კვირის ამბები

„ჩაჭრა“ გასაუბრებაზე, წარმატებული ტესტირების შემდეგ

10.02.2014 • 1885
„ჩაჭრა“ გასაუბრებაზე, წარმატებული ტესტირების შემდეგ

 

ქალბატონო თამთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა დირექტორობის უფლების მქონე პირთა სია. ამ ჩამონათვალში თქვენ არ ხართ. კონკურსის პირველ ეტაპზე 800 კონკურსანტიდან 120 შორის მოხვდით, ვინც სერტიფიკატი მიიღო. გასაუბრებაზე რა მოხდა?

 

 

 

 როგორც ჩანს ჩამჭრეს, სიაში არა ვარ. ამბის გასაგებად როცა დავრეკე ცხელ ხაზზე, მითხრეს, სასამართლოს მიმართეო. კარგი იყო გასაუბრება, არ დარღვეულა ჩემი უფლება… ახლა სასამართლოს მივმართო გასაუბრების გამო, რომლის დოკუმენტიც არ არსებობს?!-  ვფიქრობ, არ ღირს.

 

 

რა იყო გასაუბრების კრიტერიუმები

 

 

გასაუბრების კრიტერიუმები განსაზღვრული არ იყო, საკუთარი ფსიქოლოგიური პორტრეტი უნდა შეგვექმნა 15 წუთის განმავლობაში. ზოგიერთ კომისიაში ხუთი ადამიანი იყო, ზოგიერთში –  სამი და ოთხი. არ ვიცი, რა მოხდა. კომისია, რომელთანაც მომიწია მუშაობა, იყო ძალიან კარგი, კორექტული, ინტერესით გამომკითხეს ბევრი რამე და მეც ვიყავი გულწრფელი.

 

 

ასევე მითხრეს, რომ შეამოწმებდნენ დირექტორობის კანდიდატების მეტყველების კულტურას, როგორ გამოიყურება, ასაკი, ჩაცმის კულტურა, თავდაჭერის მანერას. ყველას გვეკითხებოდნენ ერთსა და იმავეს, როგორ განვითარდით პიროვნულად, მოგვიყევით თქვენი სწავლის შესახებ. მკითხეს ასევე, თქვენი აზრით, რა არის საქართველოს განათლების სისტემის შავი ჭირიო. ჩემი თვალსაზრისით რაც იყო, გულწრფელად ვუპასუხე; ეს არ იყო ცოდნის შემოწმება, ასე მოწმდებოდა მეტყველების კულტურა.

ნაყოფიერი მომეჩვენა ეს გასაუბრება, თუმცა აღმოჩნდა, რომ სიაში არა ვარ.

 

 

როდის ჩაგიტარდათ გასაუბრება და ტესტირებაზე როგორი შედეგი გქონდათ?

 

 

ტესტირება მე გავიარე 2012 წელს, ბარიერი მაშინ იყო 70 ქულა, მე 79 ქულა დავაგროვე. ასეთი შედეგი საქართველოს მასშტაბით კიდევ 5 ადამიანს ჰქონდა. გასაუბრების ეტაპი მერე გადაიდო და ჩაგვიტარდა ახლა – ოქტომბერში, მე 30 ოქტომბერს გავიარე გასაუბრება თბილისში. სამ თვეზე მეტი გავიდა…

 

 

გუშინ ბრძანებით 2012 წელს სერტიფიცირებული დირექტორები გამოაცხადეს, 2013 წელს სერტიფიცირებულები ცალკე ბრძანებით გამოაქვეყნეს. მე ვვარაუდობ, რომ რაღაც ხარვეზია, თუმცა როცა გარკვევა ვცადე, მითხრეს სასამართლოში მეჩივლა. ამას არ ვაპირებ, რადგან აბსურდია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: