სიახლეები

ბათუმელი მედროშე თურქეთში არ დააპატიმრეს, ის საქართველოდან წუხელ იძულებით გააძევეს

11.06.2025
ბათუმელი მედროშე თურქეთში არ დააპატიმრეს, ის საქართველოდან წუხელ იძულებით გააძევეს

თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] თურქეთში არ დაუკავებიათ. ინფორმაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ დაგვიდასტურეს. ეს ორგანიზაცია საიასთან ერთად თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს.

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოდან გაძევებული თემურ ქათამაძე ორდუს საგამოძიებო ორგანოში გამოჰკითხეს და გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე თემურ ქათამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება. დეტალები ზუსტდება.

„მისი მეგობრისგან გავიგეთ, რომ გაუშვეს, მაგრამ რა საფუძვლით გაუშვეს, რა პროცედურებია წინ, ჯერ ეს დეტალები გადამოწმებული არ არის,“ – გვითხრეს „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“.

თემურ ქათამაძეს თურქეთის პროკურატურა, „ბათუმელებისთვის“ მიწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ფეტულა გიულენთან კავშირს ედავება. იმ არგუმენტით, რომ მედროშე შესაძლოა თურქეთში პოლიტიკური პატიმარი გახდეს, ადვოკატები სასამართლოში მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლოებმა საქართველოში ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვეს.

თემურ ქათამაძე საქართველოდან იძულებით გუშინ ღამით გააძევეს.

————-

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] „ქართული ოცნების“ რეჟიმმა საქართველოდან იძულებით დღეს, 11 ივნისს გააძევა. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და ბოლო 13 წელია ბათუმში ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, უმაღლეს ქულებზე ჩააბარა კანონით დადგენილი გამოცდები ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში, მას არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, არც ბინადრობა მისცეს და ლტოლვილის სტატუსზეც უარი უთხრეს.

თემურ ქათამაძის გაძევების პროცესი „ოცნებამ“ მას შემდეგ დაიწყო, როცა იგი პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა. თემურ ქათამაძე აქციებზე ყოველდღე საქართველოს დროშით ჩნდებოდა. მას ბათუმელი მედროშე შეარქვეს.

თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ბათუმში საღამოს 8 საათზე ავტომობილებით მარში იგეგმება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: