მთავარი,სიახლეები

„მე სიტუაციას არ ვუყურებ უიმედოდ”- ბათუმელი სტუდენტი

27.11.2024 •
„მე სიტუაციას არ ვუყურებ უიმედოდ”- ბათუმელი სტუდენტი

არჩილ ბერიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი და მოძრაობა „გუშაგების“ წევრია. არჩილი მონაწილეობდა ბსუ-ს სტუდენტურ პროტესტში. მათ პროტესტი 14 ნოემბერს დაიწყეს და 9 ღამე გაათიეს უნივერსიტეტში, შემდეგ კი ზოგიერთი მათგანი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შეუერთდა.

არჩილ ბერიძეს ვკითხეთ, რას ფიქრობს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, როგორ ხედავს პროცესების განვითარებას და მის, როგორც მოქალაქის როლს.

  • არჩილ, როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაში ვართ ახლა? 

ჩემი აზრით, ახლა ქართველი საზოგადოება და საქართველოს სახელმწიფო არის ძალიან რთულ სიტუაციაში. ერთია პოლიტიკური კრიზისი, რაც გვაქვს ქვეყანაში და მეორეა, ამის პარალელურად რასაც აკეთებს “ქართული ოცნება”. ის გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან და მისი ყველა ქმედება უკვე არის არაკონსტიტუციური.

გვმართავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომლის მთავარი სურვილიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსების დაცვა და საქართველოში ისეთი მდგომარეობის შექმნაა, რომ ან ქვეყნიდან წავიდეთ, ან საქართველო მიუერთდეს რუსეთს და გახდეს ბელარუსის ტიპის სახელმწიფო.

ოპოზიციაშიც არის კრიზისი და რთული სიტუაცია, იმიტომ, რომ ოთხი განსხვავებული პოლიტიკური პარტიის ლიდერები, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ დასხდნენ ერთად და ვერ შეთანხმდნენ. ეს პოლიტიკურ კრიზისზე უარყოფითად აისახება და ისედაც უიმედოდ განწყობილ საზოგადოებაში კიდევ უფრო აღვივებს უიმედობას, რადგან ჩვენ არჩევნებამდე გვქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და არჩევნების შემდეგ, როცა შედეგი დადგა სახეზე, განცდა გვქონდა, რომ ოთხივე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია დასხდებოდა, ითანამშრომლებდნენ ერთმანეთთან და ისაუბრებდნენ სამომავლო გეგმებზე. სწორედ ეს იყო, რისთვისაც გვინდოდა ჩვენ კოალიციური მმართველობა, მაგრამ ამ წუთას, ვფიქრობ, ოპოზიციურ ლიდერებს უფრო მეტი მართებთ…

ოპოზიციის მიღმაც ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.

მაგალითად, ჩვენ რაც გავაკეთეთ ბათუმში, ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც არც ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიისგან მართული არ ყოფილა, პირიქით, ჩვენმა პროტესტებმა უბიძგა პოლიტიკურ პარტიებს, რომ მოქმედება დაეწყოთ. ოთხივე ლიდერი გამოხმაურებოდა ჩვენს ამბავს, უფრო მკაფიოდ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი პოზიცია. ასე უნდა ვქნათ, როდესაც ზემოდან ქვემოთ არ ხდება რაღაც, ამ შემთხვევაში, ქვემოდან უნდა „მივაწვეთ“.

ნებისმიერი პროტესტი, სადაც შეგვიძლია დავაფიქსიროთ, იქნება ეს აუდიტორიებში, სამსახურში, ყველგან უნდა გამოვხატოთ მოსახლეობამ და ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, ჩვენი პოზიცია. 

უნდა გამოვხატოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით ამას და მერე გინდა თუ არ გინდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწევს შეასრულოს ჩვენი დაკვეთა, სხვანაირად ჩვენს ხმებს ვერ მიიღებენ და ამიტომ არის სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა მნიშვნელოვანი.

კიდევ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მაგალითად, ჩვენ თვითონ ჩავუდგეთ სათავეში პროცესებს, მოდერაცია გავუწიოთ პოლიტიკური პარტიების შეხვედრებს, იდეები შევთავაზოთ და მერე გამოჩნდებ,ა ვინ იღებს ამ იდეებს და ვინ – არა. ეს არის მთავარი, რაც შეიძლება ჩვენ ამ წუთას ვქნათ.

კიდევ ის შეგვიძლია, რომ ოპოზიციის გარეშეც მივაწვდინოთ ჩვენი ხმა დასავლელ პარტნიორებს. ჩვენი სტუდენტური პროტესტი ბათუმში მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო, იმიტომ, რომ ჟურნალისტები უცხოეთიდანაც დაგვიკავშირდნენ.

ახლა არ არის მოდუნების დრო. ახლა არის დრო პროტესტის ყველგან გამოხატვის. სადაც არ უნდა მივიდეთ, ჩვენი პოზიცია ყველგან მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ.

  • რაზე მეტყველებს პარლამენტის არალეგიტიმური შეკრება, მანდატების ცნობა, პრეზიდენტობის კანდიდატად ყაველაშვილის დასახელება? 

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს არც კონსტიტუცია, არც ქართველი ხალხის შეხედულებები.

მეტიც, გუშინ გახდა ცნობილი, რომ განათლების სამინისტრომ ამოიღო ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო საკითხებიდან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ეხება საქართველოს იდენტობას, კულტურას და რუსეთს, დღეს კი გაუნათლებელი ადამიანი დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად.

ჩვენ ვნახეთ, რომ მიხეილ ყაველაშვილის განათლების გრაფა ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ მისთვის [ივანიშვილისთვის] პრიორიტეტი გაუნათლებელი ადამიანებია, რათა მარტივად დაემორჩილოს. მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს უჭირავს ჩვენი ქვეყანა ერთი ხელით და პარლამენტსაც საკუთარ ჭკუაზე ატრიალებს, რაც სახელმწიფოსთვის დამღუპველია.

  • როგორ ფიქრობთ, ეს არის ფსკერი, თუ უარესებსაც უნდა ველოდოთ? როგორ ხედავ მოვლენების განვითარებას?

არა. ადრე მეგონა, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცას რომ გააკეთებდა, იმაზე უარესს ვეღარ იზამდა, მაგრამ ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ კი, ამაზე უარესიც შეუძლია. ეს ფსკერი არ არის, უარესის გაკეთება შეუძლია, თუ დროზე არ გამოვფხიზლდებით ჩვენ, საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიებიც.

უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ, რა შეიძლება გააკეთოს ქართულმა ოცნებამ და ჩვენ როგორ უნდა მოვახდინოთ ამის პრევენცია.

პირველ რიგში, უნდა დავარწმუნოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ ქართულ ოცნებას მეტი შეუძლია, უარესის გაკეთება შეუძლია. შეუძლია რუსული დავალებები ისე განახორციელოს, რომ დავკარგოთ ჩვენი იდენტობა, რაც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დავალება იყო, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, თუმცა დროში გაწელილი პროცესია, რა თქმა უნდა.

ქართველები ზოგადად ემოციური და სპონტანური ხალხი ვართ და თუ ერთ მომენტში ვგრძნობთ საშიშროებას, მაშინვე შეგვიძლია დიდი წინააღმდეგობის გაწევა. სწორედ ამიტომ გაიწელა ეს ყველაფერი დროში, რომ ჩვენი მუხტი დაიკარგოს და ასე თუ ისე, ბიძინა აქამდე ახერხებდა და იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ ამას ვეღარ მოახერხებს, იმიტომ, რომ უარესი იქნება იდენტობის დაკარგვა, უარესი იქნება განათლების სისტემის ისე განადგურება, რომ მისი აღდგენა აღარ შეიძლებოდეს, უარესი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტა სრულად. ალბათ, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ყველაფერი ისე გაანადგუროს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაიკარგოს.

მე სიტუაციას არ ვუყურებ უიმედოდ და ისე, თითქოს არაფრის გამოსწორება არ შეიძლება. ახლა ის დროა, როცა შეიძლება გამოსწორება, თუ ახლა გავჩუმდებით, მერე უკვე ამის იმედი აღარ მექნება.

  • თქვენ რას აპირებთ, როგორ ხედავთ ამ პროცესებში თავს? აპირებთ, რომ წინააღმდეგობრივ პროცესში დარჩეთ? 

როცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი დავიწყეთ, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს არ იყო ერთდღიანი ან ერთთვიანი პროცესი. თუ ვამბობთ, რომ ქვეყანა იღუპება, მას სჭირდება შესაბამისი რეაქცია და ბრძოლა.

რა თქმა უნდა, მე ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, მინდა შევხვდე [ოპოზიციური] პარტიების ლიდერებსაც. მათზეცაა ბევრი რამ დამოკიდებული და მოვუწოდო, რომ ითანამშრომლონ ერთმანეთთან. აქ საუბარი არ არის გაერთიანებაზე, ერთ პარტიად ჩამოყალიბებაზე. ამის მომხრე არ ვარ. ხალხმა იმიტომ მისცა ხმა, რომ შექმნან კოალიციური მმართველობის ფორმა და თუ ახლა არ შეიქმნება ეს პრეცედენტი, ვერც შემდეგ ვერ მოახერხებენ.

ჩემი წილი იქნება მოწოდება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების. ყველა უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ.

ამ პროცესებზე კულისებიდან ყურება არ მგონია სწორი, არც ცალ-ცალკე სტრატეგიების განხორციელება. ეს არის საერთო საქმე და უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. პარალელურად, ხშირი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს დასავლელ პარტნიორებთან, რომ მათ დაინახონ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი. ისინი უყურებენ ყველაფერს – ხალხის რაოდენობას, ოპოზიციის პრინციპულობის. ოპოზიცია არ უნდა შევიდეს პარლამენტში და ლეგიტიმაცია მისცეს იმ პარლამენტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ცესკოს საშუალებით იყიდა.

ერთმანეთთან კომუნიკაცია აქამდე უნდა გვქონოდა, მაგრამ ახლაც არ არის გვიანი.

  • საპროტესტო აქციებზე იკლო ხალხის რაოდენობამ. დიდი ნაწილი საზოგადოების, პესიმისტურადაა განწყობილი. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ეს? 

ამაზე ორი მოსაზრება მაქვს. პირველი: ვინც ღიად ოპოზიციონერი არ არის, მაგრამ ოპოზიციონერ პარტიებს უჭერს მხარს და მისი პოზიცია დააფიქსირა მხოლოდ საარჩევნო უბნებზე და ღიად არ გამოხატავს სხვადასხვა მიზეზით, საჯარო დაწესებულებაში მუშაობს, ან არ უნდა, რომ პრობლემები შეექმნას, აქციაზე დგომას ვერ რისკავს.

მეორე მხრივ, მიზეზია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა, რაზეც ვისაუბრე. ბევრს ჰგონია, რომ ისევ 2020 წლის სცენარი განვითარდება და რამდენიმე თვის შემდეგ ოპოზიციას პარლამენტში ვიხილავთ, თუმცა ასე არ მგონია. მაშინ საერთოდ სხვა მოცემულობა იყო, ახლა – რადიკალურად სხვა. მაშინ დასავლელი პარტნიორებიც ვერ ხედავდნენ კარგად იმ სიტუაციას, რაც ქვეყანაში ხდებოდა. მე მგონია, რომ ომმა უკრაინაში ფარდა ჩამოხსნა ყველაფერს და დასავლელ პარტნიორებს დააჯერა, რომ “ქართული ოცნება” არა დასავლური, არამედ რუსული ხელისუფლებაა და ქართველი ხალხისთვის კარგის გაკეთება არ სურს.

მნიშვნელოვანია, აქციებით, კომუნიკაციით თუ სხვა ფორმებით ჯერ მოსახლეობას ვაჩვენოთ, რომ ახლა უიმედობის დრო არ არის და დასავლელ პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ ხალხი აქციებზე არ გამოდის არა იმიტომ, რომ „ოცნებას“ ლეგიტიმაციას აძლევს, არამედ იმიტომ, რომ რთული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციაა და შეიძლება ერთი დღე ადამიანისთვის 1-2 კვირის საკვების გამოცლა იყოს ხელიდან.

მე მესმის მათი ნაწილობრივ. ამიტომაც მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ დასხდნენ ერთად. მესმის, რომ მათ მიმართ ნდობა შესუსტებულია, ოპოზიცია ნამდვილად იმსახურებს კრიტიკას, მაგრამ კრიტიკაზე მეტად მოწოდებას. საჯაროდ გველაპარაკონ, რაზე თანხმდებიან და თუ ვერ თანხმდებიან, ვინ აყირავებს სიტუაციას, რათა ვიცოდეთ ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ.

______________

ფოტოზე: არჩილ ბერიძე სტუდენტურ საპროტესტო აქციაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: