განათლება,მთავარი,სიახლეები

„სულ რამდენიმე დღე გვაქვს სამშობლოს გათავისუფლებისთვის“ – მასწავლებელი კოლეგებს

29.11.2024
„სულ რამდენიმე დღე გვაქვს სამშობლოს გათავისუფლებისთვის“ – მასწავლებელი კოლეგებს

საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მასწავლებელთა ნაწილიც უერთდება.

ბევრი მათგანი ფეისბუქში წერს, რომ პროტესტის ნიშნად არ ატარებენ გაკვეთილებს და კოლეგებს მოუწოდებენ, ერთად დადგნენ საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.

პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინე წულუკიძეც.

„მე, ერთი მასწავლებელი, დღეს სკოლაში არ და ვერ წავედი!

არ შემეძლო დღეს ჩემი მოსწავლეებისთვის თვალებში ჩამეხედა და მესაუბრა „ვეფხისტყაოსანზე“, „თევზის წერილებზე“ და „დიდოსტატის მარჯვენაზე“.

დღეს არის დღე, ყველამ ვისაც სინდისი აწუხებს, ვინც მიხვდა რა ჩაიდინა, უნდა ადგეს და პროტესტი გამოუცხადოს ორჯონიკიძეებს, მანქურთებს და თვითმარქვია ხელისუფლებას.

მასწავლებლებო, მართალია, თქვენმა 80%-მა გადაუწყვიტა ჩვენს ახალგაზრდებს რუსული მომავალი, მაგრამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გამოასწოროთ, სულ რამდენიმე დღე გვაქვს სამშობლოს გათავისუფლებისთვის და გაბედეთ, დადექით ისტორიის სწორ მხარეს, იბრძოლეთ თქვენი შვილების მომავლისთვის!

დღეს თუ არ გამოვფხიზლდით, ხვალ კიდევ უფრო დამცირებული მასა ვიქნებით, ფეხქვეშ გათელილი ღირსებით, სასკოლო ცენზურით და ხელში ახალი ყალიბით, რომელიც საბჭოეთის მსგავს „ახალი ადამიანის“ აღზრდას დაგვავალებს!“ – წერს ეკატერინე წულუკიძე.

„186-ე საჯარო სკოლა – გაიფიცა!“- სკოლა ამ შინაარსის ფოტოს თავად აქვეყნებს ფეისბუქში.

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, რასაც გუშინ, 28 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. დააკავეს 43 მოქალაქე, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

მოქალაქეები საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. ქვეყნის ანტიკონსტიტუციურ მთავრობას პროტესტი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 110-ზე მეტმა თანამშრომელმა და ელჩმა.

გაფიცულია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: