საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ასევე, მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რთული მდგომარეობაა წალკაშიც გზებზე.
„თბილისიდან წალკის მიმართულებით არავინ წამოხვიდეთ, ავარიებია გზებზე, ყოველ ერთ კილომეტრზე ჩაკეტილია გზა ნამქერის გამო“- წერს ერთ-ერთი მოქალაქე ფეისბუქში.
ამ დროისთვის საქართველოს რამდენიმე რეგიონში თოვს.
თოვს აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებშიც. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში შაბათ-კვირას გამოიდარებს.