კვირის ამბები

ტირილი მეც მახსოვს

06.02.2014
ტირილი მეც მახსოვს

 

 

უჩა გოდელაძის ოჯახის წევრებს არ შევხვედრივარ. მათ იმისთვის დავურეკე გორში, რომ ექსპერტიზის დასკვნა მჭირდებოდა. მეუღლე ტირილის გარეშე მელაპარაკა.

 

უჩა გოდელაძე ბათუმში დააკავეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონიერი ქურდობის ბრალდებით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა.

ის თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს, მეორე დღესვე ღუდუშაურის კლინიკაში მოხვდა. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც გარდაცვლილის მეუღლემ მაშინ მითხრა, ექვსი თაბახის ფურცელი იყო. აქედან სამ ფურცელზე დეტალურად ეწერა, რა დაზიანებები აღენიშნებოდა გარდაცვლილს, როცა საავადმყოფოში მიიყვანეს: „იყო უგონო მდგომარეობაში, თვითმხილველთა გადმოცემით, დაახლოებით 30 წუთით ადრე საავადმყოფოში მიყვანამდე საკანში ნახეს უგონო მდგომარეობაში. დიაგნოზი: ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება, თირკმლებისა და გულსისხლძარღვთა უკმარისობა, კომა, უცნობი ეტიოლოგია, თავის ტვინში მოშლილია სისხლის მიმოქცევა, სისხლჩაქცევა მოშავო ფერის კოლტებით…”

პატიმარი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ამბავი 2009 წელს მოხდა.
გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის ციხეში აწამეს. თუმცა დღემდე ამ ფაქტზე ჩატარებული გამოძიების დეტალები ოჯახისთვის არ უცნობებიათ.

თითქმის ოთხი წლის წინანდელი ამბავი ახლა იმანაც გამახსენა, რაზეც გაზეთის მეხუთე გვერდზე ვწერ; ამ ნომრის მე-5 გვერდზე გამოქვეყნებული საქმის მასალები იმ პირებს ეხება, რომლებიც პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში არიან ბრალდებულები. ადამიანები, რომლებიც მესამე საპყრობილეს ხელმძღვანელობდნენ, გამოძიების ვერსიით, პატიმრებს აწამებდნენ.

მოსამართლეებმა _ დავით მამისეიშვილმა და თამარ ბეჟანიშვილმა ისინი ანუ წამებაში ბრალდებულები გირაოს საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

როცა საქართველოს სახელით მოსამართლის მიერ გამოტანილ ამ გადაწყვეტილებას ვკითხულობდი, უჩა გოდელაძის ოჯახი გამახსენდა, სხვა გარდაცვლილი პატიმრების ოჯახის წევრებიც, ვინც ჩემი რესპონდენტი იყო. კიდევ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის ერთი პროცესი გამახსენდა. მან 23 წლის ბიჭს, რომელიც მანამდე ნასამართლევი არ ყოფილა, ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულს 11 ცალი კოვზის, ერთი ჩანგლის, ერთი დანის, ათლარიანი სუვენირისა და ტელევიზორის „პულტის“ ქურდობა ედებოდა ბრალად.

ვერ ვხვდები, მოსამართლე ადამიანის წამებაში ბრალდებულ პირს როგორ ათავისუფლებს გირაოს სანაცვლოდ და კოვზის ქურდს ციხეში როგორ ამწესებს.

მახსოვს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი. ამ პროცესზე მოსამართლე ვერა დოლიძემ სპეცოპერაციის მონაწილე ნიღბიანი მოწმეები დაკითხა. დღემდე მაინტერესებს, როგორ ირწმუნა მოსამართლემ იმ ადამიანების, რომელთა ვინაობა არ იცოდა, სახეც კი არ დაუნახია.

ასევე მახსოვს ბათუმელი ჯარისკაცის, როინ შავაძის გამოუძიებელი მკვლელობა.
მახსოვს, სამი ჩაცხრილული ბიჭი, ნავთლუღთან… ერთ-ერთის ძმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ მომიყვა, რომ ციხეში მას აწამებდნენ, სცემდნენ.

ახლა უკვე ისიც მემახსოვრება, რომ ვანო მერაბიშვილმაც იტირა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: