„მამაჩემი იტყოდა, რომ გამოვიყვანეთ, სახლის წინ დიდი ხე იდგა და იმას ხელებით შემოეხვია, თავი მიარტყა სამჯერ და თქვა – დამთავრდა შვილებოო. ესე იგი იცოდა, რომ ვეღარ დაბრუნდებოდა.
უთხრეს, რომ დაკითხვაზე მიჰყავდათ და დაბრუნდებოდა. აღარ დაბრუნებულა“, – გვიყვება რეპრესირებული ყადირ ბოლქვაძის შვილიშვილი, ფატი ბოლქვაძე და იქვე სვამს კითხვას:
„რატომ?! რისთვის?! [ახალგაზრდობისას] ვერ ვხვდებოდი. ძალიან დიდი უსამართლობის განცდა მაქვს ახლა. უდანაშაულო კაცი, მრავალშვილიანი მამა დაიჭირეს, გააციმბირეს. უპატრონოდ მოკვდა ბაბუაჩემი. უსამართლობა იყო“.
ფატის თქმით, მამამისი ძალიან ემოციურად იხსენებდა ბაბუას:
„ორი კაცი თუ დაჯდებოდა სალაპარაკოდ, მამაჩემი ბაბუაჩემის დაპატიმრებას იხსენებდა. რომ გაუჭირდა მამაჩემს სიკვდილის ბოლოს, ოჰ, მამაო – იტყოდა, ისე საცოდავად, დღესაც მეტირება… მე თავზე მადგანან ამდენი შვილები და შენ სიკვდილის დროს ვინ გეხმარებოდაო? სინამდვილეში – არავინ. ამბობდა, მამაჩემი უპატრონოდ მოკვდაო. სულ ამის წუხილი ჰქონდა მამაჩემს, სიკვდილის წინაც ამაზე წუხდა.
ბაბუაჩემი 1937 წელს დაუპატიმრებიათ.
წამოყვანისას ყიშლაზე [სოფლის საძოვარი] ყოფილა ბაბუაჩემი და იქ მიუკითხავთ პოლიციელებს. სამი კაცს წამოუყვანიათ. შეეძლო კიდეც გაქცეულიყო, მაგრამ არ ეს გააკეთა. ძალიან მორწმუნე კაცი იყო ბაბუაჩემი. გზაში უთქვამს, ბიჭებო, თუ ნებას დამრთავთ ვილოცებ და ისე წავიდეთო. კიო, იმათაც დაურთავთ ნება. ჩამოსულან სახლში, სადილით გამასპინძლებიან და მერე წაუყვანიათ“, – გვიამბობს ფატი. მისი ოჯახი ქედაში, სოფელ გობრონეთში ცხოვრობდა.

ფატი ბოლქვაძე
ფატიმ დანამდვილებით არ იცის, რის გამო დააპატიმრეს ბაბუამისი, თუმცა ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ბევრი საქონელი, ფუტკარი და/ან მისი რელიგიურობა შეიძლება ყოფილიყო.
„სხვათა შორის, კომუნისტური პარტია რომ ჩამოყალიბებულა, პირველად ბაბუაჩემს მიუყვანია ორი თუ ოთხი უღელი ხარი, მეწველი ძროხა, ათი თავი თხა და ათი ოჯახი სკა. მაგრამ ვინ დაუფასა? ყველაზე უარესი მას მოუვიდა.
უფროსი ბიძაჩემი თბილისში ჩასვლამდე ჩასულა. ბაბუას დაპატიმრების საქმეს მისდევდა და რაიმე სიახლის გაგებას ცდილობდა, თუ რა მოხდა, რისთვის?! თბილისში ვიღაცას გაუფრთხილებია ბიძაჩემი, დატოვე და წადი, თორემ შენც დაგაპატიმრებენო.
დროებით ბიძაჩემიც დაუპატიმრებიათ და კარგა ხანს ერთად ყოფილან ურეხის ციხეში, მაგრამ არ ჰქონდათ უფლება, ერთმანეთს რომ დალაპარაკებოდნენ.
თუ არ ვცდები, 1971 წელი იყო, შვილებს დასკვნა რომ მოუვიდათ, მამათქვენი უდანაშაულოდ იყო დაპატიმრებულიო“, – ამბობს ფატი. მას ზუსტად ახსოვს ის დღე და მამის პირველი რეაქცია:
„უმცროს ბიძასთან მიდიოდა ყველა ეს ინფორმაცია, რატომ არ ვიცი. სახლში რომ შემოვიდა, მოღიმარი, მტირალი სახე ჰქონდა. ვკითხე – მამა, რა მოხდა-მეთქი? მამაჩემის უდანაშაულობის ცნობა მოვიდაო. ძალიან გახარებული და აღელვებული იყო. ტიროდა და ტიროდა.
ბაბუაჩემს 6 შვილი ჰყავდა. 4 ბიჭი და 2 გოგო. უფროსი ბიძა დაქორწინებული იყო, მე მგონი, გოგონებიც. მცირეწლოვანი შვილი არ დარჩენია. ახლა არცერთი აღარაა ცოცხალი“.
ფატიმ გადმოცემით იცის, რომ მისი რეპრესირებული ბაბუა რუსეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა დაავადებული.
„მოსკოვში ბიძაშვილი ცხოვრობს, რომელიც ძალიან ცდილობს და ეძებს მის საფლავს, თუმცა ვერსად ვერ მიაგნო. წარწერა არ ექნებოდა რა თქმა უნდა, პატიმრის საფლავს წარწერას ვინ დააწერდა.
მამაჩემი უკვე მკვდარი იყო, კომპენსაცია რომ შემოიღეს და უმცროსი ბიძია და ბიცოლა იღებდნენ, თუ არ ვცდები“ – ამბობს ფატი.
ფატის თქმით, მამისგან ბევრჯერ მოუსმენია, სულ სხვანაირი თვალით გვიყურებდა სამეზობლო თუ სანათესავო, რეპრესირებული მამის შვილები რომ ვიყავითო.
„მგონი, მეოთხეკლასელი ვიყავი. მე და ჩემი ბიძაშვილები ერთ კლასში ვსწავლობდით. მასწავლებელი რაღაცას გვიხსნიდა და გვითხრა, თქვენი ბაბუა იყო რეპრესირებულიო. ვერ გავიაზრე რეპრესირება რას ნიშნავდა. მამაჩემს ვკითხე და ამიხსნა. ძალიან განვიცდიდი, ბაბუაჩემი ასე რატომ დააპატიმრეს-მეთქი.
70 წლის ქალი ვარ და ალბათ ისე არავინ განიცდის, როგორც მე. ერთხელ დამესიზმრა ბაბუაჩემი და დღესაც თვალებში მაქვს მისი სახე. მისი სურათიც არ მინახავს და დამესიზმრა. ბებია მყავდა, დედაჩემის მხრიდან ბაბუა და ბებია მყავდა, მაგრამ ეს ბაბუა გულთან რომ იწვეს, ისეა. სულ მახსენდება და რატომ ვერ ვხვდები. არ მავიწყდება არც ერთი წუთი“, – გვითხრა ფატიმ.






