Batumelebi | ფონდი წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ფონდი წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად – Batumelebi
RU | GE  

ფონდი წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად

 

ერთი წლის წინ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ინიციატივით დაფუძნდა სტუდენტთა მხარდაჭერის ფონდი, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება, სტიპენდიებით უზრუნველყოფა და მათი დასაქმების ხელშეწყობა იყო. მოძიებული რესურსებით – ერთი წლის განმავლობაში 30 ათასი ლარი – უკვე დაფინანსდა 77 სტუდენტი.

 

 

ნათია ვასაძე ბათუმის უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიას სწავლობს. ნათიას სწავლის საფასურით ფონდი გასულ წელს დაეხმარა: „მაღალმთიანი აჭარიდან ვარ, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. ჩემს მშობლებს სესხის გამოტანა დასჭირდათ იმისთვის, რომ მესწავლა. მესამე კურსზე სწავლის საფასურის სრულად შეგროვება ვერ მოვახერხეთ, სესხი დაფარული არ გვქონდა, მეორედ არავინ მოგვცემდა სესხს. თითქმის გადაწურული მქონდა იმედი; ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მტკივნეული იყო, მესამეკურსელ სტუდენტს სტატუსი მიწყდებოდა. სწორედ ამ დროს გვაცნობეს ფონდის შესახებ, დახმარებისთვის მივმართე, ფონდში საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე დღეში შემატყობინეს, რომ ჩემი სწავლის დასაფინანსებლად თანხა მოიპოვეს. თამამად ვიტყვი, რომ არა ფონდი, დღეს მეოთხე კურსის სტუდენტი ვეღარ ვიქნებოდი. წელს აჭარის განათლების სამინისტრო მაფინანსებს”.

 

ფონდის ხელმძღვანელი რეზო ოკუჯავა ამბობს, რომ გაწეული დახმარების მიუხედავად, მდგომარეობა გაცილებით სავალალოა და საზოგადოების უფრო მეტ გულისხმიერებას საჭიროებს: „ფონდის საქმიანობაში საკუთარი წვლილის შეტანით ახალგაზრდებს ვუჭერთ მხარს; ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ფონდის ანგარიშზე გარკვეული თანხის ჩარიცხვით, ბევრ სტუდენტს დავეხმარებით. მიმართვა გავუგზავნეთ სამთავრობო, საბანკო სექტორს, მივმართეთ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, მაგრამ, ჯერჯერობით, დიდი ენთუზიაზმი არ ჩანს. მხოლოდ აჭარის განათლების სამინისტროსა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოგვეხმაურნენ. ამ ეტაპზე მათი ხელფასიდან დაახლოებით 2000-მე ლარი ჩაირიცხა ფონდში“.

 

ფონდის ერთ-ერთი შემომწირავი, მერაბ დიასამიძე უნივერსიტეტის პროფესორია, ის არამარტო შემოწირულობით ეხმარება ფონდს, არამედ ფონდის მუშაობაშიც აქტიურად მონაწილეობს: „ყოველთვიურად გარკვეული შენატანი შემაქვს ჩემი სახელფასო დანაზოგიდან. ფონდს სამუშაოები აქვს შესასრულებელი, ბანკთან ურთიერთობა, ანგარიშის წარდგენა იმ ხალხისთვის, ვინც გახდება ამ ფონდის შემომწირველი, ამ სამუშაოების შესრულებაშიც ვმონაწილეობ. ჩვენ, ბუნებრივია, ორიენტირებულები არ ვართ იმაზე, რომ მხოლოდ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გავუწიოთ დახმარება, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე, აქტიურია სოციალურად დაუცველების დახმარება, თუმცა უკვე ვმუშაობთ იმაზეც, რომ სოციალური სტატუსის არ მქონე, წარმატებული სტუდენტიც დაფინანსდეს ფონდიდან“, – აცხადებს მერაბ დიასამიძე.

 

რეზო ოკუჯავა “ბათუმელებთან” განმარტავს, რატომ გადაწყვიტა უნივერსიტეტმა ფონდის დაარსება: „სტუდენტის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა ახდენდეს უარყოფით გავლენას სწავლის შესაძლებლობაზე. უნივერსიტეტმა და საზოგადოებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს მსგავსი სტუდენტების მხარდაჭერა. საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნულ თანადგომას ორგანიზებული სახე მისცა – 2012 წლის 14 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა საერთო კრებამ გადაწყვიტა „წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდის“ შექმნა“.

 

ფონდში გაწევრიანება ნებისმიერ პირსა და ორგანიზაციას შეუძლია. ფონდის მიზანია, უნივერსიტეტის წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება, სტიპენდიებით უზრუნველყოფა და დასაქმების ხელშეწყობა. დღეისათვის ფონდს გააჩნია საკუთარი ვებგვერდი, სადაც აისახება ყველა საინტერესო ინფორმაცია, განთავსებულია ფოტო-ვიდეომასალა, ინფორმაცია ქველმოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ. დაგეგმილია ინტერნეტბანკინგით თანხის გადარიცხვის სერვისის დამატებაც, სოციალურად დაუცველი სტუდენტების და შემომწირველთა ელექტრონული რეგისტრაცია.

 

„მომავალში ფონდის საქმიანობის პრიორიტეტად, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, განისაზღვრება საზამთრო და საზაფხულო ბანაკების, პროფესიული ტრენინგების, უცხო ენების შემსწავლელი ჯგუფების ორგანიზება, საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამების მოძიება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის. მიხარია, რომ უნივერსიტეტში ბევრი პროფესორი, ყოველგვარი აფიშირების გარეშე, ეხმარება საკუთარ სტუდენტს. ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებსაც იცნობენ ქალაქის ლომბარდებში – ისინი ოჯახების საგვარეულო განძებსაც კი აბარებენ იქ მეგობრებისთვის; ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებიც მზად არიან საკუთარი სისხლი ჩააბარონ და ამით სწავლის გადასახადი გადაუხადონ თავიანთ კურსელებს“, – ამბობს რეზო ოკუჯავა.

 

ფონდს ჰყავს სამი დამფუძნებელი და გამგეობის ხუთი წევრი, აქედან ორი სტუდენტია. გამგეობის სხდომებზე განიხილება ყველა შემოსული განცხადება. ფინანსურ ოპერაციებს უნივერსიტეტის ფინანსების მეოთხე კურსის სტუდენტი ომარ ტაკიძე ხელმძღვანელობს.
2013 წელს „წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფონდმა“ სულ 77 სტუდენტი დააფინანსა – 30627.50 ლარით.
დაფინანსებული სტუდენტები სოციალური კატეგორიების მიხედვით:

 

1. სოციალურად დაუცველი, 22 სტუდენტი – 9195 ლარი;

 

2. ობოლი, 21 სტუდენტი – 9007.50 ლარი;

 

3. დევნილი, 3 სტუდენტი – 1065 ლარი;

 

4. შეზღუდული შესაძლებლობების, 3 სტუდენტი – 1575 ლარი;

 

5. მრავალშვილიანი ოჯახიდან, 7 სტუდენტი – 2900 ლარი;

 

6. სტუდენტები, რომელთაც დეპარტამენტმა გაუწია რეკომენდაცია, 5 სტუდენტი – 1885 ლარი;

 

7. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართული აქტიური სტუდენტები: ანსამბლ „ტბეთის“ სოლისტები, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის სოლისტი, სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის სტუდენტები, ფონდის საქმიანობაში აქტიური მონაწილეები, წარმატებული სპორტსმენები – 10 სტუდენტი – 3200 ლარი.

 

ფონდში ყოველთვიურად ბათუმის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ავთანდილ ბარათაშვილი ხულოს რაიონის მცხოვრები 6 სტუდენტისთვის 600 ლარს რიცხავს, თითოეულზე 100 ლარი თვეში, ამ დროისთვის ჩარიცხულია 1800 ლარი.

 

ერთჯერადად ფონდში 410 ლარი ჩარიცხეს სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორებმა.

 

მომავალი თაობის განათლების გულშემატკივრებს თანხის გადარიცხვა შემდეგ მისამართზე შეუძლიათ:

საბანკო რეკვიზიტები:

1. ბაზისბანკი BBBASISBANK, ბანკის კოდი: CBASGE22 ან GE38BS 000000005483604 ლარი;

2. თიბისი ბანკი TBC BANK, ბანკის კოდი: TBCBGE22 ან  GE35 TB73 17036080100007;

3. საქართველოს ბანკი BANK OF GEORGIA, ბანკის კოდი: BAGAGE22 ან GE22BG0000000308124600;

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი ლაბაძე