„ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება“ – ნანუკა ჟორჟოლიანის წერილი ციხიდან

ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამ გუგეჩაძე ნანუკა ჟორჟოლიანის ციხეში დაწერილ წერილს ავრცელებს.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილს.

„2018 წელს, მე და მარიამი ინდოეთში ვიყავით, კლინიკური დეპრესია მქონდა, მარიამი გამომყვა.

მეგობრებმა გვირჩიეს აიურვედას პანსიონი. ინდოელების მკურნალობის ფილოსოფია დგას ასკეტურ ცხოვრებაზე და პაციენტის მაქსიმალურად გაყვანაზე კომფორტის ზონიდან.

გართმევენ ყველაფერს: ტელეფონს, კავშირს გარესამყაროსთან.

ჩვენი მასპინძლები და ჩემი ექიმები მარწმუნებდნენ, თუ ადამიანი კომფორტის ზონიდან არ გავა, ვერც საკუთარ თავს იპოვის და მით უფრო, ვერც სიმშვიდესო.

მე არ ვიცი, რა ჩანაფიქრი ჰქონდა მოსამართლე (რადგან მონის დაძახება კანონით აგვიკრძალეს, სახელით მივმართავ) დავით მაკარაძეს, მისი მიზანი ჩემი დათრგუნვა უფრო იყო, ვიდრე ის რა შედეგიც მიიღო, მაგრამ არაფერს დავუახლოებივარ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეებთან ისე, როგორც ამ სივრცემ და გარემომ დამაახლოვა. ბატონო დავით, არ გამოგივიდათ! მე ძალიან კარგად ვარ, იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენ ჩემთან ეს რაუნდი წააგეთ.

არაფერი ჩემს თავს ისეთი არ ხდება, რაც ყველა ჩვენს თანამებრძოლს უკვე არ გაუვლია. 19, 20, 21 წლის ახალგაზრდები ციხის მეორე და მესამე წრეზე მიდიან.

სიმართლე გითხრათ? ის შეგრძნება უფრო მტანჯავდა, რომელიც აქამდე მქონდა – ხელშეუხებლობის, ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.

ქოცებო, სასტიკად ბანძები ხართ, მაგრამ ამჯერად მადლობა, რომ უხერხულობის შეგრძნება აღარ მაქვს.

რა დამანახა ამ დღეებმა?

სისტემაში ყველა ერთნაირი არაა. მოსამართლე და ბრალის წარმდგენი პოლიციელები კი ასრულებენ ყველაფერს ზედმიწევნით, სამაგიეროდ, ადამიანები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები, ადამიანები დამხვდნენ მცხეთის იზოლატორში და სწორია, რომ ამას ვხედავდეთ და ვეუბნებოდეთ.

ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება. სინამდვილეში, ძალიან მოწყენილი ვიყავი და ოდნავ პასიურიც, გილოცავთ ქოცებო, თქვენ მოიგეთ დასვენებული ნანუკა, ახალი ენერგიით!

ჩემთვის პატივია, რომ სწორედ იმ დროს დამაკავეს, როცა სტუდენტი გოგოები ლექციებიდან გამოიყვანეს და ბორკილები დაადეს.

ჩემთვის პატივია, რომ მათ საქართველოს და მათ ბრძოლის ველს წარმოვადგენ.

ამ კედლებშიც შემოაღწია თქვენმა სოლიდარობამ და სიყვარულმა და უახლოეს მომავალში თუ რამე, კარგის გაკეთებას მოვახერხებ, მხოლოდ თქვენი სიყვარულის დამსახურება იქნება.

ჩემი ლექტორი, ნოდარ ტაბიძე ამბობდა, პატიმრების მდგომარეობას პატიმრებზე უკეთ ვერავინ გაიგებსო. ამიტომაც, განსაკუთრებული მადლობა მზია ამაღლობელს სიმტკიცისთვის, ელენეს, სინდისის ყველა პატიმარს, 4 ოქტომბრის პატიმრებს, ყველა პოლიტიკოსს რომელიც დაკავებულია და მადლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს!

თქვენი ნანუკა,
მცხეთის იზოლატორი,
საკანი N4
მარიამ, საბა, ძალიან მიყვარხართ!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაშია საპროტესტო აქციისას ტროტუარზე დგომის გამო.

გადაწყვეტილება 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ მიიღო.

ამავე თემაზე:

ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

25 მაისს ბათუმში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა დაიწყება.

რეჟისორის 8 ფილმის რეტროსპექტივა „კავეა გრანდ მოლში“ საქართველოს კინოინსტიტუტისა და 3003 Film Production-ის ხელშეწყობით გაიმართება.

25 მაისიდან „კავეა გრანდ მოლში” ჩვენებები გაიმართება ყოველ ორშაბათს და სამშაბათს, 16:00 საათზე.

რეტროსპექტივის აფიშა კი ასე გამოიყურება:

  • 25 მაისი – „ფერისცვალება“
  • 26 მაისი – „დღეს ღამე უთენებია“
  • 1 ივნისი – „როცა აყვავდა ნუში“
  • 2 ივნისი – „ორომტრიალი“
  • 8 ივნისი – „ერთი ცის ქვეშ“
  • 9 ივნისი – „მე ვხედავ მზეს“
  • 15 ივნისი – „ვალსი პეჩორაზე“
  • 16 ივნისი – „დედა და შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ 

ფილმებზე დასწრება უფასოა.

მისამართი: „კავეა გრანდ მოლი“, შერიფ ხიმშიაშვილის 29.

რკინიგზით ყველაზე მეტი ტვირთი რუსეთიდან შემოვიდა, გატანით კი ყაზახეთში გავიდა – სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03 პროცენტით ნაკლები, სულ 3 მილიონი ტონა ტვირთი.

აღნიშნული მოცულობის 8.6 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე [არ მოიცავს ტრანზიტს], ხოლო 56.7 პროცენტი – ტრანზიტზე.

საქსტატის მონაცემებით:

2026 წლის I კვარტალში საქართველოში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.6 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 20.8 პროცენტის გამომგზავნს – აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო.

ამავე პერიოდში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 9.8 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 8.9 პროცენტისას – სომხეთი, 8.6 პროცენტისას – რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო.

ამასთან, 2026 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო:

7.6 პროცენტი – ჩინეთი, 7.5 პროცენტი – თურქეთი, 4.4 პროცენტი – ნიდერლანდები, 2.8 პროცენტი – უკრაინა, 1.4 პროცენტი – იტალია, 1.0 პროცენტი – რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 5.3 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.0 პროცენტისას – თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

წყარო: საქსტატი

საქსტატის მონაცემებით 2026 წლის პირველ კვარტალში რკინიგზის საშუალებით:

ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (52.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (12.9 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (10.5 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (6.9 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (3.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3.7 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (3.6 პროცენტი);

ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (38.5 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.7 პროცენტი), ძირითადი ლითონები (12.7 პროცენტი) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.6 პროცენტი).

„მარიუპოლმა და აზოვსტალმა მასწავლა – სიკვდილი ყველაზე საშინელი რამ არ არის“ – ვოლინა

უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მცველი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, სერგეი ვოლინა ფეისბუქზე წერს, რომ არავის აქვს უფლება დაივიწყოს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად იდგა მარიუპოლისა და უკრაინისთვის.

ვოლინა ეხმიანება მარიუპოლის დაცემის 4 წლისთავს – 2022 წლის მაისში მარიუპოლის უკანასკნელმა მცველებმა, რომლებიც ალყაში იმყოფებოდნენ, უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანების საფუძველზე დატოვეს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია და რუსულ არმიას ჩაბარდნენ ტყვედ. აზოვსტალის მცველების ნაწილი ახლაც ტყვეობაშია, ნაწილი – გაათავისუფლეს შეთანხმების საფუძველზე. გათავისუფლებულებს შორისაა სერგეი ვოლინაც. 

„მე ვარ უკანასკნელი უკრაინელი საზღვაო ქვეითი, რომელმაც „აზოვსტალის“ ქარხანა დატოვა.

როგორც მეთაური, მე ჩემს ძმებს უკან მივყვებოდი და რიგს ვკეტავდი.

ყველამ, ვინც 2022 წელს მარიუპოლში იმყოფებოდა, საკუთარი თვალით ნახა ჯოჯოხეთი. იქ სიკვდილის, ბეტონის და სისხლის სუნი იდგა.

ჩვენ ვძლებდით არა იმიტომ, რომ შიში არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ დაცემის უფლება არ გვქონდა.

ტყვედ ჩავბარდით უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანებით.

რას ვგრძნობდი მაშინ?

სინანულს, რომ ვერ დავიცავით მარიუპოლი მტრისგან.

დანაშაულის გრძნობას, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს ჩვენი ძმების დედებისა და შვილების წინაშე, რომლებიც ხელში იარაღით დაიღუპნენ და მათ წინაშე, ვისი ცხედრებიც ჯერ კიდევ ქალაქის ნანგრევების ქვეშ დევს.

მეთაურის შიშს, ხალხი ტყვეობაში, გაურკვევლობაში წაიყვანოს, როდესაც „ოთხი თვე“ ჟღერდა როგორც მარადისობა, რომელიც შეიძლება არ დასრულდეს…

მახსოვს ჩემი თანამებრძოლების თვალები, როცა აზოვსტალს ვტოვებდით.

მათ კითხვები არ ჰქონდათ.

მხოლოდ დუმილი, ნებისმიერ სიტყვაზე მძიმე.

ყველაზე საშინელი ის არის, რომ ეს შიშები რეალობად იქცა.

ჩემი თანამებრძოლები უკვე 4 წელია ტყვეობაში არიან – ნამდვილ ჯოჯოხეთში… უკვე 4 წელია.

მარიუპოლმა და „აზოვსტალმა“ მთავარი მასწავლეს:

სიკვდილი ყველაზე საშინელი არ არის.

ყველაზე საშინელი მიტოვებაა.

არავის აქვს უფლება დაივიწყოს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად იდგა მარიუპოლისა და უკრაინისთვის.

თავისუფლება მარიუპოლის გარნიზონს!“ – წერს ვოლინა.

  • რა ხდება?

მას შემდეგ, რაც რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავა თითქმის მთელი მარიუპოლი, „აზოვსტალი“ რჩებოდა ერთადერთ გამაგრებულ ტერიტორიად ალყაშემორტყმულ ქალაქში, რომლის აღებაც რუსეთის არმიამ კვირების განმავლობაში ვერ შეძლო. „აზოვსტალში“ გამაგრებულნი იყვნენ აზოვის პოლკი, მესაზღვრეები, პოლიცია, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა.

საბოლოოდ, „აზოვსტალის“ წინააღმდეგობა 16 მაისიდან შეწყდა. 20 მაისს უკრაინელი სამხედროების ბოლო ჯგუფი ჩაბარდა და ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.

რუსეთი ტყვედ აყვანილი სამხედროების, მათ შორის, „აზოვის“ მეთაურების საჩვენებელ გასამართლებას გეგმავდა და სახელმწიფო პროპაგანდაც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა.

 

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

ახალი ვიზუალური იდენტობა, გამარტივებული პირობები და გაზრდილი სარგებელი – თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათის მომხმარებლებისთვის სურვილების ასრულება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა.

გართობა, კინოსა თუ კონცერტის ბილეთები, ტანსაცმელი, მოგზაურობა, ტექნიკა – ერთგული საკრედიტო ბარათით სურვილები აღარ არის შორეული, რადგან ის გაძლევს შესაძლებლობას, შენთვის სასურველი ხარჯები გაწიო მაშინ, როცა გჭირდება და აღარ დაელოდო დროს, როცა შესაბამისი ფინანსები გამოგიჩნდება.

საკრედიტო ბარათი არის ყოველდღიური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი გამოიყენო იმ მომენტში, როცა გჭირდება და არ თქვა უარი სურვილებსა და საჭიროებებზე. გარდა ამისა, თუ ლიმიტს საშეღავათო პერიოდში დაფარავ, დამატებითი პროცენტი აღარ დაგერიცხება. რაც ნიშნავს, რომ სურვილების ასრულება შესაძლებელია დამატებითი ფინანსური ტვირთის გარეშე. ამ პრინციპზეა აგებული თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათიც – ახლა უფრო მარტივი წესებით, მკაფიო ვადებით და გაუმჯობესებული პირობებით, რათა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, როგორ მართავს საკუთარ ხარჯებს და ამავდროულად მაქსიმალურად ისარგებლოს ქეშბექითა და სხვა სარგებლით.

პროდუქტის მთავარი სიახლეები:

  • განახლდა ვიზუალი;
  • ბარათის აღება უფასოა და აღარ გჭირდება წლიური მომსახურების საკომისიოს გადახდა;
  • დარჩა მხოლოდ 2 კატეგორიის ერთგული საკრედიტო ბარათი: Ertguli Visa და Ertguli Visa Platinum კონცეპტ სეგმენტის მომხმარებლებისთვის;
  • Ertguli Visa Platinum-ის მომხმარებლებს ექნებათ წვდომა აეროპორტის ლაუნჯებსა და Fast Track-ზე (უსაფრთხოების კონტროლის სწრაფი გავლა);
  • გაიზარდა საკრედიტო ლიმიტი – 30,000 ლარამდე;
  • გაიზარდა სტანდარტული ქეშბექი: Mass ბარათზე 1%, ხოლო Concept ბარათზე 2% (საქართველოში არსებულ ნებისმიერ POS ტერმინალზე გადახდისას);
  • ადრე მოქმედი ორი განსხვავებული პროცენტის ნაცვლად, ახლა მოქმედებს ერთი ტიპის განაკვეთი;
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 0%-დან.

მათ, ვინც უკვე სარგებლობს ერთგული საკრედიტო ბარათებით, ჩვეულებრივ გააგრძელებენ სარგებლობას პირობებით, რომელიც ბარათის აღებისას ჰქონდათ, თუმცა ახალი მომხმარებლები ისარგებლებენ მხოლოდ განახლებული ბარათებითა და პირობებით.

ერთგული საკრედიტო ბარათის დამტკიცება და აღება სულ რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშე, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი.

„სურვილები ახლოვდება“- ეს არის კამპანია ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ გადახდებში მეტ სარგებელს ეძებენ და სურთ, ფინანსური გადაწყვეტილებები მათ სურვილებს უფრო აახლოებდეს.

ერთგული საკრედიტო ბარათის რებრენდინგით თიბისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მომხმარებელზე ორიენტირებულობას- მათი საჭიროებების უკეთ გააზრებას და ყოველდღიურობის გამარტივებას. კომპანია ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას და მომხმარებლებს მომავალშიც ბევრ სიახლეს ჰპირდება.

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა.

„სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზ-პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს „როიალ ფიშ ბათუმი“ (მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ N18) არაგეგმურად შეამოწმეს.

აღმოჩენილია 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.

ამავდროულად, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე“ – იუწყება სააგენტო.

უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ვადაგასული სურსათი კი შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა.

___________

ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

უფასო იქნება თუ არა ქობულეთში საზოგადოებრივი საპირფარეშოები – ტენდერი 180 ათასი ლარით

ქობულეთის მერია საზოგადოებრივი საპირფარეშოების რეაბილიტაციას გეგმავს. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მუნიციპალიტეტმა 180 ათასი ლარით გამოაცხადა.

გარემონტებული საპირფარეშოებით სარგებლობა ფასიანი იქნება თუ უფასო? – ამ კითხვაზე ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ გვითხრეს, რომ „მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე დიდი ალბათობით უფასო იქნება. შემდეგ, განვიხილავთ და შესაძლოა საპირფარეშოების იჯარით გაცემაზე მივიღოთ გადაწყვეტილება“.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ქობულეთსა და ჩაქვში შემდეგ მისამართებზე არსებულ საპირფარეშოებს:

  • ქობულეთში, ფიჭვნარის შემოსასვლელში
  • აღმაშენებლის 520-ის მოპირდაპირედ
  • ძველი საავადმყოფოს მიმდებარედ
  • აღმაშენებლის 644-ის მოპირდაპირედ
  • აღმაშენებლის 325-ის მიმდებარედ
  • დაბა ჩაქვის პარკში
  • ახალ ბულვარში
  • აღმაშენებლის 580-ის მოპირდაპირედ

ტენდერს თან ახლავს სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობები.

წინადადებების მიღება კი 2026 წლის 26 მაისს დაიწყება და 29 მაისს დასრულდება.

პირობის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან 40 დღეში უნდა დასრულდეს.

 

ბათუმში 26 მაისს „ურსა“ და მორის მელაძე იმღერებენ – ჰონორარში 27 801 ლარი დაიხარჯება

ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში კონცერტის ორგანიზებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი „ურსა“ და მორის მელაძე მიიღებს.

მომსახურების შესყიდვას კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით გეგმავს და ჰონორარში 27 ათას 801 ლარს გადაიხდის.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებელი მორის მელაძე და მოწვეული ჯგუფი „ურსა“.

აღნიშნული შემსრულებლები შერჩეულ იქნენ „ქალაქისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების მიზნით შექმნილი“ სამუშაო ჯგუფის მიერ, მათი შემოქმედებითი გამოცდილების, ღონისძიების კონცეფციასთან შესაბამისობისა და ქალაქში არსებული მაღალი პოპულარობის გათვალისწინებით.

შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა მომწოდებელთან ურთიერთშეთანხმებით,“ – წერს ბათუმის კულტურის ცენტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით დაგეგმილი კონცერტის მონაწილეებზე ჰონორარის თანხა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ჯგუფი „ურსა“ [წევრები: გიორგი ძოწენიძე, გიორგი გრიგალაშვილი, ლევან ფერაძე, კობა შენგელია, შოთა ქვარცხავა. არანაკლებ 60 წუთიანი კონცერტის ორგანიზება – ჯამში 25 250 ლარი.
  • მორის მელაძე – 2 551 ლარი.

2026 წლის 26 მაისს ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

 

მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლებში, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება.

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა. ბოლო ზარი.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლისთვის, საქართველოს საჯარო სკოლებში 38 693 მე-12 კლასელია რეგისტრირებული. თუმცა, რამდენი ამთავრებს აქედან სკოლას უცნობია, რადგან განათლების სამინისტროს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანა დატოვა სასკოლო ასაკის 3 669 ბავშვმა. რამდენია აქედან მე-12 კლასელი, უცნობია.

ბოლო ზარი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე წელს 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მომავალ 2027 წელს, სკოლას ერთდროულად დაასრულებენ, როგორც მე-12, ასევე მე-11 კლასელები, რადგან „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლებში მე-12 კლასი უქმდება და სწავლა 11-წლიანი ხდება.

ბოლო ზარი ბათუმში.
ბოლო ზარი ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში.
ბოლო ზარი/ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
ბოლო ზარი ბათუმში.

ბოლო ზარი დღეს კერძო სკოლის მოსწავლეებისთვისაც დაირეკება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, საქართველოს კერძო სკოლებში 4 160 მე-12 კლასელი სწავლობს.

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დაკაავეს

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 20 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული თურქეთის მოქალაქე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

პროკურატურის მიტოვებული შენობა ბათუმში – ივანიშვილის დაფუძნებულ „ქართუს“ საკუთრება

ბათუმში გრიბოედოვის #2-ში, ბანკ „ქართუს“ გაგრძელებაზე მდებარე სამსართულიანი შენობა, სადაც წლების განმავლობაში პროკურატურა იყო განთავსებული დაკეტილი და მიტოვებულია.

სამსართულიანი შენობა საინტერესო ფასადით ბათუმის ისტორიული განაშენიანების ნაწილი არ არის, უფრო საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშია, თუმცა ძეგლის დაცვის არეალშია. ამ შენობასთან ახლოსაა ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

საზღვაო აკადემიის გვერდით ბანკ „ქართუს“ შენობაა, ბანკის გვერდით პროკურატურის ყოფილი შენობა კი 2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა კომპანია „სი ვიუ რესორთიმ“, რომლის 20 პროცენტიც კომპანია „რეფერტონ ეს“ – ს ეკუთვნის, რომელიც მაშინ სეიშელის კუნძულებზე იყო დაფუძნებული, 80 პროცენტი კი ესტონეთში დაფუძნებულ საზოგადოება „კომესკა ინვესტს“ ეკუთვნოდა.

ამიტომაც, შენობის გასხვისების დღიდან, დოკუმენტებით რთული იყო იმის დადასტურება, რომ შენობა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ იყიდა.

ასევე უცნობია ქონების გასხვისების დეტალები და ფასი.

2017 წლის მაისში შპს „სი ვიუ რესორთის“ 20 პროცენტი, რომელიც მანამდე სეიშელის კუნძულებზე იყო დარეგისტრირებული კომპანიის საკუთრება იყო, დავით ზუბიტაშვილის საკუთრებად ფიქსირდება. ზუბიტაშვილი „სოკარის“ ერთ-ერთი ყოფილი დირექტორია.

შემდეგ წლებში შპს „სი ვიუ რესორთის“ დირექტორად ფიქსირდებოდა ასევე ივანე ბონდარევი, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირი. 

კომპანიის წილების ოფშორულ კომპანიებზე რამდენჯერმე გადაფორმების შემდეგ „სი ვიუ რესორთი“ საბოლოოდ ფონდ „ქართუს“ საკუთრებად დაარეგისტრირეს – ეს ფონდი ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია. ეს ფონდი სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაშია, რომლის აქციების 100 პროცენტის მესაკუთრე – რეესტრის ბოლო ამონაწერით – უტა ივანიშვილია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „სი ვიუ რესორთის“ საკუთრებაშია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩის #2-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, სულ 792 კვ.მეტრი და  პროკურატურის ყოფილი შენობა, რომლის ფართობიც 911.35 კვ.მეტრია. ამ შენობის მისამართია ასევე რუსთაველის 55, თუმცა რეესტრის ამონაწერებში გრიბოედოვის ქუჩის #2-იც ფიქსირდება.

ამ შენობის გაგრძელებაზე ბანკი „ქართუ“ ფლობს შენობას 430 კვადრატული მეტრი ფართობით. ორივე შენობა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ის ბათუმის ბულვარის გასწვრივ, ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს, ახლოს არის ბათუმის ცენტრალური პარკიც.

რას უპირებს კომპანია შენობას ამ კითხვით კომპანიის დირექტორთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა გელა კობერიძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

რუკაზე წითელი ფერით მონიშნულია პროკურატურის ყოფილი შენობა, ხოლო მწვანე ფერით – ბანკ „ქართუს“ შენობა

დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება.

დღეს, 20 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტში იმსჯელეს  დავით გაბაიძისათვის, უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე.

მიზეზად დეპუტატის მანდატთან შეუთავსებელ თანამდებობაზე წარდგენაა.

მიმდინარე წლის 30 მარტს, როდესაც დავით გაბაიძე თანამდებობიდან გადადგა, მან შეინარჩუნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატი.

„მომიწევს გაჩერება უმაღლეს საბჭოში“ – ასე უპასუხა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადამდგარმა დავით გაბაიძემ ჟურნალისტების კითხვას, შეინარჩუნებდა თუ არა დეპუტატის მანდატს. თუმცა იქვე დააყოლა, რომ შესაძლებელი იყო მოგვიანებით დეპუტატის მანდატიც დაეტოვებინა.

გადადგომისას დავით გაბაიძეს არ დაუკონკრეტებია სად გააგრძელებდა მუშაობას.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ 15 მაისს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომდავით გაბაიძე  სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე  წარადგინა.

სს „აჭარის წყლის ალიანსი“ მუნიციპალიტეტების და აჭარის მთავრობის მფლობელობაშია.

“აჭარის წყლის ალიანსის” აქციონერთა 30 აპრილის საერთო კრების ოქმის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი განისაზღვრა 14 ათასი ლარით.

ამავე თემაზე:

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 352 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 943 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 586 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 42 400 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 795 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 388 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 301 072 ერთეული [+1 873]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 432 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 97 868 ერთეული [+268]
  • სპეცტექნიკა – 4 206 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 632 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთი ბელარუსის მონაწილეობით ბირთვულ წვრთნებს ატარებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

 

YouTube video player

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კავშირშია აბორტი დემოგრაფიის პრობლემასთან? – ინტერვიუ

„ეს საკითხები გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის, რადგან რეალურ პრობლემებზე არ მიდის მსჯელობა. პირდაპირ საუბრობენ აბორტის აკრძალვაზე, თითქოს ეს არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა.

სინამდვილეში, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ამჟამინდელი ციფრები კარგად აჩვენებს, რომ არაფერ კავშირში არ არის აბორტის აკრძალვა დემოგრაფიის პრობლემის მოგვარებასთან,“ – ამბობს უფლებადამცველი იდა ბახტურიძე, მას „ოცნების“ მიერ დაანონსებულ აბორტის შესაძლო გამკაცრებაზე ვესაუბრეთ.

ის, რომ ქვეყანაში შობადობა მკვეთრად შემცირებულია, „ოცნების“ მთავრობა ამას ნაწილობრივ აბორტის გაკეთების შესაძლებლობას უკავშირებს. სპეციალისტები კი განმარტავენ, რომ აბორტის აკრძალვა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„ბათუმელებმა“ უფლებადამცველ იდა ბახტურიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო იდა, აბორტის საკითხის კიდევ ერთხელ გააქტიურების შემდეგ ფეისბუქგვერდზე წერდით, რომ დემოგრაფიული კრიზისი გადაჭრა ვისაც სურს, ის ჯერ კითხვებს დასვამს, მაგალითად, რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ადამიანებს როგორ ეკონომიკურ, სოციალურ და საცხოვრებელ პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ არ ჰყავთ შვილი, ან ერთზე მეტი შვილი. გვითხარით თქვენი პოზიცია: რატომ არ არის დემოგრაფიული კრიზისის დაძლევის გზა აბორტის აკრძალვა?

შობადობის მაჩვენებელი საქართველოში მართლაც დაკლებულია. ამ დროს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ დემოგრაფიული კრიზისის წინაშე არ დადგეს ქვეყანა. ამაზე ეკლესიას ასევე თავისი წუხილები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც წესი, ამ თემასთან დაკავშირებით არის ის, რომ ტყუილს ავრცელებენ – პრობლემის რეალური გადაჭრის გზების ნაცვლად.

ეს საკითხები გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის, რადგან რეალურ პრობლემებზე არ მიდის მსჯელობა. პირდაპირ საუბრობენ აბორტის აკრძალვაზე, თითქოს ეს არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა. სინამდვილეში, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ამჟამინდელი ციფრები კარგად აჩვენებს, რომ არაფერ კავშირში არ არის აბორტის აკრძალვა დემოგრაფიის პრობლემის მოგვარებასთან.

  • ირაკლი კობახიძემ აღნიშნა დღეს, რომ შემცირებულია აბორტის მაჩვენებელი 30 %-ით 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

დიახ, ასეა. აბორტების მაღალი სტატისტიკა როცა გვქონდა, მაშინ იყო შობადობა მაღალი.

აბორტების აკრძალვა, როგორც წესი, იწვევს იმას, რომ აბორტები ინაცვლებს სხვა სივრცეში და უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ასეთ ადგილებში გაკეთებული აბორტი ყოველგვარი რეგულაციის და კლინიკური სივრცის გარეშე, ან საერთოდ კლინიკების გარეშე, იწვევს სხვა დამატებით პრობლემებს, მათ შორის, ქალების სიკვდილიანობის რიცხვი იზრდება, ასევე, ბავშვების და ახალშობილების სიკვდილიანობა იზრდება.

ამიტომაც არის ეს განაცხადი პოპულისტური: ყველამ კარგად იცის, რომ აბორტის აკრძალვა გამოსავალი არ არის. ამით ვერც აბორტების რიცხვს შეცვლიან და ვერც შობადობას გაზრდიან. კაცობრიობის ინსტინქტია ის, რომ გამრავლდეს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მინიმალური სოციალური პირობები არსებობს, დემოგრაფიული პრობლემა არ ჩნდება, ან თუ არსებობს, პროგრამების შეთავაზებით იწყებენ ამ პრობლემის მოგვარებას.

ჩვენთან ჩაატარა ვინმემ კვლევა: რატომ არ უნდათ შვილის გაჩენა? რატომ არ აჩენენ ერთზე მეტ შვილს?

  • მაგალითად, დედა იძულებულია მშობიარობიდან 4 თვის შემდეგ სამსახურს დაუბრუნდეს. ვისთან ტოვებს ამ დროს პატარას? 

დიახ, ეს არის, მაგალითად, დეკრეტული პოლიტიკის აბსურდული სისტემა. ქალი იძულებული ხდება გამოვიდეს სამსახურში იმიტომ, რომ სახელმწიფო მხოლოდ 2000 ლარს უხდის, ამ დროს, პირიქით, ახალნამშობიარებ ქალს გაზრდილი საჭიროებები აქვს, მინიმუმ ერთი ადამიანი ჰყავს დამატებით სარჩენი და სამსახურში თუ არ გავიდა, ის ხელფასიც აღარ ექნება ყოველთვიურად, რასაც იღებს. ამის ვალდებულება კერძო სექტორში არა აქვთ.

ასეთ საკითხებს არ აგვარებს ხელისუფლება, არ აგვარებ იმას, რომ, მაგალითად, არ გაქვს ბაღების სისტემა ისე გამართული, რომ თუკი საჭიროება მოითხოვს, დედას ჰქონდეს შესაძლებლობა, ბაღში დატოვოს ბავშვი ადრეულ ასაკში.

  • არამხოლოდ ჩვილი, 3 წლის ასაკშიც ხშირად ვერ მიჰყავთ ბავშვი საჯარო ბაღში, მაგალითად, ბათუმში, რადგან აქ საკმარისი ადგილი არ არის, კერძო ბაღი კი, თვეში მინიმუმ 500 ლარია. 

ეს პრობლემაც არსებობს. ასევე ზოგ სოფლებში საერთოდ არაა ხელმისაწვდომი ბაღი: ასაკობრივი შეზღუდვაა, ან გეოგრაფიულად არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და ტრანსპორტირება პრობლემაა.

ქვეყანაში მშიერია ყოველი მესამე ბავშვი და ამ პირობებში ითხოვ, რომ კიდევ გაჩნდნენ ბავშვები შიმშილისთვის – აი, ეს  არის საკითხები, რომლითაც წესიერი სახელმწიფო დაინტერესდებოდა, თუ ეს არ არის პოპულისტური განაცხადი და ნამდვილად სურთ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება.

ქალთა უფლებადამცველებსაც გვინდა აბორტების რიცხვის შემცირება, მაგრამ არა აბორტის აკრძალვის გზით. აბორტი უნდა იყოს დაშვებული კონკრეტული შემთხვევისთვის.

  • რა ტიპის პრობლემაა აბორტი?

არსებობს უფრო უკეთესი და ნაკლებად პრობლემური გზები კონტრაცეფციის.

ისეთ ქვეყნებში, სადაც სექსუალური განათლება და თავდაცვის საშუალებებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია, აბორტი არ არის პირველადი კონტრაცეფციის საშუალება. აბორტი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად აქვთ ადამიანებს კონტრაცეპტივების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა – როგორ არ მივიდეს ორსულობამდე საქმე?

თუკი თავიდანვე ქალს გადაწყვეტილი აქვს, რომ ბავშვს არ აჩენს, ორსულობა რატომ უნდა დააყენოს? იქ ორგანიზმი იცვლება, ჰორმონალური ცვლილებებია და ეს, რა თქმა უნდა, არაა სასურველი. ორსულობის შეწყვეტით თავად ქალის ორგანიზმი ბევრ ჰორმონალურ რყევას განიცდის.

ამიტომაც, ჯობია, რომ იმის პრევენცია გააკეთო, ორსულობა არ დადგეს – ეს საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, მინიმუმ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ამაზე.

მეორეს მხრივ, დაზღვევა არ აფინანსებს კონტრაცეპტივებს, განსაკუთრებულად სოციალურად დაუცველ ქალებს ამის შეძენის შესაძლებლობები არ აქვთ. ასევე, სკოლებში არ არის სექსუალური განათლება, ვიცით, რა სახის დისკუსიები არსებობს ამ თემაზე საზოგადოებაში. ამ დროს ეკლესია წლებია ჩართულია, რომ არ დაინერგოს სკოლებში სქესობრივი განათლების პრაქტიკა. ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, მათ შორის, არასასურველი ორსულობის შესახებ.

  • თუმცა ცნობილია, რომ აბორტიც ფასიანია, როგორც კონტრაცეფცია. ესეც სექსუალური განათლების პრობლემას უკავშირდება? 

დიახ, ეს იციან, რომ აბორტს უფასოდ ვერსად გაიკეთებენ, მაგრამ მაინც მიდიან რისკზე: იქნებ არ მოხდეს ორსულობა. კონტრაცეპტივის შემთხვევაში მუდმივად გჭირდება პროცედურის ჩატარება, რომ რაღაც პერიოდი მაინც დაზღვეული იყო. ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული. როცა უკვე ეს მოცემულობა დგება – დაორსულება, რაღაცნაირად ახერხებენ იმას, რომ მოაბილიზონ თანხები აბორტისთვის.

ამაზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო – მინიმუმ უნდა აწვდიდეს ინფორმაციას საზოგადოებას. ამ დროს პოპულისტური, მიზანთან არაფერ კავშირში არსებული ინიციატივები ჟღერდება და ეს არის პოპულისტური მიზნებისთვის გამოყენებული.

  • ეს გათვლილია მოკლევადიან შედეგზე, რომ თითქოს „ოცნება“ ცდილობს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას და ამას აკეთებს ისევ ქალების ჩაგვრის გაძლიერების გზით? დღეს კობახიძემ თქვა, რომ მთავრობა მზად არის ეკლესიასთან და კათოლიკოს პატრიარქთან იმსჯელოს აბორტების შესაძლო გამკაცრებაზე?

პასუხისმგებლობა გადააქვთ ისევ ქალზე, მაშინ, როცა სახელმწიფოა პასუხისმგებელია, ასევე პარტნიორი, როდესაც ხდება დაორსულება, ან როდესაც კეთდება აბორტი. ისევ სრულიად ქალის სხეულზე ავრცელებენ მორალისტურ გზავნილებს და მასზე კონტროლს ამყარებენ. თითქოს ქალის სხეული თავისი კი არა, სახელმწიფოს საკუთრებაა და ის გადაწყვეტს, რამდენი შვილი უნდა გააჩინო.

ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების და ქალთა უფლებების პერსპექტივიდანაც ძალიან პრობლემურია – კონტროლის მცდელობაა ქალის სხეულზე, თითქოს ქალი რაღაც ობიექტია. ქალი და ქალის სხეული აღქმულია იმისთვის, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს.

სინამდვილეში, შობადობის გაზრდა კავშირშია ოჯახების კეთილდღეობის მოწესრიგებასთან. შობადობა იზრდება ისეთ ქვეყნებში, სადაც დაცულია ოჯახის მინიმალური საბაზისო საჭიროებები.

  • სადაც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია სოციალური მდგომარეობა და მაინც არსებობს დემოგრაფიული პრობლემები, იქ რა მიდგომა არსებობს? როგორია სხვა ქვეყნების კარგი მაგალითები? 

არსებობს ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკა სახელმწიფოს დონეზე. ოჯახის მხარდამჭერ პოლიტიკაში იგულისხმება სხვადასხვა რამ, მათ შორის, მაგალითად, ბიზნესს ავალდებულებს სახელმწიფო, რომ ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკები გაატარონ კომპანიებში, მაგალითად, ღირსეული დეკრეტული შვებულება, რომ სათანადო ხანგრძლივობის დეკრეტული მისცე დასაქმებულს და სათანადო ანაზღაურებაც.

ჯანდაცვის სერვისები უნდა შესთავაზო ოჯახებს და მოაწესრიგო მინიმალური საბაზისო ჯანდაცვის სერვისები ორსული ქალის დახმარებისთვის, ასევე ჩვილი ბავშვის ოჯახების დახმარებისთვის. უნდა დაინტერესდე საბინაო პოლიტიკითაც, ვისაც შვილების ყოლა უნდა და ასე შემდეგ.

ძალიან ბევრ ქალს ვიცნობ მე, პირადად, რომელსაც ძალიან უნდა შვილის ყოლა და ეკონომიკური საშუალებების გამო ვერ აჩენს ბავშვს, ან იმიტომ, რომ არ აქვს ბინა, არ აქვს სათანადო შემოსავალი, ან აქვს სამედიცინო დაზღვევა, სჭირდება მკურნალობა, რომელიც ძალიან ძვირია და არ აფინანსებს დაზღვევა.

ხელოვნური განაყოფიერების პროცედურები კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანებს რომ მისცე საშუალება, დღესვე გააჩენენ ბავშვებს, მაგრამ ისინი არიან მარტო გამოწვევებთან.

როდესაც „ოცნება“ ამბობს, რომ დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს და ეს კრიზისი გამოწვეულია თურმე  აბორტების რაოდენობით, ამ დროს აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში აბორტების რაოდენობა არც ისე მაღალია ქვეყანაში და პირიქით, კლების ტენდენციაა.

გამოდის, რომ აბორტების აკრძალვით ატყუებ საზოგადოებას, რომ ამ დემოგრაფიულ კრიზისს მოაგვარებ. თუ ჩავუღრმავდებით პრობლემას და მით უმეტეს კვლევას თუ ჩაატარებდა სახელმწიფო, აღმოაჩენდა, რომ იმაზე მეტ ადამიანს უნდა შვილის გაჩენა, ვიდრე წარმოედგინათ და ვერ აჩენს – იმიტომ, რომ ფინანსური შესაძლებლობებია პრობლემა, სამედიცინო გამოწვევებია, დამხმარეც არ ჰყავს და არა ის, რომ თურმე აბორტს იკეთებს.

„ახლა საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, ოცნებას ამის მოხრჩობაც უნდა“ – ინტერვიუ

„ალტერნატივა მაინც რჩება პატარა კუნძულად. ეს ალტერნატივა მათ სიმახინჯეს და უზნეობას ფარდას ხდის და აი, ეს აღარ უნდათ, რომ აიტანონ. ამ ალტერნატივის ბოლომდე მოხრჩობა არის ახლა ამოცანა. მოქალაქეს არცერთი გზა აღარ უნდა დარჩეს, არცერთი ინსტრუმენტი, რომ ამ უზნეობას დაუპირისპირდეს. მოქალაქეს ეუბნებიან, თუ გაემიჯნები უზნეობას და უსამართლობას, დაგსჯი.

დაერევიან იმ ადამიანებს, რომლებსაც დევნის და შევიწროების პირობებში ერთადერთი მექანიზმი აქვთ დარჩენილი: ტროტუარზე პროტესტი აიკრძალა, ახლა უკვე საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, თუ დაწერ, აგებ ამისთვის პასუხს,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, პროფესიით იურისტი ანა ნაცვლიშვილი. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ მორიგ ეტაპზე დემოკრატიის წინააღმდეგ – ამჯერად „ოცნება“ აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგისთვის ახალ სამმართველოს ქმნის.

რა ეტაპზე გადადის ივანიშვილი და რა რესურსი რჩება დემოკრატიას საქართველოში? – „ბათუმელებმა“ იურისტ ანა ნაცვლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი უფლებადამცველია და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

  • ქალბატონო ანა, „ოცნება“ ამჯერად ახალ სამმართველოს ქმნის „საჯარო სივრცეში აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგისთვის“. რაზე მიანიშნებს ეს ამბავი? 

ეს გაგრძელებაა მანამდე დაწყებული პროცესის და არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის. ესაა ლოგიკური გაგრძელებაა იმ ნაბიჯების, იმ გზისა, რომელსაც ღიად დაადგნენ რუსული კანონის ინიციირების მომენტიდან. როდესაც, მაგალითად, ვეწინააღმდეგებოდი რუსულ კანონს და ვიბრძოდით მის წინააღმდეგ პარლამენტში, ზუსტად ამას ვამბობდი მაშინაც, რომ ეს არ იქნება ერთი კანონი, ეს არ იქნება ერთი შეზღუდვა. ეს არის სქემა, რომელიც შედგება რამდენიმე ეტაპისგან: როგორ უნდა აიღონ თანდათან მთელი ძალაუფლება ხელში და საზოგადოებას წაართვან ყველა მექანიზმი.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება იზღუდება – ეს ფრაზები ვერ გადმოსცემს სრულყოფილად პრობლემის არსს, რაც გვაქვს.

რეალურად რისთვის არის ბრძოლა? ბრძოლა არის იმისთვის, რომ მოქალაქეს, ჩვეულებრივ ადამიანს, აღარაფერი საშუალება აღარ დარჩეს საკუთარი თავის დაცვისთვის. პარლამენტი ფაქტობრივად ერთპარტიულ რეჟიმში ფუნქციონირებს, კანონებს ერთი ადამიანი წერს და დანარჩენები ხელს აწერენ, სასამართლო აღარ არის ადამიანების დასაცავად, პოლიცია-პროკურატურა არ არის ადამიანების დასაცავად, სუსი იქით გვატერორებს…

ერთადერთი, რაც დარჩა აქამდე მოქალაქეს იმისთვის, რომ ამ უზარმაზარი უსამართლობის და უზნეობის წინააღმდეგ განაცხადი გააკეთოს, არის საკუთარი აზრის გამოხატვა – მორალური მხარე მაინც დაიჭიროს და გაემიჯნოს ამ პროცესს თავისი მოსაზრების გამოხატვით. სრულიად მშვიდობიანი ფორმაა, როცა სოციალურ ქსელში მაინც შეგიძლია გაემიჯნო უზნეობას და რეპრესიას, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს.

ახლა ეს ბოლო მექანიზმიც უნდათ, რომ გამოგლიჯონ ხელიდან მოქალაქეს და უთხრან: მორალური პოზიციის დაფიქსირებას მაინც თუ გაბედავ და შავს დაარქმევ შავს, ხოლო თეთრს თეთრს, პასუხს აგებ.

  • ეს შეიძლება შეეხოს, მაგალითად, ფეისბუკში პოსტის დადებას და „ოცნების“ კრიტიკას? 

დიახ. როდის გახსენდებათ, რომ კობახიძეს რაიმეზე ეთქვას: ეს ბიუჯეტის ფულია და რაციონალურად უნდა დავთვალოთო? ეს გვითხრა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით. ამაზე როცა იტყვი, რომ ეს გარეწრობაა, მოგადგებიან და გეტყვიან, რომ ეს სამართალდარღვევაა და პასუხი უნდა აგოო. გამოდის, შავს რომ შავს დაარქმევ – შენ გამოხვალ დამნაშავე.

სინამდვილეში, ეს არის თავდაცვის და მორალური პოზიციის დაფიქსირების ბოლო ინსტრუმენტის გამოგლეჯა ხელიდან მოქალაქისთვის სიძულვილის ენის მოტივით.

ვაშლს თუ დაარქმევ პირობითად მსხალს, ამით ვაშლის ბუნება ხომ ვერ შეიცვლება? ამას კანონს რომ დაარქმევენ, მისი უსამართლო და აბსურდული ბუნება ხომ არ შეიცვლება?

ზოგადად, ინტერნეტსივრცის კონტროლი არ არის „ოცნების“ ნოუ-ჰაუ. არსებობს ქვეყნები, რომლებიც ინტერნეტსივრცეს აკონტროლებენ და თუ ჩავხედავთ ამ ქვეყნების სიას, იქ მკაფიოდ გამოხატული და აღიარებული ავტოკრატიებია, მაგალითად, ირანი, რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი. აი, ამ სახელმწიფოებში ხდება სიძულვილის ენის საბაბით ხელისუფლების წარმომადგენლების დაცვა – ჩვეულებრივი მოქალაქის დაცვაზე აქ საუბარი არ არის.

როგორც სამართალმცოდნე გეტყვით, რომ ამ ტიპის კანონები თავისი მასშტაბითა და შინაარსით აუცილებლად იქნება შერჩევითად აღსრულებული – რა თქმა უნდა, გამოარჩევს კონკრეტულ ადამიანებს თავისი იდენტობის გამო. არ შემიძლია არ გავაკეთო ამ თემის სიმბოლიზება მზიას საქმით. მზიას სინამდვილეში ხომ არ სჯიან იმ ქმედების გამო, რომელიც მას მიაწერეს? – თავდასხმა პოლიციელზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. სილის გაწვნის გამოც ხომ არ სჯიან სინამდვილეში მზიას?

მას სჯიან იმის გამო, ვინც არის მზია და რასაც ის აკეთებდა ათწლეულების განმავლობაში. ანუ მას, როგორც პიროვნებას სჯიან, მის ჟურნალისტურ საქმიანობას სჯიან. ამისთვის იქნება ზუსტად ეს კანონები გამოყენებული. ხელისუფლების ლეგიტიმაციას როცა არ აღიარებს ადამიანი, იმიტომ, რომ არალეგიტიმურია, რეპრესიაზე ხმას ამოიღებს, უკანონობებზე ხმას ამოიღებს – აი, ამისთვის დასჯიან და არა ერთი კონკრეტული პოსტისთვის. პოსტი იქნება საბაბი.

ახლა დაერევიან იმ ადამიანებს, რომლებსაც დევნის და შევიწროების პირობებში ერთადერთი მექანიზმი აქვთ დარჩენილი: ტროტუარზე პროტესტი აიკრძალა, ახლა უკვე საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, თუ დაწერ და აგებ ამისთვის პასუხს.

საინტერესოა, რომ სიძულვილის ენის აკრძალვას გვთავაზობს კრიმინალური დაჯგუფება – მე მათ ხელისუფლებას არ დავარქმევ. ამ დაჯგუფებამ მთელი თავისი ძალაუფლება დააფუძნა ქვეყანაში სიძულვილის წარმოებას და საზოგადოების გახლეჩას, კანონები მიიღო – ერთი კი არა, რამდენიმე, რომ ადამიანები გამოეცხადებინა მტრებად, ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებში დაედანაშაულებინა, გაედევნა და გაერიყა საჯარო სივრციდან.

მიიღეს სიძულვილის კანონები, რომ საზოგადოების თვალში ადამიანები გაეშავებინათ. ეს ხალხი გველაპარაკება დღეს, სიძულვილის ენა უნდა ავკრძალოთო.

ამას ამბობს ის დაჯგუფება, რომელმაც ტროლების და ბოტების ქარხანა შექმნა, სიძულვილი რომ ეწარმოებინა. დაგეშილი სიძულვილის არაერთი მაგალითი გვახსოვს, ხომ? თანამდებობის პირების აგრესია, არამხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფიზიკური დაპირისპირებები, ცემა-ტყეპა, უკანონო პატიმრობები და ასე შემდეგ.

სიძულვილი თავად აქციეს მართვის ინსტრუმენტად – საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად.

წამიკითხავს კიდეც ასეთი აბსურდული საქმის მასალები, მაგალითად, რუსეთის შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, სისხლის სამართლის საქმეში დევს დათვალიერების ოქმი, თითქოს დანაშაულის ადგილს ათვალიერებ და მკვლელობის ადგილს აღწერ: გვამი აქ იყო, იარაღი იქ იდო, რაღაც კვალი აქ იყო და აღწერ – დაახლოებით ასეთ ოქმს ადგენს შესაბამისი საგამოძიებო უწყება, სადაც აღწერილია, მაგალითად, რომ ამა და ამ პიროვნების კონკრეტული ონლაინ პლატფორმის გვერდზე ნაპოვნია ასეთი და ასეთი პოსტი, ასეთი შინაარსით და საქმე გვაქვს ექსტრემიზმთან…

  • დღეს ირაკლი კობახიძეს მიმართეს ჟურნალისტებმა, სიძულვილის ენა განმარტეო. მან თქვა, რომ მნიშვნელოვანია, როგორ პრაქტიკას დაამკვიდრებენ შსს და სასამართლოო. ქმნის მსგავსი მიდგომები კანონის თვითნებური განმარტების შესაძლებლობას? გვახსოვს, „ოცნებამ“ როგორ დაამატა ადმინისტრაციულ სამართალდაღრღვევათა კოდექსს 2025 წელს „საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის“ ნაწილი, რაზეც ეუთოს ჰქონდა შეფასება, რომ კანონი თვითნებური განმარტების საშუალებას იძლევა და ეს დაუშვებელია. 

რა თქმა უნდა, ეს იქნება არამხოლოდ კონკრეტულ პირზე მიმართული, არამედ, მაგალითად, „ქართული ოცნების“ მიმართ. იმდენად ფართოა ფორმულირება, რასაც განმარტავს „ქართული ოცნება“, რომ როგორც ქართული გამოთქმა ამბობს: ქოთანს საითკენაც გინდა, იქეთ მიაბამ ყურს. მთავარია, დასაჯო ადამიანი, რომელიც შენ არ გეთანხმება და ბოლომდე შეუზღუდო, წაართვა ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს იმისთვის, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს.

კანონი არ არის მხოლოდ სახელი და ფორმა. კანონი, პირველ რიგში, არის შინაარსი და რასაც ესენი განსაკუთრებით ბოლო პერიოდებში იღებენ და არქმევენ კანონს, ვერცერთი ვერ პასუხობს კანონის ლეგიტიმურ შინაარსს.

  • თქვენი დაკვირვებით, „ოცნებაში“ ასე ხედავენ, რომ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ ამას თითქოს სიძულვილის ენის წინააღმდეგ აკეთებენ? მამუკა მდინარაძე ამ თემაზე საუბრის დროს ისევ  „გარე ძალებს“ მიუბრუნდა, მათ მიერ იყო წახალისებული საქართველოში შუღლი და პოლარიზაციაო. 

თავის თავს თუ თვლის გარე ძალად, არ ვიცი. მე ნამდვილად ვთვლი, რომ მამუკა მდინარაძე არის გარე ძალის – რუსეთის წარმომადგენელი. არ მგონია, რომ თვითონ ასე თვლიდეს, თორემ მე ვიტყოდი, რომ კი, ეს გარე ძალა არის რუსეთი ორი საუკუნეზე მეტია და ამ გარე ძალას საქართველოში წარმოადგენს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ისინი ნამდვილად აღვივებენ ამ სიძულვილს.

თვითონ ხომ არიან მახინჯი, არალეგიტიმური და უზნეო ძალა. აი, ამის ალტერნატივა ჩანს საზოგადოებაში და ამის ჩახშობას ცდილობენ, იგივე პროპაგანდით, დამოუკიდებელი მედია პლატფორმების შევიწროებით, ადამიანების დაშინებით და ასე შემდეგ.

მაგრამ ალტერნატივა მაინც რჩება პატარა კუნძულად. ეს ალტერნატივა მათ სიმახინჯეს და უზნეობას ფარდას ხდის და აი, ეს აღარ უნდათ, რომ აიტანონ. ამ ალტერნატივის ბოლომდე მოხრჩობა არის ახლა ამოცანა.  მოქალაქეს არცერთი გზა აღარ უნდა დარჩეს, არცერთი ინსტრუმენტი, რომ ამ უზნეობას დაუპირისპირდეს.

მოქალაქეს ეუბნებიან, თუ გაემიჯნები უზნეობას და უსამართლობას, დაგსჯი. ეს არის იმ დევნის პოლიტიკის განხორციელება, რომელიც მათ დაიწყეს ამ ე.წ. კანონებით, რომელიც სინამდვილეში არ არის არანაირად და ვერ აკმაყოფილებს ვერც შინაარსს და ვერც მიზანს იმისა, რასაც კანონი ჰქვია.

  • ღნიშნეთ, რომ ეს არის რუსული მოდელის საქართველოში დამკვიდრების ბოლო ეტაპი. თუ ესეც დაუშვა საზოგადოებამ, რომ სოციალურ ქსელებში აგვიკრძალონ პროტესტის გამოხატვა, პრაქტიკულად აღარ დარჩება რესურსი დემოკრატიის ბრძოლისთვის? 

ძალიან რთულია ამ მოცემულობაში რაიმე იმედისმომცემი თქვას ადამიანმა.

ჩემთვის დიდი ხანია ნათელია, რომ ეს არის წინასწარ გაწერილი, ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმილი სცენარი, რომელსაც ისინი მიჰყვებიან და გასაგებია ამის საბოლოო ამოცანა რაც არის.

თუმცა, ეს არ არის პირველი რეჟიმი, ადამიანების დამორჩილების და განდევნის, რეპრესიის პირველი შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში. არ არსებობს არცერთი შემთხვევა, რომელიც იყოს უსასრულო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ბოროტებაც დასრულდება. ეს გარდაუვალია. ამ მართლა კარიკატურულ დიქტატურას კი არა, მართლა რომ დიქტატორები იყვნენ, ისინი დასრულდნენ, იმიტომ, რომ ასეთია თავისუფლების ფორმულა – ბოლოს ის იმარჯვებს.

აქ საქმე იმაშია, თუ რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს და რა ფასის გადახდა მოგვიწევს თითოეულ ქართველს ამისთვის. თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოების მთავარი ამოცანა გახდა ის, როგორ გახადოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი უფრო თავისუფალი, ბედნიერი, როგორ გახადოს მისი ცხოვრება უფრო მშვიდი, უფრო დაბალანსებული, როგორ გაახანგრძლივოს ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, როგორ განავითაროს მეცნიერება, რომ ეს მეცნიერება მერე ისევ ადამიანის ბედნიერების სამსახურში ჩააყენოს.

ცხვირწინ გვიდევს შანსი, რომ  განვითარებულ სამყაროსთვის ფეხი აგვეწყო და არა მხოლოდ ფეხი აგვეწყო, გავმხდარიყავით მისი ორგანული ნაწილი.

ერთ მხარეს არის ეს შანსი და მეორე მხარეს აღვირახსნილი უსამართლობა, რომელიც დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ“. აქ არის უზარმაზარი უფსკრული: რა შეგვეძლო გავმხდარიყავით და სად ვართ დღეს, თორემ თავისთავად ამათი დასასრული იქნება ძალიან, ძალიან მძიმე. როგორც ამ კანონის უსამართლობა არის ნათელი, ასევე არის ეს ნათელი, რომ ამათი დასასრული ძალიან მძიმე იქნება.

მაგრამ ამ პროცესში ძალიან მძიმე ფასს იხდის საქართველო და ძალიან მძიმე ფასს ვიხდით თითოეული ქართველი. ეს არის აქ ყველაზე უფრო მძიმე ამბავი, რომ ჩვენ ქვეყანას დააკარგვინეს უძვირფასესი დრო. ძალიან დიდია ის ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით ამისთვის და ეს არის რუსეთის ამოცანა, რომ ჩვენ არასოდეს არ გაგვიჩნდეს ამბიცია, რომ ვიფრინოთ. სულ მუხლებზე დაჩოქილი უნდა ვყავდეთ.

ეს არის რუსეთის ამოცანა, რომ ვიყოთ კარგი სახაჭაპურე და ეს ხაჭაპურიც მაგათ უნდა შეჭამონ. ადამიანებს 21-ე საუკუნეში საკვები და ტკბილეული, ხილი ენატრებათ, ამ დროს რაღაც სიგიჟე კომისიებს ქმნიან, რომელიც მერე თვითონვე ამბობს, მე არაფერი არ შემიძლიაო…

ეს დიქტატურა თავს ვერ დაიჭერს სამუდამოდ, მაგრამ ამასობაში ძალიან ბევრი რამ იწირება. ეს არის მათი მთავარი დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ – სად შეგვეძლო უკვე დღეს ვყოფილიყავით და სად ვართ!

კუნძულისთვის 145 810 მ³ ქვას „ამბასადორი“ ქობულეთში ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება

ხელოვნური კუნძულის მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქობულეთის სოფელ ხალასთან ულიცენზიოდ დამატებით  კუბურ მეტრ წიაღისეულს მოიპოვებს. 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში კი, „ამბასადორი“ დაახლოებით 25 თეთრს გადაიხდის.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 145 810 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხალას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე“ – წერია მთავრობის 2026 წლის 13 მაისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

სოფელ ხალასთან ასობით ათას კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ აქამდეც მოიპოვებდა.

კარიერის ადგილი სოფელ ხალასთან სადაც ხელოვნური კუნძულისთვის კლდეს შლიან

მთავრობის განკარგულებაში ტრადიციულად აღნიშნულია, რომ ლიცენზიისაგან გათავისუფლებული „ამბასადორი“ ვალდებულია:

  • უზრუნველყოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი წერილებით განსაზღვრული პირობების შესრულება;
  • მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობისთვის;
  • ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის კი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 35 502 ლარი.
კარიერის ადგილი სოფელ ხალასთან სადაც ხელოვნური კუნძულისთვის კლდეს შლიან

„ამბასადორის“ მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა უნდა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში კი, სააგენტოსა და დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

ამ თემაზე: 41 ჰექტარი ტერიტორია ხელოვნური კუნძულისთვის – რა დარღვევებზე წერს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორი“ ულიცენზიოდ ინერტულ მასალას [ქვიშა-ხრეშს] მდინარე ჭოროხის კალაპოტიდანაც მოიპოვებს.

სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის ამოღება მშენებლობისთვის დაუშვებელია და ეს მასალა სრულად ბათუმის ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს, რასაც ხელისუფლება წლებია არ ითვალისწინებს.

ბათუმის სანაპირო ზოლის დასაცავად და პლაჟის ხელოვნური კვებისთვის, ყოველწლიურად მინიმუმ 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი. ამ მიზნით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უკვე დაიხარჯა და მომავალშიც დაიხარჯება.

სახელმწიფო სტრუქტურებში აღიარებენ, რომ ბათუმის სანაპიროს ზღვისგან დასაცავად ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია, თუმცა ამ სტრატეგიაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.

ვრცლად: 7,7 მილიონი ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების დროებით შესანარჩუნებლად – დაუცველი სანაპირო

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში ბეტონის ქარხანასაც აშენებს, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. თავდაპირველი გეგმით, ქარხანა ხელოვნურ ნახევარკუნძულზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმში ტერიტორია, სადაც 93 000 კუბ/მ სახიფათო ნარჩენია, საცხოვრებელ ზონად განიხილება

 

მთავარი ფოტო: მშენებარე ხელოვნური ნახევარკუნძულები ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან / აპრილი, 2026 წელი

 

შს სამინისტროს უნიფორმის მარაგი არ გააჩნია და 6 მილიონი ლარის ტანსაცმელს ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფებისთვის უნიფორმებს, ქურთუკებს, ჟილეტებსა და საწვიმარ ლაბადებს ყიდულობს, რაშიც 6 მილიონამდე ლარს დახარჯავს. აქედან, 1,9 მილიონი ლარის უნიფორმებს ტენდერის გარეშე იყიდის, 4,1 მილიონი ლარით კი ტენდერი აქვს გამოცხადებული.

სამინისტრომ 1 906 325 ლარის უნიფორმების გადაუდებელი აუცილებლობით უტენდეროდ შესყიდვის შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

შსს სააგენტოს წერს, რომ დღეისათვის შესაძლებელია ტენდერის გამოცხადებაც, თუმცა ასეთ შემთხვევაში „სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ ვადებს, ასევე გარკვეული პერიოდია საჭირო უნიფორმების მოსაწოდებლად. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ ზაფხულის სეზონზე საპოლიციო დანაყოფები დარჩებიან უნიფორმის გარეშე“.

„უნიფორმის დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები შეიცვალა 2026 წლის მარტში. დაიწყო ბაზრის კვლევის პროცედურები, რომლის შედეგების გათვალისწინებით აუცილებელი გახდა ტექნიკური მახასიათებლების დაზუსტება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა მთავრობის ადმინისტრაციაში შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიღება და მთავრობის განკარგულების გამოცემა.

წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული რა ვადა დასჭირდებოდა ზემოაღნიშნულ პროცედურებს“ – წერს შსს.

ამასთან, თუ „შსს მოსამსახურეები სრულად ვერ იქნებიან უზრუნველყოფილნი შესაბამისი უნიფორმებით, ამით თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუფერხებლად შესრულებას შეეშლება ხელი. აღნიშნული ფაქტი კი უარყოფითად აისახება სამინისტროს იმიჯზე“.

„შს სამინისტროს შარვლებისა და ქვედაბოლოების საჭირო მარაგი არ გააჩნია. აღნიშნული უნიფორმების შესყიდვა ხორციელდება ყოველწლიურად, რა დროსაც რეზერვის სახით ხდება მხოლოდ იმ რაოდენობის შესყიდვა, რომელიც საკმარისია პერიოდული როტაციებისთვის და დაზიანებული უნიფორმების ჩასანაცვლებლად.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საუბარია ახალ ფორმაზე, შს სამინისტროს რეზერვი საერთოდ არ გააჩნია“ – წერს შსს.

შსს-ს მიერ უტენდეროდ შესასყიდი უნიფორმა / „რაოდენობა განსაზღვრულია დამტკიცებული ნორმებისა და შს სამინისტროს მოსამსახურეთა რაოდენობის მიხედვით“ – აცხადებს სამინისტრო

რაც შეეხება ტენდერს – სხვადასხვა დანაყოფის ქურთუკების, ჟილეტებისა და საწვიმარი ლაბადების შესყიდვაზე ტენდერი სამინისტრომ 2026 წლის 18 მაისს გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 13 ივნისს დაიწყება და 18 ივნისს დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ 100 ათასი ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა საქონლის ნაწილი სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან – 75, ნაწილი კი 90 დღეში უნდა მიაწოდოს.

შსს-ს მიერ ტენდერის გზით შესასყიდი საქონლის დასახელება და რაოდენობა / წყარო: ტენდერი

ამავე თემაზე:

„ქალის სახე გაქვს დაკარგული“ – უსახო კაცები ქალების პირისპირ

რუსეთი ბელარუსის მონაწილეობით ბირთვულ წვრთნებს ატარებს

რუსეთის შეიარაღებული ძალები სამდღიან წვრთნებს ატარებენ „აგრესიის საფრთხის ქვეშ“ ბირთვული ძალების მოსამზადებლად და გამოსაყენებლად, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 19 მაისს. მანევრები მოიცავს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებას რუსეთის მასშტაბით საცდელ პოლიგონებზე.

გარდა ამისა, ბელარუსთან ერთად განხილული იქნება ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენება.

ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა ბირთვული საბრძოლო წვრთნების დაწყების შესახებ. წვრთნები 18 მაისს დაიწყო და 21 მაისს დასრულდება.

რუსეთმა ბელარუსში ბირთვული იარაღი 2023 წელს განალაგა და განაცხადა, რომ ეს ფორმალურად არ არღვევდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას.

2025 წლის სექტემბერში რუსეთმა და ბელარუსმა უკვე ჩაატარეს ერთობლივი წვრთნები „ზაპად-2025“, რომელიც მოიცავდა არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების პრაქტიკას. ამ წვრთნების დროს პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი დახურა.

ოფიციალური ცნობებით, წვრთნებში მონაწილეობს თითქმის 65 000 სამხედრო მოსამსახურე, 200-ზე მეტი რაკეტმტყორცნი, 140-ზე მეტი თვითმფრინავი, 73 ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი, მათ შორის – 8 სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა ნავი.

 

საქართველოში წელს ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი შემოიტანეს და გაიტანეს

საქართველოში 2026 წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია.

მსუბუქი ავტომობილებია პირველ ადგილზე საქართველოდან გატანილ საქონელს შორისაც.

მიუხედავად ამისა, მსუბუქი ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მონაცემებით 2026 წლის იანვარ-აპრილში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 925.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 471.3 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 254.1 მილიონი აშშ დოლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ აპრილში საქართველოში შემოტანილი იყო 1 მილიარდ 203 მილიონ 752 ათასი აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები, ხოლო 2026 წლის იგივე პერიოდში კი 925 მილიონ 899 ათასი აშშ დოლარის ავტომობილები.

რაც შეეხება ექსპორტს – საქართველოდან 2026 წლის იანვარ-აპრილში გატანილია 537,4 მილიონი აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 324.1 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 225.1 მილიონი აშშ დოლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან გატანილი იყო 753 მილიონ 954 ათასი აშს დოლარის მსუბუქი ავტომობილები, ხოლო 2026 წლის იგივე პერიოდში საქართველოდან გატანილია 537 მილიონ 351 ათასი აშშ დოლარის ავტომობილები.

„ბათუმელებმა“ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მსუბუქი მანქანების შესყიდვებიც შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ 2013 წლის იანვრიდან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში ბიუჯეტის ფულით სულ ცოტა 175 მილიონ 292 ათასი ლარის მსუბუქი ავტომანქანაა შეძენილი.

ამ თემაზე ვრცლად: „ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს

„ოცნების“ მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების საქართველოში შემოტანის აკრძალვაც, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.

6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების შემოტანა არ აკრძალეს, თუმცა ამ ასაკის ავტომობილების განბაჟება 5,6-ჯერ გააძვირეს.

ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი, ნაცვლად დღეს არსებული 80 თეთრისა.

ამ თემაზე

„ყაზახები და ყირგიზები იხეირებენ. ზეიმი აქვთ, რადგან ჩვენ ამ წრიდან ჩაგვხსნეს“ – ავტოიმპორტიორი

 

კალაძე წერს, რომ გერმანია „ჭაობშია ჩაფლული“ – ზაარბრიუკენმა თბილისთან მეგობრობა შეწყვიტა

დღეს, 19 მაისს, თბილისის მერი, კახა კალაძე „სამძიმრის წერილით“ გამოეხმაურა გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ზაარბრიუკენი წყვეტს 51-წლიან მეგობრობას ქალაქ თბილისთან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ზაარბრიუკენის მერიამ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო.

კალაძე თავის „სამძიმრის წერილში“ გერმანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება“ და „გერმანია ჭაობშია ჩაფლულიო“.

კალაძე ასევე ახსენებს „არაფორმალურ ოლიგარქიას“, ოღონდ არა საქართველოს, არამედ გერმანიის კონტექსტში და ასევე აღნიშნავს, რომ გერმანიაში ეკონომიკური კრიზისია.

თბილისის მერი „დანიის პრობლემებსაც“ ახსენებს.

„დაუჯერებელია, რომ დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ხელმძღვანელი პირებისა და პოლიტიკოსების გამო კი გერმანია პრაქტიკულად ჭაობშია ჩაფლული და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას (ეკონომიკური კრიზისი, კრიმინალის კატასტროფულად გაზრდილი მაჩვენებელი, დემოგრაფიული პრობლემები, მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი, სოციალური დაძაბულობა და ღირებულებითი კრიზისი) გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად იცლიან და „გადამჭრელ ზომებს“ იღებენ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს…

თუკი მათ ევროპულ სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური ვითარება რეალურად აწუხებთ, ამ აბსურდული გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად ჯობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მომხდარ იმ უმძიმეს მოვლენაზე გაამახვილონ ყურადღება, რაც დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში ვიხილეთ, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს…“ – წერს კალაძე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ წერილში.

გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი და თბილისი 1975 წლიდან თანამშრომლობენ და დამეგობრებული ქალაქების სტატუსი აქვთ. ხელშეკრულება ხელი 1975 წლის 22 მარტს, თბილისის საკრებულოს შენობაში მოეწერა.

ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს ტროტუარზე დგომის გამო.

გადაწყვეტილება დღეს, 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ მიიღო.

“დედაჩემი დაიჭირეს სამი დღით. სასამართლო დარბაზიდან გადაიყვანეს გზა რომ აღარ გადაკეტოს. 

მაინც უსაშიშესი დანაშაულია,” – დაწერა მარიამ გეგუჩაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა ტელეწამყვანის დაპატიმრების შემდეგ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს, რუსთაველის ქუჩაზე, საქართველოს პარლამენტის წინ, ტროტუარზე დგომისას, ქვეითებისთვის გადაადგილების დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატის, თეო ზაქარაშვილის თქმით, ჟურნალისტისთვის 3-დღიანი პატიმრობის შეფარდება იყო “სადამსჯელო ღონისძიება”.

“ამ შემთხვევაშიც ეს არის იგივე ტენდენციის გაგრძელება, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი გამოყენებული იყოს რეპრესიის მექანიზმად და ამ რეპრესიის მექანიზმს საბოლოოდ ხელს აწერს და ადასტურებს სასამართლო.

ბატონ მოსამართლეს არ აინტერესებდა, სამწუხაროდ, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ აინტერესებდა ნანუკა ჟორჟოლიანის ახსნა-განმარტება და არ აინტერესებდა არც შსს-ს მოტანილი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა თითქოს შსს-ს უკვე დაკანონებულ მოთხოვნას, რომ თუ ტროტუარზე ზემოთ დგახარ, კიბეების ადგილას ეს არ არის დასჯადი, ნანუკა ჟორჟოლიანი სწორედ ამ ადგილას იდგა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მოწოდება გააკეთეს, ის მივიდა ხალხთან და სთხოვა, რომ მოდით იქნებ გადავინაცვლოთ ზემოთ მხარეს.

სულ რაღაც 1 წუთიც არ მდგარა ტროტუარზე, რომელიც დასჯადია შსს-ს განმარტებით. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა პატიმრობა და მოსამართლემ ეს დააკმაყოფილა.

ეს სხდომები არის ფორმალური, მას არ აქვს არანაირი შემხებლობა არც სამართალთან და მითუმეტეს არც სამართლიანობასთან. პრაქტიკულად კიდევ ერთხელ გვაჩვენა მოსამართლემ, რომ ის უბრალოდ ხელს მოაწერს ყველაფერს, რასაც შსს სთხოვს და მოითხოვს.

ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა შესაძლო ინსტანცია გამოვიყენოთ, ეს არის გასაჩივრება სააპელაციოში და თუ გვექნება შანსი ასევე გამოვიყენოთ ადამიანის ევროპული სასამართლოს შესაძლებლობა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილებები არის ცალსახად უკანონო,” – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას თეო ზაქარაშვილმა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 351 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 940 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 584 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 42 340 ერთეული [+78]
  • MLRS – 1 792 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 386 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 299 199 ერთეული [+2 142]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 426 ერთეული [+11]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 97 600 ერთეული [+262]
  • სპეცტექნიკა – 4 202 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 632 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პუტინი ჩინეთში მიდის სი ძინპინთან შესახვედრად

„დიდი ლაქა უახლოვდება პუტინის ბუნკერს გელენჯიკში, სადაც ის იმალება“ – ინტერვიუ გენერალთან

 

YouTube video player

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში ერთ დღეს 5 აქცია ცალ-ცალკე გაიმართა. რას ნიშნავს ეს? – ინტერვიუ

„ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ პასიურად იქნებიან, ხმას არ ამოიღებენ – არ შეეხებიან.

მაგრამ მას დაავალდებულებენ კობახიძის, მდინარაძის და ივანიშვილის ქებას დილას, საღამოს და შუადღეს. აქტიურად დაავალდებულებენ ამას, ზოგ შემთხვევაში კანონით და ზოგ შემთხვევაში – ბარტერით. ეტყვიან: აი, ბიძინა უნდა აქო და მოგცემ მშენებლობის ნებართვას, თუ არ აქებ – არ მოგცემ. ასე მუშაობს სისტემა ყველა დიქტატორულ ქვეყანაში,“ – ამბობს პოლიტიკოსი, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში, თემურ გორგაძე. მას ვესაუბრეთ დანაწევრებულ პროტესტზე, როცა სხვადასხვა პრობლემის მქონე მოქალაქეები ერთობას და შესაბამისად, შედეგის დადებას ვერ ახერხებენ.

დღეს, 18 მაისს, ბათუმში, 5 სხვადასხვა აქცია გაიმართა: ცალ-ცალკე გამართეს აქციები ბულვარში და სანაპიროზე წვენებით და სუვენირებით მოვაჭრეებმა, შემდეგ კვადროციკლების გამქირავებლები გამოჩნდნენ. ქალაქში ასევე გაიმართა აქცია მშენებლობის წინააღმდეგ. იყო პროევროპული აქციაც, სადაც მიაჩნიათ, რომ პრობლემების მოსაგვარებლად ევროპულ გზაზე დაბრუნებაა საჭირო და სისტემის შეცვლა.

რასთან გვაქვს საქმე, როცა საზოგადოებაში არსებობს პროტესტი სოციალურ, მუნიციპალურ, პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ ეს პროტესტი დანაწევრებულია? – „ბათუმელები“ ამ თემაზე თემურ გორგაძეს ესაუბრა.

  • ბატონო თემურ, დღეს, 18 მაისს ბათუმში 5 სხვადასხვა აქცია გაიმართა: სუვენირებით მოვაჭრეების აქცია, მშენებლობით დაზარალებულები, წვენებით მოვაჭრეები, „კვადროციკლების აქცია“ და დღის ბოლოს – პროევროპული აქცია. რას აჩვენებს ეს ამბავი თქვენთვის? 

სულ ვფიქრობ, რომ ამ სხვადასხვა აქციაზე რომ გამოვჩნდე, არ იფიქრონ, რომ შეიძლება, საქმეს ვუფუჭებ, რადგან პოლიტიკოსი ვარ და შეიძლება მიცნონ. ვცდილობ, ნებისმიერ უფლებადარღვეულთან რითაც შემიძლია, გვერდით დავუდგე.

ზუსტად ვიცი, რომ ცოტა ხანში ფასების ამბების აფეთქება დაიწყება. ეს პროცესი არ გაჩერდება. სხვადასხვა სოციალური ჯგუფი შეწუხდა და თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც შეწუხდნენ.

  • დღეს „ოცნების“ მხარდამჭერი უყვებოდა „ბათუმელებს“, კვადროციკლის გამქირავებელი: „ოცნებას“, როგორც ჩანს, მხოლოდ არჩევნებზე ვახსოვართო… 

ბევრია ასეთი. მე არ მაქვს რეცეპტი რაა გამოსავალი, მაგრამ რაღაცნაირად ამ ადამიანებამდე მისატანი გვაქვს ის, რომ ისინი რასაც ამბობენ: „პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ საწვავი გაძვირდა“, „პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ აი, ჩემი სახლის წინ ტროტუარი გამიყიდეს“… ჰგონიათ, რომ რაც გადახდათ და სჭირთ, ეს პოლიტიკა არ არის.

არ ვიცი, როგორ, მაგრამ ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ყველაფერი პოლიტიკაა.

  • ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეები რატომ არიან ცალ-ცალკე, მაგალითად, წვენებით მოვაჭრე და სუვენირებით მოვაჭრე? 

იმიტომ არიან ცალ-ცალკე, რომ არსებული პროტესტი არის მიმართული კონკრეტულად იმისკენ, რის მოპოვებაც უნდათ. მაგალითად, წვენების გამყიდველს უნდა, რომ უბრალოდ იქ წვენი გაყიდოს ისევ და იმის იქით არ ადარდებს არაფერი. ამ პრობლემის იქით ეს ქვეყანა რუსეთი იქნება, ჩინეთი, ბელარუსი თუ ჩრდილოეთ კორეა, არ ადარდებს.

თემურ გორგაძე

საბჭოთა კავშირის დროს სტალინმა რომ „არ იცოდა“ ხალხს როგორ ხვრეტდნენ, ასეთი ამბავია. ვერ დაიჯერა ხალხმა, რომ „მათიანი“ რომ არიან, ამის გამო კი არა აქვთ პრობლემა, პრობლემა აქვთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა იმართება ასეთი ადამიანების მიერ.

კვადროციკლების გამქირავებლის მიზანია კვადროციკლი ისევ გააქირაოს, სულ არ აინტერესებს, წვენებით მოვაჭრე ისევ წვენს გაყიდის თუ ვერა.

ისინი უყურებენ ასე – რახან კვადროციკლებიც არის, წვენებიც არის და სხვებიც არიან, ყველა პრობლემის ერთად მოგვარება მთავრობისთვის უფრო რთული იქნება და შეიძლება კვადროციკლებს არ მისცენ იქ უფლება, ამიტომ, ჩვენ მაინც ცოტანი ვართ და იქნებ, ჩვენ მაინც მოგვცენო.

ყველა ცდილობს, რომ თავისი მერკანტილური პრობლემა მოაგვაროს და დაალაგოს „ოცნებასთან“.

  • გამოდის, რომ „ოცნება“ ცდილობს მიაღწიოს მიზანს: სოლიდარობა შეასუსტოს ადამიანებში, რომ ერთმანეთის პრობლემები ვერ დაინახონ და ერთობის ძალა ვერ იგრძნოს საზოგადოებამ? 

კი, ამაზე წლებია მუშაობენ.

საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე მუშაობს პროპაგანდა. მაგალითად, გსმენიათ ალბათ: „პოლიტიკა ბინძური საქმეა“. როგორც კი იგივე კვადროციკლების გამქირავებლების პროტესტში ჟღერდება სიტყვა „პოლიტიკა“, ადამიანების ტვინებში ეგრევე ვარდება ჩანერგილი კოდი – „პოლიტიკა ხომ ბინძური საქმეა“, მოდი, პოლიტიკას საერთოდ არ ვახსენებ, უბრალოდ, მოვითხოვ იმას, რომ კვადროციკლით მამუშაონ, ან ისევ მომცენ წვენებით ვაჭრობის საშუალება.

და რადგან წვენების გაყიდვა მხოლოდ მერკანტილური ინტერესია და პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის, ის ცდილობს, თავისი ინტერესი დაიკმაყოფილოს და სხვის მიმართ არ იყოს სოლიდარული, იმიტომ, რომ შეიძლება სხვის მიმართ სოლიდარობამ თავისი ინტერესის დაკმაყოფილებაში ხელიც კი შეუშალოს.

მაგალითად, შენ წვენების გაყიდვა გინდა და ამ დროს შშმ პირების აქციაზეც დადექი. მთავრობამ თუ დაგინახა, რომ იქ მისული ხარ, შეიძლება წვენი აღარ გაგაყიდვინოს, ამიტომაც ფიქრობ – მოდი, იქ არ ვიქნები, ჩემს წვენს მოვითხოვ და მორჩა. ასე უყურებენ.

  • სინამდვილეში როგორ მუშაობს ეს მიდგომა? რა შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი?

სინამდვილეში ყველა შეწუხებულია უკვე, მათ შორის, მასწავლებლები, სოცდაუცველები, რომელთა გადამოწმებები დაიწყეს, ასევე დასაქმებული სოცდაუცველები უმუშევრები დარჩნენ… ნებისმიერი ჯგუფი საბოლოო ჯამში შეწუხდება და მოუწევთ, რაღაც გაიაზრონ. შეიძლება, ამას ბევრი დრო დასჭირდეს. გააზრება სჭირდება იმას, რომ პრობლემის სათავე არის არა ის, რომ რაღაც ვერ გაყიდე, არამედ ის, რუსული რეჟიმი გვყავს.

საბოლოო ჯამში, თუ ამან იფეთქა, მერე შეიძლება პოლიტიკოსებმა მართლა ვეღარ მოაგვარონ პრობლემა.

  • ხედავთ საფრთხეს, რომ შეიძლება იგივე ადამიანებს ხვალ პროტესტის გამოხატვის საშუალება საერთოდ აღარ ჰქონდეს? 

დღეს შეიტანეს კანონპროექტი პრაქტიკულად სოციალური პლატფორმის აკრძალვაზე. ცოტა ხნის მერე სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების აკრძალვის ნაცვლად დაავალდებულებენ ადამიანებს, რომ ბიძინაზე კარგი პოსტები უნდა წერონ. ასე მუშაობს ყველგან რეჟიმი. ეს კლასიკური მაგალითია.

ბათუმში კი ვდგავართ აქციაზე, მაგრამ რეალურად ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს 5000 ლარით აჯარიმებენ თბილისში, რუსთაველზე. ამიტომაც, პროტესტი ისედაც აკრძალეს. ეს გაუვიდათ, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ხალხი შეშინდა, შეძრწუნდა, თბილისში საკმაოდ ცოტა ადამიანები დადის და ახლა უკვე შემოვიდნენ სოციალურ პლატფორმაზე.

ფიზიკური პროტესტი აკრძალეს და ახლა გადავიდნენ ონლაინ პროტესტის აკრძალვაზე. ეს თუ გაუვიდათ, მერე გადავლენ აქტიურ ნაწილზე.

ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ პასიურად ვიქნები, ხმას არ ამოვიღებ, არ შემეხებიან, მაგრამ მას დაავალდებულებენ კობახიძის, მდინარაძის და ივანიშვილის ქებას დილას, საღამოს და შუადღეს. აქტიურად დაავალდებულებენ ამას, ზოგ შემთხვევაში კანონით და ზოგ შემთხვევაში – ბარტერით. ეტყვიან: აი, ბიძინა უნდა აქო და მოგცემ მშენებლობის ნებართვას, თუ არ აქებ – არ მოგცემ. ასე მუშაობს სისტემა ყველა დიქტატორულ ქვეყანაში.

  • რამდენად არსებობს ამ სოციალური ჯგუფების ერთობის რესურსი? 

როგორც უკვე აღვნიშნე, არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხოთ ეს ერთობა. თბილისში ცოტ-ცოტა მოგვარდა ეს საკითხი, რაღაცნაირად შედგა კონტაქტი კონკრეტულ ჯგუფებს და რუსთაველის ხალხს შორის. მინიმუმ ერთმანეთის არ რცხვენიათ, ერთმანეთს არ აგინებენ…

ბათუმში სამწუხაროდ ასე არაა. ახსნა სჭირდება ნებისმიერ მხარეს, მაგალითად, ის, რომ შესაძლოა კონკრეტული ჯგუფი „ქართული ოცნების“ მომხრედ პოზიციონირებს, მაგრამ უნდა მოახერხო საერთო გადაკვეთის წერტილების მოძებნა.

მეც უნდა ვცადო, სხვებმაც უნდა სცადონ ამ გზების მოძებნა. იქნებ სხვას გამოუვიდეს. იქნებ მეც გამომივიდეს.

„იმედია, ეს იყო გაუაზრებელი ნათქვამი“ – რა იქადაგა შიო III-მ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაყოფაზე

„მე-19 საუკუნის ბოლოს, მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ, ეთნიკურ ნიშანზე აგებული წარმოდგენა ქრისტიანობაზე და მართლმადიდებლობაზე გამოაცხადა ერესად, ანუ მწვალებლურ მოძღვრებად. ამიტომ, ეთნიკური ნიშნის სარწმუნოებრივ ნიშანზე მაღლა დაყენება, ძალიან პრობლემატურია.

სასულიერო პირებმა უნდა ისაუბრონ ქრისტესა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ, რაც გამორიცხავს ამ ტიპის დიფერენციაციას და კონფლიქტის წარმოშობას თუნდაც რიტორიკის დონეზე, რომ აი, სხვები მრავლდებიან თურმე და ქართველები არ მრავლდებიან“, – ამბობს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი „ბათუმელებთან“. მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის, შიო III-ის ქადაგებაზე ვესაუბრეთ.

17 მაისს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და საქართველოს საპატრიარქომ ე.წ ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს. ამ დღისადმი მიძღვნილ ქადაგებაში შიო III-მ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დემოგრაფიული საკითხი და საქართველოში „სხვა ხალხების“ გამრავლება დაასახელა. 

„ჩვენ მშვენიერ, სამოთხესავით ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს, რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად მრავლდებიან“, – თქვა მან.

ყოფს თუ აერთიანებს ქართულ საზოგადოებას ახალი პატრიარქის ქადაგება? – ამ თემაზე ვესაუბრეთ თეოლოგ ბექა მინდიაშვილს.

ბექა მინდიაშვილი
  • „ინტრონიზაციის შემდეგ ასეთი ქადაგება, არის სამარცხვინო“ – წერდით ფეისბუქზე. ბატონო ბექა, რა იყო პირადად თქვენთვის მიუღებელი ამ ქადაგებიდან, რატომ იყავით ასეთი კრიტიკული?

მართლმადიდებლობა არ ქადაგებს ეთნიკური ნიშნით გამრავლებას. ვერ იპოვით ვერცერთ მართლმადიდებელ თეოლოგს, წმინდა მამას, რომელიც ერთ ქვეყანაში, თუნდაც ერთი ერის გარემოში მიმართავდეს თავის სიტყვას იქითკენ, რომ უმრავლესობის ეთნიკური ჯგუფი უნდა გამრავლდეს და ამას წარმოაჩენდეს დაპირისპირებაში სხვა ეთნიკურ ჯგუფთან, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყანაში.

მით უმეტეს, მართლმადიდებელ ეკლესიას წმინდანად ჰყავს შერაცხილი ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა იმის გაგება, თუ რა არის ქართველი ერი. ამ გაგებას ეფუძნება პირველი რესპუბლიკა, ამას ეფუძნება ჩვენი კონსტრუქციაც, რაც გულისხმობს იმას, რომ არა იმდენად ენობრივი, არა იმდენად რელიგიური ან გვარ-ტომობრივი, ან ეთნიკური ნიშნით, არამედ, საერთო, ისტორიულ ჯაჭვში თანამონაწილეობით ყალიბდება საერთო ცნობიერება იმისა, თუ ვინ არის ქართველი ერი.

ქართველი შეიძლება იყოს ეთნიკურად სომეხი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ეთნიკურად ბერძენი, რა თქმა უნდა, ეთნიკურ ქართველთან ერთად.

აქედან გამომდინარე, ილიასეული ეს კონსტრუქცია, წარმოდგენა, ცნობიერება ქართველი ერის შესახებ ჩამოყალიბდა ზუსტად ამ კონტექსტში, იმ დროს, როდესაც პრობლემატურ საკითხად წარმოჩნდა თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო მაშინდელ ქართველობას ქართველ მუსლიმებთან დაკავშირებით, როდესაც აჭარა შემოუერთდა ისტორიულ საქართველოს და ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა თავისი შესანიშნავი ესეებით და პოემებით გამოვიდნენ იმ იდეის დასაცავად, რომ არ შეიძლება ადამიანები დავყოთ რელიგიურ, ეთნიკური ან ენობრივი ნიშნით, რომ ჩვენ, ვინც საერთო სივრცესა და დროს ვქმნით, ამ ტერიტორიაზე, ვართ ქართველი ერი.

ილია ჭავჭავაძე ისედაც უპირისპირდებოდა კუთხურ, კლასობრივ თუ ენობრივ დაყოფას. ის ყველანაირად ცდილობდა საერთო ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას. ენა, მამული, სარწმუნოება – თვალსაზრისი ნიშნავს ზუსტად ამას, რომ ყველა, ვინც ქართულ სივრცეში თავს მოიაზრებს და რაღაც საჯარო სიკეთეს ქმნის, არის ქართველი.

  • თუმცა ილიას მიერ ნახსენები „სარწმუნოების“, შინაარსის დამახინჯების არაერთი მცდელობა გვახსოვს. ისე წარმოაჩენენ, თითქოს ილია აქ მხოლოდ მართლმადიდებლობას მოიაზრებდა და არა იმას, რაზეც ახლა ვსაუბრობთ.

რასაკვირველია. სარწმუნოება გულისხმობს იმას, რომ ადამიანს სწამს. თავის რწმენაზეა და არ იგულისხმება მაინცდამაინც კონკრეტული სარწმუნოება. მე ვყოფილვარ და მინახავს მეჩეთებში ილიას ეს შესანიშნავი ტრიადა. მუსლიმი ადამიანი აქ თავის სარწმუნოებას ხედავს, ის ერთგულია თავისი ქვეყნის ამ თვალსაზრისით.

შიო III-ის ქადაგებაში კი ჩანდა, რომ მან დაყო ადამიანები რელიგიური და ეთნიკური ნიშნით. ადამიანებს, რომლებიც დღეს ქართველ ერად მოიაზრებენ საკუთარ თავს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოდის და ამბობს, რომ ის არის ეთნიკური აზერბაიჯანელი, მაგრამ ეროვნებით ქართველი; არის სომეხი, მაგრამ ეროვნებით ქართველი.

ეს ისტორიული გამოცდილება და ისტორიული მიღწევაა ქართული სინამდვილის, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი კომპოზიტი, როგორიცაა ქართველი ებრაელი. ეს ძალიან მოსაფრთხილებელია.

ეს ეროვნული ქსოვილი გაიბზარა და დაირღვა 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში, რომელიც მიზანმიმართულად გამოიყენა და შემდეგ წარმართა ეთნოკონფლიქტებისკენ რუსეთის იმპერიამ.

  • ეთნოშოვინიზმის წახალისებას გულისხმობთ?

ეთნოშოვინიზმია რასაკვირველია, რადგან ქართველ ერად მოიაზრებდა თავს მაშინდელი საზოგადოების ნაწილი და დამღუპველი იყო ისეთი იდენტობის ჩამოყალიბება, რომელიც მოიაზრებს მხოლოდ ქართველს და მართლმადიდებელს.

ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ ეს იყო გაუცნობიერებელი, გაუაზრებელი ნათქვამი და შიო მესამე მოახერხებს ამ ქადაგების შეფასებას – ძალიან სავალალო შეცდომას ამ თვალსაზრისით.

  • პატრიარქმა თქვა – მათ უყვართ თავიანთი რელიგია, თავიანთი ოჯახები და ამიტომ მრავლდებიანო…

არ გამოუყვია კონკრეტულად თუ ვისზე ლაპარაკობს, მაგრამ საკითხის ასე დასმა არის კარდინალურად სახიფათო და ქართველი ერის შესახებ ილიასეული წარმოდგენის დამახინჯება.

თუ ასეთი დისკურსი გაგრძელდა ეკლესიის მხრიდან, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები. ეს დაუშვებელია. იმიტომ ვთქვი, რომ იმედია ეს იყო რიტორიკული შეცდომა და საკუთარ პოზიციას გადახედავს-მეთქი.

  • პატრიარქის რიტორიკა შობადობასთან დაკავშირებით ძალიან ჰგავს ირაკლი კობახიძის რიტორიკას, როცა მან თქვა, რომ სიღარიბე კი არ არის შობადობის შემცირების მიზეზი, არამედ ცნობიერებაო. შიო მესამემაც ახსენა „თავსმოხვეული გენდერული თეორიები“ და ასე შემდეგ. მიჰყვება ის „ოცნების“ რიტორიკას ამ საკითხში?

ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ და ამ შემთხვევაში მართლმადიდებელი პატრიარქის რიტორიკა, ეს დამახინჯებული ცნობიერება ჩვენ 30 წელია გვაქვს და ეს აისახება კიდევაც პოლიტიკურ რიტორიკაში. შესაძლოა ეს იყოს იმთავითვე ჩამოყალიბებული წარმოდგენა, შეიძლება თანხვედრაა და შეიძლება იყოს წამოცდენაც.

პატრიარქს არ მოეთხოვება პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიზის ჩატარება, მაგრამ ის ნამდვილად მოეთხოვება, რომ მისი პოზიცია იყოს შესაბამისი მართლმადიდებელი თეოლოგიის პოსტულატებთან, რომელიც ეწინააღმდეგება ეთნიკური ნიშნით ფრაგმენტაციას, ამ ნიშნით ადამიანების გამრავლების ქადაგებას.

ზოგადად, გამრავლებაზე საუბარი ლეგიტიმურია და ბიბლიაც ამით იწყება, რომ ღმერთი ამბობს, – „იმრავლეთ“, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ დაამახინჯო წარმოდგენა ეროვნული ცნობიერების შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ დაყო ამ ნიშნით ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, მოქალაქეები, საქართველოს პატრიოტები და რელიგიური – ეთნიკური ნიშნით დააპირისპირო ერთმანეთს.

ამიტომ ვამბობ, რომ შიო მესამის პოზიცია არ თანხმდება არც კლასიკურ მართლმადიდებლურ წარმოდგენასთან, რადგან ქრისტიანობა უნივერსალური რელიგიაა და არა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის. ეს არ არის ქართული რელიგია, ეს არის უნივერსალური აღმსარებლობა.

ქრისტე მოვიდა ეთნიკური ქართველისთვისაც, ეთნიკური სომეხისთვისაც და ეთნიკური ფრანგისთვისაც. ამიტომ ეს ნამდვილად მოეთხოვება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირს, რომ შესაბამისი იყოს მისი პოზიცია, ეკლესიის პოზიციასთან.

მით უმეტეს, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს, მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ ეთნიკურ ნიშანზე აგებული წარმოდგენა ქრისტიანობასა და მართლმადიდებლობაზე გამოაცხადა ერესად, ანუ მწვალებლურ მოძღვრებად. ამიტომ, ეთნიკური ნიშნის სარწმუნოებრივ ნიშანზე მაღლა დაყენება ძალიან პრობლემატურია.

სასულიერო პირებმა უნდა ისაუბრონ ქრისტეს შესახებ, ქრისტესა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ, რაც გამორიცხავს ამ ტიპის დიფერენციაციას და კონფლიქტის წარმოშობას თუნდაც რიტორიკის დონეზე, რომ აი, სხვები მრავლდებიან თურმე და ქართველები არ მრავლდებიან.

ჯერ ერთი, ეს მცდარი წარმოდგენაა ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიულ ვითარებაზე ამ თვალსაზრისით, მაგრამ ასეც რომ იყოს, წმინდა თეოლოგიური თვალსაზრისით, მცდარი შეხედულებაა.

  • კადრებში ჩანდა ბერა ივანიშვილი, რომელიც დალოცა შიო მესამემ – „თქვენი ოჯახები გაამრავლოს“, მაგრამ არ შეიმჩნია ეტლში მყოფი ბავშვები, რომლებიც სიცოცხლისთვის აუცილებელ წამალს ითხოვენ, ქუჩაში ათევენ ღამეებს მათი მშობლები. აქამდე არ მივიდა მათთან, არ გამოხატა თანაგრძნობა. ეს რისი მაჩვენებელია?

მე, პირადად, ვისურვებდი, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირი ყველაზე მეტად მგრძნობიარე იყოს იმ საკითხებისადმი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანების მიმართ ძალადობას, სიღატაკეს, სნეული ადამიანების თანადგომას და აი, ამ ბავშვებსაც ვგულისხმობ; უკავშირდება პატიმრების საკითხებს, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი ქრისტიანული პოზიციიდან.

სახარებაში, უშუალოდ იესო ქრისტეს მიერაა წარმოდგენილი პოსტულატი, უმთავრესი მოძღვრება ადამიანის შეფასების შესახებ, რომ ადამიანი, რომელიც წარდგება ქრისტეს, როგორც მსაჯულის წინაშე, განისჯება იმის მიხედვით, ზრუნავდა თუ არა ის სნეულზე, პატიმარზე, ზრუნავდა თუ არა ის მშიერსა და მწყურვალზე, უღებდა თუ არა კარს უცხოს.

  • მოწყალე სამარიტელის იგავიც ხომ სწორედ „უცხოზე“ ზრუნვის საუკეთესო მაგალითია, მაშ რა განაპირობებს ასეთი მასშტაბის გულგრილობას ამ ქვეყანაში ადამიანების, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ, თქვენ როგორ ფიქრობთ?

ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და ყველას გვაწუხებს, როცა ასეთი ზედაპირული და გულგრილი დამოკიდებულება აქვთ სასულიერო პირებს ასეთი საკითხების მიმართ, მაგრამ ბევრ რამეზეა ეს დამოკიდებული.

თუნდაც საბჭოთა წარსულთან, იმასთან, რომ თეოლოგიური განათლება არ გავრცელდა სამწუხაროდ, საქართველოში, დიდი გავლენა აქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და რუსულ იდეოლოგიებს, ფსევდო კონსერვატიზმს, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ბრიტანულ კონსერვატიზმთან.

ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას აცლიან რელიგიურ, სულიერ არსს, საზრისს და ამ ფუყე, ცარიელ ფორმაში დებენ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს.

როდესაც სასულიერო პირები, მართლმადიდებლობის სახელით გამოსული თეოლოგები, თუ პოლიტიკოსები საუბრობენ მართლმადიდებლობაზე, როგორც გეოპოლიტიკურ მოვლენაზე, ანტიდასავლური რიტორიკით, ძალიან სერიოზული პრობლემაა ეს მართლმადიდებლობისთვის, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთშიც, რადგან სწორედ ამ გეოპოლიტიკური, სამხედრო „მართლმადიდებლობის“ საფუძველზე წამოიწყეს ეს ომიც.

რუსული მართლმადიდებლობა, ასევე შეფასებულია მწვალებლობად 4 ათასზე მეტი მართლმადიდებელი თეოლოგის მიერ, დეკლარაცია არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ ეს მწვალებლობა უპირისპირდება ღმერთის გაგებას, რადგან ღმერთი არის სიყვარული და სწორედ ამ მთავარ პოსტულატს უპირისპირდება.

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დღეს ქვეყანაში შექმნა რეპრესიული გარემო. ასეთ გარემოში როგორ გესმით „ოჯახის სიწმინდე“?

ოჯახი ნამდვილად არის ფუნდამენტური ღირებულება ქრისტიანული პოზიციიდან – ფაქტობრივად, ადამიანის ისტორიულ არსებობას არ ვიცნობთ ოჯახის ფენომენის გარეშე. ამას არაფერი ემუქრება, მით უმეტეს, სუფთა რელიგიური თვალსაზრისით. ოჯახი იკურთხება და მიიჩნევა ერთ-ერთი ქრისტიანულ საიდუმლოებად, მაგრამ ოჯახს და ოჯახის სიწმინდეს, ყველაზე მეტად ხელს უშლის და ემუქრება ის, თუ რა ტიპის ცნობიერება აქვს ადამიანს.

თუ იქადაგება მხოლოდ „მე“ და „ჩემი პირადი ინტერესები“, ან მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ერის, ჩემი ეთნოსის, ჩემი რელიგიის ინტერესები და მხოლოდ ამით ამაყობ – ასეთი დამოკიდებულება ადამიანის რელიგიური ცნობიერების დეგრადაციაა.

ქრისტიანული თვალსაზრისით, ამპარტავნება, სიძულვილი, შური, გაუმაძღრობა და აღვირახსნილი ცხოვრების წესი ყველაზე დიდ ცოდვად მიიჩნევა. როდესაც ამაზე არ საუბრობს ეკლესია, ეს არის პრობლემა.

ამ თვალსაზრისით ვხედავთ საპირისპირო მოვლენას შიო მესამეს ქადაგებაში. აი, ამ დეგრადირებული თეოლოგიური ცნობიერების გამო, ეკლესიაში ფაქტობრივად ამპარტავნების კულტივაცია ხდება, რადგან ადამიანებს ასწავლიან საკუთარი ეგოცენტრული პოზიციიდან სამყაროს აღქმას.

ამ შემთხვევაში იგულისხმება მაგალითად ის, რომ „ჩემი სარწმუნოებრივი იდენტობა“ არის ყველაზე დიადი. ასე დააყენა პატრიარქმა შიომ საკითხი ამ ქადაგებით და სწორედ ასეთი აზროვნების და ფრაგმენტაციის შედეგია ცოდვა, რომელიც ოჯახებს ანგრევს, ოჯახის სიწმინდეს ბღალავს ამ თვალსაზრისით, არაჯანსაღ გარემოს ქმნის საზოგადოებაში და ოჯახშიც ასეთი დამოკიდებულებაა.

განსხვავებულის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება და სიძულვილის ზღვარზე რაღაცის ქადაგება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ პოზიციებს. იმას, რასაც ესენი „ოჯახის სიწმინდეს“ არქმევენ.

ვხედავთ, როგორი სავალალო მდგომარეობაა ძალადობის მხრივ ოჯახებში. სამწუხაროდ და საუბედუროდ, არ მსმენია სასულიერო პირების მხრიდან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეპისკოპოსების და მღვდელმთავრების დონეზე ქადაგება, რომელიც მიმართულია ამ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცოდვაა.

  • ძალადობას როცა ახსენებდნენ, აქაც ქალები გამოჰყავდათ ხოლმე დამნაშავის როლში და მხოლოდ ქალს მოუწოდებდნენ მორჩილებისკენ…

აიღონ შსს-ს მონაცემები ოჯახში ძალადობის თაობაზე და ნახავენ რამდენი მოძალადე კაცია ოჯახში.

ბავშვზე ძალადობა ტოტალურად არის გავრცელებული და ეს არის პრობლემა, აქედან უნდა დაიწყოს „ოჯახის სიწმინდეზე“ საუბარი და მივალთ აბორტების პრობლემამდეც, რომელიც ნამდვილად არის უმძიმესი აქტი, ტრაგედიაა და რელიგიური თვალსაზრისით ნამდვილად მძიმე ცოდვაა. მაგრამ ამ პრობლემაზე საუბარი უნდა დაიწყოს თანაგრძნობით, სიყვარულით გამსჭვალული და არა აგრესიით, რომელიც მოიტანს საპირისპირო შედეგს.

  • მან თქვა, რომ ოჯახები, სადაც აბორტი გაკეთდა, განწირულია.

არ შეიძლება ასე ნაჯახივით ილაპარაკო მტკივნეულ საკითხზე. ეს უნდა იყოს თანაგრძნობით ნათქვამი, რომ „მე მოვალ და დაგიცავ“ – ამ იდეით უნდა იყოს განმსჭვალული ეს ქადაგება. იყო შემთხვევა, როცა სასულიერო პირები ამბობდნენ, რომ ოღონდ აბორტი არ გაიკეთო, არ მოკლა შენი შვილი და მე დაგიდგები გვერდით, ფინანსურადაც და სულიერადაც.

მხოლოდ ასე, ჰაერში მუშტის გამოკიდება, რომელიც მიმართულია ქალის მიმართ, სრულიად საპირისპირო შედეგებს გამოიღებს, სამწუხაროდ.

ეს კომპლექსური საკითხია მთლიანობაში და ასე ცალკე გამოყოფა და უმდაბლესად ამის შეფასება, მიუღებელია. ეს აგრესიას გააძლიერებს მათ მიმართ, ვინც ამას ქადაგებს.

  • სანამ პატრიარქს აირჩევდნენ, საუბრობდნენ იმაზე, რომ ახალი პატრიარქი იქნება ერის გამაერთიანებელი. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ის ამ მისიის შესრულებას, თუკი არ შეიცვლება მისი რიტორიკა?

რასაკვირველია, მუდმივად დაყოფაზე და სხვისადმი არაკეთილგანწყობაზე თუ იქნება აგებული პატრიარქის პოზიციები, ეს შედეგს ვერ გამოიღებს.

მაგრამ აქ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი პასუხისმგებლობაც. ადამიანების, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული ცხოვრებით, მორჩილად და ბრმად არ უნდა ვიღებდეთ იმას, რასაც ამბიონიდან ამბობენ.

ჩვენი დამოკიდებულებაც ისეთივე უნდა იყოს ღატაკთან, მშიერთან, დევნილთან, უცხოსთან მიმართებით, როგორც იმ სამარიტელის, რომელიც ვახსენეთ. რაც უფრო მეტად გაიზრდება ქრისტიანული ცნობიერება ქრისტიანებში, მით უფრო ვერ მოახდენს ასეთი ქადაგებები მათზე ნეგატიურ გავლენას.

არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინ იქნება პარტრიარქი, ეპისკოპოსი – ამ ყველაფერმა უნდა აღძრას შენში უკეთესის გაკეთების სურვილი.

ამ ქადაგებაშიც ჩანს პოლიტიკური შეჭიდებულობა ეკლესიისა ხელისუფლებასთან, რაც ძალიან მძიმე სახეს მიიღებს, როგორც ჩანს, თუმცა დროა საჭირო, რომ ეს ბოლომდე გამოჩნდეს.

ეტყვის თუ არა რუსულ გემს უარს ბათუმში შემოსვლაზე – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არ პასუხობს კითხვას

მას შემდეგ, რაც მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის გამო რუსულმა გემმა ბათუმის სანაპირო 3 წლის წინ დატოვა და ბათუმი მარშრუტიდან ამოიღო, იგივე რუსულმა საკრუიზო გემის Astoria Grande-ს მიხედვით, გემი ბათუმში ისევ შემოვა – ამჯერად 28 მაისს.

რუსული საკრუიზო გემის Astoria Grande-ს ბათუმში შემოსვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დღეს, 18 მაისს, უარყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ.

თუმცა, ეს უწყება გავრცელებულ განცხადებაში არ ამბობს, რომ რუსულ გემს ბათუმში შემოსვლაზე ნებართვას არ მისცემს. როგორ იმოქმედებს „ოცნების“ მთავრობა, თუ რუსული საკრუიზო გემი დარჩენილ ვადაში განაცხადით მიმართავს? არსებობს რუსულ გემზე უარის თქმის საფუძველი? – „ბათუმელების“ ეს შეკითხვები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უპასუხოდ დატოვეს.

საინტერესო ამ ამბავში კიდევ ისაა, რომ 3 წლის წინაც, როცა ბათუმში რუსული გემი შემოვიდა, იგივე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფდა რუსული გემის შემოსვლის შესახებ წინასწარ გავრცელებულ ინფორმაციას. მაშინ გემი 31 ივლისს შემოვიდა, ხოლო „ბათუმელების“ მიერ 30 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში წაიკითხავდით ამას:

„2023 წლის 28 ივლისს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ საკრუიზო გემ Astoria Grande-ს ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შემოსვლასთან დაკავშირებით სააგენტოში 28 ივლისის საღამოს 9 საათამდე მომართვა არ მიუღიათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 2023 წლის 30 ივლისსაც ვერ მივიღეთ ინფორმაცია: საკრუიზო გემმა გაიარა თუ არა ნავსადგურში შემოსვლისთვის საჭირო პროცედურები?

2023 წლის 31 ივლისს რუსული გემის შემოსვლის გამო ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ აქციაზე 23 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. აქციაზე დაკავებულები 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.

2023 წელს გემმა ვადაზე ადრე დატოვა ბათუმის პორტი და მას შემდეგ მის მარშრუტში საქართველოს აღარ ეწერა. წელს კი ისევ გამოჩნდა მის მარშრუტში ბათუმი.

  • ახლაც, როცა რუსული საკრუიზო კომპანია Astoria Grande აქვეყნებს მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-სოჭის შესახებ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო წერს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება „არ შეესაბამება სინამდვილეს“ და „ემოციურად მანიპულაციური განცხადებები მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოებაში დაძაბულობისა და სპეკულაციების შესაქმნელად.“

კიდევ ერთი დეტალი: 3 წლის წინ რუსული გემიდან ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ. 

ირაკლი კობახიძე იმ პერიოდში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო და „ქაჯობად“ შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა: „ვამაყობ ჩვენი ხალხით“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდა რუსულ მედიაში. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ უარყო.

ამავე თემაზე:

ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის

ვინ და რას აშენებს ბაგრატიონის ქუჩაზე ბათუმში, სადაც საპროტესტო აქციები იმართება

ბათუმში, ბაგრატიონის #131-ში კორპუსის მშენებლობას შპს „ელლე ბაი ბაგრატიონი“ გეგმავს, კომპანიამ აქ არსებული შენობების დემონტაჟი დაასრულა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.

კომპანია „ელლე ბაი ბაგრატიონის“ მფლობელი და დირექტორი ნუკრი ქართველიშვილია. ის ფლობს ასევე „ბაგრატიონი რეზიდენსს“.

მშენებლობას მომიჯნავედ, ნაგრატიონის #129-ში, მაღასართულიან კორპუსში მცხოვრებლები აპროტესტებენ, ისინი აცხადებენ, რომ სამუშაოები მათ კორპუსთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს, არ არის დაცული მიჯნის ზონა და „კომპანია მათ კორპუსს საძირკველს უთხრის“. 

ბაგრატიონის #131-ში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი 3196 კვ. მეტრია. დოკუმენტების მიხედვით მშენებლობის დამკვეთი თავიდან „ბაგრატიონ რეზიდენსი თაუერი“ იყო, შემდეგ კომპანიას სახელი შეუცვალეს.

მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ 2026 წლის მარტში, 2024 წელს დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე გასცა, თუმცა მოქმედ მერს ეს პასუხისმგებლობას არ უხსნის, თუ ამ მშენებლობის გამო გვერდითა კორპუსების მდგრადობა ეჭქვეშ დადგება. იმ შემთხვაშიც კი, თუ კომპანია სანებართვო პირობებს გასცდა, პასუხისმგებლობა კომპანიასთან ერთად მერიას მაინც ეკისრება, რადგან სწორედ ამისთვის არსებობს მუნიციპალური ინსპექცია, რომ გადაცდომა აკონტროლოს.

ბაგრატიონის #131- ში სამშენებლო მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა ბათუმის საკრებულომ 2024 წელს დაამტკიცა. საკრებულომ მერიის ინიციატივით კომპანიას განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი გაუზარდა და შედეგად უფრო მაღალ შენობას ააშენებს, ვიდრე ეს კონკრეტულ ზონაშია დაშვებული.

საკრებულოს განკარგულება

განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით აქ კომპანია გეგმავს 130 მეტრი სიმაღლის კორპუსის მშენებლობას.

ამონარიდი პროექტის პარამეტრებზე გდგ დოკუმენტიდან

 

პროექტის რენდერი გდგ – დან

დოკუმენტის მიხედვით, გეგმარებითი დავალების შესაბამისად მომიჯნავე ტერიტორიაზე მოსახლეობა გამოკითხეს და მათი დამოკიდებულება ახალი მშენებლობის მიმართ გდგ-ში დააფიქსირეს.

კვლევის თანახმად მოსახლეობის რეკომენდაციები და სურვილები ასეთი იყო:

„ყურადღება მიექცეს მშენებლობის ვადებში დასრულებას, აქტიურ სამშენებლო სამუშაოებში ჩართული იყოს და დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შედარებით ხელმისაწვდომი ფასები იყოს ბინებზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

სქრინი გდგ – დან – მოსახლეობის გამოკითხვა

კომპანია განაშენიანების დეტალურ გეგმაში წერს ასევე, რომ გეგმის დამუშავების პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათი აზრიც მოისმინა განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების პროცესში მოხდა სამუშაო შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომელზეც შეჯერდა საჯარო და კერძო ინტერესები.

„ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მაქსიმალურად უნდა იქნას სუსტი ინფრასტრუქტურის და შეუსაბამო ფუნქციის მქონე შენობებისაგან ტერიტორიების გამოთავისუფლება განვითარება. მათი პირობებია: დაცული იქნას ქალაქმშენებლობითი ნორმები, პროექტის დაგეგმარებისას გათვალისწინებული იქნას ურბანული პოლიტიკა, გამწვანების და ინფრასტრუქტურის საკითხი, ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა სთხოვეს ინვესტორს გაითვალისწინონ ბათუმის მოსახლეობის მოსაზრებები“.

 სამი დღეა მოქალაქეები ამ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ, თუმცა ადგილზე არც საკრებულოდან და არც მერიიდან არცერთი პასუხისმგებელი პირი მისულა. მოსახლეობის თქმით ადგილზე მივიდა მუნიციპალური ინსპექცია გამოძახების შემდეგ, თუმცა კომპანიას მშენებლობა არ შეუჩერებია. 

დოკუმენტების მიხედვით, გეგმარებითი დავალების შესახებ ბრძანება 2024 წელს მაშინდელმა ვიცე-მერმა, ლევან დავითაძემ გასცა, ახლა ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.  პროექტის არქიტექტორია ბათუმის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ყოფილი უფროსი, მირიან მეტრეველი.

განაშენიანების დეტალურ გეგმაში მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებთან დაკავშირებით ვკითხულობთ:

„ვინაიდან, საპროექტო ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია მრავალსართულიანი შენობები, აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე მრავალბინიანი მრავალსართულიანი სახლის განთავსება არ გამოიწვევს ურბანულ ქსოვილში დისონანსის შეტანას, ჩამოყალიბდება მდგრადი გეგმარებითი ერთეული, რაც ურბანული თვალსაზრისით გამართლებული და მიზანშეწონილია“.

გდგ-ში დიდი ადგილი არ ეთმობა გეოლოგიურ კვლევას და მომიჯნავე ტერიტორიების მდგრადობის საკითხს.

ფოტოზე ორსართულიანი შენობა, რომელიც კომპანიამ ახალი მშენებლობის დასაწყებად დაანგრია

ბათუმის მერიის განმარტებით, ბაგრატიონის ქუჩის №131-ში კომპანია სამშენებლო სამუშაოებს მოქმედი სანებართვო პირობებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს.

„რაც შეეხება მშენებლობის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსში წარმოშობილ ბზარებსა და შესაძლო საფრთხეების შეფასებას, აღნიშნული საკითხის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპეტენციას განეკუთვნება. მშენებლობის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მენაშენის ვალდებულებას წარმოადგენს“ – მოგვწერეს მერიიდან. 

მოქალაქეების ინფორმაციით, კი რომლებიც მშენებლობას აპროტესტებენ, ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს, თუმცა მათი  საცხოვრებელი კორპუსების ბზარების გამომწვევი მიზეზების შესწავლა ადგილზე ამ დრომდე არ დაუწყიათ.

ამავე თემაზე: 

„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ – პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე

 

საკრუიზო კომპანია რუსული გემის ბათუმში შემოსვლას აანონსებს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს

რუსული გემი, რომელსაც 3 წლის წინ პროტესტის ნიშნად დაატოვებინეს ბათუმის სანაპირო, ბათუმში ისევ შემოდის. რუსული გემი Astoria Grande 28 მაისს, დილის 10 საათზე შემოვა.

საკრუიზო კომპანიის Astoria Grande-ის ოფიციალური გვერდის მონაცემებით, რუსული გემი სოჭიდან 26 მაისს გამოვა, ჯერ ტრაბზონში ჩავა, ხოლო 28 მაისს ბათუმში შემოვა. რუსული გემი ბათუმში ერთი ღამით გაჩერდება. საკრუიზო პროგრამის მიხედვით, რუსული გემი ბათუმს 29 მაისს, საღამოს 7 საათზე დატოვებს.

2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მწვავე პროტესტის გამო რუსულმა გემმა მალევე დატოვა ბათუმის სანაპირო. მაშინ ლაინერმა მარშრუტებიდან საქართველოს მიმართულება საერთოდ ამოიღო.

წელს საქართველო რუსული გემის მარშრუტში დაბრუნდა.

„ბათუმელები“ ცდილობს ინფორმაციის მიღებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

განახლებული ინფორმაცია:

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში რუსული საკრუიზო გემის Astoria Grande-ს შემოსვლის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბათუმის ნავსადგურში აღნიშნული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით არ არსებობს არც დადასტურებული განაცხადი და არც რაიმე შემოსვლის განაცხადი მუშავდება,“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელსაც, როცა რუსული საკრუიზო გემი ავრცელებდა ინფორმაციას ბათუმში შემოსვლის შესახებ, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებდნენ, რომ „საკრუიზო გემ Astoria Grande-ს ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შემოსვლასთან დაკავშირებით სააგენტოში 28 ივლისის საღამოს 9 საათამდე მომართვა არ მიუღიათ“. 

  • რა ხდება?

საკრუიზო ლაინერი ASTORIA GRANDE-ს ბათუმში შემოსვლას 2023 წლის ივლისში საპროტესტო აქცია მოჰყვა, სადაც 23 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. აქციაზე დაკავებულები 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.

მაშინ რუსული გემიდან ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ. 

ირაკლი კობახიძე იმ პერიოდში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო და „ქაჯობად“  შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა: „ვამაყობ ჩვენი ხალხით“.ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდა რუსულ მედიაში. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ უარყო.

ამავე თემაზე:

ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის

 

 

„ოცნებას“ მხოლოდ არჩევნების დროს ვჭირდებით“ – რას ამბობენ ბათუმში „კვადროციკლების აქციაზე“

„ესაა გულდასაწყვეტი, რომ ხმას „ოცნებას“ ვაძლევდით და მხარს ვუჭერდით, დღეს იმის ღირსი არ ვართ, რომ მხარი დაგვიჭირონ? მარტო არჩევნების დროს ვჭირდებით „ოცნებას“, ასე გამოდის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვაჟა დავითაძემ. ის კვადროციკლების და მოპედების მფლობელების აქციის მონაწილეა.

კვადროციკლების და მოპედების მფლობელების აქციამ დღეს, 18 მაისს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გადაინაცვლა.

კვადროციკლების მფლობელმა საპროტესტო აქციების გამართვა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მას შემდეგ დაიწყეს, როცა დაახლოებით 2 თვის წინ ბათუმის ბულვარში კვადროციკლების გაქირავება აიკრძალა. საპროტესტო აქციის დაწყების შემდეგ, რამდენიმე დღეში, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ მოქალაქეებს კონკრეტული ადგილი შესთავაზა – აკვაპარკიდან ახალი ბულვარის ბოლომდე.

თუმცა ეს პირობა კვადროციკლების მფლობელებისთვის მიუღებელია.

„ბანკი ვალები აქვს ყველას… საშინელ დღეში ვართ, თვითდასაქმებული ვართ და არ გვამუშავებენ, ბულვარში ხალხი დასასვენებლად დადის, ჩვენ სამუშაოდ,“ – ამბობენ კვადროციკლის მფლობელები. მათ დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვდა: „გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით“, – უთხრა აქციაზე შეკრებილებს აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა.

აქციის მონაწილეებს ეჭვი აქვთ, რომ ბულვარზე „ვიღაც მილიარდერს აქვს თვალი დადგმული“.

„ალბათ ვიღაცას თვალი აქვს დადგმული [ბათუმის ბულვარზე], მილიარდერები გვყავს საქართველოში…. ეს არის მილიონერების ქვეყანა, მათ ყველაფრის უფლება აქვთ,“ – ამბობს ვაჟა დავითაძე და ამავდროულად ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ აქციაზე გამოსული ადამიანების დიდი ნაწილი მისი ჩათვლით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია:

„ხალხზე არ ფიქრობენ, აი, ესაა სამწუხარო.

აქ ვინც არის მოსული, ყველა „ოცნებას“ აძლევდა ხმას, მეც პირადად და სულ ყველა…. განვიხილავთ თქვენს საკითხსო, რას განიხილავენ? გამოგვიყვეს ადგილი 200-300-მა კაცმა უნდა ვიმუშაოთ 700-800 მეტრზე… მინიმუმ წინასწარ უნდა გააფრთხილო ხალხი, ყველას ბანკში აქვს სახლი ჩადებული. ყველა ემზადება სეზონისთვის. აბა, საწარმო და ფაბრიკა ჩვენ არ გვაქვს, რომ სადმე იმუშაო,“ – გვითხრა ვაჟა დავითაძემ.

კვადროციკლების გამქირავებელთა აქციაზე ვესაუბრეთ მაყვალა გოგრაჭაძესაც. იგი 20 წელი იყო ემიგრაციაში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, ბულვარში მოპედების გაქირავებით დასაქმებულიყო:

„დილის აქეთ აქ ვდგავარ წვიმაში და პასუხიც კი არ გაგვცეს…

20 წელი ვიყავი ემიგრაციაში, ვალაგებდი, ბებია-ბაბუებს ვუვლიდი, ახლა 53 წლის ვარ, დავიღალე… ასე კომუნისტებიც არ იქცეოდნენ: უმუშევარი რომ ყოფილიყავი, დაგიჭერდნენ,“ – გვითხრა მაყვალა გოგრაჭაძე.

„ჩვენი ხმა იმიტომ არ ესმის „ოცნებას“, რომ არ გვთვლიან ადამიანებად, არ გვთვლიან არაფრად… მთავრობა ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ნებისმიერი მთავრობა ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ახლა კარგს ვერაფერს ვხედავთ,“- ამბობს გიორგი ჩხაიძე.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ბოლო დღეებია რამდენიმე აქცია იმართება ერთდროულად. დღეს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან ბულვარში წვენებით მოვაჭრეებიც შეიკრიბნენ. ასევე დილით გამართეს აქცია სუვენირებით მოვაჭრეებმა.

ამ თემაზე:

„შემოგვთავაზეს ისეთი ადგილი, სადაც ტურისტი არ დადის“ – სუვენირებით მოვაჭრეების აქცია ბათუმში

 

ქედაში მაგისტრალის შესაკეთებლად 3,6 მილიონი ლარი იხარჯება – როდის დასრულდება სამუშაოები

ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,6 მილიონი ლარი იხარჯება. გზების დეპარტამენტში კონკრეტულ თარიღს არ აზუსტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სამუშაოები „უახლოეს დღეებში დასრულდება“.

გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები ქედის სოფლების – დოლოგნისა და მახუნცეთის ტერიტორიებზე მიმდინარეობს.

„ძირითადი სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და მხოლოდ მცირედი დეტალებია დარჩენილი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ დღეს, 18 მაისს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

გზის ამ მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით დეპარტამენტმა დღეს ინფორმაციაც გაავრცელა სადაც აღნიშნულია:

„სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა ქვედა და ზედა საყრდენი კედლები, კიუვეტები და წყალგამტარი მილი. მდინარე აჭარისწყალზე ეწყობა ნაპირსამაგრი ქვედა საყრდენი კედელი.

ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა შესაბამისი საგზაო ნიშნები, ლითონის თვალამრიდები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 626 414 ლარს შეადგენს.

ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე აჭარისწყალის კალაპოტში / საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტოები

მთავარ ფოტოზე: ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ქედის მუნიციპალიტეტში / გზების დეპარტამენტის ფოტო

„მთავრობა ხალხს არ უნდა ემალებოდეს“ – სუვენირებით მოვაჭრეები პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმის ბულვარში სუვენირებით მოვაჭრეები დღეს, 18 მაისის დილას, ზურაბ პატარაძეს აჭარის მთავრობის სახლის შესავლელთან დახვდნენ.

როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მას შემდეგ, რაც სამსახურში მისულმა ზურაბ პატარაძემ ისინი დაინახა, მანქანიდან არ ჩამოვიდა და მეორე შესასვლელიდან სცადა მთავრობის სახლში შესვლა.

„ოთხი თვეა გვემალებიან, ვერ ვხვდებით პირველ პირებს. გვახვედრებენ მეორე, მესამე პირებს. ჩვენ გვინდა პირველი პირი, ვინც გადაწყვეტს საკითხს.

მთავრობის სახლს აქვს ორი შესასვლელი. დღეს დილით მოვიდა ზურაბ პატარაძე, მანქანა გააჩერა, დაგვინახა რომ ჩვენ ვიყავით, არ ჩამოვიდა. წავიდა მანქანა მეორე მხარეს.

რადგან ვიცოდით, რომ მეორე შესასვლელიდან შეიძლება შესულიყო, ამიტომ დახვდნენ იქაც. რომ დაინახა იქაც ხალხი იყო, არ ჩამოვიდა მანქანიდან, მერე გადასვეს ეტყობა სხვა მანქანაში, რადგან მალევე სხვა მანქანა მოვიდა ჩაბურული მინებით და შევიდა პარკინგზე. სავარაუდოდ იმ მანქანაში ზურაბ პატარაძე იყო.

ასე მთავრობა ხალხს არ უნდა ემალებოდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ლომთაძემ, აქციის მონაწილემ.

სუვენირებით მოვაჭრე მზია ხიმშიაშვილი გვიხსნის, რატომ გადაწყვიტეს 18 მაისის დილას დახვედროდნენ სამსახურში მიმავალ ზურაბ პატარაძეს.

„გუშინ 17 მაისის მსვლელობა რომ იყო, მსვლელობის დროს მივედით პატარაძესთან. სხვათა შორის, არ გაგვჭირვებია მისვლა. მოგვისმინა და გვითხრა თქვენს გვერდით ვარო. დღეს ვიფიქრეთ, გუშინ რომ არ გაგვიჭირდა კომუნიკაცია, ალბათ დღესაც მიგვიღებს-თქო. ამიტომ მოვედით ადრე. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ვიყვიროთ, ვიჩხუბოთ.

უბრალოდ 4 თვით განმავლობაში უკიდურეს მდგომარეობამდე მივედით ყველა,” – ამბობს მზია ხიმშიაშვილი “ბათუმელებთან”.

სუვენირებით მოვაჭრეებმა ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა ვიდეოზე თავად გადაიღეს.

„ამ თემას ვადევნებ თვალყურს და ჩემი ამოცანაა, რომ რაღაცა კომპრომისი გამოიძებნოს და მოვნახოთ გამოსავალი. მუშა პროცესია, ოღონდ უნდა გამოვნახოთ კომპრომისი. ჩვენ მოვდივართ საუბარზე. თვითმმართველობა სრულად ჩართულია, მთავრობაც, რათა გამოინახოს კომპრომისი. თქვენც უნდა წამოგვყვეთ,” – უთხრა ზურაბ პატარაძემ სუვენირებით მოვაჭრეებს.

მზია ხიმშიაშვილის თქმით, სწორედ გუშინდელმა შეხვედრამ გაეჩინათ იმედი, რომ ვინმე მათ გასაჭირს მოისმენდა და შეხვდებოდა. ამიტომ დახვდნენ სამსახურში მისულ პატარაძეს, თუმცა ის მანქანიდან არ ჩამოვიდა.

"მთავრობა ასე ხალხს არ უნდა ემალებოდეს" - სუვენირებით მოვაჭრე

ზურაბ ლომთაძე ერთ-ერთია იმ მოქალაქეებიდან, ვისაც ბათუმის მერიამ ბათუმის ბულვარში სუვენირების გაყიდვა აუკრძალა და ჯიხურები წაართვა.

ბათუმში სუვენირებით და ხილით მოვაჭრე ათობით ადამიანი უმუშევარი 2026 წლის თებერვლიდან დარჩა – ბათუმის მერიამ სავაჭრო ჯიხურები გოგებაშვილის ქუჩიდან, ასევე ბათუმის ბულვარის ტერიტორიიდან აიღო.

თებერვლის შემდეგ მოვაჭრეებმა არაერთი აქცია გამართეს.

მათ შორის აქცია გამართეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ სასტუმრო „პარაგრაფთან“, შეკვეთილში.

თავდაპირველად მოვაჭრეები ფიქრობდნენ, რომ „ივანიშვილმა არ იცოდა მათი გასაჭირის შესახებ“, თუმცა ორი აქციის შემდეგ ფიქრობენ, რომ „მთავრობას ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ ხალხის მიმართ“.

ქართული სუვენირებით და ხილით მოვაჭრეებმა არაერთი აქცია გამართეს ბათუმის მერიასთანაც. შეხვდნენ მერის წარმომადგენელს, თუმცა ის, რაც მათ მერიამ შესთავაზა, მიუღებელი აღმოჩნდა.

ზურაბ ლომთაძის თქმით, სავაჭრო ჯიხურების აღების შემდეგ უმუშევარი დარჩა დაახლოებით 30 ადამიანი. მისი თქმით, მერია მოვაჭრეებს მხოლოდ ათი ადგილის გამოყოფას ჰპირდება, ისიც ახალ ბულვარში.

„გვითხრეს, რომ სავაჭრო ჯიხური უნდა გავაკეთოთ თავად, რაც ჯდება 30 ათასი ლარი. ამასთან შემოგვთავაზეს ისეთი ადგილი, სადაც ტურისტი არ დადის.

ჯერ ხომ დაგვაქციე იმით, რომ 4 თვის წინ ჯიხურები აიღეს, ახლა ამხელა ხარჯი უნდა გაწიოო, გვეუბნებიან,“ – ამბობს ზურაბ ლომთაძე.

კიდევ ერთი სუვენირებით მოვაჭრე მზია ხიმშიაშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ადგილი, რომელსაც მერია სთავაზობს, მხოლოდ 2 თვე შეიძლება იყოს შედარებით დატვირთული.

„ვვაჭრობდით გოგებაშვილზე, მერიის მიერ შეთანხმებულ ჯიხურებში, ზამთარ-ზაფხულ გვქონდა მუშაობა. ახლა გვთავაზობენ ისეთ ადგილს, რომელიც შეიძლება მაქსიმუმ ორი თვე იყოს დატვირთული.

ასევე, ახალი ბულვარის ბოლო იცით როგორიცაა, წვიმასა და ქარში იქ მუშაობა გაჭირდება. ვითხოვთ პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას, რომ მუშაობის საშუალება მოგვეცეს,“ – ამბობს მზია ხიმშიაშვილი.

რატომ არ შეხვდა სამსახურში მისული ზურაბ პატარაძე სუვენირებით მოვაჭრეებს? – ვკითხეთ აჭარის მთავრობის პრესსამსახურს.

„აღნიშნულ პირებს მთავრობის აპარატის წარმომადგენელი შეხვდა და მოისმინა მათი მოთხოვნები. სუვენირებით მოვაჭრეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები“ – მოგვწერეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან.

ამავე თემაზე:

„შემოგვთავაზეს ისეთი ადგილი, სადაც ტურისტი არ დადის“ – სუვენირებით მოვაჭრეების აქცია ბათუმში

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს, უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას და თანამედროვე ფორმით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.

27 მაისს, თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მომღერლის, კომპოზიტორისა და პოეტის – ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილ კონცერტს, რომლის შემოქმედებაც დღემდე ინარჩუნებს ემოციურ სიღრმესა და განსაკუთრებულ ესთეტიკას.

სხვადასხვა თაობის მუსიკოსები, რომელთა რეპერტუარში ინოლას შემოქმედება ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, საღამოზე ინოლას სიმღერებს გააჟღერებენ: ია შუღლიაშვილი, დათო შუღლიაშვილი, თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი
ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნოდარიკო ხუციშვილი, სოფო ბათილაშვილი
მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, თამრიკო ჭოხონელიძე, რეზო კიკნაძე, ლუკა თოფურია და ნიკალა ზუბიაშვილი.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ინოლა გურგულიას ოჯახთან ერთად, ინოლას უნიკალური 100 საარქივო აუდიოჩანაწერი, ლიმიტირებული რაოდენობის ვინილების ნაკრებად გაერთიანდა. აუდიო ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო აუდიტორიისთვის. კოლექციის საფუძველი ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ჩანაწერები აღმოჩნდა, სადაც ინოლა გურგულია საკუთარ სიმღერებს ასრულებს. სწორედ აღნიშნული ალბომებიდან მოისმენენ სტუმრები სიმღერებს ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტზე.

კონცერტი გაიმართება 27 მაისს, 20:00 საათზე.
მისამართი: კონსტიტუციის 6/52

თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელები, ბილეთის შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.

*კონცერტის სტუმრებისთვის, ვინილების ნაკრების შეძენა ადგილზე შესაძლებელი იქნება 15%-იანი ფასდაკლებით თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას.

„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ – პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე

ბათუმში, ბაგრატიონის 129 ა-ში მცხოვრები მოქალაქეები მათ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს 33-სართულიანი ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მოქალაქეების თქმით, მშენებლობის პროცესში არ არის დაცული განაშენიანების ნორმები და უსაფრთხოება.

„გვითხრიან საძირკველს, დაბზარულია აივნები, კედლები“- ამბობენ მოქალაქეები, რომლებმაც დღეს, 18 მაისს, სამშენებლო ობიექტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

მოქალაქეების თქმით, მათ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს კიდევ ერთმა მშენებლობამ გამოიწვია მათი კორპუსის დაზიანება.

მოქალაქეები ცდილობენ პასუხი მიიღონ როგორც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე მერიისგან. მათ გადაკეტეს გზა და არ აძლევენ კომპანიის მანქანებს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას, რამაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია კომპანიის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის. 

„ხალხს ფული გვაქვს გადახდილი ამ ბინებში და ვცხოვრობთ, ზიანდება ჩვენი ბინები“ – ამბობს აქ მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში.

„ჩვენ მშვენიერი ხედით შევიძინეთ ბინები, ახლა კი ნახეთ რა მდგომარეობაა. შიშის ქვეშ ვიძინებთ“- გვითხრა კიდევ ერთმა მოქალაქემ.

„შეიძლება ასე ახლოს ბინები? ბინა ბინაზეა მიმდგარი, არ უნდა გავაღო ფანჯარა? მეზობლის ფანჯარა იქნება მომდგარი. აქ თავის დროზე იყო პირობა გაცემული, რომ ამ ადგილზე სხვა კორპუსი არ უნდა აშენებულიყო, მაგრამ ეს პირობა დაარღვიეს“ – ამბობს მოქალაქე.

„ხანძარი, რომ გაჩნდეს, საიდან უნდა შევიდეს ეზოში სახანძრო“, „იმის ნაცვლად რომ მოვიდნენ და აგვიხსნან, ვართ თუ არა საფრთხეში, ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევენ. ჩვენ ვართ მუდმივი მაცხოვრებლები, შვილები გვყავს და უნდა ვიცოდეთ ხომ არ გვემუქრება საფრთხე“, „განათლების, ხედის, ჰაერის პრობლემას რომ თავი დავანებოთ, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – ამბობენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. 

„მოვიდნენ და გაიგონ რატომ ვდგავართ და რატომ ვაპროტესტებთ. ჩალით ხომ არ არის ქვეყანა დახურული?“- ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამავე ტერიტორიაზე იმყოფება.

„მე თვითონ ვნახე, დავათვალიერე და ბინები დაბზარულია, მუნიციპალური ინსპექცია არ მოდის, პატრული გამოვიძახეთ და არ მოვიდა. მოქალაქეების უფლებები ხომ უნდა იყოს დაცული?

მივმართეთ მერიას და მოვითხოვეთ ექსპერტიზა, რომ გავიგოთ რა საფრთხის წინაშე დგანან ამ კორპუსებში მცხოვრები ადამიანები“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

ადგილი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს

მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ახალი კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გაიცა, რადგან ის საფრთხეს უქმნის მომიჯნავე კორპუსებსაც და ასევე ახშობს სივრცეს.

აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ ახალი მშენებლობის დაწყებამდე მათ სახლებში ბზარები არ იყო და ახლა გაჩნდა.

ამ დროისთვის [ 12:00 სთ] მოქალაქეებს სამშენებლო მოედანი გადაკეტილი აქვთ და ტექნიკას არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას.

მათი თქმით, მათ სასამართლოშიც უჩივლეს კომპანიას, რომელიც მშენებლობას აწარმოებს ბაგრატიონის 129 ნომერში, თუმცა ჯერ-ჯერობით საქმის განხილვა არ დაწყებულა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს ბზარები მათი სახლის კედლებში მშენებლობის დაწყების შემდეგ გაჩნდა

ბათუმში, ბაგრატიონის #131-ში კორპუსის მშენებლობას შპს „ელლე ბაი ბაგრატიონი“ გეგმავს, კომპანიამ აქ არსებული შენობების დემონტაჟი დაასრულა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.

კომპანია „ელლე ბაი ბაგრატიონის“ მფლობელი და დირექტორი ნუკრი ქართველიშვილია. ის ფლობს ასევე „ბაგრატიონი რეზიდენსს“.

„ბათუმელების“ მერიას დაუკავშირდა კომენტარისთვის. ქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ბაგრატიონის ქუჩის №131-ში კომპანია სამშენებლო სამუშაოებს მოქმედი სანებართვო პირობებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს.

„რაც შეეხება მშენებლობის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსში წარმოშობილ ბზარებსა და შესაძლო საფრთხეების შეფასებას, აღნიშნული საკითხის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპეტენციას განეკუთვნება.

მშენებლობის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მენაშენის ვალდებულებას წარმოადგენს“ – აცხადებს ბათუმის მერია.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა აქციიდან:

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 350 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 939 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 583 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 42 262 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 792 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 386 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 297 057 ერთეული [+1 603]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 415 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 97 338 ერთეული [+220]
  • სპეცტექნიკა – 4 200 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 628 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პუტინი ჩინეთში მიდის სი ძინპინთან შესახვედრად

„დიდი ლაქა უახლოვდება პუტინის ბუნკერს გელენჯიკში, სადაც ის იმალება“ – ინტერვიუ გენერალთან

 

YouTube video player

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 44 წლამდე ასაკის ქალები არიან

2026 წლის პირველ კვარტალში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, საქართველოში ოჯახში ძალადობაზე 2025 შემაკავებელი ორდერი გამოიცა 3774 პირზე – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა.

1641 ქალი შს სამინისტროს სტატისტიკაში იდენტიფიცირებულია, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათგან 41 პირი 13 წლამდე გოგო იყო.

წლის პირველი კვარტლის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები არიან [აღრიცხულია 847 რეგისტრირებული შემთხვევა].

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 282 კაცი გახდა 2026 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ოთხი მათგანი 17 წლამდე მოზარდი იყო.

ოჯახში ძალადობის ფორმების სტატისტიკური ანალიზი კი ასე გამოიყურება:

  • ფსიქოლოგიური – 1897
  • ფიზიკური – 488
  • ეკონომიკური – 29
  • სექსუალური – 14
  • იძულება – 12
  • უგულებელყოფა – 19

2026 წლის პირველ კვარტალში ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული თბილისში [936], ქვემო ქართლში [231], კახეთსა [205] და აჭარაში [167].

ამავე პერიოდში ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რაჭა-ლეჩხუმში [1], მცხეთა-მთიანეთში [12] და გურიაში [22].

„ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია. ჩვენ ერთმანეთს ვინარჩუნებთ“ – თბილისი პრაიდის განცხადება

ლგბტქ+ მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს 17 მაისთან, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად ძალადობის, დევნისა და ჩაგვრისა, ქვიარ ადამიანები კვლავ ქმნიან სივრცეებს, სადაც სოლიდარობა და თავისუფლება შესაძლებელია.

„სათემო შეხვედრებზე, კლუბურ სივრცეებში, პროტესტის წინა ხაზებზე თუ ემიგრაციაში – ყველგან ვცდილობთ, ერთმანეთი არ დავკარგოთ.

ქვიარ ადამიანებს ისტორიულად გვიწევდა მტრულ გარემოში არსებობა. ამიტომ ვიცით, როგორ გადავრჩეთ, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და როგორ შევინარჩუნოთ ადამიანურობა ყველაზე რთულ პირობებშიც.

2013 წლის 17 მაისს ქვიარ თემზე თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ძალადობა და ჩაგვრა ხელისუფლების პოლიტიკური ნება ყოველთვის იყო.

ჩვენს სხეულებზე იწვრთნებოდა ის ავტორიტარიზმი, რომელიც დღეს უკვე მთელი საზოგადოებისთვისაა ხილული.

ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, ქვიარ ადამიანები საჯარო სივრცეებიდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ. გაძლიერდა სიძულვილი, ცენზურა და დევნა.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უარს ვამბობთ სასოწარკვეთაზე.

ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია.

ჩვენ ერთმანეთს ვინარჩუნებთ.

ზოგჯერ გადარჩენაც ბრძოლის ფორმაა. ჩვენი წინააღმდეგობა მხოლოდ უფლებებისთვის ბრძოლა არაა – ის სიყვარულიცაა, სიხარულიც და თავისუფლების სურვილიც“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში 17 მაისი აღინიშნება როგორც ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე, თუმცა საქართველოში 2014 წელს დაარსებულ „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავენ, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საპირწონედ დააარსა საპატრიარქომ.

„ოჯახის სიწმინდის დღის“ დაარსებას წინ უძღოდა 2013 წლის 17 მაისს საქართველოში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია, სადაც ლგბტქი+ თემის წევრები და მათი უფლებების მხარდამჭერები იღებდნენ მონაწილეობას. ეს აქცია ძალადობის სამიზნე გახდა – მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულმა ადამიანებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და თავად გამართეს ჰომოფობიური აქცია.

2014 წელს კი 17 მაისი, საპატრიარქომ, პატრიარქ ილია II-ის ინიციატივით, „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა. მას შემდეგ თბილისსა და ბათუმში, საპატრიარქოსა და მთავრობის ჩართულობით და ორგანიზებით, ადამიანები იკრიბებიან და „ოჯახის სიწმინდეს“ ქუჩაში მსვლელობით აღნიშნავენ.  მათი დიდი ნაწილი, ტრადიციულად, საჯარო მოხელეები და მუნიციპალური ორგანიზაციის თანამშრომლები არიან.

„ოცნება“ ამ დღეს, ფაქტობრივად, განიხილავს, როგორც თავისი მხარდამჭერების მსვლელობას ქალაქის ქუჩებში.

 

ოზურგეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში დააკავეს სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

შსს-ს ცნობით, თურქეთის მოქალაქე მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

უწყების ცნობით, დაკავებული, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

პოლიციამ ძებნილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

Exit mobile version