სიახლეები

წარსული საბჭოთა ჩრდილები

09.11.2014 • 2086
წარსული საბჭოთა ჩრდილები

 

სამი კვირის განმავლობაში გერმანიასა და პოლონეთში ვიზიტისას, „გორდელერის კოლეჯის“ ფარგლებში, საქართველოდან შერჩეულ სამ ახალგაზრდას სხვა უკრაინელ, რუს, მოლდოველ, თურქ, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად უამრავ დისკუსიაში, შეხვედრასა და ტრენინგში მოგვიწია მონაწილეობის მიღება.

 

ხათუნა ბაგრატიონი

კოლეჯის ფარგლებში, მონაწილეებს ასევე ჩვენი საქმიანობის სფეროში საკუთარი პროექტის შემუშავება და მომავალი წლის ზაფხულამდე მისი განხორციელება გვევალება. პროექტმა დახმარება უნდა გაუწიოს საქართველოში მოქმედ რომელიმე ინსტიტუციას. პროექტის თემა საკონკურსო განაცხადის შევსებისას წლის დასაწყისში შევარჩიე და მისი მიზანი სკოლისა და ბაღების პედაგოგებში ძალადობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის პოპულარიზაციაა. ძალადობის საკითხი მაშინაც აქტუალური, თუმცა არა ისეთი საგანგაშო იყო საქართველოში, როგორსაც ბოლო დღეების სტატისტიკა გვაჩვენებს.

 

მსგავს პროგრამებს, როგორც წესი, სასწავლო პროცესთან ერთად, თან ახლავს პროგრამის მეორე ე.წ. კულტურული ნაწილი. თავისუფალ გარემოში უფრო მეტს ვიგებთ ამა თუ იმ ქვეყნის კულტურის შესახებ, უშუალოდ, პირდაპირ ვეცნობით ამ თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელთა მენტალიტეტს. არც ჩვენი პროგრამა იყო ამ მხრივ გამონაკლისი. ბერლინში ჩასთვლისთანავე საზეიმო ვახშამი გაგვიმართეს,  სადაც „ეგზოტიკური’’ კერძებით გაგვიმასპინძლდნენ. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, საოცრად მოშიებულებს, მცირე პორციებად მოწოდებული დელიკატესები მადას უფრო გვიმძაფრებდა, ვიდრე შიმშილის გრძნობას გვიკლადა. შიმშილისგან გამძაფრებული ემოციებით კოლეჯის კურსდამთავრებულ რუს კოლეგასთან აქტიურ დისკუსიაში შევედით, რომელიც დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მსოფლიოს რუსი ხალხის არ ესმის. საზოგადოებას არ სურს რუსეთი შეაფასოს ისტორიული რაკურსიდან გამომდინარე, რომ პრობლემა არა პოლიტიკურ ლიდერებში, არამედ „დიდ’’ რუს ერშია, აზროვნების რუსულ მეთოდშია, რის შეცვლაც ვერ შეძლო პეტრე პირველმა და სრულიად ნათელია, რომ ამას ვერც ახლანდელი პოლიტიკური ლიდერები მოახერხებენ.

 

მაგიდის ირგვლივ მსხდომნი ვცდილობდით საწინააღმდეგო არგუმენტებით დაგვერწმუნებინა ჩვენი კოლეგა მისი შეხედულების უზუსტობაში, დაგვერწმუნებინა კონკრეტული მაგალითების მოშველიებით. თუმცა შემდგომმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ჩვენ მართლაც არ ვიცოდით რუსეთის ისტორია და არც რუსი ერის აზროვნების მეთოდებში ვერკვეოდით კარგად.  ჩვენი რუსი სხვა კოლეგები გვარწმუნებდნენ, თუ როგორ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია საქართველოს ან მის მსგავს  სახელმწიფოს იყოს  დამოუკიდებელი. ეს ხომ სრულად წარმოუდგენელი, აბსურდი და მცდარი ილუზიაა ჩვენი მხრიდან, რომ მსოფლიო იყოფა მხოლოდ რუსეთად და ამერიკად.

 

თუმცა, როდესაც ჩემი კოლეგა ორ დიდ სახელმწიფოზე მსჯელობდა, მგონი მას მხედველობიდან მაინც გამორჩა ჩინეთის რესპუბლიკა, თავისი სწრაფად მზარდი ეკონომიკითა და გავლენით.

 

რადგანაც პროგრამის ძირითადი თემა ევროკაშირის ქვეყნები იყო, ვიზიტით ცენტრალური ევროპის ერთ -ერთ ყველაზე წარმატებულ ევროკავშირის ახალ წევრ -სახელმწიფოში, პოლონეთში გავემგზავრეთ. საღამოს ვარშავა განათებული კულტურისა და მეცნიერების სასახლით შემოგვეგება, რომელიც სტალინის საჩუქარი ყოფილა პოლონელი ხალხისადმი. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, შენობა ბევრ პოლონელს სძულდა და მას დღემდე მეტსახელებით ,,მასხარად’’,    „სტალინის შპრიცად’’ მოიხსენიებს.

 

 ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებში შეხვედრების შემდეგ, სადაც უდიდესი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენით საქართველოსა და, ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ, ქალაქის დათვალიერების ჯერიც დადგა.  

 

ორგანიზატორების მიერ შერჩეულმა გიდმა,  ჩვენდა გასაოცრად, ვარშავის ლამაზი უბნებისა და შენობების ნაცვლად, მთელი ხუთი საათი პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული შენობების, საბჭოთა, მასობრივი კომუნალური ბინათმშენებლობების დასათვალიერებლად გვატარა. უცნაური ამ ფაქტში ის იყო, რომ ჩვენი ექსკურსიამძღოლი ლაღად და დიდი მონდომებით გვიყვებოდა იმ შენობების შესახებ, რომელიც პროგრამაში მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, უცხო არ ყოფილა, პირიქით ის მხოლოდ ახლო საბჭოთა წარსულს გვახსენებდა და ნაცრისფერ მოგონებებს აღძრავდა ჩვენში. სურვილი, რაც შეიძლება მალე გავცლოდით საბჭოთა მოგონებებს, უზომოდ დიდი იყო.

 

ამ შემთხვევამ მიმახვედრა, რომ ბერლინიც ჩემი პირველი ვიზიტისას ზუსტად იმ კომუნისტური აჩრდილების გამო არ მომეწონა, რაც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში კიდევ იგრძნობოდა. თუმცა ამჯერზე გავაცნობიერე, რომ ბერლინის ხიბლი მის უბრალოებაში, წარსული კომპლექსებისგან თავისუფლებაშია.

 

მსურს ეს ჩრდილები ჩვენს ქვეყანაშიც რაც შეიძლება მალე გაქრეს და მხოლოდ ისტორიულ მოგონებად დარჩეს.

გადაბეჭდვის წესი