სოფელ ვაშლოვანში კორპუსის აშენებაზე ტენდერი გამოცხადდა

 

პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 22 თებერვალს დაიწყება და 27 თებერვალს დასრულდება. სახლი 72 ბინიანი იქნება.

 

აღნიშნული სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 18 თვეა. სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს სამუშაოების დასრულების მომენტიდან არანაკლებ 3 წელს (ქანობიანი სახურავი ბურულით, მოსაპირკეთებელი სამუშაოები (ბათქაში, სამღებრო სამუშაოები, კერამიკული ფილების მოწყობა).

 

რაც შეეხება ელექტრო და სანტექნიკურ ფურნიტურს (ონკანი, წყალმომარაგების და წყალარინების გარე მომარაგებისა და მიერთების მილები, ელექტრომომარაგების ჩამრთველები და როზეტები, საკეტები და სახელურები) საგარანტიო ვადად განისაზღვრა ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღიდან არანაკლებ 8 თვე.

 

ტენდერი 6 თებერვალს გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს შესასრულებელი სამუშაოებისა და ასაშენებელი კორპუსის დეტალური გეგმა-პროექტი. შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარებას განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.

 

„აჭარის ეკომიგრანტების მდგრადი განვითარების პროგრამის“ ფარგლებში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2007 წელს I კატეგორიის დაზარალებულ ოჯახთა ერთობლივი მონიტორინგი განახორციელეს. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ადგილზე გადამოწმდა 150-მდე ოჯახი, შედგა დაზარალებულებთან გასაუბრება, ნასახლარების, დაზიანებული საკარმიდამო ნაკვეთებისა და სახლების ფოტოგადაღება.

 

 

 

 

 

 

 

ამ პროცესში ჩართული იყვნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობებიც. დაზარალებულთა სია სამინისტრომ ცალკე ბროშურადაც გამოსცა.

 

პროექტის დასრულების დროს, ანუ 2008 წლის გაზაფხულზე, აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 4535 ოჯახი იყო რეგისტრირებული. ამათგან 115 ოჯახი ღია ცის ქვეშ იყო დარჩენილი, ხოლო 691 ოჯახის საცხოვრებელი სახლი იმდენად იყო დაზიანებული, რომ შიგნით აღარ იცხოვრებოდა.

 

“აპოლოში” დღეს

 

16 თებერვლამდე ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ფილმები 18:00 საათზე გაიმართება და მათი ნახვა უფასო იქნება. დღეს ნაჩვენები იქნება ბულგარეთის ფილმი „სამყაროს დასასრულის შემდეგ“.

 

„აპოლოში“ 11 თებერვლის სეანსები ასეთია:

12:00 ტარზანი 3D – 7 ლარი

14:00 ტარზანი 3D – 7 ლარი

16:00 ფრანკენშტეინი 3D – 8 ლარი

18:00 ევროკავშირის ფილმი „სამყაროს დასასრულის შემდეგ“- 0 ლარი

22:00 უოლ სტრიტის მგელი -8 ლარი

 

 

აჭარაში სისხლის ბანკით 6000 ადამიანმა ისარგებლა

 

სისხლის გადასხმის სადგური
სისხლის გადასხმის სადგური

დაწესებულებაში განხორციელბულ ცვილილებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე გაეცნობიან.  

 

შ.პ.ს „ჰემა-2012’–ის სისხლის ბანკი შ.პ.ს „აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგურის“ ბაზაზე შეიქმნა.

 

იგი ერთ–ერთი ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებაა აჭარის რეგიონში, რომელიც სისხლითა და სისხლის კომპონენტებით უწყვეტად ამარაგებს, როგორც აჭარის რეგიონში, ასევე გურიასა და   ფოთში განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებს.

 

სისხლის ბანკში დამზადებული სისხლის 50 %  უანგარო დონორებისგანაა მიღებული. ყოველწლიურად მზადდება 3000-მდე დონორული სისხლი 3000 ხ 500 მლ = 1500 ლიტრი, რომელსაც მოიხმარს 6000-მდე ავადმყოფი.

 

შპს „ჰემა-2012“-ი მონაწილეობს უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში – რაც გულისხმობს დონორის სისხლის კვლევას HBsAg და HCV ჰეპატიტზე, შიდსზე და ათაშანგზე.

 

სისხლის ბანკის ახალი შენობის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სამსახური აღიჭურვა ახალი სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. სამსახურში  დასაქმებულია 28 თანამშრომელი.

 

როგორ გავხდე კაპიტანი

 

40-წლიანი პაუზის შემდეგ, კაპიტნობის სურვილი ორმა ქართველმა გოგონამ გამოთქვა. ბათუმის აკადემიის რექტორი გვეუბნება, რომ 70-იან წლებში ოთხი ქალი სწავლობდა გემთწამყვანის სპეციალობაზე, რომლებიც წარმატებული მეზღვაურები გახდნენ, „მას შემდეგ აღარავინ გამოჩენილა“. თუმცა ტენდენცია იცვლება და ქალები ზღვას უბრუნდებიან.

 

რა აუცილებელ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს გემის კაპიტანი? _ ირაკლი შარაბიძის თქმით, კაპიტანი რომ გახდე, მინიმუმ ათი წელია საჭირო. ჯერ ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარო და გემთწამყვანის სპეციალობაზე ოთხი წელი ისწავლო, ბაკალავრის დიპლომის აღების შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში ექვსთვიანი პრაქტიკაც უნდა გაიარო, თუმცა წარმატებისთვის მხოლოდ დიპლომი არ კმარა _ მეზღვაურმა საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილოს.

 

„დიპლომის შემდეგ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს საზღვაო პრაქტიკის დამადასტურებელი სტაჟი, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უნდა წარადგინოს. ამის შემდეგ ეძლევა მას ე.წ. „კომპეტენციის სერტიფიკატი“, ანუ ლიცენზია შორეული ნაოსნობისთვის“, _ განმარტავს საზღვაო აკადემიის რექტორი.

 

სერტიფიკატის აღების შემდეგ გემთწამყვანობის მსურველს შეუძლია კაპიტნის მესამე თანაშემწედ დაიწყოს მუშაობა. 18 თვის შემდეგ კი, როცა მესამე თანაშემწის საზღვაო ცენზს მიიღებს, მეორე და პირველი თანაშემწის ცენზის მიღებაზეც უნდა იზრუნოს. იმისთვის, რომ კაპიტნის თანაშემწე გახდეს, მსურველს დამატებით კიდევ სჭირდება 24-თვიანი საცურაო ცენზი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას გაიაროს საკვალიფიკაციო გამოცდა და აიღოს შორეული ნაოსნის კაპიტნის სერტიფიკატი.

 

აკადემიაში გვეუბნებიან, რომ ევროპული კომპანიების გემებზე კაპიტნის ხელფასი თვეში 13 000 ევროა, სხვა განვითარებული ქვეყნების გემებზე კი _ 13 000 დოლარი.

 

„რა თქმა უნდა, კაპიტნის კარიერა პრესტიჟულია და მაღალანაზღაურებადი, მაგრამ ხელფასთან ერთად იზრდება პასუხისმგებლობაც. ადრე, როცა საზღვრები ჩაკეტილი იყო, მეზღვაურები ხელფასზე მეტად უცხო ქვეყნებში გასვლაზე ოცნებობდნენ, მაგრამ დღეს ხელფასი უფრო მნიშვნელოვანია“, _ ამბობს ირაკლი შარაბიძე.

 

კაპიტნის პროფესიას აქვს ეთიკითა და სამართლით გათვალისწინებული მოთხოვნებიც. საზღვაო კატასტროფის დროს კაპიტანი ყველაზე ბოლოს ტოვებს გემს. ამ ნორმის დარღვევის გამო კაპიტანს სამუდამო დისკვალიფიკაცია ენიჭება.

 

კაპიტნობის უფლებას საზღვაო სამართალი სამუდამოდ უზღუდავს პირს, თუკი მისი მართვის ქვეშ მყოფი გემი დააბინძურებს გარემოს, გადაიტანს კონტრაბანდულ ტვირთს, კაპიტანი ვერ დაიცავს გემის უსაფრთხოებას ან შემჩნეული იქნება ტრეფიკინგში. „ამ ნორმების დარღვევის შემთხვევაში, რაც არ უნდა გამოცდები აბარო, კაპიტნის ლიცენზიას ვეღარ მიიღებ“, _ განმარტავს ირაკლი შარაბიძე.

 

მომავალი გემთწამყვანებისთვის მნიშვნელოვანია საზღვაო პრაქტიკა, რასაც ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები მოკლებულნი არიან. ამის მიზეზია ის, რომ აკადემიას არ აქვს თავისი საწვრთნელი გემი და არც საქართველოს აქვს საკუთარი გემები. აკადემია ამ პრობლემის მოსაგვარებლად ოთხი წელია იბრძვის. „იქნებ 2015 წლისთვის მაინც შევძლოთ გემის ყიდვა. მანამდე კი მოლაპარაკებას კომერციულ გემებთან ვაწარმოებთ, ჩვენი სტუდენტები პრაქტიკაზე რომ აიყვანონ. ეს მათ ინტერესებშიც შედის, რადგან შემდეგ ეს მეზღვაურები მათ გემებზე რჩებიან. ამჟამად მოლაპარაკება იაპონურ და კორეულ კომპანიებთან გვაქვს“, _ გვეუბნება რექტორი.

 

ბათუმის საზღვაო აკადემიის სერტიფიკატები ევროკავშირმა 2010 წელს, გაყალბების სიხშირისა და სასწავლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო შავ სიაში შეიყვანა. „დიპლომები იბეჭდებოდა სირიაში, არაბეთში, თურქეთში. შევიდოდა, ვთქვათ, გემი ესპანეთში, ნავსადგურის კონტროლი შეამოწმებდა გემს და აღმოჩნდებოდა, რომ 20 კაციდან ყველას ქართული და თან გაყალბებული დიპლომი ჰქონდა. ახლა ეს პრობლემა მოხსნილია, რადგან ჩვენი დიპლომები უკვე დაცულია“.

 

 

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები

 

აი ია

 

2013 წელს ჩემი 6 წლის გოგონა პირველ კლასში შევიდა და მიუხედავად იმისა, რომ ზეპირად ახსოვს დინოზავრის მრავალი სახეობის რთულად წარმოსათქმელი სახელები: ბრაქიოზავრი, ტერადაქტილი, დიპლოტოკი და სხვა (თვითონ მკარნახობს), აგრეთვე უამრავი მულტფილმის სიუჟეტი და გმირი, ვერ ამოიკითხა, როცა ამოიკითხა, ვერ მიხვდა და მრავალჯერადი ახსნის შემდეგაც ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა „ეს ძიძიას სათითეა“ ან „შიო შოთას ძიაა“; ლექსის – „მე პატარა ქართველი ვარ~ წაკითხვა როგორც კი დავიწყე, ბავშვის გამომეტყველებამ ცალსახად მიკარნახა, რომ სასწრაფოდ უნდა შემეწყვიტა, თუ არა და, მომიწევდა ამეხსნა 6 წლის ბავშვისთვის, მისთვის გასაგებ ენაზე ფრაზა „მე განცხრომით სხვაგან ყოფნას, მირჩევნია აქ სიკვდილი“ და ნებისმიერ მცდელობაში ტრაფარეტული პატრიოტიზმის ენას ვერ ავცდებოდი. არც წავიკითხეთ და არც დავიზეპირეთ; ამის ნაცვლად წავიკითხეთ ზღაპარი პატარა დინოზავრზე, რომელსაც ძილის წინ კბილების გახეხვა ავიწყდებოდა და ამის გამო კბილი დაკარგა. ეს ისტორია ჩემს შვილს ყოველ საღამოს ახსენდება და კბილების გახეხვაც არ ავიწყდება, პატრიოტიზმის გაუფასურებას კი გადავრჩით, არა იმიტომ, რომ საქმე ცუდ ნაწარმოებთან გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემი შვილის ასაკისთვის შეუფერებელი იყო.

 

ვფიქრობ, იაკობ გოგებაშვილი ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ქართული პედაგოგიკა ვერ შეძლებდა XXI საუკუნის ქართველი ბავშვის რეალობიდან გამომდინარე დედა ენის თუნდა უმარტივეს ლექსიკურ ადაპტაციას. გოგებაშვილის დაწყებული დიდი საქმე რომ არ გავაგრძელეთ, ეს ერთია, ათწლეულებით რომ ჩამოვრჩით მეცნიერების, მათ შორის ბავშვის ფსიქოლოგიის, პედაგოგიური მეთოდოლოგიების და სხვათა განვითარებას, ეს მეორეა და დღეს, როდესაც ძალიან ბევრი ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, იმით სარგებლობაც რომ გვიჭირს, ეს მესამეა.

 

ჩვენი სკოლა ჯერ კიდევ ქართული პედაგოგიკის ჩანასახში შექმნილი პროდუქტით და დატრენინგებული საბჭოთა სკოლის მეთოდოლოგიით ებრძვის XXI საუკუნის გამოწვევებს; მშობლების შეკვეთაც დომინანტურად იგივეა, რაც 20 წლის წინ დიპლომის ჟინით შეპყრობილი საზოგადოების ყველა ფენის მშობელს ჰქონდა – „ჩემი შვილი ძალიან დატვირთეთ და მკაცრად მოსთხოვეთ“. არადა, მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად რეფორმირებულ ფინურ განათლების მოდელში ბავშვებს ყველაზე ცოტა დავალებას აძლევენ, ყველაზე ცოტა დროს ატარებენ სკოლაში, ყველაზე ცოტა გამოცდას აბარებენ და აკადემიური მაჩვენებლებით ნორვეგიელ და დანიელ ბავშვებსაც გაუსწრეს. მაგრამ მშობელს საქართველოში ნაკლებად აინტერესებს რაში და როგორ გამოიყენებს ბავშვი იმ ცოდნას, რომელსაც მიიღებს, მიიღებს თუ არა ბავშვი სიამოვნებას სწავლის პროცესში, შეიყვარებს თუ არა წიგნს, ტექსტს, ლიტერატურას, ციფრებს, გეომეტრიულ სხეულებს, შეეცდება თუ არა უფრო ღრმად შეიმეცნოს ფიზიკური ან ქიმიური პროცესები, ისწავლის თუ არა ფიქრს, აზროვნებას, კითხვების დასმას და პასუხების ძიებას _ მაგრამ საზეპიროდ მიცემული ქართული კლასიკური პოეზიის ნიმუში მეორე დღისთვის აუცილებლად უნდა დაიზეპიროს, თუნდაც სინამდვილეში იმავე ავტორის სულ სხვა ლექსი უფრო მოსწონდეს, მერე სკოლაში აუცილებლად მაღალი შეფასება უნდა მიიღოს, მერე რა, რომ ის ლექსი ან შეფასების მიღებისთანავე დაავიწყდება, ან მთელი ცხოვრება ლექსიც და ავტორიც სიძულვილით გაახსენდება.

აი ასე, დასაწყისშივე ვთესავთ სიძულვილს და მერე სიყვარული გვინდა, რომ მოვიმკათ.

 

 

 

იზაურა & სავაში

 

თაყვანისმცემლებთან ერთად მტრებიც გამოჩნდნენ. რას აღარ აბრალებდნენ სერიალებს _ ისინი ხომ დამშეული ხალხის გასართობად, გამოსათაყვანებლად და რაც მთავარია, ტრადიციების დასანგრევად გამოიგონეს, ბევრი იმასაც ამბობდა, რომ _ სპეციალურად საქართველოსთვის. ამის მიუხედავად ლათინო-ამერიკული საპნის ოპერა ყველა ქართული სატელევიზიო არხის საეთერო ბადის მთავარი მკვებავი გახდა.
და ასე ჩაიარა სერიალებით ცხოვრების 20 წელიწადზე მეტმა…

ყველაფერს გაუდის ყავლი და ბოლო რამდენიმე წელია სერიალების მიმართ ინტერესი, უნდა ვაღიაროთ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა. მეგონა, რომ უზომოდ მირთმეულმა ერთფეროვანმა სანახაობამ ქართველ მაყურებელს თავი მოაბეზრა. სერიალები აღარ იყო აქტუალური და მათ პერსონაჟებზე თითქმის აღარ ლაპარაკობდნენ არც სამეზობლოში, არც ტრანსპორტში და წარმოიდგინეთ, აღარც სამსახურებში.
რაღაც იყო საჭირო, რაღაც სხვა, რომელიც სერიალებით ცხოვრების მიძინებულ პროცესს გააცოცხლებდა…
ევრიკა „მაესტროს“ ეკუთვნის.

… და გამოჩნდა „სავაში“, საქართველოში კი თურქული სერიალებით ცხოვრების ეპოქა დაიწყო. არავითარი დეჟავიუ, ისტორია ხომ მეორდება და ისევ გახდა სერიალები სამსჯელო თემა სამეზობლოში, ტრანსპორტსა და სამსახურებშიც კი.
ქართულმა ტელეარხებმაც უცებ შეაქციეს ზურგი ამდენი წლით მათ ერთგულ მკვებავ ლათინო-ამერიკულ სერიალებს და თითქმის სრულად ჩაანაცვლეს თურქულით.

თაყვანისმცემლებთან ერთად ისევ გამოჩნდნენ მტრებიც. თურქოფობიით, ეკონომიკური ექსპანსიის მოლოდინითა და ვაღიაროთ, ხშირად ქსენოფობიით შეპყრობილებისთვის ეს ნამდვილი უბედურების ზარი აღმოჩნდა _ ეს ხომ უკვე იდეოლოგიური ექსპანსიის საშიშროებასაც ქმნის… ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. მოდი და ნუ შეშინდები _ თითქმის ყველა წამყვანი ქართული ტელეარხი, დღის ყველა ძვირფას მონაკვეთს ერთდროულად უთმობს მხოლოდ თურქულ სერიალს. თითქოს ის არ გვეყოფა, რომ ლამის ყველაფერი თურქულით ვსაზრდოობთ…

მე კი მგონია, რომ ცოტა ვაზვიადებთ. მგონია, რომ ტელესერიალები ისევ რჩება ქართული ტელეარხებისთვის საეთერო ბადის შევსების წყაროდ. თანაც, რაც იაფი და განსხვავებული იქნება ეს წყარო, მით უკეთესი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ტელესერიალების თურქმა მესვეურებმა ამ ეტაპზე ოკეანისგადაღმელ კოლეგებს ქართული ბაზარი წაართვეს. რას იზამ, კონკურენცია დაუნდობელია.

გაზვიადებული მგონია თურქული სერიალების მიმართ გაჩენილი შიში იმის გამო, რომ ისინი ათეულობით ქვეყანაში იყიდება და არა მგონია, სპეციალურად საქართველოსთვის იქმნებოდეს. ვერც შემოსავლისთვის იქნებოდა გათვლილი საქართველო. ჩვენ ხომ იმდენად მცირე აუდიტორია ვართ, საკუთარ ტელეარხებსაც ვერ ვარჩენთ.

თანაც ისტორია მეორდება. ქართული არხები იმავე დოზით გვაწვდიან თურქულს, როგორითაც ლათინო-ამერიკულს გვთავაზობდნენ. ამდენი ერთფეროვნება ხომ ისევ მოგვბეზრდება. ყველაფერს გაუვა ყავლი და თურქულ სერიალებზეც შეწყდება მალე მსჯელობა სამეზობლოში, ტრანსპორტსა და სამსახურებშიც კი.

 P.S. თურქული სერიალების გამოჩენას, მგონი, ერთი მეტად მნიშვნელოვანი პოზიტივი მოჰყვა. მეც და, ალბათ, ბევრი ჩემი თანამემამულეც დაფიქრდა იმაზე, რომ ძალიან ცუდად ვიცნობთ მეზობელ, უდიდესი გავლენის მქონე ქვეყანას. თითქმის არაფერი ვიცით მათ ტრადიციებზე, ისტორიასა და კულტურაზე. მხოლოდ აღებ-მიცემობითი ურთიერთობებით გაჩენილი სტერეოტიპები კი, უმჯობესია დაიმსხვრეს.

 

მერაბ წულუკიძე-საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი

აქცია „ჭაჭის შადრევანთან“

 

„მწვანე ჯგუფმა“ იდეა ქალაქის საკრებულოს გააცნო. მათ პარკის გასაშენებლად „ჭაჭა თაუერის“ მიმდებარე ტერიტორია შესთავაზეს, თუმცა საკრებულომ იმის გამო, რომ ეს ტერიტორია სხვის მფლობელობაშია, ალტერნატივად ბარბარეს ეკლესიასთან არსებული ადგილი შესთავაზა.

 

 „მწვანე ჯგუფის“ ხელმძღვანელი თემურ ხასია ამბობს, რომ ადგილი, სადაც ახალგაზრდული სკვერი გაშენდება შერჩეული ჯერ არ არის.

 

„უახლოეს დღეებში დავიწყებთ მოლაპარაკებებს აჭარის მთავრობასთან. ქალაქის საკრებულომ და ბათუმის სხვადასხვა საჯარო სამსახურებმა მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. არსებობს ალტერნატიული ადგილები, რომლებზეც საბოლოოდ შევთანხმდებით“.

 

თემურ ხასიას ინფორმაციით, ახალგაზრული პარკის გაშენება 1 მლნ 200 ათასი ლარი დაჯდება. პროექტი ჯერ დასრულებული არ არის და მიმდინარეობს მუშაობა.

 

მშვიდობიან აქციას სტუდენტები, უნივერსიტეტის ლექტორები და ახალგაზრდები შეუერთდნენ. აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა აჭარის ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნებმა“, რომლის წევრებმაც საჩვენებელი ნიმუში შეასრულეს.

 

 

 

აქცია სკვერის მოთხოვნით

მძღოლები ისევ გაიფიცებიან

პროფკავშირების განცხადებით, ხელფასების გაზრდით მოტივით, „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“  და შპს „სინოჰიდრო“-ში დასაქმებულმა მძღოლებმა,  პირველი საპროტესტო აქცია გასული წლის თებერვალში გამართეს. გაფიცული მძღოლები დამსაქმებლისგან ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ.

„ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელობასთან წერილობით შევთანხმდით, რომ მძღოლებს ხელფასები  გაეზრდებოდათ, თუმცა ეს პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარდა. გია ლორიამ პასუხიც კი არ მოგვწერა თუ რატომ არ დააკმაყოფილა მძღოლების მოთხოვნა“ – აცხადებს  პროფკავშირების აჭარის გაერთიანების ხელმძღვანელი, ილია ვერძაძე.

შპს „აჭარის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, მძღოლების მოთხოვნები დადებითად გადაწყვიტა შპს „სინოჰიდროდის“ ხელმძღვანელობამ და ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ მძღოლებს, ხელფასი გაუზარდა.

შპს „აჭარის ავტოტრანსპორტის“  ხელმძღვანელის გია ლორიას განცხადებით, ოპტიმიზაციის ხარჯზე კომპანიის შემოსავლები არ გაზრდილა.

„ხელფასები უნდა გაზრდილიყო თანხების ოპტიმიზაციის ხარჯზე, მაგრამ არ მოხერხდა, რადგან გამოჩნდა სხვა ხარჯები, გაძვირდა საშენი და ტექნიკური მასალები და ამან გადაფარა ხელფასების საკითხი. მძღოლები მითხოვდნენ ხელფასის 50 თეთრით გაზრდას, რაც წელიწადში ნახევარი მილიონი ლარი გამოდის. ამხელა თანხის   ოპტიმიზაციას კი ვერ გავაკეთებთ“-აცხადებს გია ლორია.

ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელის განცხადებით, ავტობუსის მძღოლების ხელფასი თვეში საშუალოდ 600-700 ლარია.

ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლებიც.

„შპს „აჭარის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, შპს „სინოჰიდრომ“ მძღოლების მოთხოვნები დადებითად გადაწყვიტა და მათი ხელფასები 4 ლარით გაიზარდა“-აცხადებენ პროფკავშირებში

ბრიფინგი აჭარის პროფკავშირებში

„ჩაჭრა“ გასაუბრებაზე, წარმატებული ტესტირების შემდეგ

 

ქალბატონო თამთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა დირექტორობის უფლების მქონე პირთა სია. ამ ჩამონათვალში თქვენ არ ხართ. კონკურსის პირველ ეტაპზე 800 კონკურსანტიდან 120 შორის მოხვდით, ვინც სერტიფიკატი მიიღო. გასაუბრებაზე რა მოხდა?

 

 

 

 როგორც ჩანს ჩამჭრეს, სიაში არა ვარ. ამბის გასაგებად როცა დავრეკე ცხელ ხაზზე, მითხრეს, სასამართლოს მიმართეო. კარგი იყო გასაუბრება, არ დარღვეულა ჩემი უფლება… ახლა სასამართლოს მივმართო გასაუბრების გამო, რომლის დოკუმენტიც არ არსებობს?!-  ვფიქრობ, არ ღირს.

 

 

რა იყო გასაუბრების კრიტერიუმები

 

 

გასაუბრების კრიტერიუმები განსაზღვრული არ იყო, საკუთარი ფსიქოლოგიური პორტრეტი უნდა შეგვექმნა 15 წუთის განმავლობაში. ზოგიერთ კომისიაში ხუთი ადამიანი იყო, ზოგიერთში –  სამი და ოთხი. არ ვიცი, რა მოხდა. კომისია, რომელთანაც მომიწია მუშაობა, იყო ძალიან კარგი, კორექტული, ინტერესით გამომკითხეს ბევრი რამე და მეც ვიყავი გულწრფელი.

 

 

ასევე მითხრეს, რომ შეამოწმებდნენ დირექტორობის კანდიდატების მეტყველების კულტურას, როგორ გამოიყურება, ასაკი, ჩაცმის კულტურა, თავდაჭერის მანერას. ყველას გვეკითხებოდნენ ერთსა და იმავეს, როგორ განვითარდით პიროვნულად, მოგვიყევით თქვენი სწავლის შესახებ. მკითხეს ასევე, თქვენი აზრით, რა არის საქართველოს განათლების სისტემის შავი ჭირიო. ჩემი თვალსაზრისით რაც იყო, გულწრფელად ვუპასუხე; ეს არ იყო ცოდნის შემოწმება, ასე მოწმდებოდა მეტყველების კულტურა.

ნაყოფიერი მომეჩვენა ეს გასაუბრება, თუმცა აღმოჩნდა, რომ სიაში არა ვარ.

 

 

როდის ჩაგიტარდათ გასაუბრება და ტესტირებაზე როგორი შედეგი გქონდათ?

 

 

ტესტირება მე გავიარე 2012 წელს, ბარიერი მაშინ იყო 70 ქულა, მე 79 ქულა დავაგროვე. ასეთი შედეგი საქართველოს მასშტაბით კიდევ 5 ადამიანს ჰქონდა. გასაუბრების ეტაპი მერე გადაიდო და ჩაგვიტარდა ახლა – ოქტომბერში, მე 30 ოქტომბერს გავიარე გასაუბრება თბილისში. სამ თვეზე მეტი გავიდა…

 

 

გუშინ ბრძანებით 2012 წელს სერტიფიცირებული დირექტორები გამოაცხადეს, 2013 წელს სერტიფიცირებულები ცალკე ბრძანებით გამოაქვეყნეს. მე ვვარაუდობ, რომ რაღაც ხარვეზია, თუმცა როცა გარკვევა ვცადე, მითხრეს სასამართლოში მეჩივლა. ამას არ ვაპირებ, რადგან აბსურდია.

პროკურატურის განმარტება გაუპატიურების მცდელობაზე

 
პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომლის, ეკა ჩიჩუას განმარტებით,  უწყებაში საჩივარი შევიდა, თუმცა მოკვლევის ეტაპზე გარემოს დაცვის თანამშრომლის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ნიშნები არ გამოკვეთილა, ამიტომაც, საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. 
 
 
 
 

ახალი ცხელი ხაზი სასწრაფო სამედიცინო სამსახურში

 

 

მიმდინარე წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის სპეციალური, ბავშვთა რეანომობილის შეძენა იგეგმება, რომელიც  ერთ თვემდე ჩვილების ტრანსპორტირებისათვის საჭირო ტექნიკით იქნება აღჭურვილი.

 

 

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დახმარების პროგრამისთვის წელს 727 440 ლარია გათვალისწინებული.

 

 

გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

 

 

„არანაირი კორპორატიული საღამო არ ყოფილა. როგორც ამას ამბობენ. იანვრის დასაწყისში შემოვიდა თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი,  ამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ არაფერს არ ვმალავთ, ჩვენ იმ დღესვე ეს ინფორმაცია გადავუგზავნეთ შესაბამის სამსახურებს“.

 

 

როგორც ვახტანგ წულაძე აცხადებს,   საჯარო მოხელემ, რომლის წინააღმდეგაც შევიდა ახსნა-განმარტებითი ბარათი, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

 

დისკვალიფიცირებულები და „შავ სიაში“ მოხვედრილები

 

გასული წლის აგვისტოში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს „ოლდ ბათუმის“ სახელით საჩივარი მიიღო. კომპანია სააგენტოსგან „კანონმდებლობასთან შეუსაბამო გადაწყვეტილების“ გაუქმებას ითხოვდა. დავის მიზეზი 33 თეთრი გახდა.

 

სასაზღვრო პოლიციის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ვაჭრობისას „ოლდ ბათუმმა“ სამუშაოს შესრულებისთვის საბოლოო თანხად 31 200 ლარი დაასახელა და შემსყიდველთან შეთანხმებასაც მიაღწია. ხარჯთაღრიცხვაში კი, როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, „ტექნიკური შეცდომის გამო“ 33 თეთრით მეტი გაწერა. იმის გათვალისწინებით, რომ „დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა აღემატებოდა ელექტრონული ვაჭრობის დროს დაფიქსირებულ ფასს“, შემსყიდველმა კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა, მასთან დადებული შეთანხმება კი გააუქმა და იმავე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შპს „რემარტს“ შეუთანხმდა.

 

„ოლდ ბათუმის“ კომპანიის წარმომადგენელმა ჯამბულ დავითაძემ სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭოს დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში თანხის 33 თეთრით გაზრდა ტექნიკური ხარვეზის მიზეზით ახსნა და დისკვალიფიკაციის შესახებ შემსყიდველის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

 

„ჩვენ მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომელთა დაზუსტებაც გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას და მოახდენს გავლენას წინადადების ფასზე. ამიტომ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ჩვენ მიერ ვაჭრობის დროს შეთავაზებულ თანხაზე“.

 

 

სააგენტოს დავების განხილვის საბჭომ საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა.

 

„დაზუსტებისას ფასის გაზრდა დაუშვებელია. საბჭოს მიაჩნია, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა კომპანიის დისკვალიფიკაცია“, _ ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილების ტექსტში.

 

სააგენტოში შესული დავების შესახებ არსებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ტექნიკური დეტალების დაზუსტება და მცირე შეუსაბამობა ხარჯთაღრიცხვის ცხრილებში კომპანიისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭების მიზეზი ხშირად გამხდარა. დისკვალიფიკაცია ყოველთვის ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვას არ გულისხმობს. თუმცა ეს კომპანიას, რომელიც, ძირითადად, სახელმწიფო შეკვეთებზე მუშაობს, სერიოზულად აზარალებს. გარდა ამისა, დისკვალიფიცირებული კომპანიები სახელმწიფო სტრუქტურებში კარგი რეპუტაციით ვერ სარგებლობენ. შესაბამისად, იგივე დამფუძნებლები ახალ კომპანიას აფუძნებენ და საქმიანობას ახალი დასახელებით აგრძელებენ. ასეთ ხერხს დამფუძნებლები კომპანიის შავ სიაში მოხვედრის შემთხვევაშიც მიმართავენ.

 

ამის მაგალითია „გრინ სერვისის“ შემთხვევა _ როცა მათ პრობლემები შეექმნათ, დააფუძნეს ახალი კომპანია „გრინ სერვისი+“. ასეთ შემთხვევებზე სააგენტოს აქვს პასუხი, რომ კომპანია, რომელიც აკეთებს ახალ რეგისტრაციას, ის კარგავს გამოცდილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტენდერში მონაწილეობისას“, _ ამბობს გიორგი ჭანტურია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თანამშრომელი. ეს ორგანიზაცია უკვე მეორე წელია სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერებს უწევს მონიტორინგს.

 

სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებული ტენდერების უარყოფითი შედეგებით დასრულების ტენდენციაზე „ბათუმელები“ ცოტა ხნის წინათაც წერდა. აქვს თუ არა ამას კავშირი ზემოთ აღნიშნულ მიზეზებთან, ამაზე არც სახელმწიფო მოხელეები და არც ტენდერებში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები არ საუბრობენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით კი ჩანს, რომ ტენდერების ჩაშლის მიზეზი ხშირად პოტენციურ მონაწილეთა პასიურობაა. კერძო კომპანიები სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ.

 

„ტენდერი არ შედგა“, _ ამ ჩანაწერს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არამარტო ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების შედეგებში ხშირად ვხვდებით.

 

კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც სახელმწიფო სტრუქტურებთან პრობლემები თუნდაც ტექნიკური ხარვეზების გამო შეექმნათ, მედიასთან საუბარს ერიდებიან. „ამ თემაზე საუბარი არ მინდა და არც ის მინდა, დაიწეროს ამაზე“, _ უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა, რომლის კომპანიასაც დისკვალიფიკაცია ტექნიკური ხარვეზის გამო მისცეს. იმავეს ამბობენ სხვებიც. ისინი პირად საუბარში პრობლემებზე საუბარს არ ერიდებიან, საუბრის დასრულების შემდეგ კი ითხოვენ, რომ მათი იდენტიფიცირება არ მოვახდინოთ.

 

ხშირია შემთხვევა, როცა გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია შეთანხმებულ მოვალეობებს თავს ვეღარ ართმევს, რის შემდეგაც სახელმწიფო სტრუქტურა იძულებულია დადებული ხელშეკრულება გააუქმოს და ახალი ტენდერი გამოაცხადოს. ამის გამო დაგეგმილი სამუშაოები დროში იწელება, აუთვისებელი თანხა კი ბიუჯეტში ნაშთის სახით რჩება. ბათუმის საკრებულოში შიშობენ, რომ ნაშთიანი ბიუჯეტის შემთხვევაში შესაძლებელია ცენტრალურმა მთავრობამ კონკრეტული პროექტების დაფინანსებაზე უარი თქვას.

 

ამჟამად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ 187 კომპანიაა რეგისტრირებული, მათგან უმეტესობის „შავ სიაში“ მოხვედრის მიზეზად „ნაკისრი ვალდებულებების არასრულად შესრულებაა“ მითითებული, დეტალები კი გამოქვეყნებული არ არის.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლის თქმით, ხშირად ჩნდება ეჭვი იმის თაობაზეც, რომ „ზოგიერთი ტენდერი კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული“.

 

„მაგალითად, მანქანების შესყიდვისას, ხშირად იმდენად დეტალურადაა მოთხოვნაში მონაცემები გაწერილი, რომ ბევრი კომპანია ტენდერში მონაწილეობას ვერ იღებს. მხოლოდ ერთი აკმაყოფილებს მოთხოვნებს სრული სიზუსტით, ის ერთი იღებს ტენდერში მონაწილეობას და იგებს“, _ ამბობს გიორგი ჭანტურია.

 

 

აჭარის ექვსი ჩემპიონი ჭადრაკში

 

გამარჯვებულები დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

 

 

ჩემპიონატი ბათუმის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში 1 თებერვლიდან მიმდინარეობდა. მასში აჭარის მასშტაბით 100 ბავშვი მონაწილეობდა. შეჯიბრება ფიდეს წესების თანახმად შვეიცარიულად და წრიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.

 

 

ღონისძიება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

გამარჯვებულები საქართველოს ჩემპიოანატისთვის იბრძოლებენ, რომელიც აპრილსა და მაისში გაიმართება.

 

2014 წელს აჭარის ჩემპიონები გახდნენ:

7 წლამდე ასაკობრიც ჯგუფში:

ანა გოგიტიძე

ანრი სურმანიძე

 

12 წლამდე ასაკობრიც ჯგუფში:

ია საფარიძე

დიმიტრი ჯიბუტი

 

16 წლამდე ასაკობრიც ჯგუფში:

ნატა ჯიბუტი

ირაკლი ახვლედიანი

როდის შეწყდება ანსამბლის წევრების აქცია

 

ანსაბლის 60 წევრი ამ მოთხოვნით ბათუმის დრამატულ თეატრთან შეიკრიბა. მათი თქმით, პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, სანამ ანსამბლის დირექტორი თანამდებობაზე თემურ ქორიძეს არ დააბრუნებს.

 

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში 75 წევრია. მათგან მხოლოდ 15 ადამიანი არ იღებს აქციაში მონაწილეობას.

ვინ მიიღებს შავ ქამარს

 

სემინარი, რომელიც აჭარის კიოკუშინკაი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა ზაალ მოისწრაფიშვილმა ჩაატარა, საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადებას ითვალისწინებდა. აღმოსავლური ბრძოლის სპორტსმენებს საკვალიფიკაციო გამოცდა დღეს ჩაუტარდებათ და მათ სხვადასხვა სირთულის ილეთების შესრულება მოუწევთ. გამოცდას ვინც გადალახავს, აჭარის კიოკუშინკაი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტ ზაალ მოისწრაფიშვილისგან შავ ქამარს ჩაიბარებს.

 

 

 ზაალ მოისწრაფიშვილის თქმით სემინარი წელიწადში ორჯერ, ზამთარში და ზაფხულში ტარდება. მისი მიზანი კი სპორტსმენის ხარისხის ამაღლებაა. სემინარს ასევე ესწრებოდნენ და ინსტრუქტორობას უწევდნენ სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები არტურ უსტიანი, ჯუმბერ კაკულია, ლევან ცინცაძე და ედნარ დიდმანიძე, ასევე კემპო-კარატე კობუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ დილანჩიევი.

 

„უკვე გვიანია იყო პესიმისტი“ – აქცია

 

 

აქტივობის   მიზანია  საზოგადოების  ყურადღების  გამახვილება  გარემოს  დაცვის საკითხებზე.

 

აქცია  გაიმართა  სახელოსნო „At  Takos” და  შ.პ.ს  სანდასუფთავებასთან  ერთად.

 

აქცია   ხორციელდება – პროექტის   ფარგლებში  „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“,  რომელსაც  ახორციელებს   საქართველოს  გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 

 

 

ნახევარი მილიონი ლარი სანდასუფთავების ქვითრებისთვის

 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით 2012 წელს მერიასა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის ხელშეკრულება 414 795 ლარზე იყო გაფორმებული. კომპანიის მონცემებით ამ თანხიდან იმავე წელს გაწეული მომსახურების ღირებულებამ 206 496 ლარი შეადგინა.  159 820 ლარის ღირებულების ანალოგიურ მომსახურებაზე კი მერიასა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის  ხელშეკრულება გასული წლის ივლისში დაიდო. ხელშეკრულებას ხელი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ირაკლი ვახტანგიძემ მოაწერეს.

 

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ერთიანი ქვითრების ბეჭდვის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით იგი ბოლო სამი წელია  თანამშრომლობს ძირითადად, „თბილსერვის ჯგუფთან“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-თან. ამასთან, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბათუმის მერიაში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული აქვს, რომ ზემოთ აღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება, კონტრაქტის პირობების თანახმად, კონფიდენციალურია.

 

 

ბათუმის მერიას  წელს სანდასუფთავების ქვითრების დაბეჭდვა-დარიგებასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულება შპს “ბათუმის წყალთან” აქვს გაფორმებული 240 000 ლარზე. მოსახლეობა სანდასუფთავებისა და წყლის გადასხადის გაერთიანებულ ქვითარს მიიღებს.

 

 

 

პრემიერ-მინისტრი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა

 

შეხვედრაზე განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის აქტუალური თემები, მიმდინარე რეფორმები, სამომავლო გეგმები.
აჭარის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. ინფორმაციას და  შეხვედრის ამსახველ კადრებს  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

 

აქციის ფარგლებში სამედიცინო გასინჯვა ჩაუტარდება 300–მდე სკოლის მოსწავლეს. მოზარდები შემოწმდებიან ხერხემლის დაავადებებზე და ბრტყელტერფიანობაზე. დაავადების გამოვლენის შემთხვეში მიეცემათ რეკომენდაციები.

 

აქციის ინიციატორია მიხეილ სანდლერი, მხარდამჭერები აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

მიხეილ სანდლერმა მსგავსი სახის აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2013 წლის 22 დეკემბერს ჩაატარა შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის” ბაზაზე.

 

ევროკავშირის ფილმების ფესტივალი იწყება

 

დღესვე 18:00 საათზე ნაჩვენები იქნება შტეფან ტოლცის ფილმი „სრული სვლით დასავლეთისკენ – საქართველო მომავლის ძიებაში“.

 

ევროკავშირის კინოფესტივალი 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალზე ის ფილმები იქნება წარმოდგენილი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეარჩია. ჯამში სულ 24 ფილმი იქნება ნაჩვენები.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო გამოფენაზე

 

„გამოფენაში მონაწილეობის მიზანი აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და რეგიონით დაინტერესებულ ახალ ტურისტულ კომპანიებთან კავშირების დამყარებაა,“ – ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

საერთაშორისო გამოფენა “BALTTOUR-2014” ბალტიისპირეთის მთავარ ტურისტულ ფორუმად არის აღიარებული. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში, აქართველოში ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტთა რაოდენობა განსაკუთრებითაა გაზრდილი.

დისკუსია: „რელიგიური კონფესიების დაფინანსება და არსებული გამოწვევები“

 

დისკუსიაში მონაწილეობას   არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მედია და ადგილობრივი საზოგადოების წევრები მიიღებენ.  დისკუსიის მომხსენებელი სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი  იქნება.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, წელს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ისლამური და იუდევური თემები, ასევე კათოლიკური ეკლესია საქართველოში 4,5 მილიონ ლარს მიიღებენ საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის „ნაწილობრივ ანაზღაურების“ მიზნით. აღნიშნული ინფორმაციით, ეს თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას ერთჯერადი სახე ექნება. თუმცა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო განიხილავს დაფინანსების გრძელვადიან პერსპექტივებსაც.

 

განცხადება  ოთხი რელიგიური კონფესიისთვის დაფინასების გამოყოფის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 იანვარს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი განმარტებით, ოთხი რელიგიური კონფესია დაფინანსებას კომპენსაციის სახით მიიღებს, იმ დევნის გამო, რომელიც მათ საბჭოთა პერიოდში განიცადეს. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული თანაბარი დაფინანსება ყველა რელიგიური კონფესიის მიმართ ერთნაირი პატივისცემის დასტურია.

 

როცა მამა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დახვრიტეს – რეჯებ ნიჟარაძის ისტორია

„ერთი წლის ვიყავი, როცა მამაჩემი სამი კაცის ხელწერით სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. დედაჩემი სამი მცირეწლოვანი ბავშვით დარჩა. არ ვიცი, როგორ გადავურჩით გადასახლებას… შეიძლება იმიტომ, რომ წვრილშვილის გამო ის ვერ ახერხებდა საზოგადოებაში ხშირად გამოჩენას. ვფიქრობ, თვალში გამორჩათ. ხოზრევანიძის, ლორთქიფანიძის ქალები იყვნენ, რომლებიც ხშირად მართავდნენ შეხვედრებს და ისინი 10-11 წლით გადაასახლეს. ბევრი მათგანი ცოცხალი ვერ დაბრუნდა.

მამის დახვრეტის შემდეგ ჩვენს ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს. წაგვართვეს კერძო სახლი კიროვის ქუჩაზე და ყველა ნივთი, რაც გაგვაჩნდა. ერთადერთი, რისი გადანახვაც დედაჩემმა მოასწრო, ოვალური, სადაფებით გაწყობილი მაგიდა იყო, რომელიც შემდეგ მუზეუმს გადავეცით. მამაჩემს ნოე ჟორდანიას მიერ ნაჩუქარი ფრანგული კალმები ჰქონდა ოქროს საკალმეებით, ისიც წაიღეს, ასევე წაიღეს ძვირფასი ბეჭდური გამოცემები და ცოტა ოქროც. ერთადერთი, რის დაბრუნებასაც მამაჩემის გამართლების შემდეგ ვცდილობდით, წიგნები და ჟორდანიას მიერ ნაჩუქარი კალმები იყო, თუმცა მათ კვალს ვეღარ მივაგენით.

დედაჩემს, როგორც მავნებლის ცოლს, სურსათის ტალონები არ მისცეს. სოფელში პატარა ყანა გვქონდა და იქედან ჩამოგვქონდა ბოსტნეული. მართალია, ისიც ჩამორთმეული გვქონდა, მაგრამ მეზობლები გვაძლევდნენ დამუშავების უფლებას. ჩამოგვქონდა თხილი და მოგვყავდა ბრინჯიც. ასე გაგვქონდა თავი.

დავრჩით საზოგადოებისგან გარიყულები. ნათესავებმაც შეწყვიტეს ჩვენთან ურთიერთობა. მამაჩემის სახელის ხსენებაც კი აკრძალული მქონდა. კლასში ერთ რიგში გამოცალკევებული ვისხედით „ტროცკისტების“, “მავნებლების“, „სამშობლოს მოღალატეების“ და „ხალხის მტრის“ შვილები. მასწავლებლები ყურადღებას არ გვაქცევდნენ, გაკვეთილებს არ გვეკითხებოდნენ, ჩვენ კი ხელის აწევას ვერ ვბედავდით. ერთხელ, მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი, პიონერხელმძღვანელი შემოვიდა და გვითხრა: „ვისაც მამა ჯარში ჰყავს დაკარგული, მათთვის მაისურებს და კალოშებს ვარიგებთო“. მაისურებზე გული არ მიმსვლია, ჩემი და-ძმების ნაქონიც მქონდა, მაგრამ კალოში ძალიან მინდოდა, რადგან სკოლაში ჩემს ძმას მხრებზე მოკიდული დავყავდი. ხელი მეც ავწიე.

მეორე დღეს დირექტორთან დამიძახეს. პიონერხელმძღვანელი მიუბრუნდა მასწავლებლებს და უთხრა, ეს არის მატყუარა, არაადამიანი, ცრუ, რადგან მოგვატყუაო. ჩამომხსნეს ყელსახვევიც. ეს ჩემთვის მაშინ დიდი ტრაგედია იყო, ოთხი საათი გაუჩერებელი ვტიროდი. შემდეგ დედა მივიდა დირექტორთან და დაემუქრა. ციხეში წავალ და შვილის დაჩაგვრას არ შეგარჩენო. ცოტა ხნის შემდეგ სკოლაში საღამო გამართეს. მე კარგად ვსწავლობდი და ბევრი ლექსი მომაყოლეს, შემდეგ მითხრეს, ბოდიშს თუ მოიხდი, გაპატიებთო. ბოდიში არ მოვიხადე, მაგრამ ყელსახვევი მაინც დამიბრუნეს.

მთელი ცხოვრება ყველგან უკან დახეული ვიყავი. მამა გაამართლეს, მაგრამ სხვა რომ გაიხარებდა, ისე მაინც ვერ ვხარობდით, წარსული ტკივილი დღემდე მომყვება.

მამაჩემს, რეჯებ ნიჟარაძეს, დიდი თანამდებობა ეკავა. იყო ძალიან განათლებული კაცი. იუსტიციის პირველი მინისტრი, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი, ანუ ხმოსანი იყო. ასევე, პირველი მოსამართლე და კონსტიტუციის შემდგენელი. მეგობრობდა ექვთიმე თაყაიშვილთან და ნოე ჟორდანიასთან. ასეთი მამა წამართვეს. არაფერი დამიტოვეს მისი. ფეხსაცმელი, წინდა ან ქუდიც კი არ მაქვს მამის სახსოვარი. ახლა გვეუბნებიან, როგორც რეპრესირებულს, 400 ლარი გეკუთვნით კომპენსაციაო. ეს ფული შემიცვლის მე მამის დანაკლისს და იმ წლებს?

მამას ჩვენამდე სხვა ოჯახი ჰყავდა. ოდესის საიმპერატორო უნივერსიტეტში სწავლის დროს გერმანელი ქალი გაიცნო და მასზე დაქორწინდა. ორი შვილი შეეძინათ. ქალიშვილი სორბონაში გაგზავნა სასწავლებლად, სადაც დიფტერია დაემართა და ერთ ღამეში გარდაიცვალა. დიდხანს ვერ ეუბნებოდნენ მამაჩემს ამ ამბავს, რადგან მამა ძალიან ნერვიულობდა, რომ მათ ხმას ვერ აწვდენდა. როგორც მახსოვს, ერთი წლის შემდეგ გაიგო ეს ამბავი. მისი ცოლი კი ციურიხში იყო, რადგან ბიჭი იქ სწავლობდა. იმ ქალის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ ახალი ოჯახი შექმნა დედასთან და სამი შვილი გავუჩნდით.

11 წლის ვიყავი, როცა ჩემი ნახევარძმა საქართველოში ჩამოვიდა. ძალიან განათლებული ადამიანი იყო. მასაც სდევნიდნენ, გერმანელი დედა ჰყავსო. ერთხელ გერმანიიდან მეგობარმა წერილი გამოუგზავნა, მართალია ზავი დაიდო, მაგრამ გერმანიის იმედი არ მაქვს და ალბათ ომი მაინც დაიწყებაო, წერდა. წერილი ტუალეტში ჩაუგდია, თუმცა  წერილი იქედანაც ამოუღიათ და ჩეკაში წაუღიათ. ათი წელი მიუსაჯეს ამ წერილის გამო, რუსთავის კოლონიაში იხდიდა სასჯელს. თუმცა ისეთი პროფესიონალი იყო, კოლონიაში კონიაკის, საპნის, ასანთის ცეხი გახსნა და იქედან გვეხმარებოდა ჩვენ. ასე გაგვქონდა თავი. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, რომ საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია.

საშინელი დამოკიდებულება მაქვს იმ პერიოდთან, ეს უდიდესი ბოროტება იყო. ჩემი მეზობელი იცით რატომ დააპატიმრეს?! სამსახურში მივიდა და რემონტი დახვდა. ეს რა ხარახურები დაგიყრიათ კაბინეტშიო, უთქვამს. როცა  რაღაც მასალები აიღეს, ნივთებში სტალინის სურათიც აღმოჩნდა. სტალინის სურათს ხარახურა როგორ უწოდეო უთქვამთ და დაუპატიმრებიათ. ეს სტალინის და ბერიას პოლიტიკის შედეგი იყო.

 

ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა

 

 
ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფი და ერთი ერთეული ტექნიკა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია მალე მოხდება. ის, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, მოგვიანებით გაირკვევა.
 
 

„ეკლესია უნდა იყოს შემწყნარებელი“

 

 

თამარ ბაუჟაძე, მომხსენებელი:  დავიწყებ იმით, რომ საზოგადოებრივი ზეწოლის კიდევ ერთი მაგალითია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე გამოხმაურება, სადაც სხვა თემებთან ერთად ასევე საუბარია ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებზე, რასაც მოჰყვა  საზოგადოების მხრიდან მწვავე განცხადებები, რომლის შემდგომაც საპატრიარქოს მხრიდან მოხდა ამ განცხადების განმარტება.

 

საშობაო ეპისტოლემ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგი ქალთა უფლებების დაკნინებამ აღაშფოთა, ზოგი სუროგაციის მიმართ დამოკიდებულებამ, ზოგიც განაყოფიერების საკითხის არასწორად ფორმულირებულმა შეხედულებებმა.

 

 თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეკლესიას ჰქონდა უფლება გამოეხატა თავისი შეხედულებები, ეს იქნება სწორი ფორმულირება, ვიაიდან ის არის და ყოველთვის იქნება კონსერვატიული ძალა, მას ყოველთვის ექნება პრეტენზიები ინვინტროგანაყოფიერებაზე, სექსუალურ უმცირესობებზე და უნდა გავიგოთ, რომ ასეთი ძალები ყველა თანამედროვე საზოგადოებაში არსებობს და ეს უნდა მივიღოთ, მივიღოთ როგორც პოზიცია.

 

ჩვენ უნდა ვთქვათ და დავარქვათ ამ ყველაფერს თავისი სახელი – ეს არის დომინანტი ძალა, რომელსაც ჰყავს თავისი მრევლი, და კიდევ მეორე საკითხი, რომელიც მე მაწუხებს, ეს არის ის, რომ სააპატრიარქო და საზოგადოებრივი ძალები თავიანთ ენერგიას ხარჯავენ მეასეხარისხოვან პრობლემებზე და დღის წესრიგში არ აყენებენ იმ სერიოზულ და მძიმე გამოწვევებს, რომელიც დგას ჩვენს  წინაშე მაგალითად ისეთი დიდი პრობლემა, როგორიცაა განათლების პრობლემა, როგორიცაა სოციალურად გაჭირვებული ადამიანებს სისტემური დახმარება, ან სამეცნიერო კვლევითი სფეროს დაფინანსების არარსებობა.  

 

ნინო ჩხაიძე, ორგანიზაციაარტ ვეი“: პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ,   სუროგაცია რატომ  არ არის ჩვენთვის მისაღები. იმიტომ, რომ პატრიარქმა თქვა ეს?! მე მიმაჩნია, რომ სუროგაცია დასაშვებია და პატრიარქის ეპისტოლეში ნათქვამი სიტყვა არის წმინდა მართლმადიდებლური პრინციპებიდან გამოსული. აქედან გამომდინარე, როგორც მართლმადიდებელს გამიკვირდა, მაგრამ როგორც მოქალაქე, რამდენად მივიღებ ამ აზრს, ეს ჩემი გადასაწყვეტია. 

 

 

გოჩა სურგულაძე, სტუდენტი:  პატრიარქი შეუცდომელია?! სახელმწიფო აფინანსებს საპატრიარქოს და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, გამართოს აქცია საპატრიარქოს წინ. როცა ჩემი, მოქალაქის ჯიბიდან ფინანსდება რაღაც, ამ შემთხვევაში საპატრიარქო, მე პროტესტის უფლება მაქვს.

 

 

ოთარ ქათამაძე, რეჟისორი: ეკლესია არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, მეცნიერებაში და არ უნდა მართავდეს საზოგადოებას. ვფიქრობ, ეკლესიას უნდა ჰქონდეს ფუნქცია, რომ მან შემწყნარებლური როლი ითამაშოს ყოველ კონფლიქტში. მაშინ, როდესაც დაარბიეს აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ, ეკლესიამ დაინახა ძალიან კარგად რა შეუძლია მას, რამდენად დიდი ძალა გააჩნია. დღეს ჩვენს ქვეყანაში ეკლესიას უჭირავს ერთ-ერთი მთავარი ადგილი, მას ჰყავს მრევლი, მრევლს შეაქვს ეკლესიაში უამრავი თანხა, სახელმწიფოც არ იშურებს თანხებს.

 

 

მირიან ცეცხლაძე, დისკუსიის მონაწილე: უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებლობა და შემდეგ სხვა.

 

 

ოთარ ქათამაძე: კი ბატონო, იყოს მართლმადიდებლობა და შემდეგ სხვა.  აი,  ასეთი დამოკიდებულებაც არ არის სწორი. აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი ყველა რელიგიას. მე ცოტა მეშინია, ხვალ არ ჩამოყალიბდეს ჩვენს ქვეყანაში რელიგიური მთავრობა და თქვენ თვითონვე არ შეწუხდეთ იმის გამო, რომ ქალი დადიოდეს აუცილებლად გრძელი კაბით, თუმცაღა მას არ უნდა, რომ ჩაიცვას გრძელი კაბა და აუცილებელია, რომ იარო ეკლესიაში და აუცილებელია, რომ  მეტწილად, მე ყველას არ ვეხები, გაუნათლებელ მოძღვარს უსმინო საკურთხევლიდან. მე ერთი რაღაც მინდა გითხრათ, ჩვენთან დიდი პრობლემაა განათლების და   უპირველეს ყოვლისა, ეს განათლება არ შესულა ეკლესიაში. ეკლესია გასცემდა ყოველთვის განათლებას, ოდითგანვე ასე იყო საქართველოში, ეკლესია იყო კერა, სადაც ადამიანები სწავლობდნენ ფილოსოფიას  და ეუფლებოდნენ ათასგვარ რამეს. ახლა აღმოჩნდა, რომ ეკლესია ყველაზე გაუნათლებელია. მე ყველას არ ვეხები, კიდევ ერთხელ ვამბობ. მამა გაბრიელის მსგავსი ბერები, ალბათ, კიდევ  იქნებიან ჩვენს ქვეყანაში,  მათზე იქნება დამყარებული ჩვენი რელიგია, მაგრამ მეც მართლმადიდებელი ვარ და აქედან გამომდინარე გეუბნებით, ეს ჩემი პოზიციაა. ბიზნესად იქცა ეკლესია უკვე.

 

 

მირიან ცეცხლაძე: რას გულისხმობთ ბიზნესად გადაქცევაში?

 

 

ოთარ ქათამაძე: არის უამრავი მაგალითი ამის.

 

 

მირიან ცეცხლაძე: სანთელს რომ იყიდის და ფულს რომ  გადაიხდის ადამიანი, ეს ბიზნესია?

 

 

ოთარ ქათამაძე: შესაწირიც ბიზნესია და ეკლესიების აშენება კორპუსებში, ესეც ბიზნესია. მაგალითად მოვიყვან შემთხვევას, აღმაშენებლის ქუჩაზე შედიხარ ერთ-ერთ ეზოში და ხვდები სამონასტრო კომპლექსში. ჩემი აზრით საპატრიარქოში დიდი ბრძოლაა შიგნით, აი, ამ ინტერესების. არის ადამიანების, სასულიერო პირების, ეპისკოპოსების კატეგორია, რომლებიც იცავენ რელიგიას, მოქმედებენ სახარებისა და ბიბლიის გზით. მეორე მხარეს არიან სასულიერო პირები, რომლებიც იხვეჭენ  ძალაუფლებას და მიდის ამავდროულად ნადირობა მრევლზე. დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რატომ მოვდივართ წინააღმდეგობაში?! მეცნიერება ვითარდება, უკვე არ შეუძლია ეკლესიას მეცნიერებას ხელი შეუშალოს, ის ვითარდება იმიტომ, რომ კაცობრიობა წინ მიდის. ეკლესიამ უნდა მოძებნოს ამ განვითარებაში თავისი როლი და ის უნდა იყოს შემწყნარებელი, არა – წამქეზებელი საზოგადოებაში. რატომ მეუბნება მე მღვდელი, თუ პატრიარქზე იტყვი ცუდს, მოკვდებიო?! პატრიარქის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ დღეს პატრიარქი, სამწუხაროდ, ვეღარ იღებს გადაწყვეტილებებს. ძალიან გთხოვთ, სხვანაირად შეხედოთ ამ ყველაფერს და ეკლესიას ნუ ვაძლევთ ყველაფრის უფლებას, მათ უნდა ითამაშონ მარტო ერთი როლი, შემწყნარებლობა და სხვა არაფერი.

 

 

ასლან ჭანიძე, დისკუსიის მოდერატორი: პატრიარქი არ არის ღმერთი, პატრიარქი არის ადამიანი, ამ შემთხვევაში საქართველოში მრევლის სულიერი მამა. მის საქმიანობას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როდესაც მეტყვიან, რომ სტალინი ცუდი კაცი არ იყო, მე ამას ვერ მივიღებ და ამას ყოველთვის გავაკრიტიკებ. ამიტომ მე მაქვს სრული უფლება საჯარო საკითხებში გავაკრიტიკო პატრიარქი, მაგრამ ეკლესიაში როგორ იღებენ გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ამის უფლება არ მაქვს და არც მივცემ საკუთარ თავს ამ უფლებას. ბავშვს რომ გააჩენ და ამაში ფულს აიღებ, მე ვთვლი, რომ ეს უკანონო მოქმედებაა, მაგრამ ბავშვმა რა დააშავა?! ამიტომ ამას უფრო სამართლებრივ შეფასებას უფრო მივცემ, ვიდრე მორალურს. როდესაც საზოგადოებაში რაღაც კითხვა ჩნდება, გინდ პროტესტი, სამწუხაროდ რეაქცია ეკლესიისგან და საპატრიარქოსგან  არის დაგვიანებული. როდესაც მღვდელი გამოვა და იტყვის, რომ ქართველი მუსლიმანები ქართველები არ არიანო და ამაზე საპატრიარქოს რეაქცია არ ექნება, ეს ჩემთვის გაუგებარია. მე არ მომწონს ყველა ადგილას ჯვარს რომ დგამენ და არც ის მომწონს, როცა მუსლიმები  მივიდნენ სადღაც, ილოცეს და აქ ააშენეთ მეჩეთიო.

 

 

აკაკი გვიანიძე, დისკუსიის მონაწილე: ნუ დავიწყებთ იმაზე დავას, რომ ადამიანი არ შეიძლება იყოს შეუცდომელი. რაც შეეხება კონკრეტულ თემას, კი, რა თქმა უნდა პატრიარქიც შეიძლება შეცდეს ისევე, როგორც ყველა ადამიანი და ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება პატრიარქის ეპისტოლეს, ეკლესია არ უნდა განვიხილოთ როგორც რაღაც ორგანიზაცია, სადაც შესვლაც და გამოსვლაც არის თავისუფალი. ჩემი აზრით, სუროგაცია არის ძალიან ცუდი მეთოდი იმისა, რომ შვილი შეიძინოს ოჯახმა. სუროგაცია ეს არის ადამიანით ვაჭრობა. რატომ არ ირღვევა აქ ქალის უფლებები, როცა ის თავის მუცელს აქირავებს, რომ ბავშვი ჩასახოს. საქართველოში არის ადამიანი, რომელიც სუროგაციის საკითხს კურირებს, რომ ამით მილიონები იშოვოს.

 

 

ქეთი ფოტოვა, დისკუსიის მონაწილე: მე ვფიქრობ, რომ ქართველი საზოგადოება უნდა შეთანხმდეს იმაზე, მოსწონს თუ არა ასეთი მდგომარეობა, იმიტომ, რომ საქართველოში სეკულარიზმზე ჯერ კიდევ ვსაუბრობთ. მეორე საკითხია ის, რომ ქართველ საზოგადოებას მოსწონს, როდესაც პატრიარქი მოუწოდებს ასეთ საკითხებზე. ზოგადად ნებისმიერი ორგანიზაციის განცხადებები არ უნდა აღიქმებოდეს რაღაც ტიპის დაპირისპირებად, თუმცა როცა საუბარი ეხება ისეთ ორგანიზაციას, როგორიც არის ეკლესია და რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს მოქალაქეებზე, მე ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში უფრო რაციონალურად უნდა მოხდეს გაანალიზება. ჩემი პოზიცია არის ასეთი, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი

 

 მისი მუშაობის მიზანია, აამაღლოს მოსწავლეთა წიგნიერების დონე, გაზარდოს მათი ინტერესის სფერო, შეაყვაროს ლიტერატურა, დაახლოვოს წიგნთან და განუვითაროს თითოეულ მათგანს კრიტიკული აზროვნება. ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ ხელმძღვანელია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია მენაბდე, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფში შედიან X კლასის მოსწავლეები: ენრი კეჟერაძე, ლუკა გოცირიძე, დათო ბაკურიძე.

 

კლუბში გაერთიანებული არიან საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები. მათ შექმნეს კლუბის ბლოგი და ფორუმი, სადაც აქვეყნებენ თავიანთ ნააზრევს ამა თუ იმ წიგნზე, ნაწარმოებზე. ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ შეხვედრები იქნება ინტენსიური, მოიწვევენ ცნობილ მწერლებსა, კრიტიკოსებსა და ლიტერატორებს, მათთან ერთად განიხილავენ სხვადასხვა მწერლის შემოქმედებას. კლუბში ასევე დაგეგმილია საინტერესო ფილმების ჩვენება. 

უფასო პირადობის მოწმობები

 

 

აქციის ფარგლებში მოხდება სკოლის მოსწავლეების განცხადებების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება, მათი იდენტიფიკაცია, ფოტოსურათების გადაღება და ელექტრონული ხელმოწერის ჩაბარება. მის: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. # 7

C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და სქრინინგის პროგრამა

 

აღნიშნული პროგრამა დაავადების ადრეულ გამოვლენასა და C ჰეპატიტის გავრცელების სტატისტიკის დადგენას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში მოხდება ბენეფიციართა სქრინინგი და დიაგნოსტიკური კვლევა: ალტ, ასტ , ანტი-HCV ანტისხეულების, თვისობრივი PCR-სა და გენოტიპის განსაზღვრა, რომლითაც დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება ხდება. ამის შემდეგ ბენეფიციარს შეეძლება ჩაერთოს C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში.

 

პროგრამის ბიუჯეტი 135 700 ლარს შეადგენს და 2000 ბენეფიციარის დიაგნოსტიკურ კვლევას ითვალისწინებს.

შიდსის ცენტრისა და სხვადასხვა კვლევების მიხედვით, საქართველოში სავარაუდოდ 200 000 ადამიანია დაავადებული. 

ამერიკის ყოველწლიური საგრანტო კონკურსი

 

 

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კოორდინატორებმა სოფიო გეგეჭკორმა და ნინო გაგუამ ადგილობრივ ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს ყოველწლიური საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები გააცნო.


მათი განმარტებით 2014 წელს ის პროექტები დაფინანსდება, რომლებიც მომზადებული იქნება ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით. ესენია: სამოქალაქო ჩართულობა, ახალგაზრდების ჩართულობა, გარემოს დაცვა და მასმედიის განვითარება. თითოეულ პროგრამაზე მაქსიმამალური თანხა 24 ათასი დოლარია განსაზღვრული.


პროგრამის კოორდინატორის სოფიო გეგეჭკორის თქმით, გარემოს დაცვის პრიორიტეტი წელს დაემატა და ის გარემოს დაცვით ღონისძიებებზე მუშაობას ითვალისწინებს.


დაფინანსების მოპოვება მხოლოდ არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ. ისინი გრანტის მოპოვების ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ – უნდა იყვნენ ისაქართველოში დარეგისტრირებული და პასუხობდნენ ერთ-ერთ პრიორიტეტს.


სიფიო გეგეჭკორის ინფორმაციით, კონკურსისთვის საქართველოს მასშტაბით გამოყოფილია 450 ათასი დოლარი და ამ თანხით სავარაუდოდ 25 პროექტი დაფინანსდება. პროექტის ხანგრძლივობა სამი თვიდან ერთ წლამდეა.


ორგანიზაციებმა მომზადებული პროექტი 2014 წლის 28 თებერვლის 18:00 საათამდე უნდა გააგზავნონ ფოსტით ან ჩააბარონ ამერიკის საელჩოს მისაღებში, მისამართზე: თბილისი, აშშ-ს საელჩო, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ჯორჯ ბალანჩინის ქ. #11.

 

ქობულეთში გზის ჩაკეტვას აპროტესტებენ

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის  ინფორმაციით კი სოფელში მისასვლელად რამდენიმე შემოვლითი გზაა. რაც შეეხება ახალ გზას, დაწყებულია სამუშაოები და პროექტის დეტალების დასაზუსტებლად თბილისიდან ხვალ სპეციალისტებიც ჩამოვლენ.

 

 

ზურაბ სიხარულიძის თქმით, სოფლის გზა გაკეთდება ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ავტობანის ფუნქციონირებას და გათვალისწინებული იყოს მოძრაობის უსაფრთხოებაც. სოფელში მისასვლელი გზის ზუსტი მარშრუტი უახლოეს დღეებში საბოლოოდ დადგინდება, თუმცა ის შესაძლოა თავდაპირველ გზასთან შედარებით დაახლოებით 2 კილომეტრით დაგრძელდეს.

 

  

“მეგობრული გზები”

 

პროექტი ვებპორტალის შექმნას ითვალისწინებს, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები,  ნომერზე – 9115 მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნიან ინფორმაციას (ტექსტი, ფოტო ან ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (ადგილი, სადაც ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, გამოსაწორებელია გზა და ინფრასტრუქტურა).

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ხილოთ ამ ბმულზე .

 

ფონდი წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად

 

 

ნათია ვასაძე ბათუმის უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიას სწავლობს. ნათიას სწავლის საფასურით ფონდი გასულ წელს დაეხმარა: „მაღალმთიანი აჭარიდან ვარ, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. ჩემს მშობლებს სესხის გამოტანა დასჭირდათ იმისთვის, რომ მესწავლა. მესამე კურსზე სწავლის საფასურის სრულად შეგროვება ვერ მოვახერხეთ, სესხი დაფარული არ გვქონდა, მეორედ არავინ მოგვცემდა სესხს. თითქმის გადაწურული მქონდა იმედი; ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მტკივნეული იყო, მესამეკურსელ სტუდენტს სტატუსი მიწყდებოდა. სწორედ ამ დროს გვაცნობეს ფონდის შესახებ, დახმარებისთვის მივმართე, ფონდში საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე დღეში შემატყობინეს, რომ ჩემი სწავლის დასაფინანსებლად თანხა მოიპოვეს. თამამად ვიტყვი, რომ არა ფონდი, დღეს მეოთხე კურსის სტუდენტი ვეღარ ვიქნებოდი. წელს აჭარის განათლების სამინისტრო მაფინანსებს”.

 

ფონდის ხელმძღვანელი რეზო ოკუჯავა ამბობს, რომ გაწეული დახმარების მიუხედავად, მდგომარეობა გაცილებით სავალალოა და საზოგადოების უფრო მეტ გულისხმიერებას საჭიროებს: „ფონდის საქმიანობაში საკუთარი წვლილის შეტანით ახალგაზრდებს ვუჭერთ მხარს; ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ფონდის ანგარიშზე გარკვეული თანხის ჩარიცხვით, ბევრ სტუდენტს დავეხმარებით. მიმართვა გავუგზავნეთ სამთავრობო, საბანკო სექტორს, მივმართეთ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, მაგრამ, ჯერჯერობით, დიდი ენთუზიაზმი არ ჩანს. მხოლოდ აჭარის განათლების სამინისტროსა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოგვეხმაურნენ. ამ ეტაპზე მათი ხელფასიდან დაახლოებით 2000-მე ლარი ჩაირიცხა ფონდში“.

 

ფონდის ერთ-ერთი შემომწირავი, მერაბ დიასამიძე უნივერსიტეტის პროფესორია, ის არამარტო შემოწირულობით ეხმარება ფონდს, არამედ ფონდის მუშაობაშიც აქტიურად მონაწილეობს: „ყოველთვიურად გარკვეული შენატანი შემაქვს ჩემი სახელფასო დანაზოგიდან. ფონდს სამუშაოები აქვს შესასრულებელი, ბანკთან ურთიერთობა, ანგარიშის წარდგენა იმ ხალხისთვის, ვინც გახდება ამ ფონდის შემომწირველი, ამ სამუშაოების შესრულებაშიც ვმონაწილეობ. ჩვენ, ბუნებრივია, ორიენტირებულები არ ვართ იმაზე, რომ მხოლოდ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გავუწიოთ დახმარება, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე, აქტიურია სოციალურად დაუცველების დახმარება, თუმცა უკვე ვმუშაობთ იმაზეც, რომ სოციალური სტატუსის არ მქონე, წარმატებული სტუდენტიც დაფინანსდეს ფონდიდან“, – აცხადებს მერაბ დიასამიძე.

 

რეზო ოკუჯავა “ბათუმელებთან” განმარტავს, რატომ გადაწყვიტა უნივერსიტეტმა ფონდის დაარსება: „სტუდენტის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა ახდენდეს უარყოფით გავლენას სწავლის შესაძლებლობაზე. უნივერსიტეტმა და საზოგადოებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს მსგავსი სტუდენტების მხარდაჭერა. საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნულ თანადგომას ორგანიზებული სახე მისცა – 2012 წლის 14 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა საერთო კრებამ გადაწყვიტა „წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდის“ შექმნა“.

 

ფონდში გაწევრიანება ნებისმიერ პირსა და ორგანიზაციას შეუძლია. ფონდის მიზანია, უნივერსიტეტის წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება, სტიპენდიებით უზრუნველყოფა და დასაქმების ხელშეწყობა. დღეისათვის ფონდს გააჩნია საკუთარი ვებგვერდი, სადაც აისახება ყველა საინტერესო ინფორმაცია, განთავსებულია ფოტო-ვიდეომასალა, ინფორმაცია ქველმოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ. დაგეგმილია ინტერნეტბანკინგით თანხის გადარიცხვის სერვისის დამატებაც, სოციალურად დაუცველი სტუდენტების და შემომწირველთა ელექტრონული რეგისტრაცია.

 

„მომავალში ფონდის საქმიანობის პრიორიტეტად, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, განისაზღვრება საზამთრო და საზაფხულო ბანაკების, პროფესიული ტრენინგების, უცხო ენების შემსწავლელი ჯგუფების ორგანიზება, საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამების მოძიება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის. მიხარია, რომ უნივერსიტეტში ბევრი პროფესორი, ყოველგვარი აფიშირების გარეშე, ეხმარება საკუთარ სტუდენტს. ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებსაც იცნობენ ქალაქის ლომბარდებში – ისინი ოჯახების საგვარეულო განძებსაც კი აბარებენ იქ მეგობრებისთვის; ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებიც მზად არიან საკუთარი სისხლი ჩააბარონ და ამით სწავლის გადასახადი გადაუხადონ თავიანთ კურსელებს“, – ამბობს რეზო ოკუჯავა.

 

ფონდს ჰყავს სამი დამფუძნებელი და გამგეობის ხუთი წევრი, აქედან ორი სტუდენტია. გამგეობის სხდომებზე განიხილება ყველა შემოსული განცხადება. ფინანსურ ოპერაციებს უნივერსიტეტის ფინანსების მეოთხე კურსის სტუდენტი ომარ ტაკიძე ხელმძღვანელობს.
2013 წელს „წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფონდმა“ სულ 77 სტუდენტი დააფინანსა – 30627.50 ლარით.
დაფინანსებული სტუდენტები სოციალური კატეგორიების მიხედვით:

 

1. სოციალურად დაუცველი, 22 სტუდენტი – 9195 ლარი;

 

2. ობოლი, 21 სტუდენტი – 9007.50 ლარი;

 

3. დევნილი, 3 სტუდენტი – 1065 ლარი;

 

4. შეზღუდული შესაძლებლობების, 3 სტუდენტი – 1575 ლარი;

 

5. მრავალშვილიანი ოჯახიდან, 7 სტუდენტი – 2900 ლარი;

 

6. სტუდენტები, რომელთაც დეპარტამენტმა გაუწია რეკომენდაცია, 5 სტუდენტი – 1885 ლარი;

 

7. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართული აქტიური სტუდენტები: ანსამბლ „ტბეთის“ სოლისტები, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის სოლისტი, სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის სტუდენტები, ფონდის საქმიანობაში აქტიური მონაწილეები, წარმატებული სპორტსმენები – 10 სტუდენტი – 3200 ლარი.

 

ფონდში ყოველთვიურად ბათუმის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ავთანდილ ბარათაშვილი ხულოს რაიონის მცხოვრები 6 სტუდენტისთვის 600 ლარს რიცხავს, თითოეულზე 100 ლარი თვეში, ამ დროისთვის ჩარიცხულია 1800 ლარი.

 

ერთჯერადად ფონდში 410 ლარი ჩარიცხეს სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორებმა.

 

მომავალი თაობის განათლების გულშემატკივრებს თანხის გადარიცხვა შემდეგ მისამართზე შეუძლიათ:

საბანკო რეკვიზიტები:

1. ბაზისბანკი BBBASISBANK, ბანკის კოდი: CBASGE22 ან GE38BS 000000005483604 ლარი;

2. თიბისი ბანკი TBC BANK, ბანკის კოდი: TBCBGE22 ან  GE35 TB73 17036080100007;

3. საქართველოს ბანკი BANK OF GEORGIA, ბანკის კოდი: BAGAGE22 ან GE22BG0000000308124600;

 

დირექტორის პასუხი სახელმწიფო ანსამბლის წევრებს

 

 

 

„31 იანვარს მოვედი. ქორიძე თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო და დამხვდა ვაკანტური ადგილი. სამხატვრო ხელმძღვანელად დავნიშნე გიორგი ჩაჩავა. ის არის ღირსების ორდენის კავალერი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი. რატომ შევცვალო გადაწყვეტილება, ვისაც ვენდობი, ის დავნიშნე. ხელმძღვანელობას შორის ჯანსაღი ურთიერთობაა შექმნილი. ანსამბლი კი მაშინაა წარმატებული, როცა ჯანსაღი ატმოსფეროა“- განაცხადა ახლად დანიშნულმა ანსამბლის დირექტორმა.

       

 

საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან და აჭარის კულტურის სამინისტროსთანაც მივიდნენ, თუმცა  სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით მათ შეხვედრა არავისთან არ მოუთხოვიათ.

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იურიდიულ საკითხებში ლადო მგალობლიშვილი განმარტავს, რომ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა-განთავისუფლების იურიდიული უფლება ანსამბლის დირექტორს აქვს და ეს მინისტრის, გიორგი თავამაიშვილის კონპეტენციაში არ შედის, თუმცა ოთარ მიქელაძე ანსამბლის დირექტორის თანამდებობაზე სწორედ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრომ წარადგინა, 31 დეკემბერს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  დირექტორად დაამტკიცა.

 

 

ოთარ მიქელაძე ამბობს რომ სამსახურიდან არავის გათავისუფლებას არ აპირებს:

 

„არავის არ ვუშვებ, არავის არ ვათავისუფლებ. მათ თურმე ეშინიათ და ჰგონიათ, რომ მიქელაძე გაუშვებს ყველას. პირიქით, მათში არის პოტენციალი და მინდა მათი პოტენციალი გამოვიყენო ანსამბლის წარმატებისვის“- ამბობს ოთარ მიქელაძე.

 

კითხვაზე, რატომ გახდა აუცილებელი ანსამბლის სამხატვრო ხელძღვანელის შეცვლა, ოთარ მიქელაძე პასუხობს: „თემურ ქორიძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე ის დავნიშნე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ვისაც ვენდობოდი.“

 

ავთანდილ ჭოლაძე სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი დირექტორი, რომლის დროსაც თემურ ქორიძემ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, ამბობს, რომ ქორიძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ამიტომაც დაითხოვა:

„31 დეკემბერს ქორიძეს დაუმთავრდა ხელშეკრულება და აღარ გავუგრძელე. თურქეთში გასტროლის დროს პატარა ინციდენტი მოხდა. მე მას წერილი გავუგზავნე და ვაცნობე, რომ თურქეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ ახსნა-განმარტებითი ბარათი დაეწერა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულების გაგრძელება დამოკიდებულია თქვენს ახსნა განმარტებით ბარათზე-მეთქი. მაგრამ არ მოვიდა და არ დაწერა. უფლებამოსილების გადაჭარბების საფუძველზე მას აღარ გავუგრძელე ხელშეკრულება“.

 

თუ რა ინციდენტი შეემთხვათ 2014 წლის იანვარში თურქეთში გასტროლზე მყოფ ანსამბლის წევრებს ყოფილი დირექტორი საუბრისგან თავს იკავებს.

 

თუკი ანსამბლის წევრები პარასკევამდე სარეპეტიციო დარბაზში არ დაბრუნდებიან, დირექცია სამართლებრივი ფორმების გამოყენებას მიმართავს, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას გულისხმობს. „მაგრამ  მე არ მინდა ეს ზომები გამოვიყენო“ – ამბობს ოთარ მიქელაძე და ანსამბლის წევრებს თანამშრომლობას სთავაზობს.

 

 

ტირილი მეც მახსოვს

 

 

უჩა გოდელაძის ოჯახის წევრებს არ შევხვედრივარ. მათ იმისთვის დავურეკე გორში, რომ ექსპერტიზის დასკვნა მჭირდებოდა. მეუღლე ტირილის გარეშე მელაპარაკა.

 

უჩა გოდელაძე ბათუმში დააკავეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონიერი ქურდობის ბრალდებით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა.

ის თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს, მეორე დღესვე ღუდუშაურის კლინიკაში მოხვდა. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც გარდაცვლილის მეუღლემ მაშინ მითხრა, ექვსი თაბახის ფურცელი იყო. აქედან სამ ფურცელზე დეტალურად ეწერა, რა დაზიანებები აღენიშნებოდა გარდაცვლილს, როცა საავადმყოფოში მიიყვანეს: „იყო უგონო მდგომარეობაში, თვითმხილველთა გადმოცემით, დაახლოებით 30 წუთით ადრე საავადმყოფოში მიყვანამდე საკანში ნახეს უგონო მდგომარეობაში. დიაგნოზი: ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება, თირკმლებისა და გულსისხლძარღვთა უკმარისობა, კომა, უცნობი ეტიოლოგია, თავის ტვინში მოშლილია სისხლის მიმოქცევა, სისხლჩაქცევა მოშავო ფერის კოლტებით…”

პატიმარი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ამბავი 2009 წელს მოხდა.
გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის ციხეში აწამეს. თუმცა დღემდე ამ ფაქტზე ჩატარებული გამოძიების დეტალები ოჯახისთვის არ უცნობებიათ.

თითქმის ოთხი წლის წინანდელი ამბავი ახლა იმანაც გამახსენა, რაზეც გაზეთის მეხუთე გვერდზე ვწერ; ამ ნომრის მე-5 გვერდზე გამოქვეყნებული საქმის მასალები იმ პირებს ეხება, რომლებიც პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში არიან ბრალდებულები. ადამიანები, რომლებიც მესამე საპყრობილეს ხელმძღვანელობდნენ, გამოძიების ვერსიით, პატიმრებს აწამებდნენ.

მოსამართლეებმა _ დავით მამისეიშვილმა და თამარ ბეჟანიშვილმა ისინი ანუ წამებაში ბრალდებულები გირაოს საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

როცა საქართველოს სახელით მოსამართლის მიერ გამოტანილ ამ გადაწყვეტილებას ვკითხულობდი, უჩა გოდელაძის ოჯახი გამახსენდა, სხვა გარდაცვლილი პატიმრების ოჯახის წევრებიც, ვინც ჩემი რესპონდენტი იყო. კიდევ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის ერთი პროცესი გამახსენდა. მან 23 წლის ბიჭს, რომელიც მანამდე ნასამართლევი არ ყოფილა, ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულს 11 ცალი კოვზის, ერთი ჩანგლის, ერთი დანის, ათლარიანი სუვენირისა და ტელევიზორის „პულტის“ ქურდობა ედებოდა ბრალად.

ვერ ვხვდები, მოსამართლე ადამიანის წამებაში ბრალდებულ პირს როგორ ათავისუფლებს გირაოს სანაცვლოდ და კოვზის ქურდს ციხეში როგორ ამწესებს.

მახსოვს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი. ამ პროცესზე მოსამართლე ვერა დოლიძემ სპეცოპერაციის მონაწილე ნიღბიანი მოწმეები დაკითხა. დღემდე მაინტერესებს, როგორ ირწმუნა მოსამართლემ იმ ადამიანების, რომელთა ვინაობა არ იცოდა, სახეც კი არ დაუნახია.

ასევე მახსოვს ბათუმელი ჯარისკაცის, როინ შავაძის გამოუძიებელი მკვლელობა.
მახსოვს, სამი ჩაცხრილული ბიჭი, ნავთლუღთან… ერთ-ერთის ძმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ მომიყვა, რომ ციხეში მას აწამებდნენ, სცემდნენ.

ახლა უკვე ისიც მემახსოვრება, რომ ვანო მერაბიშვილმაც იტირა.

Exit mobile version