კვირის ამბები

Fifi: ღამეებს ვათევდი კერვისას

11.11.2014 • 2449
Fifi: ღამეებს ვათევდი კერვისას

 

 

 ფიფი, რა იქნება აქტუალური 2014-2015 წლის შემოდგომა-ზამთარში?

 

 შემოდგომის მოდა იქნება დახვეწილი და ელეგანტური. ყველა მოირგებს წლევანდელ ტენდენციას. რადგან სწორედ ფართო მასაზეა გათვლილი. შემოდგომის ქალი არის თავისუფალი, მუქ ტონალობებში გადაწყვეტილი. აქტუალურია ე.წ. ტომარას სტილის ტანსაცმელი, რომლის მთავარი აქცენტი უცნაურ კონსტრუქციაზეა გადატანილი, ფრთები, ჯიბებები, მხრები. თეთრი, შავი, ნაცრისფერი, ლურჯი, წითელი, ყვითელი – ეს ის ფერებია, რომლებზეც წელს მოთხოვნა. კაბები ფრანგულ სტილშია, მუხლამდე. თავისუფალი სამოსის გამო აქცენტია გაკეთებული აქსესუარებზე, დიდი, ბრჭყვიალა გულსაკიდები, რომლებიც საოცარ ეფექტს აძლევს სამოსს. მოდურია ბისერები, მაქმანები და თვლები, რომლებიც ხელით მაგრდება სამოსზე. ასევე, ბეწვი და ტყავი ერთად არის აქტუალური. ფეხსაცმელი არის “ბათინკის” სტილის, უხეში, დიდი ქუსლით, მეტალიზებულია. ჩანთები არის პატარა, კლაჩის ფორმის, ნაჭრის ორნამენტებით გაწყობილი. ჩემი შემოდგომის ქალი დახვეწილია, ელეგანტური და სადა. მთავარი აქცენტი მაქვს შემოდგომის ფერებზე. ფანტასტიკური ფილმებიდან მოდის ინსპირაცია.
მამაკაცი უფრო კლასიკურია. ფერები არეულ-დარეულია, მთლიანობაში ჭრელი. შარვალი არის მოტმასნილი კოჭამდე, რომელსაც იცვამენ ჩაჩაჩულ წინდებთან და ტრაქტორის ძირზე, ოდნავ წაწვეტებული ცხვირის მქონე ფეხსაცმელთან იმისთვის, რომ შიშველი კანი გამოჩნდეს. ქურთუკები არის კაპიშონით, მამაკაცის სამოსის კონსტრუქცია ერთ დონეზე რჩება, 1990 წლიდან მამაკაცის პიჯაკის კონსტრუქცია არ შეცვლილა.

 

 FIFI, როგორ დაიწყო შენი კარიერა?

 

 წალენჯიხის რაიონ სოფელ საჩინოში დავიბადე და გავიზარდე, დედაჩემის დამსახურებაა ყველაფერი ის, რაც მე შევძელი, სწორედ მან აღმომიჩინა ხატვის ნიჭი. რაიონში არის სამხატვრო სკოლა, სადაც მატარებდა, ამისთვის სამსახური მიატოვა, რადგან იმ პერიოდში ავტობუსები არ იყო და ვერ ახერხებდა პარალელურად ვეტარებინე ამ სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ვხედავდი, რომ ჩემს ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა ჩემთვის სწავლის საფასური გადაეხადა, ამიტომაც ვეღარ ვოცნებობდი სამხატვრო აკადემიაში სწავლაზე. ნაცნობმა მითხრა, რომ თბილისში მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრი არსებობდა, სადაც შემეძლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში უფასოდ მესწავლა. ჩემით მოვიძიე ინფორმაცია, გადავწყვიტე, რომ ბედი მეცადა, ოჯახის წევრებისთვის არც გამიმხელია ისე წავედი თბილისში, სადაც იქამდე ნამყოფი არ ვყოფილვარ, ძლივს მივაგენი სასწავლებელს, მეტროთი გადასვლა არ ვიცოდი, არც მარშუტების მიმართულება და სულ ფეხით ვიარე, მაგრამ მაინც მივედი. 16 წლის ვიყავი, ჩემი მოდელების ფოტოები ვაჩვენე, მე ყოველთვის ვკერავდი ტანსაცმელს. მოეწონათ და უფასოდ მომცეს სწავლის საშუალება.

 

 როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება თბილისში?

 

 ჩემს მშობლებს მხოლოდ ბინის ქირას ვთხოვდი, მაგრამ ესეც არ ჰქონდათ, ამიტომაც ცუდი პერიოდის გამოვლა დამჭირდა, ჩემი ბარგი-ბარხანით, ორი დღე ქუჩაში ვრჩებოდი, სიცივეში სკამზე მეძინა. ლესელიძეზე, კიბის ქვეშ ვნახე ერთი ოთახი, საშინელი პირობები. ფიროსმანი რომ ცხოვრობდა, ისე ვცხოვრობდი ზუსტად, ამ ოთახში 80 ლარს ვიხდიდი. სასწავლებელში საკერავ მანქანებზე მუშაობის ნებას მაძლევდნენ, პირველი კაბა შევუკერე მონიკა ქარდავას, ამ კაბამ განსაზღვრა მერე ჩემი მომავალი, რადგან ბევრი დაინტერესდა, შეკვეთები მივიღე. სასწავლებელში ღამეებს ვათენებდი კერვისას, ფული არ მქონდა, რომ საკერავი მანქანა მეყიდა. რამდენიმე თვეში შევაგროვე ფული და ვიყიდე საკერავი მანქანა.

 

 ამ რთულ პირობებში როგორ მოახერხე რამდენიმე წელში ატელიეს გახსნა?

 

 ჩემი მიზანი მეხმარებოდა, სულ ვიცოდი, რომ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა. ვიცი, რომ უფრო მეტი გამომივა, ყველა რესურსი მაქვს, რომ ვიყო წარმატებული, მთავარი შრომაა. იმ მძიმე პირობებიდან გამოვედი, ახლა ვარ ძალიან მხიარული, კლიენტი დადებითი ენერგიით უნდა დავმუხტო, რომ მას ჩემთან მოსვლა მეორეჯერაც მოუნდეს. ხშირად მეუბნებიან, რომ კარგი აურა მაქვს, მეგობრული ვარ. მარჯანიშვილზე მაქვს ატელიე, მყავს მოსწავლეები, კლიენტები, მქონდა ოთხი ჩვენება. ახლა ვემზადები “ბინექსისთვის”, რომელიც ქობულეთში, ჭყონიას სასტუმროში ტარდება. თბილისის “fashion week”-ზე მინდა წელს გასვლა.

 

კონკურსზე რა კოლექციის წარდგენას გეგმავ?

 

 ამ კონკურსზე ყველაფერს აკვირდებიან, ნაჭრის ფაქტურა, ქსოვილები, ტექნოლოგია, კონსტრუირება, იდეა, ყველაფერი მნიშვნელოვანია. კონკურსზე წარვადგენ ხუთ კოსტიუმს, მომწონს პრეტაპორტე, ამავდროულად მომწონს ხელით გაკეთებული სამოსი, რომელიც არის ექსკლუზიური, ამიტომაც ვამჯობინებ, რომ ხელით შეკერილი სამოსი წარვადგინო კონკურსზე.

 

როგორც ვიცი, მამაკაცისა და ქალის ხაზზე მუშაობ…

 

 ბავშვებისთვისაც ვკერავ. ჩემი სტილი არის ქუჩისთვის განკუთვნილი, ყოველდღიური სტილია, მაგრამ მასში ჭარბობს დახვეწილი ელემენტები, მიყვარს სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, ფერები. თეთრი, შავი და წითელი ფერი მომწონს განსაკუთრებით. თბილისში ზაფხულში მოსწონთ ჭრელი ფერები, ზამთარში უფრო მუქი. ვითვალისწინებ მომხმარებლის სურვილს, მსოფლიო ტენდენციასა და ჩემს ხედვას.

 


 თუ არის განხილვის თემა შენი ჩაცმულობა?

 

 საშინელი რეაქცია აქვს ხალხს, ქუჩაში მაძახებენ, მაგინებენ კიდეც. მე მოვდივარ ერთხელ, ნიახური ხომ არ ვარ ორჯერ მოვიდე. მე მაქვს ჩემი სტილი, ჩემი საქმე, სხვის შეხედულებას არ ვაქცევ ყურადღებას, რომ მლანძღავენ ეს რა გაცვიაო, ვდგავარ და ვიცინი.

 

 ვინ არის შენი ფავორიტი დიზაინერი?

 

 ვგიჟდები ალექსანდრე მაქქვინზე, მომწონს ქრისტიან დიორიც, რომელსაც აქვს ელეგანტური, ფუშფუშა სამოსი. მეც ვცდილობ ჩემი ქალი იყოს ელეგანტური. მთავარი ის არის, რომ სრულყოფილი იყოს ნამუშევარი, ქართველი დიზაინერების უმეტესობა ტექნიკურად კარგად არ ამუშავებს სამოსს, კარგად არ კერავს. ჩემთვის მთავარია, რომ კარგად შევკერო ის, რასაც ვკერავ. ქსოვილები კი შეიძლება ლილოშიც ვიყიდო, მე ამის აღიარების არ მრცხვენია.

 

 როგორ ფიქრობ, რა არის შენი წარმატების მიზეზი?

 

 

 მაქვს სერვისი, რომელიც არავის არ აქვს, სახლშიც კი ვემსახურები კლიენტს, რაშიც ფეხის ქირას არ ვღებულობ. ჩემი სამოსი ყველასთვის მისაწვდომია, 2000-3000 ლარს არავის ვახდევინებ სამოსში, მირჩევნია ჩემი ტანსაცმელი ბევრს ეცვას, ვიდრე ორ-სამს, ამიტომაც ვარ გაყიდვადი.

 

 სად შეიძლება შენი ტანსაცმლის შეძენა?

 

 მაღაზიის გახსნა მინდა, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ, ჩემი ნამუშევრების ნახვა შეიძლება “Comode”-ში, რომელიც მდებარეობს ბარნოვის 44-ში, ბათუმშიც ქართველი დიზაინერების მაღაზიაში გაიყიდა ჩემი კოსტიუმები, ბათუმელი კლიენტებიც მყავს, ამ ზაფხულს “Bazaar Bar”-ში მქონდა ჩვენება.

 


რა გეგმები გაქვს?

 

 ძალიან მინდა ლონდონში “სენ მარტინის” სასწავლებელში სწავლა, 3000 ფუნტია სწავლის საფასური, ამდენი თანხა არ მაქვს, რომ წავიდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იქ აუცილებად ვისწავლი, მთელი ცხოვრება მუშაობაც რომ დამჭირდეს ამისთვის. ანაბარი უკვე მაქვს.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: