21 წლის მარი გადარჩება თუ დავეხმარებით – ოჯახი ოპერაციისთვის თანხას აგროვებს

21 წლის მარის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რომ გადარჩეს. ოჯახი ყველაფერს ყიდის იმისთვის, რომ მარის გადარჩენისთვის საჭირო თანხა შეაგროვოს. ბიძის, მერაბ ანანიძის  ინფორმაციით, ის ახლა სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, სჭირდება 2 ოპერაცია, ამის შემდეგ კი 4 თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი უნდა გაიაროს.

ოჯახმა უკვე მიიღო ის ფინანსური დახმარება, რისი მიღებაც ცენტრალური და აჭარის ბიუჯეტებით დაფინანსებული პროგრამებით შეიძლებოდა. მარის მამის ინფორმაციით, ამ თანხამ, ჯამში, 31 000 დოლარი შეადგინა, თუმცა ის უკვე ამოწურულია, მარის მკურნალობის გასაგრძელებლად კი თანხა ისევ სჭირდებათ:

„სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, შემდეგ მკურნალობა და 4 თვიანი რეაბილიტაცია. ოპერაციები მკურნალობასთან ერთად 84 ათასი დოლარი ღირს, ამას ემატება 4 თვიანი რეაბილიტაცია, 168 000 დოლარის ღირებულების.

საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს წარვუდგინე 168 000 ლარიანი ინვოისი, დამიფინანსა 28 200 ლარით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 35 000 ლარი ჩაგვირიცხა. აჭარის მთავრობის აპარატმა დაგვიმატა 35 000 ლარი. ჯამში გამოვიდა 98 000 ლარი გამოვიდა. ეს მეექვსედია ალბათ იმ თანხის, რაც სამკურნალოდ გვჭირდება. ეს თანხა უკვე ამოწურულია. მარის ანგარიშზე თანხა აღარ არის. ახალი 84 000 დოლარის ინვოისი გადმომიგზავნეს. ესეც უნდა მივიტანო და არ ვიცი, რას მეტყვიან“,  – ამბობს მერაბ ანანიძე, მარის ბიძა.

ოჯახის ინფორმაციით, მარის 2024 წლის 16 სექტემბერს ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში პოლიპების მოშორების ოპერაცია და რენოპლასტიკა უნდა გაეკეთებინა, მას სუნთქვის პრობლემები ჰქონდა. ოპერაციის დროს მარის გული გაუჩერდა. ამას მოჰყვა დამატებითი პრობლემები, რის შედეგადაც მარი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.

„როგორც ამიხსნეს, გულის გაჩერების შემდეგ ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, რის შედეგადაც ბავშვი ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში. 6 თვე მკურნალობდა კლინიკაში, იკრიბებოდა კონსილიუმები. მითხრეს, რომ ყველა პირობა ჰქონდა კლინიკას ჩემი შვილის მდგომარეობიდან გამოსაყვანად, მაგრამ ვერ გამოჯანმრთელდა, ის უფრო დასუსტდა. 25 მარტს სტამბოლში გადავიყვანეთ. გვეუბნებიან, რომ პაციენტი ჯერ უნდა მოამზადონ ოპერაციისთვის, უნდა მოაძლიერონ, რადგან ძალიან დასუსტებულია. ბევრი პროცედურაა საჭირო.“

მარის აქვს შანსი, რომ გამოჯანმრთელდეს, თუ სტამბოლში გააგრძელებს მკურნალობას. ოჯახი მარის მკურნალობის დასაფინანსებლად დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.

საქართველოს ბანკი #GE63BG0000000538740198
თიბისი #GE68TB7525845064300074
პირადი ნომერი:61006074725
მიმღები: ნათია ანანიძე

უკრაინაში „აზოვს“ ახალი მეთაური ჰყავს

ცნობილ „აზოვის პოლკს“, რომელიც ამჟამად უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12  სპეცდანიშნულების ბრიგადაა და კვლავ „აზოვად“ იწოდება, ახალი მეთაური ჰყავს.

„აზოვის“ ახალი მეთაური ბოგდან გრიშენკოვია [„პუგაჩი“]. რაც შეეხება „აზოვის“ ყოფილ მეთაურს, დენის პროკოპენკოს, იგი „აზოვის“ ბაზაზე შექმნილ კიდევ ერთ კორპუსს ხელმძღვანელობს უკრაინის გვარდიაში.

სპეცდანიშნულების ბრიგადის ახალ მეთაურს„აზოვში“ მსახურობის თითქმის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. სოციალურ ქსელებში „აზოვის“ გვერდი წერს, რომ „პუგაჩი“ „აზოვში“ ჯერ რიგითი ჯარისკაცი იყო, უმუშავია ასეულის მეთაურად, შტაბის უფროსად და ბატალიონის მეთაურადაც.

უკრაინული მედიის ცნობით, ბოგდან გრიშენკოვი დონეცკის ოლქიდან, ქალაქ სლოვიანსკიდანაა. ის „აზოვს“ 2014 წელს შეუერთდა, როდესაც უკრაინული ჯარები მის მშობლიურ ქალაქს ათავისუფლებდნენ.

მონაწილეობდა მარიუპოლის ბრძოლებში, იცავდა აზოვსტალს, დაჭრილი იყო საბრძოლო მოქმედებებისას. აზოვსტალის დაცემის შემდეგ, იგი, სხვა უკრაინელ სამხედროებთან ერთად რუსებმა გაგზავნეს დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოლენოვკის კოლონიაში.

აზოვსტალის ტყვეების ნაწილის გათავისუფლების შემდეგ გრიშენკოვი უკრაინაში დაბრუნდა და ომში ბრძოლა განაგრძო.

 

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 20 აპრილს დროგამოშვებით წვიმა; მომდევნო ორ დღეს, 21 და 22 აპრილს კი, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 938 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 530]
  • ტანკი – 10 662 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 22 257 ერთეული [+40]
  • საარტილერიო სისტემა – 26 530 ერთეული [+88]
  • MLRS – 1 367 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 136 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 065 ერთეული [+140]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 44 954 ერთეული [+312]
  • სპეცტექნიკა – 3 858 ერთეული [+51]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 52 293 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 876 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 536 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 741 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 203 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ყოფილი პოლიციელი ემიგრაციაში – „ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ“

50 წლის მაია ფელიშვილი ცხოვრება ბოლო წლებში ერთი წინადადებით ასეთია – პოლიციელობიდან ემიგრაციამდე.

„ბათუმელები“ გიამბობთ ქალზე, რომელიც ბოლო 4 წელია იტალიაში ცხოვრობს, მაგრამ ყოველ დღე ფიქრობს საქართველოზე და იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც ახლა ქვეყანაში ვითარდება; აღელვებს თანამებრძოლების ბედი და აბრაზებს უსამართლობა.

მაიას თქმით, მიუხედავად სხვა ქვეყანაში ყოფნისა, რუსული კანონის საპროტესტო აქციების პირველი ტალღიდან მოყოლებული უერთდება ქართველი ხალხის პროტესტს. უერთდება ისე, როგორც შეუძლია – სოციალურ კამპანიებში მონაწილეობს, თანამებრძოლებს ინფორმაციის გავრცელებაში ეხმარება და სხვა.

მაია ფელიშვილი პირველი პროფესიით მუსიკათმცოდნეა, თუმცა ემიგრაციაში წასვლამდე 14 წელი სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობდა. ამბობს, რომ ახლა მესამე პროფესიის შესწავლაზე ფიქრობს.

„პოლიციელად ვიმუშავე წინააღმდეგობებით სავსე გარემოსა და დროში, თუმცა ამას სიამაყით ვამბობ. ვიმუშავე საყვედურებისა და რეალურად – შეცდომების გარეშე. ბევრი რამ გავაკეთე, მეამაყება ის წლები, იმიტომ, რომ მე პოლიციაში მივედი და ვიყავი ბოლომდე მხოლოდ ერთი მისიით – დავხმარებოდი სხვა ადამიანებს. ასეც იყო, ვეხმარებოდი, მაგრამ რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე, რომ საკმარისი იყო ის, რაც გავეცი და გადავწყვიტე, რომ წასვლის დრო იყო. არა იმიტომ, რომ დავიღალე, არამედ უიმედობის გამო.

მე გაცილებით ადრე დავინახე იმედგაცრუება, მანამდე, ვიდრე სისტემა თავს ისე გამოავლენდა, როგორიც ეს ჩვენ ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში.

ახლა, აგერ უკვე ოთხი წელია, იტალიაში ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დავტოვე, უწყვეტი კავშირი მაქვს ბევრ სფეროსთან, ნაწილობრივ ვაგრძელებ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ჩემი გამოცდილების გაზიარებას სოციალური პლატფორმის საშუალებით, ასევე, ემიგრანტების დახმარებას ისევ პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით, მაქვს ჩემი საკონსულტაციო პლატფორმა სოცქსელში და ასევე, ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან“, – გვიყვება მაია ფელიშვილი.

მისი თქმით, ემიგრაციიდანაც ძალიან კარგად ჩანს ქვეყანაში არსებული კრიზისი, რაც გახდა მიზეზი, ემიგრანტები გაერთიანებულიყვნენ, ერთმანეთთან კავშირი დაემყარებინათ და გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ყველაფერი ეღონათ – ერთმანეთისთვის მიეწოდებინათ ყველა საჭირო ინფორმაცია, კოლექტიურად ეზრუნათ არჩევნების დროს ტრანსპორტირების საკითხზე და ყველა პრობლემის მოგვარებაზე.

„საქართველოში ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები ერთგვარი გამოწვევა იყო ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, უმეტესობა სწორედ სოცქსელებით, ჯერ კიდევ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროიდან ჩაერთო სოციალურ აქტივობებში. ათასობით კილომეტრით დაშორებულმა ადამიანებმა გავიცანით ერთმანეთი და გავერთიანდით.

რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების პარალელურად ემიგრანტებისთვის რამდენიმე ადამიანის თაოსნობით შეიქმნა სივრცე და დავიწყეთ საარჩევნოდ ერთმანეთის გაძლიერება, მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება. ყოველ კვირას გვქონდა ონლაინ შეხვედრები. განიხილებოდა საკონსულო რეგისტრაციიდან დაწყებული, ტრანსპორტირების ორგანიზებით დასრულებული, ყველა დეტალი, რამაც დადო ის შედეგი, რაზეც დღეს ყველამ იცის:

„ქართული ოცნება“ ემიგრანტებთან დამარცხდა.

ემიგრაციიდანაც კარგად ჩანს ქვეყანაში არსებული მასშტაბური კრიზისი და ასევე, საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში უბრალოდ ვერ მოახერხეს არჩევნების გაყალბება“, – იხსენებს მაია ფელიშვილი.

ემიგრანტის თქმით, იოლი არ ყოფილა მისთვის ან სხვა ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობა და ეს დიდი ძალისხმევად დაუჯდათ.

„იტალიაში სულ სამ ქალაქში გაიხსნა საარჩევნო უბანი, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი შრომა ჩავდეთ ხელმოწერების მოგროვებაში და სამართლებრივი დავებიც კი წამოიწყეს სხვადასხვა პლატფორმებმა, რათა კანონით მონიჭებული უფლებით გვესარგებლა და თუ 50 ამომრჩეველზე მეტი ვფიქსირდებოდით, საარჩევნო უბნები გაეხსნა ცესკოს კონკრეტულ ქალაქებში.

როგორც იცით, არა მარტო იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში შეეზღუდათ ეს უფლება ქართველ ემიგრანტებს ჩვენივე მთავრობის მხრიდან. ამიტომ ადამიანებს ათასობით კილომეტრის გავლა, ასევე სხვადასხვა ოდენობის თანხისა და უდიდესი დროის დაკარგვა მოუწიათ“, – გვიყვება მაია ფელიშვილი.

მისი გამოცდილებაც ასეთია – არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სხვა ქალაქში ჩასვლა, ერთი ღამით გაჩერება და შესაბამისად სასტუმროს დაჯავშნა მოუწია. დახარჯა ფული და დაკარგა დრო.

„ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ არჩევნები იყო შაბათს და ემიგრანტების უმეტესობა მხოლოდ კვირას ისვენებს. უმეტესობამ სამუშაო დღე გააცდინა და ამითაც იზარალა, თუმცა მობილიზება იმდენად დიდი იყო, რომ ნათელი გახდა, ხალხი უბრალოდ დაიღალა თორმეტწლიანი თვალებში ნაცრის შეყრით, ტყუილი დაპირებებითა და ბოლო პერიოდში რუსეთისკენ სვლის დაუფარავი გამოვლინებით.

ადამიანები სრულიად რეალურად ხედავენ, განსაკუთრებით ემიგრაციაში, რომ ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ და ამის შეჩერებას ვცდილობდი აქედანაც, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა.

თეთრ ფურცელზე დიდი შავი ლაქა არ არისო – გვარწმუნებდა ჩვენი მთავრობა, მაშინ, როცა ეს შავი წერტილი მთელმა მსოფლიომ დაინახა“, – გვეუბნება მაია და დასძენს, რომ იმედგაცრუება, რაც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ გააჩინა მოქალაქეებში, დიდხანს არ გაგრძელებულა.

„ემიგრანტებისთვის შექმნილ სოციალურ პლატფორმაზე შეხვედრების დროს ორგანიზატორი განიხილავდა ხოლმე შესაძლო ვარიანტებს. იმასაც, რომ ქართული ოცნებისგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო და მზად უნდა ვყოფილიყავით ჩვენი ხმების დასაცავად. ეს დაშვება გვქონდა და აქციების დაორგანიზება და სამართლებრივი დავის წამოწყება მალევე შევძელით.

საქართველოში არჩევნების გაყალბების შემდეგ დაწყებულ პროტესტს ემიგრანტებიც შევუერთდით. ჩვენც გამოვედით ქუჩაში. იყო საოცარი მომენტები, როცა აქციაზე ვიდექით ჩვენ, ქართველები და ადგილობრივი გამვლელები, როცა ქართულ დროშას ხედავდნენ მოდიოდნენ და გვესაუბრებოდნენ, რა დროსაც ნათელი ხდებოდა, რომ მათ იცოდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენები და აღფრთოვანებულები იყვნენ იმ კადრებით, რასაც თბილისში მანიფესტაციის მონაწილეების მხრიდან ხედავდნენ – ევროპული ფასეულობებისადმი თავგანწირვა, სამშობლოსადმი ასეთი ერთგულება და მონაწილეთა რაოდენობა.

დეკემბერში განვითარებულმა მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ ეგრეთ წოდებული მთავრობა უბრალოდ უნდა წავიდეს, არანაირი სხვა ალტერნატივა, ჩემი აზრით, არ არსებობს. „ქართული ოცნების“ მიმართ მისხალი ნდობაც აღარ არსებობს.

ძალადობის ის ფორმები, რომლებიც აქციის მონაწილეთა და ზოგჯერ უბრალოდ სახლში მიმავალი მოქალაქეების მიმართ გამოიყენა, განვმეორდები, ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ, სრულიად ამოვარდნილი იყო დროიდან და სივრციდან. არავინ ელოდა ალბათ. არ ვიცი, მე ვერ წარმომედგინა ის, რასაც ვხედავდი ტელევიზიით.

დამანგრეველი იყო ეს ყველაფერი – დაუსრულებელი ცემა, დევნა, მივარდნები, დაჭერები, ცირკად ქცეული სასამართლო პროცესები… როცა ფიქრობ, რომ უკანონოდ დაკავებული ქალები, სტუდენტები, ახალგაზრდები (21 წლამდე პირს კანონი გარკვეულ სიტუაციებში არასრულწლოვანის სტატუსს ანიჭებს), მარტო იმიტომ, რომ რუსეთში ცხოვრება არ უნდათ და ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევას აპროტესტებენ, ციხეში სხედან და შიმშილობენ, უკვე ვეღარაფერზე ვეღარ ფიქრობ გარდა იმისა, რომ შენც რამე გააკეთო!“, – ამბობს მაია.

მაია ფელიშვილი

როგორც ემიგრანტი ამბობს, ის და მისი ნაცნობი ემიგრანტები მომავალშიც გააგრძელებენ პროტესტს „ქართული ოცნების“ მისამართით:

„ჩვენ ვეძებთ პროტესტის სხვადასხვა ფორმასა და გზებს, რათა, რაც შეიძლება მეტ ევროპელ თუ ამერიკელ დიპლომატს მივაწვდინოთ ხმა და არამხოლოდ დიპლომატს, ასევე ჩვენი მიმღები ქვეყნის მოსახლობასაც დავანახოთ სიმართლე და დავანახოთ ის, თუ ვინ დგას რეალურად „ქართული ოცნების“ უკან და რამხელა საფრთხე იქნება დღეს ჩვენი მტერი რუსეთი ხვალ მთელი მსოფლიოსთვისაც“.

მაია ფელიშვილის თქმით, არიან ისეთი ემიგრანტებიც, ვინც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ თუმცა მათი რიცხვი საგრძნობლად მცირეა.

„ეს საოცარი ფენომენი სრულიად ამოუხსნელია. შეკითხვაზე, თუ კი მთავრობა მოსწონთ, რატომ არიან საზღვარგარეთ, მათ ცნობილი ნარატივი აქვთ – მერე რა, რომ ფული არ აქვთ, მთავარია მშვიდობაა და როცა კითხვას უბრუნებ – თუ მშვიდობაა, შენ ემიგრაციაში რატომ ხარ? ისინი ჯადოსნურ წრეში ექცევიან საპასუხო კითხვით – შენ რატომ ხარ ემიგრაციაშიო? ვუხსნით, იმიტომ, რომ მთავრობის კურსმა ქვეყანაში არაერთ სფეროში შექმნა კრიზისი. ისინი გაიძახიან – არანაირი კრიზისი არ არის. მერე ისევ უმეორებ, აბა აქ რატომ ხარ და ისევ იმ წრეში ვბრუნდებით. ამბობენ, რა მოხდა მერე, სამაგიეროდ მშვიდობაა და ასე დაუსრულებლად…

ის პრივილეგია აქვს ემიგრაციას, რომ გამადიდებელი შუშით ხედავ ყველა პლუსსა და მინუსს, რაც შენს ქვეყანას აქვს. ეცნობი სხვა ხალხის კულტურასა და მრავალფეროვნებას და ხვდები, რომ, მაგალითად, კულინარია ავიღოთ, არც ფელამუში და არც ღომი შენი მოგონილი არ არის და აგერ სიცილიელი ბებოც აკეთებს. ხედავ, რომ მოწოდება – „ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები“ – არაფერია, მაგალითად, იტალიელების კულტურასთან – უკლებლივ ყოველ კვირა დღეს დაესწრონ დილის წირვას მთელი ოჯახით, ყოველი კვირა დღე გაატარონ ოჯახის ყველაზე უფროსი წევრების გარემოცვაში, ბავშვებთან ერთად და რომ ეს კულტურა ხელშეუხებელია და საუკუნეებია იცავენ ამ ტრადიციას.

ემიგრაციაში ხედავ, რას ნიშნავს კარგი ინფრასტრუქტურა, რა არის კარგი პენსია, მშვიდი სიბერე და ბევრი სხვა რამ. გაუსაძლისი მონატრების პარალელურად ბევრი რამის გადაფასებაც ხდება, თვალსაწიერი უფრო ფართოვდება და თუ დაბრუნებას გადაწყვეტ, მერე აუცილებლად გამოიყენებ შენს გამოცდილებას მშობლიურ გარემოშიც“, – გვეუბნება მაია.

ჩვენთან საუბრის ბოლოს მაია აღნიშნავს, რომ მისი უპირველესი სურვილია ემიგრანტების, ემიგრაციაში მყოფი ქალების მძიმე ცხოვრება პირველ რიგში მთავრობამ გაიაზროს და მათ დაბრუნებაზე მთავრობამ, საზოგადოებამ და ოჯახებმა ერთად იზრუნოს, თუმცა ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში წარმოუდგენლად მიაჩნია.

„კიდევ გავიმეორებ, ერთადერთ გამოსავლად მე „ოცნების“ წასვლას ვხედავ. უკანონო პატიმრების განთავისუფლებისა და მიმდინარე მოვლენებში დამნაშავეების გამოვლენის, გასამართლების, ასევე ახალი არჩევნების ჩატარების უფლება და ვალდებულება, ჩემი აზრით, უნდა მიენიჭოს ახალ, დროებით მთავრობას“, – ამბობს მაია ფელიშვილი.

მოუსმინეთ ხმას: 

მაია ფელიშვილი | ემიგრანტი იტალიიდან

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი, ეხმიანება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეფასებებს მზია ამაღლობელის შესახებ. 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა.

„ირაკლი კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში.

გუშინდელი განცხადება იყო მორიგი აშკარა და უხეში დარღვევა მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების, რაც მისი კონსტიტუციური უფლებაა. ამ უფლების პატივისცემა ევალება მოსამართლეს და პროკურორსაც კი, არათუ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს.

მოცემულ შემთხვევაში ირაკლი კობახიძის კომენტარი არა მხოლოდ მისი უფლების დარღვევას ემსახურებოდა, არამედ ამავდროულად ემსახურებოდა მზია ამაღლობელის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობების შექმნას“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატმა დეტალურად განიხილა კობახიძის ყველა შეფასება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

„მინდა კონკრეტულად ვუპასუხო მის ყოველ ფრაზას. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელმა „შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს“; „ის მოქმედებდა დავალებით, მისი დაკვეთა იყო შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელისადმი“ და „მისი დაკვეთა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა“.

ამ ფრაზებიდან მინდა დავუდასტურო ბატონ კობახიძეს, რომ მზიას ქმედება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც შეურაცხყოფა.

მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მისდა გასაკვირად, შეურაცხყოფა არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება.

მან ბრძანა, რომ მზიამ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. შესაბამისად, ასეთ პირობებში მზია ამაღლობელის ბრალდება და პატიმრობა და არის უკანონო.

მან [კობახიძემ] ბრძანა, რომ მზიას ამოცანა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა. მინდა ასევე შევახსენო ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ პატივი და ღირსება არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დაცული ობიექტი, არამედ პატივის და ღირსების დაცვა ცივილიზებულ მსოფლიოში ხდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სწორედ ამიტომ, არაერთხელ მოვითხოვეთ სასამართლოსა და გამოძიებისაგან ამ საქმის შეწყვეტა და მზიას გათავისუფლება უკანონო პატიმრობისაგან.

დიახ, პოლიციელის შეურაცხყოფა არ ისჯება სისხლის სამართლის წესით და კერძოდ კი მზიასთვის ინკრიმინირებული მუხლით, არამედ შესაძლებელია წარმოადგენდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ისიც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და მტკიცების ტვირთის სათანადოდ გაწევის პირობებში.

ახლა ის, რაც დააბრალა მზია ამაღლობელს ბატონმა კობახიძემ. მან დააბრალა მზიას, რომ ის მოქმედებდა დავალებით და შეკვეთით.

ეს არის სრული სიცრუე და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ ამას, არამედ იმიტომაც, რომ მზიას ბრალდების ფორმულირებაში არსად წერია, რომ ის მოქმედებდა ვინმეს დავალებით ან დაკვეთით. მისი ბრალდება ამას უბრალოდ არ ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელი, ბრალდების დადგენილების თანახმად, მოქმედებდა პირადი მოტივებით ბატონი დგებუაძისადმი. რა სხვაობაა პირადი მოტივებით მოქმედებასა და სხვისი დავალებით მოქმედებას შორის, იცის ელემენტარული სამართლებრივი ცოდნის მქონე ნებისმიერმა ადამიანმა, ამიტომ არ შევუდგები აქ ამის ახსნას.

გარდა იმისა, რომ მზიას ბრალდება არ არის სხვისი დავალებით მოქმედება, საქმეში არ არსებობს ამ გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება.

შესაბამისად, ბატონი კობახიძის ეს განცხადება სიცრუეა. თუკი ბატონ კობახიძეს აქვს პრეტენზია, რომ მან სიმართლე გაახმოვანა ეთერში და მან ამ საქმეზე იცის იმაზე მეტი, ვიდრე ეს იციან ამ საქმის გამომძიებელმა და პროკურორებმა, მოვუწოდებ მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განმარტება, რა დავალებასა და შეკვეთაზე საუბრობდა ტელეეთერში, ვინ დაავალა და რას შეეხებოდა ეს დავალება.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ცდილობენ სიცრუის გავრცელების გზით მზია მოახდინონ ამაღლობელის დისკრედიტაცია.

მაგალითად, საჯარო სივრცეში არსებობს როგორც ბატონი კობახიძის, ისე სხვა მაღალი თანამდებობის პირების არაერთი განმარტება, რომ მზიამ, ე.წ სტიკერი მიაკრა პოლიციელს ზურგზე, რაც სიცრუეა. და ეს სიცრუეა არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომხდარა, არამედ იმიტომაც, რომ მის მიმართ ამგვარი პრეტენზია არ ჰქონია არც პოლიციას და არც პროკურატურას. მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისათვის არაერთ კომენტარში ემტკიცებინათ, რომ მზიამ სტიკერი მიაკრა პოლიციელს ზურგზე.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მან სტიკერი მიაკრა პოლიციის ღობეზე. კონკრეტულმა სპიკერებმა ღობე შეცვალეს პოლიციელის ზურგით და ისე მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას. არც ერთ მათგანს ბოდიშიც კი არ მოუხდია ამ სიცრუის ტირაჟირებისათვის.

საზოგადოებას მოეხსენება, რომ ამჟამად ბათუმის სასამართლოში მიმდინარეობს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. მზიას არ აკმარეს უკანონო დაკავება, ძალადობა, შეურაცხყოფა, ყალბი დოკუმენტების შედგენა, ისეთი სამართალდარღვევების ჩადენის დაბრალება, რაც მას არ ჩაუდენია, მას არ აკმარეს უკანონო პატიმრობა და უკანონო ბრალდება, ბრალდების მანიპულირება, ყოველ პროცესზე ცრუ მოწმე-პოლიციელების წარმოდგენა.

ამას დამატებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების არაერთი და იმგვარი კომენტარი, რომლებიც ასეთი ხელაღებით არღვევს მის უფლებებს ადასტურებს სწორედ იმას, რომ სამწუხაროდ, მზია ამაღლობელის საქმე ორკესტრირებულია ხელისუფლების ყველა შტოს მონაწილეობით.

საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლოში გაიგზავნება მოკლე დროში“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

    • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ განაწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი ამ საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. „მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში.

მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეოჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართონ.

„რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვახალისებთ – ეს არის ოცნების მესიჯი“ – ინტერვიუ ბექა კობახიძესთან

„მე პიარს არ დავარქმევდი, მე დავარქმევდი აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე“- განაცხადა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული სხვა გმირების შესახებ 16 აპრილს, სატელევიზიო ინტერვიუში. 

რატომ ცდილობს გმირობის გაუფასურებას ირაკლი კობახიძე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ისტორიკოს ბექა კობახიძეს ესაუბრა.

  • ბატონო ბექა, წულუკიანის შემდეგ, გმირობის გაუფასურება სცადა კობახიძემაც. რა ტიპის პროპაგანდაა ეს, რაზე მუშაობს ირაკლი კობახიძე?

ორი რამ არის.

მარტივად არის ამბავი – იდეალი უნდა იყოს გასწორებული, ანუ ერთ ხაზზე უნდა მიდიოდეს იმასთან, რაც არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა.

თუ „ოცნებას“ აქვს პოლიტიკა, რომ ვუწვებით რუსეთს, არ შეიძლება იდეალი იყოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თავგანწირული ადამიანი. ეს წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ ამის ნიველირება უნდა მოხდეს, უნდა ჩაითვალოს, რომ ანწუხელიძის სიცოცხლე უაზროდ დამთავრდა, რომ ეს არ არის საჭირო და ასე შემდეგ.

მეორე – ეს არის მესიჯი შიდა აუდიტორიისთვის, ქართველებისთვის, ხოლო მეორე მესიჯი არის რუსებისადმი, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვახალისებთ და არ არის ეს ჩვენი იდეალი. პირიქით, ვცდილობთ ამის ნიველირებას და თქვენიანები ვართ.

არ ვამბობთ, რომ რუსებმა დახოცეს ქართველები 9 აპრილს, რომ ანწუხელიძის თავგანწირვა რუსებთან წინააღმდეგ ომში არის სამაგალითო; ე.წ. კომისიაზე ვიბარებთ და ვტუქსავთ ქართველ სამხედროებს და რომ გავიხსენოთ – 1921 წლის ოკუპაციისას რუსეთს არ ახსენებენ, საბჭოთა ჯარი იყოო – ამბობენ. არადა საბჭოთა კავშირი შეიქმნა 1922 წელს და 21-ში საბჭოთა კავშირი კი არ დაესხა საქართველოს, თავს დაესხა საბჭოთა რუსეთი და საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

ეს ისტორიის გადაწერის ამბავია.

2021 წელს იყო 100 წლისთავი ოკუპაციის, რომელიც არანაირად არ აღნიშნეს, შემოიფარგლნენ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით. ჩვენ გვაქვს ხოლმე დებატი აგვისტოს ომზე, ხომ?! რუსები და „ოცნება“ ამბობენ, რომ ომი დაიწყო 8 აგვისტოს და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო 7 აგვისტო.

ანალოგიური დისკუსია არის ისტორიულ პერსპექტივაზეც. ანუ, რეალურად რაც მოხდა ისტორიაში, რომ 1921 წლის 12 თებერვლის ღამეს, ლორეში, იყო ინსცენირებული აჯანყება, რომელშიც თავიდანვე მონაწილეობდა საბჭოთა რუსული წითელი არმია და შემდეგ, უკვე 16 თებერვალს, საბჭოთა რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ აჯანყებულების დასახმარებლად ვერთვებით ბრძოლაშიო, მაგრამ სინამდვილეში, მთელი ეს 4 დღე, 12 თებერვლიდან მოყოლებული ისინი იბრძოდნენ.

თქვენ ვერ ნახავთ ქართულ ისტორიულ წიგნს, რომელიც ამბობს, რომ 16 თებერვალს ჩაერთო რუსეთი ამ ბრძოლაში. და აი, 2021 წელს ღარიბაშვილმა დაწერა განცხადება, რომ 16 თებერვალს ჩაერთო რუსეთი ბრძოლაში.

  • როგორ ფიქრობთ, „ოცნება“ თავად არის ისტორიის გადაწერის ინიციატორი, თუ მიჰყვება კრემლის მითითებებს?

მე ნამდვილად არ მაქვს და ვერ მექნება „ქართულ ოცნებასა“ და კრემლს შორის კომუნიკაციისა და მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, მაგრამ ფიზიკურად რომ მოენდომებინა „ქართულ ოცნებას“, რომელიმე ქართულ წიგნში ენახა, რომ ეს ამბავი დაიწყო 16 თებერვალს, ვერ ნახავდა.

ანუ, თუ ამას არ დაუწერდნენ რუსეთიდან, ფიზიკურად ვერ ნახავდნენ ასეთ დოკუმენტს.

შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ჩემი დასკვნაც, რომ ეს არის პირდაპირ რუსეთიდან წამოსული.

  • კობახიძე ამბობს ასეთ რამეს – „ჩვენ რომ ჩავიდინოთ იგივე ღალატი“ – აგვისტოს ომს გულისხმობს, „რამდენიმე ასეული გმირი ეყოლება ქვეყანას“, ანუ ღალატს უწოდებს სამშობლოს დაცვას და მტერთან ბრძოლაში სიკვდილს?

ძალიან მარტივი რამეა აქ, ესენი მთლიანად გადაწყობილი არიან რუსულ მესიჯებზე, იმაზე, რასაც ახლა რუსეთი უკრაინისგან ითხოვს – დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია, დასავლეთისგან ჩამოშორება, უკრაინის ნეიტრალიზაცია და სხვა; ის, რომ ამ ომის შემდეგ დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ და ასე შემდეგ. ესენი აქ ყველაფერს აკეთებენ თავიანთი ინიციატივითაც, რუსეთის საამებლად.

2008 წლის აგვისტოს ომის აღწერა უნდა ემთხვეოდეს რუსულ აღწერას. უნდა ხასიათდებოდეს იმავენაირად და ამავე დროს, „ომის დამნაშავეები“ უნდა გასამართლდნენ.

ამიტომ იღძვრება ახლა სისხლის სამართლის საქმეები, ქართველ სამხედროებს ამ „გამოძიებაზე“ დაატარებენ.

  • მაგრამ შიდა აუდიტორიასაც ხომ ესმის ის, რომ თურმე ანწუხელიძე აგენტურის დავალების შესრულებას შეეწირა?

შიდა აუდიტორიისთვის არის „ხარება“ და პოლიციის „დუბინკების“ თავში რტყმა.

საინფორმაციო სივრცეზე ლამის მონოპოლია აქვთ და ახლა თავისუფალ მედიაზე შეტევით სრული მონოპოლიზაცია უნდათ, მოკლედ, პასუხის გამცემი აღარავინ აღარ უნდა დარჩეს ქვეყანაში და მერე დანარჩენ მასას დაელაპარაკებიან და მოასმენინებენ იმას, რაც თვითონ უნდათ.

  • საზოგადოების ნაწილი, ვინც აცნობიერებს „ოცნების“ და რუსეთის მიზნებს, თვეებია დგას ქუჩაში და იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მაგრამ არსებობს მეორე ნაწილიც, ვისზეც გავლენას ახდენს პროპაგანდა – „აბა ომი გინდა?“ ამას ემატება ისიც, რომ ყველას, ვინც იღებდა დასავლეთის ფინანსურ მხარდაჭერას, გამოაცხადეს აგენტად. რა რჩება საზოგადოებას იმისთვის, რომ დაამარცხოს აქ რუსეთი?

ასე იყო 30-იან წლებში, ვინც გასამართლდა, ყველა აგენტობისთვის იყო გასამართლებული, იქნებოდა ეს მიხეილ ჯავახიშვილი, ახმეტელი თუ სხვები და სხვები.

ამ ბრძოლაში ვისი იმედიც უნდა გვქონდეს, არის უკრაინის არმია, რომელმაც უნდა დაამარცხოს რუსეთი. რუსეთის დამარცხების გარეშე ძალიან ძნელი იქნება ჩვენი ბრძოლა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და ჩვენ უნდა ვისხდეთ და ვუყუროთ როგორი იქნება ხვალინდელი დღე და პასიური დამკვირვებლების როლში დავრჩეთ.

საქართველოში, სადაც ვართ, ყველგან ჩვენი წილი წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ. არა მხოლოდ რუსთაველზე, ჩვენს უბანში იქნება თუ სამსახურში, ჩვენი მართალი სიტყვა უნდა ვთქვათ და ვამხილოთ რეჟიმი.

თუ უკრაინელები იბრძვიან სანგარში, საბედნიეროდ ჩვენ სანგარში არ ვართ, მაგრამ ოკუპანტი შემოსულია ქვეყანაში, ასე უნდა ვუყუროთ ამას და როგორც უკრაინელები იღებენ მსხვერპლს, ჩვენც გვიწევს მსხვერპლის გაღება, ხომ?!  ვიღაც სამსახურს კარგავს, ათეულობით ადამიანი ციხეშია, ზოგს უზარმაზარ ჯარიმებს უწერენ და ასე შემდეგ.

მესმის, რომ საშინელებაა ესეც, მაგრამ სამშობლოში არის მტერი შემოსული და ისე ეს ამბავი არ გამოვა.

ჩვენ თუ მოგვწონს ისტორიაში ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ამბროსი ხელაია, ახლა ჩვენ ვართ ამ ისტორიაში და თუ ისინი ამ ისტორიაში მოგვწონს, ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს, ჩვენი საქციელიც მოეწონოთ ისტორიაში.

  • „ოცნების“ პროპაგანდისტული პოლიტიკა გადასწვდა სკოლებს, უნივერსიტეტებს და ჩვენ გაცილებით ნაკლებ სტუდენტს ვხედავთ გარეთ, ვიდრე ეს იყო თვეების წინ. რატომ მოხდა ასე თქვენი აზრით?

ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლა ისტორიაში არასდროს არ ყოფილა კომფორტის ზონა. რეჟიმებთან და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას მოაქვს არა მხოლოდ დისკომფორტი, ხანდახან – მსხვერპლიც.

ამიტომ, ისტორიაში ყოველთვის ერთეულები, ათეულები და ასეულები არიან, რომლებიც ასე იქცევიან. მასა ყოველთვის იქცევა ისე, რომ ინარჩუნებს საკუთარი კომფორტის ზონას, ასე იყო ეს 20-იან წლებშიც, 30-იან წლებშიც და თუ გნებავთ, თერგდალეულების დროსაც. მაგრამ ისტორიას სხვა ხალხი დარჩა. ისტორიას დარჩა ის ერთეულები, ვინც ამ წინააღმდეგობას წევდნენ.

ამიტომ ეს ნუ დაგვთრგუნავს, აქ სიახლე არაფერია და ყველამ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა.

პოლონეთმა დაასანქცირა 8 ქართველი სამართალდამცავი

პოლონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 8 ქართველ სამართალდამცავს, რომლებიც, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.

„საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ გაძლიერებული რეპრესიების საპასუხოდ, პოლონეთმა რვა სამართალდამცავი პირის შემოსვლა აკრძალა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების მიმართ ძალადობის გამოყენებაში“ – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოში საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ სამართალდამცავებს ეხება აღნიშნული სანქცია.

_________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/Marcin Bielecki

უკრაინის თავდაცვამ გაათავისუფლა 16 კვ. კილომეტრი პოკროვსკის მიმართულებით – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ დღეს, 17 აპრილს, განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 16 კვ. კილომეტრი პოკროვსკის მიმართულებაზე.

„მტერს არ შეუცვლია თავისი გეგმები – შეავიწროოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს მიღმა და ამ რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიაღწიოს, თუმცა მტრის გეგმა განუხორციელებელი რჩება.

ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვით ოპერაციას, ვატარებთ კონტრშეტევას და გვაქვს გარკვეული წარმატებები. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში – უდაჩნოეს, კოტლინოსა და შევჩენკოს დასახლებების მიდამოებში დაახლოებით 16 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გათავისუფლდა.

მადლობა უკრაინელ ჯარისკაცებს გამბედაობის, გამძლეობისა და პროფესიონალიზმისთვის“ – აცხადებს სირსკი.

მისივე თქმით, პოკროვსკის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები ყოველდღიურად ანეიტრალებენ მტრის 30-მდე თავდასხმას, რაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს რუს ოკუპანტებს.

მედიაგარემო უარესდება და ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველია – ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მედიაგარემოს უწყვეტი და სისტემური გაუარესებით.

17 აპრილს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ქარტია აჯამებს ყველა იმ ბოლოდროინდელ შემთხვევას, რაც ამ უკუსვლას ადასტურებს და საერთაშორისო საზოგადოებას მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად „ქართული ოცნების“ მიმართ წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

ქარტია მიუთითებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“  განახორციელა შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები და დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის კამპანია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღებით დაგვირგვინდა.

ასევე, მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა თვითრეგულირების მექანიზმები დაასუსტა და საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას შინაარსობრივი საკითხების გამო ტელე და რადიო კომპანიების დასანქცირების მანდატი მიანიჭა.

„მაუწყებლებმა დასავლურ ფინანსებსა და ექსპერტიზაზე წვდომაც დაკარგეს. ცვლილებებით კანონში გრანტების შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის განკუთვნილ საგრანტო რესურსებზე სრული კონტროლი მიიღო.

უკანონო პატიმრობაში რჩება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მედიამენეჯერს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ამჟამად ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პოლიციელები სასამართლოს ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ, ხოლო მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რომლითაც მზია ამაღლობელის უდანაშაულობა დასტურდება, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმიდან ამორიცხულია. მანამდე, 18 მარტს, გაყალბებული ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2,000 ლარით დააჯარიმეს“ – წერს ქარტია.

ქარტია აღნიშნავს, რომ ღია ეთერის მოთხოვნით საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვლავინდებურად იკრიბებიან მოქალაქეები და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ თავიდან პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მათ ეთერი ყოველდღიურად, 40 წუთამდე დროით, დაუთმო, თუმცა გადაცემა შეცვლილი ფორმატით დაახლოებით ერთ თვის თავზე შეწყდა და ის აღარ განახლებულა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა მთელი ძალისხმევა არხის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების პროტესტის დათრგუნვისკენ მიმართეს. მათ გაუმჭვირვალე შიდა მოკვლევა იმ ჟურნალისტებზე თავდასასხმელად და მათი დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს, ვინც დღემდე არხის ხელმძღვანელობისგან პოლიტიკურ მიუკერძოებლობას, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარებასა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას ითხოვს.

პროცესის კულმინაცია აღმოჩნდა 11 აპრილს ორი მაღალი სანდოობის ჟურნალისტის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის, სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური სასჯელი დაუწესეს კიდევ ოთხ ჟურნალისტს – თამარ მშვენიერაძეს, სოსო კაციტაძეს, კახაბერ მელიქიძეს და ირმა ჩუბინიძეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოება „ქართულ ოცნების“ მიმართ დაადასტურა როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, ისე ეუთო-ოდირის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მონიტორინგმა.

სწორედ არხის ხელმძღვანელობის მიერ მათთვის გაზიარებული კრიტიკული შენიშვნების უგულებელყოფის გამო დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებელი მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თეა კახიანმა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა და დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას განაგრძობს, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ, მეორედ, ახლა უკვე 6-წლიანი ვადით, აირჩია ვასილ მაღლაფერიძე, რომლის მჭიდრო კავშირები „ქართულ ოცნებასთან“ დადასტურებულია და რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, უკვე დიდი ხანია, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ედავებიან. მაღლაფერიძე, რომელიც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო, 2017-2020 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა, ხოლო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ პირველი ვადით დანიშვნამდე, 2021 წლის იანვარ-მარტში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იყო“ – წერს ქარტია.

მიმოხილვაში საუბარია იმაზეც, რომ ჟურნალისტების დასაშინებლად პოლიცია ფინანსურ ბერკეტებსაც იყენებს. კერძოდ:

„პოლიციამ 5,000-ლარიანი ჯარიმა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 20-ზე მეტ ჟურნალისტს გამოუწერა მაშინ, როცა ისინი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

მართალია, ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელებმა საჩივარი უკან გაიხმეს მას შემდეგ, რაც მათ ჟურნალისტებმა შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგინეს, ყველა საქმე მარტივად არ დასრულებულა. ზოგიერთი ჟურნალისტი ახლაც სასამართლო პროცესის მოლოდინშია. იმ ჟურნალისტებს შორის, რომელთაც პოლიცია „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება, არიან „მაუწყებლის“ ჟურნალისტი თოზუ გულმამედოვა, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი ელისო ჯარიაშვილი, ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ნინო ჩაკვეტაძე და OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც უკვე მეორედ დააჯარიმეს.

„ქართული ოცნება“ საქართველოში შემოსვლის საშუალებას ისევ არ აძლევს იმ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც პროევროპულ აქციებს აშუქებდნენ. მათ შორის არიან ფრანგი ჟურნალისტები კლემენტ ჟირარდო და ჟერომ შობო. 12 თებერვალს საზღვრიდან უკან გააბრუნეს კლემენტ ჟირარდო, რომელიც Le Monde, Society და Al Jazeera-სთვის მუშაობს, ხოლო 30 მარტს – ჟერომ შობო, რომელიც იტალიური სააგენტოს, NurPhoto-ს ფოტოგრაფია.

ძალადობრივი გარემო ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველია იმ დროსაც, როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და მაშინაც, როცა სხვა საქმით არიან დაკავებული.

6 აპრილს, პოლიციამ, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ეჭვის საფუძველზე ჯერ გააჩერა, ხოლო შემდეგ „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით“ დააკავა „ინდიგოს“ ფოტოჟურნალისტი საბა სორდია. პოლიციელებმა საბა სორდიას მიმართ ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენეს და მას კამერის დამტვრევით დაემუქრნენ. სასამართლოში გადაყვანამდე საბა სორდია იზოლატორში 48 საათით დააყოვნეს. მის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 17 აპრილს გამოაცხადებს.

8 აპრილს „ტვ პირველის“ ოპერატორს ლაშა ჯიოშვილს პოლიციამ ფეისბუქ პოსტის გამო და მის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. პოლიცია ჯიოშვილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

22 მარტს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ „აჭარა თაიმსის“ დირექტორს, სულხან მესხიძეს, და საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტს, ლია ტოკლიკიშვილს, რომლებიც ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მივიდნენ, რათა სამშენებლო უსაფრთხოების საკითხები გაეშუქებინათ. მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მათი უფლებების დასაცავად არაფერი იღონეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებს უკანონოდ უზღუდავენ წვდომას ადგილობრივი მთავრობის, საკრებულოსა და კომისიების სხდომებზე. ასე, მაგალითად, 4 აპრილს ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანია „ფორმულას“ რეგიონული კორესპონდენტი ეკა ფხაკაძე და „ტვ პირველისა“ და „მთის ამბების“ გადამღები ჯგუფები. მანამდე, 26 მარტს, ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე არ შეუშვეს „სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ს გადამღები ჯგუფები. ჟურნალისტების თემო ინასარიძე და ინგა ირიციანის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევაა, როცა მათ მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომის გაშუქების საშუალება არ მისცეს. 7 აპრილს მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ამტკიცებდნენ“ – წერს ქარტია.

ორგანიზაცია წერს, რომ ჟურნალისტების მიმართ რეპრესიულ ზომებს იღებს პარლამენტიც:

„26 მარტს პარლამენტმა 6 თვით შეუჩერა აკრედიტაცია „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას იმის გამო, რომ ჟურნალისტმა არ შეწყვიტა ვიდეოგადაღება მას შემდეგ, რაც პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა მას ინტერვიუზე უარი უთხრა.

20 მარტს მოსამართლემ, საჯაროდ შენიშვნის მიცემის შემდეგ, სხდომათა დარბაზიდან გააძევა „ტვ პირველის“ ჟურნალისტები მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია, რომელთაც მანამდე არ მისცა ფოტოგადაღების უფლება, რის თაობაზეც მოთხოვნა მათ წინასწარ, კანონით გათვალისწინებული პროცედურით ჰქონდათ გაგზავნილი.

„ქართული ოცნების“ სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო ის ჟურნალისტები, რომლებიც ნოემბრის ბოლოს, პროევროპული აქციების გაშუქებისას, პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ეს იმ ფონზე, როცა დამნაშავე პოლიციელებს, რომელთაც ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს და უფლებამოსილებას გადაამეტეს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც ბევრმა ჟურნალისტმა მისცა ჩვენება, ვერ მიაგნო.

გამოცემა „პუბლიკას“ ფოტორეპორტიორს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, პოლიციელებმა 28-29 ნოემბრის ღამეს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, თავისა და სახის არეში. ჟურნალისტს, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ჯანმრთელობის პრობლემები დღემდე აწუხებს. იმ დღეს ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციელებმა სამუშაო აპარატურაც წაართვეს. შსს ჟურნალისტს, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა. მოსამართლემ 17 მარტს ალექსანდრე ქეშელაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა „რადიო თავისუფლების“ პროდიუსერს, ბექა ბერაძესაც, რომელმაც 12 მარტს მოსამართლისგან სიტყვიერი შენიშვნა მიიღო. ჟურნალისტი პოლიციელებმა 1 დეკემბრის ღამეს პროევროპული აქციის დროს ინგოროყვას ქუჩის მიმდებარედ დააკავეს და სცემეს.

10 თებერვალს სასამართლომ სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამრღვევად ცნო „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში სამართალწარმოება შეწყდა. სერგი ბარამიძე პოლიციამ 19 ნოემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მელიქიშვილის გამზირზე აქციიის გაშუქებისას, ძალის გამოყენებით დააკავა. მიყენებული დაზიანებების გამო ოპერატორს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 154-ე (პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა) მუხლებით საქმის გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც სერგი ბარამიძემ ჩვენება 20 ნოემბერს მისცა, თუმცა უშედეგოდ“.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ შექმნილი მძიმე პირობების გამო რეგიონული მედიასაშუალებები ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებენ და აღნიშნულია, რომ აჭარაში მოქმედმა ერთადერთმა კომერციულმა ტელემაუწყებელმა, ტვ 25-მა, საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები იანვრიდან შეაჩერა, 16 აპრილს კი ტელეკომპანიის პარტნიორთა კრებამ მისი 100%-იანი წილი გასაყიდად გაიტანა.

რუსეთში თალიბანის საქმიანობა აკრძალული აღარ არის

რუსეთში თალიბანის საქმიანობა აკრძალული აღარ არის – გადაწყვეტილება დღეს, 17 აპრილს მიიღო რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ, პროკურორის ადმინისტრაციული სარჩელის პასუხად.

მედიის ცნობით, საქმე დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა.

თალიბანის ქვეყანაში მოქმედების ნებართვის მოთხოვნით რუსეთიდან გენერალურმა პროკურატურამ სარჩელი შეიტანა 31 მარტს უზენაეს სასამართლოში. თითქმის ერთი წლით ადრე, 2024 წლის მაისში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ ასეთი წინადადებით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს.

თალიბანი აქამდე რუსეთში აკრძალული იყო და აღიარებული ტერორისტულ ორგანიზაციად.

2024 წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შესაძლებელია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში მყოფი ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვის შეჩერება.

ეს რუსეთს საშუალებას მისცემს ავღანეთში მმართველ ძალასთან, თალიბანთან, ლეგალურად ჰქონდეს ურთიერთობა.

___________________

თალიბანი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/STRINGER

პარაგრაფთან და დენდროპარკში ხე-ტყეზე ოზურგეთის მერია 40 ათასს დახარჯავს – საჩუქარი ივანიშვილისგან

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დიდთოვლობის დროს დაზიანებული ხეები ოზურგეთის მერიას უსასყიდლოდ გადასცეს, ოღონდ მერიამ თავად უნდა გაიტანოს ხეები და ტერიტორიაც უნდა გაწმინდოს. კომპანიები მერიას წერენ, რომ ხე-ტყე „სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების მიზნით“ გადასცეს.

შეკვეთილში იმ ნაკვეთებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია, სასტუმრო „პარაგრაფი“ და დენდროლოგიური პარკია, ხეების მოჭრა-გატანა, ტყეკაფის გაწმენდა და შემდეგ ხის მასალის დამუშავება ოზურგეთის მერიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 40 ათასი ლარი დაუჯდება.

ამ სამუშაოებს მერია ტენდერის გარეშე შეისყიდის. მუნიციპალიტეტმა თანხმობისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

„ვითარება ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს, ვინაიდან ხე-ტყის დამუშავება უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რადგან დიდი ხნით შეყოვნებამ უკვე დააზიანა წაქცეული ხეების ნაწილი; დაზიანება მატულობს ყოველდღიურად, ვინაიდან გრძელდება ნალექიანი დღეები, შესაბამისად, ხე-ტყის დაყოვნებით დამუშავება უფრო მეტ ნედლეულს ხდის გამოუსადეგარს სამასალედ; ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის შესაძლო მოკლე ვადებში მოხდეს მასალების მიწოდება, რათა მოქალაქეებმა დროულად შეძლონ სტიქიით მიყენებული ზიანის ნაწილობრივ აღმოფხვრა“, – წერს მერია 2025 წლის 16 აპრილს შესყიდვების სააგენტოს.

რა ხდება

2025 წლის 11 აპრილს ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს შპს „ურეკი რეზიდენსის“ დირექტორმა პაატა სულაბერიძემ გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია:

„გაცნობებთ, რომ შპს „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 2025 წლის თებერვალ-მარტში მოსული უხვი ნალექის [დიდთოვლობის] შედეგად დაზიანდა ხე-მცენარეები [ფიჭვები], კერძოდ, ნაწილი ხეებისა მოითხარა და ნაწილი გადატეხილია, თუმცა დამუშავების შემდეგ გამოსადეგია სამშენებლო მასალებად.

მოგმართავთ წინადადებით, რომ ჩვენს საკუთრებაში არსებული ხე-მასალა უსასყიდლოდ გადმოგცეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, შემდგომში სტიქიის
შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის მიზნით.“

ზუსტად ანალოგიური შინაარსის წერილი გაუგზავნა ოზურგეთის მერს 2025 წლის 14 აპრილს შპს „ბლექ სი რიზორთსის“ დირექტორმა შოთა ხიზანიშვილმაც.

შპს „ურეკი რეზიდენსის“ [აღნიშნულია მოწითალო ფერით] და შპს „ბლექ სი რიზორთსის“ [აღნიშნულია მომწვანო ფერით] საკუთრებაში არსებული ნაკვეთები შეკვეთილში, საიდანაც ოზურგეთის მერიამ დიდთოვლობის დროს დაზიანებული ხეები უნდა მოჭრას და გაიტანოს
შპს „ურეკი რეზიდენსის“ 100 პროცენტი წილის მფლობელი, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეა.

შპს „ბლექ სი რიზორთსის“ 100 პროცენტი წილის მფლობელი კი არის შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომლის მესაკუთრეა „საქველმოქმედო ფონდი ქართუ“.

„ბლექ სი რიზორთსი“ და „ურეკი რეზიდენსი“ შეკვეთილში სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებსაც სარგებლობენ: სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახურის სპეციალისტებმა ადგილზე გასვლით შეისწავლეს საკითხი და დაადგინეს, რომ დაზიანებული და გადმოსაცემი ხეების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 120 ძირს, რომლის მოცულობა საორიენტაციოდ შეადგენს 200 კუბურ მეტრს, საიდანაც შესაძლებელი იქნება მიახლოებით 140 კუბური მეტრი სამასალედ გამოსადეგი ნაწილის დამუშავება, რაც დიდი დახმარება იქნება სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის.“ – აღნიშნულია მერიის ერთ-ერთი სამსახურის 2025 წლის 15 აპრილის მოხსენებით ბარათში.

რა სამუშაოები უნდა შეასრულოს ოზურგეთის მერიამ [მათ შორის ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე შეკვეთილში]? –

ეს სამუშაოები ჩამოთვლილია ინვოისში, რომელიც მერიის განაცხადს ახლავს:

  • „ხის ჭრა და განსაზღვრული მიმართულებით წაქცევა
  • მოჭრილი ხის ღეროს ტოტებისაგან გასუფთავება
  • ტყეკაფის გაწმენდა და ხურგებად განთავსება ხე-ტყის დამზადების დამთავრებისთანავე
  • ხის მიტანა ტრაქტორით ან სხვა გამწევის ძალით დასატვირთ ბაქნამდე
  • ხე-ტყის დატვირთვა ტრანსპორტზე
  • ხე-ტყის ტრანსპორტირება სახერხ საამქრომდე [ქობულეთში]
  • ხე-ტყის დახერხვა დამუშავება სახერხ საამქროში
  • დამუშავებული მასალის დატვირთვა ტრანსპორტზე“.

შესყიდვების სააგენტოს ოზურგეთის მერია წერს, რომ მას „არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკა და საჭირო პერსონალი“ და ამიტომ უწევს სამუშაოებში ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებში 40 ათასი ლარის გადახდა. მერიის ინფორმაციით ამ სამუშაოების შესრულებას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვე დასჭირდება.

ამავე თემაზე:

საია: საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფო არაეფექტიანად რეაგირებს

27 000 კგ ქათმის ხორცის სინჯებში სალმონელა აღმოჩნდა – ტვირთი საზღვრიდან უკან გააბრუნეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გააჩერეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის გამოც ტვირთი გაანადგურეს.

ამასთან, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, 27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი (გაყინული ქათმის ხორცი) ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.


წოტოს წყარო: agrohandlers

22 წლის ანრის მხარდაჭერა სჭირდება – „ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია“

22 წლის ანრი მახარაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს – ანრის სასწრაფოდ სჭირდება თირკმლის გადანერგვა. ის ამჟამად სტამბოლში იმყოფება, სადაც გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას ელოდება.

„ის ჩემი ერთადერთი შვილია და ახლა მისი ცხოვრება დიდ საფრთხეშია. ანრი ამჟამად სტამბოლში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში.

სამწუხაროდ, თურქეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანრის სჭირდება არა მხოლოდ თირკმლის, არამედ შარდის ბუშტის გადანერგვაც, რაც პროცედურას კიდევ უფრო ართულებს და აძვირებს“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანრის დედამ, ნატალია მახარაძემ.

მისი თქმით, 22 წლის ანრის მარჯვენა თირკმელი ამოღებული აქვს და ახლა იმ ერთი თირკმლის გადანერგვაც გახდა აუცილებელი.

„წლების წინ თბილისში გაუკეთეს ოპერაცია და ამოუღეს თირკმელი და ამის შემდეგ გაუკეთდა საᲨარდე მილებზე ოპერაცია, თუმცა ახლა მდგომარეობა ისე აქვს გართულებული, რომ შარდის ბუშტიც გადასანერგი აქვს. უნდა ჩაისვას ხელოვნური შარდის ბუშტი“ – ამბობს დედა.

მისი თქმით, ანრის თირკმლის დონორიც ჰყავს. „ჩემი მეუღლის დეიდაშვილია დონორი, მშობლები არ გამოვდექით დონორებად. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მხოლოდ კვლევები დაგვიფინანსა, მარტო დონორის შეთავსების კვლევები დაჯდა 8 ათასი ლარი.

ოპერაციის თანხასაც ვითხოვთ, თუმცა ჯერ არ მიგვიღია თანხმობა. სამინისტროში გვთხოვენ, რომ საქართველოში გავუკეთოთ ოპერაცია, თუმცა, აქ ვერ გავუკეთებთ, რადგან საქართველოში ვერ გვთავაზობენ ხელოვნური შარდის ბუშტის ჩადგმას. სხვა მანიპულაცია არ არის ჩვენთვის მისაღები. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით თირკმლის დონორი მხოლოდ ოჯახის წევრი შეიძლება იყოს, ამიტომ ეთიკის კომისია ნებას არ გვრთავს, რომ ნათესავმა გაუწიოს დონორობა.

ახლა სტამბოლში ვართ და ველოდებით თანხის შეგროვებას. ანრი იმყოფება დიალიზზე, რომლის ერთი პროცედურა 200 დოლარი ჯდება.

ოპერაცია სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, თუმცა მანამდე ვერ დაიწყებენ, სანამ საჭირო თანხა არ შეგროვდება. სრული სამედიცინო ხარჯი 44 ათასი დოლარია. ოჯახს არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ოპერაციის თანხა გავიღოთ, დრო კი ძალიან მცირე გვაქვს, გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა“ – ამბობს ნატალია მახარაძე, ანრის დედა.

ანრი მახარაძის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ ანგარიშზე:

თიბისი ბანკი: GE74TB7792245061100099

მიმღები – ნატალია მახარაᲫე

საქართველოს ბანკი: GE59BG0000000161324037 

მიმღები – ედნარ მახარაძე [ანრი მახარაძის მამა]

_____________

ფოტოზე: ანრი მახარაძე

რუსეთში ტერორისტად გამოაცხადეს ქართველი მებრძოლი, რომელიც ზელენსკიმ დააჯილდოვა

რუსეთმა ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში დაამატა უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე რატი ბურდული. 2024 წელს ქართველი მებრძოლი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცისთვის III ხარისხის მედლით დააჯილდოვა.

რუსული პროპაგანდისტული მედია tass-ი რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურ სამსახურის განცხადებას ციტირებს:

„დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე რატი ბურდული, რომელსაც აქვს ნატოს მხარეს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილება სხვადასხვა ცხელ წერტილში, უკრაინის ტერიტორიაზე ჩავიდა 2022 წლის მარტიდან 2024 წლის აგვისტოს პერიოდში.

იგი შეუერთდა კიევის ხელისუფლების მიერ შექმნილ საერთაშორისო ლეგიონს და მონაწილეობა მიიღო უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში სხვადასხვა საბრძოლო პუნქტებში. ამისთვის მან მიიღო ჯილდო 2,2 მილიონი რუბლის ექვივალენტი”.

თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის სასამართლომ რატი ბურდულს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საერთაშორისო ლეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური ნაწილია. ყველა ქვედანაყოფი, რომლებიც საერთაშორისო ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული, არის უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების სტრუქტურული ნაწილი.

რუსეთი ქართველ სამხედრო ტყვეებს სპეციალურად წარმოაჩენს და ასამართლებს „დაქირავებულების“ სტატუსით. საქმე ის არის, რომ გარდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, მაგალითად დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაქირავებული ჯარისკაცებისთვის მოქმედებს “სასჯელის უმაღლესი ზომა”, სიკვდილით დასჯა.

 

ბათუმში აღდგომის დღესასწაულზე მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 და 21 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ბათუმში უფასოა რელიგიური დღესასწაულების [აღდგომა, ბაირამი], ახალი წლის და ასევე, „ბათუმობის“ დღესასწაულებზე.

„ოცნება“ საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებს

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებენ.

მან ამის შესახებ 16 აპრილს, განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება.

„ჩვენი მიზანია შევქმნათ და დავამატოთ ჩინური ენის სტანდარტი იმ სკოლებში, სადაც მოთხოვნა იქნება ჩინური ენის სწავლებაზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ მიწოდებას, ასე რომ ვთქვათ“ – თქვა ალექსანდრე წულაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების მიმართულებით ახალი ხედვის ლაბორატორიებით აღჭურვა იგეგმება.

ამავე შეხვედრაზე წულაძემ ახსენა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა, სადაც ასევე დაგეგმილია ცვლილებები. სქემაზე საუბრობდა ყველა ახალი მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობაზე ინიშნებოდა.

ბოლო ცვლილება 2024 წელს, გიორგი ამილახვარის დროს განხორციელდა, რის შემდეგაც გაუქმდა მასწავლებლის სტატუსის დანამატი და შესაბამისად, ამ ცვლილებამ გავლენა იქონია პედაგოგების ხელფასებზე. კერძოდ, მაღალი სტატუსების მქონე პედაგოგებს სამინისტრომ გაუუქმა სტატუსის დანამატი, რამაც გამოიწვია ხელფასების არა მატება, არამედ მნიშვნელოვანი კლება, რასაც პედაგოგების უკმაყოფილება მოჰყვა.

______________

ფოტოზე: „ოცნების“ განათლების მინისტრი ალ. წულაძე

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ინოვაციური პროექტი დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე 

„ამბასადორი ჯგუფი“ ამბასადორი აილენდის პროექტით ინვესტორების დაინტერესებას და ამავდროულად აჭარის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას განაგრძობს. ამ მიზნით „ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და ისტორიული მნიშვნელობის პროექტი წარადგინა. პროექტი, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ითვალისწინებს, ერთნაირად მიმზიდველია როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. ის რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მოემსახურება. პროექტის განვითარების ფარგლებში 20 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

დუბაიში მიმდინარე გამოფენის ფარგლებში „ამბასადორი აილენდის“ სტენდს დუბაის მიწის დეპარტამენტის (DLD) გენერალური დირექტორი მარვან აჰმედ ბინ ღალიტი დელეგაციასთან ერთად ეწვია. გამორჩეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა, რომელმაც პროექტის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენას მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა.

დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენამ, რომელიც 14-16 აპრილამდე გრძელდებოდა, 85 ქვეყნიდან გააერთიანა 300-ზე მეტი მონაწილე და 25 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც  სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა.

საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს დაინტერესებულ პირებს.

სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ჰქონდა კუნძულის ვირტუალურ ტურში მიეღო მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდა.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტს როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულებაც გააჩნია, რაც საბოლოო ჯამში ბათუმს და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს. 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 937 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230]
  • ტანკი – 10 654 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 22 217 ერთეული [+54]
  • საარტილერიო სისტემა – 26 442 ერთეული [+65]
  • MLRS – 1 366 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 135 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 32 925 ერთეული [+88]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 44 642 ერთეული [+170]
  • სპეცტექნიკა – 3 807 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 52 293 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 876 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 536 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 741 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 203 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რაკეტა „ბარსი“ – რა არის ცნობილი ახალი უკრაინული იარაღის შესახებ

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ლარის საიუბილეო ფორუმის ჩატარებაში ეროვნული ბანკი 771 ათას ლარს დახარჯავს

საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ლარის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზება-ჩატარებაში კი 771 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „პირველად ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს ჩაეშვა და იმავე წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა“.

„დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის მაღალი დონის, საერთაშორისო ფორუმი [2025 წლის 29 – 31 მაისი] მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებისა და ვიცე-პრეზიდენტების მონაწილეობით, ქართული ფულის კატალოგის გამოშვება, საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და სხვა.

აღნიშნულ ღონისძიებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზებამ და ჩატარებამ“ – წერს საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

სააგენტომ სებ-ს მისცა თანხმობა, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების დასადგენად მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს“.

სებ-ის ინფორმაციით ღონისძიება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • ლოგოს და მის საფუძველზე ე.წ. „ბრენდბუქის“ შემუშავება;
  • ღონისძიების ფროდაქშენ მომსახურება, მათ შორის საიმიჯო რგოლის მომზადება;
  • ღონისძიების ორგანიზება სასტუმრო „შერატონში“, მათ შორის: ღონისძიების ვიზუალური კონცეფციის შექმნა და შემსყიდველთან შეთანხმება; კონცეფციის შესაბამისად, სასესიო დარბაზის 300 სტუმარზე ღონისძიების უზრუნველსაყოფად მომზადება; მაღალი რანგის სტუმრებისთვის ბიზნეს ოთახის მოწყობა; მედია სივრცის და მედია ოთახის მოწყობის უზრუნველყოფა; შენობაში სარეგისტრაციო პუნქტის მოწყობა; შენობაში საინფორმაციო პუნქტის მოწყობა; საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში დაცული ექსპონატების გამოფენის ორგანიზება/მოწყობა; პრეს ბანერების/ და ბექდროფ ბანერების დამზადება; ღონისძიების სრულყოფილად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად აუცილებელი სხვა, დამატებითი მომსახურება;
  • ღონისძიების, მათ შორის მედია და მაღალი რანგის სტუმრების ბიზნეს ოთახის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტით უზრუნველყოფა;
  • მიღების/Welcome reception და სადილის/gala dinner ორგანიზება 2025 წლის 29 და 30 მაისს [სარესტორნო მომსახურების გარდა];
  • სტუმრების დახვედრა – გაცილება.

სებ-ის ინფორმაციით, ვინაიდან ღონისძიების შემადგენელი კომპონენტები და დეტალების დღემდე ბოლომდე განსაზღვრული არ არის, შეუძლებელია მთელი რიგი საკითხების წინასწარ განსაზღვრა, ხოლო თითოეული საკითხის – იქნება ეს შესასყიდი საქონელი, სამუშაო თუ მომსახურება განსაზღვრის შემდეგ, სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებული ვადების გათვალისწინებით შეუძლებელი იქნება ღონისძიების დროული ორგანიზება.

„ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების ფარგლებში მიმწოდებელმა, გარდა უშუალოდ ღონისძიების ორგანიზების ლოჯისტიკური სერვისებისა, უნდა მოგვაწოდოს კრეატიული გადაწყვეტები, მათ შორის ღონისძიების დეტალური კონცეფცია და შესაბამისი ბრენდბუქი, რაც ცხადია თავის მხრივ მოიცავს მუდმივ ცვლილებებს თავდაპირველ დოკუმენტებში და საჭიროებს განახლებას, ადაპტირებას და დახვეწას არსებული ვითარების, განსაზღვრული კონცეფციის, ბრენდბუქის და ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო ყველა სხვა დეტალის გათვალისწინებით.

კერძოდ, დღემდე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და ზუსტდება ისეთი თემები, როგორიცაა დასკვნითი პანელური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა, რამდენი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგატი დაესწრება ღონისძიებას და ა.შ.“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განაცხადში.

ჯანაშია უმაღლესში ქართულის სავალდებულო სწავლების ინიციატივაზე – „ეს არის პოპულიზმი“

„დარბაზებში ჩაკეტილი ხალხი გამოიგონებს რაღაც ახალ სამყაროს და იმ სამყაროში გამოგონილი პრობლემების მოგვარებას დაუთმობენ საზოგადოების ფინანსებს. რეალური პრობლემები კი გვრჩება მოუგვარებელი“ – ამბობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ახალ ინიციატივაზე, რომ ყველა უნივერსიტეტში, ყველა ფაკულტეტზე სავალდებულო უნდა გახდეს ქართული ენის კურსის გავლა.

14 აპრილს „ქართული ოცნების“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ. „ბათუმელები“ სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა სიმონ ჯანაშიას.

  • ბატონო სიმონ, „ოცნების“ ხელისუფლების ეს განცხადება იმას ხომ არ ჰგავს, ადრე რომ ირწმუნებოდნენ, „დედა ენა“ ჩვენ დავაბრუნეთ სკოლებშიო. რა შეგიძლიათ თქვათ ამ ინიციატივაზე?

ეს სპექტაკლი ნანახი გვაქვს ბევრჯერ. დაახლოებით 6 წლის წინ, მოიფიქრეს, რომ თითქოს აბრუნებდნენ „დედა ენას“ სკოლაში, რომელსაც დასაბრუნებელი არაფერი ჰქონდა, ისედაც დაბრუნებული იყო და ისწავლებოდა სკოლებში.

რამდენიმე წლის წინ გამოიგონეს, რომ თითქოს საქართველოს ისტორია აღარ ისწავლებოდა სკოლებში და ისიც „დააბრუნეს“ და ახლა უნდათ, რომ დაავალდებულონ უნივერსიტეტები, ისწავლებოდეს ქართული ენა.

და სპექტაკლი რატომ არის? – იმიტომ, რომ როდესაც მსგავსი პოლიტიკის შემოღება ხდება, პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ვალდებულნი არიან, დაასაბუთონ ეს გადაწყვეტილება, რაღაც პრობლემიდან გამომდინარე.

პრობლემა უნდა იყოს, მაგალითად, ის, რომ უნივერსიტეტში სტუდენტები ვერ სწავლობენ კარგად, რადგან არ იციან ქართული ენა, ან უნივერსიტეტს ამთავრებენ ისე, რომ ქართული არ იციან და უნდათ, რომ ასწავლონ ქართული, ან კიდევ რაღაც სხვა მიზეზი.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უნდათ, რომ ქართული ენა შემოიღონ ყველა უნივერსიტეტში სავალდებულოდ, არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო ოდესღაც – ესაა არგუმენტი.

და ეს არ არის დასაბუთება.

  • ის, რომ წლების წინ ისწავლებოდა ყველა პროგრამაზეო, ტყუიან?

რა თქმა უნდა, ტყუილია.

ჯერ ერთი, საქართველოში არსებობდა 200-ზე მეტი უნივერსიტეტი 2004 წლამდე და ეს უნივერსიტეტები იყვნენ თავისუფალი იმაში, თუ რას როგორ ასწავლიდნენ. არ არსებობდა არც ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრი, არც აკრედიტაციის სისტემა, არც ავტორიზაციის სისტემა. ანუ რეალურად, რაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ ეს უნივერსიტეტები.

განსაკუთრებით კერძო უნივერსიტეტები.

ახლა უნდათ, ყველა დაავალდებულონ, კერძოც და სახელმწიფოც, რომ კონკრეტული საგანი ისწავლებოდეს.

გარდა იმისა, რომ ეს არის რაღაც პოლიტიკური პოპულიზმი, მეორე მიზეზი ასეთი გადაწყვეტილების არის ხოლმე კონკრეტული ჯგუფების ლობირება.

  • ვინ შეიძლება იყვნენ ეს ჯგუფები ამ შემთხვევაში. უბრალოდ, დასაქმება უნდათ ვიღაცების?

რა თქმა უნდა. ესენი არიან ის ფილოლოგები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ და ახლა ეძებენ გამორჩენას, რადგან ისინი არიან ჩუმად ან ჩართულნი არიან პოლიტიკურ საქმიანობაში, ახლა უნდათ, რომ „ქართული ოცნებისგან“ მიიღონ სარგებელი.

შევხედოთ ვინ არიან ეს ფილოლოგები – თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი, რომელიც ახლა ენის პალატის თავმჯდომარეა, ვასიკო მაღლაფერიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარეა, გოგი გოგოლაშვილი, რომელსაც არც ერთი სიტყვა არ დასცდენია კრიტიკული ამ მთავრობაზე და სხვები, ვინც დღეს არ იღებს ხმას იმაზე, რომ მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არის დაპატიმრებული მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც თქვა და არა იმიტომ, რომ რაღაც ჩაიდინა.

ან ის ფილოლოგები, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი ადგილი იპოვონ რეპრესიულ სისტემაში.

საინტერესოა ის, რომ ეს ტყუილი, რომ ქართული ენის სწავლება ადრე თურმე იყო ყველა მიმართულებაზე, თქვა („ოცნების“ პარლამენტის) განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში და როდესაც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ასეთ ტყუილზე აფუძნებს თავის რიტორიკას თუ გადაწყვეტილებებს, არა მხოლოდ ეს, საერთოდ არც ერთი გადაწყვეტილება არ უნდა ანდოს მას საზოგადოებამ.

მით უმეტეს, როცა ეს ეხება ენის დაცვას.

14 აპრილს გამოჩნდა ისიც, რომ არის ქართული საზოგადოება, რომელსაც ახსოვს ეს დღე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქართული ენის დაცვას და ამ დღეს აღნიშნავს მსვლელობით, რომელიც იმეორებდა 1978 წლის 14 აპრილის მსვლელობას, როცა სტუდენტები საბჭოთა რეჟიმისგან ქართული ენის დასაცავად გამოვიდნენ ქუჩაში.

და არის მეორე ჯგუფი, რომელიც ჩაკეტილია რაღაც დარბაზში, მაინც და მაინც არც მაღალი რეპუტაციით სარგებლობს და არის კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებული ნომენკლატურა.

იმ დარბაზში შეკრებილი იყო ის ხალხი, ვისაც დაავალეს, რომ იქ უნდა მისულიყო.

ესენი იყვნენ „ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წევრები, პარტიის მუშაკები, რომლებიც თან ვითომ არიან მეცნიერები, ფილოლოგები და სხვა.

  • სტუდენტებისგან განსხვავებით, მათგან არ მოგვისმენია, მაგალითად, 1978 წლის 14 აპრილის შეფასება, როდესაც საბჭოთა რუსეთმა დააპირა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის წართმევა…

ვერ მოვისმენდით, რადგან ხალხის ნაწილი, რომელიც იმ დარბაზში იყო, იმ კონსტიტუციის მხარდამჭერი იყო, რომლითაც უნდა შეზღუდულიყო ქართული ენა. იმ ხალხის ნაწილი იყო კომუნისტური ნომენკლატურა, რომელიც რეალურად იდგა საბჭოთა კავშირის მხარეს, სტუდენტების წინააღმდეგ.

ეს ინიციატივა პოპულიზმია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც იტყუება ან ვიღაც მოტყუებული რჩება, პრობლემაა იმიტომ, რომ ამით ხდება რეალური პრობლემებისგან ყურადღების და რესურსების გადატანა.

თუ ჩვენ უნივერსიტეტებში გვაქვს რამდენიმე პროგრამა და ყველა ამ პროგრამაზე სავალდებულო უნდა გახდეს ქართული ენის კურსი და ამ კურსის შემოტანას არანაირი დადებითი ეფექტი არ მოაქვს არც უნივერსიტეტებისთვის, არც სტუდენტებისთვის და არც საზოგადოებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ეს არის გაფლანგული ფული.

თან სხვას აიძულებენ, რომ ფული გადაყარონ. მაგალითად, კერძო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელსაც თავისი შრომით აქვს გამომუშავებული სწავლის ფული, ეუბნები, რომ შენი ფული უნდა გადაიხადო ისეთ კურსში, რომელიც დაადგინა ვიღაც პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ადამიანმა.

ვიღაცამ ჩათვალა, რომ შენ ქართული არ იცი, მიუხედავად იმისა, რომ გამოგცადა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა გაქვს დამთავრებული ქართულად და მშვენივრად ფლობ ქართულ ენას, მაინც უნდა გასწავლონ.

  • უნივერსიტეტებს ხომ შეუძლიათ დაასაბუთონ, რომ მათ სტუდენტებს არ სჭირდებათ ამ კურსის გავლა, რადგან გამოცდების შედეგებითაც კარგად ჩანს, რომ ისინი ფლობენ სახელმწიფო ენას? 

საერთოდ რა იგულისხმება ქართული ენის სწავლებაში? – შეიძლება ეს კითხვა დავსვათ. რა უნდა ისწავლონ სტუდენტებმა. ქართულ ლიტერატურაზეა საუბარი, გრამატიკაზე, მეტყველებაზე, მოსმენაზეა საუბარი, საჯარო გამოსვლის ხელოვნებაზეა თუ რაზე…

აი, ქართული უნდა ვასწავლო უნივერსიტეტში რას ნიშნავს? ასომთავრულით წერა-კითხვა უნდა ვასწავლოთ თუ ნუსხა-ხუცურით? რა იგულისხმება აქ, არავინ არ იცის.

ეს არის ცარიელი ლოზუნგი, რომლის უკანაც არანაირი შინაარსი, არანაირი პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის მიზანი არ დევს, გარდა ამ რაღაც პარტიული დაპირისპირების, რომ ერთი პარტია გამოჩნდეს უფრო პატრიოტულად, ვიდრე მეორე.

მთელი ეს დრო და დისკუსია მიდის სრულიად უსაგნო საკითხებზე და ამ დროს სტუდენტებს აქვთ პრობლემა საცხოვრისის, საკვებზე ხელმისაწვდომობის, ვერ შოულობენ სამსახურს, არ მოსწონთ ის, რომ არ არის პრაქტიკული მათი სასწავლო პროგრამები და თეორიულია უფრო მეტად, არ მოსწონთ ის, რომ არჩევანი არ აქვთ უნივერსიტეტებში, ის, რომ მცირდება შესაძლებლობები საზღვარგარეთ წავიდნენ 1-2 სემესტრით ან უფრო ხანგრძლივად და სხვა, უამრავი რეალური პრობლემაა და ვაგვარებთ რაღაც უცნობი ინსტრუმენტით უცნობ პრობლემას.

თუ მართლა რაიმე უნდოდათ ქართული ენის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლაში უნდა დაეწყოთ.

ახალი ლიტერატურა უნდა შექმნილიყო, თარგმანები უნდა გაკეთებულიყო, რომ ბავშვებს მეტი ეკითხათ, მასწავლებლების მომზადებაში უნდა ჩადებულიყო ფული, ახალი ხალხი უნდა შემოსულიყო სისტემაში და ამაზე, სხვათა შორის, ბევრი საერთაშორისო პროექტი იყო. მაგალითად, USAID-ის წიგნიერების პროგრამა იყო და მუშაობდნენ იმაზე, რომ მასწავლებლებს შეექმნათ რესურსები და ასე შემდეგ.

იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ, „ოცნების“ მთავრობამ დაარქვა აგენტები. ანუ ვინც რეალურად საქმეს აკეთებდა, ისინი ყოფილან უცხო ქვეყნის აგენტები და ისინი, ვინც ასეთ გამოგონილ პრობლემებს ებრძვიან, არიან „პატრიოტები“.

დარბაზებში ჩაკეტილი ხალხი გამოიგონებს რაღაც ახალ სამყაროს და იმ სამყაროში გამოგონილი პრობლემების მოგვარებას უთმობენ საზოგადოების ფინანსებს. რეალური პრობლემები კი გვრჩება მოუგვარებელი.

რაკეტა „ბარსი“ – რა არის ცნობილი ახალი უკრაინული იარაღის შესახებ

უკრაინამ შექმნა ახალი რაკეტა სახელწოდებით “ბარსი”. დიდი ხნის განმავლობაში ინფორმაცია ამ რაკეტის შესახებ საიდუმლოდ ინახებოდა.

ახალი უკრაინული იარაღის შესახებ ინფორმაციას BBC-ის უკრაინული სამსახური ავრცელებს.

“ბარსი” პირველად საჯაროდ ახსენა უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა. გერმან სმეტანინმა, რამდენიმე დღის წინ – 11 აპრილს.

BBC-ის სამთავრობო წყაროების თანახმად, უკრაინული რაკეტა „ბარსი“ არ არის სახელმწიფო მწარმოებლის მიერ შემუშავებული იარაღი, ის კერძო მწარმოებელმა შექმნა.

„ბარსი“ მიეკუთვნება ე.წ. ფრთოსანი „რაკეტა-დრონების” კლასს, რომელთაც უკრაინა უკვე აწარმოებს [„პალიანიცა“ და „პეკლო“]. უკრაინის ხელისუფლებამ ამბობს, რომ ეს არის მათი ნოუ-ჰაუ.

„ბარსს“ არ გააჩნია ქობინი [საბრძოლო ნაწილი, ჩვეულებრივ, დაახლოებით 50-100 კგ-ია] და აქვს მცირე ზომის ტურბორეაქტიული ძრავა, რაც საშუალებას აძლევს მას სწრაფად დაფაროს მნიშვნელოვანი დისტანციები და იყოს რთული სამიზნე საჰაერო თავდაცვისთვის.

BBC-ის უკრაინული სამსახური წერს, რომ ასეთი „სარაკეტო დრონების“ გაშვება შესაძლებელია როგორც სახმელეთო დანადგარებიდან, ასევე თვითმფრინავებიდან. „ბარსის“ დიაპაზონი დაახლოებით 700-800 კმ-ია.

BBC-ის წყაროების თანახმად, ამ რაკეტას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა: უკრაინაში მასობრივი წარმოების შესაძლებლობა.

„შესაბამისად, უკრაინის თავდაცვის ძალები მალე შეძლებენ მიიღონ შორი დარტყმის და საკმაოდ მძლავრი საშუალებები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში რეგულარული შეტევებისთვის” – წერს BBC.

ამ რაკეტის გამოსახულება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, ისევე როგორც მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დეტალები.

გასულ წელს უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა სარაკეტო პროგრამა. ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა ბრძანება დამატებითი ფინანსები მიმართვისა და რაკეტების წარმოების დაჩქარების შესახებ. უკვე იმ დროს უკრაინელი მწარმოებლები ერთდროულად მუშაობდნენ რაკეტების რამდენიმე ვერსიაზე.

ყველაზე წარმატებულმა უკრაინულმა საბრძოლო იარაღმა, გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნმა“, ასევე განიცადა მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია, გაიზარდა მისი მოქმედების დიაპაზონი და სახმელეთო სამიზნეების დარტყმის შესაძლებლობა.


მთავარ ფოტოზე რაკეტა-დრონი „პეკლო“ | წყარო: ვიკიპედია

„ტვ 25“ იყიდება – ტელეარხი განცხადებას ავრცელებს

ადგილობრივი მედია „ტვ 25“ იყიდება. ამის შესახებ განცხადება ტელეარხის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ფეისბუქზე.

„ტვ25 -ის სპეციალური განცხადება! პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით “ტვ25”-ის 100%-იანი წილი იყიდება!“ – წერია განცხადებაში.

საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, „ტვ 25“ -ის წილებს ფლობენ გიორგი სურმანიძე [49%] და ჯემალ ვერძაძე [51%].

2025 წლის 20 იანვარს არხმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან ტვ25-ის საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები შეაჩერა.

„ტვ 25“ რეგიონში 32 წელია მაუწყებლობს.

თემურ ქათამაძე სასამართლოს რამდენიმე საათით გათავისუფლებას სთხოვს ქორწინებისთვის

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე სასამართლოსგან ითხოვს რამდენიმე საათით გათავისუფლებას რელიგიური ქორწინებისთვის.

მისი თქმით, მიგრაციის დეპარტამენტმა ამ რიტუალის ცენტრში ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა.

„5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია. ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ, დიდი ალბათობით, აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ აღნიშნული რიტუალის მიგრაციის ცენტრში ჩატარების საშუალება, მიგრაციის ადმინისტრაციამ არ მოგვცა.

[…] სასამართლოსგან ვითხოვ, ჩემ საცოლესთან რელიგიური წესით ქორწინებისთვის, მომავალ ერთ სასურველ დღეს, მხოლოდ 3 საათით მიგრაციის ცენტრიდან ქალაქ თბილისში გასვლის უფლებას, აღნიშნული რიტუალის შესაბამის ეკლესიაში და მეჩეთში ჩატარებისთვის”, – წერს ქათამაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში.

თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.

თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა, იგი თურქეთის მოქალაქეა. მის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

ამავე თემაზე:

ბათუმში გრძელდება აქციაზე დაჯარიმებულებისათვის თანხის შეგროვების კამპანია

ბათუმში გრძელდება საპროტესტო აქციებზე დაჯარიმებულებისათვის ჯარიმის თანხის შეგროვების კამპანია.

ბათუმში საპროტესტო აქციების 36 მონაწილეა დაჯარიმებული. აქედან 4 ადამიანი 11-12 იანვრის ღამეს გამართულ საპროტესტო აქციაზე დააჯარიმეს, სხვები კი – „ზებრაზე გადასვლის საქმეზე“, 31 იანვარს.

დაჯარიმებულთა უმრავლესობისთვის ჯარიმის დასაფარი თანხა სამოქალაქო აქტივისტების, ციალა ქათამიძისა და მალხაზ ჭკადუას ანგარიშებზე გროვდება.

ციალა ქათამიძე „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ 12 ადამიანი არ აპირებს ჯარიმის გადახდას,  შესაბამისად ბათუმში ახლა 24 ადამიანის ჯარიმის თანხის ცდილობენ:

„აქედან 4 პირის ჯარიმა უკვე გადახდილია და დარჩა 20 ადამიანის, რომელთა ჯარიმებისთვის საჭირო საერთო თანხის ოდენობა 94 ათასი ლარია. ამ თანხის დაახლოებით მესამედი, 30 000 ლარი გვაქვს შეგროვებული ჩვენს საერთო ყულაბაში.

ხვალ აქციის ორი მონაწილის ჯარიმის გადახდის ბოლო დღე გვაქვს და კიდევ 6 ადამიანს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რამდენიმე დღეში მათი ჯარიმის გადახდის ბოლო დღე გვექნება“, – ამბობს ციალა ქათამიძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, რამდენიმე დაჯარიმებულმა თავადაც დაიწყო თანხის შეგროვება სოციალურ ქსელების საშუალებით:

„ასეთი პირობა გვაქვს, რომ, თუ ისინი ვერ შეაგროვებენ ჯარიმისთვის საჭირო თანხას, მაშინ ჩვენ საერთო ყულაბიდან დავუმატებთ. თუ თავად უფრო მეტს შეაგროვებენ, ვიდრე ჯარიმისთვისაა საჭირო, მაშინ რომელიმე თანამებრძოლის თანხის გადახდაში დაგვეხმარებიან.

მსგავსი კოლაბორაციით უკვე გადავიხადეთ 4 ადამიანის ჯარიმა.  აქედან ერთის სრულად ჩვენ დავფარეთ, რადგან მას მშობლები და ოჯახი არ თანაუგრძნობს და ვერ გახადა საჯარო ეს ინფორმაცია არა თუ ფართო საზოგადოებისათვის, არამედ ვიწრო წრისათვისაც კი“, – გვითხრა ციალა ქათამიძემ.

ბათუმის აქციებზე დაჯარიმებულების მხარდასაჭერად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

#GE38BG0000000162685131– საქართველოს ბანკი. მიმღები: ციალა ქათამიძე

#GE47TB7002743365100007 – თიბისი ბანკი. მიმღები: მალხაზ ჭკადუა

_________________

ფოტოზე: 31 იანვრის აქცია ბათუმში. ედო მჟავანაძის ფოტო

„ციხე ვერასდროს დამატყვევებს, რადგან მე ვწყვეტ, ვიყო თავისუფალი“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ აქვეყნებს 19 წლის სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის წერილს ციხიდან. წერილში, რომელიც 2 აპრილით თარიღდება, ზვიად ცეცხლაძე საზოგადოებას მოუწოდებს 19 აპრილს, 19 საათზე, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ შეკრებისკენ.

„ბათუმელები“ სრულად აქვეყნებს ზვიად ცეცხლაძის წერილს:

„ოდესმე გიფიქრიათ, თუ როგორია ციხე? ოთხი კედელი, გისოსები და ბალანდა.

სინამდვილეში პატიმრობა სულაც არ არის რთული. სინამდვილეში სხეული ყველაფერს ეგუება და შემდგომ ყველაფერი გაძლებადი ხდება, მაგრამ ეს ილუზიაა.

რეალურად გვიპატიმრებენ არა სხეულს, არამედ გონებას. ოღონდაც გონების დაპატიმრებას ვერ დაათარიღებ. ის არ მომხდარა 4 დეკემბრის ღამეს, როდესაც ხელებზე მხოლოდ ბორკილები გადევს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ოთხ კედელს შორის გამომწყვდეული ზიხარ და ფიქრობ, რომ ყველაფერს გააკეთებ ოჯახისთვის, ქვეყნისთვისა და ერისთვის. როდესაც გისოსებიდან გაიხედავ და თავისუფალი თბილისის ნაცვლად ციხის კედლებს დაინახავ, ამ დროს მოდის საზარელი ფიქრები.

ნეტავ, 6 წელს მომისჯიან თუ 9-ს? 9 წლის მერე დედა როგორი იქნება? და მამა? ამ სად იქნება ის გოგონა, ვისთან გასატარებელ წლებსაც ციხეში გავატარებ?

გიფიქრიათ ოდესმე – „ნეტავ მომავალი წლის იმავე დღეს სად ვიქნები?“ – მე მიფიქრია.

ეს იყო 2024 წლის 19 აპრილს, როდესაც ათობით სტუდენტმა სრული უიმედობის ჟამს ხელში ავიღეთ ეროვნული დროშა და გავემართეთ გმირთა მოედნისკენ, სასწაულის იმედად… როცა თავისუფლების მოედანთან უკვე ასობით ვიყავით, იუსტიციის სახლთან ათასობით და გმირთა მემორიალთან ფიცის დასადებად ათიათასობით, მაშინ მივხვდით, რომ ეს სასწაული მოხდა! ამდენი ხნის შემდეგ პირველად, ქვეყნის სიყვარულმა და ათიოდე სტუდენტმა, ათიათასობით გულანთებული მამულიშვილი გამოვიყვანეთ გარეთ. თვალებში იმედის აგიზგიზებული ცეცხლით!

იმ ჟამს არ არსებობდა არც მთავრობა, არც ოპოზიცია. ვიყავით მხოლოდ საქართველოს შვილები, ამავე საქართველოს სიყვარულით და ნათელი მომავლისთვის ბრძოლის წყურვილით გამოსული მთელი ერი.

იმ საოცარ ღამეს ბევრი არ მიფიქრია, მხოლოდ ის კითხვა, თუ სად იქნებოდა საქართველო ერთ წელიწადში და სად ვიქნებოდი მე. ასეთი მოგონებები ნიჰილიზმს აქრობს და ხვდები, რომ არამხოლოდ სხეულის პატიმრობა, არამედ გონების პატიმრობაც ილუზიაა.

ციხე ვერასდროს დამატყვევებს, რადგან ეს მე ვწყვეტ, ვიყო თავისუფალი! და თუ ერთხელ მოვახდინეთ სასწაული, მეორედაც შევძლებთ!

19 აპრილს, 19 საათზე, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ. გავიაროთ იგივე გოლგოთის გზა, სადაც „ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა – ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა“.

მე იქ ვიქნები, თქვენთან ერთად და თქვენ გაიგებთ ჩემს ხმას, რადგან მე გადავწყვიტე, რომ ვიყო თავისუფალი!“ – წერს ზვიად ცეცხლაძე.

ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას

ზვიად ცეცხლაძე 19 წლის სტუდენტია, მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერი. მას ივანიშვილის პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე: 

„ზღაპრების ნაცვლად საქართველოს ისტორიას უყვებოდა მამამისი“ – ვინ არის ზვიად ცეცხლაძე

მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიანიჭეს, გამოძიება არაეფექტურია – საია

მზია ამაღლობელს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც სხვა ადვოკატებთან ერთად იცავს ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის უფლებებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

„საიას ადვოკატის ყველა წერილობითი მიმართვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ უპასუხოდ დატოვა, რის შემდგომაც პროკურატურის უმოქმედობა გასაჩივრდა სასამართლოში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და ამდენად, უარი განაცხადა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე“ – იუწყება საია.

საიას ცნობით, საქმის მასალების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიება მიმდინარეობს არაეფექტიანად და არაა დაკმაყოფილებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოძიების სტანდარტი.

კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ დრომდე მოწმის სახით მხოლოდ სამართალდამცავი პირები არიან გამოკითხულნი, რომლებიც ბათუმის პოლიციის უფროსთან, ირაკლი დგებუაძესთან სამსახურებრივად არიან დაკავშირებულნი ან დაქვემდებარებულნი, რის გამოც არიან სუბიექტურები და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში გამოძიების შედეგით დაინტერესება იკვეთება.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღემდე არ გამოუკითხავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე წუთში შეხვდა მზია ამაღლობელს. მას შესაძლოა ჰქონდეს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაცია.

აღნიშნული პირი მზია ამაღლობელს შეხვდა იმ პერიოდში, როდესაც მის ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში სრულიად უკანონოდ არ ეძლეოდათ მასთან გასაუბრების შესაძლებლობა.

საქმეში დღეის მდგომარეობით მხოლოდ ორი კამერის ჩანაწერია, რომელთა დაფარვის არეალშიც ხვდება დეპარტამენტის ის შესასვლელი, რომლიდანაც, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ. შესაბამისად, აღნიშნულ ჩანაწერებში მზია ამაღლობელის არათუ უფლებადარღვევის, არამედ დეპარტამენტში შეყვანის კადრებიც კი არ ჩანს.

საქმის მასალების მიხედვით, მზია ამაღლობელს სამედიცინო ექსპერტიზა 20 იანვარს ჩაუტარდა, ხოლო 21 იანვარს მის ტანსაცმელზე ჩატარდა ბიოლოგიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა, მასზე ბიოლოგიური ნიმუშისა და დაზიანებების კვალის დასადგენად. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზების დანიშვნიდან თითქმის 3 თვე გავიდა, საქმის მასალებში დღემდე არ მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რომელმაც დაათვალიერა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორია, იქვე არსებულ ბოძზე მან აღმოაჩინა გარე სათვალთვალო კამერა და მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიას მოსთხოვა კამერის ჩანაწერები, ეცნობა, რომ კამერა დამონტაჟდა მზია ამაღლობელის დაკავების შემდგომ. ამ ეტაპზე საქმეში არ მოიპოვება კამერის მოგვიანებით დამონტაჟების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

აღსანიშნავია, რომ გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა იმით, თუ რატომ ედო მზია ამაღლობელს ხელბორკილები რამდენიმე საათის განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, როდესაც ოთახში მასთან ერთად არაერთი პოლიციელი იმყოფებოდა, რატომ უტარდებოდა მას საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ბორკილებდადებულს, მაშინ როდესაც პოლიციელებისვე ჩვენებით, მზია ამაღლობელი მათთან თანამშრომლობდა და არანაირ საფრთხე მისგან არ მომდინარეობდა.

საქმის მასალების გაცნობისას ასევე გამოვლინდა, რომ ამ დრომდე საქმის მასალებს არ ერთოდა მზია ამაღლობელის საიას ადვოკატების მიერ გაგზავნილი მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ასახავს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს.

მასალების გაცნობისას აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიის დაფიქსირების შემდეგ, გამომძიებელმა ადვოკატს აღნიშნული მასალები მატერიალური სახით წარუდგინა, თუმცა ფორმალური და პროცედურული თვალსაზრისით კვლავ უცნობია, რატომ არ არის ეს მტკიცებულებები დართული საქმეზე სხვა მასალების მსგავსად.

აღნიშნული გარემოებები მიანიშნებს იმაზე, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებული გამოძიება არ არის ეფექტიანი და უგულებელყოფილია გამოძიების ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად წარმოების საკანონმდებლო სტანდარტი“ – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ICR HOME ბათუმშია – ავეჯი, განათება და აქსესუარები ახალ შოურუმში

გაზაფხულზე ხშირად გვაქვს საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს განახლების და სასიამოვნო ცვლილების სურვილი – ეს შეიძლება იყო ახალი ავეჯი, ახალი განათება ან აქსესუარები, რომელიც ჩვენს გარემოს გადაახალისებს.

მაღალი ხარისხის ავეჯის და აქსესუარების შერჩევა არც ისე იოლია, მაგრამ თუ ბათუმში ცხოვრობთ და საცხოვრებელი ან სამუშაო სივრცის განახლებას გეგმავთ, თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს – 12 აპრილს ბათუმში, პუშკინის ქუჩის N33-ში, ICR HOME-ის ფილიალი გაიხსნა.

ამ კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდს – „ლაბორატორია ჩემი სახლი“- ბათუმში წლების განმავლობაში ძალიან კარგად იცნობდნენ ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის გამო.

ICR HOME-ის ფილიალის გახსნით ბათუმში ბრუნდება სწორედ „ლაბორატორია ჩემი სახლი“ და წარმოდგენილი იქნება კიდევ ორი, მაღალი ხარისხის ბრენდი – „კარე“ და „ნატერიალი“.

ბათუმში სამივე ბრენდს ერთ სივრცეში, ერთ მისამართზე ნახავთ – პუშკინის ქუჩის N33-ში.

„ICR HOME თბილისის ბაზარზე ავეჯის მულტიბრენდული ჰაბის სახით 2022 წლიდან ოპერირებს. ბათუმის ბაზარი ამ ეტაპზე ჩვენთვის აუთვისებელია, თუმცა მომხმარებელი კარგად იცნობს და ელოდება იმ ბრენდებს, რომლითაც შევდივართ ბაზარზე.

ბათუმელებისთვის განსაკუთრებით ნაცნობი ბრენდია „ლაბორატორია ჩემი სახლი“, რომელსაც ხშირად სტუმრობენ თბილისში და აქტიურად გვთხოვდნენ ბათუმის ბაზარზე დაბრუნებას. ლაბორატორია ჩემ სახლთან ერთად, ავეჯის ჰაბი ICR HOME ბათუმის მოსახლეობას KARE-ს და Naterial-ის შოურუმებითაც გაანებივრებს “ – ამბობს ნათია მექერიშვილი, ICR HOME-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სტილის და კოლექციების მრავალფეროვნებასთან ერთად ავეჯის ჰაბი მომხმარებელს სთავაზობს არჩევანს ყველანაირი ფასის კატეგორიაში და ასევე, მარაგების დიდ რაოდენობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისათვის.

წინასააღდგომო პერიოდში, განსაკუთრებული ფასდაკლებებითა და აქციებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ონლაინ მაღაზიაში icrhome.ge ასევე, ფიზიკურად კომპანიის ფილიალებში, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ავეჯის ჰაბში წარმოდგენილ ბრენდებზე: 

„ლაბორატორია ჩემი სახლი“ აერთიანებს 100-ზე მეტი უცხოელი მომწოდებლის ევროპულ, აზიურ და ამერიკულ ავეჯს, დეკორს და განათებას, რომლითაც მუდმივად პასუხობს ბაზრის და მომხმარებლის მოთხოვნებს და კვალდაკვალ მიყვება მსოფლიო მოდის ტრენდებს.

„კარე“ გერმანული ბრენდია, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ICR HOME-ია. ბრენდი გამოირჩევა ორიგინალური და ექსტრაორდინალური კოლექციებით, რაც განსაკუთრებით საინტერესოა კონცეპტუალური სივრცეებისთვის და დიზაინერული ნამუშევრებისთვის. „კარეს“ ადგილზე არსებული უახლესი კოლექციების გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ინდივიდუალურად შეუკვეთოს სასურველი ზომის და ფერის ნივთი გერმანიის საწყობიდან და უმოკლეს დროში მიიღოს.

„ნატერიალი“ გარე ავეჯის ფრანგული ბრენდია, რომელიც თანამედროვე, მრავალფეროვანი და კომფორტული ავეჯით გამოირჩევა. „ნატერიალის“ შოურუმი ბათუმში, ისევე როგორც თბილისში, გარე ავეჯის ყველაზე დიდი შოურუმით, 2025 წლის უახლესი კოლექციით და მარაგების რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, რაც ბათუმის ტიპის ტურისტული, საზღვაო ქალაქისათვის განსაკუთრებით თემატური კატეგორია და შესაფერისი პროდუქტია.

ბათუმის მომხმარებელს ICR HOME მუდმივად განახლებად კოლექციებთან ერთად ყველა იმ სერვისს შესთავაზებს, რითაც თბილისშია წარმოდგენილი ბაზარზე და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე.


ბათუმში ICR HOME გაიხსნა


ბათუმში ICR HOME გაიხსნა


ბათუმში ICR HOME გაიხსნა


ბათუმში ICR HOME გაიხსნა


ბათუმში ICR HOME გაიხსნა


ბათუმში ICR HOME გაიხსნა


ბათუმში ICR HOME გაიხსნა


ბათუმში ICR HOME გაიხსნა

კესარიას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

დღეს, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბექა ჯაიანი დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.

კესარია აბრამიძე 2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში, დიდ დიღომში, საკუთარ სახლში მოკლეს. ბრალდებულმა კესარია აბრამიძეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

____________

ფოტოზე: კესარია აბრამიძე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 936 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
  • ტანკი – 10 638 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 22 163 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 26 377 ერთეული [+87]
  • MLRS – 1 364 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 132 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 32 837 ერთეული [+146]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 44 472 ერთეული [+133]
  • სპეცტექნიკა – 3 804 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 51 866 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 846 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 536 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 667 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 127 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

თიბისი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მხარდამჭერია

თიბისის მხარდაჭერით, 2025 წლის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრების შესარჩევად ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება.

2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩევის ექსკლუზიური ავტორიზაცია მოიპოვა. ასევე, ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).

ოლიმპიადის სტრუქტურა და მიზანი:

  • ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად
  • ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ონლაინ 2025 წლის 27 აპრილს და იქნება ტესტური ფორმატის (multiple-choice)
  • ოლიმპიადის მეორე ტური და შემდგომი ნაბიჯები: პირველი ტურის შედეგების მიხედვით შეირჩევიან მეორე ტურში გადასული მოსწავლეები (არაუმეტეს 40). მეორე ტურში გადასვლის კრიტერიუმებს და სხვა დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ არაუგვიანეს 20 აპრილისა. მეორე ტურის შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები.
  • საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI 2025): შერჩეული ნაკრები 2025 წლის 2-9 აგვისტოს გაემგზავრება პეკინში (ჩინეთი)
    • IOAI 2025-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია (განრიგი, მიზნები, ფორმატი) იხილეთ აქ: https://shorturl.at/jlKjB

ვის შეუძლია მონაწილეობა?

  • ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
  • პირველ ტურში მონაწილეობისთვის მოსწავლე უნდა დარეგისტრირდეს აქ: https://www.aiassociation.ge/ai-olympiad-registration

რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება:

  • რეგისტრაციის დადასტურებას, პირველი ტურის ონლაინ პლატფორმაზე მოწვევას და ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის დასრულებიდან ოლიმპიადამდე არანაკლებ 3 დღით ადრე.
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 22 აპრილი.

დამატებითი რესურსები: GAIA-ს საოლიმპიადო ონლაინ კურსის ჩანაწერები ხელმისაწვდომია აქ: https://tinyurl.com/mw63uyre

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

„კანონები, რომლებიც ბოლოს შემოიღეს, ჩვენც აგენტებად გვაცხადებს“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან

„გაბრაზებული და გულნატკენი ვარ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხატია კირთაძე. ქართველი ემიგრანტი, რომელიც 16 წელია საბერძნეთში, ათენში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

ემიგრაციის მიუხედავად, ხატია არ წყვეტს სამშობლოსთან კავშირს და ცდილობს საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი უცხოეთიდანაც დაუჭიროს.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ხატია საარჩევნო უბნის კომისიის წევრიც გახდა და ხმის მიცემაც შეძლო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს დაუჭირა მხარი და მის უბანში გაიმარჯვა კიდეც ოპოზიციამ, მაინც გულდაწყვეტილია, რადგან  მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება მიიტაცა.

„ძალიან დიდი იყო ემიგრანტების აქტიურობა ბოლო არჩევნებზე. ხალხი კუნძულებიდან, პატარა ქალაქებიდან, სოფლებიდან მოდიოდა, ხმა რომ მიეცათ. ძალიან ბევრი თავს ვერ პოულობდა სიაში და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

დილის 8 საათიდან და საღამოს 9 საათამდე ვიყავით ხელჩართულ ომში, რადგან „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა მონოპოლია ყველაფერზე – ჯერ არ უშვებდნენ დამკვირვებლებს, მონიტორინგი საერთოდ არ ხდებოდა, მათ ხელში იყო ყველაფერი, ისინი განაგებდნენ, ვინ შემოვიდოდა უბანზე და ვინ არა, ვიდეო და ფოტო გადაღება საერთოდ აიკრძალა. ასეთ პირობებში მაინც შევძელით ხმის მიცემა, ხალხის აქტივობა მაღალი იყო და გაიმარჯვა ოპოზიციამ.

მაგრამ საქართველოს პროცესების გამო, ცხადია გაბრაზებული და გულნატკენი ვარ. მარტო მე კი არა – ყველა. ვგრძნობ ძალიან, ძალიან დიდ ბრაზს.

მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ სრულიად გაღიზიანებული, განერვიულებული, იმედგაცრუებული და ნაწყენი ვარ“, – გვეუბნება ხატია კირთაძე.

ხატია კირთაძე შვილთან ერთად ათენში.

მისი თქმით, ერთი დიდი ტკივილია ის, რომ შორიდან უყურებ, როგორ უჭირს შენს სამშობლოს და ვერ ეხმარები, „ვერ ვუერთდები ხალხს, აქციებზე ვერ მივდივარ, ვერ გამოვხატავ ბრაზს და გიგროვდება ეს წყენა, სქროლავ ფეისბუქს, ხან გაბრაზებული ხარ, ხან ტირი, რადგან შორს ხარ.

რამდენიმე აქცია გაიმართა ათენში და რა თქმა უნდა ვიყავი, თუმცა მაინც რთულია შორიდან ამ ყველაფრის ყურება.

ყველაფერს ვაკეთებდით ენთუზიაზმით და სულისკვეთებით – იქნებ ჩვენი სამშობლო, ახლა, ამ რთულ მომენტში გამოვიხსნათ. ისეთებიც იყვნენ, ვინც ვერ გაუძლო აქ ყოფნას და ჩამოვიდნენ საპროტესტო აქციებზე“, – გვიყვება ხატია.

მისი თქმით, თუ რეჟიმის დამარცხება ვერ მოხერხდება, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი.

„ეკონომიკა მიიღებს ძალიან დიდ ზიანს, რადგან ნებისმიერი ადამიანი რომ მივიდეს და ნახოს რა ხდება ბანკებში – დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე გზავნილები არ წყდება. ეს თანხები ხომ საქართველოში შემოდის და ჩვენი ეკონომიკა ამაზე დგას?

