კვირის ამბები

დისკვალიფიცირებულები და „შავ სიაში“ მოხვედრილები

10.02.2014 • 1648
დისკვალიფიცირებულები და „შავ სიაში“ მოხვედრილები

 

გასული წლის აგვისტოში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს „ოლდ ბათუმის“ სახელით საჩივარი მიიღო. კომპანია სააგენტოსგან „კანონმდებლობასთან შეუსაბამო გადაწყვეტილების“ გაუქმებას ითხოვდა. დავის მიზეზი 33 თეთრი გახდა.

 

სასაზღვრო პოლიციის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ვაჭრობისას „ოლდ ბათუმმა“ სამუშაოს შესრულებისთვის საბოლოო თანხად 31 200 ლარი დაასახელა და შემსყიდველთან შეთანხმებასაც მიაღწია. ხარჯთაღრიცხვაში კი, როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, „ტექნიკური შეცდომის გამო“ 33 თეთრით მეტი გაწერა. იმის გათვალისწინებით, რომ „დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა აღემატებოდა ელექტრონული ვაჭრობის დროს დაფიქსირებულ ფასს“, შემსყიდველმა კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა, მასთან დადებული შეთანხმება კი გააუქმა და იმავე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შპს „რემარტს“ შეუთანხმდა.

 

„ოლდ ბათუმის“ კომპანიის წარმომადგენელმა ჯამბულ დავითაძემ სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭოს დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში თანხის 33 თეთრით გაზრდა ტექნიკური ხარვეზის მიზეზით ახსნა და დისკვალიფიკაციის შესახებ შემსყიდველის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

 

„ჩვენ მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომელთა დაზუსტებაც გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას და მოახდენს გავლენას წინადადების ფასზე. ამიტომ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ჩვენ მიერ ვაჭრობის დროს შეთავაზებულ თანხაზე“.

 

 

სააგენტოს დავების განხილვის საბჭომ საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა.

 

„დაზუსტებისას ფასის გაზრდა დაუშვებელია. საბჭოს მიაჩნია, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა კომპანიის დისკვალიფიკაცია“, _ ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილების ტექსტში.

 

სააგენტოში შესული დავების შესახებ არსებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ტექნიკური დეტალების დაზუსტება და მცირე შეუსაბამობა ხარჯთაღრიცხვის ცხრილებში კომპანიისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭების მიზეზი ხშირად გამხდარა. დისკვალიფიკაცია ყოველთვის ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვას არ გულისხმობს. თუმცა ეს კომპანიას, რომელიც, ძირითადად, სახელმწიფო შეკვეთებზე მუშაობს, სერიოზულად აზარალებს. გარდა ამისა, დისკვალიფიცირებული კომპანიები სახელმწიფო სტრუქტურებში კარგი რეპუტაციით ვერ სარგებლობენ. შესაბამისად, იგივე დამფუძნებლები ახალ კომპანიას აფუძნებენ და საქმიანობას ახალი დასახელებით აგრძელებენ. ასეთ ხერხს დამფუძნებლები კომპანიის შავ სიაში მოხვედრის შემთხვევაშიც მიმართავენ.

 

ამის მაგალითია „გრინ სერვისის“ შემთხვევა _ როცა მათ პრობლემები შეექმნათ, დააფუძნეს ახალი კომპანია „გრინ სერვისი+“. ასეთ შემთხვევებზე სააგენტოს აქვს პასუხი, რომ კომპანია, რომელიც აკეთებს ახალ რეგისტრაციას, ის კარგავს გამოცდილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტენდერში მონაწილეობისას“, _ ამბობს გიორგი ჭანტურია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თანამშრომელი. ეს ორგანიზაცია უკვე მეორე წელია სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერებს უწევს მონიტორინგს.

 

სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებული ტენდერების უარყოფითი შედეგებით დასრულების ტენდენციაზე „ბათუმელები“ ცოტა ხნის წინათაც წერდა. აქვს თუ არა ამას კავშირი ზემოთ აღნიშნულ მიზეზებთან, ამაზე არც სახელმწიფო მოხელეები და არც ტენდერებში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები არ საუბრობენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით კი ჩანს, რომ ტენდერების ჩაშლის მიზეზი ხშირად პოტენციურ მონაწილეთა პასიურობაა. კერძო კომპანიები სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ.

 

„ტენდერი არ შედგა“, _ ამ ჩანაწერს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არამარტო ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების შედეგებში ხშირად ვხვდებით.

 

კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც სახელმწიფო სტრუქტურებთან პრობლემები თუნდაც ტექნიკური ხარვეზების გამო შეექმნათ, მედიასთან საუბარს ერიდებიან. „ამ თემაზე საუბარი არ მინდა და არც ის მინდა, დაიწეროს ამაზე“, _ უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა, რომლის კომპანიასაც დისკვალიფიკაცია ტექნიკური ხარვეზის გამო მისცეს. იმავეს ამბობენ სხვებიც. ისინი პირად საუბარში პრობლემებზე საუბარს არ ერიდებიან, საუბრის დასრულების შემდეგ კი ითხოვენ, რომ მათი იდენტიფიცირება არ მოვახდინოთ.

 

ხშირია შემთხვევა, როცა გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია შეთანხმებულ მოვალეობებს თავს ვეღარ ართმევს, რის შემდეგაც სახელმწიფო სტრუქტურა იძულებულია დადებული ხელშეკრულება გააუქმოს და ახალი ტენდერი გამოაცხადოს. ამის გამო დაგეგმილი სამუშაოები დროში იწელება, აუთვისებელი თანხა კი ბიუჯეტში ნაშთის სახით რჩება. ბათუმის საკრებულოში შიშობენ, რომ ნაშთიანი ბიუჯეტის შემთხვევაში შესაძლებელია ცენტრალურმა მთავრობამ კონკრეტული პროექტების დაფინანსებაზე უარი თქვას.

 

ამჟამად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ 187 კომპანიაა რეგისტრირებული, მათგან უმეტესობის „შავ სიაში“ მოხვედრის მიზეზად „ნაკისრი ვალდებულებების არასრულად შესრულებაა“ მითითებული, დეტალები კი გამოქვეყნებული არ არის.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლის თქმით, ხშირად ჩნდება ეჭვი იმის თაობაზეც, რომ „ზოგიერთი ტენდერი კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული“.

 

„მაგალითად, მანქანების შესყიდვისას, ხშირად იმდენად დეტალურადაა მოთხოვნაში მონაცემები გაწერილი, რომ ბევრი კომპანია ტენდერში მონაწილეობას ვერ იღებს. მხოლოდ ერთი აკმაყოფილებს მოთხოვნებს სრული სიზუსტით, ის ერთი იღებს ტენდერში მონაწილეობას და იგებს“, _ ამბობს გიორგი ჭანტურია.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: