მთიანი აჭარა

დილას გამოსული ავტობუსი უკან ან დაბრუნდება, ან არა

09.11.2014 • 2820
დილას გამოსული ავტობუსი უკან ან დაბრუნდება, ან არა

 

აჭყვისთავის გაუმართავი ავტობუსების შესახებ დალი თურმანიძე ყვება. დალი იმასაც  დასძენს, რომ ტრანსპორტის გამოცვლა სოფლის მოსახლეობამ ქობულეთის გამგეობას არაერთხელ სთხოვა. როგორც დალი თურმანიძე ამბობს, ხალხის მოთხოვნას შედეგი არ მოჰყოლია: ,,როცა ახალი გამგებელი დანიშნეს, პირველივე განცხადება ჩვენგან ავტობუსის თაობაზე შევიდა. სიახლე არაფერია. ამ ავტობუსით სკოლის მოსწავლეებიც  გადაადგილდებიან. აბიტურიენტები კი ბათუმში დადიან მასწავლებლებთან და უტრანსპორტობის გამო პრობლემები მათაც ექმნებათ. როცა გზაში ფუჭდება ავტობუსი, სახლში მისვლა  უგვიანდებათ და მშობლებიც ნერვიულობენ“.

 

„სოფლიდან დილით გამოსული ავტობუსი, უკან ან დაბრუნდება, ან არა“, – ამბობენ აჭყვისთავში. ის, რომ სოფელ აჭყვისთავში გაუმართავი ავტობუსი მოძრაობს, ამას ამავე სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები კობა ჯინჭარაძეც გვიდასტურებს: „არის შემთხვევები, როცა ერთი ან ორი დღე გაჩერებულია. საბურავების პრობლემაც აქვს. ექვსი წელია უკვე რაც მოძრაობს, თავიდანვე ძველი მოგვცეს. სარემონტო ხარჯები ავტოპარკმა უნდა გაიღოს, მძღოლი ხომ ვერ გააკეთებს ხელფასიდან.“

 

შპს ,,ქობულეთის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელმა ჯუმბერ შავიშვილმა   ბათუმელებთან’’  განაცხადა, რომ მუნიციპალური ავტობუსები ამორტიზებულია და ავტოპარკი განახლებას საჭიროებს. „ათი ერთეული ავტობუსი ერთი წელია რაც ბათუმის მერიამ გადმოგვცა, მაგრამ ეს არის ძველი ავტობუსები, ათი წელია რაც ექსპლუატაციაშია და მწყობრიდან არის გამოსული. ავტოპარკინგი აუცილებლად გასაახლებელია“, – ამბობს შავიშვილი.

 

 შპს ,,ქობულეთის ავტოტრანსპორტი“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით წელიწადში 145 550 ლარს იღებს: ,,ამ თანხაში შედის როგორც მძღოლების ხელფასები, ასევე სარემონტო ხარჯებიც“.

 

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე კი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის ავტობუსებს პრობლემები არ აქვს: ,,ავტობუსები ტექნიკურად ნორმალურ მდგომარეობაშია. ავტოპარკინგის განახლება დაგეგმილი არ გვაქვს. ავტობუსები არა, მაგრამ შეიძლება შევიძინოთ ისეთი ტექნიკა, რომელიც სტიქიის დროს გამოგვადგება“.

 

 სოფელ აჭყვისთავის ავტობუსის მძღოლის რევაზ მემარნიშვილის აზრით, მუნიციპალურ ავტობუსებს „დღე არ უწერია, ჩამოსაწერია უკვე. 12 წლის მანქანაა და გაფუჭდება, აბა რას იზამს. თუ ნაწილებს მოგვცემენ, შეიძლება ცოტა ხანი კიდევ იაროს, მაგრამ ფინანსები არ არის, არც ხარჯი არ ამოდის”.

 

როგორც რევაზ მემარნიშვილი ამბობს, მუნიციპალურიავტობუსი ჯიხანჯურში, დაგვასა და კიდევ რამდენიმე სოფელში მოძრაობს, თუმცა მათი მდგომარეობაც სავალალოა.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მხოლოდ ერთი ავტობუსი აქვს. გამგეობიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ავტობუსი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 75 ათას ლარად შეიძინეს გასულ წელს და ის მაჭახლის ხეობას ემსახურება: ,,ავტობუსის მარშრუტია ზედა ჩხუტუნეთი – ბონის კულტურის სახლი’’.

 

გამგეობის ინფორმაციით, ავტობუსი იჯარის წესით არის გაცემული, ამიტომ მის ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებელი მოიჯარეა: ,,ავტობუსის მდგომარეობის შესახებ მოიჯარემ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს არა უგვიანეს 20 დეკემბრისა’’, – წერია დოკუმენტში.

 

ავტობუსები არ აქვთ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. მოსახლეობა ამ მუნიციპალიტეტებში კერძო მიკროავტობუსებით გადაადგილდება.

 

შპს ,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს’’ ხელმძღვანელის, გელა დუმბაძის განცხადებით, ,,ყველა მიკროავტობუსი, რომელიც მგზავრების გადაყვანას უზრუნველყოფს, ხელშეკრულებით გვყავს აყვანილი. ყველა მიკროავტობუსი კერძო საკუთრებაა. ამ ეტაპისთვის ქედაში 55 მიკროავტობუსი მოძრაობს. ტრანსპორტის გამართულობაზეკი მძღოლები არიან პასუხისმგებელი’’.

 

გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ სანამ სოფელ უჩხითის მიმართულებით გზის საფარის დაგება არ დამთავრდება, მანამდე ახალი ავტობუსების შეძენას გამგეობა არ ფიქრობს: ,,2015 წლისთვის არ ვაპირებთ ავტობუსების შეძენას, თუმცა უჩხითისა და მერისის მიმართულებით გვინდა, რომ დაინიშნოს ავტობუსი. ვნახოთ, რამდენად რენტაბელური იქნება’’.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე კი აცხადებს, რომ ტრანსპორტის შესა ძენად ბიუჯეტში თანხა არ აქვთ და არც მოთხოვნაა ამაზე: ,,დოტაციაზე მყოფი  მუნიციპალიტეტებისთვის სხვა პროექტების განხორციელება უფრო მნიშვნელოვანია. არც მოსახლეობას აქვს მოთხოვნა, მიკროავტობუსებიც კი ცარიელი მოძრაობს და ავტობუსების შეძენით შეიძლება მაგათაც შევუქმნათ პრობლემა’’.

გადაბეჭდვის წესი