რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებულიც კი იყო იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავდა თავის პოზიციას ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ პუტინმა დღეს, 28 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ყაზახეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმერ სალავიოვის ტელეგრამ არხზე გავრცელდა.
„საქართველოში მოვლენები რომ დაიწყო, მე, გულწრფელად რომ გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი და ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს. რუსეთს ურთიერთობა არ აქვს საქართველოს ხელმძღვანელობასთან. მაგრამ მე უბრალოდ გაოგნებული ვიყავი მათი გამბედაობით და ხასიათით, რომელიც მათ აჩვენეს თავიანთი თვალსაზრისის დასაცავად“, – ციტირებს პუტინს რუსული პროპაგანდისტული მედია “Аргументы и Факты”.
პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, კრემლის პროპაგანდის უცვლელი მესიჯი, თითქოს რუსეთი დასავლეთისგან განსხვავებით არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში.