სიახლეები

კლინიკა “საგიტარიუსის”მოწვეული ექიმი ევროპული და ამერიკული გამოცდილებით

10.11.2014 • 3965
კლინიკა “საგიტარიუსის”მოწვეული ექიმი ევროპული და ამერიკული გამოცდილებით

 

გიორგი გოგნიაშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოგნიაშვილი პირველი ექიმია, რომელმაც საქართველოში ცხვირის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა დანერგა. მასვე უკავშირდება ლაზერული ქირურგიის, კერძოდ ყველაზე თანამედროვე, დიოდის ლაზერის შემოტანაც საქართველოში. გიორგი გოგნიაშვილმა რეზიდენტურის სამწლიანი კურსი გერმანიაში გაიარა. მუშაობდა ქალაქ როსტოკში, ჰალბერშტატში, გრაიფსვალდსა და ბერლინში. ერთი წელი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონში აკეთებდა ოპერაციებს.  გიორგი გოგნიაშვილი ბათუმში კლინიკა ,,საგიტარიუსის’’ მოწვევით, ჩამოდის. 


 ბატონო გიორგი, საქართველოში რამდენი წელია რაც ცხვირის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა  კეთდება?

 ბოლო ოთხი წელია. აქამდე ამას არავინ არ აკეთებდა, იმიტომ რომ გერმანიაშიც ახალი სიტყვა იყო. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრი ნაშრომი დავწერეთ ამის თაობაზე და დავნერგეთ ეს მეთოდი. საქართველოში 2006 წლიდან ვმუშაობ, ,,ნიუ ჰოსპიტალში’’ ყელ-ყურ-ცხვირის დეპარატამენტის ხელმძღვანელი ვარ, ვთანამშრომლობ კუზანოვის კლინიკასთანაც, რთულ ოპერაციებს ერთობლივად ვაკეთებ ხოლმე. ბათუმში კი უკვე მეხუთე წელია ,,საგიტარიუსთან’’ ვთანამაშრომლობ და მოწვევით ჩამოვდივარ.

 

რომელია  ყველაზე პრობლემატური ოპერაციები და როგორია ასეთ დროს შედეგი?

  პრობლემატური ოპერაციები ხშირად გვხვდება. რთულია ცხვირის, ცხვირის დანამატის, წიაღების ოპერაციები. ახლახანს  ორი წლის ბავშვი მყავდა, რომელსაც ატიპიური კისტა ჰქონდა და თბილისში გავუკეთე ოპერაცია ლაზერით. საკმაოდ ხშირია ყურის ოპერაციები. რთულია ოპერაციები ხორხზეც. ყველაზე იშვიათი, რაც მახსენდება, ეს იყო სიმსივნური დაავადება, რომელიც მთელ თავის ქალას შლიდა.  აზერბაიჯანელი იყო პაციენტი. როცა ჩვენ გავუკეთეთ ოპერაცია, უკვე ტვინამდე იყო სიმსივნე მისული. ასეთ შემთხვევებში განკურნების შანსები არ არსებობს, მაგრამ ხდება სიცოცხლის გახანგრძლივება. ხშირია ასევე გლანდების ოპერაცია. მხოლოდ დღეს ცხრა ოპერაცია გაკეთდა და ყველა წარმატებით. ჩვენ ყველა ოპერაციას ზოგადი ნარკოზით ვაკეთებთ, რომ პაციენტი დაცული იყოს. ,,საგიტარიუსმა’’ ყველა პირობა შემიქმნა იმისთვის, რომ ეს ოპერაციები წარმატებით გაგვეკეთებინა.



 თქვენ ევროპისა და ამერიკის კლინიკებში მუშაობთ, ქართული მედიცინა როგორ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, თუ გექმნებათ ტექნოლოგიური ბარიერები საქართველოში მუშაობისას და რას აკეთებთ ასეთ შემთხვევაში?  

 კარგია ამაზე რომ ვსაუბრობთ, რადგან ფეხბურთელი რაც არ უნდა კარგი იყოს, თუ ბურთს არ მისცემ, ვერ ითამაშებს. ასეა ჩვენს სფეროშიც. რაც არ უნდა კარგი სპეციალისტი იყო, თუ არ დაეწიე თანამედროვე მიღწევებს, მარტო კარგი ხელებით და ტვინით წარმატება გამორიცხულია. მე გერმანიაში ოთხ წელზე მეტხანს ვიყავი და ახლაც ვაგრძელებ პრაქტიკულ მუშაობას. სულ მიწევს განვითარებაზე ზრუნვა. ყოველ წელს რამდენჯერმე უნდა წახვიდე, რომ სიახლეები აითვისო.  მაინტერსებდა როგორი იყო ევროპული სკოლა და თუ იყო განსხვავება ევროპულ და ამერიკულ სკოლებს შორის. ყელ-ყურ ცხვირის სფეროში მაინც გერმანია და საფრანგეთი ითვლება წამყვანად, მაგრამ ამერიკაშიც თითქმის იგივე სკოლაა, ყოველწლიურად იზრდებიან. ჩვენთან კი რთული ვითარებაა.

 

 

რა მიმართულებით?     

  ახლა მყავდა პაციენტი, არ ვიტყვი რომელი კლინიკიდან, მაგრამ ბათუმში ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული. მე ვთქვი, რომ ჩვენ ზოგად ნარკოზს ვიყენებთ ოპერაცის დროს, აქ კი ისეთ უცნაურ რაღაცას უკეთებენ ბავშვებს, დიდი ალბათობაა, რომ შედეგი ლეტალური იყოს. ამაზე ჩემს კოლეგებსაც ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.

 

 რა ოპერაციაზე საუბარი და როგორი შეცდომა იყო დაშვებული?

  გლანდის და ადენოიდის ოპერაცია ინტუბაციის გარეშე. ჩვენ იმიტომ ვიწვევთ  თბილისიდან ანესთეზიოლოგს, რომ  ამის გარეშე ოპერაცია ძალიან სარისკოა, ეს სახიფათოა ბავშვებისთვის.

 როგორ ფიქრობთ, ეს არაპროფესიონალიზმის გამო ხდება, თუ ტექნოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე?

   ორივე ერთად. როცა ქირურგი ხარ და ასეთ ნაბიჯზე მიდიხარ, აქ უკვე პროფესიონალიზმზე საუბარი ზედმეტია. ალბათ ჟურნალისტებმა უნდა გამოიძიოთ ასეთი ფაქტები, რომ შემდეგში აღარ განმეორდეს. ჩვენი შვილების საფრთხის ქვეშ დაყენება არ შეიძლება.

 

   როგორ ფიქრობთ, ამ რისკების შესახებ პაციენტები თუ არიან ინფორმირებულნი?  

 პაციენტი ენდობა ექიმს, ამიტომ ის არ არის ჩახედული ასეთ საკითხებში. მედიცინაში შეიძლება ბევრი რამ გართულდეს,  ამიტომ ექიმები იმ გამოცდილებით ვართ დაცული, რასაც მსოფლიო პრაქტიკა მიმართავს. ექიმი უნდა იყოს ღმერთთან და საკუთარ თავთან მართალი, რომ არ  დაუშვას ის, რაც შეიძლება პაციენტისთვის სარისკო იყოს. ტექნოლოგიური თვალსაზრისით საქართველოშიც არის მიღწევები.


   ბათუმში როგორ მუშაობთ?

   იმას რასაც ბათუმში ვაკეთებთ, ,,საგიტარიუსში’’ არსებული ტექნიკა აკმაყოფილებს. აქ კარგი პირობებია სამუშაოდ.  ყოველ ორ თვეში ერთხელ ჩამოვდივარ.

 

  გარდა ცხვირის ფუნქციონალური დიაგნოსტიკისა, კიდევ რა მიმართულებაზე მუშაობთ?

რომელიც ასევე მე დავნერგე საქართველოში. საუბარია დიოდის ყველაზე თანამედროვე ლაზერზე. წინა წლის თებერვალში, ბათუმელ სამი წლის ბავშვს სწორედ ამ მეთოდით გავუკეთე პირველი ოპერაცია. იმის შემდეგ, კიდევ ხუთასამდე წარმატებული ოპერაცია გვქონდა. გლანდები, ადენოიდები, ყურზე, ხორხზე, ცხვირზე ოპერაციები კეთდება ლაზერით, რაც ძალიან წარმატებულია. წელიწადში სამჯერ ჩემი უცხოელები კოლეგები ჩამოდიან და მათთან ერთად ვმუშაობ ტექნოლოგიების დახვეწაზე. თებერვალში კი სამ ენაზე გამოვა წიგნი, სადაც ამ სფეროში გაკეთებულ ჩვენს ერთობლივ კვლევებზე იქნება საუბარი.  

 

 

კლინიკა ,,საგიტარიუსში’’ გიორგი გოგნიაშვილთან ჩაწერა ხდება წინასწარ.  დარეკეთ ნომერზე:  27 95 53, ან მობრძანდით კლინიკაში. ბათუმი. ზურაბ გორგილაძის ქუჩა #91. www.klinikabatumi.ge

 

 

გადაბეჭდვის წესი