მთიანი აჭარა

მაღალმთიანი აჭარა ზამთრის მოლოდინში

12.11.2014 • 2621
მაღალმთიანი აჭარა ზამთრის მოლოდინში

 

ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთის თემში შემავალი სოფელი დანისპარაული მთიან აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია. ბოლო დღეებში თოვლის საფარმა აქ ერთ მეტრს გადააჭარბა. სოფლის მკვიდრი გელა პაპიძე ამბობს, რომ პირველივე გათოვებისას, სამი დღის განმავლობაში სოფელი გარესამყაროს მოსწყდა.

 

„მეხუთე დღეა შუქი არ არის სოფელში, გზა სამი დღის შემდეგ გაიწმინდა, მაგრამ ისიც მხოლოდ ცენტრალური სასოფლო გზა, საუბნო გზები არ გაწმენდილა, რთული ვითარება შეიქმნა“, – ამბობს გელა პაპიძე.

 

იმავე თემის სოფელ ბოძაურის მკვიდრი ბიჭიკო შანთაძე ამბობს, რომ მათ სოფელში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს. „გზა არ ჩაკეტილა, გაწმინდეს, მაგრამ გზა მოყინულია და მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილდებიან, ორი დღის განმავლობაში ჩვენც უშუქოდ ვიყავით“, – ამბობს ბიჭიკო.

 

არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები არ გამოკვეთილა.

 

„თემის ცენტრებამდე გზა არც ერთი მიმართულებით არ ჩაკეტილა, რაც შეეხება შიდა სასოფლო და საუბნო გზებს, ეტაპობრივად იწმინდებოდა. აქცენტი ცენტრალური საავტომობილო გზებიდან შორს მდებარე სოფლებზე ავიღეთ, საგზაო დეპარტამენტის 11 ერთეულ ტექნიკასთან ერთად „იბერია-ჯ“ და „ზიმო-7“ მუშაობდა, იმ დღესვე გადმოვიყვანეთ გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი ავტომობილები. პრობლემა მხოლოდ ელექტრომომარაგებაში შეიქმნა, რადგან სტიქიამ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დააზიანა. სკოლები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები საწვავითა და შეშით მომარაგებულია. ორშაბათს სკოლებში სწრებადობა ნაკლები იყო, რვა ბაღიდან ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სამი მუშაობდა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებმა ბავშვები არ მიიყვანეს“, – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე.

 

ხულოს გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტი ზამთრისთვის მზად არის.

 

„ენერგოკომპანიას გეგმით გამრიცხველიანება ჰქონდა გათვალისწინებული, ყურადღება ბოძების განახლებას ვერ მიექცა. ნაწილი შეიცვალა, თუმცა სრულიად ვერ იქნა პრობლემა აღმოფხვრილი. თუ ორი მეტრი თოვლი ეტაპობრივად მოვა, ჩვენ მზად ვართ არც ერთი მიმართულებით პრობლემები არ შეიქმნას; მაგრამ როცა 24 საათის განმავლობაში დიდი თოვლი მოდის, რა თქმა უნდა, რიგ პრობლემას ქმნის. თუ ნალექი ეტაპობრივად მოვა, არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება“, – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე. მისი თქმით, წელს მომზადებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტიც.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის მსგავსად ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით დუმბაძის განცხადებით, მთავარი პრობლემა ქედაშიც ელექტროენერგიის მიწოდებაში შეიქმნა.

 

„აღმოჩნდა, რომ ენერგოკომპანია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო ზამთრისთვის. იმ სოფლებში, სადაც გამრიცხველიანება დასრულდა, ბევრი ელექტრობოძია შესაცვლელი, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე მოკლე ჩართვამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით პარალიზება გამოიწვია. ენერგო-პრო ჯორჯიას ხელმძღვანელობასთან შეხვედრები ადრეც გვქონდა. მათგან იყო დაპირება, რომ 2015-2016 წლის ზამთრის სეზონისთვის განსაკუთრებულად მოემზადებოდენ, რასაც, ჯერჯერობით, თავი ვერ გაართვეს; ორი დღის განმავლობაში მოსახლეობამ კომპანიის თანამშრომლებთან ერთად სერიოზული შრომა ჩადო პრობლემის აღმოსაფხვრელად. ვფიქრობ, შემდეგ გათოვებაზე ეს პრობლემა აღარ იქნება.

 

რაც შეეხება გზებს, მეწყრის 11 შემთხვევა დაფიქსირდა და გზები ჩაიკეტა. თოვლისა და მეწყრისგან პირველ ეტაპზე ის სოფლები გავწმინდეთ, სადაც ალტერნატიული გზა არ იყო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურებს გადაადგილებაზე პრობლემა არ შექმნია. ისეთი მაღალი ზონის სოფლები, როგორიცაა ხარაულა, დანდალო, მეძიბნა და ნამონასტრევი, გზა ოთხშაბათს გაწმენდილი იყო“.

 

დავით დუმბაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ზამთრისთვის მზადაა. ის აქვე აღნიშნავს, რომ წელს გამგეობა სამი ერთეული ტექნიკის შეძენას გეგმავს. „მუნიციპალიტეტს ბალანსზე `ბელარუსის~ ტიპის ექვსი და მუხლუხებიანი ცხრა ტრაქტორი აქვს. მართალია, ტექნიკა მოძველებულია, მაგრამ მუშა მდგომარეობაშია, სამი მექანიზატორი ჰყავს „ამხანაგობას“. ვფიქრობთ, წელს, დამატებით სამ ერთეულ ტექნიკას შევიძენთ, მათ შორის თოვლმწმენდ „როტორს“. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გადაწყდება ეს საკითხი“, – აცხადებს ქედის გამგებელი.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე აბობს, რომ ნადრევად მოსული თოვლი მათთვის ერთგვარი გამოცდა იყო, ტესტში კი ყველაზე ცუდი შედეგი ენერგოკომპანიამ უჩვენა. „უხუცეს ადამიანებსაც კი არ ახსოვთ ნოემბერში ამ ოდენობის თოვლი. გამოდარებისთანავე ჩვენ ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ, როგორც გზების, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიმართულებით. ნაადრევად მოსულმა თოვლმა ძირითადი პრობლემა ელექტროენერგიის მიწოდებაში გამოკვეთა. მოძველებული ბოძები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული არ შეცვლილა. კომპანიის წინაშე დავაყენეთ საკითხი და უახლოეს დღეებში შემოიზიდება ახალი ბოძები, მოსახლეობა ჩაერთვება სამუშაო პროცესში და ძველს ახალი ჩაენაცვლება. ყველა თემში გვაქვს ტრაქტორები. თოვლის დროს მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკას, ეს იქნება „ამხანაგობის“ კუთვნილი თუ კერძო მესაკუთრის, შეძლებისდაგვარად ვიყენებთ. ახალი ტექნიკა გვჭირდება, საგზაო დეპარტამენტში ავტოპარკინგი უნდა განახლდეს“, – ამბობს შუახევის გამგებელი.

 

კითხვაზე თუ რამდენად მომზადებული ხვდება შუახევის მუნიციპალიტეტი ზამთარს, ტარიელ ებრალიძე ასე პასუხობს: „ზამთარი ჯერ ძალაში არ შესულა. ჩვენ, მთის შვილები, შეჩვეულები ვართ ბუნების საჩუქარს. რაც შეეხება ტექნიკას, ტექნიკის შეძენის აუცილებლობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. შეჯერებული ვართ, როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე საგზაო დეპარტამენტთან, რომ ტექნიკა შევიძინოთ, ანუ მოძველებულ ტექნიკას ახალი ჩავანაცვლოთ, შესაბამისად, მომზადებული შევხვდეთ ზამთარს“.

 

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გენო სურმავა ამბობს, რომ ენერგოკომპანია არსებული პრობლემები სტიქიამ განაპირობა. „ენერგოკომპანია ზამთრისთვის მომზადებულია, სისტემა გამართულია და ყველაფერი გაკეთებული, მომზადებული რომ არ ვყოფილიყავით ასე უცებ ყველაფერს ვერ გავაკეთებდით. რაც გასაკეთებელი იყო ზაფხულში გავაკეთეთ, თუმცა სტიქიამ დაანგრია, ასეთი თოვლი ამ დროს არავის ახსოვს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაზიანებული ადგილები გაგვეკეთებინა და შუქის მიწოდება აღგვედგინა.  მოსახლეობამ არ იცის მოძველებულია თუ არა ელექტრო ბოძები, თუ არ იქნება უსაშველო სტიქია, ყველაფერი კარგად იქნება, ელექტრო ბოძები შემოტანილია, გზა არ არის გაწმენდილი, თოვლმა ჩახერგა გზა და დაზიანების ადგილზე ვერ მივდივართ რომ ჩავანაცვლოთ. ყველა ბოძი ერთად ვერ გამოიცვლება, დამტკიცებული გეგმით ვმუშაობთ“ – ამბობს გენო სურმავა.

 

გაამართლებს თუ არა ენერგოკომპანიის დამტკიცებული გეგმით მუშაობა და ექნება თუ არა ელექტროენერგია ზამთარში მაღალმთიან აჭარას, ამას კარს მომდგარი ზამთარი აჩვენებს. ამინდის სააგენტოების მონაცემების მიხედვით კი, ნოემბერი და დეკემბრის პირველი ნახევარი აჭარაში მზიანი იქნება, თოვლს კი დეკემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ.  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: