მთავარი,სიახლეები

1000 ლარით დააჯარიმეს კაცი, რომელმაც გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა

11.06.2025 •
1000 ლარით დააჯარიმეს კაცი, რომელმაც გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა ვალერი ქოჩიაშვილი, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. ამის შესახებ თავად ვალერი ქოჩიაშვილმა ისაუბრა ტიკტოკის საკუთარ გვერდზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მოსამართლე სალიხ შაინიძეს განუხილავს 10 ივნისს.

„მოვიწოდებ მთავრობას, დროულად გააძევონ გერმანიის ელჩი საქართველოდან. რისთვის ვითმენთ და კიდე მე მაჯარიმებთ 1000 ლარით?!“ – ამბობს ვალერი ქოჩიაშვილი ამ თემაზე ჩაწერილ ერთ-ერთ ვიდეოში, ტიკტოკზე.

18 მაისს ქოჩიაშვილმა ბათუმში მყოფ გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს აგინა.

ვალერი ქოჩიაშვილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც გამოირჩევა ტიკტოკში აქტიურობით. ის სოციალურ ქსელში აკრიტიკებს და ლანძღავს ოპოზიციას. ამ შემთხვევას გერმანიის საელჩოც გამოეხმაურა.

„საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა“, – განაცხადა გერმანიის საელჩომ 21 მაისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: