მთავარი,სიახლეები

როცა მამა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დახვრიტეს – რეჯებ ნიჟარაძის ისტორია

07.02.2014 • 4702
როცა მამა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დახვრიტეს – რეჯებ ნიჟარაძის ისტორია

„ერთი წლის ვიყავი, როცა მამაჩემი სამი კაცის ხელწერით სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. დედაჩემი სამი მცირეწლოვანი ბავშვით დარჩა. არ ვიცი, როგორ გადავურჩით გადასახლებას… შეიძლება იმიტომ, რომ წვრილშვილის გამო ის ვერ ახერხებდა საზოგადოებაში ხშირად გამოჩენას. ვფიქრობ, თვალში გამორჩათ. ხოზრევანიძის, ლორთქიფანიძის ქალები იყვნენ, რომლებიც ხშირად მართავდნენ შეხვედრებს და ისინი 10-11 წლით გადაასახლეს. ბევრი მათგანი ცოცხალი ვერ დაბრუნდა.

მამის დახვრეტის შემდეგ ჩვენს ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს. წაგვართვეს კერძო სახლი კიროვის ქუჩაზე და ყველა ნივთი, რაც გაგვაჩნდა. ერთადერთი, რისი გადანახვაც დედაჩემმა მოასწრო, ოვალური, სადაფებით გაწყობილი მაგიდა იყო, რომელიც შემდეგ მუზეუმს გადავეცით. მამაჩემს ნოე ჟორდანიას მიერ ნაჩუქარი ფრანგული კალმები ჰქონდა ოქროს საკალმეებით, ისიც წაიღეს, ასევე წაიღეს ძვირფასი ბეჭდური გამოცემები და ცოტა ოქროც. ერთადერთი, რის დაბრუნებასაც მამაჩემის გამართლების შემდეგ ვცდილობდით, წიგნები და ჟორდანიას მიერ ნაჩუქარი კალმები იყო, თუმცა მათ კვალს ვეღარ მივაგენით.

დედაჩემს, როგორც მავნებლის ცოლს, სურსათის ტალონები არ მისცეს. სოფელში პატარა ყანა გვქონდა და იქედან ჩამოგვქონდა ბოსტნეული. მართალია, ისიც ჩამორთმეული გვქონდა, მაგრამ მეზობლები გვაძლევდნენ დამუშავების უფლებას. ჩამოგვქონდა თხილი და მოგვყავდა ბრინჯიც. ასე გაგვქონდა თავი.

დავრჩით საზოგადოებისგან გარიყულები. ნათესავებმაც შეწყვიტეს ჩვენთან ურთიერთობა. მამაჩემის სახელის ხსენებაც კი აკრძალული მქონდა. კლასში ერთ რიგში გამოცალკევებული ვისხედით „ტროცკისტების“, “მავნებლების“, „სამშობლოს მოღალატეების“ და „ხალხის მტრის“ შვილები. მასწავლებლები ყურადღებას არ გვაქცევდნენ, გაკვეთილებს არ გვეკითხებოდნენ, ჩვენ კი ხელის აწევას ვერ ვბედავდით. ერთხელ, მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი, პიონერხელმძღვანელი შემოვიდა და გვითხრა: „ვისაც მამა ჯარში ჰყავს დაკარგული, მათთვის მაისურებს და კალოშებს ვარიგებთო“. მაისურებზე გული არ მიმსვლია, ჩემი და-ძმების ნაქონიც მქონდა, მაგრამ კალოში ძალიან მინდოდა, რადგან სკოლაში ჩემს ძმას მხრებზე მოკიდული დავყავდი. ხელი მეც ავწიე.

მეორე დღეს დირექტორთან დამიძახეს. პიონერხელმძღვანელი მიუბრუნდა მასწავლებლებს და უთხრა, ეს არის მატყუარა, არაადამიანი, ცრუ, რადგან მოგვატყუაო. ჩამომხსნეს ყელსახვევიც. ეს ჩემთვის მაშინ დიდი ტრაგედია იყო, ოთხი საათი გაუჩერებელი ვტიროდი. შემდეგ დედა მივიდა დირექტორთან და დაემუქრა. ციხეში წავალ და შვილის დაჩაგვრას არ შეგარჩენო. ცოტა ხნის შემდეგ სკოლაში საღამო გამართეს. მე კარგად ვსწავლობდი და ბევრი ლექსი მომაყოლეს, შემდეგ მითხრეს, ბოდიშს თუ მოიხდი, გაპატიებთო. ბოდიში არ მოვიხადე, მაგრამ ყელსახვევი მაინც დამიბრუნეს.

მთელი ცხოვრება ყველგან უკან დახეული ვიყავი. მამა გაამართლეს, მაგრამ სხვა რომ გაიხარებდა, ისე მაინც ვერ ვხარობდით, წარსული ტკივილი დღემდე მომყვება.

მამაჩემს, რეჯებ ნიჟარაძეს, დიდი თანამდებობა ეკავა. იყო ძალიან განათლებული კაცი. იუსტიციის პირველი მინისტრი, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი, ანუ ხმოსანი იყო. ასევე, პირველი მოსამართლე და კონსტიტუციის შემდგენელი. მეგობრობდა ექვთიმე თაყაიშვილთან და ნოე ჟორდანიასთან. ასეთი მამა წამართვეს. არაფერი დამიტოვეს მისი. ფეხსაცმელი, წინდა ან ქუდიც კი არ მაქვს მამის სახსოვარი. ახლა გვეუბნებიან, როგორც რეპრესირებულს, 400 ლარი გეკუთვნით კომპენსაციაო. ეს ფული შემიცვლის მე მამის დანაკლისს და იმ წლებს?

მამას ჩვენამდე სხვა ოჯახი ჰყავდა. ოდესის საიმპერატორო უნივერსიტეტში სწავლის დროს გერმანელი ქალი გაიცნო და მასზე დაქორწინდა. ორი შვილი შეეძინათ. ქალიშვილი სორბონაში გაგზავნა სასწავლებლად, სადაც დიფტერია დაემართა და ერთ ღამეში გარდაიცვალა. დიდხანს ვერ ეუბნებოდნენ მამაჩემს ამ ამბავს, რადგან მამა ძალიან ნერვიულობდა, რომ მათ ხმას ვერ აწვდენდა. როგორც მახსოვს, ერთი წლის შემდეგ გაიგო ეს ამბავი. მისი ცოლი კი ციურიხში იყო, რადგან ბიჭი იქ სწავლობდა. იმ ქალის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ ახალი ოჯახი შექმნა დედასთან და სამი შვილი გავუჩნდით.

11 წლის ვიყავი, როცა ჩემი ნახევარძმა საქართველოში ჩამოვიდა. ძალიან განათლებული ადამიანი იყო. მასაც სდევნიდნენ, გერმანელი დედა ჰყავსო. ერთხელ გერმანიიდან მეგობარმა წერილი გამოუგზავნა, მართალია ზავი დაიდო, მაგრამ გერმანიის იმედი არ მაქვს და ალბათ ომი მაინც დაიწყებაო, წერდა. წერილი ტუალეტში ჩაუგდია, თუმცა  წერილი იქედანაც ამოუღიათ და ჩეკაში წაუღიათ. ათი წელი მიუსაჯეს ამ წერილის გამო, რუსთავის კოლონიაში იხდიდა სასჯელს. თუმცა ისეთი პროფესიონალი იყო, კოლონიაში კონიაკის, საპნის, ასანთის ცეხი გახსნა და იქედან გვეხმარებოდა ჩვენ. ასე გაგვქონდა თავი. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, რომ საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია.

საშინელი დამოკიდებულება მაქვს იმ პერიოდთან, ეს უდიდესი ბოროტება იყო. ჩემი მეზობელი იცით რატომ დააპატიმრეს?! სამსახურში მივიდა და რემონტი დახვდა. ეს რა ხარახურები დაგიყრიათ კაბინეტშიო, უთქვამს. როცა  რაღაც მასალები აიღეს, ნივთებში სტალინის სურათიც აღმოჩნდა. სტალინის სურათს ხარახურა როგორ უწოდეო უთქვამთ და დაუპატიმრებიათ. ეს სტალინის და ბერიას პოლიტიკის შედეგი იყო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: