სიახლეები

ევროსასამართლო:პოლიცია პირდაპირ იყო ჩართული ძალადობრივი ფაქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში

11.11.2014
ევროსასამართლო:პოლიცია პირდაპირ იყო ჩართული ძალადობრივი ფაქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში

ბიულეტეში სახალხო დამცველი საუბრობს ევროპული სასამართლოს  იმ გადაწყვეტილებაზე, სადაც საქართველოს სახელმწიფოს კონვენციის მუხლები დაუდგინდა;

2014 წლის 7 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”  ერთხმად დაადგინა სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-9 (რელიგიის თავისუფლება) მუხლების დარღვევა, ცალკე და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან მიმართებაში, მთლიანობაში 88 განმცხადებლის მიმართ. საქმე 2000-2001 წლებში იეჰოვას მოწმეების ფართომაშტაბიან  დევნას ეხება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ შექმნა დაუსჯელობის კლიმატი, რამაც ქვეყნის მასშტაბით წაახალისა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ თავდასხმები. თორმეტი წლის წინ ევროპულ სასამართლოს იეჰოვას  99 მოწმემ სარჩელით მიმართა. საქმეში 2000-2001 წლებში იეჰოვას მოწმეების დევნის, მათ წინააღმდეგ გამოჩენილი ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის 30-მდე ეპიზოდია შესული, რომელთა ძირითადი ნაწილი ბასილ მკალავიშვილის ექსტრემისტულმა ჯგუფმა განახორციელა. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, იეჰოვას მოწმეებმა  დაახლოებით 160-მდე საჩივარი შეიტანეს ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ წინააღმდეგ ჩადენილი თავდასხმები განხორციელდა პოლიციის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით ან მათი ხელშეწყობით. აღნიშნულ  საჩივრებს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. სამ შემთხვევაში განმცხადებლებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს, თუმცა მათი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

მოცემულ საქმეზე სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა 32 განმცხადებლის შემთხვევაში  დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლებზე თავდასხმები რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ხდებოდა, რითაც იეჰოვას მოწმეებს მნიშვნელოვანი ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური ზიანი მიადგათ. ევროპული სასამართლოს შეფასებით, პოლიციამ არამხოლოდ ვერ შეასრულა პრევენციის ფუნქცია და აშკარა უმოქმედობა გამოავლინა, არამედ ის პირდაპირ იყო ჩართული ძალადობრივი ფაქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. საქმეში სასამართლომ დეტალურად შეაფასა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებული ხარვეზები, როგორიცაა საჩივრის რეაგირების გარეშე დატოვება, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრობლემა და გამოძიების ვადების გაჭიანურება.

 

სასამართლოს აზრით, სახელმწიფომ არ შეისწავლა ძალადობრივი დანაშაულებების შესაძლო დისკრიმინაციული მოტივები. აღნიშნული გარემოებები მნიშვნელოვანი არგუმენტი აღმოჩნდა სასამართლოსთვის ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეთა მიმართ ძალადობის საქმეებზე არაადეკვატური  და არაეფექტური გამოძიების პრაქტიკის და კონვენციით განსაზღვრული ვალდებულების სისტემური შეუსრულებლობის დასადგენად. ამავე დროს, საქმეში არსებული ინციდენტები სასამართლომ განიხილა, როგორც იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედებები მოტივირებული იყო იეჰოვას მოწმეების მიმართ    შეუწყნარებელი დამოკიდებულებით.

 

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ პასუხისმგებელმა უწყებებმა ვერ შეასრულეს საკუთარი ფუნქცია, მიეღოთ საჭირო ზომები იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობას, თითოეული განმცხადებლისთვის, რომელთა მიმართაც კონვენციის დარღვევა დადგინდა, 350 ევროს გადახდა დაეკისრა. ასევე, სახელმწიფომ გაწეული ხარჯების სანაცვლოდ განმცხადებლებს ჯამში 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.