კვირის ამბები

როგორ გავხდე კაპიტანი

10.02.2014 • 7973
როგორ გავხდე კაპიტანი

 

40-წლიანი პაუზის შემდეგ, კაპიტნობის სურვილი ორმა ქართველმა გოგონამ გამოთქვა. ბათუმის აკადემიის რექტორი გვეუბნება, რომ 70-იან წლებში ოთხი ქალი სწავლობდა გემთწამყვანის სპეციალობაზე, რომლებიც წარმატებული მეზღვაურები გახდნენ, „მას შემდეგ აღარავინ გამოჩენილა“. თუმცა ტენდენცია იცვლება და ქალები ზღვას უბრუნდებიან.

 

რა აუცილებელ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს გემის კაპიტანი? _ ირაკლი შარაბიძის თქმით, კაპიტანი რომ გახდე, მინიმუმ ათი წელია საჭირო. ჯერ ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარო და გემთწამყვანის სპეციალობაზე ოთხი წელი ისწავლო, ბაკალავრის დიპლომის აღების შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში ექვსთვიანი პრაქტიკაც უნდა გაიარო, თუმცა წარმატებისთვის მხოლოდ დიპლომი არ კმარა _ მეზღვაურმა საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილოს.

 

„დიპლომის შემდეგ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს საზღვაო პრაქტიკის დამადასტურებელი სტაჟი, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უნდა წარადგინოს. ამის შემდეგ ეძლევა მას ე.წ. „კომპეტენციის სერტიფიკატი“, ანუ ლიცენზია შორეული ნაოსნობისთვის“, _ განმარტავს საზღვაო აკადემიის რექტორი.

 

სერტიფიკატის აღების შემდეგ გემთწამყვანობის მსურველს შეუძლია კაპიტნის მესამე თანაშემწედ დაიწყოს მუშაობა. 18 თვის შემდეგ კი, როცა მესამე თანაშემწის საზღვაო ცენზს მიიღებს, მეორე და პირველი თანაშემწის ცენზის მიღებაზეც უნდა იზრუნოს. იმისთვის, რომ კაპიტნის თანაშემწე გახდეს, მსურველს დამატებით კიდევ სჭირდება 24-თვიანი საცურაო ცენზი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას გაიაროს საკვალიფიკაციო გამოცდა და აიღოს შორეული ნაოსნის კაპიტნის სერტიფიკატი.

 

აკადემიაში გვეუბნებიან, რომ ევროპული კომპანიების გემებზე კაპიტნის ხელფასი თვეში 13 000 ევროა, სხვა განვითარებული ქვეყნების გემებზე კი _ 13 000 დოლარი.

 

„რა თქმა უნდა, კაპიტნის კარიერა პრესტიჟულია და მაღალანაზღაურებადი, მაგრამ ხელფასთან ერთად იზრდება პასუხისმგებლობაც. ადრე, როცა საზღვრები ჩაკეტილი იყო, მეზღვაურები ხელფასზე მეტად უცხო ქვეყნებში გასვლაზე ოცნებობდნენ, მაგრამ დღეს ხელფასი უფრო მნიშვნელოვანია“, _ ამბობს ირაკლი შარაბიძე.

 

კაპიტნის პროფესიას აქვს ეთიკითა და სამართლით გათვალისწინებული მოთხოვნებიც. საზღვაო კატასტროფის დროს კაპიტანი ყველაზე ბოლოს ტოვებს გემს. ამ ნორმის დარღვევის გამო კაპიტანს სამუდამო დისკვალიფიკაცია ენიჭება.

 

კაპიტნობის უფლებას საზღვაო სამართალი სამუდამოდ უზღუდავს პირს, თუკი მისი მართვის ქვეშ მყოფი გემი დააბინძურებს გარემოს, გადაიტანს კონტრაბანდულ ტვირთს, კაპიტანი ვერ დაიცავს გემის უსაფრთხოებას ან შემჩნეული იქნება ტრეფიკინგში. „ამ ნორმების დარღვევის შემთხვევაში, რაც არ უნდა გამოცდები აბარო, კაპიტნის ლიცენზიას ვეღარ მიიღებ“, _ განმარტავს ირაკლი შარაბიძე.

 

მომავალი გემთწამყვანებისთვის მნიშვნელოვანია საზღვაო პრაქტიკა, რასაც ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები მოკლებულნი არიან. ამის მიზეზია ის, რომ აკადემიას არ აქვს თავისი საწვრთნელი გემი და არც საქართველოს აქვს საკუთარი გემები. აკადემია ამ პრობლემის მოსაგვარებლად ოთხი წელია იბრძვის. „იქნებ 2015 წლისთვის მაინც შევძლოთ გემის ყიდვა. მანამდე კი მოლაპარაკებას კომერციულ გემებთან ვაწარმოებთ, ჩვენი სტუდენტები პრაქტიკაზე რომ აიყვანონ. ეს მათ ინტერესებშიც შედის, რადგან შემდეგ ეს მეზღვაურები მათ გემებზე რჩებიან. ამჟამად მოლაპარაკება იაპონურ და კორეულ კომპანიებთან გვაქვს“, _ გვეუბნება რექტორი.

 

ბათუმის საზღვაო აკადემიის სერტიფიკატები ევროკავშირმა 2010 წელს, გაყალბების სიხშირისა და სასწავლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო შავ სიაში შეიყვანა. „დიპლომები იბეჭდებოდა სირიაში, არაბეთში, თურქეთში. შევიდოდა, ვთქვათ, გემი ესპანეთში, ნავსადგურის კონტროლი შეამოწმებდა გემს და აღმოჩნდებოდა, რომ 20 კაციდან ყველას ქართული და თან გაყალბებული დიპლომი ჰქონდა. ახლა ეს პრობლემა მოხსნილია, რადგან ჩვენი დიპლომები უკვე დაცულია“.

 

 

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: