ავტორი: კოტე სტალინსკი
სად მივიღოთ ინფორმაცია საარჩევნო კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ? – ამ კითხვის მქონე მოქალაქეები არჩევნებზე დასაკვირვებლად რეგისტრირდებიან.
„ვისაც სურს, წვლილი შეიტანოს აპოლიტიკურ, ობიექტურ საარჩევნო დაკვირვებაში, ვიწვევთ უფასო ტრენინგ კურსებში მონაწილეობის მისაღებად. პირველ ეტაპზე ვამზადებთ ტრენერთა ტრენერებს, რათა მათ, თავის მხრივ, გადაამზადონ უშუალოდ დამოუკიდებელი მოხალისე დამკვირვებლები,“ – ამბობს ირმა პავლიაშვილი, „ღია სივრცე კავკასიას“ თავმჯდომარე.
30 მაისს, „ღია სივრცე კავკასიამ“ გამოაქვეყნა განცხადება, რითაც შესთავაზა დაინტერესებულ მოქალაქეებს ონლაინ საარჩევნო კურსში მონაწილეობის მიღება. თუმცა, მოქალაქეების მოთხოვნამ იმატა და ცოდნის ფართოდ გაზიარებისთვის, „ღია სივრცე კავკასიამ“ დაიწყო ტრენერთა ტრენერების გადამზადება. ერთ-ერთი პირველი ჯგუფი, ვინც „ღია სივრცე კავკასიას“ განცხადებას გამოეხმაურა, საქართველოში ბოლო პერიოდში შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეისბუკ ჯგუფის – „დაიტოვესა“ და მის საფუძველზე შექმნილი „დაიცავის“ გუნდია.
„ჯგუფში დაიტოვე შემოვიდა უამრავი მოქალაქის შეკითხვა და დახმარების თხოვნა, რომ ჩაერთონ დამოუკიდებელ საარჩევნო დაკვირვებაში. ამის საპასუხოდ, მოქალაქეებმა, მოქალაქეებისთვის შევქმენით ჯგუფი „დაიცავი“, რომ ყველა მსურველმა მიიღოს ინფორმაცია – თუ სად და როგორ შეიძლება ინფორმაციის მიღება საარჩევნო პროცედურებზე. შემდგომ, სად და როგორ შეიძლება არჩევნებზე დაკვირვება,“ – ამბობს დაიტოვეს გუნდის წევრი, მარიამ ყაულაშვილი-საუთუელი.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩევნები უმრავლეს უბანზე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ახალი პროცედურებით – და მათ შორის, სრულად პროპორციული სისტემით. ეს აძლევს შესაძლებლობას თითოეულ მოქალაქეს, მათი ნება უფრო სამართლიანად იყოს ასახული საარჩევნო შედეგებსა და მანდატებში,“ – ამბობს ირმა პავლიაშვილი.
„თუმცა, არსებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მაღალია საარჩევნო პროცედურების დარღვევების და გაყალბების მცდელობების რისკები. ამიტომაც, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცოდნის მაქსიმალურად გაზიარება პროცედურების შესახებ. ინფორმირებული, დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლებისთვის ცოდნის გაზიარება, რათა თითოეული მოქალაქის არჩევანი და ნება მაქსიმალურად იყოს დაცული“, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.
მარიამ ყაულაშვილი-საუთუელი საუბრობს შემდგომ გეგმებზეც: „პირველ ეტაპზე, მოვიწვიეთ მოხალისეები, ვისაც სურვილი აქვთ, გადაამზადონ საარჩევნო დამკვირვებლები, გაგვიხარდა „ღია სივრცე კავკასიას“ განცხადება – დავუკავშირდით და დაიგეგმა ტრენერთა ტრენინგი. შემდგომ ეტაპზე, გადამზადებული ტრენერები გაუზიარებენ ცოდნას და ინფორმაციას მოხალისე დამკვირვებლებს ნებისმიერ ქალაქში, ვინც ისურვებს არჩევნებზე დაკვირვებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაცული იყოს თითოეული მოქალაქის ხმა“.

„ღია სივრცე კავკასია“ აგრძელებს ტრენინგებს მოხალისე ტრენერებისა და დამკვირვებლებისათვის. მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ.
ჯგუფი „დაიტოვე“ იწვევს მოხალისეებს, ვისაც სურს სადამკვირვებლო ტრენინგის გავლა და საარჩევნო დაკვირვებაში ჩართვა. მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ.






