სიახლეები

დირექტორის პასუხი სახელმწიფო ანსამბლის წევრებს

06.02.2014 • 1684
დირექტორის პასუხი სახელმწიფო ანსამბლის წევრებს

 

 

 

„31 იანვარს მოვედი. ქორიძე თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო და დამხვდა ვაკანტური ადგილი. სამხატვრო ხელმძღვანელად დავნიშნე გიორგი ჩაჩავა. ის არის ღირსების ორდენის კავალერი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი. რატომ შევცვალო გადაწყვეტილება, ვისაც ვენდობი, ის დავნიშნე. ხელმძღვანელობას შორის ჯანსაღი ურთიერთობაა შექმნილი. ანსამბლი კი მაშინაა წარმატებული, როცა ჯანსაღი ატმოსფეროა“- განაცხადა ახლად დანიშნულმა ანსამბლის დირექტორმა.

       

 

საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან და აჭარის კულტურის სამინისტროსთანაც მივიდნენ, თუმცა  სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით მათ შეხვედრა არავისთან არ მოუთხოვიათ.

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იურიდიულ საკითხებში ლადო მგალობლიშვილი განმარტავს, რომ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა-განთავისუფლების იურიდიული უფლება ანსამბლის დირექტორს აქვს და ეს მინისტრის, გიორგი თავამაიშვილის კონპეტენციაში არ შედის, თუმცა ოთარ მიქელაძე ანსამბლის დირექტორის თანამდებობაზე სწორედ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრომ წარადგინა, 31 დეკემბერს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  დირექტორად დაამტკიცა.

 

 

ოთარ მიქელაძე ამბობს რომ სამსახურიდან არავის გათავისუფლებას არ აპირებს:

 

„არავის არ ვუშვებ, არავის არ ვათავისუფლებ. მათ თურმე ეშინიათ და ჰგონიათ, რომ მიქელაძე გაუშვებს ყველას. პირიქით, მათში არის პოტენციალი და მინდა მათი პოტენციალი გამოვიყენო ანსამბლის წარმატებისვის“- ამბობს ოთარ მიქელაძე.

 

კითხვაზე, რატომ გახდა აუცილებელი ანსამბლის სამხატვრო ხელძღვანელის შეცვლა, ოთარ მიქელაძე პასუხობს: „თემურ ქორიძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე ის დავნიშნე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ვისაც ვენდობოდი.“

 

ავთანდილ ჭოლაძე სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი დირექტორი, რომლის დროსაც თემურ ქორიძემ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, ამბობს, რომ ქორიძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ამიტომაც დაითხოვა:

„31 დეკემბერს ქორიძეს დაუმთავრდა ხელშეკრულება და აღარ გავუგრძელე. თურქეთში გასტროლის დროს პატარა ინციდენტი მოხდა. მე მას წერილი გავუგზავნე და ვაცნობე, რომ თურქეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ ახსნა-განმარტებითი ბარათი დაეწერა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულების გაგრძელება დამოკიდებულია თქვენს ახსნა განმარტებით ბარათზე-მეთქი. მაგრამ არ მოვიდა და არ დაწერა. უფლებამოსილების გადაჭარბების საფუძველზე მას აღარ გავუგრძელე ხელშეკრულება“.

 

თუ რა ინციდენტი შეემთხვათ 2014 წლის იანვარში თურქეთში გასტროლზე მყოფ ანსამბლის წევრებს ყოფილი დირექტორი საუბრისგან თავს იკავებს.

 

თუკი ანსამბლის წევრები პარასკევამდე სარეპეტიციო დარბაზში არ დაბრუნდებიან, დირექცია სამართლებრივი ფორმების გამოყენებას მიმართავს, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას გულისხმობს. „მაგრამ  მე არ მინდა ეს ზომები გამოვიყენო“ – ამბობს ოთარ მიქელაძე და ანსამბლის წევრებს თანამშრომლობას სთავაზობს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: