ერასმუს მუნდუსის კონკურსი გაცვლითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

 

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 15 დეკემბერი. დაწვრილებითი ინფორმაციისათვისა და განაცხადის შესავსებად გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდს. 

 

სრული სააპლიკაციო დოკუმენტაციის პროექტის ვებგვერდზე ატვირთვის ბოლო ვადაა: 2015 წლის 12 იანვარი

 

პროექტი MEDEA მეორე  კონკურსისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის უნვერსიტეტის სამედიცინო მიმართულების სტუდენტებსა და პერსონალს სთავაზობს შემდეგ სააპლიკაციო პოზიციებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის:

 

სამიზნე  ჯგუფი  – I

  • დიპლომამდელი პროგრამა – 6-თვიანი (2 პოზიცია)
  • დიპლომამდელი პროგრამა –10-თვიანი (5  პოზიცია)
  • სამაგისტრო პროგრამა – 6-თვიანი (1 პოზიცია)
  • სამაგისტრო პროგრამა –10- თვიანი ან 24-თვიანი (4 პოზიცია)
  • სადოქტორო პროგრამა –6- თვიანი  (2  პოზიცია)
  • სადოქტოროპროგრამა –18- თვიანი (3  პოზიცია)
  • სადოქტორო პროგრამის შემდგომი კვლევა (დოქტორის წოდების მფლობელთათვის)

სამიზნე  ჯგუფი  – II

  • მაგისტრატურა  –  6-თვიანი (1 პოზიცია)

სამიზნე  ჯგუფი  -III (მხოლოდ ლტოლვითა და შშმ პირთათვის)

  • მაგისტრატურა   – 10 -თვიანი (1 პოზიცია)

სტიპენდია მოიცავს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 1000 ევროს, დოქტორანტებისათვის 1500 ევროს, ხოლო მკვლევარებისთვის 1800 ევროს ყოველთვიურად, ასევე საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის დაფინანსებას.

 

კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხილეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე. 

სამივლინებო ავტომობილი 37 457 ლარად

სამინისტრომ ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან“ 7 ნოემბერს დადო, რომლის მიხედვით 2014 წლის 15 დეკემბრამდე კომპანიამ საქართველოს მთავრობის №121 დადგენილებით განსაზღვრული მე-2 კლასის მაღალი გამავლობის ავტომობილი უნდა მიაწოდოს. მოთხოვნაა ავტომანქანა იყოს შავი და არაექსპლუტაციაში მყოფი. ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღის განმავლობაში სამინისტროს ახალი ავტომობილი ეყოლება.

რისთვის სჭირდება ეს ავტომობილი სამინისტროს? – მინისტრის მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი ამბობს, რომ თანამშრომლების მივლინებისთვის:

„სამინისტროში შექმნილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ჯგუფი შვიდი ადამიანისგან. ჩვენი სამშენებლო ობიექტები მდებარეობს მაღალ მთაში. ხშირად გვიწევს მივლინება. გვყავს მაღალი გამავლობის ერთი მანქანა, მაგრამ ის შვიდი ადამიანისთვის არ არის საკმარისი. ამიერიდან კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფი ნებისმიერ მშენებლობაზე დაბრკოლების გარეშე მივა“ – ამბობს ვლადიმერ  მგალობლიშვილი.

მისივე განმარტებით აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ამჟამად ხუთი მსუბუქი ავტომობილი ემსახურება. ოთხი მინისტრის მოადგილეებისათვის, ერთი კი – მინისტრისთვის.

„გვყავს ასევე ერთი ამორტიზებული მანქანა, რომელიც არის მორიგე მანქანა, მისი შენახვა ძვირი გვიჯდება. ეს არის 2007 წელ შეძენილი ნივა. პრაქტიკულად გაფუჭებულია და მისი გადაადგილება ხდება მხოლოდ ქალაქის ფარგლებში. ქალაქის გარეთ კი სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრის  მოადგილეების მანქანები მიყავთ“ – დასძენს მინისტრის მოადგილე.

მაღალმთიანი აჭარა ზამთრის მოლოდინში

 

ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთის თემში შემავალი სოფელი დანისპარაული მთიან აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია. ბოლო დღეებში თოვლის საფარმა აქ ერთ მეტრს გადააჭარბა. სოფლის მკვიდრი გელა პაპიძე ამბობს, რომ პირველივე გათოვებისას, სამი დღის განმავლობაში სოფელი გარესამყაროს მოსწყდა.

 

„მეხუთე დღეა შუქი არ არის სოფელში, გზა სამი დღის შემდეგ გაიწმინდა, მაგრამ ისიც მხოლოდ ცენტრალური სასოფლო გზა, საუბნო გზები არ გაწმენდილა, რთული ვითარება შეიქმნა“, – ამბობს გელა პაპიძე.

 

იმავე თემის სოფელ ბოძაურის მკვიდრი ბიჭიკო შანთაძე ამბობს, რომ მათ სოფელში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს. „გზა არ ჩაკეტილა, გაწმინდეს, მაგრამ გზა მოყინულია და მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილდებიან, ორი დღის განმავლობაში ჩვენც უშუქოდ ვიყავით“, – ამბობს ბიჭიკო.

 

არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები არ გამოკვეთილა.

 

„თემის ცენტრებამდე გზა არც ერთი მიმართულებით არ ჩაკეტილა, რაც შეეხება შიდა სასოფლო და საუბნო გზებს, ეტაპობრივად იწმინდებოდა. აქცენტი ცენტრალური საავტომობილო გზებიდან შორს მდებარე სოფლებზე ავიღეთ, საგზაო დეპარტამენტის 11 ერთეულ ტექნიკასთან ერთად „იბერია-ჯ“ და „ზიმო-7“ მუშაობდა, იმ დღესვე გადმოვიყვანეთ გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი ავტომობილები. პრობლემა მხოლოდ ელექტრომომარაგებაში შეიქმნა, რადგან სტიქიამ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დააზიანა. სკოლები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები საწვავითა და შეშით მომარაგებულია. ორშაბათს სკოლებში სწრებადობა ნაკლები იყო, რვა ბაღიდან ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სამი მუშაობდა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებმა ბავშვები არ მიიყვანეს“, – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე.

 

ხულოს გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტი ზამთრისთვის მზად არის.

 

„ენერგოკომპანიას გეგმით გამრიცხველიანება ჰქონდა გათვალისწინებული, ყურადღება ბოძების განახლებას ვერ მიექცა. ნაწილი შეიცვალა, თუმცა სრულიად ვერ იქნა პრობლემა აღმოფხვრილი. თუ ორი მეტრი თოვლი ეტაპობრივად მოვა, ჩვენ მზად ვართ არც ერთი მიმართულებით პრობლემები არ შეიქმნას; მაგრამ როცა 24 საათის განმავლობაში დიდი თოვლი მოდის, რა თქმა უნდა, რიგ პრობლემას ქმნის. თუ ნალექი ეტაპობრივად მოვა, არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება“, – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე. მისი თქმით, წელს მომზადებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტიც.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის მსგავსად ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით დუმბაძის განცხადებით, მთავარი პრობლემა ქედაშიც ელექტროენერგიის მიწოდებაში შეიქმნა.

 

„აღმოჩნდა, რომ ენერგოკომპანია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო ზამთრისთვის. იმ სოფლებში, სადაც გამრიცხველიანება დასრულდა, ბევრი ელექტრობოძია შესაცვლელი, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე მოკლე ჩართვამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით პარალიზება გამოიწვია. ენერგო-პრო ჯორჯიას ხელმძღვანელობასთან შეხვედრები ადრეც გვქონდა. მათგან იყო დაპირება, რომ 2015-2016 წლის ზამთრის სეზონისთვის განსაკუთრებულად მოემზადებოდენ, რასაც, ჯერჯერობით, თავი ვერ გაართვეს; ორი დღის განმავლობაში მოსახლეობამ კომპანიის თანამშრომლებთან ერთად სერიოზული შრომა ჩადო პრობლემის აღმოსაფხვრელად. ვფიქრობ, შემდეგ გათოვებაზე ეს პრობლემა აღარ იქნება.

 

რაც შეეხება გზებს, მეწყრის 11 შემთხვევა დაფიქსირდა და გზები ჩაიკეტა. თოვლისა და მეწყრისგან პირველ ეტაპზე ის სოფლები გავწმინდეთ, სადაც ალტერნატიული გზა არ იყო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურებს გადაადგილებაზე პრობლემა არ შექმნია. ისეთი მაღალი ზონის სოფლები, როგორიცაა ხარაულა, დანდალო, მეძიბნა და ნამონასტრევი, გზა ოთხშაბათს გაწმენდილი იყო“.

 

დავით დუმბაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ზამთრისთვის მზადაა. ის აქვე აღნიშნავს, რომ წელს გამგეობა სამი ერთეული ტექნიკის შეძენას გეგმავს. „მუნიციპალიტეტს ბალანსზე `ბელარუსის~ ტიპის ექვსი და მუხლუხებიანი ცხრა ტრაქტორი აქვს. მართალია, ტექნიკა მოძველებულია, მაგრამ მუშა მდგომარეობაშია, სამი მექანიზატორი ჰყავს „ამხანაგობას“. ვფიქრობთ, წელს, დამატებით სამ ერთეულ ტექნიკას შევიძენთ, მათ შორის თოვლმწმენდ „როტორს“. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გადაწყდება ეს საკითხი“, – აცხადებს ქედის გამგებელი.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე აბობს, რომ ნადრევად მოსული თოვლი მათთვის ერთგვარი გამოცდა იყო, ტესტში კი ყველაზე ცუდი შედეგი ენერგოკომპანიამ უჩვენა. „უხუცეს ადამიანებსაც კი არ ახსოვთ ნოემბერში ამ ოდენობის თოვლი. გამოდარებისთანავე ჩვენ ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ, როგორც გზების, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიმართულებით. ნაადრევად მოსულმა თოვლმა ძირითადი პრობლემა ელექტროენერგიის მიწოდებაში გამოკვეთა. მოძველებული ბოძები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული არ შეცვლილა. კომპანიის წინაშე დავაყენეთ საკითხი და უახლოეს დღეებში შემოიზიდება ახალი ბოძები, მოსახლეობა ჩაერთვება სამუშაო პროცესში და ძველს ახალი ჩაენაცვლება. ყველა თემში გვაქვს ტრაქტორები. თოვლის დროს მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკას, ეს იქნება „ამხანაგობის“ კუთვნილი თუ კერძო მესაკუთრის, შეძლებისდაგვარად ვიყენებთ. ახალი ტექნიკა გვჭირდება, საგზაო დეპარტამენტში ავტოპარკინგი უნდა განახლდეს“, – ამბობს შუახევის გამგებელი.

 

კითხვაზე თუ რამდენად მომზადებული ხვდება შუახევის მუნიციპალიტეტი ზამთარს, ტარიელ ებრალიძე ასე პასუხობს: „ზამთარი ჯერ ძალაში არ შესულა. ჩვენ, მთის შვილები, შეჩვეულები ვართ ბუნების საჩუქარს. რაც შეეხება ტექნიკას, ტექნიკის შეძენის აუცილებლობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. შეჯერებული ვართ, როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე საგზაო დეპარტამენტთან, რომ ტექნიკა შევიძინოთ, ანუ მოძველებულ ტექნიკას ახალი ჩავანაცვლოთ, შესაბამისად, მომზადებული შევხვდეთ ზამთარს“.

 

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გენო სურმავა ამბობს, რომ ენერგოკომპანია არსებული პრობლემები სტიქიამ განაპირობა. „ენერგოკომპანია ზამთრისთვის მომზადებულია, სისტემა გამართულია და ყველაფერი გაკეთებული, მომზადებული რომ არ ვყოფილიყავით ასე უცებ ყველაფერს ვერ გავაკეთებდით. რაც გასაკეთებელი იყო ზაფხულში გავაკეთეთ, თუმცა სტიქიამ დაანგრია, ასეთი თოვლი ამ დროს არავის ახსოვს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაზიანებული ადგილები გაგვეკეთებინა და შუქის მიწოდება აღგვედგინა.  მოსახლეობამ არ იცის მოძველებულია თუ არა ელექტრო ბოძები, თუ არ იქნება უსაშველო სტიქია, ყველაფერი კარგად იქნება, ელექტრო ბოძები შემოტანილია, გზა არ არის გაწმენდილი, თოვლმა ჩახერგა გზა და დაზიანების ადგილზე ვერ მივდივართ რომ ჩავანაცვლოთ. ყველა ბოძი ერთად ვერ გამოიცვლება, დამტკიცებული გეგმით ვმუშაობთ“ – ამბობს გენო სურმავა.

 

გაამართლებს თუ არა ენერგოკომპანიის დამტკიცებული გეგმით მუშაობა და ექნება თუ არა ელექტროენერგია ზამთარში მაღალმთიან აჭარას, ამას კარს მომდგარი ზამთარი აჩვენებს. ამინდის სააგენტოების მონაცემების მიხედვით კი, ნოემბერი და დეკემბრის პირველი ნახევარი აჭარაში მზიანი იქნება, თოვლს კი დეკემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ.  

 

ვის ეხება გაზიფიცირების ახალი ტარიფი

 

დავით ლეკვიშვილი
დავით ლეკვიშვილი

ბატონო დავით, ბუნებრივი აირის ბინაში შეყვანა 200 ლარით გაიაფდა. ვის ეხება ეს  ცვლილება?

 

დიახ, ხუთი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები და ერთი წერტილის მოწყობა 600-ის ნაცვლად 400 ლარია, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები. პირველ რიგში ის, რომ მომხმარებელს ტარიფი ერთი წერტილის ასე ვთქვათ, მოხმარების ზღვარით, ანუ საათში გაზის ხარჯის მიხედვით განესაზღვრა. უფრო ზუსტად, მაქსიმალური ხარჯი უნდა იყოს ექვსი კუბ.მ/სთ-ში (შეიძლება ეს ერთი წერტილი იყოს გაზქურა, შესაძლებელია გამათბობელი და ასე შემდეგ). მოქალაქე ამ პირობით შეძლებს დანადგარამდე სრულ გაზიფიცირებას 400 ლარით. ანუ მას ამ 400 ლარში ერთი წერტილის არჩევის უფლება აქვს. მოქალაქეს შეუძლია დაამატოს წერტილები, თუმცა ამ დამატებით წერტილებზე ის დამატებით იხდის თანხას. ჩვენ ვალდებული ვართ დანადგარამდე გარკვეული სტანდარტებით მივიყვანოთ ბუნებრივი აირი, რომელიც მიგვყავს ლითონის მილით, ვამონტაჟებთ მრიცხველსაც. ფაქტობრივად, შესაძლებელია ჩვენი დანახარჯი გაცილებით მეტს შეადგენდეს, ვიდრე 400 ლარია, მაგრამ ეს ჩვენი ვალდებულებაა და უნდა შევასრულოთ. მოქალაქეს კი შეუძლია საფასური ნაწილობრივ გადაიხადოს ან ერთჯერადად. ზოგადად, ეს ცვლილება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაზეა გათვლილი. 

 

ანუ კომპანიისთვის ეს პროცესი არ არის მომგებიანი?

 

მოკლევადიან პერსპექტივაში სამუშაოს ღირებულება თვითღირებულებაზე გაცილებით მეტია, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობაზე. ხშირად გაცილებით მეტი ჯდება მასალები, აღრიცხვის კვანძი, სამუშაო რესურსი და სხვა დეტალები, რომლსაც შევიძენთ, თანაც საქართველოში არც ერთი ეს დეტალი არ იწარმოება. ფასებიც ცვალებადია და ჩვენი სტატისტიკითაც გაცილებით მეტი ჯდება, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ეს ჩვენი ვალდებულებაა.

 

მოქალაქეებთან აფორმებთ თუ არა ხელშეკრულებებს?

 

წესებთან ერთად შემუშავდა და დადგინდა რა ფორმით უნდა მოგვმართოს მოქალაქემ. ერთ წერტილზე განაცხადით მომართვის გარდა არანაირი ხელშეკრულება არ ფორმდება, რადგან ტარიფი განსაზღვრულია. ხელშეკრულება ფორმდება იმ მომხმარებლებთან, რომლებსაც სურთ ერთ წერტილზე მეტი დანადგარების მოწყობა, ანუ ხელშეკრულება ფორმდება დამატებითი წერტილების მოწყობის შემთხვევაში. 

 

თქვენ აღნიშნიშნეთ, რომ ახალი რეგულაცია 5 ნოემბრიდან ამოქმედდა, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს, მაგალითად, განცხადება აქვს დაწერილი 5 ნოემბრამდე, ძველი ტარიფით სარგებლობს თუ ახალი ტარიფით?

 

მოქმედებს ახალი ტარიფი, მაგრამ მოქალაქემ დამატებით უნდა მოგვმართოს. ამ დღეებში მოქალაქეებმა მოგვმართეს და ითხოვეს ახალი რეგულაციით სარგებლობა. ზოგმა ძველი ტარიფით სარგებლობა არჩია, რადგან განისაზღვრა ახალი ვადებიც. ძველი რეგულაციებით ერთი თვეში ვართ ვალდებული მოვახდინოთ გაზიფიცირება, ახალი რეგულაციით კი 40 სამუშაო, ანუ 60 კალენდარულ დღეში.

 

ახალი რეგულაცია გაზის ფასს ხომ არ გაზრდის?

 

ვერ გეტყვით, რომ იზრდება ან მცირდება ტარიფი, წლის ბოლოა, რაღაც კორექტივები შესაძლოა მოხდეს. ჯერ ვერ დავადასტურებ ამის შესახებ ინფორმაციას.

სასწავლო ცენტრი ექიმებისთვის

 

სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო ცენტრში ტრენინგებს ჩაატარებენ გამოცდილი ქართველი და მოწვეული უცხოელი ექსპერტები, რაც განაპირობებს აჭარის სამედიცინო პერსონალის მუდმივ წვდომას მსოფლიო მედიცინის უახლეს და თანამედროვე მიღწევებზე.

სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრი სწავლების  თეორიული ლექცია–სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობის გზით უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის პრაქტიკულ უნარჩვევებზე დაფუძნებულ სწავლებას.

სასწავლო ცენტრი განთავსებულია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში.  

 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

 

ჩატარდება კონსულტაციები თავის, წელისა და კისრის მიდამოების, სახსრების დაავადებების გამოკვლევის მიზნით (ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, შაკიკი, პერიართრიტი, დისკოზი, ლუმბაგო, ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია). კონსულტაციებს ჩაატარებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი შალვა გაბადაძე. 
მისამართი:  ბათუმი. ტაბიძის ქ.N2 

აქცია ბათუმში: “სიკეთის ჯაჭვი” [ვიდეო]

 

 

ორგანიზატორების  თქმით, აქციის მიზანია ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და ბოლო პერიოდში გაზრდილი ფემიციდის შემთხვევების დაგმობა. 

 

 

 

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პარტია თავისუფალი დემოკრატები დატოვა

 

ანზორ თხილაიშვილი

 

ანზორ თხილაიშვილი უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. 

ის აცხადებს, რომ   “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებაში ევროატლანტიკურ კურსის საფრთხესთან დაკავშირებით არგუმენტები ვერ დაინახა.

Fifi: ღამეებს ვათევდი კერვისას

 

 

 ფიფი, რა იქნება აქტუალური 2014-2015 წლის შემოდგომა-ზამთარში?

 

 შემოდგომის მოდა იქნება დახვეწილი და ელეგანტური. ყველა მოირგებს წლევანდელ ტენდენციას. რადგან სწორედ ფართო მასაზეა გათვლილი. შემოდგომის ქალი არის თავისუფალი, მუქ ტონალობებში გადაწყვეტილი. აქტუალურია ე.წ. ტომარას სტილის ტანსაცმელი, რომლის მთავარი აქცენტი უცნაურ კონსტრუქციაზეა გადატანილი, ფრთები, ჯიბებები, მხრები. თეთრი, შავი, ნაცრისფერი, ლურჯი, წითელი, ყვითელი – ეს ის ფერებია, რომლებზეც წელს მოთხოვნა. კაბები ფრანგულ სტილშია, მუხლამდე. თავისუფალი სამოსის გამო აქცენტია გაკეთებული აქსესუარებზე, დიდი, ბრჭყვიალა გულსაკიდები, რომლებიც საოცარ ეფექტს აძლევს სამოსს. მოდურია ბისერები, მაქმანები და თვლები, რომლებიც ხელით მაგრდება სამოსზე. ასევე, ბეწვი და ტყავი ერთად არის აქტუალური. ფეხსაცმელი არის “ბათინკის” სტილის, უხეში, დიდი ქუსლით, მეტალიზებულია. ჩანთები არის პატარა, კლაჩის ფორმის, ნაჭრის ორნამენტებით გაწყობილი. ჩემი შემოდგომის ქალი დახვეწილია, ელეგანტური და სადა. მთავარი აქცენტი მაქვს შემოდგომის ფერებზე. ფანტასტიკური ფილმებიდან მოდის ინსპირაცია.
მამაკაცი უფრო კლასიკურია. ფერები არეულ-დარეულია, მთლიანობაში ჭრელი. შარვალი არის მოტმასნილი კოჭამდე, რომელსაც იცვამენ ჩაჩაჩულ წინდებთან და ტრაქტორის ძირზე, ოდნავ წაწვეტებული ცხვირის მქონე ფეხსაცმელთან იმისთვის, რომ შიშველი კანი გამოჩნდეს. ქურთუკები არის კაპიშონით, მამაკაცის სამოსის კონსტრუქცია ერთ დონეზე რჩება, 1990 წლიდან მამაკაცის პიჯაკის კონსტრუქცია არ შეცვლილა.

 

 FIFI, როგორ დაიწყო შენი კარიერა?

 

 წალენჯიხის რაიონ სოფელ საჩინოში დავიბადე და გავიზარდე, დედაჩემის დამსახურებაა ყველაფერი ის, რაც მე შევძელი, სწორედ მან აღმომიჩინა ხატვის ნიჭი. რაიონში არის სამხატვრო სკოლა, სადაც მატარებდა, ამისთვის სამსახური მიატოვა, რადგან იმ პერიოდში ავტობუსები არ იყო და ვერ ახერხებდა პარალელურად ვეტარებინე ამ სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ვხედავდი, რომ ჩემს ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა ჩემთვის სწავლის საფასური გადაეხადა, ამიტომაც ვეღარ ვოცნებობდი სამხატვრო აკადემიაში სწავლაზე. ნაცნობმა მითხრა, რომ თბილისში მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრი არსებობდა, სადაც შემეძლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში უფასოდ მესწავლა. ჩემით მოვიძიე ინფორმაცია, გადავწყვიტე, რომ ბედი მეცადა, ოჯახის წევრებისთვის არც გამიმხელია ისე წავედი თბილისში, სადაც იქამდე ნამყოფი არ ვყოფილვარ, ძლივს მივაგენი სასწავლებელს, მეტროთი გადასვლა არ ვიცოდი, არც მარშუტების მიმართულება და სულ ფეხით ვიარე, მაგრამ მაინც მივედი. 16 წლის ვიყავი, ჩემი მოდელების ფოტოები ვაჩვენე, მე ყოველთვის ვკერავდი ტანსაცმელს. მოეწონათ და უფასოდ მომცეს სწავლის საშუალება.

 

 როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება თბილისში?

 

 ჩემს მშობლებს მხოლოდ ბინის ქირას ვთხოვდი, მაგრამ ესეც არ ჰქონდათ, ამიტომაც ცუდი პერიოდის გამოვლა დამჭირდა, ჩემი ბარგი-ბარხანით, ორი დღე ქუჩაში ვრჩებოდი, სიცივეში სკამზე მეძინა. ლესელიძეზე, კიბის ქვეშ ვნახე ერთი ოთახი, საშინელი პირობები. ფიროსმანი რომ ცხოვრობდა, ისე ვცხოვრობდი ზუსტად, ამ ოთახში 80 ლარს ვიხდიდი. სასწავლებელში საკერავ მანქანებზე მუშაობის ნებას მაძლევდნენ, პირველი კაბა შევუკერე მონიკა ქარდავას, ამ კაბამ განსაზღვრა მერე ჩემი მომავალი, რადგან ბევრი დაინტერესდა, შეკვეთები მივიღე. სასწავლებელში ღამეებს ვათენებდი კერვისას, ფული არ მქონდა, რომ საკერავი მანქანა მეყიდა. რამდენიმე თვეში შევაგროვე ფული და ვიყიდე საკერავი მანქანა.

 

 ამ რთულ პირობებში როგორ მოახერხე რამდენიმე წელში ატელიეს გახსნა?

 

 ჩემი მიზანი მეხმარებოდა, სულ ვიცოდი, რომ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა. ვიცი, რომ უფრო მეტი გამომივა, ყველა რესურსი მაქვს, რომ ვიყო წარმატებული, მთავარი შრომაა. იმ მძიმე პირობებიდან გამოვედი, ახლა ვარ ძალიან მხიარული, კლიენტი დადებითი ენერგიით უნდა დავმუხტო, რომ მას ჩემთან მოსვლა მეორეჯერაც მოუნდეს. ხშირად მეუბნებიან, რომ კარგი აურა მაქვს, მეგობრული ვარ. მარჯანიშვილზე მაქვს ატელიე, მყავს მოსწავლეები, კლიენტები, მქონდა ოთხი ჩვენება. ახლა ვემზადები “ბინექსისთვის”, რომელიც ქობულეთში, ჭყონიას სასტუმროში ტარდება. თბილისის “fashion week”-ზე მინდა წელს გასვლა.

 

კონკურსზე რა კოლექციის წარდგენას გეგმავ?

 

 ამ კონკურსზე ყველაფერს აკვირდებიან, ნაჭრის ფაქტურა, ქსოვილები, ტექნოლოგია, კონსტრუირება, იდეა, ყველაფერი მნიშვნელოვანია. კონკურსზე წარვადგენ ხუთ კოსტიუმს, მომწონს პრეტაპორტე, ამავდროულად მომწონს ხელით გაკეთებული სამოსი, რომელიც არის ექსკლუზიური, ამიტომაც ვამჯობინებ, რომ ხელით შეკერილი სამოსი წარვადგინო კონკურსზე.

 

როგორც ვიცი, მამაკაცისა და ქალის ხაზზე მუშაობ…

 

 ბავშვებისთვისაც ვკერავ. ჩემი სტილი არის ქუჩისთვის განკუთვნილი, ყოველდღიური სტილია, მაგრამ მასში ჭარბობს დახვეწილი ელემენტები, მიყვარს სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, ფერები. თეთრი, შავი და წითელი ფერი მომწონს განსაკუთრებით. თბილისში ზაფხულში მოსწონთ ჭრელი ფერები, ზამთარში უფრო მუქი. ვითვალისწინებ მომხმარებლის სურვილს, მსოფლიო ტენდენციასა და ჩემს ხედვას.

 


 თუ არის განხილვის თემა შენი ჩაცმულობა?

 

 საშინელი რეაქცია აქვს ხალხს, ქუჩაში მაძახებენ, მაგინებენ კიდეც. მე მოვდივარ ერთხელ, ნიახური ხომ არ ვარ ორჯერ მოვიდე. მე მაქვს ჩემი სტილი, ჩემი საქმე, სხვის შეხედულებას არ ვაქცევ ყურადღებას, რომ მლანძღავენ ეს რა გაცვიაო, ვდგავარ და ვიცინი.

 

 ვინ არის შენი ფავორიტი დიზაინერი?

 

 ვგიჟდები ალექსანდრე მაქქვინზე, მომწონს ქრისტიან დიორიც, რომელსაც აქვს ელეგანტური, ფუშფუშა სამოსი. მეც ვცდილობ ჩემი ქალი იყოს ელეგანტური. მთავარი ის არის, რომ სრულყოფილი იყოს ნამუშევარი, ქართველი დიზაინერების უმეტესობა ტექნიკურად კარგად არ ამუშავებს სამოსს, კარგად არ კერავს. ჩემთვის მთავარია, რომ კარგად შევკერო ის, რასაც ვკერავ. ქსოვილები კი შეიძლება ლილოშიც ვიყიდო, მე ამის აღიარების არ მრცხვენია.

 

 როგორ ფიქრობ, რა არის შენი წარმატების მიზეზი?

 

 

 მაქვს სერვისი, რომელიც არავის არ აქვს, სახლშიც კი ვემსახურები კლიენტს, რაშიც ფეხის ქირას არ ვღებულობ. ჩემი სამოსი ყველასთვის მისაწვდომია, 2000-3000 ლარს არავის ვახდევინებ სამოსში, მირჩევნია ჩემი ტანსაცმელი ბევრს ეცვას, ვიდრე ორ-სამს, ამიტომაც ვარ გაყიდვადი.

 

 სად შეიძლება შენი ტანსაცმლის შეძენა?

 

 მაღაზიის გახსნა მინდა, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ, ჩემი ნამუშევრების ნახვა შეიძლება “Comode”-ში, რომელიც მდებარეობს ბარნოვის 44-ში, ბათუმშიც ქართველი დიზაინერების მაღაზიაში გაიყიდა ჩემი კოსტიუმები, ბათუმელი კლიენტებიც მყავს, ამ ზაფხულს “Bazaar Bar”-ში მქონდა ჩვენება.

 


რა გეგმები გაქვს?

 

 ძალიან მინდა ლონდონში “სენ მარტინის” სასწავლებელში სწავლა, 3000 ფუნტია სწავლის საფასური, ამდენი თანხა არ მაქვს, რომ წავიდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იქ აუცილებად ვისწავლი, მთელი ცხოვრება მუშაობაც რომ დამჭირდეს ამისთვის. ანაბარი უკვე მაქვს.

 

 

 

 

ავტომანქანის, შოკოლადისა და ბავშვის ეტლის ქურდების საქმე

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

პატიმრის ადვოკატი, რამინ პაპიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ოჯახის მთავარი მოთხოვნაა პროკურატურამ და სასამართლომ სამართლიანად გამოიძიოს დაკავებული 36 წლის გიორგი პ. სისხლის სამართლის საქმე.

 

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი და კიდევ ორი პირი (აქედან ერთი არასრუწლოვანია) პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დააკავა.

 

ბრალდების მიხედვით, დაკავებულებმა სოფელ თხილნარში დუმბაძების საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს  მსუბუქი ავტომანქანა, სარეცხი საშუალებები, შოკოლადი, ბავშვის ეტლი… საერთო ჯამში მოპარული ქონება თითქმის შვიდი ათას დოლარად არის შეფასებული.

 

დაკავებულთაგან ორ ბრალდებულს პირველი ინსტანციის სასამართლომ საპროცესო შეთნხმება გაუფორმა და პატიმრობიდან გაათავისუფლა, მესამეს, ანუ გიორგის კ-ს ოთხი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ის თავს უდანაშუალოდ მიიჩნევს. 

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში. იუსტიციის სახლთან შეკრებილები პროკურორ დავით ხარძეიშვილს საქმის სამართლიანად გამოძიებას სთხოვენ. 

 

მარჯანიშვილის თეატრის გასტროლი ბათუმში

 

პიესის ავტორია ესპანელი მწერალი და დრამატურგი ჟორდი გალსერანი, რეჟისორი – თემურ ჩხეიძე, მხატვარი – გიორგი ალექსი-მესხიშვილი
რეჟისორის ასისტენტი – ნინო ჟორჟოლიანი. 

მონაწილეობენ: ეკა ჩხეიძე; ნიკოლოზ თავაძე; აპოლონ კუბლაშვილი; ალეკო მახარობლიშვილი. 

 

გასტროლი  აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება. 

 

ბილეთები იყიდება ბათუმის დრამატული თეატრის სალაროში. ბილეთის ფასი: 5, 7, 10, 12 ლარი

 

საზღვაო ჰოსპიტალში დაგეგმილი კონსულტაციები

 

15–16 ნოემბერი–ფიბროსკანით გამოკვლევა (ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევა)

14–21 ნოემბერი – დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, ფასდაკლებების პაკეტი

29 ნოემბერი– პედიატრი ქეთი ნემსაძე.

29 ნოემბერი – გოჩა ჩუტკერაშვილი, ნეიროქირურგის უფასო კონსულტაციები–უფასო!

13–14 დეკემბერი ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი. 

13–14 დეკემბერი, ფიბროსკანით გამოკვლევა (ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევა)

20 დეკემბერი–ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მაია რეხვიაშვილი.

 

მის: ბათუმი, მელიქიშვილის 102

ტელ: 0422 27 25 88

 

 

176 დევნილ ოჯახს აჭარაში საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება

 

 სოზარ სუბარმა შეხვედრის მონაწილეებს უწყების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სიახლეები გააცნო და მათი რეკომენდაციები მოისმინა.  კერძოდ, ცვლილებები შევიდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახების განსახლების კრიტერიუმებში.

 
 
ცვლილებების შედეგად, მანამდე არსებული დაზარალების 4 კატეგორია შეიცვალა და 2 კატეგორიად ჩამოყალიბდა.  პირველი კატეგორია  მოიცავს ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენის შედეგად (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა)  და არ ექვემდებარება აღდგენას. 
 
 
მეორე კატეგორია აერთიანებს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა),   საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.
 
 
 
შესაბამისად,  ცვლილებები შევიდა სოციალური კრიტერიუმების პაკეტშიც. პირველ კატეგორიისათვის, 5 ქულის ნაცვლად, განისაზღვრა 10 ქულა. მეორე კატეგორია 4-ის მაგივრად 7 ქულას მიიღებს. 
 
 
 
სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, შესაძლებლობა ეძლევათ, 20 000 ლარის ფარგლებში,  საცხოვრებელი სახლი თავიანთი სურვილის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოიძიონ.
 
 
მთავრობის ცნობით,  2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, სამინისტრო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 90-მდე  ოჯახს განასახლებს, რაც 3-ჯერ აღემატება სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში განსახლებული ოჯახების რაოდენობას.
 
 
სამინისტროს უნდა მიმართონ იმ ოჯახებმა, რომლებიც დაზარალდნენ და გადაადგილებას ექვემდებარებიან შემდეგი სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე: მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
 
 

ცოცხლად დამწვარი გოგოები

 

სუადს ერთი ძმა და ოთხი და ჰყავს. წესით, ცხრა და უნდა ჰყავდეს. გაინტერესებთ, დანარჩენი ხუთი და სად წავიდა? ისინი სუადის დედ-მამამ დაახრჩო, იმიტომ, რომ გოგოები იყვნენ, სუადის თანასოფლელი მამაკაცები კი „არჩევანის წინაშე რომ დააყენო, ძროხა თუ გოგოო, ძროხას აირჩევენ, იმიტომ, რომ ძროხა რძეს და ხორცს იძლევა, გოგო კი არაფერს“. გოგო მხოლოდ მუშახელია, რომელიც, თუ ოჯახში ისედაც საკმარისი მუშახელი ჰყავთ, ზედმეტ მჭამელ პირად შეიძლება იქცეს. ამიტომ, მას ცხვრის ტყავში გადაახვევენ გაჩენისთანავე და გუდავენ. ამას მკვლელობას არავინ ეძახის. ეს ყოველდღიურობაა. იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ სუადის და, ნურა, ამბობს, მეც ასე მოვიქცევი, გოგო თუ გამიჩნდაო.

 

ახლა ჰანანის, სუადის  დის ამბავიც მოვყვეთ. ლამაზი, შავთვალწარბა, სიცოცხლით სავსე ჰანანის ამბავი, რომელიც იყო და მერე უცებ ერთ დღეს აღარ იყო, იმიტომ, რომ სუადის ძმამ ტელეფონის შნურით მიახრჩო. მიზეზი, ალბათ, გაინტერესებთ. ჰანანი ტელეფონზე ბიჭს ესაუბრებოდა! ამიტომაც,  ოჯახი შეთანხმდა, რომ ჰანანი ძმის ხელით უნდა მოკვდეს. საღამოს ყველა სტუმრად წავიდა და ლამაზი, შავთვალწარბა ჰანანი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, მოკვდა.

 

სუადს ბიჭი შეუყვარდა. განა რამე დააშავა, უბრალოდ ბიჭი შეუყვარდა. ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა, რომ სუადი სიძის ხელით უნდა მოკვდეს. იმიტომ, რომ გოგოა. იმიტომ, რომ მისგან სარგებელი არაა. იმიტომ, რომ ოჯახი შეარცხვინა. ამიტომ სიძემ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

 

სუადი სოფელში შემთხვევით გამოვლილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გადაარჩინა. მერე ეს გოგო ევროპაში წავიდა, დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება და „ცოცხლად დამწვარი~ დაწერა. წიგნი ქალების კვლაზე. წიგნი ქვეყანაზე, სადაც ფემიციდი ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ცხვრების მწყემსვა, როგორც ლეღვის კრეფა, როგორც ჭამა და ძილი. წიგნი კაცებზე, რომლებსაც ქალები ეზიზღებათ და ქალებზე, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი კაცები არ გააბრაზონ. რომ როგორმე ცოცხლები გადარჩნენ მრისხანე ქვეყანაში. აქ გოგონების ცხოვრებაში საერთოდ არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ მათი დღეები ძალიან ჰგავს კომპიუტერულ თამაშს, სადაც მთავარი ამოცანაა, მოქნეულ მუშტებს, გამოქანებულ ბენზინის ჭურჭელს, დანას და ტელეფონის შნურებს დაუძვრე, რომ მერე ახალი დღე გათენდეს და ისევ იგივე განმეორდეს.

 

ყოველთვის ასე არ იქნებოდა ეს ამბავი. ალბათ ჯერ ერთი ჩვილი გოგო გაგუდეს ცხვრის ტყავით და ხმა არავინ ამოიღო – ოჯახის საქმეში არ ჩაერივნენ მეზობლები. მერე კიდევ ერთი „გზასაცდენილი“  გოგო შეაგდო მამამისმა ავტობუსის ქვეშ – არც ამაზე აღშფოთებულა დიდად არავინ – ოჯახის საქმე გარეთ არ უნდა გაირჩეს.  ოჯახის რეპუტაცია ყველაფერზე მაღლა დგას – დიდი ამბავი, თუ ერთი პატარა გოგო მთელი ცხოვრება იშუშებდა საზარელ დამწვრობებს.

460 უკანონო ნაგავსაყარი აჭარაში

 

უკანონო ნაგავსაყრების შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის ბათუმის მერიას და მუნიციპალიტეტების გამგეობებს გაეგზავნა. „ბათუმელები“ დაინტერესდა რას აპირებს ბათუმის მერია და ხუთი მუნიციპალიტეტის გამგეობა იმისათვის, რომ რეგიონში უკანონო ნაგავსაყრები მოწესრიგდეს.

 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური და შპს „სანდასუფთავება“ მუდმივ რეჟიმში უწევენ მონიტორინგს ქალაქის ტერიტორიის დანაგვიანებას. თუმცა, ის ფაქტი, რომ ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენებს ღამის საათებში ტოვებენ, ართულებს კანონდამრღვევის გამოვლენას.

 

„კერძო თუ იურიდიული პირების მხრიდან სამშენებლო თუ სხვა სახის ნარჩენების ქალაქის გარკვეულ ტერიტორიებზე დაყრამ გამოიწვია უკანონო ნაგავსაყრების გაჩენა. არაერთ გამოვლენილ ფაქტზე მოხდა რეაგირება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე პრიმა და 148-ე მუხლების შესაბამისად. შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა. მიმდინარე წლის განმავლობაში შპს `სანდასუფთავებამ“ ქალაქის ტერიტორია არაერთი უკანონო ნაგავსაყარისგან გაათავისუფლა. სამშენებლო თუ სხვა სახის ნარჩენები გაიტანეს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე არსებული უკანონო ნაგავსაყარიდან, გოროდოკში – ჭონქაძის ქუჩიდან, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიიდან. გარდა ამისა, ყოველდღიურად ხდება ხელოვნურად შექმნილი პატარა ნაგავსაყრების მონიტორინგი და დასუფთავება. მიუხედავად ამისა, ქალაქის ტერიტორიაზე მაინც რჩება უკანონო ნაგავსაყრები. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ გარემოს და თავი შეიკავონ ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო თუ სხვა სახის ნარჩენების დატოვებისგან,“ _ განუცხადეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

 

 

გარემოსდაცვის სამმართველოს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 113 უკანონო ნაგავსაყარია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ანზორ ფერცელიძის თქმით კი, მუნიციპალიტეტში პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია.

 

„თითქმის მოწესრიგებულია და აღმოფხვრილია ეგ პრობლემა. მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა და ძალისხმევა, რომ არც ერთ სოფელში არ იყოს უკანონო ნაგავსაყარი. მხედველობაში მივიღეთ გარემოს დაცვის სამმართველოს დადებული დასკვნა და იმ დღიდანვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. თუ რელიეფი გვაძლევს საშუალებას, ადგილზე ვმარხავთ. ბევრგან ადგილზე ამოვჭერით ორმოები, დავწვით და მერე მიწით გადავფარეთ. საიდანაც შეიძლებოდა გატანა გავიტანეთ,“ – ამბობს ანზორ ფერცელიძე.

 

ქობულეთში, სადაც 87 უკანონო ნაგავსაყარია აღრიცხული, პრობლემის მოგვარებას მომავალი წლისთვის გეგმავენ. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაგვიცხადეს, ჯერ უნდა შედგეს სტრატეგიული გეგმა, მოიზიდონ ფინანსური რესურსები და შემდეგ დაიწყება სამუშაოები. პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი სახსრები 2015 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

 

ქედაში, სადაც 32 უკანონო ნაგავსაყარია აღრიცხული, ორშაბათიდან აპირებს მათ მოწესრიგებაზე ზრუნვას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. აქამდე საკითხის მოუგვარებლობას კი იმით ხსნის, რომ ცალკეულ სოფლებში მუნიციპალიტეტს რწმუნებულები არ ჰყავდა.

 

„ორშაბათიდან დანიშნული იქნება გამგებლის ყველა წარმომადგენელი, რომელთაც დაევალებათ აღნიშნული ნაგავსაყრების მოწესრიგება, სპეციალური ადგილის გამოყოფა. ორშაბათიდან ზედამხედველებთან ერთად რწმუნებულები მიხედავენ მაგ საქმეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გურამ ბერიძემ.

ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული 25 უკანონო ნაგავსაყარი სოფლებშია განთავსებული. ნაგვის მანქანა კი მხოლოდ დიოკნისის თემსა და კურორტ ბეშუმს ემსახურება. 

 

„დანარჩენ სოფლებს ვერ გავწვდით. ნარჩენების ტრანსპორტირება მაღალმთიანი სოფლებიდან ჭირს. მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ ნაგვის დაყრით ისინი უკანონო ქმედებას ჩადიან. იქ, სადაც ნაგავსაყარი არ არის, დაუშვებელია ნაგვის დაყრა. რთული თემაა. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეში ან ერთ წელიწადში მოგვარდება, მაგრამ ვცდილობთ მაგისტრალურ ზოლში თემის ცენტრები მაინც ჩავრთოთ,“- ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე.  

 

23 უკანონო ნაგავსაყარია შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 

 

„ეს ნაგავსაყრები არის სოფლებში და არა დაბის ტერიტორიაზე. არაერთხელ ჩავატარეთ აქცია სოფლებში, გავაფრთხილეთ ხალხი, რომ აღარ მოეწყოთ ნაგავსაყრები. დავალაგეთ, ადგილზე დავწვით ნაგავი, მაგრამ ისევ მეორდება. თვითონ მოსახლეობა არ ერიდება,“ – ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე.

 

მისივე თქმით, ჯერჯერობით სოფლებიდან ნაგვის გატანას ვერ ახერხებენ: „ვაპირებთ  ყველა სოფელში მოეწყოს ნაგავსაყარი. შევთავაზეთ სოფლებს, აერჩიათ ისეთი ადგილი, სადაც მოეწყობოდა ნაგავსაყარი და არ იქნებოდა სოფლისთვის საზიანო. მაგრამ მოსახლეობამ გააგრძელა ისევ უსისტემოდ დაყრა. არანაირად არ მოხერხდა, რომ შერჩეულ ადგილზე დაეყარა. ამჯერად ვაპირებთ კიდევ ერთხელ ჩავატაროთ აქცია სოფლებში და მკაცრად გავაფრთხილოთ – თუ ნაგავს დაყრიან, დაჯარიმდებიან“.

ევროსასამართლო:პოლიცია პირდაპირ იყო ჩართული ძალადობრივი ფაქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში

ბიულეტეში სახალხო დამცველი საუბრობს ევროპული სასამართლოს  იმ გადაწყვეტილებაზე, სადაც საქართველოს სახელმწიფოს კონვენციის მუხლები დაუდგინდა;

2014 წლის 7 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”  ერთხმად დაადგინა სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-9 (რელიგიის თავისუფლება) მუხლების დარღვევა, ცალკე და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან მიმართებაში, მთლიანობაში 88 განმცხადებლის მიმართ. საქმე 2000-2001 წლებში იეჰოვას მოწმეების ფართომაშტაბიან  დევნას ეხება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ შექმნა დაუსჯელობის კლიმატი, რამაც ქვეყნის მასშტაბით წაახალისა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ თავდასხმები. თორმეტი წლის წინ ევროპულ სასამართლოს იეჰოვას  99 მოწმემ სარჩელით მიმართა. საქმეში 2000-2001 წლებში იეჰოვას მოწმეების დევნის, მათ წინააღმდეგ გამოჩენილი ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის 30-მდე ეპიზოდია შესული, რომელთა ძირითადი ნაწილი ბასილ მკალავიშვილის ექსტრემისტულმა ჯგუფმა განახორციელა. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, იეჰოვას მოწმეებმა  დაახლოებით 160-მდე საჩივარი შეიტანეს ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ წინააღმდეგ ჩადენილი თავდასხმები განხორციელდა პოლიციის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით ან მათი ხელშეწყობით. აღნიშნულ  საჩივრებს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. სამ შემთხვევაში განმცხადებლებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს, თუმცა მათი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

მოცემულ საქმეზე სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა 32 განმცხადებლის შემთხვევაში  დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლებზე თავდასხმები რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ხდებოდა, რითაც იეჰოვას მოწმეებს მნიშვნელოვანი ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური ზიანი მიადგათ. ევროპული სასამართლოს შეფასებით, პოლიციამ არამხოლოდ ვერ შეასრულა პრევენციის ფუნქცია და აშკარა უმოქმედობა გამოავლინა, არამედ ის პირდაპირ იყო ჩართული ძალადობრივი ფაქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. საქმეში სასამართლომ დეტალურად შეაფასა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებული ხარვეზები, როგორიცაა საჩივრის რეაგირების გარეშე დატოვება, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრობლემა და გამოძიების ვადების გაჭიანურება.

 

სასამართლოს აზრით, სახელმწიფომ არ შეისწავლა ძალადობრივი დანაშაულებების შესაძლო დისკრიმინაციული მოტივები. აღნიშნული გარემოებები მნიშვნელოვანი არგუმენტი აღმოჩნდა სასამართლოსთვის ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეთა მიმართ ძალადობის საქმეებზე არაადეკვატური  და არაეფექტური გამოძიების პრაქტიკის და კონვენციით განსაზღვრული ვალდებულების სისტემური შეუსრულებლობის დასადგენად. ამავე დროს, საქმეში არსებული ინციდენტები სასამართლომ განიხილა, როგორც იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედებები მოტივირებული იყო იეჰოვას მოწმეების მიმართ    შეუწყნარებელი დამოკიდებულებით.

 

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ პასუხისმგებელმა უწყებებმა ვერ შეასრულეს საკუთარი ფუნქცია, მიეღოთ საჭირო ზომები იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობას, თითოეული განმცხადებლისთვის, რომელთა მიმართაც კონვენციის დარღვევა დადგინდა, 350 ევროს გადახდა დაეკისრა. ასევე, სახელმწიფომ გაწეული ხარჯების სანაცვლოდ განმცხადებლებს ჯამში 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. 

თოჯინების თეატრის რემონტზე 200 ათასი ლარი დაიხარჯება

 

თოჯინების თეატრის სარეკონსტრუქციოდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 163 226,28 ლარია უკვე დახარჯა, თუმცა სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო, თეატრის შენობა ისევ გასარემონტებელია.

 

მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს “თექ-ევ ინშაათის” დირექტორს ჰალილ ექშის და კიდევ რამდენიმე პირს, რომელიც თოჯინების თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აწარმოებდნენ, დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისების გამო ბრალი წაუყენა. ჰალილ ექში ამ დრომდე მიმალვაში იყო და მხოლოდ სამ ნოემბერს, აზერბაიჯანში საზღვრის კვეთის დროს დააკავეს.

 

 გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად  გამოყენებას ედავება თოჯინების თეატრის მმართველს, მედეა ჩარკვიანსაც. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. 


ვიდეო “ბათუმელების” არქივიდან


№3 საპყრობილეში 6 პატიმარი შიმშილობს

 

გვაინტერესებდა მოშიმშილე პატიმრების რიცხვი ბათუმში შემცირდა თუ გაიზარდა. 
სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა, თაია მახარაშვილმა გვითხრა, რომ ამის გასაგებად სამინისტროს ისევ წერილობითი ფორმით უნდა მივმართოთ (ეს უწყება წერილობით პასუხს, როგორც წესი, ათ დღეში გვაწვდის).

 

2014 წლის 10 მაისიდან (საპყრობილე ბათუმში მაისში გაიხსნა) 2014 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N3 დაწესებულებამ 535 პატიმარი მიიღო. ამავე პერიოდში 90 პატიმარი შიმშილობდა. 28 ოქტომბრის მდგომარეობით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N3 დაწესებულებაში იმყოფება 171 პატიმარი. აქედან ექვსი შიმშილობს.
მაისიდან ოქტომბრამდე 35 პატიმარი იყო მოთავსებული სამარტოო საკანში, კარანტინში კი _ 452 პატიმარი იმყოფებოდა

 

 

„სიკეთის ჯაჭვი“ ძალადობის წინააღმდეგ

„აქტიური მოქალაქეების“ შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

ორგანიზატორების განცხადებით, აქცია ორიენტირებულია არა მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობაზე, არამედ ზოგადად ძალადობის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ:

„კარგი იქნება თუ აქციაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მაგალითად, გვინდა რომ სპორტსმენებმა ერთი თამაში მიუძღვნან ქალთა მიმართ ძალადობას  და ა.შ  ამ ტიპის აქციებით საზოგადოებაში პოზიტივი გაძლიერდება  და მეტი ადამიანი დაფიქრდება“ – ამბობს თამარ ბაუჟაძე.

„სიკეთის ჯაჭვის“ შესახებ ორგანიზაციამ განცხადება „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გააკეთა. შეხვედრას სკოლის პედაგოგებიც ესწრებოდნენ. მეათე საჯარო სკოლის პედაგოგმა აქცენტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზეც გააკეთა.

„დღეს  არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა ხდება ამ ქვეყანაში, ადამიანებზე ძალადობს სახელმწიფოც. მე პედაგოგი ვარ და მიმაჩნია რომ  დღეს ყველა პედაგოგი ძალადობის მსხვერპლია, რადგან მათი შრომა სათანადოდ არ არის დაფასებული სახელმწიფოს მხრიდან“- განაცხადა მან.

სიკეთის ჯაჭვი 11 ნოემბერს, ევროპის მოედანზე, 18:00 საათზე გაკეთდება.  ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის სიმბოლო – თეთრი გულსაბნევები, აქციის ყველა მონაწილეს დაურიგდება.

ზღვისპირა პარკში საბავშვო ავტოდრომი იხსნება

„სამი წუთი სამი ლარი ეღირება. ავტოდრომზე სულ  შვიდი მანქანა გვყავს. ამდენივეს დამატებას კიდევ ვაპირებთ. მანქანები იტალიიდან არის ჩამოტანილი და საკმაოდ კარგი ხარისხისაა“- ამბობს საბავშვო ავტოდრომის ხელმძღვანელი მამუკა კონცელიძე.

მისივე ინფორმაციით, საბავშვო ავტომანქანები  ტექნიკურად შემოწმებულია შესაბამისი სამსახურების მიერ:  

„გვინდა, რომ თითოეული მომხმარებელი იყოს სრულიად დაცული. სამომავლოდ,  მიმდებარე ტერიტორიების გაფართოებას ვაპირებთ“.  

ლიტერატურულ მარათონში გამარჯვებული მოსწავლეები

 

ტურში მონაწილეობდნენ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები. რეგისტრაცია გაიარა 2354 მოსწავლემ, პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 950 მოსწავლემ, ხოლო მეორეში – 45-მა.

ტური  ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. პირველ კატეგორიის მონაწილეები VII – IX კლასის მოსწავლეები იყვნენ, მეორე კატეგორიის მონაწილეები კი  X – XII კლასის მოსწავლეები. პირველ კატეგორიაში მონაწილეთა შორის გაიმარჯვა ხუთმა მოსწავლემ, ხოლო მეორე კატეგორიაში – ექვსმა კონკურსანტმა.

 

აჭარის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, VII – IX კლასელებს შორის გამარჯვებულები არიან:

 

პირველი ადგილი – ირმა კეკელიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა.

 

მეორე ადგილი – ლედი მიქელაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის  საჯარო  სკოლა; ნია შაქარიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა, ცოტნე ქართველიშვილი, სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლა და მარიამ შანიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლა.

 

X – XII კლასელებს შორის გამარჯვებულები არიან:

 

პირველი ადგილი: ელენე ცეცხლაძე, ბათუმის #10 საჯარო სკოლის მოსწავლე;

 

მეორე ადგილი: მეგი თედორაძე, #18 საჯარო სკოლის მოსწავლე; ხატია ზუხუბაია,  #16 საჯარო სკოლის მოსწავლე; ნინო ბასილაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის  #2 საჯარო სკოლა; თამუნა ყურშუბაძე, ჩაისუბნის #2 საჯარო სკოლა.

 

მესამე ადგილი: ლელა ყურშუბაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფ.ჩაისუბნის #2 საჯარო სკოლა.

 

მარათონის მოსამზადებლად ექვსი თვის მანძილზე მუშაობდა სპეციალური კომისია: ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნანა ტრაპაიძე, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეა თავბერიძე, მწერალი და მთარგმნელი ბადრი თევზაძე, ელიტარული ინტელექტკლუბის „რა, სად, როდის?“ წევრი, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ მფლობელი ირაკლი ბაკურიძე.  

პირველად საქართველოში – ბათუმში 16 წლამდელთა მორაგბეების ტურნირი მიმდინარეობს

დღეს ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის „მერანი“ და თბილისის „წიქარა“. მერანის 16 წლამდელებმა ხუთი ქულით აჯობა „წიქარას“ და ანგარიშით 15:10 მოუგო.

მომდევნო შეხვედერები გაიმართება 13 და 14 ნოემბერს, 12 და 15 სააათზე. აჭრის ნაკრების  თამაშები 15 საათზე შედგება, დღეს კი ქუთაისის „აიას“ ეთამაშება.

მორაგბეთა კლუბ „ბათუმის“ ხელმძღვანელის რამაზ სანებლიძის თქმით, მსგავსი ტურნირი საქართველოში პირველად გაიმართა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რაგბში ჭაბუკთა ტურნირი არ ჩატარებულა. ეს არის პირველი მცდელობა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში გახდეს რაგბი უფრო მეტად პოპულარული“ – ამბობს რამაზ სანებლიძე.

გამარჯვებული გუნდი 14 ნოემებერს გამოვლინდება, რომელსაც სამახსოვრო თასი გადაეცემა. ტურნირის ბოლოს გამოლინდებიან საუკეთესო მოთამაშეები.

ოთხთა ტურნირი რაგბში აჭარის რაგბის კავშირის, ინიციატივით, ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსებით ტარდება. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის, სპორტის განყოფილების ხელმძღვანელის მინდია ქათამაძის თქმით, ტურნირისთვის 51 000 ლარია გამოყოფილი.

ღამის თავშესაფარი 40 ბენეფიციარს მიიღებს

 

არასამეწარმეო გიურიდიული პირის „ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს“ დირექტორის ბადრი გოგიძის განცხადებით, სააგენტო დამატებით 20 საწოლის შესყიდვასაც აპირებს:

 

„ახლა ვმუშაობთ საგანგებო რეჟიმში და გვინდა ახალი საწოლების შეძენაც, რადგან წყალდიდობა ან რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა რომ მოხდეს, ამისთვის მომზადებული ვიყოთ“.  

 

ღამის თავშესაფარი ურეხში, ყოფილი ბავშვთა სახლის შენობაშია განთავსებული.

 

სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ვერ მოხერხდა უფასო სასადილოების რემონტი, რადგან შენობა-ნაგებობები არ იყო სააგენტოს ბაზაზე. 

 

„ამისთვის 20 ათასი ლარი გვქონდა გამოყოფილი, მაგრამ თანხა ისევ მერიას დავუბრუნეთ. იმედია მომავალ წელს გადმოგვცემემ შენობებს და გავარემონტებთ“-აცხადებს დირექტორი.

 

სააგენტომ მერიას დაუბრუნა ეკონომიებისგან მიღებული 49 500 ლარიც: „ეს ეკონომია ელექტროენერგიის ხარჯის დაზოგვით მოხდა, რადგან სისტემა ბუნებრივ აირზე გადავიყვანეთ“. 

  

“ბათუმის განვითარების ფონდი“ უფროსის სახლში

 

 

 

„გარდა იმისა რომ ოფისი არ გვაქვს, განვითარების ფონდში ორი ადგილიც ვაკანტურია და ახალი თანამშრომლები ვერ აგვყავს“ – აცხადებს ფონდის ბუღალტერი შორენა ხუჯაძე.

 

„თავისუფალი დამოკრატების“ წარმომადგენელის კობა ჩხეიძის თქმით, ფონდის განთავსება სამსახურის ხელმძღვანელის სახლში უხერხულია:

 

„ასე ხდება ბათუმის განვითარებაზე მსჯელობა? თანაც ამბობთ, რომ ორი ადგილი თავისუფალია, მაშინ როცა ამდენი ადამიანია სამსახურის გარეშე დარჩენილი“.

 

კობა ჩხეიძის შენიშვნას იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილიც: „ოფიციალური სტუმარი რომ მოვიდეს, ის უნდა არკვიოს სად არის ავთანდილ დარჩიას სახლი?  ვფიქრობ, ფონდმა ოფისი უნდა იქირაოს. მერიას აქვს არჩეულიშვილის სახლში ფართი, რომელიც შეგიძლიათ გაარემონტოთ, ან სადმე სხვაგან გადახვიდეთ“.   

 

ბუღალტერის განცხადებით, ბათუმის განვითარების ფონდის ოფისის საკითხი 2011 წელსაც განიხილებოდა.  

უფასო ჩოგბურთი სოციალურად დაუცველებისთვის

 

 

 

სოფო მიქელაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. ამ პროგრამის ფარგლებში სპორტული და სახელოვნებო მიმართულების პროგრამებისთვის  464 800 ლარია გათვალისწინებული. აქედან,  ასი ათასი ლარი ჩოგბურთის მიმართულებით  დაიხარჯება.  

გამოასახლებენ თუ არა ბარაკებში მცხოვრებლებს იძულებით?

 

 

 

 

 

დღეს საკრებულოს სხდომაზე იაფი სახლის საკითხი პირველად გაიტანეს და პირველივე კენჭისყრაზე მიიღეს. სამი თორმეტის წინააღმდეგ – ასე გადანაწილდა ხმები.   

 

„უნდა მოხდეს ბარაკული ტიპის დასახლების აღება და იმ ტერიტორიაზე პროექტის განხორციელება. მერია ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებს გადაუხდის ფულად კომპენსაციას,  1კვ/მ 400 დოლარის ექვივალენტი ლარის შეთავაზება მოხდება“- განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

 

მერის წინადადება სხდომაზე საკამათო გახდა.  ერთ-ერთი მოქალაქის, მარინა ასკურავას განცხადებით, შემოთავაზებული თანხა არაადეკვატურია:

 

„მე 28 კმ/მ ფართს ვფლობ, ამიტომ კომპენსაციის სახით სადღაც 35 ათასი ლარი გამომივა, რაც ახალი ბინის შესაძენად საკმარისი არ იქნება. მიმაჩნია, რომ საკითხი უნდა იქნეს გადაწყვეტილი, თუმცა კომპენსაციის საკითხზე მსჯელობა აუცილებელია“- განაცხადა მან.

 

გიორგი ერმაკოვის განცხადებით, თუ ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობა მერიის შეთავაზებას არ დათანხმდება, მერია ალტერნატიული ადგილის მოძიებას დაიწყებს:

 

„იაფი სახლის აშენებით ჩვენ ორ კურდღელს დავიჭერთ. გარდა იმისა, რომ იქ მცხოვრები ადამიანების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, გამოთავისუფლებული მიწით დაინტერესდება ინვესტორიც და   მოხდება კვარტალის განვითარებაც“.

 

საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, თუკი ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მერიის პირობებს მიიღებს, უმცირესობა კი არ წინააღმდეგი წავა,  მაშინ მათი გამოსახლება იძულების წესით მოხდება.

 

„ჩვენ სწორედ  ამიტომ გვაქვს ექსპროპრიაციის კანონი.  თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ  ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ბარაკებიდან ოჯახებს გამოვყრით და ეს საკითხი არ იქნება განხილვის საგანი. მთავარია კენჭისყრაზე გავიდეს და ფასებთან დაკავშირებით  შემდეგ მოხდება მოქალაქეებთან შეთანხმება“.

 

თამარის დასახლებაში არსებულ ბარაკულ დასახლებაში 60-მდე ოჯახი ცხოვრობს. 

  

 

კომპრომატები საკრებულოში ევროპული ვოიაჟების გამო

 

 

 

 

„თქვენ გერმანიაში ვოიაჟების გამო იყავით წასული და არა საქმის გასაკეთებლად“- ასე შეაფასა „ნაციონალმა“ გიორგი კირთაძემ ბათუმი მერის ევროპული ვიზიტი.  

 

 

„ჩვენ იმ შემთხვევაში ვითანამშრომლებთ თქვენთან, თუ იქნებით კონსტრუქციული ოპოზიცია. თქვენ კი ყოველთვის ცდილობთ, ვიღაცის ავტორიტეტი გააფუჭოთ.  მე შეუძლოდ ვიყავი გერმანიაში და ასეთ დროსაც კი ვიღებდი სტუმრებს სასტუმროში, რომ ამ პროექტით დაწყებული საკითხები გადამეწყვიტა“- განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

 

 

„ბატონო გია, რაღაც ცუდად მოგხვდათ ყურში გერმანიაში ვიზიტის ხსენება.  ჩვენ არ გვიკვირს ვიზიტები, მეც და  ყოფილი მერი რობერტ ჩხაიძეც ხშირად დავდიოდით, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს შედეგი.   ჩვენ  ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის განწყობილი, თქვენ დანიშნეთ სამსახურის უფროსები იმისთვის, რომ გყოლოდათ ერთიანი გუნდი,  მაგრამ ვფიქრობთ, არ უნდა შეეხოთ იმ სპეციალისტებს, რომლებიც კომპეტენტურები არიან და ყოველთვის პატიოსნად მუშაობდნენ“- განაცხადა გიორგი კირთაძემ.   

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი კი გიორგი კირთაძის კომენტარს ასე გამოეხმაურა: „ნაციონალების დანერგილი მეთოდია, ის რომ თანამშრომლებს სუს-ისა და „ოდეერის“ წარმომადგენლები ნიშნავდნენ საჯარო სამსახურებში.   თქვენ ეს მავნე ჩვევა გადმოიღეთ  და  ეს მანერაა შესაცვლელი. რაც შეეხება ვოიაჟებს, თქვენ დროს იყო, რომ ბალტიისპირეთში ოჯახებით დადიოდით, პირადად თქვენ იყავით ოჯახით იტალიაში ქორწილში და ამაზე ისაბრეთ“.

 

 

გიორგი კირთაძემ ირაკლი ჩავლეიშვილს ჭორვილა შეახსენა: „ბატონო ირაკლი, ჩვენ ვერონას დასამეგობრებლად ვიყავით იტალიაში და არა ქორწილში. თქვენსავით ჭორვილას დასამეგობრებლად არ ვყოფილვართ.   თუ არ დაამტკიცებთ იმას, რომ მე იტალიაში ქორწილში ვიყავი, იქნებით უსინდისო და მატყუარა“. 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი კი კადრების გათავისუფლების თემას ასე გამოეხმაურა:  „მე ვარ ის ადამიანი, ვინც კომპეტენტურ კადრებს სთავაზობს ბატონ გიას და ის წყვეტს შემდეგ – დანიშნოს თუ არა“.     

კლინიკა “საგიტარიუსის”მოწვეული ექიმი ევროპული და ამერიკული გამოცდილებით

 

გიორგი გოგნიაშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოგნიაშვილი პირველი ექიმია, რომელმაც საქართველოში ცხვირის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა დანერგა. მასვე უკავშირდება ლაზერული ქირურგიის, კერძოდ ყველაზე თანამედროვე, დიოდის ლაზერის შემოტანაც საქართველოში. გიორგი გოგნიაშვილმა რეზიდენტურის სამწლიანი კურსი გერმანიაში გაიარა. მუშაობდა ქალაქ როსტოკში, ჰალბერშტატში, გრაიფსვალდსა და ბერლინში. ერთი წელი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონში აკეთებდა ოპერაციებს.  გიორგი გოგნიაშვილი ბათუმში კლინიკა ,,საგიტარიუსის’’ მოწვევით, ჩამოდის. 


 ბატონო გიორგი, საქართველოში რამდენი წელია რაც ცხვირის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა  კეთდება?

 ბოლო ოთხი წელია. აქამდე ამას არავინ არ აკეთებდა, იმიტომ რომ გერმანიაშიც ახალი სიტყვა იყო. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრი ნაშრომი დავწერეთ ამის თაობაზე და დავნერგეთ ეს მეთოდი. საქართველოში 2006 წლიდან ვმუშაობ, ,,ნიუ ჰოსპიტალში’’ ყელ-ყურ-ცხვირის დეპარატამენტის ხელმძღვანელი ვარ, ვთანამშრომლობ კუზანოვის კლინიკასთანაც, რთულ ოპერაციებს ერთობლივად ვაკეთებ ხოლმე. ბათუმში კი უკვე მეხუთე წელია ,,საგიტარიუსთან’’ ვთანამაშრომლობ და მოწვევით ჩამოვდივარ.

 

რომელია  ყველაზე პრობლემატური ოპერაციები და როგორია ასეთ დროს შედეგი?

  პრობლემატური ოპერაციები ხშირად გვხვდება. რთულია ცხვირის, ცხვირის დანამატის, წიაღების ოპერაციები. ახლახანს  ორი წლის ბავშვი მყავდა, რომელსაც ატიპიური კისტა ჰქონდა და თბილისში გავუკეთე ოპერაცია ლაზერით. საკმაოდ ხშირია ყურის ოპერაციები. რთულია ოპერაციები ხორხზეც. ყველაზე იშვიათი, რაც მახსენდება, ეს იყო სიმსივნური დაავადება, რომელიც მთელ თავის ქალას შლიდა.  აზერბაიჯანელი იყო პაციენტი. როცა ჩვენ გავუკეთეთ ოპერაცია, უკვე ტვინამდე იყო სიმსივნე მისული. ასეთ შემთხვევებში განკურნების შანსები არ არსებობს, მაგრამ ხდება სიცოცხლის გახანგრძლივება. ხშირია ასევე გლანდების ოპერაცია. მხოლოდ დღეს ცხრა ოპერაცია გაკეთდა და ყველა წარმატებით. ჩვენ ყველა ოპერაციას ზოგადი ნარკოზით ვაკეთებთ, რომ პაციენტი დაცული იყოს. ,,საგიტარიუსმა’’ ყველა პირობა შემიქმნა იმისთვის, რომ ეს ოპერაციები წარმატებით გაგვეკეთებინა.



 თქვენ ევროპისა და ამერიკის კლინიკებში მუშაობთ, ქართული მედიცინა როგორ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, თუ გექმნებათ ტექნოლოგიური ბარიერები საქართველოში მუშაობისას და რას აკეთებთ ასეთ შემთხვევაში?  

 კარგია ამაზე რომ ვსაუბრობთ, რადგან ფეხბურთელი რაც არ უნდა კარგი იყოს, თუ ბურთს არ მისცემ, ვერ ითამაშებს. ასეა ჩვენს სფეროშიც. რაც არ უნდა კარგი სპეციალისტი იყო, თუ არ დაეწიე თანამედროვე მიღწევებს, მარტო კარგი ხელებით და ტვინით წარმატება გამორიცხულია. მე გერმანიაში ოთხ წელზე მეტხანს ვიყავი და ახლაც ვაგრძელებ პრაქტიკულ მუშაობას. სულ მიწევს განვითარებაზე ზრუნვა. ყოველ წელს რამდენჯერმე უნდა წახვიდე, რომ სიახლეები აითვისო.  მაინტერსებდა როგორი იყო ევროპული სკოლა და თუ იყო განსხვავება ევროპულ და ამერიკულ სკოლებს შორის. ყელ-ყურ ცხვირის სფეროში მაინც გერმანია და საფრანგეთი ითვლება წამყვანად, მაგრამ ამერიკაშიც თითქმის იგივე სკოლაა, ყოველწლიურად იზრდებიან. ჩვენთან კი რთული ვითარებაა.

 

 

რა მიმართულებით?     

  ახლა მყავდა პაციენტი, არ ვიტყვი რომელი კლინიკიდან, მაგრამ ბათუმში ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული. მე ვთქვი, რომ ჩვენ ზოგად ნარკოზს ვიყენებთ ოპერაცის დროს, აქ კი ისეთ უცნაურ რაღაცას უკეთებენ ბავშვებს, დიდი ალბათობაა, რომ შედეგი ლეტალური იყოს. ამაზე ჩემს კოლეგებსაც ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.

 

 რა ოპერაციაზე საუბარი და როგორი შეცდომა იყო დაშვებული?

  გლანდის და ადენოიდის ოპერაცია ინტუბაციის გარეშე. ჩვენ იმიტომ ვიწვევთ  თბილისიდან ანესთეზიოლოგს, რომ  ამის გარეშე ოპერაცია ძალიან სარისკოა, ეს სახიფათოა ბავშვებისთვის.

 როგორ ფიქრობთ, ეს არაპროფესიონალიზმის გამო ხდება, თუ ტექნოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე?

   ორივე ერთად. როცა ქირურგი ხარ და ასეთ ნაბიჯზე მიდიხარ, აქ უკვე პროფესიონალიზმზე საუბარი ზედმეტია. ალბათ ჟურნალისტებმა უნდა გამოიძიოთ ასეთი ფაქტები, რომ შემდეგში აღარ განმეორდეს. ჩვენი შვილების საფრთხის ქვეშ დაყენება არ შეიძლება.

 

   როგორ ფიქრობთ, ამ რისკების შესახებ პაციენტები თუ არიან ინფორმირებულნი?  

 პაციენტი ენდობა ექიმს, ამიტომ ის არ არის ჩახედული ასეთ საკითხებში. მედიცინაში შეიძლება ბევრი რამ გართულდეს,  ამიტომ ექიმები იმ გამოცდილებით ვართ დაცული, რასაც მსოფლიო პრაქტიკა მიმართავს. ექიმი უნდა იყოს ღმერთთან და საკუთარ თავთან მართალი, რომ არ  დაუშვას ის, რაც შეიძლება პაციენტისთვის სარისკო იყოს. ტექნოლოგიური თვალსაზრისით საქართველოშიც არის მიღწევები.


   ბათუმში როგორ მუშაობთ?

   იმას რასაც ბათუმში ვაკეთებთ, ,,საგიტარიუსში’’ არსებული ტექნიკა აკმაყოფილებს. აქ კარგი პირობებია სამუშაოდ.  ყოველ ორ თვეში ერთხელ ჩამოვდივარ.

 

  გარდა ცხვირის ფუნქციონალური დიაგნოსტიკისა, კიდევ რა მიმართულებაზე მუშაობთ?

რომელიც ასევე მე დავნერგე საქართველოში. საუბარია დიოდის ყველაზე თანამედროვე ლაზერზე. წინა წლის თებერვალში, ბათუმელ სამი წლის ბავშვს სწორედ ამ მეთოდით გავუკეთე პირველი ოპერაცია. იმის შემდეგ, კიდევ ხუთასამდე წარმატებული ოპერაცია გვქონდა. გლანდები, ადენოიდები, ყურზე, ხორხზე, ცხვირზე ოპერაციები კეთდება ლაზერით, რაც ძალიან წარმატებულია. წელიწადში სამჯერ ჩემი უცხოელები კოლეგები ჩამოდიან და მათთან ერთად ვმუშაობ ტექნოლოგიების დახვეწაზე. თებერვალში კი სამ ენაზე გამოვა წიგნი, სადაც ამ სფეროში გაკეთებულ ჩვენს ერთობლივ კვლევებზე იქნება საუბარი.  

 

 

კლინიკა ,,საგიტარიუსში’’ გიორგი გოგნიაშვილთან ჩაწერა ხდება წინასწარ.  დარეკეთ ნომერზე:  27 95 53, ან მობრძანდით კლინიკაში. ბათუმი. ზურაბ გორგილაძის ქუჩა #91. www.klinikabatumi.ge

 

 

„თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში გადავიდნენ

 

 

ბათუმის საკრებულოს სხდომა
ბათუმის საკრებულოს სხდომა

 

 

ამის თაობაზე, განცხადება დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე  გააკეთა. 

 

„თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის საკრებულოში  დღეიდან დამოუკიდებლად იქნებიან წარმოდგენილი. იმედი გვაქვს ღირსეული ოპოზიცია იქნება“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.   

 

ბათუმის საკრებულოში, „თავისუფალი დემოკრატები“ სამი წევრითაა წარმოდგენილი. 

სოზარ სუბარი აჭარაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდება

 

 

 

 

დევნილთა და განსახლების სამინისტროს ახალი პროექტის მიხედვით,  საცხოვრებელი ფართი 10 000 – მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება.

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტი, რომელიც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა, 1-ლი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნება 815-მდე დევნილთა ჩასახლება.

 

პროექტი ორ ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ეტაპზე, ორი თვის განმავლობაში, მოხდება დევნილთა ჩასახლებების შესწავლა. მეორე ეტაპი, რომელიც რვა თვე გაგრძელდება, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.

 

 

ეკომიგრანტების განსახლების კრიტერიუმებში ცვლილებები შევიდა

 

სტიქია სოფელ განთიადში
სტიქია სოფელ განთიადში

 

 

 

 

პირველი კატეგორია  მოიცავს ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენის შედეგად (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა)  და არ ექვემდებარება აღდგენას. 

 

მეორე კატეგორია აერთიანებს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა),   საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.

 

შესაბამისად,  ცვლილებები შევიდა სოციალური კრიტერიუმების პაკეტშიც. პირველ კატეგორიისათვის, 5 ქულის ნაცვლად, განისაზღვრა 10 ქულა. მეორე კატეგორია 4-ის მაგივრად 7 ქულას მიიღებს. 

 

კრიტერიუმების დახვეწის პარალელურად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ,  2014 წლის  5 ნოემბრიდან,   განსახლების მსურველი ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადების მიღება (დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების შესახებ) დაიწყო.  აპლიკაციების მიღება უწყვეტ რეჟიმში 2015 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 

სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, შესაძლებლობა ეძლევათ, 20 000 ლარის ფარგლებში,  საცხოვრებელი სახლი თავისი სურვილის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოიძიონ.  ეკომიგრანტი ოჯახების მიერ სახლების შერჩევა, ხელს უწყობს  განსახლების შემდგომ მათი ინტეგრაციის პროცესს. 

 

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, სამინისტრო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 90-მდე  ოჯახს განასახლებს, რაც 3-ჯერ აღემატება სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში განსახლებული ოჯახების რაოდენობას.

 

სამინისტროს უნდა მიმართონ იმ ოჯახებმა, რომლებიც დაზარალდნენ და გადაადგილებას ექვემდებარებიან შემდეგი  სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე: მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.


დაზარალებულმა ოჯახებმა განაცხადის შესავსებად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

•   განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების პირადობის დამატასტურებელი მოწმობა;

•   ოჯახის არასრულწლოვანი წევრების დაბადების მოწმობები;

•   ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზიდან (თუ სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული ქულა არ აღემატება 57001-ს);

•   სამედიცინო დოკუმენტი ფორმა NIV-100/ა, (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არის მუდმივად მწოლიარე, ან აქვს დარღვეული ფსიქიკური ფუნქცია;), ასევე ფორმა N50/2 (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან ონკოლოგიური დაავადების მატარებელი)

•   სამედიცინო დაწესბულების მიერ გაცემული სამედიცინო-საექსპერტიზო შემოწმების აქტი (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის პირები);


•    მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია (თუ მშობელი ან ქვრივი მარტო ზრუნავს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე);

•    მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა (თუ ხანდაზმულები ახორციელბენ მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ);

იმ სტიქიით დაზარალებული ოჯახების განაცხადი, რომლებმაც სამინისტროს მომართეს 30 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განიხილება ავტომატურ რეჟიმში.  შესაბამისად, ხელმეორედ განაცხადის გაკეთება ამ ოჯახების მხრიდან არ არის საჭირო. 

 

დილას გამოსული ავტობუსი უკან ან დაბრუნდება, ან არა

 

აჭყვისთავის გაუმართავი ავტობუსების შესახებ დალი თურმანიძე ყვება. დალი იმასაც  დასძენს, რომ ტრანსპორტის გამოცვლა სოფლის მოსახლეობამ ქობულეთის გამგეობას არაერთხელ სთხოვა. როგორც დალი თურმანიძე ამბობს, ხალხის მოთხოვნას შედეგი არ მოჰყოლია: ,,როცა ახალი გამგებელი დანიშნეს, პირველივე განცხადება ჩვენგან ავტობუსის თაობაზე შევიდა. სიახლე არაფერია. ამ ავტობუსით სკოლის მოსწავლეებიც  გადაადგილდებიან. აბიტურიენტები კი ბათუმში დადიან მასწავლებლებთან და უტრანსპორტობის გამო პრობლემები მათაც ექმნებათ. როცა გზაში ფუჭდება ავტობუსი, სახლში მისვლა  უგვიანდებათ და მშობლებიც ნერვიულობენ“.

 

„სოფლიდან დილით გამოსული ავტობუსი, უკან ან დაბრუნდება, ან არა“, – ამბობენ აჭყვისთავში. ის, რომ სოფელ აჭყვისთავში გაუმართავი ავტობუსი მოძრაობს, ამას ამავე სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები კობა ჯინჭარაძეც გვიდასტურებს: „არის შემთხვევები, როცა ერთი ან ორი დღე გაჩერებულია. საბურავების პრობლემაც აქვს. ექვსი წელია უკვე რაც მოძრაობს, თავიდანვე ძველი მოგვცეს. სარემონტო ხარჯები ავტოპარკმა უნდა გაიღოს, მძღოლი ხომ ვერ გააკეთებს ხელფასიდან.“

 

შპს ,,ქობულეთის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელმა ჯუმბერ შავიშვილმა   ბათუმელებთან’’  განაცხადა, რომ მუნიციპალური ავტობუსები ამორტიზებულია და ავტოპარკი განახლებას საჭიროებს. „ათი ერთეული ავტობუსი ერთი წელია რაც ბათუმის მერიამ გადმოგვცა, მაგრამ ეს არის ძველი ავტობუსები, ათი წელია რაც ექსპლუატაციაშია და მწყობრიდან არის გამოსული. ავტოპარკინგი აუცილებლად გასაახლებელია“, – ამბობს შავიშვილი.

 

 შპს ,,ქობულეთის ავტოტრანსპორტი“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით წელიწადში 145 550 ლარს იღებს: ,,ამ თანხაში შედის როგორც მძღოლების ხელფასები, ასევე სარემონტო ხარჯებიც“.

 

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე კი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის ავტობუსებს პრობლემები არ აქვს: ,,ავტობუსები ტექნიკურად ნორმალურ მდგომარეობაშია. ავტოპარკინგის განახლება დაგეგმილი არ გვაქვს. ავტობუსები არა, მაგრამ შეიძლება შევიძინოთ ისეთი ტექნიკა, რომელიც სტიქიის დროს გამოგვადგება“.

 

 სოფელ აჭყვისთავის ავტობუსის მძღოლის რევაზ მემარნიშვილის აზრით, მუნიციპალურ ავტობუსებს „დღე არ უწერია, ჩამოსაწერია უკვე. 12 წლის მანქანაა და გაფუჭდება, აბა რას იზამს. თუ ნაწილებს მოგვცემენ, შეიძლება ცოტა ხანი კიდევ იაროს, მაგრამ ფინანსები არ არის, არც ხარჯი არ ამოდის”.

 

როგორც რევაზ მემარნიშვილი ამბობს, მუნიციპალურიავტობუსი ჯიხანჯურში, დაგვასა და კიდევ რამდენიმე სოფელში მოძრაობს, თუმცა მათი მდგომარეობაც სავალალოა.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მხოლოდ ერთი ავტობუსი აქვს. გამგეობიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ავტობუსი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 75 ათას ლარად შეიძინეს გასულ წელს და ის მაჭახლის ხეობას ემსახურება: ,,ავტობუსის მარშრუტია ზედა ჩხუტუნეთი – ბონის კულტურის სახლი’’.

 

გამგეობის ინფორმაციით, ავტობუსი იჯარის წესით არის გაცემული, ამიტომ მის ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებელი მოიჯარეა: ,,ავტობუსის მდგომარეობის შესახებ მოიჯარემ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს არა უგვიანეს 20 დეკემბრისა’’, – წერია დოკუმენტში.

 

ავტობუსები არ აქვთ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. მოსახლეობა ამ მუნიციპალიტეტებში კერძო მიკროავტობუსებით გადაადგილდება.

 

შპს ,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს’’ ხელმძღვანელის, გელა დუმბაძის განცხადებით, ,,ყველა მიკროავტობუსი, რომელიც მგზავრების გადაყვანას უზრუნველყოფს, ხელშეკრულებით გვყავს აყვანილი. ყველა მიკროავტობუსი კერძო საკუთრებაა. ამ ეტაპისთვის ქედაში 55 მიკროავტობუსი მოძრაობს. ტრანსპორტის გამართულობაზეკი მძღოლები არიან პასუხისმგებელი’’.

 

გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ სანამ სოფელ უჩხითის მიმართულებით გზის საფარის დაგება არ დამთავრდება, მანამდე ახალი ავტობუსების შეძენას გამგეობა არ ფიქრობს: ,,2015 წლისთვის არ ვაპირებთ ავტობუსების შეძენას, თუმცა უჩხითისა და მერისის მიმართულებით გვინდა, რომ დაინიშნოს ავტობუსი. ვნახოთ, რამდენად რენტაბელური იქნება’’.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე კი აცხადებს, რომ ტრანსპორტის შესა ძენად ბიუჯეტში თანხა არ აქვთ და არც მოთხოვნაა ამაზე: ,,დოტაციაზე მყოფი  მუნიციპალიტეტებისთვის სხვა პროექტების განხორციელება უფრო მნიშვნელოვანია. არც მოსახლეობას აქვს მოთხოვნა, მიკროავტობუსებიც კი ცარიელი მოძრაობს და ავტობუსების შეძენით შეიძლება მაგათაც შევუქმნათ პრობლემა’’.

პედაგოგი რამდენიმე პროფესიით

 

დავით ქათამაძე

 

ბავშვობაში უცხო ენების შესწავლა და ისტორიკოსობა უნდოდა, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ, მამის რჩევით, ჯერ ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა, შემდეგ ბათუმის პედაგოგიურ უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების სპეციალობაზე ჩაირიცხა და სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა საკუთარი სოფლის სკოლაში დაიწყო პედაგოგად. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ოცნება მაინც აიხდინა, ისევ სტუდენტი გახდა – ამჯერად ისტორიის შესწავლა დაიწყო, სწავლის დასრულების შემდეგ კი ახალი გატაცება – მხატვრობა იპოვა.

 

„თვითნასწავლი მხატვარი ვარ, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ჭვანაში სამხატვრო-სახელოსნო გავხსენი, გზებისთვის ნიშნულებს, აბრებს, პლაკატებს, სიმბოლოებს მიკვეთავდნენ და მეც ვხატავდი. ლოზუნგებს ვაკეთებდი, შინაარს თვითონ ვირჩევდი და ვადგენდი. სკოლაში საათები მქონდა და პარალელურად ვხატავდი, ზოგჯერ ღამითაც. საკმაოდ კარგადაც მიხდიდნენ, ჩარიცხული თანხის 45% მე მერიცხებოდა, პედაგოგის ხელფასს 100-ჯერ აღემატებოდა მიღებული შემოსავალი. შემდეგ ხელშემშლელი პროცესები დაიწყო და დავხურე სახელოსნო. მეგობრების თხოვნით ლოზუნგებს ვაკეთებდი, მაგრამ თანხას არ ვიღებდი“, – იხსენებს დავით ქათამაძე.

 

ხატვას პოეზია და პროზა მოჰყვა. საკუთარი შემოქმედების წიგნად გამოცემა ვერ შეძლო, თუმცა გამოსაცემად დამუშავებული რომანი, მოთხრობები და ლექსები დღემდე გამზადებული აქვს. ამბობს, რომ ძალიან უნდა ერთ-ერთი მაინც გამოსცეს,მაგრამ პედაგოგიური მოღვაწეობიდან მიღებული თანხით ამას ვერ ახერხებს. „ლექსებს ვწერდი, მაქვს საბავშვო ლექსებიც, თუმცა ფინანსების არქონის გამო ვერ შევძელი გამომეცა.

 

ლექსებს რომანი „ფალავანი’ მოჰყვა, რომელიც 100 წლის წინ ჩემს სოფელსა და თურქეთში მომხდარ ამბავს ასახავს. რომანი ნამდვილ ამბავზეა აგებული, რვა წელია მზად არის, ამგრამ ვერ მოვახერხე ვერც ერთი მათგანის გამოცემა. რამდენიმე დღეა დავასრულე მოთხრობა „შეიცან თავი შენი”, ვაპირებ ახალი რომანის დაწერას, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ ვერ მოვახერხე ვერც ერთი მათგანის წიგნად დაბეჭდვა“,  –  ამბობს დავით ქათამაძე.

 

ჭვანის სკოლაში მუშაობის პარალელურად 20 წლის წინ მუშაობა დაიწყო ხიჭაურის რუსულ სკოლაში. „ხიჭაურში მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როცა რუსული სკოლა ფუნქციონირებდა. უკრაინელი მეუღლე მყავს და რუსულიც კარგად ვიცოდი, გავიარე გასაუბრება და დირექტორმა ისტორიის მასწავლებლად ამიყვანა, მაშინ როცა ჭვანის სკოლაში 9 ლარი მქონდა ხელფასი, ხიჭაურის სკოლაში კი თითქმის 200 დოლარამდე აღწევდა ჩემი ანაზღაურება. 14 პედაგოგი ვიყავით რუსულ სკოლაში და მათგან მხოლოდ მე ვიყავი ქართველი, რუსი მესაზღვრეების ბავშვებს ისტორიას ვასწავლიდი. როცა რუსი მესაზღვრეები გავიდნენ ხიჭაურიდან და რუსული სკოლა დაიხურა, მოსახლეობის მოთხოვნით ხელწერებით საქართველოს განათლების სამინისტრომ ქართული სკოლა

 

გახსნა და სკოლის დირექტორად დავინიშნე 2000 წელს, 2005 წლის იანვრამდე ვმუშაობდი. დირექტორობის შემდეგ კვლავ პედაგოგობა გავაგრძელე, ისტორიასთან ერთად ხელოვნებას ვასწავლი ხიჭაურისადა ჭვანის სკოლებში, პედაგოგობაში ეკონომისტობაც გამოვიყენე, როცა სკოლებში არჩევითი საგნები დაიშვა, მოსწავლეებს ეკონომიკასაც ვასწავლიდი მათი მოთხოვნით’’.

 

2009 წელს დავით ქათამაძე შუახეველ 8 პედაგოგთან ერთად საუკეთესო პედაგოგად დასახელდა და პრეზიდენტის სტიპენდიანტი გახდა. 8 თვის განმავლობაში იგი დანამატის სახით 200 ლარს იღებდა. ამბობს, რომ საქმისადმი მის მიდგომასა და შრომისმოყვარეობას სკოლაში პედაგოგები და მოსწავლეები აფასებენ. მოსწავლეებს საკონფერენციოდ ამზადებს და სიგელებიც აქვთ მის მოსწავლეებს მიღებული.

 

2003 წელს სწავლების ახალ მეთოდზე გადასვლასთან დაკავშირებით დაწერილმა მისმა პროექტმა გაიმარჯვადა სკოლამ 1000 დოლარი მიიღო სამინისტროსგან ეთნოგრაფიული კუთხის მოსაწყობად.

 

დავით ქათამაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად დღემდე ხიჭაურში ცხოვრობს, საყვარელ საქმეს აკეთებს, ისტორიას, ხატვასა და გობელინზე ქსოვას ასწავლის ბავშვებს, ასევე მოსწავლეებს დამატებით ამზადებს, თუმცა რეპეტიტორობაში მოსწავლისთვის თანხა არასოდეს გამოურთმევია.

წარსული საბჭოთა ჩრდილები

 

სამი კვირის განმავლობაში გერმანიასა და პოლონეთში ვიზიტისას, „გორდელერის კოლეჯის“ ფარგლებში, საქართველოდან შერჩეულ სამ ახალგაზრდას სხვა უკრაინელ, რუს, მოლდოველ, თურქ, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად უამრავ დისკუსიაში, შეხვედრასა და ტრენინგში მოგვიწია მონაწილეობის მიღება.

 

ხათუნა ბაგრატიონი

კოლეჯის ფარგლებში, მონაწილეებს ასევე ჩვენი საქმიანობის სფეროში საკუთარი პროექტის შემუშავება და მომავალი წლის ზაფხულამდე მისი განხორციელება გვევალება. პროექტმა დახმარება უნდა გაუწიოს საქართველოში მოქმედ რომელიმე ინსტიტუციას. პროექტის თემა საკონკურსო განაცხადის შევსებისას წლის დასაწყისში შევარჩიე და მისი მიზანი სკოლისა და ბაღების პედაგოგებში ძალადობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის პოპულარიზაციაა. ძალადობის საკითხი მაშინაც აქტუალური, თუმცა არა ისეთი საგანგაშო იყო საქართველოში, როგორსაც ბოლო დღეების სტატისტიკა გვაჩვენებს.

 

მსგავს პროგრამებს, როგორც წესი, სასწავლო პროცესთან ერთად, თან ახლავს პროგრამის მეორე ე.წ. კულტურული ნაწილი. თავისუფალ გარემოში უფრო მეტს ვიგებთ ამა თუ იმ ქვეყნის კულტურის შესახებ, უშუალოდ, პირდაპირ ვეცნობით ამ თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელთა მენტალიტეტს. არც ჩვენი პროგრამა იყო ამ მხრივ გამონაკლისი. ბერლინში ჩასთვლისთანავე საზეიმო ვახშამი გაგვიმართეს,  სადაც „ეგზოტიკური’’ კერძებით გაგვიმასპინძლდნენ. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, საოცრად მოშიებულებს, მცირე პორციებად მოწოდებული დელიკატესები მადას უფრო გვიმძაფრებდა, ვიდრე შიმშილის გრძნობას გვიკლადა. შიმშილისგან გამძაფრებული ემოციებით კოლეჯის კურსდამთავრებულ რუს კოლეგასთან აქტიურ დისკუსიაში შევედით, რომელიც დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მსოფლიოს რუსი ხალხის არ ესმის. საზოგადოებას არ სურს რუსეთი შეაფასოს ისტორიული რაკურსიდან გამომდინარე, რომ პრობლემა არა პოლიტიკურ ლიდერებში, არამედ „დიდ’’ რუს ერშია, აზროვნების რუსულ მეთოდშია, რის შეცვლაც ვერ შეძლო პეტრე პირველმა და სრულიად ნათელია, რომ ამას ვერც ახლანდელი პოლიტიკური ლიდერები მოახერხებენ.

 

მაგიდის ირგვლივ მსხდომნი ვცდილობდით საწინააღმდეგო არგუმენტებით დაგვერწმუნებინა ჩვენი კოლეგა მისი შეხედულების უზუსტობაში, დაგვერწმუნებინა კონკრეტული მაგალითების მოშველიებით. თუმცა შემდგომმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ჩვენ მართლაც არ ვიცოდით რუსეთის ისტორია და არც რუსი ერის აზროვნების მეთოდებში ვერკვეოდით კარგად.  ჩვენი რუსი სხვა კოლეგები გვარწმუნებდნენ, თუ როგორ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია საქართველოს ან მის მსგავს  სახელმწიფოს იყოს  დამოუკიდებელი. ეს ხომ სრულად წარმოუდგენელი, აბსურდი და მცდარი ილუზიაა ჩვენი მხრიდან, რომ მსოფლიო იყოფა მხოლოდ რუსეთად და ამერიკად.

 

თუმცა, როდესაც ჩემი კოლეგა ორ დიდ სახელმწიფოზე მსჯელობდა, მგონი მას მხედველობიდან მაინც გამორჩა ჩინეთის რესპუბლიკა, თავისი სწრაფად მზარდი ეკონომიკითა და გავლენით.

 

რადგანაც პროგრამის ძირითადი თემა ევროკაშირის ქვეყნები იყო, ვიზიტით ცენტრალური ევროპის ერთ -ერთ ყველაზე წარმატებულ ევროკავშირის ახალ წევრ -სახელმწიფოში, პოლონეთში გავემგზავრეთ. საღამოს ვარშავა განათებული კულტურისა და მეცნიერების სასახლით შემოგვეგება, რომელიც სტალინის საჩუქარი ყოფილა პოლონელი ხალხისადმი. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, შენობა ბევრ პოლონელს სძულდა და მას დღემდე მეტსახელებით ,,მასხარად’’,    „სტალინის შპრიცად’’ მოიხსენიებს.

 

 ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებში შეხვედრების შემდეგ, სადაც უდიდესი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენით საქართველოსა და, ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ, ქალაქის დათვალიერების ჯერიც დადგა.  

 

ორგანიზატორების მიერ შერჩეულმა გიდმა,  ჩვენდა გასაოცრად, ვარშავის ლამაზი უბნებისა და შენობების ნაცვლად, მთელი ხუთი საათი პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული შენობების, საბჭოთა, მასობრივი კომუნალური ბინათმშენებლობების დასათვალიერებლად გვატარა. უცნაური ამ ფაქტში ის იყო, რომ ჩვენი ექსკურსიამძღოლი ლაღად და დიდი მონდომებით გვიყვებოდა იმ შენობების შესახებ, რომელიც პროგრამაში მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, უცხო არ ყოფილა, პირიქით ის მხოლოდ ახლო საბჭოთა წარსულს გვახსენებდა და ნაცრისფერ მოგონებებს აღძრავდა ჩვენში. სურვილი, რაც შეიძლება მალე გავცლოდით საბჭოთა მოგონებებს, უზომოდ დიდი იყო.

 

ამ შემთხვევამ მიმახვედრა, რომ ბერლინიც ჩემი პირველი ვიზიტისას ზუსტად იმ კომუნისტური აჩრდილების გამო არ მომეწონა, რაც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში კიდევ იგრძნობოდა. თუმცა ამჯერზე გავაცნობიერე, რომ ბერლინის ხიბლი მის უბრალოებაში, წარსული კომპლექსებისგან თავისუფლებაშია.

 

მსურს ეს ჩრდილები ჩვენს ქვეყანაშიც რაც შეიძლება მალე გაქრეს და მხოლოდ ისტორიულ მოგონებად დარჩეს.

გამოფენების ფესტივალი გრძელდება [ფოტო]

 

„გამოფენების ფესტივალი“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფესტივალი4 ნოემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში, გამოფენით “სხვა” გაიხსნა და მასში მონაწილეობას უკვე შემდგარი და საზოგადოებისთვის თავისი პროფესიით კარგად ნაცნობი ადამიანები იღებდნენ. 

ყოველი გამოფენა არასაგამოფენო, ალტერნატიულ სივრცეში იმართება. ორგანიზატორთა განმარტებით ეს ხელს შეუწყობს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და მის ახლებურად წარმოჩენას. ფესტივალის დასკვნითი გამოფენა სახელწოდებით “ამაღელვე”  14 ნოემბერს გაიმართება. 

 

ფესვები, გოჩა ჟღენტი

 

 

არ გადაბრუნდე – მეგი კობალაძე

 

 

გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამარ მასალკინი

 

 

 

 

 

 

 

ტრადიცია – დიმა მამულაშვილი

 

Exit mobile version