„ჩვენ გველოდება აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, საშუალო კლასის მოსპობა, მართალი სიტყვის ჩაკვლა და კონფორმისტების მომრავლება, იმიტომ, რომ ეს არის ავტოკრატიის ლოგიკა,“ – ამბობს სცენარისტი ქეთი დევდარიანი.
როგორ უნდა იბრძოლო მაშინ, როცა მოწინააღმდეგე ბრძოლის დემოკრატიულ მეთოდებს არ აღიარებს, როცა გყავს ანტიკონსტიტუციური პარლამენტი და ანტიკონსტიტუციური მთავრობა. რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რომელიც გადაღლილი და ფრუსტრირებულია? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქეთი დევდარიანს ესაუბრა.
ინტერვიუ 27 ნოემბერს ჩაიწერა. ამ დღეს წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი. ყოფილი ფეხბურთელი, პარლამენტარი. ყაველაშვილმა, როგორც პოლიტიკოსმა, პარლამენტში თავი გამოიჩინა ჩხუბით და ბილწსიტყვაობით. რაც შეეხება მის საკანონმდებლო საქმიანობას, მიხეილ ყაველაშვილი თანაავტორია რუსული კანონის, რომელი კანონიც გააქრობს საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავისუფალ მედიას და თავისუფალ სიტყვას.
- დღეს, როცა გაიგეთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად წარადგინა ივანიშვილმა, სად იყავით, რას აკეთებდით და როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია?
სახლში ვიყავი, ვკითხულობდი. დილით ახალი ამბების გაცნობის რიტუალი მაქვს, სწორედ მაშინ გავიგე. არ აღვშფოთებულვარ, არ გამკვირვებია, რადგან რაც მოხდა, ეს ლოგიკურიც კი იყო. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ორღობედ გადაქცეულ ქვეყანაში ვინ იქნება პრეზიდენტი.
ამ ქვეყანას ჰყავს ფეოდალი და ის არის ბიძინა ივანიშვილი. სხვა ყველა დანარჩენი არის როლის შემსრულებელი.
ყაველაშვილი პრეზიდენტი იქნება თუ მინისტრი, რა მნიშვნელობა აქვს? ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თანამდებობას შეუფერებელი ადამიანები იკავებენ. პირადი დაცვა, პირადი კბილის ექიმი – სულ ასეთი ხალხია თანამდებობებზე. ამით გაკვირვების უნარი ვისაც დარჩა, მათი მშურს.
- დღეს დილით, ივანიშვილის ბრიფინგის მერე, ყველას ჩცდ-ს პერსონაჟი [პრეზიდენტი] სულიკო დარდიანიძე გაახსენდა. მანამდე, მათე დევიძის სასამართლოზე ასევე ჩცდ-ს პერსონაჟის – ჯეკოს სასამართლო. ამ დამთხვევების გამო სოციალურ ქსელში თქვენზე ამბობენ – „წინასწარმეტყველია“. სულ ისმის კითხვები თქვენი მისამართით, როგორ ხდება ის, რომ ასე ემთხვევა სერიალში მომხდარი ამბები ჩვენს რეალობას. რა პასუხი გაქვთ ამაზე „ბათუმელების“ მკითხველისა და თქვენი მაყურებლისთვის?
ძალიან მერიდება, ალბათ მეოცედ უნდა ვთქვა, მაგრამ არანაირი წინასწარმეტყველება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ტენდენციების დანახვის სურვილი და უნარი. ის, რაც დღეს ხდება, ცხადი იყო. უბრალოდ ჩვენ ვართ მიჩვეული, ჯერ უნდა მოხდეს რაღაც და მერე გავბრაზდეთ.
მე მირჩევნია პრევენციულად ვთქვა ჩემი სათქმელი. მქონდა ამის საშუალება ჩცდ-ს სცენარში – მესაუბრა იმის შესახებ, თუ რა გველოდა.
ბანალურია, მაგრამ ეს არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, ჩვენ მიერ გაკეთებულ არჩევანს, ნაბიჯებს და მერე დამდგარ რეალობას შორის.
- რამდენად განჭვრეტადია ავტორიტარული სახელმწიფოს კონტურები, რაც ხდება ახლა, ამის დანახვა შესაძლებელი იყო წლების წინ და ჩვენ ვერ დავინახეთ?
უმარტივესია. იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვიცხოვრეთ ასეთ ქვეყანაში. ისტორიას რომ გვიყალბებდნენ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენით არ უნდა დავინტერესებულიყავით. პოლიტიკოსებს, საჯარო პირებს და ჩვენ ყველას, საკუთარი ისტორია კარგად უნდა გვესწავლა.
ამასთან, ავტოკრატიებში ცხოვრების გამოცდილება არის მეზობელ ქვეყნებშიც.
ავტოკრატიებს აქვთ თავიანთი წესები. ეს წესები არ რბილდება. პირიქით, უფრო მკაცრი და რეპრესიული ხდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ივანიშვილი რამეს დაგვითმობს, ვაჭრობას დაგვიწყებს, ესეც ილუზიაა. რადგან ჩვენ ავტოკრატიის სხვა ფაზაში გადავედით.
ამ ფაზაში [ივანიშვილისთვის] ხელშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რაც სპონტანურად მოხდება ჩვენს ქვეყანაში ან გლობალურ პოლიტიკაში. თორემ ესენი თავისით აღარ გამოსწორდებიან. არც ვაცლავ ჰაველის დასმა არ მოუნდებათ უცბად პრეზიდენტად.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიისპირეთის გარდა არ არსებობს ქვეყანა, სადაც დემოკრატია სრული სახით არის წარმოდგენილი.
რის გამო? თავის დროზე, სტალინიზმმა და სპეცსამსახურების პროპაგანდამ კარგად იმუშავა, რომ დღეს იყოს აი, ასეთი სიტუაცია. სპეცსამსახურების მესიჯები იმეოროს ხალხმა ისე, რომ არც იცოდეს რას აკეთებს.
განხეთქილების შეტანა, ურთიერთდაჭმა, აქცენტების არასწორად დასმა, პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრა და მერე გადასადგმელი აშკარა ნაბიჯების არ და ვერ დანახვა.
ამას გარდა, თავდაცვის მექანიზმიც მუშაობს, ადამიანს უნდა თავი დაიცვას რეალობისგან. მე არ ვამბობ, რომ გამოსავალი არ არის. უბრალოდ გამოსავალი არის იმაში, რომ ჩვენ არ გვეგონოს რაღაცა კიდევ უფრო კარგად, ვიდრე სინამდვილეშია. ზუსტად უნდა გავზომოთ მტრის ძალა. და ჩვენი მტერი დღეს ჩვენივე სახელმწიფო გამოდგა, რომელმაც თავის თავს გადატრიალება მოუწყო.
პარლამენტი, რომელმაც ყაველაშვილი უნდა შეარჩიოს თუ ბიძინა ივანიშვილს კვერი დაუკრას, არალეგიტიმურად შეიკრიბა.
გვმართავს არჩევნებში დამარცხებული პარტია, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს – ამ რეალობაში ვცხოვრობთ ახლა.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოებას რა გველოდება?
ჩვენ გველოდება აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, საშუალო კლასის მოსპობა, მართალი სიტყვის ჩაკვლა და კონფორმისტების მომრავლება, იმიტომ, რომ ეს არის ავტოკრატიის ლოგიკა.
ნაწილი ქვეყნიდან უნდა გააქციო, ძალიან აქტიურები და პრინციპულები უნდა დაიჭირო და ციხეში ჩასვა. ნაწილს უბრალოდ თვითცენზურა ჩაერთვება და გაჩერდება. ასევე უნდა გაანადგურო ყველა ის კუნძული, სადაც ისმის განსხვავებული ხმა.
ზოგი მოისყიდო, დააშანტაჟო და მართო ისე.
ეს არის ის, რაც უნდა გააკეთოს, რომ ხელისუფლებაში დარჩეს. რადგან იმდენად მყიფეა მისი ძალაუფლება, ერთი ნაპერწკალიც კი ეყოფა უკვე. ამიტომ რა უნდა გააკეთო ასეთ დროს? კიდევ უფრო უნდა მოუჭირო მარწუხები.
როცა ქვეყანას ორღობედ მიიჩნევ, იქ რა უნდა გააკეთო? ზედმეტი ხალხი უნდა გადადენო ღობის იქით.
წადით მარწყვის საკრეფადო, რატომ მაშინ ვერაფერს მივხვდით? ახლა რაც კეთდება, 2028 წელს ამის კეთების საშუალება არ გვექნება და ეს უნდა ვიცოდეთ.
ახლაც გვაქვს შანსი. ჯერ ჩვენ ჩაკლულები არ ვართ. რუსებს რომ ვეუბნებოდით, აქ რას ჩამოდიხართ, რუსეთში გადააგდეთ პუტინიო, ახლა ხომ ყველა ხვდება, რატომ ვერ გადააგდეს.
- „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა არჩევნები და რეალურად რომ შევხედოთ, ახლა უმცირესობის მიერ არჩეული ხელისუფლება გვყავს. როდესაც მოწინააღმდეგე ბრძოლის დემოკრატიულ მეთოდებს არ აღიარებს, რა ბერკეტი რჩება მოქალაქეს?
დაუმორჩილებლობა, გაფიცვა, შიშის დაძლევა, პროტესტი.
ვნახეთ რაც მოხდა სახალხო დამცველის აპარატში. მათ ძალიან კარგი მაგალითი მოგვცეს, რა უნდა გავაკეთოთ. შერცხვა ხალხს პარლამენტში დადებული ლევან იოსელიანის. ეს უნდა მოხდეს სასამართლოებში, მერიებსა თუ საკრებულოებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს – მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებული ხალხი, დღეს თბილად მყოფი ხალხი. პატარა ქვეყანა ვართ, ყველა ერთმანეთის ნაცნობია. უფრო ბრუტალურ მეთოდებზე რომ გადავლენ, ეს ხომ ყველაზე აისახება? უნდა ვიცოდეთ, რომ რკინის ხელი ყველა ოჯახს შეეხება.
მეც მეუბნებიან ხოლმე – რა გინდა, ხომ ლაპარაკობ რასაც გინდა? ჰო, იმიტომ, რომ ხელს არ უშლის ეს ბიძინა ივანიშვილს. ეს თუ გაპრობლემდება, მაშინ სხვა ზომებს მიიღებენ. ამიტომ ყველამ უნდა მოუხმოს გონიერებას, რომ შეაკავოს ეს საშინელება, რაც ჩვენ გველოდება თუ ეს ხელისუფლება დარჩება.
ივანიშვილის ქმედებებში ძალიან კარგად ჩანს მისი მიზანი – ეს ქვეყანა იყოს მისი პირადი ორღობე. ევროკავშირი კი ორღობეებთან არ თანამშრომლობს.
- მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მოიპარა ხმები, ეგზიტპოლების მიხედვით „ოცნებას“ ჰყავს დაახლოებით 40-42 % ამომრჩეველი. დღეს საზოგადოების ნაწილი არსებული კრიზისიდან გამოსავლად სწორედ ამ ადამიანებთან ლაპარაკს მიიჩნევს. მათთვის იმის ახსნას, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანა ზიანდება. თქვენი აზრით, როგორ და რაზე უნდა ველაპარაკოთ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს დღეს?
პირველ რიგში კი არ უნდა ველაპარაკოთ, უნდა მოვუსმინოთ, თუ რა აწუხებთ მათ. პიარისა და კამერისთვის არა, პოლიტიკოსები მართლა უნდა დადიოდნენ ხალხში და უსმენდნენ მათ. ხალხს, რომელსაც აქვს ყოველდღიური საზრუნავი და პრობლემები, ეკითხებოდნენ, რა საჭიროებები აქვთ, რა აწუხებთ ყველაზე მეტად, ომის გარდა რისი ეშინიათ. ხალხს უნდა აუხნან, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ დაიცავთ ომისგან, რომ ეს არის უდიდესი ტყუილი.
თუ ამ ხალხს არ დაელაპარაკა არავინ, „ქართული ოცნების“ 40 % შეიძლება კი არ შემცირდეს, პირიქით გაიზარდოს. თუ ჩვენ რაღაცას არ მოვიფიქრებთ, ოპოზიციური ამომრჩეველი შემცირდება, იმიტომ, რომ ყველას არ ჰყოფნის ვაჟკაცობა და გმირობა იმისათვის, რომ თავიდან ბოლომდე ბრძოლაში გადაეშვას.
აქციებზეც ხალხი რატომ არ გამოდის? ახლა „გამარჯვებულია“ „ქართული ოცნება“ და ზოგს ეშინია აქციაზე გამოსვლის. ამიტომ უნდა ავუხსნათ ხალხს, რომ ესენი საშიშები არ არიან, თუ ჩვენ ვიქნებით ბევრნი. რადგან სინამდვილეში ცოტანი არიან და საკუთარ თავს პროპაგანდით ამრავლებენ.
საშიშები გახდებიან, თუ ეს პროპაგანდა ისევ გაჭრის.
- ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ისმის შეფასება/კითხვა – „ამაზე უარესი რა უნდა იყოს?! ეს ხომ ფსკერია?!“ არსებობს ეს „ფსკერი“ რეალურად? აქვს ამ ფსკერს ზღვარი?
უტვინობას, ბოროტებას და სისაძაგლეს არ აქვს საზღვარი. საზღვარი აქვს გონიერებას. სისულელეს არ აქვს საზღვარი.
უარესის გაკეთება ყოველთვის შეიძლება, ჯერ ჩვენ არ ვართ ფინალში გასული.
- ჩვენი საზოგადოების მდგომარეობას როგორ ხედავთ? გავედით იმ ეტაპზე, როცა ინდივიდუალური ბრძოლები იწყება, თუ კიდევ არის ჩვენთან დარჩენილი საზოგადოება, რომელიც ავტორიტარს ერთად შეეწინააღმდეგება?
ამაზე ვლაპარაკობთ – კონსოლიდაცია გვჭირდება. უიმედო მდგომარეობა ახლა ნამდვილად არ არის, უბრალოდ ჩვენს ქმედებებზეა დამოკიდებული, ეს მდგომარეობა უიმედო გახდება თუ არა. რასაც ვხედავ, ჯერჯერობით, არ გადაგვიდგამს სწორი ნაბიჯი. ახლა დაიწყო თითქოს თვითრეფლექსია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ბიძინას დამარცხებისთვის, ეს უფრო ოპოზიციის გაქრობისთვისაა. ვინც უყურებს ავტოკრატიულ ქვეყნებს და აკვირდება, ეს ყველამ იცის.
კრიზისის რეჟიმში აზროვნება არის მოცემულობა, როცა უკვე შეგხვდა გზაზე მგელი, შიში უნდა გადალახო და რაღაც ქმედითი მოიფიქრო. ფორსმაჟორულ რეჟიმში გადავედით – დრო არის ძალიან ცოტა და მუშაობს ბიძინა ივანიშვილზე. ახლა ასე ფართხაფურთხით რატომ აკეთებს ყველაფერს? იცის, რომ დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი მისთვის.
ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა გავჩერდეთ, უნდა ვიაქტიუროთ და თითი სწორად უნდა გავიშვიროთ.
- მიტაცებული არჩევნების, ქუჩის პროტესტების და საბოლოოდ დამდგარი შედეგის – ანტიკონსტიტუციური პარლამენტისა და მთავრობის პირობებში საზოგადოება ფრუსტრირებულია და გადაღლილი. რას ეტყოდით მათ, სად იპოვონ ძალები ბრძოლის გასაგრძელებლად?
მე თავადაც ფრუსტრირებული და გადაღლილი ვარ. შემიძლია ჩემი გამოცდილება გითხრათ, რომ ფრუსტრაციაც, რეალობის არ მიღებაც ძალიან ადამიანური რეაქციაა, როდესაც ძალიან დიდი უბედურება ხდება. არ უნდა იჩქარო და საკუთარ თავზე არ უნდა იძალადო – „არიქა, აბა ახლა დროზე მოიხოდე“, ეს არ უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს. მაგრამ მეორე მხრივ, ამაში ჩარჩენა, საკუთარი თავის შეცოდება არ გვიშველის.
ჩვენ ახლა ეს ფრუსტრაციის ფაზა უნდა გავიაროთ, გავუსწოროთ თვალი რეალობას და განვაგრძოთ ამის წინააღმდეგ მოქმედება. პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ უნივერსალური გამოსავალი ესაა.
მთავარია, ტყუილები არ ვთქვათ – „არჩევნები ამათ მოიგეს“, „ქვეყანა ქოცი ყოფილა“, „აქ არავის არაფერი არ ეშველება“ და ა.შ. გააჩნია – შეიძლება არაფერი არ ეშველოს, თუ არაფერს არ გააკეთებ წუწუნის გარდა, მაგრამ თუ წუწუნის გარდა კიდევ რაღაცებს გავაკეთებთ, შეიძლება ეშველოს.