სამი თვით ვინც მოდის და მუშაობს, იმ ხალხისთვის იქნება ასევე ძალიან მძიმე, თუ გაგვიუქმეს ვიზალიბერალიზაცია. ეს ადამიანები ხომ საერთოდ ვეღარ შეძლებენ სამუშაოდ წამოსვლას ევროპაში.

თუ საერთაშორისო გადარიცხვის სისტემაც გაითიშება, დაბრუნდება ის ძველი დრო, როდესაც ამანათებში დებდნენ ფულს და ისე აგზავნიდნენ ოჯახებში და თვეობით აგვიანდებოდა ჩასვლა.

მარტო ხალხი კი არ იზარალებს, საბანკო სისტემაც იზარალებს. ჩემი აზრით, ეს მოიტანს კატასტროფულ შედეგებს.

ემიგრანტებში იმიტომ იყო მეტი აქტიურობა, რომ აქ უფრო მეტი თავისუფლებაა. არავის ეშინია საკუთარი აზრის გამო სამსახურის დაკარგვის, არ ეშინია, რომ დარჩება ლუკმა-პურის გარეშე, ამიტომ უფრო მეტად გამოხატავენ აზრს და არჩევნებზეც იგივე ხდებოდა, მოდიოდა ხალხი და უბანზევე გამოხატავდა ბრაზს. ამბობდნენ – „არ გვინდა ეს მთავრობა, ცუდად მოგვექცა“.

კობახიძემ ხომ საერთოდ საშინელება თქვა ემიგრანტებზე, რეალობას არიან მოკლებულიო. ჩვენ, რომლებიც ყოველ დღე ოჯახის წევრებთან ვართ კავშირზე, ველაპარაკებით, თუ ჩვენ არ ვიცით რა ხდება საქართველოში, აბა ვინ იცის. ერთი დღის ნამუშევარ თანხასაც კი საქართველოში გზავნიან, რანაირად შეიძლება ამ ხალხმა არ იცოდეს რა ხდება იქ. ყოველი დილა და საღამო საქართველოთი მთავრდება“, – ამბობს ხატია.

ხატია ოჯახთან ერთად ათენში

ხატია კირთაძე ათენში 2008 წელს წავიდა. იქ დაიბადა მისი შვილიც. თავად ძიძად მუშაობს, მეუღლე კი სამშენებლო კომპანიაშია დასაქმებული.

როგორც ამბობს, სამშობლოში თითქმის ყოველ ზაფხულს ჩამოდის, ასევე დიდ დღესასწაულებზე.

„თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ბმაც აღარ გვექნება ჩვენს ქვეყანასთან.

უვიზოს გამოა, რომ ადამიანებმა ოჯახის წევრები წლების შემდეგ აქ გაიცნეს, შვილიშვილები ჩამოიყვანეს. ასეირნებენ, ქალაქს აცნობენ. მოწყვეტილი ვიყავით ურთიერთობებს და სწორედ უვიზო მიმოსვლა დაგვეხმარა ამაში, რომ ოჯახის წევრები გაგვეცნო.

მე მაგალითად, როცა არ არსებობდა ვიზალიბერალიზაცია, ჩემი და ვნახე ათი წლის შემდეგ.

ჩემს შვილსაც ძალიან უყვარს საქართველო. აღდგომაზე აპირებს ჩამოსვლას და ძალიან გახარებულია“, – გვეუბნება ხატია.

მისი თქმით, რთულია პროპაგანდით გაბრუებული ადამიანები დააფიქრო ამ ყველაფერზე, რადგან მათთან კამათი, ხშირად აზრს მოკლებულია.

„ცხადია „ოცნებასაც“ ჰყავს თავისი, უაზრო პროპაგანდით გაჯერებული მხარდამჭერები. საერთოდ არ არსებობს მათთვის ლოგიკა, რადგან არ მესმის – თან „ოცნების“ მხარდამჭერი იყო და თან ევროპას სთხოვდე აქ მოქალაქეობას, ბინადრობას. ითხოვენ მოგვეცი ჯანდაცვის დაზღვევა, მოგვეცი ყველაფერი, მაგრამ თან „ჩვენ ევროპა არ გვინდა“. არ ვიცი საერთოდ რომელი კატეგორიის ადამიანებში შედის ეს ხალხი.

ამათი ლოგიკა ასეთია – საქართველო წაიღოს რუსეთმა, მთავარია ჩვენ აქ კარგად ვიყოთ, ჩვენ აქ ევროპამ მოგვცეს ყველაფერი – შვილებს განათლება, ჩვენ კარგი ხელფასები, ჯანდაცვა, პენსია – მართლა სიგიჟე მგონია ეს ყველაფერი.

26 ოქტომბერს რაც მე „ოცნების“ მხარდამჭერებს ვუყურე აქ, შიშმა შემიპყრო. რადგან ამ ხალხთან სამოქალაქო დაპირისპირების გარდა სხვა გზა არ არსებობს. არანაირი კრიტიკული აზროვნება არ აქვთ. აქვთ ფიქსირებული აზროვნება და იმის იქეთ არ შეუძლიათ გახედვა.

„ოპოზიცია გართმევს ეკლესიას“ და მსგავსი სიგიჟეები მესმოდა მათგან.

მაშინ როცა აქ ძალიან კარგად ხედავენ, რომ ევროპაში რწმენის უფლებაც დაცულია და ადამიანის სხვა უფლებებიც. რაღაც კატასტროფას ეჯახები მათი სახით.

სამწუხაროა ისიც, რომ ჩემი ოჯახის წევრებთან მაქვს უთანხმოება პოლიტიკურ საკითხებზე. ბევრ ნათესავთან ურთიერთობაც გავწყვიტე, რადგან არ მესმის მათი. გასაგებია, რომ ეშინიათ –  ზოგი მუშაობს, ზოგს სესხი აქვს და ამის გამო ხმის ამოღება არ უნდათ, მაგრამ მეც მაგას ვეუბნები ხოლმე, რომ სესხის და სამსახურის გამო არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალზე უარის თქმა. თუ დღეს შენ ამაზე თვალს დახუჭავ, ხვალ უარესში გადავარდები, რადგან ხვალ არც მაგ სესხის გადახდის საშუალება გექნება.

ან ის რუსული კანონები, რომლებიც ბოლოს შემოიღეს, ჩვენც აგენტებად გვაცხადებს ხომ? ის ხალხი, ვინც ადრე ჩამოვიდა აქ, პირველი ნაკადის ემიგრაცია, რამდენს უკვე მოქალაქეობაზე აქვს შეტანილი განაცხადი, მეც მივიღებ მალე უკვე საბერძნეთის მოქალაქეობას და რა, ამის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აგენტებად უნდა გამოგვაცხადოს? თუ მოუნდებათ, ამასაც გააკეთებენ ალბათ.

ამიტომ, თუ დღეს აი, ამ პატარა პირადი კეთილდღეობის გამო ამბობ უარს შენი და შვილების მომავალზე, ხვალ დაკარგავ უფრო მეტს“, – ამბობს ხატია კირთაძე.

მას იმედი აქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმი საბოლოოდ მაინც დამარცხება.

„რუსეთი დამარცხდება მხოლოდ ჩვენი ერთიანობით. სხვანაირად, არაფერი მოხდება. ხალხის ერთობით, ოპოზიციის გაერთიანებით და თანმიმდევრული ნაბიჯებით.

რაც უფრო კუთხეში მიიმწყვდიეს რეჟიმი, მით უფრო ბოროტი და საშიშები გახდნენ. მესმის, რომ ამ რეპრესიებმა, ჯარიმებმა გააჩინა შიშები, მაგრამ ეს შიშიც ერთიანობით უნდა დაიძლიოს.

რა შემიძლია ვუთხრა ხალხს, ვინც დღემდე დგას მხნედ ქუჩაში? – ისინი არიან ისტორია საქართველოსი და არ შეიძლება დიქტატურა არ დაემხოს. იმედი მაქვს, აუცილებლად გავალთ ფონს. გავიმარჯვებთ და საქართველო გახდება ევროპის ნაწილი, თავის ძველ ადგილს დაიკავებს ევროპულ ქვეყნებში. ვფიქრობ, საქართველო ამას იმსახურებს ამდენი ბრძოლის შემდეგ, ამის ნაწილი რომ ვიყოთ და დემოკრატიული და კარგი ქვეყანა რომ გვქონდეს, ამას ჩვენი ხალხი ნამდვილად იმსახურებს.

ჩვენი ადგილი არის ევროპაში და აქ უნდა ვიყოთ. და ის, რასაც წულუკიანი და „ოცნება“ აკეთებს, არის სახელმწიფოს მტრობა და მათი მცდელობების მიუხედავად, მაინც ვერ შეძლებენ ხალხის დემორალიზებას.

ჩვენ ასე ვიყავით ისტორიულად – ომში ვიყავით, ვიმარჯვებდით კიდეც, გვასწავლიდნენ, რომ გმირები გვყავდა, ამაზე გვზრდიდნენ და თუ ამ ყველაფერს ძირს გამოუთხრიან, კიდევ უფრო მეტად გაზრდიან ჩვენს ბრაზს“ – გვეუბნება ხატია კირთაძე.

საზღვაო აკადემია 1,3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის გამო

ბათუმში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესის ვიზიტია დაგეგმილი.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებების „უმაღლეს დონეზე ჩატარების“ მიზნით საკოფერენციო დარბაზისა და სამუშაო ოთახების რემონტს და აღჭურვას გეგმავს. საამისოდ საჭირო 1,3 მილიონი ლარის სამუშაოებს აკადემია ტენდერის გარეშე შეისყიდის.

„ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისთვის“ 1 366 281 ლარის სამუშაოების უტენდეროდ შესყიდვაზე თანხმობისთვის საზღვაო აკადემიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

„ვინაიდან ხსენებული ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია აკადემიისათვის ცნობილი გახდა 2025 წლის აპრილის თვეში, შესაბამისად ხანმოკლე პერიოდის გამო აკადემია ვერ მოახდენდა შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურის წინასწარ დაგეგმვას და განხორციელებას“ – წერს აკადემია განაცხადში.

IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, 2025 წლის 25 ივნისამდე საკონფერენციო [საჯარო ლექციის ჩატარების მიზნით], მეზღვაურთა საგამოცდო [ზეპირი და ტესტირების] სივრცის მოწყობაზე წერილით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აკადემიას 2025 წლის 10 აპრილს მიმართა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აკადემიას საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილიც გადაუგზავნა. ამ წერილში სამინისტრო სააგენტოს წერს, რომ „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩომ შეხვედრა გამართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის აპარატის უფროს დამიენ შევალიესთან, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით IMO-ს გენერალური მდივნის, ბატონი არსენიო დომინგესის საქართველოში [ქ. ბათუმში] ვიზიტის შესაძლებლობა 2025 წლის 29 ივნისი – 1 ივლისის პერიოდში. საუბარი შეეხო ვიზიტთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ საკითხებსაც. ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, ქართულ მხარეს ეთხოვა ვიზიტის პროგრამის მომზადება.“

აკადემიის განაცხადის მიხედვით:

  • „2025 წლის 25 ივნისს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების კიდევ უფრო მასშტაბურად აღნიშვნას გეგმას, ვინაიდან, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] გენერალური მდივანი არსენიო დომინგესი.
  • უნდა აღინიშნოს, რომ IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს საზღვაო სექტორის საერთაშორისო ინტეგრაციისა და საქართველოს, როგორც რეგიონული საზღვაო ჰაბის პოზიციონირებისთვის.
  • ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მეზღვაურებთან და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებთან. გენერალური მდივანი მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ ცერემონიაში, მეზღვაურთა პროფესიული ღვაწლის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებებსა და სხვადასხვა საზეიმო აქტივობაში. ასევე, უშუალოდ მისი მონაწილეობით, დაგეგმილია საჯარო ლექცია, სადაც სტუდენტებს, საზღვაო სფეროს სხვა დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა უშუალოდ მოუსმინონ მის ხედვას და გამოცდილებას საერთაშორისო საზღვაო პოლიტიკის და გლობალური საზღვაო გამოწვევების შესახებ. [ვიზიტი] გაამყარებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საზღვაო სფეროში.
  • აღნიშნული ღონისძიების, უმაღლეს დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებლად გასათვალისწინებელია ძირითადი შეხვედრებისათვის სამუშაო პირობების შექმნა. კერძოდ: საკონფერენციო დარბაზები, სამუშაო ოთახები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
  • აკადემია, მისი ადგილმდებარეობისა და არსებული ფართობების გათვალისწინებით, ამის შესაძლებლობას იძლევა. მაგრამ აუცილებელია სარემონტო და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება. რის შემდეგაც აკადემიის განახლებული ინფრასტრუქტურა გამოყენებული იქნება მომავალი და მოქმედ მეზღვაურთა შესაბამისი მომსახურების უზრუნველსაყოფად.“

საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, „მეზღვაურის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] დიპლომატიურმა კონფერენციამ 2010 წელს 25 ივნისი მეზღვაურის დღედ გამოაცხადა. საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, ჩართულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სოციალურ კამპანიებში და 2011 წლიდან, ბათუმში, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს მეზღვაურთა დღეს.

ასევე მნიშვნელოვანია მეზღვაურთა წვლილი ქვეყნის, რეგიონის ეკონომიკაში. მეზღვაური არის ლეგალურად დასაქმებული ქართველი, საზღვარგარეთ, პრესტიჟულ, საპასუხისმგებლო და მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. წელიწადში, ქართულ ეკონომიკაში მეზღვაურებს საშუალოდ 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვალუტა შემოაქვთ“.

ლიეტუვამ დაასანქცირა მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებაში მონაწილე 11 პოლიციელი

ლიეტუვამ დაასანქცირა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილე 11 პოლიციელი. მათ შორის არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

სანქცირებულნი არიან მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილე პოლიციელები, მათ შორის ისინი, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონო დაკავებას. სიაში არიან:

  1. გრიგოლ ბესელია
  2. ირაკლი დგებუაძე
  3. დავით ათაბეგაშვილი
  4. გოჩა ვანაძე
  5. ნოდარ ზენაიშვილი
  6. ბერდია ფერაძე
  7. გიორგი ბჟალავა
  8. ვახტანგ ბოლქვაძე
  9. დავით ანთაძე
  10. არჩილ ანთაძე
  11. ცოტნე ქართველიშვილი

ასევე, სანქცირებულ პირთა სიაში არიან მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტი მოსამართლეები: ნინო სახელაშვილი [ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე], მალხაზ ოქროპირაშვილი [ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე] და მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები: თორნიკე გოგეშვილი და ვლადიმერ თურმანიძე.

ლიეტუვას არასასურველ პირთა სიაში საქართველოს 102 მოქალაქე ჰყავს შეყვანილი. სიაში შეყვანილ პირებს ლიეტუვაში შესვლა 2029-30 წლებამდე ეკრძალებათ.

ამავე თემაზე: 

ცნობილია, ლიეტუვის მიერ სანქცირებული 102 პირის სია

 

ავტომანქანა მოპედს დაეჯახა – ავარია ბათუმში

დღეს, 15 აპრილს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ავარია მოხდა, ერთმანეთს ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა.

თვითმხილველის თქმით, დაშავდა მოპედის მძღოლი.

ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

ავარია გორგილაძის ქუჩაზე.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.

Exit mobile version