მთიანი აჭარა

პედაგოგი რამდენიმე პროფესიით

09.11.2014 • 1592
პედაგოგი რამდენიმე პროფესიით

 

დავით ქათამაძე

 

ბავშვობაში უცხო ენების შესწავლა და ისტორიკოსობა უნდოდა, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ, მამის რჩევით, ჯერ ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა, შემდეგ ბათუმის პედაგოგიურ უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების სპეციალობაზე ჩაირიცხა და სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა საკუთარი სოფლის სკოლაში დაიწყო პედაგოგად. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ოცნება მაინც აიხდინა, ისევ სტუდენტი გახდა – ამჯერად ისტორიის შესწავლა დაიწყო, სწავლის დასრულების შემდეგ კი ახალი გატაცება – მხატვრობა იპოვა.

 

„თვითნასწავლი მხატვარი ვარ, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ჭვანაში სამხატვრო-სახელოსნო გავხსენი, გზებისთვის ნიშნულებს, აბრებს, პლაკატებს, სიმბოლოებს მიკვეთავდნენ და მეც ვხატავდი. ლოზუნგებს ვაკეთებდი, შინაარს თვითონ ვირჩევდი და ვადგენდი. სკოლაში საათები მქონდა და პარალელურად ვხატავდი, ზოგჯერ ღამითაც. საკმაოდ კარგადაც მიხდიდნენ, ჩარიცხული თანხის 45% მე მერიცხებოდა, პედაგოგის ხელფასს 100-ჯერ აღემატებოდა მიღებული შემოსავალი. შემდეგ ხელშემშლელი პროცესები დაიწყო და დავხურე სახელოსნო. მეგობრების თხოვნით ლოზუნგებს ვაკეთებდი, მაგრამ თანხას არ ვიღებდი“, – იხსენებს დავით ქათამაძე.

 

ხატვას პოეზია და პროზა მოჰყვა. საკუთარი შემოქმედების წიგნად გამოცემა ვერ შეძლო, თუმცა გამოსაცემად დამუშავებული რომანი, მოთხრობები და ლექსები დღემდე გამზადებული აქვს. ამბობს, რომ ძალიან უნდა ერთ-ერთი მაინც გამოსცეს,მაგრამ პედაგოგიური მოღვაწეობიდან მიღებული თანხით ამას ვერ ახერხებს. „ლექსებს ვწერდი, მაქვს საბავშვო ლექსებიც, თუმცა ფინანსების არქონის გამო ვერ შევძელი გამომეცა.

 

ლექსებს რომანი „ფალავანი’ მოჰყვა, რომელიც 100 წლის წინ ჩემს სოფელსა და თურქეთში მომხდარ ამბავს ასახავს. რომანი ნამდვილ ამბავზეა აგებული, რვა წელია მზად არის, ამგრამ ვერ მოვახერხე ვერც ერთი მათგანის გამოცემა. რამდენიმე დღეა დავასრულე მოთხრობა „შეიცან თავი შენი”, ვაპირებ ახალი რომანის დაწერას, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ ვერ მოვახერხე ვერც ერთი მათგანის წიგნად დაბეჭდვა“,  –  ამბობს დავით ქათამაძე.

 

ჭვანის სკოლაში მუშაობის პარალელურად 20 წლის წინ მუშაობა დაიწყო ხიჭაურის რუსულ სკოლაში. „ხიჭაურში მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როცა რუსული სკოლა ფუნქციონირებდა. უკრაინელი მეუღლე მყავს და რუსულიც კარგად ვიცოდი, გავიარე გასაუბრება და დირექტორმა ისტორიის მასწავლებლად ამიყვანა, მაშინ როცა ჭვანის სკოლაში 9 ლარი მქონდა ხელფასი, ხიჭაურის სკოლაში კი თითქმის 200 დოლარამდე აღწევდა ჩემი ანაზღაურება. 14 პედაგოგი ვიყავით რუსულ სკოლაში და მათგან მხოლოდ მე ვიყავი ქართველი, რუსი მესაზღვრეების ბავშვებს ისტორიას ვასწავლიდი. როცა რუსი მესაზღვრეები გავიდნენ ხიჭაურიდან და რუსული სკოლა დაიხურა, მოსახლეობის მოთხოვნით ხელწერებით საქართველოს განათლების სამინისტრომ ქართული სკოლა

 

გახსნა და სკოლის დირექტორად დავინიშნე 2000 წელს, 2005 წლის იანვრამდე ვმუშაობდი. დირექტორობის შემდეგ კვლავ პედაგოგობა გავაგრძელე, ისტორიასთან ერთად ხელოვნებას ვასწავლი ხიჭაურისადა ჭვანის სკოლებში, პედაგოგობაში ეკონომისტობაც გამოვიყენე, როცა სკოლებში არჩევითი საგნები დაიშვა, მოსწავლეებს ეკონომიკასაც ვასწავლიდი მათი მოთხოვნით’’.

 

2009 წელს დავით ქათამაძე შუახეველ 8 პედაგოგთან ერთად საუკეთესო პედაგოგად დასახელდა და პრეზიდენტის სტიპენდიანტი გახდა. 8 თვის განმავლობაში იგი დანამატის სახით 200 ლარს იღებდა. ამბობს, რომ საქმისადმი მის მიდგომასა და შრომისმოყვარეობას სკოლაში პედაგოგები და მოსწავლეები აფასებენ. მოსწავლეებს საკონფერენციოდ ამზადებს და სიგელებიც აქვთ მის მოსწავლეებს მიღებული.

 

2003 წელს სწავლების ახალ მეთოდზე გადასვლასთან დაკავშირებით დაწერილმა მისმა პროექტმა გაიმარჯვადა სკოლამ 1000 დოლარი მიიღო სამინისტროსგან ეთნოგრაფიული კუთხის მოსაწყობად.

 

დავით ქათამაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად დღემდე ხიჭაურში ცხოვრობს, საყვარელ საქმეს აკეთებს, ისტორიას, ხატვასა და გობელინზე ქსოვას ასწავლის ბავშვებს, ასევე მოსწავლეებს დამატებით ამზადებს, თუმცა რეპეტიტორობაში მოსწავლისთვის თანხა არასოდეს გამოურთმევია.

გადაბეჭდვის წესი