მთავარი,სიახლეები

არ დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებებს – არასამთავრობოები სამართალდამცავებს მიმართავენ

29.11.2024 •
არ დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებებს – არასამთავრობოები სამართალდამცავებს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და მომავლის აკადემია განცხადებას ავრცელებენ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და სამართალდამცავებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

„მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო კურსის ცვლილების ოფიციალური დეკლარირების გამო და აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, ბათუმი).
მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე მოქალაქეთა აქციები ატარებენ მშვიდობიან სახეს, სამართალდამცავებმა მაინც გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები.

ქუთაისში დაფიქსირდა სამართალდამცავების მიერ მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევები. ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს თუ როგორ ათრევენ და ხდიან ტანსაცმელს პოლიციელები ძირს დაგდებულ აქტივისტს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ ისეთი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი [00:07; 00:12] თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძეზე მყოფ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართა.

ასევე, თბილისში ამავე ტერიტორიაზე გამოიყენეს ფიზიკური ძალა [23:05; 23:14; 00:12]. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.მოქალაქეთა პროტესტი ლეგიტიმურია!“ – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 28 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს, რომელიც სპონტანურად დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. აქციაზე მობილიზებულია პოლიცია, რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანა.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დღეს სპონტანური საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: