კვირის ამბები

460 უკანონო ნაგავსაყარი აჭარაში

11.11.2014 • 2039
460 უკანონო ნაგავსაყარი აჭარაში

 

უკანონო ნაგავსაყრების შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის ბათუმის მერიას და მუნიციპალიტეტების გამგეობებს გაეგზავნა. „ბათუმელები“ დაინტერესდა რას აპირებს ბათუმის მერია და ხუთი მუნიციპალიტეტის გამგეობა იმისათვის, რომ რეგიონში უკანონო ნაგავსაყრები მოწესრიგდეს.

 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური და შპს „სანდასუფთავება“ მუდმივ რეჟიმში უწევენ მონიტორინგს ქალაქის ტერიტორიის დანაგვიანებას. თუმცა, ის ფაქტი, რომ ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენებს ღამის საათებში ტოვებენ, ართულებს კანონდამრღვევის გამოვლენას.

 

„კერძო თუ იურიდიული პირების მხრიდან სამშენებლო თუ სხვა სახის ნარჩენების ქალაქის გარკვეულ ტერიტორიებზე დაყრამ გამოიწვია უკანონო ნაგავსაყრების გაჩენა. არაერთ გამოვლენილ ფაქტზე მოხდა რეაგირება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე პრიმა და 148-ე მუხლების შესაბამისად. შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა. მიმდინარე წლის განმავლობაში შპს `სანდასუფთავებამ“ ქალაქის ტერიტორია არაერთი უკანონო ნაგავსაყარისგან გაათავისუფლა. სამშენებლო თუ სხვა სახის ნარჩენები გაიტანეს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე არსებული უკანონო ნაგავსაყარიდან, გოროდოკში – ჭონქაძის ქუჩიდან, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიიდან. გარდა ამისა, ყოველდღიურად ხდება ხელოვნურად შექმნილი პატარა ნაგავსაყრების მონიტორინგი და დასუფთავება. მიუხედავად ამისა, ქალაქის ტერიტორიაზე მაინც რჩება უკანონო ნაგავსაყრები. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ გარემოს და თავი შეიკავონ ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო თუ სხვა სახის ნარჩენების დატოვებისგან,“ _ განუცხადეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

 

 

გარემოსდაცვის სამმართველოს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 113 უკანონო ნაგავსაყარია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ანზორ ფერცელიძის თქმით კი, მუნიციპალიტეტში პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია.

 

„თითქმის მოწესრიგებულია და აღმოფხვრილია ეგ პრობლემა. მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა და ძალისხმევა, რომ არც ერთ სოფელში არ იყოს უკანონო ნაგავსაყარი. მხედველობაში მივიღეთ გარემოს დაცვის სამმართველოს დადებული დასკვნა და იმ დღიდანვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. თუ რელიეფი გვაძლევს საშუალებას, ადგილზე ვმარხავთ. ბევრგან ადგილზე ამოვჭერით ორმოები, დავწვით და მერე მიწით გადავფარეთ. საიდანაც შეიძლებოდა გატანა გავიტანეთ,“ – ამბობს ანზორ ფერცელიძე.

 

ქობულეთში, სადაც 87 უკანონო ნაგავსაყარია აღრიცხული, პრობლემის მოგვარებას მომავალი წლისთვის გეგმავენ. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაგვიცხადეს, ჯერ უნდა შედგეს სტრატეგიული გეგმა, მოიზიდონ ფინანსური რესურსები და შემდეგ დაიწყება სამუშაოები. პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი სახსრები 2015 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

 

ქედაში, სადაც 32 უკანონო ნაგავსაყარია აღრიცხული, ორშაბათიდან აპირებს მათ მოწესრიგებაზე ზრუნვას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. აქამდე საკითხის მოუგვარებლობას კი იმით ხსნის, რომ ცალკეულ სოფლებში მუნიციპალიტეტს რწმუნებულები არ ჰყავდა.

 

„ორშაბათიდან დანიშნული იქნება გამგებლის ყველა წარმომადგენელი, რომელთაც დაევალებათ აღნიშნული ნაგავსაყრების მოწესრიგება, სპეციალური ადგილის გამოყოფა. ორშაბათიდან ზედამხედველებთან ერთად რწმუნებულები მიხედავენ მაგ საქმეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გურამ ბერიძემ.

ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული 25 უკანონო ნაგავსაყარი სოფლებშია განთავსებული. ნაგვის მანქანა კი მხოლოდ დიოკნისის თემსა და კურორტ ბეშუმს ემსახურება. 

 

„დანარჩენ სოფლებს ვერ გავწვდით. ნარჩენების ტრანსპორტირება მაღალმთიანი სოფლებიდან ჭირს. მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ ნაგვის დაყრით ისინი უკანონო ქმედებას ჩადიან. იქ, სადაც ნაგავსაყარი არ არის, დაუშვებელია ნაგვის დაყრა. რთული თემაა. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეში ან ერთ წელიწადში მოგვარდება, მაგრამ ვცდილობთ მაგისტრალურ ზოლში თემის ცენტრები მაინც ჩავრთოთ,“- ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე.  

 

23 უკანონო ნაგავსაყარია შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 

 

„ეს ნაგავსაყრები არის სოფლებში და არა დაბის ტერიტორიაზე. არაერთხელ ჩავატარეთ აქცია სოფლებში, გავაფრთხილეთ ხალხი, რომ აღარ მოეწყოთ ნაგავსაყრები. დავალაგეთ, ადგილზე დავწვით ნაგავი, მაგრამ ისევ მეორდება. თვითონ მოსახლეობა არ ერიდება,“ – ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე.

 

მისივე თქმით, ჯერჯერობით სოფლებიდან ნაგვის გატანას ვერ ახერხებენ: „ვაპირებთ  ყველა სოფელში მოეწყოს ნაგავსაყარი. შევთავაზეთ სოფლებს, აერჩიათ ისეთი ადგილი, სადაც მოეწყობოდა ნაგავსაყარი და არ იქნებოდა სოფლისთვის საზიანო. მაგრამ მოსახლეობამ გააგრძელა ისევ უსისტემოდ დაყრა. არანაირად არ მოხერხდა, რომ შერჩეულ ადგილზე დაეყარა. ამჯერად ვაპირებთ კიდევ ერთხელ ჩავატაროთ აქცია სოფლებში და მკაცრად გავაფრთხილოთ – თუ ნაგავს დაყრიან, დაჯარიმდებიან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: