როგორ უნდა მივმართოთ ან რა სტატუსით უნდა მოვიხსენიოთ წერილობით ან ზეპირ განცხადებებში ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ასევე ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი არ აღიარებს? როგორ იქცევა ხალხი, კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციები ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, როგორც ვიცით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი. დღეს კი გავრცელდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებას. როგორ შეიძლება გაგრძელდეს ამის შემდეგ ხალხის ურთიერთობა თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან?
არის სამართლებრივი მდგომარეობა და არის ფაქტობრივი მდგომარეობა.
სამართლებრივი თვალსაზრისით, დღევანდელი პარლამენტი არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან უფლებამოსილების ცნობა პარლამენტის წევრების მოხდა კანონდარღვევით. ამიტომ ეს პარლამენტი, ასევე ამ პარლამენტის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური.
პარლამენტმა უკვე ნდობაც გამოუცხადა მთავრობას. შესაბამისად, ეს მთავრობაც იქნება არაკონსტიტუციური. ისევე როგორც გუშინ მიღებული გადაწყვეტილება, პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ესეც არაკონსტიტუციურია.
ამდენად, ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, ჩვენი ხელისუფლება – პარლამენტი, მთავრობა და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ეს პარლამენტი შექმნის, იქნება არაკონსტიტუციური.
მაგრამ, ფაქტობრივი მდგომარეობა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ეს პარლამენტი და გვეყოლება ამ პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა, რომელიც მიიღებს მთელ რიგ გადაწყვეტილებებს, კანონებს, კანონებში ცვლილებებს შეიტანს – ყველაფერი ეს სამართლებრივი თვალსაზრისით არაკონსტიტუციური იქნება, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობა იქნება ის, რომ ჩვენ მოგვიწევს ამ გადაწყვეტილებების შესრულება, რადგან არალეგიტიმური ხელისუფლების ხელში არის ძალა.
- მოქალაქეებს, ორგანიზაციებს თუ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ ამ გადაწყვეტილებებს?
თუ არ შევასრულებთ, ეს არალეგიტიმური ხელისუფლება მოგვთხოვს პასუხს. ხელისუფლება დღეს გასულია კონსტიტუციური სივრციდან და მოქმედებს ძალის პრინციპით.
- აი, მაგალითად, როცა ანტიკონსტიტუციურია ხელისუფლება და შესაბამისად, არაკანონიერია მთავრობაც, როგორ მივმართავთ მინისტრებს, როგორ უნდა მოვიხსენიოთ ისინი, ვთქვათ, ოფიციალურ წერილებში, განცხადებებში, როცა მოვითხოვთ, მაგალითად, საჯარო ინფორმაციას, როგორი ფორმულირება შეგვიძლია გამოვიყენოთ ასეთ დროს?
თქვენ რომ დაწეროთ, არ ხართ კანონიერი მინისტრი, მაგრამ მაინც მოგმართავთ, როგორც მინისტრს და რაღაცას ვითხოვ თქვენგანო, როგორი იქნება ამ მინისტრის რეაქცია, მე მგონი გასაგებია. ამიტომ, მოგიწევთ მიმართოთ ისე, როგორც მინისტრს.
როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სხვა სახელმწიფოებისთვისაც, ეს ხელისუფლება იქნება არალეგიტიმური. თუმცა, თუ მოინდომებენ ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობას რაიმე მიზეზის გამო, მათაც მოუწევთ იმოქმედონ ფაქტობრივ ხელისუფლებასთან.
რადგან ხელისუფლებას ფაქტობრივად ის ფლობს – არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა. ამ თვალსაზრისით ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში.
- ჩვენ, მოქალაქეები, ხომ ვიხდით გადასახადებს, ამ გადასახადებით კი ივსება ბიუჯეტი და შემდეგ ფინანსდება სხვადასხვა უწყება. ჩვენ ანუ ხალხი ვქირაობთ ხელისუფლებას და ვუხდით მათ ხელფასს. შეუძლია თუ არა საქართველოს მოქალაქეს უარი თქვას ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების დაფინანსებაზე და არ გადაიხადოს გადასახადები? რა სამართლებრივი ძალა აქვს საზოგადოებას ასეთ შემთხვევაში?
ეს არის ეგრეთ წოდებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, როცა ხალხი უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების მოთხოვნების შესრულებაზე.
რა მოჰყვება ამას? გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი ჩვენზე ზემოქმედების, მათ შორის აქვს ძალის გამოყენების ინსტრუმენტი, ხელისუფლება შეეცდება ძალის გამოყენებით გვაიძულოს გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ მიგვაჩნია არასწორად, ხელისუფლების არაკანონიერების გამო.
არ გადაიხდით გადასახადს? გაასაჩივრებენ სასამართლოში, რომელიც ასევე არალეგიტიმურია. სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ხელისუფლებას უნდა. ვინაიდან საქართველოში დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ფაქტობრივად, ჩვენ არ გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო.
- როგორ უნდა დაიცვას მაშინ თავისი უფლება მოქალაქემ, რომ თავი დაიცვას არალეგიტიმური ხელისუფლების მითითებების შესრულებისგან?
ჩვენს კონსტიტუციაში პირდაპირ არ წერია, მაგრამ საერთაშორისო სამართლის ნორმაა, რომელიც არაერთი სახელმწიფოს კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ თუ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებიდან, მაშინ ხალხს უფლება აქვს, შეცვალოს ეს ხელისუფლება.
ანუ იმოქმედოს ფაქტობრივი ხელისუფლების შესაცვლელად.
- ამ მოქმედებაში რა იგულისხმება?
ყველაფერი.
აქ რაიმე კონკრეტული განსაზღვრება არ არის, ხალხმა თავისი მოქმედებით უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ დაბრუნდეს კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებში.
ეს დაბრუნება შეიძლება დაიწყოს, ჩემი აზრით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით.
თუმცა ისტორიამ იცის ბევრი სახელმწიფო, სადაც წლების განმავლობაში მოქმედებდა არალეგიტიმური ხელისუფლება.
ეს არის ის ქვეყნები, სადაც იყო დიქტატურა, სადაც იყო ავტორიტარული ხელისუფლება, სადაც არჩევნები იყო მხოლოდ ფორმალური, ამიტომ ვერ ვიტყვით ზუსტად, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ამ ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური მდგომარეობა. ადრე მოხდება თუ გვიან, ეს ისევ ხალხზეა დამოკიდებული.
- მედიის გარდა, არსებობს სხვა ინსტიტუციებიც – სკოლა, უნივერსიტეტი, საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები, შეუძლიათ მათ არ იქონიონ ურთიერთობა ამ ხელისუფლებასთან, თუკი არ აღიარებენ. და თუ ვწყვეტთ ამ ურთიერთობას, ეს რას ცვლის?
ნაწილი ალბათ იმოქმედებს ისე, როგორც იმ შემთხვევაში იმოქმედებდა, ხელისუფლება ლეგიტიმური რომ ყოფილიყო, ნაწილი ალბათ შეეცდება არ იმოქმედოს ასე. სხვა არაფრის თქმა შემიძლია.
ზოგადად ასეა, გამოთქმა რომ არის, ყველა ქვეყანას ჰყავს ისეთი ხელისუფლება და ის ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას უნდა.
ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი ხელისუფლება გვეყოლება.
ჩვენ არაერთგზის გვითქვამს და როცა კონსტიტუციას ვასწავლით, იქ ვამბობთ ხოლმე, რომ კონსტიტუციები იმისთვის იწერება, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები, ხელისუფლება იმისთვის იქმნება, რომ მან დაიცვას ადამიანის უფლებები. მაგრამ მოგეხსენებათ, კონსტიტუცია ეს არის ქაღალდზე დაწერილი დოკუმენტი, რომელიც თავისთავს ვერ დაიცავს და თუ გვინდა, რომ დაგვიცვას კონსტიტუციამ, ხალხმა ანუ ჩვენ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია ნებისმიერი ხელყოფისგან.
ამჟამად ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როცა მოხდა კონსტიტუციის ხელყოფა.
- გამოდის, რომ ამ კონსტიტუციის დასაცავად ხალხს მხოლოდ დაუმორჩილებლობის და გაფიცვის ბერკეტი დარჩა?
ასე გამოდის. სხვა გზა მე არ ვიცი.
უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება დაბრუნდეს კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებში და ამის მიღწევის საშუალება არის ახალი, სამართლიანი არჩევნები.