ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„მშენებლობიდან ქვა დამეცა, აქ პატარა ბავშვები გვყავს, გვეშინია“ – რას ითხოვენ ბათუმის პატარა ეზოში

13.06.2025 •
„მშენებლობიდან ქვა დამეცა, აქ პატარა ბავშვები გვყავს, გვეშინია“ – რას ითხოვენ ბათუმის პატარა ეზოში

„მშენებლობიდან გადმოვარდა პატარა ქვა, მომხვდა და დავეცი, ფეხი დავიზიანე,“ – ამბობს ბათუმში, არქეოლოგიურ მუზეუმთან მცხოვრები თამარ თეზუაშვილი, რომელიც ძველ იტალიურ ეზოში ცხოვრობს და ვის მეზობლადაც მრავალსართულიანი კორპუსი შენდება. თამარ თეზუაშვილის თქმით, მშენებლობის ზედამხედველმა უთხრა, რომ „მალე გაუვლის“.

ჭავჭავაძის 77-ში მდებარე იტალიურ ეზოში, ავარიულ, ბარაკული ტიპის სახლებში ამ დრომდე 18-მდე ოჯახი ცხოვრობს. იტალიურ ეზოში მცხოვრებ ადამიანებს – მათ მეზობლად დაუცველი მშენებლობის გამო – საკუთარ ეზოში გავლა აშინებთ. ისინი გვიყვებიან, ბავშვებს ვდარაჯობთ, მანქანასაც დაეცა მშენებლობიდან გადმოვარდნილი ძელიო.

მეორე მხრიდან კი, ამ ეზოს მეზობელი არქეოლოგიური მუზეუმია. წლების წინ საერთო ეზოში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთა იურიდიული მისამართი მელიქიშვილის #36 იყო, მისამართი შეუცვალეს არაფერი უკითხავთ და მუზეუმის ეზოსთან გააერთიანეს.

საკუთრების გამიჯვნაზე ამ დრომდე „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა მოქალაქეებს პასუხსაც კი არ სცემს. ამ ეზოშიც ინვესტორის შემოყვანა სურთ, თუმცა იმის გამო, რომ კერძო საკუთრება სახელმწიფოსგან [არქეოლოგიური მუზეუმის საკუთრება] გამიჯნული არ არის, ინვესტორთან შეთანხმება ვერ ხერხდება.

იტალიური ეზო ჭავჭავაძის ქუჩაზე

იტალიურ ეზოში მცხოვრები ადამიანები ჰყვებიან, რომ გაუსაძლისი გახდა ცხოვრება შუა ქალაქში, მუზეუმის გვერდით: ძველ სახლებში გააქტიურებული მშენებლობების პარალელურად კედლებზე ბზარებმა იმატა, რამდენიმე სახლში იატაკი ჩავარდა იმის გამო, რომ ბარაკული ტიპის სახლები ძველი და ავარიულია, აქ გაზის შეყვანაზეც უარი უთხრეს. მუზეუმის გვერდით მდებარე სახლებში ზამთარში ამ დრომდე შეშის ღუმელზე თბებიან.

„ეს ცხოვრებაა, ჩვენ რომ ვცხოვრობთ? მთავრობაში ვინც მუშაობს, 5 და 6 ბინა აქვთ, ჩვენ ერთი ბინა ვერ გავაკეთეთ,“ – ამბობს თამარ თეზუაშვილი და თან მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ქვის შედეგად დაზიანებულ ფეხს გვაჩვენებს. ეზოში გამოსული მეზობლები დასძენენ, ქვაც აგერაა, არ გადაგვიგდია, სამხარაულის ექსპერტიზა უნდა მოვიყვანოთო.

ვენერა პატარაია იმ ქვას გვაჩვენებს, რომელიც მის მეზობელს მოხვდა

„სულცვივა ქვები, ფიცრები, რკინები, ამას რომ ჩამოიღებენ, მერე უნდა ნახო, რა ხმაურია. მეშინია ამ მხარეს სიარულის, როდის რა იქნება, არ იცი,“ – გვითხრა ვენერა პატარაიამ.

„პატარა ბავშვები გვყავს, გვეშინია, სულ ვდარაჯობ, რამე არ ჩამოვარდეს, ხომ ხედავთ, რომ უსაფრთხოება არ არის…,“ – გვიყვება გია ლურსმანაშვილი.

„როგორ დაუშვეს ეს, თან არქეოლოგიური მუზეუმის გვერდით და მოსახლეობის შუაში? მათ რომ სჭირდებათ, ყველაფერს აკეთებენ. ჩვენ რომ გასაჭირი გვაქვს, არავინ გვეხმარება,“ – ამბობს თამარ არველაძე და იქვე გვაჩვენებს, ეზოში შემოვლითი გზით როგორ შედის, თან გვიყვება, ბათუმის უკვე ყოფილ მერს, არჩილ ჩიქოვანსაც შევხვდით, მაგრამ არც უსაფრთხოების პრობლემა მოგვარდა და მიწის გამიჯვნაშიც არცერთი სახელმწიფო უწყება არ გვეხმარებაო.

მოქალაქეების თქმით, მთავრობამ არც ის გაითვალისწინა, რომ არქეოლოგიური მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კრძალავს ისეთ მშენებლობას, რომელიც დაჩრდილავს ძეგლს.

იტალიურ ეზოში გვიყვებიან, რომ თავდაპირველად მათ მეზობლად 10, 15 და 18 სართულიანი კორპუსები უნდა აშენებულიყო, ახლა კი, 28 სართული შენდება.

იტალიური ეზოს მეზობლად კორპუსს კომპანია „ბმ ჯგუფი“ აშენებს. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცულია, რაც პერიოდულად მოწმდება შესაბამისი სამსახურების მიერ. მათი თქმით, მშენებლობიდან იტალიურ ეზოში არაფერი ჩავარდნილა.

კომპანია „ბმ ჯგუფში“ განმარტეს, რომ თავდაპირველად კომპანია იტალიური ეზოს ტერიტორიაზეც აპირებდა მშენებლობას და ამ ოჯახებთან ხელშეკრულებები გაფორმდა, თუმცა საბოლოოდ არქეოლოგიურ მუზეუმთან მიწის გამიჯვნა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება სართულების დამატებას – კომპანია „ბმ ჯგუფში“ გვითხრეს, რომ საცხოვრებელი კორპუსი ძველი პროექტით შენდება, რაც თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, 18 სართულის აშენებას გულისხმობდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ ბათუმის მერიას მიმართეს და სართულების დამატება ითხოვეს, თუმცა ჯერ უცნობია, ბათუმის მერია ამ მისამართზე რამდენი სართულის დამატებას დათანხმდება.

„როგორც იცით, ამ ობიექტს ვიდრე ჩვენ ავიღებდით, არ შესრულდა პირობა და 14 წელი გაჩერებული იყო, ტბა დადგა და ხალხი თევზაობდა უკვე… ჩვენ რომ ავიღეთ ეს ობიექტი, ბინები უკვე გაყიდული იყო, 5 ათასი კვადრატი დამრჩა მე გასაყიდი. თავის დროზე იმ პირობით ავიღეთ, რომ სართულს დაგვიმატებდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ძველი პროექტით ვაშენებთ.

გვესმის ამ ადამიანების გაღიზიანება – გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ მათი გაღიზიანების საფუძველი ისაა, რომ მიწის გაყოფა ვერ მოხდა, რა იყო ინტერესი, არ ვიცით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შპს „ბმ ჯგუფში“.

რატომ ვერ ხერხდება თანასაკუთრების გამიჯვნა სახელმწიფოსთან? – „ბათუმელებს“ ქონების მართვის სააგენტოს პრესცენტრში უთხრეს, რომ ინფორმაციას მესამე პირების შესახებ ვერ გასცემენ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, თავად გაავრცელებენ ინფორმაციას.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიასაც დაუკავშირდა – რას აკეთებს მერია ამ იტალიურ ეზოში მცხოვრები ოჯახების პრობლემების გადასაჭრელად? ბათუმის მერიისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.

ავარიული სახლები ჭავჭავაძის ქუჩაზე

 

ამ თემაზე:

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან სამ 18-სართულიან კორპუსს აშენებენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: