მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ 1000 ლარი ტორტში და 88 ათასი ლარი რესტორნებში დახარჯა – ბათუმობა 2025

11.06.2025 •
ბათუმის მერიამ 1000 ლარი ტორტში და 88 ათასი ლარი რესტორნებში დახარჯა – ბათუმობა 2025

ბათუმში გამართულ „ბათუმობა 2025“-ის ფარგლებში ქალაქის ბიუჯეტიდან ტორტში და სხვადასხვა სარესტორნო მომსახურებაში 18 ათასი ლარი დაიხარჯა. ცალკე 70 ათასი ლარია გადახდილი „შერატონში“ გამართულ ვახშამში.

გასაჯაროებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით დგინდება, რომ „ბათუმობა 2025“-სთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 335 ათასზე მეტი ლარია დახარჯული.

ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ბათუმობა 2025“-სთვის სარესტორნო მომსახურება ბათუმის სხვადასხვა ადგილას შეუკვეთეს და ჯამში 17 369 ლარი გადაიხადეს. ცალკე 1000 ლარია გადახდილი ერთ ცალ თეთრ ტორტში.

  • შპს „აჭარული ღვინის სახლი“ – გადახდილია 4 316 ლარი – გადახდის დანიშნულება: სარესტორნო მომსახურება
  • შპს „გოლდენ გრუპ“ – 2 653 ლარი – სარესტორნო მომსახურება
  • შპს „დონა“ – 1 000 ლარი – სტუმრებისათვის ტორტის შეძენა
  • შპს „პიაცა მენეჯმენტ“ – 5 487 ლარი – სარესტორნო მომსახურება
  • შპს „მეგრულ-ლაზური 2“ – 3 429 ლარი – სარესტორნო მომსახურება
  • შპს „გრიინ ინვესტ“ – 1 484 ლარი – სარესტორნო მომსახურება სტუმრებისთვის

ასევე, ინდმეწარმე გელა გოჩოლეიშვილზე გადახდილია 3 700 ლარი – „ბათუმობის“ ფარგლებში მოწვეული დელეგაციის ტრანსპორტით მომსახურებაში.

ზემოთ აღნიშნულ ხარჯებს [ჯამში 22 069 ლარს] თუ გავითვალისწინებთ, გამოდის რომ „ბათუმობა 2025“-ისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 335 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა. აქედან:

  • 114 ათასი ლარი – ღონისძიების ორგანიზებაზე
  • 109 ათასი ლარი – მომღერლების ჰონორარებში
  • 70 ათასი ლარი – ვახშამში [„შერატონი“]
  • 20 ათასი ლარი – სასტუმროს ნომრებში

„ბათუმობა“ 2025 წლის 3 და 4 მაისს გაიმართა, თუმცა, არც მერიამ და არც ბათუმის კულტურის ცენტრმა რესტორნის ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ არ მიაწოდა. შესყიდვების პორტალზე არც ხელშეკრულებებია ატვირთული, შესაბამისად, კვლავ უცნობია რამდენი პირისთვის დაიქირავეს სასტუმროს ნომრები და ასევე, რამდენი პირი იყო მიწვეული რესტორნებსა თუ „შერატონში“ გამართულ ვახშამზე.

ამ თემაზე:

მერიამ „ბათუმობაზე“ ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა რესტორანში გამართულ ვახშამში

მთავარი ფოტო: ფოტომონტაჟი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: