კვირის ამბები

იზაურა & სავაში

10.02.2014 • 2569
იზაურა & სავაში

 

თაყვანისმცემლებთან ერთად მტრებიც გამოჩნდნენ. რას აღარ აბრალებდნენ სერიალებს _ ისინი ხომ დამშეული ხალხის გასართობად, გამოსათაყვანებლად და რაც მთავარია, ტრადიციების დასანგრევად გამოიგონეს, ბევრი იმასაც ამბობდა, რომ _ სპეციალურად საქართველოსთვის. ამის მიუხედავად ლათინო-ამერიკული საპნის ოპერა ყველა ქართული სატელევიზიო არხის საეთერო ბადის მთავარი მკვებავი გახდა.
და ასე ჩაიარა სერიალებით ცხოვრების 20 წელიწადზე მეტმა…

ყველაფერს გაუდის ყავლი და ბოლო რამდენიმე წელია სერიალების მიმართ ინტერესი, უნდა ვაღიაროთ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა. მეგონა, რომ უზომოდ მირთმეულმა ერთფეროვანმა სანახაობამ ქართველ მაყურებელს თავი მოაბეზრა. სერიალები აღარ იყო აქტუალური და მათ პერსონაჟებზე თითქმის აღარ ლაპარაკობდნენ არც სამეზობლოში, არც ტრანსპორტში და წარმოიდგინეთ, აღარც სამსახურებში.
რაღაც იყო საჭირო, რაღაც სხვა, რომელიც სერიალებით ცხოვრების მიძინებულ პროცესს გააცოცხლებდა…
ევრიკა „მაესტროს“ ეკუთვნის.

… და გამოჩნდა „სავაში“, საქართველოში კი თურქული სერიალებით ცხოვრების ეპოქა დაიწყო. არავითარი დეჟავიუ, ისტორია ხომ მეორდება და ისევ გახდა სერიალები სამსჯელო თემა სამეზობლოში, ტრანსპორტსა და სამსახურებშიც კი.
ქართულმა ტელეარხებმაც უცებ შეაქციეს ზურგი ამდენი წლით მათ ერთგულ მკვებავ ლათინო-ამერიკულ სერიალებს და თითქმის სრულად ჩაანაცვლეს თურქულით.

თაყვანისმცემლებთან ერთად ისევ გამოჩნდნენ მტრებიც. თურქოფობიით, ეკონომიკური ექსპანსიის მოლოდინითა და ვაღიაროთ, ხშირად ქსენოფობიით შეპყრობილებისთვის ეს ნამდვილი უბედურების ზარი აღმოჩნდა _ ეს ხომ უკვე იდეოლოგიური ექსპანსიის საშიშროებასაც ქმნის… ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. მოდი და ნუ შეშინდები _ თითქმის ყველა წამყვანი ქართული ტელეარხი, დღის ყველა ძვირფას მონაკვეთს ერთდროულად უთმობს მხოლოდ თურქულ სერიალს. თითქოს ის არ გვეყოფა, რომ ლამის ყველაფერი თურქულით ვსაზრდოობთ…

მე კი მგონია, რომ ცოტა ვაზვიადებთ. მგონია, რომ ტელესერიალები ისევ რჩება ქართული ტელეარხებისთვის საეთერო ბადის შევსების წყაროდ. თანაც, რაც იაფი და განსხვავებული იქნება ეს წყარო, მით უკეთესი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ტელესერიალების თურქმა მესვეურებმა ამ ეტაპზე ოკეანისგადაღმელ კოლეგებს ქართული ბაზარი წაართვეს. რას იზამ, კონკურენცია დაუნდობელია.

გაზვიადებული მგონია თურქული სერიალების მიმართ გაჩენილი შიში იმის გამო, რომ ისინი ათეულობით ქვეყანაში იყიდება და არა მგონია, სპეციალურად საქართველოსთვის იქმნებოდეს. ვერც შემოსავლისთვის იქნებოდა გათვლილი საქართველო. ჩვენ ხომ იმდენად მცირე აუდიტორია ვართ, საკუთარ ტელეარხებსაც ვერ ვარჩენთ.

თანაც ისტორია მეორდება. ქართული არხები იმავე დოზით გვაწვდიან თურქულს, როგორითაც ლათინო-ამერიკულს გვთავაზობდნენ. ამდენი ერთფეროვნება ხომ ისევ მოგვბეზრდება. ყველაფერს გაუვა ყავლი და თურქულ სერიალებზეც შეწყდება მალე მსჯელობა სამეზობლოში, ტრანსპორტსა და სამსახურებშიც კი.

 P.S. თურქული სერიალების გამოჩენას, მგონი, ერთი მეტად მნიშვნელოვანი პოზიტივი მოჰყვა. მეც და, ალბათ, ბევრი ჩემი თანამემამულეც დაფიქრდა იმაზე, რომ ძალიან ცუდად ვიცნობთ მეზობელ, უდიდესი გავლენის მქონე ქვეყანას. თითქმის არაფერი ვიცით მათ ტრადიციებზე, ისტორიასა და კულტურაზე. მხოლოდ აღებ-მიცემობითი ურთიერთობებით გაჩენილი სტერეოტიპები კი, უმჯობესია დაიმსხვრეს.

 

მერაბ წულუკიძე-საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: