სიახლეები

ცოცხლად დამწვარი გოგოები

11.11.2014 • 5921
ცოცხლად დამწვარი გოგოები

 

სუადს ერთი ძმა და ოთხი და ჰყავს. წესით, ცხრა და უნდა ჰყავდეს. გაინტერესებთ, დანარჩენი ხუთი და სად წავიდა? ისინი სუადის დედ-მამამ დაახრჩო, იმიტომ, რომ გოგოები იყვნენ, სუადის თანასოფლელი მამაკაცები კი „არჩევანის წინაშე რომ დააყენო, ძროხა თუ გოგოო, ძროხას აირჩევენ, იმიტომ, რომ ძროხა რძეს და ხორცს იძლევა, გოგო კი არაფერს“. გოგო მხოლოდ მუშახელია, რომელიც, თუ ოჯახში ისედაც საკმარისი მუშახელი ჰყავთ, ზედმეტ მჭამელ პირად შეიძლება იქცეს. ამიტომ, მას ცხვრის ტყავში გადაახვევენ გაჩენისთანავე და გუდავენ. ამას მკვლელობას არავინ ეძახის. ეს ყოველდღიურობაა. იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ სუადის და, ნურა, ამბობს, მეც ასე მოვიქცევი, გოგო თუ გამიჩნდაო.

 

ახლა ჰანანის, სუადის  დის ამბავიც მოვყვეთ. ლამაზი, შავთვალწარბა, სიცოცხლით სავსე ჰანანის ამბავი, რომელიც იყო და მერე უცებ ერთ დღეს აღარ იყო, იმიტომ, რომ სუადის ძმამ ტელეფონის შნურით მიახრჩო. მიზეზი, ალბათ, გაინტერესებთ. ჰანანი ტელეფონზე ბიჭს ესაუბრებოდა! ამიტომაც,  ოჯახი შეთანხმდა, რომ ჰანანი ძმის ხელით უნდა მოკვდეს. საღამოს ყველა სტუმრად წავიდა და ლამაზი, შავთვალწარბა ჰანანი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, მოკვდა.

 

სუადს ბიჭი შეუყვარდა. განა რამე დააშავა, უბრალოდ ბიჭი შეუყვარდა. ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა, რომ სუადი სიძის ხელით უნდა მოკვდეს. იმიტომ, რომ გოგოა. იმიტომ, რომ მისგან სარგებელი არაა. იმიტომ, რომ ოჯახი შეარცხვინა. ამიტომ სიძემ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

 

სუადი სოფელში შემთხვევით გამოვლილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გადაარჩინა. მერე ეს გოგო ევროპაში წავიდა, დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება და „ცოცხლად დამწვარი~ დაწერა. წიგნი ქალების კვლაზე. წიგნი ქვეყანაზე, სადაც ფემიციდი ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ცხვრების მწყემსვა, როგორც ლეღვის კრეფა, როგორც ჭამა და ძილი. წიგნი კაცებზე, რომლებსაც ქალები ეზიზღებათ და ქალებზე, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი კაცები არ გააბრაზონ. რომ როგორმე ცოცხლები გადარჩნენ მრისხანე ქვეყანაში. აქ გოგონების ცხოვრებაში საერთოდ არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ მათი დღეები ძალიან ჰგავს კომპიუტერულ თამაშს, სადაც მთავარი ამოცანაა, მოქნეულ მუშტებს, გამოქანებულ ბენზინის ჭურჭელს, დანას და ტელეფონის შნურებს დაუძვრე, რომ მერე ახალი დღე გათენდეს და ისევ იგივე განმეორდეს.

 

ყოველთვის ასე არ იქნებოდა ეს ამბავი. ალბათ ჯერ ერთი ჩვილი გოგო გაგუდეს ცხვრის ტყავით და ხმა არავინ ამოიღო – ოჯახის საქმეში არ ჩაერივნენ მეზობლები. მერე კიდევ ერთი „გზასაცდენილი“  გოგო შეაგდო მამამისმა ავტობუსის ქვეშ – არც ამაზე აღშფოთებულა დიდად არავინ – ოჯახის საქმე გარეთ არ უნდა გაირჩეს.  ოჯახის რეპუტაცია ყველაფერზე მაღლა დგას – დიდი ამბავი, თუ ერთი პატარა გოგო მთელი ცხოვრება იშუშებდა საზარელ დამწვრობებს.

გადაბეჭდვის წესი