობელებმა რამდენჯერმე დაფარეს სხვების დავალიანება, მაგალითად, საკონდიტრომ, რომელსაც პროდუქტები გაუფუჭდებოდა, მაგრამ გადიან ისინიც უკვე აქედან… რამდენ ხანს უნდა იხადონ სხვისი გადასახადები?

თავის დროზე, როცა ბინები შევიძინეთ, 400-400 ლარი გადავიხადეთ მრიცხველებისთვის, მაშინ ეს იყო საფასური, მაგრამ გამრიცხველიანება არ მომხდარა. კომპანიაში ამბობდნენ, რომ ეს იყო ენერგოკომპანიის პრობლემა, ენერგოკომპანიაში კი მიპასუხეს, რომ კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამისი პროექტით. ჩვენ, ინდივიდუალურად ენერგო-პროს ვერ მივმართავთ.

საბოლოოდ კომპანია გაკოტრდა და იქ აღარავინ გვპასუხობს. სასამართლოს რომ მივმართოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დავა, არავინ იცის.

მერაბ ფარტენაძესაც დავურეკე. მიპასუხა, მე გავედი უკვე მაქედან, არ მაქვს კომპანიასთან შეხება, თუ არ მოგწონს, გაყიდეო. მიპოვა გამოსავალი,“ – გვითხრა მაია ფაღავამ.

„მე რა შუაში ვარ? მე ვიყავი შავი მშენებლობის შემსრულებელი და 2017 წლიდან გავედი „ბალავარიდან“, ჩემი წავიღე და წავედი,“ – ამბობს ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე. ის მართლაც აღარ ფიგურირებს კომპანია „ბალავარში“, რომელსაც 2017 წელს აშენებული კორპუსი ამ დრომდე ბათუმის მერიისთვის არ ჩაუბარებია. თუმცა მერაბ ფარტენაძის ცოლი, თამუნა კახიძე „ბალავარის“ მესაკუთრე იყო 2023 წლის ნოემბრამდე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თამუნა კახიძისგან წილები 2023 წელს იაშა გოჩიტიძემ იყიდა. მისი ტელეფონი დღეს, პირველ ივლისს მიუწვდომელი იყო. „ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირება თამუნა კახიძესთან, თუმცა მან ჩვენი სატელეფონო შეტყობინება უპასუხოდ დატოვა.

კომპანიის ყოფილი და ამჟამინდელი მესაკუთრეებისთვის გვინდოდა გვეკითხა: რატომ არ შეასრულა ამ დრომდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება?

ბიზნესმენმა მერაბ ფარტენაძემ გვითხრა, რომ შუქის პრობლემა კომპანიის კი არა, მცხოვრებლების ბრალია.

„მეც მაქვს ბინა ამ კორპუსში, მეც მაქვს ანალოგიურად პრობლემა, მეც კომერციულს ვიხდი… მოსახლეობაა ასეთი, თანხის დადება არ უნდათ, მრიცხველები გაძვირდა, ადრე თუ იყო 400 ლარი, ახლა ძვირია,“ – ამბობს მერაბ ფარტენაძე.

მას ამ კორპუსის სადარბაზოში გამოკრულ განცხადებაზე ვკითხეთ, რომლის მიხედვითაც გამრიცხველიანებისთვის ბინადრებმა 2500-2500 ლარი უნდა დადონ. განცხადებაში მითითებული არ არის, ვინ შეადგინა განცხადება და ვინ ითხოვს 2500 ლარს. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ ქალაქის უბნის მდებარეობასა და კორპუსზეა დამოკიდებული მრიცხველის ფასი.

„ეს გამორიცხულია,“ – „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ სისტემაზე ინდივიდუალური მრიცხველის დაკავშირება ამ ეტაპზე 800 ლარი ღირს, თუმცა მანამდე შესაბამისი სიმძლავრის ელექტროენერგია უნდა შევიდეს კორპუსში.

„იმისთვის, რომ მოხდეს მრავალბინიანი სახლის ქსელზე მიერთება, საჭიროა ობიექტის მესაკუთრემ მოგვმართოს შესაბამისი განაცხადით. განაცხადს უნდა დაერთოს სრულყოფილი დოკუმენტაცია. სრულყოფილად განაცხადის შემოტანის შემთხვევაში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განიხილავს და იმოქმედებს კანონის შესაბამისად, რათა უზრუნველყოს ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება,“ – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიის“ პრესცენტრიდან და დასძინეს, რომ ამ კომპანიიდან პროექტი 2021 წელს მიიღეს, მაგრამ ის დახარვეზდა. ახალი, სრულყოფილი პროექტით კი, კომპანიას „ენერგო-პრო ჯორჯიისთვის“ 2021 წლის შემდეგ არ მიუმართავს.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ასევე განმარტეს, რომ ცალკეული მოქალაქეები, როცა ისინი ახალ კორპუსში შედიან საცხოვრებლად, ენერგოკომპანიას გამრიცხველიანების მოთხოვნით ვერ მიმართავენ.

რატომ არ ჩაიბარა ბათუმის მერიამ კორპუსი ქალაქის ცენტრში, სადაც ოჯახები 2018 წლიდან ცხოვრობენ?

„აღნიშნული სამშენებლო კომპანიას ექსპლუატაციის მიღების მოთხოვნით არ მოუმართავს. რაც შეეხება კანონდარღვევას, ძველი სამშენებლო სამართალწარმოების ფარგლებში კომპანია დაჯარიმებულია,“ – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრიდან.

მერაბ ფარტენაძე [მარცხნივ] ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან, რამაზ ჯინჭარაძესა და მის მოადგილესთან ერთად

მერაბ ფარტენაძე [მარჯვნივ პირველი] „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად

15 წლით პატიმრობა ელის ცოლ-ქმარს, რომლებიც შვილებს მოწყალებას აიძულებდნენ – გამოძიება

ბათუმში არასრულწლოვნების ტრეფიკინგის მუხლით ბრალდებულ ცოლ-ქმარს, ვიდადი ა.-ს და ანჟელა ბ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულები საკუთარ შვილებს – 11 და 12 წლის გოგონებს ბათუმში, ჭავჭავაძის და ბარათაშვილის ქუჩებზე მოწყალების მიღებას აიძულებდნენ. ბრალდებულები ბათუმში 2024 წლის მაისში დააკავეს.

„შრომითი ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირეს საკუთარი არასრულწლოვანი შვილები… ანტისაზოგადოებრივი საქმიანობაში ჩაბმით [მოწყალების მიღების იძულებით] უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის მაისამდე, სრულად ისაკუთრებდნენ არასრულწლოვნების მიერ მოწყალების თხოვნით შეგროვებულ თანხას,“ – აღნიშნულია პროკურატურის დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ.

„ბრალის დადასტურების შემთხვევაში მშობლებს მინიმუმ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა ელით. ეს დაუშვებელია და უსამართლობაა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. ის ბრალდებულის ინტერესებს უფასოდ იცავს და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით უკვე მიმართა პროკურატურას.

ბრალდებული ცოლ-ქმარი აზერბაიჯანიდან არიან. ისინი 15 წლის წინ შემოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად. ბავშვები, რომლებზე ძალადობასაც პროკურატურა ედავება ცოლ-ქმარს, არასდროს უვლიათ სკოლაში – ისინი თავს ქუჩაში, მოწყალების მიღების გზით ირჩენდნენ.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურას ამ შემთხვევაში ბრალი დაკავებული ცოლ-ქმრისთვის უნდა წარედგინა არა ტრეფიკინგის მუხლი, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლით, რაც გულისხმობს „არასრულწლოვნის ჩაბმას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში“.

ადვოკატს მოსამართლისთვის უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს შემთხვევაზე განხილული საქმე შეუხსენებია.

უზენაესი სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული ერთ-ერთი განჩინების მიხედვით, კაცი 9 წლის შვილზე ფიზიკურად ძალადობდა. ასევე „2016 წლის მაისიდან 2017 წლის 24 აპრილამდე პერიოდში სისტემატურად აიძულებდა თავის 9 წლის შვილს ი.ლ.-ს რომ ემათხოვრა. იძულების პერიოდში ი.ლ. მათხოვრობდა თბილისის ტერიტორიაზე,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

„ეს იყო მოზარდების ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში და არავითარი შეხება ამ საქმეს ტრეფიკინგთან არ აქვს. ბრალდებულებმა არ იციან წერა-კითხვა, მათ არც ქართული და რუსული ენები იციან, ვერსად იმუშავეს და დაიწყეს მოწყალების მიღება ბათუმის ქუჩებში,“ – გვიყვება ადვოკატი დავით ჯაფარიძე, რომელსაც დაპატიმრებული ცოლ-ქმრის ამბავი აზერბაიჯანის კონსულისთვისაც უცნობია:

„მივიღე კონსულის თანამშრომლისგან პასუხი, რომ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმების მიღწევაში დაეხმარებიან…

სამართალდამცველებმა ერთიანად 15-20 ქურთი დააკავეს ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. ვინც კანონის დარღვევით იყო შემოსული სხვა ქვეყნიდან, მათ ბრალი საზღვრის უკანონო კვეთისთვის წარუდგინეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს კი, არასრულწლოვნებით ჯგუფურად ვაჭრობას ედავებიან. ეს ოჯახი ერთად გადიოდა ქუჩაში და ითხოვდა მოწყალებას. ერთ-ერთ ფარულ ვიდეოში ეს ჩანს კიდეც: დედა დგას ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე შვილთან ერთად…

წლების წინ ანჟელას [არასრულწლოვანი გოგონების დედა] მკერდის სიმსივნე გაუჩნდა და მას ხანგრძლივად გადაადგილება არ შეუძლია, ვიდადი ა.-ს კი, გველმა უკბინა შარშან, დარღვეული აქვს სმენა, მხედველობა და მეტყველება… 2024 წლის იანვარში სწორედ ამიტომ დაიწყეს მათხოვრობა გოგოებმა. უსახსრობის გამო ანჟელას და ვიდადის საქართველოში არასდროს მიუმართავთ ექიმისთვის,“ – გვითხრა დავით ჯაფარიძემ.

„ადამიანით ვაჭრობის [ტრეფიკინგის] წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით, 33 ქვეყანას შორის უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე – „პირველ კალათაში“, – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2024 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ავრცელებს.

სად არიან ახლა ბავშვები, რომლებსაც პროკურატურის ვერსიით მოწყალების მიღებას აიძულებდნენ?

„ორი თვეა ჩემთან არიან, არავის არაფერი გაუკეთებია ჯერ მათთვის გარდა იმისა, რომ ზეწოლა იყო ჩემზე, თუ ბავშვები ჩვენებას არ მისცემდნენ გამოძიებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ჯ. ის ტრეფიკინგში ბრალდებული ქალის, ანჟელა ბ.-ს რძალია. თამარი ამბობს, რომ  ბავშვები სოციალურმა მუშაკებმა ბათუმში, თავშესაფარში გადაიყვანეს, რამდენიმე დღეში კი, ბავშვები თავის ოჯახში, თბილისში წაიყვანა.

„დედის და მამის ფოტოებით იძინებენ ამ დრომდე ბავშვები… სკოლაში არ დადიან, რადგან საბუთები არ აქვთ, სოციალურმა მუშაკმა თქვა, რომ ვინაობა უნდა დადგინდეს და დოკუმენტაცია როცა იქნება, სკოლაში წავლენო,“ – გვითხრა თამარ ჯ.-მ. მას თავისი სოციალური პრობლემები აქვს, თუმცა გამორიცხავს, ბავშვებს ისევ ქუჩაში მოუწიოთ გასვლა.

„მოვიდნენ და შეგვამოწმეს. მე ონლაინგაყიდვებზე ვმუშაობ… ჩემს შვილებზე ვიღებ მხოლოდ სოციალურ შემწეობას, ჩვენი ოჯახი არ იღებს შემწეობას. მე ჩემი ბინა არ მაქვს თბილისში, ახლობელმა დამითმო დროებით… მე ვითხოვ იმას, რომ მშობლები დაუბრუნონ ბავშვებს“, – ითხოვს თამარ ჯ.

„ბათუმელები“ ამ საქმეზე და არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის მაჩვენებელზე პროკურატურას მეტი დეტალის გასარკვევად დაუკავშირდა. თუმცა პროკურატურის პრესცენტრიდან ინფორმაცია არ მიგვიღია.

იცით რას ნიშნავს 25 საათი კვირაში? არ უნდა ამოისუნთქო – პედაგოგი სახელფასო პოლიტიკაზე

თბილისის 126-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ნათია უჩავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2024 წლის საუკეთესო ათეულის წევრია. „ბათუმელები“ პედაგოგს განათლებაში არსებულ პრობლემებსა და იმ იმედგაცრუებაზე ესაუბრა, რასაც დღეს პედაგოგების დიდი ნაწილი, სამინისტროსგან დაპირებული და არ შესრულებული ხელფასების ზრდის გამო განიცდის.

  • ქალბატონო ნათია, დაწყებითი საფეხური ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებაში, ალბათ ამიტომაც არის, რომ პირველ ეტაპზე მშობლები დიდი მონდომებით არჩევენ ხოლმე სკოლას, პედაგოგს. თქვენ რას ანიჭებთ უპირატესობას სწავლა-სწავლების პროცესში და როგორია თქვენი ურთიერთობა ბავშვებთან?

დაწყებით საფეხურს თავისი სპეციფიკა ნამდვილად აქვს, რადგან უნდა გავითვალისწინოთ ასაკობრივი თავისებურებები, ინტერესები და ისეთი აქტივობები უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს, რაც მათთვის საინტერესო იქნება.

ამიტომ, ძალიან დიდ დროს ვუთმობ და ბევრ ენერგიას ვხარჯავ ხოლმე საინტერესო აქტივობების დაგეგმვაზე, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში და შესაბამისად, შედეგებზეც უფრო მარტივად გადის ხოლმე მასწავლებელი.

ამ საფეხურზე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები. სოციალური უნარების ქონა მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, პირველ კლასში კი ხშირად არ აქვთ ხოლმე ბავშვებს ეს მზაობა და საჭიროა ამაზე მუშაობა. ზოგიერთი მოსწავლე მორცხვია, ზოგი – პირიქით, ჰიპერაქტიური და შეიძლება უჭირდეს საკლასო წესების დაცვა.

შესაბამისად, ამ ყველაფერსაც ძალიან დიდ დროს ვუთმობ ხოლმე.

  • როგორი აქტივობები მოსწონთ ბავშვებს, რისი კეთება უყვართ ამ ასაკში განსაკუთრებით?

ძალიან მოსწონთ ისეთი აქტივობები, სადაც თვითონ მონაწილეობენ და არიან მთავარ როლში. მოსწონთ ჯგუფური მუშაობა, წყვილებში მუშაობა, კეთებით სწავლება, სადაც თავად ქმნიან პროდუქტს. შეიძლება რაღაც მაღალი ხარისხის არ გამოვიდეს, მაგრამ თავიანთი გაკეთებული რომ არის და ხედავენ, ეს მოსწონთ.

თუ ამ ნამუშევრებს შევაგროვებთ და შემდეგ გამოფენასაც მოვაწყობთ, ამაზე საერთოდ გიჟდებიან ხოლმე, რადგან თვალნათლივ ხედავენ იმას, რაშიც თავად დებენ ძალისხმევას და შრომას.

ძალიან მოსწონთ და ყველაზე მეტად ამახსოვრდებათ ხოლმე გასვლითი ღონისძიებები, კინოში, თეატრში თუ წავედით ან რაიმე მასტერ-კლასზე თუ არიან.

  • შეიძლება ძალიან ტრივიალური კითხვაა, მაგრამ მაინც გვინდა აგვიხსნათ, თქვენი აზრით, რას ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი? რა არის ის საბაზისო უნარები, რომელიც უნდა ჩამოუყალიბოს მასწავლებელმა მოსწავლეს და თქვენ როგორ ახერხებთ ამას?

კარგი მასწავლებელია ის, ვისაც უყვარს ბავშვები და თავისი საქმე, ამას უდგება პასუხისმგებლობით, მუდმივ ძიებაშია სიახლის და ვითარდება. დღევანდელ სისტემაში ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას მასწავლებელი და თუ ფეხი არ აუწყო თანამედროვე მოთხოვნებს, არ მოერგო 21-ე საუკუნის ბავშვის ინტერესებს, ისე ვერ გასწვდება და ვერ დააკმაყოფილებს მოსწავლეების მოთხოვნებსაც.

თქვენ ახსენეთ მშობლები. დიახ, მეც მსმენია, რომ ისინი დიდი ინტერესით არჩევენ ხოლმე თავიანთი შვილებისთვის პირველ მასწავლებელს, მაგრამ მშობელი და მასწავლებელი ცალ-ცალკე არ უნდა იდგეს. ყოველთვის უნდა იყოს თანამშრომლობა მათ შორის და ერთად უნდა იზრუნონ ბავშვის განვითარებაზე.

თუ იმას, რაზეც მე ვმუშაობ კლასში, მშობელი არ განამტკიცებს სახლში, შესაძლოა შედეგზე ვერ გავიდე, ან ამას მოვანდომო უფრო მეტი დრო და ძალისხმევა ვიდრე მაშინ, როცა მშობელია ჩართული.

პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაზე თანაბრად უნდა იმუშაოს როგორც მასწავლებელმა, ასევე მშობელმა, რადგან თუ ბავშვს არ აქვს პასუხისმგებლობა, ეს ბევრ რამეში უშლის ხელს, დაწყებითშიც და მაღალ საფეხურზე სწავლის დროსაც.

მაგალითად, ბავშვმა უნდა იცოდეს საკუთარი ნივთების მოწესრიგება. ჩვენ ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას ამაზე, რომ მოაწესრიგონ საკუთარი მერხი, საკუთარი ნივთები დააწყონ სწორად, მოემზადონ შემდეგი გაკვეთილისთვის. თუ ამას არ ექნება გაგრძელება სახლში, არ ასწავლის მშობელი, რომ ბავშვმა მოაწესრიგოს, მაგალითად, სათამაშოები, წიგნები, თავისი ოთახი და ამ ყველაფერს მშობელი უკეთებს, აი, აქ ცოტა გვიჭირს ხოლმე.

მშობელმა ან მასწავლებელმა მზამზარეული კი არ უნდა მიაწოდოს ბავშვს, არამედ დაეხმაროს, მასთან ერთად გააკეთოს და ერთობლივად შეეცადონ რაღაცის კეთებას. ბავშვმა თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, გააცნობიეროს, რა ევალება მას. შემდეგ კი მოთხოვნილებაც გაუჩნდება, რომ დავალება შეასრულოს, მასწავლებელს უსმინოს და ასე შემდეგ.

  • თქვენ 11 წელია ასწავლით სკოლაში. როგორია მშობელთა ჩართულობის დინამიკა და თუ შეიცვალა რაიმე არსებითად ამ ხნის მანძილზე? პროგრესი გვაქვს, თუ პირიქით?

გააჩნია მშობლის კონტინგენტს, გააჩნია მშობლის ასაკს და თვითშეგნებასაც. ბევრნაირ მშობელთან მქონია ურთიერთობა. ზოგიერთს ძალიან კარგად აქვს ეს გაცნობიერებული და თუ სწორი მიმართულებით მიჰყავს აღზრდა, მერე ეს სწავლის პროცესზეც აისახება ხოლმე. ზოგ შემთხვევაში კი ეს საკმაოდ რთულია.

  • ალბათ გყავთ ისეთი მოსწავლეებიც, ვისაც ემიგრაციაში ჰყავს მშობელი. ასეთ შემთხვევაში რა სირთულეებს აწყდებით, როგორი მიღწევები აქვთ ამ ბავშვებს და თუ ხერხდება ამ მშობლების ჩართულობა?

მყავდა ისეთი მოსწავლეც, რომელსაც საზღვარგარეთ ჰყავდა დედა და ყველაფერზე აისახებოდა ეს. ამ ბავშვებს პირველ რიგში აქვთ მშობლის დანაკლისი. მაგალითად, თუ წამოიჭრება მშობლის თემა, უხერხულობას გრძნობენ თითქოს თავს და ამბობენ „იცით, მე არ მყავს დედა აქ“, „მამა არ მყავს აქ“, – გვეუბნება ბავშვი და ყველაზე მეტად მათ აკლიათ სითბო და ყურადღება.

ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს ხოლმე ამ დანაკლისს, ზოგი აგრესიაში, ზოგი – პირიქით და მე პირადად, როცა ასეთი შემთხვევა მქონდა, რამდენიმე თვე დამჭირდა ბავშვთან სამუშაოდ. ყველა მეთოდი ვცადე, მაგრამ ყველაზე მეტად გაჭრა თბილად საუბარმა, წახალისებამ და შემდეგ ბავშვი ძალიან შეიცვალა, სწავლის მოტივაციაც აუმაღლდა და აქტიურიც გახდა.

როცა რაიმე ღონისძიება გვაქვს, ყველა ბავშვთან მოდის ხოლმე მშობელი და ამათთან არა. იცით, როგორი თვალები აქვთ ბავშვებს იმ დროს?! წყლიანი. როცა არის ხოლმე ოჯახის თემა, ვცდილობთ ფაქიზად ვისაუბროთ ამ ბავშვებთან და ისე მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია, ვუთხრათ, რომ მართალია მშობელი შორსაა, მაგრამ ხომ სულ ენატრები, ხომ გეხმიანება, სულ გკითხულობს და ასე შემდეგ. რაღაცით უნდა დავუბალანსოთ ეს სიშორე.

  • მასწავლებლებისგან ხშირად მესმის, რომ დღეს, გაჯეტების და ინტერნეტის ეპოქაში, ძნელია დააინტერესო მოსწავლე. თქვენი დაკვირვება როგორია, რა აინტერესებთ 6-7 წლის ბავშვებს, არის რაიმე, რაც მასწავლებლისგან განსაკუთრებულ მზაობას მოითხოვს?

ყველაზე დიდი პრობლემა გამოიკვეთა პანდემიის დროს იმ ბავშვებთან, რომლებმაც ვერ იარეს საბავშვო ბაღში ან სახლში მოუწიათ პირველი-მეორე კლასების გავლა. ამ ნაკადის ბავშვებთან გვქონდა სერიოზული პრობლემები, რადგან ბავშვებს არ ჰქონდათ ემოციები. ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდათ თავიანთი ასაკის ბავშვებთან, სახლში, ტელეფონებთან იყვნენ მეტწილად და უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვდა მათთან მუშაობა.

  • აი, ეს კონტინგენტი დღეს როგორ მდგომარეობაშია, თუ მოხერხდა ამ ბავშვების სოციალიზაცია, აკადემიური უნარების გაზრდა?

უჭირთ მასალის ათვისება, უფრო ნელი ტემპით მიდიან, ვიდრე სხვა ნაკადის ბავშვები, რომლებსაც არ გამოუვლიათ პანდემიის პერიოდი.

ზოგადად, ბავშვებს ყურადღების კონცენტრაცია უჭირთ. ამ უნარს სჭირდება გამომუშავება. ზოგ ბავშვს აქვს სურვილი, რომ დაჯდეს და რაღაც გააკეთოს, ზოგს – არა.

მასწავლებელი უნდა მიხვდეს, რა საჭიროება აქვს კონკრეტულ ბავშვს და ინდივიდუალურად უნდა შესთავაზოს დავალებები, აქტივობები მორგებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს. ამიტომ სულ უნდა ცვალო ეს აქტივობები და ყოველთვის სიახლე უნდა შესთავაზო, როგორც კი შეამჩნევ, რომ მოდუნდა ბავშვი.

ძალიან მოსწონთ თვალსაჩინოებები, პროექტორით თუ აყურებინებ რაიმეს. ძალიან მოსწონთ, როცა წაახალისებ, შეაქებ და ეს წახალისებაც უნდა იყოს მუდმივად. ასეთ დროს უფრო მეტს აკეთებენ ხოლმე.

  • ალბათ ამ საფეხურიდან იწყება მოქალაქის აღზრდაც. რა არის ის ღირებულებები, რაც აუცილებელია ბავშვის პიროვნული ფორმირებისთვის? თქვენი მიდგომა როგორია, როგორ აწვდით და აგებინებთ ამ ყველაფერს ბავშვებს?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები – მეგობრობა, ემპათიის გრძნობა, სხვისი პატივისცემა, ტოლერანტობა, სხვისი დახმარება…

ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაც გაკვეთილი აღარ ჩამიტარებია და ასეთი საკითხებისთვის დამითმია დრო, როცა დავინახე, რომ ბავშვებს გაუჭირდათ ამ საკითხში და ჩავთვალე, რომ საჭირო იყო ამ თემების გაშლა.

მუდმივი საუბრით, მაგალითებით უნდა ვესაუბროთ ამ ღირებულებებზე, რადგან თუ ადამიანური ღირებულებების პრობლემა არსებობს, იქ უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა ნიშანზე სწავლობს მოსწავლე.

  • ამ წლების განმავლობაში ბევრი ცვლილების წინაშე დადგა განათლების სისტემა, მუდმივი გამოწვევა იყო მასწავლებლების ანაზღაურება და კვალიფიკაცია. როგორ შეაფასებთ იმ გარემოს, რაშიც გიწევთ დღეს პედაგოგებს საქმიანობა?

მე ვთვლი, რომ მასწავლებელი მაინც არ არის სათანადოდ დაფასებული, არც ანაზღაურების მხრივ არის დაფასებული. აი, ამ ახალი სახელფასო პოლიტიკის პირობებში ხომ საერთოდ, რადგან ძალიან არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენეს მასწავლებლები. განსაკუთრებით ის მასწავლებლები, ვინც რაღაც გააკეთეს, იშრომეს პროფესიული წინსვლისთვის. ფაქტობრივად წყალში ჩაიყარა ყველაფერი და ეს უსამართლობის განცდას უჩენს ადამიანს.

კი, ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე, ბავშვები, მაგრამ მხოლოდ ენთუზიაზმზე ვერ იქნება ეს. მასწავლებლობა ჩვენი სამსახურია, საარსებო წყაროა და შესაბამისად, გვჭირდება ღირსეული ხელფასი შრომისთვის.

  • თქვენ ხართ მენტორი პედაგოგი, ყველაზე მაღალი სტატუსია ეს მასწავლებლისთვის. შეგიძლიათ გვითხრათ, ამ ახალი მოდელის მიხედვით თუ გაგეზარდათ 500 ლარით ხელფასი, როგორც ამას სამინისტრო გპირდებოდათ და თუ არა, რატომ?

ძალიან ცოტა მოგვემატა მენტორებს. ზოგიერთს საერთოდ დააკლდა.

პირადად მე ასი ლარითაც კი არ გამზრდია ხელფასი.

მე ყველაფერი გავაკეთე, რაც პროფესიული წინსვლისთვის დაგვიწესა სახელმწიფომ. ჩავაბარე გამოცდები, მოვამზადე კვლევები, ავიმაღლე სტატუსი და ეს სისტემა ჩემი მოგონილი ხომ არ ყოფილა?! ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენ, ვინც ეს გავაკეთეთ, ხელფასის ყველაზე დაბალი მატება გვაქვს, ვიდრე მათ, ვისაც ეს ნაბიჯები არ გაუვლია.

როცა 100 ლარითაც არ გეზრდება ხელფასი, მაშინ როცა 500 ლარს გპირდებოდნენ, ცხადია, მაქვს უსამართლობის განცდა. მეც ხომ მინდა მოტივაცია, თუნდაც იმისთვის, რომ ვიგრძნო ჩემნაირ აქტიურ მასწავლებელს როგორ აფასებს სახელმწიფო.

  • ეს ახალი მიდგომა ალბათ გააჩენს საათებზე მოთხოვნას და შეამცირებს პროფესიულ ზრდას. ფიქრობთ, რომ პედაგოგები აღარ იზრუნებენ პორტფოლიოს შექმნაზე და საკუთარი შრომის წარმოჩენაზე?

ნეგატიურად იმოქმედებს, რა თქმა უნდა, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა უსამართლობის განცდა. მე მენტორის სტატუსი მექნებოდა თუ წამყვანის, ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებდი, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ არის გარკვეული კატეგორია, ვისთვისაც ამოსავალი იყო სტატუსი, ხელფასი და შესაძლოა მათზე იქონიოს ამ ყველაფერმა გავლენა. ზოგადად, ანაზღაურება ჩემი შრომის პროპორციული უნდა იყოს.

  • როგორ ფიქრობთ, მოატყუა სამინისტრომ პედაგოგები?

მე იმიტომ არ ვგრძნობ თავს მოტყუებულად, რომ არც დამიჯერებია მათი დაპირება, რადგან ძალიან არარეალური იყო.

ვიღაცას შეიძლება მოემატა 500 ლარით ხელფასი, მაგრამ ეს ის ხალხია, ვისაც 25 საათი აქვთ დატვირთვა. იცით, რას ნიშნავს 25 საათი კვირაში? არ უნდა ამოისუნთქოს მასწავლებელმა, დღეში 5-5 გაკვეთილი უნდა ატაროს და მერე ასეთი მასწავლებელი პროდუქტიული იქნება?

ჩემი აზრით, ბოლოს პროფესიულ გადაწვამდე მივალთ. ეს შეამცირებს განათლების ხარისხსაც. როგორ წარმოგვიდგენიათ, 25 საათი ატაროს მასწავლებელმა ყოველ კვირა და მას დრო დარჩეს იმისთვის, რომ ცალკე დაგეგმოს შემდეგი დღის გაკვეთილები, განახორციელოს სხვა პროექტები და ასე შემდეგ.

  • ხელფასების მატებაზე საუბარი ყოველთვის წინასაარჩევნოდ იწყება ხოლმე და ახლაც იყო განცდა, რომ ამ დაპირებით „ქართული ოცნება“ შეეცდებოდა მიეღო პედაგოგების ხმები. თქვენ თუ გაქვთ იგივე განცდა და რამდენად აისახება ეს არჩევნებზე?

სახელმწიფოს მიერ ხელფასის მომატება ან არმომატება, ჩემს ღირებულებებზე, არ აქვს მნიშვნელობა მასწავლებელი ვარ თუ სხვა პროფესიის ადამიანი, გავლენას ვერ მოახდენს. რა პოზიციაც მაქვს, იგივე დამრჩება და თუ ვინმეზე ახდენს გავლენას, ეს პრობლემა მგონია უკვე იმ ადამიანისთვის. სამწუხაროდ, მასწავლებელიც შეიძლება აღმოჩნდეს ასეთი.

  • ვიცით, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების ძალიან დიდი წინააღმდეგობის ფონზე მაინც მიიღო რუსული კანონი და საფრთხე შეუქმნა ამ ქვეყნის დემოკრატიას და ევროინტეგრაციას. თქვენთვის, როგორც მასწავლებლისთვის, რამდენად პრობლემურია ეს საკითხი და თუ არ შეიცვლება ამ მხრივ რაიმე, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ გარემოში მუშაობა?

ვთვლი, რომ ამ კანონის მიღებით ნამდვილად ვშორდებით ევროკავშირში ინტეგრაციას და იმას, რისთვისაც ვიბრძოდით, რადგან განათლების სისტემაში ძალიან ბევრია ევროპული ბენეფიტები, ბევრი დონორი ორგანიზაცია გვეხმარება, გვაქვს გაცვლითი პროგრამები და ასე შემდეგ, ამიტომ ეს კანონი, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის და სამომავლოდ კითხვის ნიშნის ქვეშე დგება საერთოდ ევროკავშირში შესვლაც.

შესაბამისად, ეს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, რომელიც მომავალზე ვფიქრობ, ნამდვილად პრობლემურია.

არადემოკრატიული გარემო კი დააზარალებს ნებისმიერ საკითხს ამ ქვეყანაში, იქნება ეს განათლება თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

ყველა ცვლილება, რომელიც განათლების სფეროში გაკეთდება, უნდა იყოს გონივრული, მასწავლებლის საჭიროებაზე და მოთხოვნებზე მორგებული და არა პირიქით. შემოთავაზებული ახალი მოდელი კი გამოიწვევს იმას, რომ ყველას მოუნდება მეტი საათი, ეს გააჩენს კონფლიქტურ სიტუაციებსაც და ხელს შეუშლის ახალი კადრების შემოდინებას სკოლაში.

ცესკომ ISO 9001:2015-ის ფარგლებში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა.

ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს „მენეჯმენტის სისტემების“ აუდიტორის მიერ 2024 წლის მაისში განხორციელდა შიდა აუდიტი, ივნისში კი საერთაშორისო აუდიტორების მიერ დისტანციურად განხორციელდა საკონტროლო აუდიტი. ორივე სახის აუდიტი წარმატებით დასრულდა და ცესკომ შეინარჩუნა მის მიერ მოპოვებული საერთაშორისო სერტიფიკატი.

აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის მიზნები, ამოცანები, მონიტორინგი და ანგარიშგება შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს.

როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი – „საარჩევნო პროცესში მუდმივად ინერგება სიახლეები და დაინტერესებულ მხარეებს მუდმივად მიეწოდებათ ხარისხზე ორიენტირებული, გამჭვირვალობისადმი მიმართული მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს გაუმჯობესებაზე და ახორციელებს მთელ რიგ ინოვაციურ პროექტებს“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO სერტიფიკატი 2019 წელს მიიღო, რითაც დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 მოთხოვნებს.

“ბებია 4 შვილთან ერთად გამოასახლეს და ქუჩაში დატოვეს” – სტალინური რეპრესიების მსხვერპლის ამბავი

„87 წლის წინ, 1937 წლის 14 ივლისს, ჩემი დიდი ბაბუა მემედ გვარიშვილი, ბებია და მათი ოთხი არასრულწლოვანი შვილი ბეშუმში წასასვლელად ემზადებოდნენ. იმ ღამით შინსახკომის წევრები შეცვივდნენ ჩემი დიდი ბაბუის სახლში და დააპატიმრეს,“ – ასე იხსენებს მრავალი წლის შემდეგ მემედ გვარიშვილის შვილთაშვილი ოჩი კონცელიძე ამბავს, რომელმაც მისი წინაპრები იმსხვერპლა.

სტალინური რეპრესიების სისასტიკე მხოლოდ მემედ გვარიშვილის დაპატიმრებით არ დამთავრებულა.

მემედის დაპატიმრებიდან ორ თვეში, მთელი მისი ქონების კონფისკაცია მოხდა. მემედის მეუღლე, ფიქრიე ბეჟანიძე, ოთხ შვილთან ერთად სახლიდან გამოასახლეს და ქუჩაში დატოვეს.

„1937 წლის სექტემბრის თვეში ჩემი დიდი ბებია თავის შვილებთან ერთად გამოასახლეს მათი კუთვნილი სახლიდან. ბრალდების თანახმად, მემედ გვარიშვილი გახდა „ხალხის მტერი და, შესაბამისად, მისი ქონება ექვემდებარებოდა კონფისკაციას“.

დღეს აქტუალურია უცხოური გავლენის აგენტი, მაშინაც ასე აკრავდნენ ადამიანებს „ხალხის მტრის“ იარლიყს. ასეთი ადამიანები ვითომდა „საქმიანობდნენ საბჭოთა კავშირის და საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ“.

ბებია და ბავშვები დარჩნენ ღია ცის ქვეშ, სახლის გარეშე. გამოსახლებული ოჯახი მეზობლად მცხოვრებმა ბადოევებმა შეიფარეს. ბავშვების ტანსაცმელიც კი არ გამოატანეს ბინიდან. ბადოევებთან გარკვეული პერიოდი გაჩერდნენ და შემდეგ გადავიდნენ სხვაგან.

მოგვიანებით, მემედის უფროსმა ქალიშვილმა, ნანამ ამოიცნო ის კაცი, ვინც მონაწილეობდა მამამისის დაპატიმრებაში – ის მათ სახლს დაეპატრონა. როგორც ჩანს, სახლსაც დაპატიმრების დროს დაადგა თვალი.

მთელი 20 წელი, 1937 წლიდან 1957 წლამდე, სანამ მემედ გვარიშვილის რეაბილიტაცია არ მოხდა, საშინელი ტანჯვა გამოიარა მისმა ოჯახმა. გარიყულობა საზოგადოებისგან, უსახლკარობა და სიღარიბე,“ – უყვება ოჩი კონცელიძე „ბათუმელებს“ საკუთარი ოჯახის ისტორიას.

  • მემედ გვარიშვილის ამბავი

მემედ გვარიშვილი წარმოშობით ჩაქვიდან იყო. მისი ოჯახი ბათუმში საცხოვრებლად მე-20 საუკუნის დასაწყისში გადმოვიდა.

მემედ გვარიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა ჩაქვისა და სალიბაურის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად, ქობულეთის რაიონული აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის ასსრ მიწათმოქმედების (1928-1929), ხოლო შემდგომ სოციალური უზრუნველყოფის (1933-1935) სახალხო კომისრად (მინისტრად).

1937 წლამდე, ანუ სანამ დააპატიმრებდნენ და დახვრეტდნენ, იყო აჭარის ასსრ-ს ხორცის დამზადების, მრეწველობისა და გასაღების მთავარი სამმართველოს უფროსი.

„როდესაც დააპატიმრეს, არავინ იცოდა ზუსტად, სად ჰყავდათ. ბათუმი პატარა ქალაქი იყო, უცებ გავარდა ხმა ქალაქში ჩეკას შენობის სარდაფში ჰყავთ დაპატიმრებულებიო. ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩის დასაწყისში დგას ეს შენობა. ბაბუაჩემი, ოსიკო გვარიშვილი, მემედის შვილი, თავის წიგნში „ავადმოსაგონარი 1937 წელი“ აღწერს იმ შემთხვევას, როდესაც დედასთან ერთად მივიდა ჩეკას შენობაში და მამის ამბავი მოიკითხა,“ – ამბობს ოჩი კონცელიძე.

სახლი, სადაც 1937 წელს ჩეკა იყო და რომლის სარდაფშიც უდანაშაულო ადამიანები ჰყავდათ გამოკეტილი

„1937 წელს ამ შენობაში ჩეკას რეზიდენცია იყო. ზემო პირველ და მეორე სართულზე, აგრეთვე სხვებზე, უფროსობა, ანუ მტანჯველნი ისხდნენ, ხოლ ქვევით „პადვალში“ – სახელდახელოდ, ვინაობის გარკვევის გარეშე, ქუჩაში შემთხვევით, უდანაშაულოდ გამვლელნიც იტანჯებოდნენ. პატიმართა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ რკინის საკნის კარებს ძლივსღა კეტავდნენ. შუაღამისას ჭოროხის პირას მარხავდნენ ამ ჯოჯოხეთში დახოცილთ….

უთენია დილით კი, „პადვლის“ ჩასასვლელში, რომელიც ახლა ამოქოლილია, პატიმართა ჭირისუფლების რიგი იმართებოდა „პერედაჩის“ გადასაცემად.

ჰოდა, ვიდექით იმ რიგში დედაჩემი და მე – ჩემს დედმამიშვილებში ყველაზე პატარა, დედაჩემის კალთას ჩაბღაუჭებული, ირგვლივ შეშინებულ თვალებს ვაცეცებდი და წამითაც არ ვშორდებოდი მას.

დროდადრო ზემო სართულის მესვეურთაგან ვინმე გამოჩნდებოდა, პატიმრის გვარს ამოიძახებდნენ და მასთან მისულს „საკითხის გასარკვევად“ წაიყვანდა. შემდეგ გავიგეთ, ასეთი მზაკვრული ოინით „კაცის წაყვანა“ რას ნიშნავდა. გავიგეთ მაშინ, როდესაც ჩემი ორი ბიცოლა ასე დააპატიმრეს. ჩეკას შენობასთან უმთავრესად ქალები იდგნენ რიგში „პერედაჩის“ გადასაცემად,“ – ასე აღწერს ჩეკას შენობაში არსებულ სიტუაციას ოსიკო გვარიშვილი თავის წიგნში „ავადმოსაგონარი 1937 წელი“.

  • კონფისკაცია

1937 წელს, როდესაც ხალხს აპატიმრებდნენ, თუ მათ რაიმე ქონება ჰქონდათ, ყველაფრის კონფისკაციას ახდენდნენ. ასე მოხდა მემედ გვარიშვილის შემთხვევაშიც.

ოსიკო გვარიშვილის მოგონებებში ვკითხულობთ, რომ მისი ქონების გაყოფა მემედის დასაპატიმრებლად მისულმა შინსახკომის წევრებმა იქვე, მის ბინაშივე დაიწყეს. უცებ გააქრეს სახლიდან იარაღის კოლექცია, მოოქროვილი პორტსიგარი და სხვა ღირებული ნივთები.

„აჭარაში კონფისკაციაში მოხვედრილი ბინებისა და ქონების „განაწილება“ უფრო მოწესრიგებული და გაიოლებული იყო. განაწილება-მითვისება ხდებოდა რიგის მიხედვით, ჯერ უფროსი რანგის მოხელეები აირჩევდნენ, მერე მიყვებოდნენ დანარჩენები, ხოლო მორჩენილი „ნადავლი“ სპეციალურ მაღაზიებში იყიდებოდა.

ჩვენ, ბავშვების ინტერესს იქ გამოწყობილი სათამაშოები, ბავშვთა ველოსიპედები, ხმლები და სხვა იწვევდა. მაგრამ რატომღაც მშობლების მიერ შიგ შესვლაც კი აკრძალული გვქონდა, „იქ ნამტირალევი და დაწყევლილი საქონელი აწყვიაო,“ – ვკითხულობთ ოსიკო გვარიშვილის მოგონებებში, რომელიც მამია ხარაზის მონათხრობს ეყრდნობა.

ამავე მოგონებებიდან ხდება ცნობილი, რომ ბინა შინსახკომის მძღოლმა, გოგი თოდაძემ და მისმა ცოლმა, პარტიულმა მუშაკმა, ფატუშა დუმბაძემ მიისაკუთრეს. მძღოლი უშუალოდ იღებდა თურმე მონაწილეობას მემედ გვარიშვილის დაპატიმრებაში.

1957 წელს, როდესაც მემედ გვარიშვილის რეაბილიტაცია მოხდა და დღის წესრიგში მისი ოჯახისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი დადგა, ბინის ახალმა მფლობელებმა სასტიკი უარი განაცხადეს ძველი მეპატრონეებისთვის დაბრუნებაზე.

„გაყოყოჩებულმა ცეკას მდივანმა, ფატუშა დუმბაძემ კატეგორიული უარი განაცხადა მითვისებული ქონების დაბრუნებაზე. აჭარის მაშინდელმა ხელისუფლებამ კი ვერ შებედა მასთან ქონების დაბრუნებაზე საუბრის ჩამოგდება. განსაკუთრებით მაღალი პოსტის მქონე ქალბატონის მაამებლად ყველაფერს აკეთებდა მაშინდელი აჭარის სუკის ხელმძღვანელი, გამოწრთობილი ჩეკისტი, პოლკოვნიკი ტიტე ჩიქოვანი.

ერთი კი არის, სუკის არქივში ხელშეუხებლად ინახებოდა ჩამორთმეული ქონების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაზე ფატუშა დუმბაძის მკაფიო ხელწერა იყო აღბეჭდილი.

ვეღარ შეიკავა თავი უკვე სამოც წელს მიღწეულმა დედაჩემმა: გულის სიღრმიდან წამოსული წყევლა-კრულვა კვლავ გაუგზავნა ყველას…

1957 წელს ოდნავ ამოვისუნთქეთ მთელმა ოჯახმა, მაგრამ სიმწრის ფასად. სამხედრო კოლეგია იტყობინებოდა, რომ მამაჩემი თურმე უდანაშაულოდ დაუხვრეტიათ და ახლა, სიკვდილის შემდეგ, რეაბილიტირებულ იყო.

სულიერმა ტკივილმა ამიტანა. მართალი ყოფილა, უდანაშაულო ყოფილა 36 წლის ახალგაზრდა კაცი, ოთხი შვილის მამა. თურმე მართალი ყოფილა. ჩვენც მართლები ვყოფილვართ, ქუჩაში გამოყრილები 20 წლის განმავლობაში შიშსა და ძრწოლაში მყოფნი, ახლა ერთი ნაკუწი ქაღალდი გვამცნობდა ჩვენს სიმართლეს“, – ვკითხულობთ ოსიკო გვარიშვილის მოგონებებში.

როდესაც 20-წლიან ტერორზე საუბრობს, ოსიკო გვარიშვილი იხსენებს ორ მნიშვნელოვან მომენტს, საიდანაც ნათელი ხდება, თუ როგორი შიშის ქვეშ უწევდათ ცხოვრება რეპრესირებული ადამიანების ოჯახის წევრებს.

„ბათუმის პედინსტიტუტში მეორე სართულზე ასვლამდე, კიბის თავზე დიდი პორტრეტი ეკიდა ქვეყნის ბელადის, სტალინისა ჩიბუხით ხელში. ვიღაც ოხერმა დანით გაჭრა ტილო. ატყდა ორომტრიალი ფორმიანი და უფორმო მუშაკებისა, გაკითხვა-გამოკითხვა. იმ საღამოს მეც იქ ვიყავი. მუხლები მომეკვეთა, თანდაყოლილმა შიშმა ამიტანა: ტროცკისტის შვილს შეიძლებოდა დამბრალდებოდა ეს აქცია… გადავრჩი.

მტრად გამოცხადებული მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ მათხოვა ერთმა ჩემმა ნათესავმა. წიგნი შესვენებისას მერხში დამრჩენოდა. სწრაფად გადავმალე, ეტყობოდა დავაგვიანე. სტუდენტთა შორის „მომუშავე“ ნაცნობის თხოვნაზე, წიგნი მაჩვენეო, მივხვდი, ვიღაცას ენახა მერხში და დავესმინე. ცივი უარი ვუთხარი, სამაგიეროდ, სახლში წასვლისას წიგნი დავწვი, მოსალოდნელი ჩხრეკისას რომ არ ენახათ,“ – ვკითხულობთ წიგნში „ავადმოსაგონარი 1937 წელი“.

"იმდენი პატიმარი იყო, რკინის საკნის კარებს ძლივს კეტავდნენ" - რეპრესირებული მემედ გვარიშვილის ამბავი

 

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრებმა მსოფლიო რაგბის შესარჩევის სერიის საგზური მოიპოვა

საქართველოს 7-კაცამ გერმანიაში, ჰამბურგში მიმდინარე რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე დასკვნითი ეტაპის პირველ დღეს, ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო და თასის 1/4-ფინალში ნაადრევად გავიდა.

პირველ მატჩში საქართველო ესპანეთს შეხვდა, ორის პასუხად სამი ლელო გაუტანა და მეტოქე ანგარით – 17:12 დაამარცხა. ორი ლელო ლევან ნარიმანიძის ანგარიშზეა, ერთი კი – საბა არჩვაძის.

მეორე მატჩში საქართველომ ლიეტუვა დაამარცხა ანგარიშით – 10:7, ლელოები სერგი ჩხაიძისა და რომან მახათაძის ანგარიშზეა.

29 ივნისს ჯგუფურ ეტაპზე საქართველო გერმანიასთან ანგარიშით – 28:0 დამარცხდა.

საქართველო მეოთხედფინალში პორტუგალიას შეხვდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეოთხედფინალში პორტუგალიამ 21:14 მოიგო.

„პლეიოფის“ შემდეგ თამაშში საქართველოს ნაკრები ბელგიას ეთამაშა და 10-7 მოიგო, რითაც მსოფლიო სერიის შესარჩევის, ჩელენჯერის საგზური მოიპოვეს.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატის „პლეიოფის“ ბოლო თამაში იტალიასთან ითამაშა მეხუთე ადგილისთვის. თამაში ანგარიშით – 14:12 დამთავრდა და ევროპის ჩემპიონატი საქართველომ მე-5 ადგილით დაასრულა.

ეუთო/ოდირი უარყოფითად აფასებს გენდერული კვოტირების გაუქმებას

ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია – ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველი ავრცელებს.

ეუთო/ოდირმა სწორედ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა ეს საკითხი.

შესაბამისი კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, 4 დღეში განიხილა და 2024 წლის 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, მოგვიანებით, 15 მაისს კი მათთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოც დაძლია.

ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, კვოტების სისტემა მიზნად ისახავს დე ფაქტო თანასწორობის მიღწევას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის თანდათანობით გაზრდას, მოცემულ კონტექსტში კი არ არსებობს მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ გენდერული კვოტების გაუქმება აუცილებელი იყო კონსტიტუციურობის საფუძვლით, ან საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არაეფექტურობისა თუ იმის გამო, რომ საჭირო აღარ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ბალანსი საქართველოს პარლამენტში ნელა, თუმცა თანდათანობით უმჯობესდებოდა სავალდებულო გენდერული კვოტებისა და ფინანსური წახალისების შემოღების გამო, ის კვლავ დაბალი რჩება ეუთოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით და არ აღწევს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტებითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მიზნობრივ მაჩვენებლებს.

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ კანონპროექტების თანმხლები განმარტებითი ბარათები არ შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებას, მონაცემს ან ფაქტს, გენდერული კვოტის მოქმედების მექანიზმის სიღრმისეულ ანალიზს ან მის შესაძლო ალტერნატივას და ვერ ასაბუთებს საარჩევნო გენდერული კვოტებისა და პარტიების ფინანსური წახალისების სისტემის გაუქმების საჭიროებას.

ეუთო/ოდირი თავის დასკვნაში ყურადღებას ამახვილებს ასევე პროცედურულ ხარვეზებზე, კანონპროექტების დაჩქარებულად მიღებაზე, განხილვის პროცესში ადეკვატური და ინკლუზიური მონაწილეობისა და დაინტერესებულ მხარეებთან რელევანტური კონსულტაციების არარსებობაზე, არჩევნების სიახლოვეს საარჩევნო სისტემის არსებითი ელემენტების ცვლილების უარყოფით მხარეებსა და საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპის გაუთვალისწინებლობაზე.

2 ივლისს ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში გაზის მიწოდება შეწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით,  ხვალ, 2 ივლისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ერგეში, ზედა ერგეში, ქვედა ჯოჭოსა და ზედა ჯოჭოში მცხოვრებ 547 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 2 ივლისის 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

თურქეთში 430 ტყის ხანძარი გაჩნდა ბოლო ერთ თვეში

თურქეთში ჰაერის მაღალმა ტემპერატურა ტყის ხანძრების მიზეზი გახდა, განსაკუთრებით ეგეოსის, ხმელთაშუა ზღვისა და მარმარილოს ზღვის რეგიონებში – წერს თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“.

თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ივნისში თურქეთში 430 ტყის ხანძრის გაჩნდა და 3733 ჰექტარი დაზიანდა, აქედან 21 ხანძარი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გავრცელდა.

გამოცემის ცნობით, 29 ივნისს, თურქეთის მასშტაბით შვიდ პროვინციაში სხვადასხვა ზომის 11 მაღალი რისკის შემცველი ხანძარი დაფიქსირდა, რომელთაგან 6 კონტროლის ქვეშ მოექცა.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი ხანძარი სიგარეტის ნამწვის გამო გაჩნდა. კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როდესაც პირმა სიგარეტის ნამწვი გადააგდო და გაიქცა, რასაც აალება მოჰყვა და ხანძარმა დაახლოებით 50 ჰექტარი ფართობი დააზიანა. ჟანდარმერიამ დაადგინა ეჭვმიტანილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 543 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
  • ტანკი – 8 099 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 15 550 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 14 599 ერთეული [+66]
  • MLRS – 1 111 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 874 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 360 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 620 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 333 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 713 ერთეული [+70]
  • სპეცტექნიკა – 2 448 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 616 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 968 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 535 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 463 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 361 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 129 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 136 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბუკნარში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

ბუკნარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა.

ავარია დღეს, 30 ივნისს მოხდა.

დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ივნისის 21 საათიდან პირველი ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 2-3 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.


პარაშუტით აფრენა 100-150 ლარი ღირს – რა დაგიჯდებათ წელს პლაჟზე დასვენება ბათუმში

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 542 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
  • ტანკი – 8 080 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 15 524 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 14 533 ერთეული [+53]
  • MLRS – 1 110 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 873 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 360 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 584 ერთეული [+46]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 331 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 643 ერთეული [+75]
  • სპეცტექნიკა – 2 448 ერთეული [+12]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 616 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 968 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 535 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 463 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 361 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 129 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 136 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

არასამთავრობოები მსურველებს უფასოდ ასწავლიან, როგორ დააკვირდე არჩევნებს  

ავტორი: კოტე სტალინსკი

სად მივიღოთ ინფორმაცია საარჩევნო კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ? – ამ კითხვის მქონე  მოქალაქეები არჩევნებზე დასაკვირვებლად რეგისტრირდებიან.

„ვისაც სურს, წვლილი შეიტანოს აპოლიტიკურ, ობიექტურ საარჩევნო დაკვირვებაში, ვიწვევთ უფასო ტრენინგ კურსებში მონაწილეობის მისაღებად. პირველ ეტაპზე ვამზადებთ ტრენერთა ტრენერებს, რათა მათ, თავის მხრივ, გადაამზადონ უშუალოდ დამოუკიდებელი მოხალისე დამკვირვებლები,“ – ამბობს ირმა პავლიაშვილი, „ღია სივრცე კავკასიას“ თავმჯდომარე.

30 მაისს, „ღია სივრცე კავკასიამ“ გამოაქვეყნა განცხადება, რითაც შესთავაზა დაინტერესებულ მოქალაქეებს ონლაინ საარჩევნო კურსში მონაწილეობის მიღება. თუმცა, მოქალაქეების მოთხოვნამ იმატა და ცოდნის ფართოდ გაზიარებისთვის, „ღია სივრცე კავკასიამ“ დაიწყო ტრენერთა ტრენერების გადამზადება. ერთ-ერთი პირველი ჯგუფი, ვინც „ღია სივრცე კავკასიას“ განცხადებას გამოეხმაურა, საქართველოში ბოლო პერიოდში შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეისბუკ ჯგუფის – „დაიტოვესა“ და მის საფუძველზე შექმნილი „დაიცავის“ გუნდია.

„ჯგუფში დაიტოვე შემოვიდა უამრავი მოქალაქის შეკითხვა და დახმარების თხოვნა, რომ ჩაერთონ დამოუკიდებელ საარჩევნო დაკვირვებაში. ამის საპასუხოდ, მოქალაქეებმა, მოქალაქეებისთვის შევქმენით ჯგუფი „დაიცავი“, რომ ყველა მსურველმა მიიღოს ინფორმაცია – თუ სად და როგორ შეიძლება ინფორმაციის მიღება საარჩევნო პროცედურებზე. შემდგომ, სად და როგორ შეიძლება არჩევნებზე დაკვირვება,“ – ამბობს დაიტოვეს გუნდის წევრი, მარიამ ყაულაშვილი-საუთუელი.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩევნები უმრავლეს უბანზე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ახალი პროცედურებით – და მათ შორის, სრულად პროპორციული სისტემით. ეს აძლევს შესაძლებლობას თითოეულ მოქალაქეს, მათი ნება უფრო სამართლიანად იყოს ასახული საარჩევნო შედეგებსა და მანდატებში,“ – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

„თუმცა, არსებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მაღალია საარჩევნო პროცედურების დარღვევების  და გაყალბების მცდელობების რისკები. ამიტომაც, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცოდნის მაქსიმალურად გაზიარება პროცედურების შესახებ. ინფორმირებული, დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლებისთვის ცოდნის გაზიარება, რათა თითოეული მოქალაქის არჩევანი და ნება მაქსიმალურად იყოს დაცული“, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

მარიამ ყაულაშვილი-საუთუელი საუბრობს შემდგომ გეგმებზეც: „პირველ ეტაპზე, მოვიწვიეთ მოხალისეები, ვისაც სურვილი აქვთ, გადაამზადონ საარჩევნო დამკვირვებლები, გაგვიხარდა „ღია სივრცე კავკასიას“ განცხადება – დავუკავშირდით და დაიგეგმა ტრენერთა ტრენინგი. შემდგომ ეტაპზე, გადამზადებული ტრენერები გაუზიარებენ ცოდნას და ინფორმაციას მოხალისე დამკვირვებლებს ნებისმიერ ქალაქში, ვინც ისურვებს არჩევნებზე დაკვირვებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაცული იყოს თითოეული მოქალაქის ხმა“.

„ღია სივრცე კავკასია“ აგრძელებს ტრენინგებს მოხალისე ტრენერებისა და დამკვირვებლებისათვის. მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ.

ჯგუფი „დაიტოვე“ იწვევს მოხალისეებს, ვისაც სურს სადამკვირვებლო ტრენინგის გავლა და საარჩევნო დაკვირვებაში ჩართვა. მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ.

მარტვილში საპროტესტო აქციას „ბალდის კანიონის გადასარჩენად”, სხვა ქალაქებიდანაც უერთდებიან

ამ წუთებში, მარტვილში, მერიის შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია “ბალდის კანიონის გადასარჩენად”.

მოსახლეობა ბალდის კანიონის კერძო ინვესტორისთვის გადაცემას გასული წლის შემოდგომიდან აპროტესტებს. სოფელში კარავია გაშლილი, სადაც ადგილობრივები ღამეს ათევენ.

დღეს საპროტესტო აქციას მარტვილის ცენტრში, სხვა ქალაქებიდანაც უერთდებიან.

მოსახლეობა ბალდის კანიონის გადასარჩენად საპროტესტო აქციას მართავს.
ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები

 „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ 2022 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლია, კერძო კომპანიას – 40 წლიანი იჯარით გადასცა.

მოსახლეობა მარტვილის მერიის წინ, საპროტესტო აქციას მართავს.

„დაუბრუნდეს ბალდა ბალდელებს“ – პროტესტი

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ – „კანიონი 350“,  იკისრა ვალდებულება, კანიონის ტერიტორიაზე მოაწყოს „ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს): ვიზიტორთა ცენტრს, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდულ ბილიკს (ხიდებითა და გადასახედებით) და არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციას.”

მოსახლეობა ბალდის კანიონის გასხვისებას აპროტესტებს. ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები

 ადგილობრივები ამბობენ, კანიონის კერძო პირისთვის გადაცემასთან დაკავშირებით სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც  კომპანიამ სამუშაოები დაიწყო და კანიონის ტერიტორია შემოღობა.

საპროტესტო მოძრაობა  “ბალდის კანიონის გადასარჩენად” წევრი, ცოტნე თვარაძე:  “თავიდანვე ეს პროტესტი ემსახურებოდა საჯარო სიკეთის გადარჩენას, რომელიც ყველასია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ვიღაცა ერთმა კონკრეტულმა ჩინოვნიკმა ჩაიდოს ჯიბეში…

მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს უკანონოდ გაცემული იჯარა და გაათავისუფლონ უკანონოდ და გაათავისუფლონ უდანაშაულოდ დაჭერილი დიკო ბჟალავა”.

საპროტესტო აქციას ადამიანები სხვა ქალაქებიდანაც უერთდებიან.

მოსახლეობა ბალდის კანიონის გასხვისებას აპროტესტებს

კვარიათის ზღვაში დაკარგული გოგო გარდაცვლილი იპოვეს

დღეს, 29 ივნისს, კვარიათში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი მაშველებმა იპოვეს.

ზღვაში ორი ადამიანის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში 27 ივნისს, დღის საათებში შევიდა.

ერთ-ერთი დაკარგული – ახალგაზრდა კაცი, გუშინ იპოვეს მაშველებმა. დღეს კი ქალის ცხედარს მიაგნეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ზღვაში დაღუპული ახალგაზრდები საქართველოს მოქალაქეები არიან.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 541 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070]
  • ტანკი – 8 073 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 15 505 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 14 480 ერთეული [+57]
  • MLRS – 1 109 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 871 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 360 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 538 ერთეული [+29]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 331 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 568 ერთეული [+54]
  • სპეცტექნიკა – 2 436 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 616 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 896 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 535 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 453 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 359 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 060 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 076 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

უკრაინელი რეჟისორის ჩაფხუტის კამერით გადაღებულ ფილმს კინოფესტივალზე აჩვენებენ

უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის ფილმს სახელწოდებით – „რეალური“ [Real], კარლოვი ვარის კინოფესტივალზე აჩვენებენ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა, „დოიჩე ველე“ წერს, რომელმაც სენცოვთან ჩაწერა ინტერვიუ.

სენცოვი უკრაინის დასაცავად იბრძვის. ფილმი, რომელსაც რეჟისორი არა დოკუმენტურს, არამედ „დოკუმენტს“ უწოდებს, ომში ყოფნის საათ-ნახევარს ასახავს და იგი, რეჟისორის თქმით, შემთხვევით გადაიღო ჩაფხუტის კამერით.

ფილმში ასახულია გასული ზაფხულის ერთი დღე, როდესაც უკრაინის კონტრშეტევა მიმდინარეობდა.

სენცოვის ქვედანაყოფი მტრის ტერიტორიაზე გააგზავნეს, მათ ჯავშანტრანსპორტიორს კი ყუმბარა მოხვდა. სენცოვი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად თხრილში აღმოჩნდა, ალყა შემოარტყეს დანარჩენ დანაყოფებს. მათ საბრძოლო მასალა ამოეწურათ.

„ისინი თითქმის მთლიანად გარშემორტყმული იყვნენ [მტრით]. მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც მათთან კავშირი ჰქონდა და შეეძლო სარდლობისთვის მოხსენება. სწორედ ეს მონაკვეთია ფილში ასახული“.

რეჟისორის თქმით, მას ნამდვილად არ სურდა გადაღება – კამერა ტექნიკის შემოწმებისას შემთხვევით ჩაირთო. კადრები მან მეხსიერების ბარათზე რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოაჩინა და წაშლას აპირებდა. „თუმცა, შემდეგ დავიწყე მასალის დათვალიერება და მივხვდი: ღმერთო ჩემო, ეს ხომ ძალიან ტრაგიკული მოვლენის ნაწილია, როდესაც ამდენი ხალხი თხრილშია, მოწყვეტილი და რუსებით გარშემორტყმული“, – იხსენებს რეჟისორი.

ფილმი ჭრის გარეშეა, საათ-ნახევარი ერთ კადრში. მაყურებელს ესმის, თუ როგორ რეკავს სენცოვი განყოფილებებსა და შტაბებში, ცდილობს დაეხმაროს ჯარისკაცებს. მაყურებელი ხედავს, თუ რა ხდება ფრონტზე სენცოვის თვალით, უფრო სწორედ, მის დამცავ ჩაფხუტში არსებული კამერის ობიექტივიდან. ფილმში არ არის გამოყენებული მუსიკა და დამატებითი ეფექტები, არაფერია ახსნილი გარდა იმისა, რასაც რეალურ დროში ვხედავთ და გვესმის ეკრანზე.

სენცოვი „დოიჩე ველესთან“ ამბობს, რომ ფილმში არაფერია გმირული და შესაძლოა, სიმართლემ, რომელიც აჩვენა ფილმში, ბევრ ადამიანს ატკინოს გული, განსაკუთრებით უკრაინაში, მაგრამ უმჯობესია სიმართლის დანახვა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ის.

„ეს არის ვიდეო დოკუმენტი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ძალიან ცოტა რამ გავიგოთ ომის შესახებ. კამერაზე აღბეჭდილი დოკუმენტი გვაჩვენებს, რამდენად სასტიკი, რამდენად სულელური და… არ მყოფნის სიტყვები აღვწერო, თუ რა უაზრობაა ომი… ომის შესახებ სულ სხვა წარმოდგენა გაქვს, თუ მას მხოლოდ ომის შესახებ ფილმებიდან ან დოკუმენტური ფილმებიდან იცნობ, რომლებიც დამონტაჟებულია, რომ უფრო პრეზენტაბელური იყოს. ნამდვილი ომი – ეს სულ, სულ სხვაა“, – ამბობს სენცოვი.

კინოფესტივალი კარლოვი ვარში დღეს, 28 ივნისს დაიწყო.

____________

ფოტოზე: ოლეგ სენცოვი/facebook

ამავე თემაზე: 

უკრაინელი რეჟისორი კინოზე, რუსულ იმპერიალიზმსა და ციხეში გატარებულ წლებზე

„სახლის წინ ხეს შემოეხვია, დამთავრდა შვილებოო“ – მოგონებები რეპრესირებულ ბაბუაზე | ვიდეო

„მამაჩემი იტყოდა, რომ გამოვიყვანეთ, სახლის წინ დიდი ხე იდგა და იმას ხელებით შემოეხვია, თავი მიარტყა სამჯერ და თქვა – დამთავრდა შვილებოო. ესე იგი იცოდა, რომ ვეღარ დაბრუნდებოდა.

უთხრეს, რომ დაკითხვაზე მიჰყავდათ და დაბრუნდებოდა. აღარ დაბრუნებულა“, – გვიყვება რეპრესირებული ყადირ ბოლქვაძის შვილიშვილი, ფატი ბოლქვაძე და იქვე სვამს კითხვას:

„რატომ?! რისთვის?! [ახალგაზრდობისას] ვერ ვხვდებოდი. ძალიან დიდი უსამართლობის განცდა მაქვს ახლა. უდანაშაულო კაცი, მრავალშვილიანი მამა დაიჭირეს, გააციმბირეს. უპატრონოდ მოკვდა ბაბუაჩემი. უსამართლობა იყო“.

ფატის თქმით, მამამისი ძალიან ემოციურად იხსენებდა ბაბუას:

„ორი კაცი თუ დაჯდებოდა სალაპარაკოდ, მამაჩემი ბაბუაჩემის დაპატიმრებას იხსენებდა. რომ გაუჭირდა მამაჩემს სიკვდილის ბოლოს, ოჰ, მამაო – იტყოდა, ისე საცოდავად, დღესაც მეტირება… მე თავზე მადგანან ამდენი შვილები და შენ სიკვდილის დროს ვინ გეხმარებოდაო? სინამდვილეში – არავინ. ამბობდა, მამაჩემი უპატრონოდ მოკვდაო. სულ ამის წუხილი ჰქონდა მამაჩემს, სიკვდილის წინაც ამაზე წუხდა.

ბაბუაჩემი 1937 წელს დაუპატიმრებიათ.

წამოყვანისას ყიშლაზე [სოფლის საძოვარი] ყოფილა ბაბუაჩემი და იქ მიუკითხავთ პოლიციელებს. სამი კაცს წამოუყვანიათ. შეეძლო კიდეც გაქცეულიყო, მაგრამ არ ეს გააკეთა. ძალიან მორწმუნე კაცი იყო ბაბუაჩემი. გზაში უთქვამს, ბიჭებო, თუ ნებას დამრთავთ ვილოცებ და ისე წავიდეთო. კიო, იმათაც დაურთავთ ნება. ჩამოსულან სახლში, სადილით გამასპინძლებიან და მერე წაუყვანიათ“, – გვიამბობს ფატი. მისი ოჯახი ქედაში, სოფელ გობრონეთში ცხოვრობდა.

ფატი ბოლქვაძე

ფატიმ დანამდვილებით არ იცის, რის გამო დააპატიმრეს ბაბუამისი, თუმცა ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ბევრი საქონელი, ფუტკარი და/ან მისი რელიგიურობა შეიძლება ყოფილიყო.

„სხვათა შორის, კომუნისტური პარტია რომ ჩამოყალიბებულა, პირველად ბაბუაჩემს მიუყვანია ორი თუ ოთხი უღელი ხარი, მეწველი ძროხა, ათი თავი თხა და ათი ოჯახი სკა. მაგრამ ვინ დაუფასა? ყველაზე უარესი მას მოუვიდა.

უფროსი ბიძაჩემი თბილისში ჩასვლამდე ჩასულა. ბაბუას დაპატიმრების საქმეს მისდევდა და რაიმე სიახლის გაგებას ცდილობდა, თუ რა მოხდა, რისთვის?! თბილისში ვიღაცას გაუფრთხილებია ბიძაჩემი, დატოვე და წადი, თორემ შენც დაგაპატიმრებენო.

დროებით ბიძაჩემიც დაუპატიმრებიათ და კარგა ხანს ერთად ყოფილან ურეხის ციხეში, მაგრამ არ ჰქონდათ უფლება, ერთმანეთს რომ დალაპარაკებოდნენ.

თუ არ ვცდები, 1971 წელი იყო, შვილებს დასკვნა რომ მოუვიდათ, მამათქვენი უდანაშაულოდ იყო დაპატიმრებულიო“, – ამბობს ფატი. მას ზუსტად ახსოვს ის დღე და მამის პირველი რეაქცია:

„უმცროს ბიძასთან მიდიოდა ყველა ეს ინფორმაცია, რატომ არ ვიცი. სახლში რომ შემოვიდა, მოღიმარი, მტირალი სახე ჰქონდა. ვკითხე – მამა, რა მოხდა-მეთქი? მამაჩემის უდანაშაულობის ცნობა მოვიდაო. ძალიან გახარებული და აღელვებული იყო. ტიროდა და ტიროდა.

ბაბუაჩემს 6 შვილი ჰყავდა. 4 ბიჭი და 2 გოგო. უფროსი ბიძა დაქორწინებული იყო, მე მგონი, გოგონებიც. მცირეწლოვანი შვილი არ დარჩენია. ახლა არცერთი აღარაა ცოცხალი“.

ფატიმ გადმოცემით იცის, რომ მისი რეპრესირებული ბაბუა რუსეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა დაავადებული.

„მოსკოვში ბიძაშვილი ცხოვრობს, რომელიც ძალიან ცდილობს და ეძებს მის საფლავს, თუმცა ვერსად ვერ მიაგნო. წარწერა არ ექნებოდა რა თქმა უნდა, პატიმრის საფლავს წარწერას ვინ დააწერდა.

მამაჩემი უკვე მკვდარი იყო, კომპენსაცია რომ შემოიღეს და უმცროსი ბიძია და ბიცოლა იღებდნენ, თუ არ ვცდები“ – ამბობს ფატი.

ფატის თქმით, მამისგან ბევრჯერ მოუსმენია, სულ სხვანაირი თვალით გვიყურებდა სამეზობლო თუ სანათესავო, რეპრესირებული მამის შვილები რომ ვიყავითო.

„მგონი, მეოთხეკლასელი ვიყავი. მე და ჩემი ბიძაშვილები ერთ კლასში ვსწავლობდით. მასწავლებელი რაღაცას გვიხსნიდა და გვითხრა, თქვენი ბაბუა იყო რეპრესირებულიო. ვერ გავიაზრე რეპრესირება რას ნიშნავდა. მამაჩემს ვკითხე და ამიხსნა. ძალიან განვიცდიდი, ბაბუაჩემი ასე რატომ დააპატიმრეს-მეთქი.

70 წლის ქალი ვარ და ალბათ ისე არავინ განიცდის, როგორც მე. ერთხელ დამესიზმრა ბაბუაჩემი და დღესაც თვალებში მაქვს მისი სახე. მისი სურათიც არ მინახავს და დამესიზმრა. ბებია მყავდა, დედაჩემის მხრიდან ბაბუა და ბებია მყავდა, მაგრამ ეს ბაბუა გულთან რომ იწვეს, ისეა. სულ მახსენდება და რატომ ვერ ვხვდები. არ მავიწყდება არც ერთი წუთი“, – გვითხრა ფატიმ.

„სახლის წინ მსხლის ხეს მოეხვია და თქვა - დამთავრდა შვილებო“

 

Exit mobile version