ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ქვაფენილების აყრა გრძელდება, ამჯერად თავდადებულის ქუჩა გადაიკეტა | ფოტო

12.06.2025 •
ბათუმში ქვაფენილების აყრა გრძელდება, ამჯერად თავდადებულის ქუჩა გადაიკეტა | ფოტო

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა – მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩებს შორის მონაკვეთში – გადაკეტილია.

აქ ქვაფენილი აყარეს და ასფალტი უნდა დააგონ.

მემედ აბაშიძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთა, ბათუმი / 12.06.2025

რუსთაველისა და მემედ აბაშიძის ქუჩებიდან მომავალი მანქანები კი გორგილაძის ქუჩაზე შემდეგი მარშრუტით გადავლენ: თავდადებულისა და აბაშიძის კვეთიდან – აბაშიძის ქუჩით ევროპის მოედნამდე და იქიდან მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩით გააგრძელებენ.

ქუჩის გადაკეტვის გამო დროებით შეიცვალა 7, 7ა და 11 ნომრით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტიც.

მემედ აბაშიძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთა, ბათუმი / 12.06.2025

ქალაქის მერიის ინფორმაციით თავდადებულის ქუჩა აღნიშნულ მონაკვეთში 14 ივნისამდე იქნება გადაკეტილი.

დემეტრე თავდადებულის ქუჩა, ბათუმი / 12.06.2025

ბათუმში ქვაფენილი აყარეს რუსთაველის ქუჩის ნაწილზე. ქვაფენილის აყრა რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ოქტომბრიდან გაგრძელდება.

ზურაბ გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთა, ბათუმი / 12.06.2025

რომელი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოები თავდადებულის ქუჩაზე? აყრიან თუ არა ქვაფენილს ლუკა ასათიანის [გორგილაძიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში], ასევე მარჯანიშვილის ქუჩებზე და როდის? – ამ კითხვით „ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა.

სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში ქვაფენილის აყრას და ასფალტის დაგებას მერია პერიოდული შეკეთების ფარგლებში ახორციელებს და სამუშაოებს კომპანია „ბონდი-2009“ ასრულებს.

„რაც შეეხება სანიაღვრე ქსელს, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში სამუშაოები „ბათუმის წყალმა“ შეასრულა. ლუკა ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებზე ქვაფენილების აყრა კი, ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილი არ არის“ – გვითხრეს მერიის სამმართველოში.

თავდადებულის ქუჩა, ბათუმი / 12.06.2025

ამავე თემაზე:

ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება თავდადებულის ქუჩაზე – მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩებს შორის მონაკვეთში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: