29 ნოემბერს, გამთენიას, საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის დროს, საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
„დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენეს, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც“.
საპროტესტო აქციის გაშუქებისას პოლიციამ ზიანი მიაყენა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს:
- გურამ როგავას, „ტელეკომპანია ფორმულა“ – ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;
- ალექსანდრე ქეშელაშვილს, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;
- დავით ცაგარელს, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” — პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;
- მარიამ ნიკურაძეს, ონლაინგამოცემა “OC Media” — სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრესი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;
- ნანუკა ქაჯაიას, “ტელეკომპანია პირველი” — წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
- დავით ბიჭიკაშვილს, “ტელეკომპანია პირველი” – გაუსწორდნენ სპეცრაზმელები;
- გიორგი შეწირულს, “ტელეკომპანია პირველი” – სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;
- ანა მდივანს, “ტელეკომპანია პირველი” — სახეში შეასხეს წიწაკის სპრესი;
- ნიკო კოკაიას, “ტელეკომპანია პირველი”— სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე;
- გივი ავალიანს, ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთი” “ბათუმელები” — პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
- ნათია ამირანაშვილს, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;
- გიორგი გოგუას, “პროექტი 64” — პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;
- ირაკლი მანაგაძეს, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი” — სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
- დავით ბეჟანიშვილს, პირველი არხი – გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიიღო დაზიანება;
- დეა მამისეიშვილს, “მთავარი არხი” – დაშავდა აქციის გადაღებისას;
- გიორგი გოგინაშვილს, “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას;
- იულია კალაბანოს – JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, – სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი;
- მინდია გაბაძეს – ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;
- ნინო წვერავას, “სტუდია მონიტორი” – ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს;
- ნინო შუბითიძეს, “სტუდია მონიტორი” – ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.
ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიზანმიმართული დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.
მედიაომბუდსმენი კი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა.