მთავარი,სიახლეები

თბილისში საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები

29.11.2024 •
თბილისში საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები

28-29 ნოემბერს თბილისში მიმდინარე აქციაზე მედიის არაერთი წარმომადგენელი დაშავდა.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით აქციაზე „პირველის“ ოპერატორს, გიორგი შეწირულს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. გიორგი შეწირული „შაბათის ეთერის“ ოპერატორია.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა ჟურნალისტი ანა მდივანი. მედიის განცხადებით, მას დამიზნებით შეასხეს დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება თვალებსა და სახის არეში, რის გამოც, დაეწყო სპაზმური შეტევა.

აქციაზე დაშავდა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ნინო ლორჩოშვილი. როგორც აჭარის ტელევიზია წერს, მას წიწაკის სპრეი შეასხეს, რის შემდეგაც ექიმის დახმარება დასჭირდა.

„ფორმულას“ ცნობით, აქციაზე დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი, რომელმაც თვალზე მიიღო დაზიანება.

აქციაზე დაშავდა OC Media-ს ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, მას წყლის ჭავლი მოხვდა, დაუზიანდა კამერაც.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, დაშავდა JAMnews-ის რეპორტიორი იულია კალაბანი. იულიას სპეცრაზმელმა ხელი ჰკრა და ფეხში ჩაარტყა.

ინფორმაციას კიდევ რამდენიმე დაშავებულ ჟურნალისტსა და ოპერატორზე „ბათუმელები“ აზუსტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევა 29 ნოემბერს, ღამით დაიწყო. შსს-მ გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. მოქალაქეების ნაწილი ამბობდა იმასაც, რომ წყლის ჭავლში სავარაუდოდ სხვა ნივთიერებაც არის გარეული.

ამ დრომდე [3:00 სთ] დაძაბულობაა ჭიჭინაძის ქუჩაზე. დააკავეს არაერთი მოქალაქე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიტინგის დარბევა უკანონოდ და არაპროპორციული ძალით მიმდინარეობს.

ორგანიზაციის განცხადებით, მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტები, მათ, ასევე, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

„ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა.

სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს: იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად; ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა; არ შეასრულონ უკანონო დავალებები“ – აცხადებს საია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: