მთავარი,სიახლეები

თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე 43 ადამიანი დააკავეს – შსს

29.11.2024
თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე 43 ადამიანი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, 29 ნოემბერს, ღამით, თბილისში საპროტესტო აქციის 43 მონაწილე დააკავეს.

„აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.

აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს“ – წერს შსს.

28 ნოემბერს, საღამოს, საქართველოს მოქალაქეები სპონტანურად შეიკრიბნენ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში რათა გაეპროტესტებინათ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ.

აქცია გათენებამდე გაგრძელდა საქართველოს პარლამენტთან. პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა აქციის რამდენიმე მონაწილეს, დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები.

შსს პრესრელიზში წერს, რომ აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი „პროვოკაციულ ქმედებებს“.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა შეკრების ორგანიზატორებსა და აგრესიულ ჯგუფებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში გამოეხატათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მითითებებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუპირისპირდნენ ფიზიკურად“ – იუწყება შს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ „აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას“.

სამინისტრო წერს, რომ აქციაზე დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი. „დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 სამართალდამცველი“ – აღნიშნულია პრესრელიზში.

_______________

ფოტოზე: 29 ნოემბრის აქციაზე დაკავების კადრები „მთავარის“ ეთერიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: