საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტმა მიმართა ასევე ელჩებს, საჯარო მოხელეებსა და ჯარს.
„მე მინდა მივმართო ქართულ ჯარს, იმ ჯარს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, რომელსაც ყველაზე უფრო გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს, რომლიდანაც ჩვენ ძლივს გამოვედით, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა მიმართა პოლიციასაც და მას მოქალაქეების და არა მონებისა და მოღალატეების დაცვისკენ მოუწოდა.
„მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს. თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში, არის ის რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები , არა რუსები და არა უცხოელები, ამიტომ თქვენც აიღეთ თქვენს ხელში რაც არის თქვენი გადასაწყვეტი.“
პრეზიდენტმა მიმართა და გადაწყვეტილების მიღება სთხოვა როგორც ელჩებს, ასევე საჯარო მოხელეებს:
„მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს. დროა, რომ თქვენი გადაწუვეტილება მიიღოთ. დროა რომ იფიქროთ იმაზე თუ რა მომავლს უტოვებთ თქვენს შვილებს, რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ, როცა აქ იცხოვრებენ. მე მესმის, რომ ძალიან რთულია ამ ქვეყანაში, როცა პირობები არის, ვითომც ეკონომიკურად მზარდ ქვეყანაში, სადაც ვიცით თუ რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვნია ქვეყანა სამშობლო .
მინდა მივმართო ელჩებს, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სადა ხართ, ხომ წარმოგიდგენიათ რა აბსურდში ვცდოვრობთ, თქვენ არ არ გიჭირთ ცხოვრება, თქვენ გაქვთ დანაზოგებიც, ყველაფერი გაქვთ და იფიქრეთ, რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ აქ რუსეთი იქნება თუ ჩვენ ყველამ არ ამოვიღეთ ხმა.“
„დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე კვირა თუ თვე, დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო რამდენიმე თვე თუ მეტი, ევროპიდან რუსეთისკენ.
ყველა ეჭვი, რომ შეიძლება არა, შეიძლება მაინც სხვა გზა არის, გაიფანტა. დღეს გამოუცხადა ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს და საკუთარ მომავალს, ჩვენს მომავალს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ჩვენი საზოგადოების მომავალს, იმიტომ რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრივობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი გარდა რუსეთისა.“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით დღეს მან მოსთხოვა ელჩებს მიიღონ ზომები და გააკეთონ ის, რაც ამ დრომდე უნდა გაეკეთებინათ:
„მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათაც ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, ბევრს ელოდებოდნენ, რომ შეიძლება რაღაცა კიდევ არის დასამტკიცებელი. არაფერი არ არის დასამტკიცებელი და ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ, ყველაფერი დამტკიცებულია და ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს, ის მაინც, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება იმის თუ რა ხდება.
მათ მივმართე და ვთხოვე, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი, ხალხის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება, ეს არის ჩვენი გამოსავალი და ის, რისთვისაც ვიბრძვით“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღეს, 28 ნოემბერს, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს 2028 წლამდე. განცხადების შემდეგ, სპონტანურად, საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში საპროტესტო აქციები დაიწყო.