მთავარი,სიახლეები

ბინის ქირა, დაბალი ხელფასი და დრო, რომელიც სწავლისთვის არ რჩება – სტუდენტების ცხოვრება საქართველოში

27.11.2024
ბინის ქირა, დაბალი ხელფასი და დრო, რომელიც სწავლისთვის არ რჩება – სტუდენტების ცხოვრება საქართველოში

„ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს“ – ასე გამოეხმაურა „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ წელს თსუ-ში სწავლის დაწყებას. მათ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში გამოფინეს ბანერები საერთო საცხოვრებლის მოთხოვნით და სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. „დაპირება დარჩება დაპირებად, თუკი არ ვაჩვენეთ ერთიანი ძალა და არ ვაიძულეთ რექტორატი და სახელმწიფო ააშენოს ის, რაც ყველას გვეკუთვნის“, – აცხადებდნენ სტუდენტები.

სტუდენტებს ეს პერფორმანსი მალევე, იძულებით შეაწყვეტინეს: „მივმართავდით სტუდენტებს, როდესაც უნივერსიტეტის დაცვამ ძალის გამოყენებით შეგვაწყვეტინა საუბარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია ცდილობს დაუპირისპირდეს სტუდენტებს და იმ პროგრესულ მოთხოვნებს, რომლებიც საყოველთაოა…

დაიწყო კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი უნივერსიტეტებში დაპირებული სტუდენტური საცხოვრებლის გარეშე!“ – აცხადებენ „მაისის სტუდენტურ მოძრაობაში“.

საცხოვრისის აშენება/გარემონტების მოთხოვნით სტუდენტებმა აქამდეც არაერთი საპროტესტო აქცია გამართებს. სტუდენტების მოთხოვნები ამ მხრივ განსაკუთრებით მწვავე კოვიდ პანდემიის შემდეგ გახდა, როდესაც ონლაინ სწავლებიდან აუდიტორიებში დაბრუნებულმა სტუდენტებმა ბინის დაქირავება ვეღარ შეძლეს.

ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როცა საქართველოს მოაწყდა მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების ნაკადი – ამან დასაქირავებელი ბინების ფასი სტუდენტებისთვის ფაქტობრივად ხელმიუწვდომელი გახადა.

საბოლოო ჯამში, არასამტავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, 2023 წლისთვის, ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებით, სტუდენტის სტატუსი მთლიანობაში 88 ათასზე მეტ სტუდენტს აქვს შეჩერებული, მათ შორის საცხოვრისის მიზეზით.

  • თსუ-ს სტუდენტის, შუახევის სოფელ ნენიიდან – ლიზა მიქელაძის გამოცდილება 

ლიზა მიქელაძე შუახევში ცხოვრობს და უკვე მეორე წელია თსუ-ში ქართულ ფილოლოგიაზე სწავლობს. ლიზას თქმით, ის რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა თბილისში ბინის დაქირავებას, მაგრამ ბინების სიას რომ ვათვალიერებდით, ისეთი ფასები ჰქონდა ფარეხებს, უბრალოდ ვერ იცხოვრებდი, 800 ლარი ღირდაო.

ლიზას ოჯახმა სესხი აიღო ბანკიდან და საცხოვრისი დაიგირავეს. ახლა პედაგოგი დედის ხელფასი მთლიანად ბანკის პროცენტს უზრუნველყოფს, ამიტომ ლიზა და მისი და სწავლის პარალელურად მუშაობენ… მუშაობენ იმისთვის, რომ თავი გაიტანონ, მაგრამ ძირითადი მიზნისთვის – სწავლისთვის დრო თითქმის არ რჩებათ.

ძმაც აბიტურიენტია და მალე ისიც შემოგვიერთდებაო.

„თბილისში ბინა ვიგირავეთ, მე და ჩემი და ვცხოვრობთ აქ. ორივე ვმუშაობთ და თან ვსწავლობთ. რომ არა ეს სამუშაო, თავის გატანას ნამდვილად ვერ შევძლებთ, იმიტომ, რომ სახლის გამო დედაჩემის მთლიანი ხელფასი მიდის ბანკში და ძალიან გაგვიჭირდებოდა“, – უთხრა ლიზამ „ბათუმელებს“.

ლიზას შეფასებით, გაცილებით სხვა ვითარება იქნებოდა, უნივერსიტეტებს რომ შეეძლოთ სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრისის შეთავაზება ხელმისაწვდომ ფასად და სამუშაო გრაფიკიც ისეთი რომ ჰქონდეთ, როგორიც ევროპის ქვეყნებშია:

„უნივერსიტეტს საერთო საცხოვრებელი რომ არ აქვს, ეს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა – ცოტა მეტი დრო გვექნებოდა და ცოტა უკეთესი განათლების მიღება შეგვეძლებოდა.

ლიზა მიქელაძე, თსუ-ს სტუდენტი

პრობლემაა ისიც, რომ სტუდენტების 95%-ს თან მუშაობა უწევს და თან სწავლა. მუშაობაში კი არ არის პრობლემა, საქმე ისაა, რომ რეალურად კარგი არჩევანი არ აქვს სტუდენტს – კარგი იქნება, ცოტა ნორმალური სამსახური რომ იყოს, ცოტა ნორმალური ხელფასით და სწავლაც რომ მოვასწროთ. სტუდენტმა უნდა იმუშაოს, მაგრამ არ უნდა იმუშაოს მარკეტში კონსულტანტად, ისეთ ადგილებში, სადაც მაქსიმალურ ენერგიას ხარჯავს. უნდა იყოს შესაძლებელი, რომ ისწავლო და ეს შესაძლებლობა ამ ქვეყანაში არ გვაქვს სტუდენტებს“.

ლიზას სამუშაო და სასწავლო გრაფიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სტუდენტს არათუ სწავლისთვის, არამედ გამოძინებისთვისაც კი არ რჩება დრო:

„მე ვმუშაობ საღამოს 6-დან ღამის 02 საათამდე. სამ საათისთვის ვბრუნდები სახლში. დაღლილი და ნამუშევარი თავს რომ მოიწესრიგებ, ხუთი საათი სრულდება. როცა სწავლა დილის 9 საათზე მეწყება, ფაქტობრივად, გამოუძინებელი ვრჩები. შაბათ-კვირას ვისვენებ.

ხანდახან სამსახურში ვმეცადინეობ, ხანაც უნივერსიტეტში, თუ შუალედები მაქვს. რა თქმა უნდა, უკეთეს განათლებას მივიღებდი, დრო რომ მქონოდა.

გუშინ სამსახურიდან მოვდიოდი და ტაქსის მძღოლი მელაპარაკებოდა, რომ ჩემი გოგო საფრანგეთშია – თან მუშაობს და თან სწავლობსო. ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრება გაცილებით იაფია და ხელფასიც გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში, აქ 500-600 ლარს უხდიან სტუდენტებს“.

  • რა არის საქართველოში სტუდენტების საერთო წუხილი

„ბათუმელები“ თბილისში რამდენიმე სტუდენტს ესაუბრა, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ. მათ, ყველას, საერთო წუხილი აქვთ – ბინის ქირა, მძიმე სამუშაო გრაფიკი, დაბალი ანაზღაურება და დრო, რომელიც სწავლისთვის არ რჩებათ.

ბევრ სტუდენტს იდენტური ბარიერის დაძლევა უწევს რეგიონების უნივერსიტეტებშიც. მაგალითად, ლარა ქარცივაძის მთელ ოჯახს დასჭირდა საცხოვრებლის გამოცვლა, რომ ბსუ-ში ჩარიცხული სტუდენტი შვილისთვის სწავლაში მხარდაჭერა აღმოეჩინა. ოჯახი ქობულეთის სოფლიდან ბათუმში გადმოვიდა და ნაქირავებ ბინაში დაიწყო ცხოვრება.

„ვსწავლობ ბსუ-ში, პირველ კურსზე ვარ. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე სტუდენტურ საცხოვრებელში მოთავსება, ამიტომ ოჯახი მთლიანად გადმოვედით და ქირით ვცხოვრობთ ბათუმში. ოჯახის გარეშე ვერ გავუმკლავდებოდი ამ ყველაფერს. მე ვერ გადავიხდიდი ბინის ქირას. 700 ლარად ვიქირავეთ ბინა, ამას ემატება კომუნალურები“, – უთხრა „ბათუმელებს“ ლარამ.

სტუდენტს ვკითხეთ, რატომ არ ისარგებლა ბსუ-ს საერთო საცხოვრებლით, რომელიც 200 სტუდენტზეა გათვლილ. ბსუ-მ ეს საცხოვრებელი 2019 წელს ააშენა და როგორც სტუდენტები ამბობენ, აქ ცხოვრებაში 100 ლარს იხდიან.

„მე ქობულეთის სოფელ ხალაში ვცხოვრობ, ბათუმთან შედარებით ახლოსაა. განცხადება შევიტანე, მაგრამ უარი მითხრეს. სავარაუდოდ ჩათვალეს, რომ არ უნდა გამჭირვებოდა სოფლიდან სიარული.

ზოგადად კი, მე თუ ვისარგებლებდი მაგ საცხოვრისით, მაშინ, მაგალითად, გურიიდან ჩამოსულ სტუდენტებს მოუწევდათ იმავე გზის გავლა, რასაც მე გავდივარ. მე მხარდაჭერა მაქვს ოჯახისგან, ისინი ჩემთან ერთად წამოვიდნენ, გურიიდან კი სტუდენტები მარტო მოდიან და მათთვის უფრო რთული იქნებოდა“, – გვითხრა ლარამ.

ლარა ქარცივაძე, ბსუ-ს სტუდენტი

თავის მხრივ, ლარაც ეხმარება ოჯახს – მუშაობს, რომ ცხოვრების საჭიროებებს ერთად გაუმკლავდნენ, ამიტომ ძალიან ცოტა დრო რჩება სწავლისთვის.

„რეალურად რთული იყო ყოველ დღე სოფლიდან ჩამოსვლა, ამას ემატებოდა ისიც, რომ სტუდენტურ სამუშაოს ვასრულებდი, რაც ცოტა რთულია.

სწრაფი კვების ამერიკულ კომპანიაში ვმუშაობ. ღამის ცვლაში მიწევს ყოფნა, რეალურად უნივერსიტეტიდან პირდაპირ აქ მოვდივარ და 11 საათამდე აქ ვარ.

დაღლილი როცა ვარ, სწავლისთვის დრო არ მრჩება, დასვენებისთვისაც კი არ მრჩება დრო. ვცდილობ, ლექციებს მაინც დავესწრო, რაღაც მივაშველო. კვირაში ერთი დღე არ ვმუშაობ და ასევე ღამეებს ვათევ, რომ სემინარები ჩავაბარო და შევინარჩუნო დაფინანსება“, – ასე აღწერა თავისი მდგომარეობა ლარამ, რომელიც გამოტყდა, რომ სტუდენტური ცხოვრება ცოტა სხვაგვარად წარმოედგინა: ექსკურსიები, შემეცნება, განათლება.

ლარასგან განსხვავებით, ლიზა წულუკიძეს შეხვდა ბსუ-ს საერთო საცხოვრებელში ოთახი. ის 2 სტუდენტთან ერთად ინაწილებს ოთახს და კმაყოფილია პირობებით.

„ადრე ნაქირავებ მქონდა და ახლა სტუდენტურ საცხოვრისში ვცხოვრობ თვეში 100 ლარად. კომფორტი არის. ოთახს ვინაწილებ სხვა სტუდენტთან, 3 სტუდენტი ვართ, ნორმალური ზომის ოთახია.

ბსუ-ს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი

შარშან მქონდა ბინა ქირით და ეს ძალიან რთული იყო, დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამას ემატებოდა ტრანსპორტის ხარჯები. ფეხით ხომ ვერ წახვალ გვიან ღამით სოფელში, ტაქსით გიწევს წასვლა.

ამას სტუდენტი ვერ გაუმკლავდება, თვეში 100 ლარი მაინც მჭირდებოდა თავის სარჩენად და აქეთ უნივერსიტეტის გადასახადი, მაგას დაემატება ბინის ხარჯი. მაშინ მოგიწევს მუშაობა და ვეღარ ისწავლი“.

ბსუ-ში დაახლოებით 7 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. შესაბამისად, საერთო საცხოვრებელი, რომელშიც 200 სტუდენტის მიღება შეუძლია, არ არის საკმარისი. თუმცა სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, ბსუ ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელსაც მეტ-ნაკლებად კომფორტული საერთო საცხოვრებელი აქვს.

  • ჯავახიშვილის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი

სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აქვს თბილისი ჯავახიშვილის უნივერსიტეტსაც, თუმცა იქ, სტუდენტების შეფასებით, საცხოვრებლად ღირსების შემლახავი პირობებია. ეს საცხოვრისი 500 ადამიანზეა გათვლილი.

თსუ-ს სტუდენტები განსაკუთრებით ხმამაღლა ითხოვენ საცხოვრებლის გარემონტებას/აშენებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამას თითქმის 2 წლის წინ დაჰპირდნენ, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.

„მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ 2024 სასწავლო წლის დასაწყისში თსუ-ს რექტორს, ჯაბა სამუშიას წერილობით ჰკითხა, რა ეტაპზეა სტუდენტების საერთო საცხოვრისის პროექტი. გასულ კვირას ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი შამათავას წერილობით „ბათუმელებმაც“ სთხოვა კომენტარი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საკითხზე. სატელეფონო ზარებისა და წერილობითი კომუნიკაციის მიუხედავად, მისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

გიორგი შამათავას ხელმოწერილი დოკუმენტით კი, სტუდენტებს აცნობეს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საცხოვრებლის გამაგრებითი სამუშაოების ნებართვის მისაღებად თბილისის მერიას მიმართა, თუმცა, „არქიტექტურის სამსახურის მხრიდან გამოვლენილი იქნა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსასწორებლადაც საჭირო გახდა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა“. ამავე დოკუმენტის თანახმად, საკითხს შუალედური სტატუსი აქვს მერიაში, რადგან უნივერსიტეტს საჭირო დოკუმენტაცია ჯერ არ წარუდგენია.

„ადგილზე მისულებს გვითხრეს, რომ შენობაში დასუფთავების სამუშაოებია დაწყებული. როგორც ჩანს, ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ეს მოხერხდა“, – აცხადებენ სტუდენტები.

სტუდენტების შეფასებით, რეგიონებიდან ჩასული სტუდენტები, ბიზნესისთვის იაფი მუშახელია: „ყოველ სექტემბერს თბილისში რეგიონებიდან ჩამოდის სტუდენტების ახალი ტალღა, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენებია და სამთავრობო ელიტისთვის იაფი მუშახელია.

სტუდენტებს უწევთ დათანხმდნენ მძიმე სამუშაო პირობებს, სადაც მათი შრომა კაპიკებად გაიყიდება. დათანხმდნენ იმისთვის, რომ გადაიხადონ გაზრდილი ბინის ქირა, დაფარონ განათლების გადასახადი. ამიტომაც საერთო საცხოვრებლის აშენება ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის დაიხსნის მრავალ სტუდენტს მძიმე და იაფად გაყიდული შრომისგან“, – ამბობენ სტუდენტები.

ფოტო: „მაისის სტუდენტური მოძრაობა. 2024 წლის თებერვალი

ადგილი, სადაც თსუ-ს საერთო საცხოვრებელი უნდა აშენდეს

  • სტუდენტების შეხედულება წინასაარჩევნო დაპირებებზე

„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საარჩევნო გზავნილსაც –  ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე განაცხადა, რომ მთავრობა თსუ-სთვის ახალი კამპუსის აშენებას გეგმავს.

„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ შეფასებით, ეს წინასაარჩევნოდ მოგონილ ტყუილ დაპირებას უფრო ჰგავს: „სხვა შემთხვევაში უცნობია რატომ არ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ უნივერსიტეტმა ან ერთი სიტყვა მაინც როგორ არ დაცდა უნივერსიტეტის პირველი დღის შეხვედრაზე ამის შესახებ რექტორს.

საპროტესტო პერფორმანსი თსუ-ში, რომელიც სტუდენტებს იძულებით შეაწყვეტინეს

ჩვენ უკვე მივიღეთ განათლების სამინისტროსა და სხვადასხვა უნივერსიტეტის დაპირებები საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ჯერ ხელშესახები რეალობა არ დამდგარა. ათასობით სტუდენტი ელოდება საცხოვრებელს. მანამდე კი მათი იძულებითი შრომა საარსებო საშუალებებისთვის გრძელდება“.

  • არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება

არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ თავმჯდომარე, ელენე  ელბაქიძე აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ მათი არასამთავრობო ორგანიზაცია უსახსროდ აგრძელებს სტუდენტების უფლებებზე მუშაობას.

ელენე ელბაქიძე თავიანთი ორგანიზაციის მიგნებებს გვიზიარებს:

„პროგრესის ცენტრი“ 2017 წლიდან ვსაქმიანობთ, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია, მაგრამ რუსული კანონის გამო ძირითადად მოხალისეობრივად შემოიფარგლება ჩვენი ჩართულობა.

ჩვენი შეფასებით, სტუდენტების მდგომარეობა გაუსაძლისი ძირითადად პანდემიიდან გამომდინარე გახდა – ძალიან დიდი ქირის გადახდა უწევდათ სტუდენტებს.

ორი წლის წინ ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ლისზე იწყებდა სტუდენტური საცხოვრისი აშენებას. იქ ცუდი მდგომარეობა. მიდის რემონტი, როგორც ამბობენ, მაგრამ რამდენჯერაც მივედით, რომ გვენახა რა ხდება, იქ არაფერი არ ხდება. შიგნით არ გვიშვებენ – არ მოგვეცა ამის უფლება.

ბაგები მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

ბოლო წლებში, როდესაც ჩვენ დავიწეთ ამაზე აქტიური მუშაობა და პროტესტები, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ ღირსეული საცხოვრებელი და რაღაც საშუალება, ამხელა ქირა რომ არ გადაიხადონ, ანუ უნივერსიტეტებმა გამოყონ ამაზე რესურსი, მივიღეთ პასუხი, რომ დაიწყეს მუშაობა. თუმცა ეს საკითხი გაჩერებულია და არაფერი ისმის.

ვიცით, რომ ბათუმის უნივერსიტეტმა გახსნა საცხოვრისი, სამედიცინომ და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაახლოებით ერთი წლის წინ გვაცნობეს, რომ გეგმავენ მშენებლობას და ამაზე მუშაობენ, თუმცა ამ ორი უნივერსიტეტის შემთხვევაშიც არაფერი არ ხდება – მგონი კახეთს გზატკეცილზე ჰქონდა გადაწყვეტილი რაღაც პროექტი: 2023 წლის შემოდგომაზე ითქვა, მაგრამ ამ მხრივ ჩვენ წინსვლა მათგან არ გაგვიგია.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი მონაცემები, რამდენმა სტუდენტმა შეიჩერა სტატუსი 2024-25 სასწავლო წლებში, მაგრამ ვიცით 2023 წლამდე მონაცემები, პანდემიის გამო და ფინანსური პრობლემების გამო, რომელშიც შედის ქირის ხარჯებიც, დაახლოებით 33 ათასმა სტუდენტმა შეიჩერა სტატუსი.

ელენე ელბაქიძე

ბოლო რამდენიმე წლის მონაცემით კი, ჯამში იყო 88 ათასზე მეტი სტუდენტია, ვინც სტატუსი შეიჩერა. რასაკვირველია ეს მოხდა სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე. ასევე ვიცით, რომ ეს რიცხვი მუდმივად იზრდება და ეს ჩვენი ქვეყნისთვის საგანგაშოა.

რა არის გასაკეთებელი? – სწორად უნდა განაწილდეს ხარჯები იმ მხრივ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი და გარემო განათლებისთვის. იმდენად ბევრი პრობლემაა სისტემაში, იმდენად არასწორად ხდება ხარჯვა, იმდენად ბევრი გაფლანგული თანხაა განათლების სამინისტროში, ვერაფრით აიხსნება.

თუ ჩვენ გინდა ღირსეული განათლების პირობები, ამისთვის ხარჯები მოიძებნება, არის ჩვენს ბიუჯეტში ამის შესაძლებლობა, მაგრამ საჭიროა კეთილი ნება. მაგალითად, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ამის კონკრეტული თანხები. 2017 წლიდან ამბობენ, რომ ავაშენებთ, მოვაწყობთ ამ სივრცეს და ვერ აკეთებენ. რა თქმა უნდა, რაღაცა ხდება არასწორად.

მე ვიცი ძალიან ბევრი სტუდენტი, რომლებიც ერთად ქირაობენ ბინებს. ეს სტუდენტები მუშაობენ იმდენს, რომ განათლებისთვის დრო ფიზიკურად არ რჩებათ. ერთია, რომ ისინი იაფი მუშახელია და ეს ცალკე საკითხია, სტუდენტებისთვის ეს ძალიან რთული მოცემულობაა. ზოგი 10-12 საათი მუშაობს, რომ რაღაცნაირად დაფარონ საცხოვრისი ხარჯები. ეს აისახება სწავლების ხარისხზე.

ბევრი ფაქტორია, თუმცა პროტესტი რაღაცის ხარჯზე შეწყდა, მაგრამ არაფერი არ არის მოგვარებული. სტუდენტს არ უნდა უწევდეს არჩევანის გაკეთება – ისწავლოს თუ იმუშაოს, მას უნდა შეეძლოს სწავლა და თუ სურვილი აქვს, მუშაობაც. ძალიან ბევრს მოუწია დღეს ამ არჩევანის გაკეთება. სტუდენტების მოუწიათ ამ არჩევანის გაკეთება და ეს არ არის არჩევანი სწავლის სასარგებლოდ.

  • რას სთავაზობენ გერმანული უნივერსიტეტები სტუდენტებს

ალია სმაგულოვა აზის ერთ-ერთი ქვეყნიდან არის გერმანიაში სწავლობს. „ბათუმელებმა“ მას სთხოვა, თავისი გამოცდილების გაზიარება, რა გზას გადის სტუდენტი გერმანიაში საცხოვრისის ძიებისას.

„გერმანიაში თუ გინდა სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრება, აუცილებელია რომელიმე უნივერსიტეტში სწავლობდე. მაგალითად, თუ მიუნხენში გინდა ცხოვრება, აუცილებელია მიუნხენის რომელიმე უნივერსიტეტში, მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდე. გადასახდელი თანხა ყველა საცხოვრებელში სხვადასხვაა, მაგრამ ძირითადად იაფია. მე, პირადად, ახლა 386 ევროს ვიხდი თვიურად, აქვე მაგალითად ვიხდი დაახლოებით 5 ევროს ინტერნეტში. ძირითადად კარგი ინტერნეტი მომეწოდება.

საცხოვრებლებზე ინფორმაციის ნახვა უნივერსიტეტების ვებგვერდებზეა შესაძლებელი. მე მაგალითად, მათ შესახებ ინფორმაცია ასე მივიღე.

საცხოვრებლებში სამზარეულოს ყველა სტუდენტი იყოფს, დაახლოებით 21 სტუდენტი. შეიძლება ეს პირველი მოსმენისას არ ჟღერს ძალიან სასიამოვნოდ, მაგრამ რეალობაში ეს საერთოდ არ ქმნის დისკომფორტს. ზოგჯერ საღამოობით არის ხოლმე ცოტა ქაოსი, როცა სამზარეულოში ერთდროულად რამდენიმე სტუდენტია. ზოგადად, საცხოვრებლებში ყველა ყველას იცნობს და არ არის პრობლემა.იმის მიუხედავად, რომ ბევრი სტუდენტია საცხოვრებელში, ჩვენ ყველას ჩვენი პირადი სივრცე გვაქვს – ყველას საკუთარი ოთახი აქვს ყველა საჭირო აღჭურვილობით. საცხოვრებელში სტუდენტებს სააბაზანოს გაყოფაც უწევთ, რომელიც ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებულია.საცხოვრებლებში სისუფთავეზე ძირითადად დამხმარე ქალები ზრუნავენ, რომლებიც მოდიან და ყველაფერს ასუფთავებენ.

ჩემს საცხოვრებელში ასევე ძალიან კარგია ის, რომ სპეციალური სასწავლო ადგილები არსებობს და არ გიწევს ყოველთვის ბიბლიოთეკაში წასვლა. ასევე არის სასმელების აპარატები და კიდევ ბევრი რამ.

სტუდენტური საცხოვრისი გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში

ყველაზე ცუდი ალბათ ის არის, რომ ძალიან რთულია სტუდენტურ საცხოვრებელში ადგილის მიღება. ყველაზე კარგ ვარიანტში ერთ სემესტრში იღებ ადგილს. მე, პირადად, დაახლოებით სამი წელი ველოდი პასუხს. არიან სტუდენტები, რომლებიც ერთი ან ორი წელი ელიან რიგს და არ მიუღიათ პასუხი.

როდესაც ადგილს მიიღებ, 3-4 წელზე მეტ ხანს დარჩენის უფლება არ გაქვს, ანუ იქ დარჩენის პერიოდი შენი სწავლის პერიოდს უნდა მოიცავდეს. არის სხვა საცხოვრებლები, სადაც მაგალითად იმდენ ხანს შეგიძლია დარჩე, რამდენ ხანსაც სწავლობ, თუ გინდ 10 წელი“.

___

მთავარი ფოტო: „მაისის სტუდენტური მოძრაობა“. 2024 წლის აპრილი.

___

ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: